განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.11.2019
საქმის ნომერი
330210118002567872
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
19.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002567872

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3150-19 19 ნოემბერი, 2019 წელი

 

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

მოსამართლე თამარ ალანია

ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - ს-------- ი----–---–- (მოპასუხე)

წარმომადგენელი - დ----- გ-------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - მ-----–- ი----–---–- (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ნ-----–- ს--------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.03.2019წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 24.07.2018წ. დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე: თბილისი, ს--–------------, ს/კ 0---------------

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 19.07.2018წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე: თბილისი, ს--–------------, ს/კ 0---------------

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 10.06.2016წ. მ-----–- ი----–---–ს და ს-------- ი----–---–ს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე: თბილისი, ს--–------------, ს/კ 0--------------- და ქონების მესაკუთრედ აღირიცხოს მოსარჩელე.

 

2. სარჩელის საფუძვლები:

 

- 10.06.2016წ. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება აღირიცხა ს-------- ი----–---–-ს სახელზე.

- მოსარჩელე არის 77 წლის, დაავადებულია არტერიული ჰიპერტონიით და გულის უკმარისობით, საჭიროებს მუდმივ მკურნალობას.

- მოსარჩელე იტალიაში გამგზავრებამდე ცხოვრობდა გაჩუქებულ საცხოვრებელ ბინაში შვილთან, ს-------- ი----–---–თან ერთად.

- მხარეები სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ ბინის ჩუქების შემთხვევაში, ს-------- ი----–---–ს უნდა მოევლო ავადმყოფი დედისთვის.

- მოსარჩელე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 2017 წლის დეკემბრის თვეში სამკურნალოდ გაემგზავრა იტალიაში. 2018 წლის 12 ივლისს იგი დაბრუნდა საქართველოში და საცხოვრებელ სახლში მისვლისას სახლი დახვდა დაკეტილი. მოსარჩელეს მეზობელმა აცნობა, რომ ს-------- ი----–---–მა ბინა გააქირავა და მასში ცხოვრობდა უცხო პირი. მოსარჩელე ტელეფონით დაუკავშირდა შვილს, რომელმაც განუცხადა: „სადაც გინდა იქ წადი და დამელოდე ვიდრე ალტერნატიული ფართი გამოჩნდება“. მოსარჩელემ დახმარებისთვის მიმართა საპატრულო პოლიციას.

- აღნიშნულის შემდგომ ს-------- ი----–---–მა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 19.07.2018წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მისი მეუღლის მამას - ჰ---–--- მ--------------ს. ჰ---–--- მ--------------მა 24.07.2018წ. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე სადავო უძრავი ქონება აჩუქა შვილს - ქ--------- ი----–---–ს.

- მოსარჩელე დარჩენილია უსახლკაროდ, მას არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი და ვერ სარგებლობს ყოველდღიური მოხმარების პირადი ნივთებით. მოსარჩელე არის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, ვინაიდან ქონების გაჩუქებით მოისპო საარსებო წყარო. უნდა გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება. 19.07.2018წ. და 24.07.2018წ. გარიგებები წარმოადგენენ მოჩვენებით გარიგებებს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ს-------- ი----–---–-ს განმარტებით:

- ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეებს შორის არ შემდგარა შეთანხმება მოსარჩელის მოვლა-პატრონობაზე.

- მოსარჩელეს არასდროს შეზღუდვია ბინით სარგებლობის უფლება.

- ს-------- ი----–---–მა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სარგებლობაში გააჩნია კრწანისში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე სახლი, რომელზეც საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით საჯარო რეესტრში წარდგენილი აქვს განცხადება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.03.2019წ. გადაწყვეტილებით:

1.მ-----–- ი----–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა;

1.1.ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 24 ივლისის ჩუქების ხელშეკრულება ჰ---–--- მ--------------სა და ქ--------- ი----–---–ს შორის დადებული უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ------–--------–-ინოს ქ---, ს/კ 0---------------;

1.2.ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 19 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება ს-------- ი----–---–სა და ჰ---–--- მ--------------ს შორის დადებული უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ------–--------–-ინოს ქ---, ს/კ 0---------------;

1.3. ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 10 ივნისის ჩუქების ხელშეკრულება მ-----–- ი----–---–სა და ს-------- ი----–---–ს შორის დადებული უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ------–--------–-ინოს ქ---, ს/კ 0--------------- და ქონების მესაკუთრედ აღირიცხოს მ-----–- ი----–---–-;

 

4.1. 10.06.2016წ. გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად მ-----–- ი----–---–მა ს-------- ი----–---–ს აჩუქა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ს--–------------, ს/კ 0---------------. უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა ს-------- ი----–---–-ს სახელზე.

 

4.2. მ-----–- ი----–---–- და ს-------- ი----–---–- არიან დედა-შვილი.

 

4.3. უდავო გარემოებაა, რომ მ-----–- ი----–---–- 2017 წლის დეკემბრის თვიდან 2018 წლის 12 ივლისამდე სამკურნალოდ იმყოფებოდა საზღვარგარეთ, კერძოდ იტალიაში.

 

4.4. 2018 წლის 19 ივლისს ს-------- ი----–---–ს (გამყიდველი) და ჰ---–--- მ--------------ს (მყიდველი) შორის შედგა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე: თბილისი, ს--–------------, ს/კ 0---------------.

 

4.5. 2018 წლის 24 ივლისს ჰ---–--- მ--------------ს და ქ--------- ი----–---–ს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად ჰ---–--- მ--------------მა „მჩუქებელმა“ ქ--------- ი----–---–ს „დასაჩუქრებულს“ აჩუქა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ს--–------------, ს/კ 0---------------

 

4.6. ს-------- ი----–---–მა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ მ-----–- ი----–---–ს სარგებლობაში გააჩნია სხვა საცხოვრებელი სახლი, რომელზეც საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია განცხადება. აღსანიშნავია, რომ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით განცხადების წარდგენა ავტომატურ რეჟიმში არ აქცევს დაინტერესებულ მხარეს მესაკუთრედ. შესაბამისად მოცემული დროისათვის საქმეზე გამოკვლეული გარემოებები ადასტურებენ, რომ გაჩუქებული ქონება წარმოადგენდა გამჩუქებლის ერთადერთ საცხოვრისს და მას სხვა ქონება არ გააჩნია. დადგენილი გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

4.7. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. (მოჩვენებითი გარიგება).

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, არ არსებობს ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის.

 

სადავო გარიგებებთან მიმართებაში მოპასუხეებმა აღნიშნეს, რომ 2018 წლის 19 და 24 ივლისის გარიგებებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ იურიდიული ინტერესი და ამ საკითხთან დაკავშირებით არ დავობენ. ამდენად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2018 წლის 19 და 24 ივლისს ხელშეკრულების შედგენისას მხარეები მოქმედებდნენ არაკეთილსინდისიერად. ამასთან სახეზეა სადავო გარიგების მხარეთა მიზანი, განზრახვა, სამართლებრივი სიმულაციის შედეგად ერთობლივი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებით ზიანი მიაყენონ მოსარჩელის ქონებრივ ინტერესებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიიჩნია, აღნიშნული ხელშეკრულებები მოჩვენებითი გარიგებებია და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლთის თანახმად კანონმდებელი გაჩუქებული ნივთის გამოთხოვას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში - თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ასეთი გარემოების მტკიცების ტვირთი აწევს მჩუქებელს.

 

ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მიზნებისთვის კი მძიმე მდგომარეობად, სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიიჩნევა ისეთი ვითარება, როდესაც ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გაჩუქების შემდეგ გამჩუქებელი ქუჩაში რჩება, მას ხელშეკრულების გაუქმება შეუძლია მოითხოვოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან, ქონების გაჩუქების შემდეგ იგი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.03.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს-------- ი----–---–მა და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

5.1. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ იტალიიდან ჩამოსვლის თაობაზე მოპასუხეს შეატყობინა მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ. გაჩუქებულ სახლში მოსარჩელე მივიდა ადვოკატთან ერთად, გამოიძახა საპატრულო პოლიცია და შექმნა მტკიცებულება, თითქოს ეზღუდებოდა ბინაში ცხოვრების უფლება.

 

5.2. მოპასუხეს არასდროს შეუზღუდავს მოსარჩელის უფლება, ეცხოვრა სადავო ბინაში. უფრო მეტიც, მან გაარემონტა საცხოვრებელი სახლი, გააუმჯობესა საყოფაცხოვრებო პირობები, რათა მოსარჩელეს უფრო კომფორტულად ეცხოვრა, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. მოსარჩელეს ამოძრავებდა არა ბინაში ცხოვრების სურვილი, არამედ უნდოდა დაებრუნებინა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება.

 

5.3. უსწოროა სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოსარჩელე დარჩა საცხოვრებლის გარეშე. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოსარჩელე აგრძელებდა ცხოვრებას სადავო ბინაში. იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ კი მოპასუხეს არ გაუწევია წინააღმდეგობა, რომ მოსარჩელეს კვლავ ეცხოვრა მის ფართში. მოპასუხემ რემონტის პერიოდში შესთავაზა მოსარჩელეს ქირის გადახდა, რაზეც უარი მიიღო.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

7. 10.06.2016წ. მ-----–- ი----–---–ს (შემდგომში „მოსარჩელე“/ „მჩუქებელი“) და ს-------- ი----–---–ს (შემდგომში „მოპასუხე“/ „დასაჩუქრებული“) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ს--–------------ ( ს/კ 0---------------), შენობა-ნაგებობა ლიტერი „ა“-ში 49.7---------–---------------–----------- და ლიტერი „ს-გ“ საერთო ფართით 20.1------, - აჩუქა მოპასუხეს (ტ.1, 19,20). უძრავი ქონება აღირიცხა დასაჩუქრებულის სახელზე (ტ.1, ს.ფ. 21).

 

8. 19.07.2018წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით მოპასუხე (დასაჩუქრებულმა) საჩუქრად მიღებული უძრავი ქონება (ს/კ 0---------------) მიყიდა ჰ---–--- მ--------------ს (ტ.1, ს.ფ. 30,31). უძრავი ქონება აღირიცხა მყიდველის სახელზე (ტ.1, ს.ფ. 32). სადავო არ არის, რომ ჰ---–--- მ--------------ი არის მოპასუხის სიმამრი.

 

9. 24.07.2018წ. ჰ---–--- მ--------------მა ნაყიდი უძრავი ქონება ( ს/კ 0---------------) ჩუქების ხელშეკრულებით აჩუქა ქ--------- ი----–---–ს. (ტ.1, ს.ფ. 34,35). უძრავი ქონება აღირიცხა დასაჩუქრებულის სახელზე (ტ.1, ს.ფ. 39). სადავო არ არის, რომ ქ--------- ი----–---–- არის მოპასუხის მეუღლე და ჰ---–--- მ--------------ის შვილი.

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.03.2019წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 19.07.2018წ. გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე 24.07.2018წ. ჩუქების ხელშეკრულება, როგორც მოჩვენებითი გარიგებები (ტ.1, ს.ფ.164-174). პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული გარიგებების მხარეების - ჰ---–--- მ--------------ის და ქ--------- ი----–---–-ს მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა. მითითებული გარიგებების მოჩვენებითი ხასიათის საწინააღმდეგო გარემოებაზე მითითებებს არ შეიცავს არც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი (ტ.1, ს.ფ. 180-188).

 

აპელანტი გადაწყვეტილებაზე პრეტენზიას აცხადებს იმაზე მითითებით, რომ არ არსებობს 10.06.2016წ. ჩუქების ბათილად ცნობის და საჩუქრის გამოთხოვის - ნივთის მოსარჩელის სახელზე აღრიცხვის საფუძველი.

 

11. მხარის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების კონკრეტულ მატერიალურ სამართლებრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენა სასამართლოს უფლებაცაა და ვალდებულებაც. დავის სამართლებრივი შეფასებისას მოსამართლე სრულიად დამოუკიდებელია, განსხვავებით პროცესის ფაქტობრივ საფუძვლებზე მუშაობისაგან და არ არის შებოჭილი დისპოზიციურობის ან შეჯიბრებითობის პრინციპებით. შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებს შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ, აღძრან თუ არა დავა სასამართლოში, როგორ წარმართონ ან როგორ დაასრულონ იგი. მათ ასევე შეუძლიათ, თავად გადაწყვიტონ საქმის რომელი ფაქტობრივი გარემოებები მოახსენონ და რომელი მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს. მხარეთა მიერ წარდგენილი მოთხოვნებისა და მოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება კი მხოლოდ მოსამართლის პრეროგატივაა (სუსგ ას-941-979-2011, 1 ნოემბერი, 2011 წელი).

 

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩუქების ხელშეკრულებას. იგი განკარგვითი ხასიათისაა და შედეგად შემძენისათვის საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს (შდრ. სუსგ №ას-221-213-2012, 24 ივლისი, 2012; სუსგ №ას-1333-2019, 27 ნოემბერი, 2019 წელი).

 

სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლით, პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს.

 

ამასთან, ჩუქების გაუქმების საფუძველია მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ

არა მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა, არამედ ასევე დიდი უმადურობის გამოჩენა. უმადურად ქცევა, შეფასებითი კატეგორიაა, რასაც განსაზღვრავს სასამართლო გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად.

 

სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა ნაჩუქრობის შინაარსის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მჩუქებლის უფლება, უკან დაიბრუნოს გაჩუქებული ქონება, ჩუქების ურთიერთობის მაღალი ზნეობრივი ხასიათითაა განპირობებული. ნაჩუქრობა ისტორიულად ჩამოყალიბდა, როგორც ზნეობრივ საძირკველზე დაფუძნებული ურთიერთობა. „სამართალში და განსაკუთრებით სამოქალაქო სამართალში ყოველთვის აუცილებელია სამართალსა და ზნეობას შორის ფუნდამენტური ურთიერთობის გათვალისწინება. აუცილებელია იმ მსგავსებისა და განსხვავების გათვალისწინება, რომელიც არსებობს სამართლებრივ შეფასებასა და ზნეობრივ შეფასებას, სამართლებრივ ღირებულებასა და ზნეობრივ ღირებულებას შორის“ (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბ., 2007, 29). ამიტომაცაა, რომ მჩუქებლის მიერ ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ გაცემა პირდაპირ უკავშირდება დასაჩუქრებულის მხრიდან, მართალია, არა სამაგიერო, მაგრამ ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. სწორედ ასეთი ვალდებულება უნდა დაუპირისპირდეს მჩუქებლის მიერ გაღებულ ქონებრივ სიკეთეს (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/155, 01 აპრილი, 2003).

 

ამასთან, ზოგჯერ ჩუქების გაუქმება გამოწვეულია არა დასაჩუქრებულის უმადურობით, არამედ თვით მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობით. ამ საკითხებს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლი. გაჩუქების შემდეგ თუკი მჩუქებელი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, როცა არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს სსკ-ის 530-ე მუხლის საფუძველზე დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთის დაბრუნება.

 

მოპასუხე ადასტურებს ფაქტს მასზედ, რომ ჩუქების გაფორმების შემდეგაც, საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, მოსარჩელე აგრძელებდა გაჩუქებულ ნივთში ცხოვრებას. საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ კი დარჩა უსახლკაროდ, არ გააჩნია თავშესაფარი და ვერ სარგებლობს საყოფაცხოვრებო ნივთებით.

 

მოპასუხის შესაგებელი სარჩელზე ეფუძნება გარემოებას მასზედ, რომ ჩუქების დადებისას დედა-შვილს შორის არ ყოფილა შეთანხმება მოვლა-პატრონობაზე (ტ.1, ს.ფ.67). ანუ დასაჩუქრებული უარყოფს ჩუქების მორალურ მოტივებს. პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ჩუქების ბათილობის/გაუქმების ნებადართულობით, სამართალი იცავს საზოგადო ინტერესებსაც, რადგან საზოგადო ინტერესი გულისხმობს სტაბილურ, უსაფრთხო და გაწონასწორებულ სამოქალაქო ბრუნვას, როცა ბრუნვის მონაწილეების ქცევები კეთილსინდისიერებაზეა დამყარებული. დასაჩუქრებულის არაზნეობრივი მოქმედება ძირს უთხრის ნაჩუქრობის, როგორც მორალურ სამართლებრივი ხასიათის ინსტიტუტის არსებობას (იხ. თ.ზოიძე, საქართველოს სამოქალაქო სამართლის საფუძვლები ქართულ სასამართლო პრაქტიკაში (ავტორთა კოლექტივი), თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი, 2017, 250.).

 

იგულისხმება, რომ საჩუქრის უკან მოთხოვნის უფლება მჩუქებელს გააჩნია იმ დროის განმავლობაში, ვიდრე გაჩუქებული ნივთი რეალურად არსებობს. გარდა აღნიშნულისა, მჩუქებელს ეს უფლება მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუ საჩუქრის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში (სუსგ №ას-1333-2019, 27 ნოემბერი, 2019 წელი).

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

პალატას დადგენილად მიაჩნია გარემოება მასზედ, რომ უძრავი ნივთის ჩუქების შემდეგ მჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში. ასევე, დასაჩუქრებულის მხრიდან მადლიერების გამოხატვად ვერ შეფასდება სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ მჩუქებელს არ ჰქონდა ღამის გასათევი ადგილი, მაშინ როცა მოპასუხე აქირავებდა მოსარჩელისაგან საჩუქრად მიღებულ ქონებას, კერძოდ:

 

11.1. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოსარჩელე 2017 წლის დეკემბრის თვიდან 2018 წლის 12 ივლისამდე იმყოფებოდა იტალიაში (ტ.1, ს.ფ. 3, 67).

 

11.2. უდავოა, რომ იტალიაში გამგზავრებამდე მოსარჩელე ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში (ტ.1, ს.ფ. 3, 182).

 

11.3. მოსარჩელის განმარტებით, საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ საცხოვრებელი დახვდა დაკეტილი და მოპასუხემ ნაცვლად იმისა, რომ ავადმყოფი დედისთვის მიეცა თავშესაფარი, უძრავი ქონება გადააფორმა მეუღლის მამის სახელზე, რომელმაც შემდეგ საცხოვრებელი სახლი აჩუქა შვილს - ქ--------- ი----–---–ს (ტ.1, ს.ფ. 3, 4).

 

11.4. საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ 18.07.2018წ. შედგენილი რეაგირების ოქმი მასზედ, რომ მისამართზე, ქ. თ---–--------–-ინოს N-- გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელებს დახვდათ მოსარჩელე, რომელმაც მიუთითა, რომ საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ მისი კუთვნილი ბინა დახვდა დაკეტილი. მეზობელის, უ.ჩ განმარტებით, ბინა იყო გაქირავებული და მასში ცხოვრობდა სხვა პირი, რომელიც იმ დროისათის სახლში არ იმყოფებოდა. აღნიშნულმა პირმა ბინა იქირავა მოსარჩელის შვილისგან. მოსარჩელის განმარტებით, იგი ტელეფონით დაუკავშირდა შვილს, რომელმაც განუცხადა, რომ დალოდებოდა ალტერნატიული ფართის გამოჩენამდე. დედის კითხვაზე, სად წასულიყო ღამის გასათევად, შვილმა განუცხადა, რაც უნდოდა ის ექნა (ტ.1, ს.ფ. 28,29).

 

11.5. აპელანტი განმარტავს, რომ დედის იტალიიდან დაბრუნების შემდგომ არასდროს შეუზღუდავს მისი უფლება, ეცხოვრა სადავო ბინაში. გაარემონტა ბინა და რემონტის პერიოდში სთავაზობდა მოსარჩელეს ბინის ქირის გადახდასაც, რაზეც უარი მიიღო (ტ.1, ს.ფ. 182). რაიმე მტკიცებულება, რაც აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებებს დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულის საპირისპიროდ, საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმით დგინდება, რომ მოსარჩელის დაბრუნების შემდეგ უძრავი ქონება მესამე პირზე იყო გაქირავებული და მოსარჩელეს შეზღუდული ჰქონდა მისით სარგებლობის უფლება (ტ.1, ს.ფ. 28,29).

 

უძრავ ქონებაზე მოსარჩელის სარგებლობის უფლების ხელმისაწვდომობის შეფასების მიზნებისთვის მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ დედის ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში მოპასუხემ ჩუქებით მიღებული უძრავი ნივთი მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე გადააფორმა მეუღლის მამის სახელზე, რომელმაც შემდეგ უძრავი ქონება აჩუქა შვილს, აპელანტის მეუღლეს (ტ.1, ს.ფ. 32,39). როგორც უკვე აღინიშნა, აღნიშნული გარიგებების მოჩვენებითობა დადგენილია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით და ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს.

 

11.6. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება.

 

რაც შეეხება მოპასუხის განმარტებებს მასზედ, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი აქვს განცხადება სხვა საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების მოპოვების თაობაზე, პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ ასეთი განცხადების წარდგენა დაინტერესებულ მხარეს ავტომატურ რეჟიმში არ აქცევს მესაკუთრედ. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელემ, როგორც დაინტერესებულმა პირმა 01.09.2017წ. მიმართა საჯარო რეესტრს გარდაბნის რაიონში, სოფელ კრწანისში მდებარე უძრავ ქონებაზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით (ტ.1, ს.ფ. 102-104). რაიმე მტკიცებულება, რაც მიუთითებდა მოსარჩელის მხრიდან უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვების ფაქტზე, საქმეში წარმოდგენილი არ არის და ასეთზე ვერც მოპასუხე მიუთითებს. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მართალია, მოსარჩელეს ჰქონდა მცდელობა, უფლება მოეპოვებინა უძრავ ქონებაზე, თუმცა აღნიშნული ვერ მოხერხდა, ვინაიდან მფლობელობა ვერ დადგინდა (იხ.: 19.11.2019წ. სხდომის ოქმი, 16:00:50 - 16:01:28). მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული უძრავი ქონება მდებარეობს რუსთავის გზაზე, ფონიჭალის შემდეგ და იგი არ წარმოადგენს მის საკუთრებას, ეს იყო მიტოვებული სახლი, მოსარჩელეს ჰქონდა უფლების მოპოვების მცდელობა, თუმცა მესაკუთრე დაბრუნდა (იხ.: 19.11.2019წ. სხდომის ოქმი, 15:54:13- 15:54:50).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ გაჩუქებული ქონება წარმოადგენდა გამჩუქებლის ერთადერთ საცხოვრისს და მას სხვა ქონება არ გააჩნია.

 

11.7. საქმეში წარმოდგენილია ცნობა მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელე დაავადებულია არტერიული ჰიპეტენზიით და გულის უკმარისობით. იგი დაბადებულია 19.06.1941წ. და ამჟამად არის 78 წლის (ტ.1, ს.ფ. 26).

 

11.8. მოპასუხე (დასაჩუქრებულს) სასამართლო განხილვისას არ განუხორციელებია შედავება მასზედ, რომ უძრავი ნივთის დაბრუნება მას ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით შედავებული არ ყოფილა, რომ მოპასუხეს გააჩნია სხვა საცხოვრებელი სახლი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ დასკვნას მასზედ, რომ საქმის მასალებით დადასტურდა ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის და საჩუქრის მჩუქებლის სასარგებლოდ გამოთხოვის წინამძღვრები.

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

12. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.1, ს.ფ. 201).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს-------- ი----–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.03.2019წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თამარ ზამბახიძე

 

მოსამართლეები: თამარ ალანია

 

ქეთევან მესხიშვილი