განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/603-18
N330310017001936092
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - მ-----–-------–--–---–ი
წარმომადგენელი - თ---------------ე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება
აპელანტ მ-----–-------–--–---–ის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს
აპელანტ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ-----–-------–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 15 მაისის №0------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში. მ-----–-------–--–---–ის სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის საარსებო შემწეობის დანაკლისის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 25 დეკემბრის №0-------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ-----–-------–--–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2013 წლის 17 დეკემბრის ოქმი „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“, მისი შევსების თარიღიდან და აღდგა 2013 წლის 20 მარტის „ოჯახის დეკლარაცია“, საიდენტიფიკაციო კოდზე: 0-----------. ამავე გადაწყვეტილებით მ-----–-------–--–---–ის ოჯახისათვის 2014 წლის 01 იანვრიდან შეწყვეტილი დახმარება ჩაითვალა შეჩერებულად და გადაწყდა, მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება მისი შეჩერების დღიდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით; სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დეპარტამენტს (გ.ა---------) დაევალა კომპეტენციის ფარგლებში საჭირო ღონისძიებების გატარება, მ. ბ----–--–---–ის ოჯახისათვის ფულად გასაცემელთან დაკავშირებით; სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს (გ. ე-----–---–-) დაევალა უზრუნველეყო მ. ბ----–--–---–ის ოჯახის ხელახალი შესწავლა (ს.ფ. 15-16).
1.2.2. მ-----–-------–--–---–ს 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში სოციალური შემწეობა პირად ანგარიშზე ჩაერიცხა 2015 წლის 22 იანვარს - 1394,00 ლარი, 2015 წლის 21 მარტს - 156,00 ლარი და 2015 წლის 21 აპრილს - 156,00 ლარი (ს.ფ. 17-20; 22).
1.2.3. რ------------–---–მა 2015 წლის 11 თებერვალს №1---- განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, განმარტა, რომ ცხოვრობს მ-----–-------–--–---–ის ოჯახისაგან დამოუკიდებლად, სოფ. წ--------ში. ამის მიუხედავად, მისი ინფორმაციით, მ-----–-------–--–---–ის ოჯახისათვის აღდგენილი საარსებო შემწეობის გამო, მას შეუწყდა დევნილის შემწეობა.
მითითებული განცხადების საფუძველზე უფლებამოსილ სოციალურ აგენტს დაევალა მ-----–-------–--–---–ის ოჯახის გადამოწმება და ამავე დროს, 2015 წლის თებერვლის თვეში ოჯახს შეუჩერდა ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა (ს.ფ. 103-104).
1.2.4. მ-----–-------–--–---–მა 2017 წლის 14 თებერვალს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს და მოითხოვა კუთვნილი მიუღებელი საარსებო შემწეობის დანაკლისი 478 ლარისა და ასევე, 2015 წლის იანვრის, თებერვლისა და მაისის თვეების საარსებო შემწეობის 468 ლარის ანაზღაურება.
მითითებული განცხადება 2017 წლის 05 აპრილს განსახილველად გადაიგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე, 2017 წლის 02 მაისს, მ-----–-------–--–---–მა იგივე მოთხოვნით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს.ფ. 50-58).
1.2.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 15 მაისის №0------- გადაწყვეტილებით მ-----–-------–--–---–ს განემარტა, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით განსაზღვრული წესის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, 2015 წლის იანვრის თვეში შემწეობის გაცემა განისაზღვრა 2014 წლის თებერვლის თვიდან, 2015 წლის იანვრის თვის ჩათვლით და თანხა შეადგენდა 1872 ლარის. ამასთან, ვინაიდან მ-----–-------–--–---–ის ოჯახის წევრს - რ------------–---–ს 2014 წელს მიღებული ჰქონდა დევნილთა ყოველთვიური შემწეობა, ოჯახისათვის მისაღებ საარსებო შემწეობის თანხას - 1872 ლარს გამოაკლდა რ------------–---–ის მიერ 2014 წლის თებერვლის თვიდან დეკემბრის თვის ჩათვლით მიღებული დევნილთა ყოველთვიური შემწეობა 478 ლარი და ოჯახს, 2015 წლის იანვრის თვეში, საარსებო შემწეობის სახით ჩაერიცხა 1394 ლარი.
მითითებული გადაწყვეტილების თანახმად, 2015 წლის 11 თებერვალს, მ-----–-------–--–---–ის ოჯახის წევრმა რ------------–---–მა მიმართა სააგენტოს და აცნობა, რომ იგი აღარ ცხოვრობდა „ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირებულ მისამართზე და არ იყო ოჯახის წევრი. შესაბამისად, მ-----–-------–--–---–ის ოჯახს 2015 წლის თებერვლის თვეში შეუჩერდა საარსებო შემწეობის მიღება. ამავე განცხადების საფუძველზე, 2015 წლის 26 თებერვალს, ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური აგენტმა შეავსო წერილობითი აქტი და ოჯახს 2015 წლის მარტისა და აპრილის თვეებში ჩაერიცხა მიმდინარე პერიოდის 156-156 ლარი. რაც შეეხება თებერვლის თვის საარსებო შემწეობას, იგი ოჯახს არ ჩაერიცხა, ვინაიდან ოჯახის წევრს რ------------–---–ს 2015 წლის თებერვლის თვეში ჩაერიცხა დევნილთა ყოველთვიური შემწეობა. ამავე დროს, 2015 წლის მაისის თვის საარსებო შემწეობა ოჯახს არ ჩაერიცხა 2015 წლის 15 მაისს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის“ შეწყვეტის გამო (ს.ფ. 25-26).
1.2.6. მ-----–-------–--–---–ი არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, საერთო დაავადებით. იგი საჭიროებს მომვლელს.
ამასთან, მ-----–-------–--–---–ი იმყოფება აღრიცხვაზე ქ. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრში, როგორც ასაკით საპენსიო პაკეტის მიმღები, შშმპ მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე (I ჯგუფის ინვალიდი, უვადოდ) თანხით თვეში 180 ლარი (ს.ფ. 28-29).
1.2.7. საბანკო ამონაწერით დგინდება, რომ რ------------–---–ი 2014 წლის იანვრის თვიდან 2014 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით, ასევე, 2105 წლის თებერვლის თვეში და 2015 წლის მაისის თვიდან იღებდა დევნილის შემწეობას თვეში 45 ლარს (ს.ფ. 70-82).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.
აღნიშნული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი. წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. მითითებული „წესის“ მე-4 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები, ხოლო მე-5 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მაძიებელი ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამავე „წესის“ მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ადგენს, რომ მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 25 დეკემბრის №0-------- გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2013 წლის 17 დეკემბრის ოქმი მ-----–-------–--–---–ის „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“, მისი შევსების თარიღიდან და აღდგა 2013 წლის 20 მარტის „ოჯახის დეკლარაცია“, საიდენტიფიკაციო კოდზე: 0-----------. ამავე გადაწყვეტილებით მ-----–-------–--–---–ის ოჯახისათვის 2014 წლის 01 იანვრიდან შეწყვეტილი დახმარება ჩაითვალა შეჩერებულად და გადაწყდა მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება მისი შეჩერების დღიდან, ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით. ამასთან, სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს (გ. ე-----–---–-) დაევალა მ-----–-------–--–---–ის ოჯახის ხელახალი შესწავლის უზრუნველყოფა.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ-----–-------–--–---–ს უნდა ანაზღაურებოდა მიუღებელი საარსებო შემწეობა 2014 წლის იანვრის თვიდან დეკემბრის თვის ჩათვლით (12 თვის) 2013 წლის 20 მარტის „ოჯახის დეკლარაციის“ გათვალისწინებით და ამასთან, უფლებამოსილ სოციალურ აგენტს უნდა განეხორციელებინა მისი ოჯახის ხელახალი შესწავლა, შესაბამისი სარეიტინგო ქულის განსაზღვრისა და ოჯახისთვის საარსებო შემწეობის დანიშვნა/არ დანიშვნის საკითხის გადაწყვეტის მიზნით.
სასამართლომ მხარეთა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო არ არის მისაღები თანხის დაანგარიშების წესი და საერთო ოდენობა. 2013 წლის 20 მარტის მდგომარეობით, ოჯახი შედგებოდა სამი წევრისაგან: მ-----–-------–--–---–ი, რ------------–---–ი (მეუღლე) და ზ------------–---–ი (შვილი). ამასთან, ოჯახს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნებობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ შესაბამისად, ეკუთვნოდა 156 (60+48+48) ლარი. ასევე უდავოა, რომ მისაღები თანხა უნდა გადაანგარიშებულიყო 12 თვეზე, რაც შეადგენდა 1872 (12*156) ლარს.
საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და სს „ლიბერთი ბანკიდან“ მ-----–-------–--–---–ის საბანკო ამონაწერით დგინდება, რომ მას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოდან ჩაერიცხა: 2015 წლის 22 იანვარს - 1394,00 ლარი, 2015 წლის 21 მარტს - 156,00 ლარი და 2015 წლის 21 აპრილს - 156,00 ლარი. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 მაისის №0------ წერილის თანახმად, 2015 წლის 21 მარტს -156,00 ლარი და 2015 წლის 21 აპრილს - 156,00 ლარს ჩარიცხული თანხები არის მიმდინარე პერიოდის და საერთო არ აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 25 დეკემბრის №0-------- გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ასანაზღაურებელ თანხასთან.
სასამართლო დაეთანხმა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს იმ პოზიციას, რომ საარსებო შემწეობის მიღება გამორიცხავს დევნილის სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის მიღებას. აღნიშნული დარეგულირებულია როგორც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, რომლის მიხედვითაც, დევნილის შემწეობა შეწყდება ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვში, თუ დევნილმა პირადი განცხადებით განაცხადა თანხმობა სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის განკუთვნილი სოციალური დახმარების მიღებაზე. ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტითაც, რომლის თანახმად, საარსებო შემწეობის მიღება გამორიცხავს დევნილის, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის მიღებას. ოჯახს უფლება აქვს აირჩიოს დევნილის, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის ან საარსებო შემწეობის მიღება.
სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 53-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვით კონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით და მან შეძლოს, იცოდეს რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში მოქალაქის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით უნდა პასუხობდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით, კერძოდ, 51-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო მისი გამოცემა უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, პირველ რიგში დაუსაბუთებელია, რატომ განხორციელდა მიუღებელი შემოსავლის დაანგარიშება 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით, იმ დროს, როდესაც გადაწყვეტილებაში პირდაპირ იყო განსაზღვრული ასანაზღაურებელი პერიოდი - 2014 წლის 01 იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით. ასევე არ დგინდება ოჯახის ხელახალი შემოწმებისას რა ფაქტობრივი გარემოებები გამოვლინდა, მათ შორის რ------------–---–ი იყო თუ არა მ-----–-------–--–---–ის ოჯახის წევრი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, როდიდან აღარ იყო. სასამართლომ აქვე მხარეთა ყურადღება მიაპყრო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 01 მაისის №0------ წერილს, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ 2015 წლის მარტისა და აპრილის თვეებში ჩარიცხული საარსებო შემწეობა 156-156 ლარი არის მიმდინარე პერიოდის. ამასთან, რ------------–---–ის 2015 წლის 11 თებერვლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღარ ცხოვრობს სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში დაფიქსირებულ მისამართზე და არ წარმოადგენს მ-----–-------–--–---–ის ოჯახის წევრს.
სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია რ------------–---–ის მიერ დევნილის შემწეობის მიღების გამო მ-----–-------–--–---–ის ოჯახისათვის მიუღებელი შემწეობის არასრულად ანაზღაურება, ვინაიდან 2014 წლის 01 იანვრიდან ოჯახი არ იღებდა საარსებო შემწეობას და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ პერიოდში რ------------–---–ი წარმოადგენდა მ-----–-------–--–---–ის ოჯახის წევრს, რა საფუძვლით უნდა ეთქვა მას უარი დევნილის შემწეობის მიღებაზე. აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეფასებინა, რ------------–---–ს ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა, თავისუფლად გაეკეთებინა არჩევანი, რომელი შემწეობით ესარგებლა და თუ ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონდა, ეს ხომ არ გულისხმობდა სრულად მიეცათ ოჯახისთვის მიუღებელი საარსებო შემოსავალი, მით უმეტეს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ აღადგინა 2013 წლის 20 მარტის მდგომარეობა და ამ დროს შევსებული ოჯახის დეკლარაციის მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვიტა საარსებო შემწეობის გაცემა. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო საქმის გარემოებათა შესწავლისას გამოეკვლია/შეეფასებინა მითითებული გარემოებები და გადაწყვეტილება მიეღო მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
1.3.2. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 15 მაისის №0------- გადაწყვეტილება, მ-----–-------–--–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მ-----–-------–--–---–ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ამასთანავე, სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად იქნა ცნობილი მ-----–-------–--–---–ის მიმართ მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 15 მაისის №0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მ-----–-------–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს კუთვნილი 2014 წლის საარსებო შემწეობის დანაკლისის - 478 ლარის, ასევე, 2015 წლის იანვრის, თებერვლის და მაისის თვეების საარსებო შემწეობის - 417 ლარის ანაზღაურება.
2. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
2.1. აპელანტ მ-----–-------–--–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა, ასევე იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი საარსებო შემწეობის დანაკლისის ანაზღაურების თაობაზე.
აპელანტი მიუთითებს, რომ 2014 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის პირველ იანვრამდე მის ოჯახს შეწყვეტილი ჰქონდა საარსებო შემწეობა. აღნიშნული აღდგა სააგენტოს N0-------- გადაწყვეტილებით, რომლითაც სააგენტოს დაევალა მიუღებელი ერთი წლის საარსებო შემწეობის ანაზღაურება (თვეში 156 ლარი, 3 სულზე). შესაბამისად, 1 წლის განმავლობაში მისაღები თანხა იყო 1872 ლარი, საიდანაც სააგენტომ აანაზღაურა 1394 ლარი. ასევე ანაზღაურებულ იქნა მომდევნო 2015 წლის იანვარ-თებერვლისა და მაისის თვის საარსებო შემწეობა. აღნიშნულ თანხებთან დაკავშირებით, არაერთხელ მიიღო სააგენტოსაგან სიტყვიერი დაპირება, რომ ჩაერიცხებოდა თანხა, თუმცა უშედეგოდ. აპელანტის განმარტებით, მითითებული თანხები უპირობოდ ეკუთვნის, შესაბამისად, გაუგებარია, რა არის დამატებით გამოსაკვლევი ამ საკითხთან დაკავშირებით.
2.2. აპელანტ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. 02.05.2017წ. განცხადების პასუხად, მოსარჩელეს ეცნობა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 25.12.2014წ. N0-------- გადაწყვეტილების შესრულების მიზნით, ოჯახისათვის ფულადი სოციალური დახმარების - საარსებო შემწეობის ჩარიცხვა განხორციელდა 2015 წლის იანვრის თვეში. მ. ბ----–--–---–ის ოჯახს, 2013 წლის 20 მარტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად, მინიჭებული ჰქონდა 53320 სარეიტინგო ქულა, ოჯახი იყო სამწევრიანი და "სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 30.03.2010წ. N93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, ოჯახის ყოველთვიურად მისაღები საარსებო შემწეობის თანხა შეადგენდა 156 ლარს. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 28.07.2006წ. N145 დადგენილებით განსაზღვრული წესის 12.4 მუხლიდან გამომდინარე, 2015 წლის იანვრის თვეში შემწეობის გაცემა განისაზღვრა 2014 წლის თებერვლის თვიდან, 2015 წლის იანვრის თვის ჩათვლით და თანხა შეადგენდა 1872 ლარს. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა ის გარემოება, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრს - რ------------–---–ს 2014 წელს მიღებული ჰქონდა დევნილთა ყოველთვიური შემწეობა და ვინაიდან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ფულადი სოციალური დახმარების - საარსებო შემწეობის დევნილთა ყოველთვიურ შემწეობასთან ერთად გაცემას, საარსებო შემწეობის თანხას - 1872 ლარს გამოაკლდა რ------------–---–ის მიერ 2014 წლის თებერვლის თვიდან დეკემბრის თვის ჩათვლით მიღებული დევნილთა ყოველთვიური შემწეობა - 478 ლარი და ოჯახს, 2015 წლის იანვრის თვეში, საარსებო შემწეობის სახით ჩაერიცხა 1394 ლარი. რ------------–---–ის განცხადების საფუძველზე, მოსარჩელის ოჯახს 2015 წლის თებერვლის თვეში შეუჩერდა საარსებო შემწეობის გაცემა. 2015 წლის 26 თებერვალს შევსებულ იქნა წერილობითი აქტი და ოჯახს 2015 წლის მარტის და აპრილის თვეებში ჩაერიცხა მიმდინარე პერიოდის 156-156 ლარი. 2015 წლის მარტის თვეში, ოჯახმა მიიღო მხოლოდ მიმდინარე თვის საარსებო შემწეობა და არ ჩაერიცხა 2015 წლის თებერვლის თვის თანხა, ვინაიდან 2015 წლის თებერვლის თვეში, ოჯახის წევრს - რ------------–---–ს ჩაერიცხა დევნილთა ყოველთვიური შემწეობა და მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით არ არის გათვალისწინებული ორი გასაცემლის ერთდროულად გაცემა. რაც შეეხება 2015 წლის მაისის თვის საარსებო შემწეობას, ვინაიდან მოსარჩელის ოჯახს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია შეუწყდა 2015 წლის 15 მაისს, შესაბამისად, შემწეობა აღარ ჩარიცხვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.11.2017წ. გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონზე, რომლითაც სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახედ მიჩნეულია საარსებო შემწეობა. კანონის 7.2 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. 7.3 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო 7.4 მუხლის შესაბამისად, საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.04.2010წ. №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ 1.1 მუხლის თანახმად, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. 1.3 მუხლის თანახმად კი, მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. აღნიშნული „წესის“ მე-4 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები, ხოლო მე-5 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მაძიებელი ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე „წესის“ მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას.
დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 25.12.2014წ. №0-------- გადაწყვეტილებით, შევსების თარიღიდან ბათილად იქნა ცნობილი ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 17.12.2013წ. ოქმი, მ-----–-------–--–---–ის „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ“ და აღდგა 20.03.2013წ. „ოჯახის დეკლარაცია“, საიდენტიფიკაციო კოდზე: 0-----------. ამავე გადაწყვეტილებით მ-----–-------–--–---–ის ოჯახისათვის 2014 წლის პირველი იანვრიდან შეწყვეტილი დახმარება ჩაითვალა შეჩერებულად და გადაწყდა მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება მისი შეჩერების დღიდან, ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით. ამასთან, სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს დაევალა მ-----–-------–--–---–ის ოჯახის ხელახალი შესწავლის უზრუნველყოფა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის 20 მარტის მდგომარეობით, მ-----–-------–--–---–ის ოჯახი შედგებოდა სამი წევრისაგან. ოჯახს საქართველოს მთავრობის 30.03.2010წ. №93 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნებობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ შესაბამისად, ეკუთვნოდა 156 (60+48+48) ლარი. ამასთანავე, მისაღები თანხა უნდა გადაანგარიშებულიყო 12 თვეზე, რაც შეადგენდა 1872 (12*156) ლარს. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოდან ჩაერიცხა: 22.01.2015წ. - 1394,00 ლარი; 21.03.2015წ. - 156,00 ლარი და 21.04.2015წ. - 156,00 ლარი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 01.05.2017წ. №0------ წერილის თანახმად, ჩარიცხული თანხები: 21.03.2015წ. -156,00 ლარი და 21.04.2015წ. - 156,00 ლარი არის მიმდინარე პერიოდის და საერთო არ აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 25.12.2014წ. №0-------- გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ასანაზღაურებელ თანხასთან.
სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაუსაბუთებელია, რატომ განხორციელდა მიუღებელი შემოსავლის დაანგარიშება 2014 წლის თებერვლიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით, იმ დროს, როდესაც გადაწყვეტილებაში პირდაპირ იყო განსაზღვრული ასანაზღაურებელი პერიოდი - 2014 წლის 01 იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით. ასევე არ დგინდება, ოჯახის ხელახალი შემოწმებისას რა ფაქტობრივი გარემოებები გამოვლინდა, იყო თუ არა რ------------–---–ი მ-----–-------–--–---–ის ოჯახის წევრი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, როდიდან აღარ იყო. საყურადღებოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 01.05.2017წ. №0------ წერილი, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ 2015 წლის მარტისა და აპრილის თვეებში ჩარიცხული საარსებო შემწეობა - 156-156 ლარი არის მიმდინარე პერიოდის. ამასთან, რ------------–---–ის 2015 წლის 11 თებერვლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი აღარ ცხოვრობს სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში დაფიქსირებულ მისამართზე და არ წარმოადგენს მ-----–-------–--–---–ის ოჯახის წევრს.
პალატა ასევე იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საფუძველს მოკლებულია რ------------–---–ის მიერ დევნილის შემწეობის მიღების გამო მ-----–-------–--–---–ის ოჯახისათვის მიუღებელი შემწეობის არასრულად ანაზღაურება, ვინაიდან 2014 წლის 01 იანვრიდან ოჯახი არ იღებდა საარსებო შემწეობას და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ პერიოდში რ------------–---–ი წარმოადგენდა მ-----–-------–--–---–ის ოჯახის წევრს, რა საფუძვლით უნდა ეთქვა მას უარი დევნილის შემწეობის მიღებაზე. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა შეეფასებინა: ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა რ------------–---–ს, თავისუფლად გაეკეთებინა არჩევანი, რომელი შემწეობით ესარგებლა და თუ ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონდა, ეს ხომ არ გულისხმობდა ოჯახისათვის მიუღებელი საარსებო შემოსავალის სრულად მიცემას, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ აღადგინა 2013 წლის 20 მარტის მდგომარეობა და იმ დროს შევსებული ოჯახის დეკლარაციის მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვიტა საარსებო შემწეობის გაცემა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 15 მაისის №0------- გადაწყვეტილება, მ-----–-------–--–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
3.2.2. აპელანტი უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოცემულ შემთხვევასთან მიმართებაში საქალაქო სასამართლოს მიერ ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენებას და აღნიშნავს, რომ სადავო თანხები მას უპირობოდ ეკუთვნის, შესაბამისად, გაუგებარია, რა უნდა გამოიკვლიოს დამატებით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ დადგენა-შეფასება, შესაბამისად, სადავო საკითხთან მიმართებაში საქალაქო სასამართლომ სწორად გამოიყენა ასკ-ის 32.4 მუხლი - სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ცნო ბათილად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 15.05.2017წ. №0------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამასთანავე, საკითხის ამგვარად გადაწყვეტის პირობებში, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის მ-----–-------–--–---–ის სასარგებლოდ, კუთვნილი 2014 წლის საარსებო შემწეობის დანაკლისის - 478 ლარის, ასევე, 2015 წლის იანვრის, თებერვლის და მაისის თვეების საარსებო შემწეობის - 417 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-----–-------–--–---–ის და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი