განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.09.2019
საქმის ნომერი
330210118002605054
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
17.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210118002605054

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/905-19 17 სექტემბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - გ--–- დ-------–---–- (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ქ------- ქ----------

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,I------.“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ა---------– თ------- (დირექტორი), კ---- ბ---------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.12.2018წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხეს დაეკისროს 5145 ლარი.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოსარჩელემ 2015 წლის 12 დეკემბერს მოპასუხის მაღაზიაში, რომელიც წარმოადგენს „------“ წარმომადგენელს საქართველოში, შეიძინა ტელევიზორი 5145 ლარად. იმ პერიოდში მოქმედი აქციისა და ნასყიდობის საგნის ღირებულების გათვალისწინებით (ნივთი წარმოადგენდა ერთ-ერთ ძვირადღირებულ ტელევიზორს მაღაზიაში) საგარანტიო ვადად ჯამში განისაზღვრა 5 წელი (2 წელი+3 წელი).

 

2018 წლის ივლისის მიწურულს, ანუ საგარანტიო ვადაში ტელევიზორს გაუქრა გამოსახულება და შეუძლებელი აღმოჩნდა მისი ექსპლუატაცია. შპს ,,ლ------ში“ ტელევიზორს ჩაუტარდა დიაგნოსტიკა, რომლითაც დადგინდა, რომ ტელევიზორს ჰქონდა ქარხნული დაზიანება. ვინაიდან ვერ ხერხდებოდა საგარანტიო პირობების თანახმად ნასყიდობის საგნის აღდგენა, შეკეთება ან/და შეცვლა, მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელესთვის აენაზღაურებინა ნასყიდობის საგნის ღირებულება, რაც მხარემ არ განახორციელა.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ,,ს----ს“ საერთაშორისო ცენტრალური ოფისი მათი მეშვეობით წამახალისებელ აქციას აწესებს მხოლოდ ახალი წელს 10 დღის განმავლობაში (5 დღე დეკემბერში და 5 დღე იანვარში). აქცია ყოველთვის შეეხება ერთი ტელევიზორის შეძენის შემთხვევაში დამატებით მცირე ღირებულების „------“ სხვა პროდუქციის უსასყიდლოდ გადაცემას.

 

აქცია საგარანტიო ვადებთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება ,,ს----ს“ საერთაშორისო მარკეტინგული ცენტრის პოლიტიკას. მოპასუხის მიერ გაცემულ საგარანტიო დოკუმენტში არსებობს ბეჭდური ჩანაწერი საგარანტიო პირობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს შეძენილი ნაწარმის ან ნაწარმის შემადგენელი დეტალების გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობას ყიდვის დღიდან ერთი წლის განმავლობაში. საგარანტიო ვადა, როგორც წესი, აღინიშნება ბეჭდური სახით, ხელმოწერითა და ბეჭდით და უცნობია თუ ვინ განახორციელა ხელით მინაწერი „2+3“.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.12.2018წ. გადაწყვეტილებით გ--–- დ-------–---–-ს სარჩელი მოპასუხე შპს I------.-ს მიმართ, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის 5145 ლარის დაკისრებას - არ დაკმაყოფილდა.

 

4.1. 12.12.2015წ. მოპასუხის მაღაზიაში მოსარჩელემ შეიძინა ტელევიზორი SO1-7001955-D KD-55X8507C, 5145 ლარად.

 

4.2. ტელევიზორის შეძენისას მოპასუხის მიერ გაიცა საგარანტიო ტალონი, რომელიც იძლევა შეძენილი საქონლის უფასოდ შეკეთების გარანტიას, წარმოდგენილი საგარანტიო პირობებით.

 

საგარანტიო პირობების თანახმად, გარანტიის საფუძველზე ,,ს----“ გარანტიას იძლევა ნაწარმის ან ნაწარმის შემადგენელი დეტალების გამართულ მუშაობაზე ყიდვის დღიდან ერთი წლის (ვიდეოკამერის და ციფრული ფოტოაპარატისათვის ორი წლის) განმავლობაში. ამასთან, ხელშეკრულების პირობების პირველი პუნქტის თანახმად, საგარანტიო მომსახურება ძალაშია საგარანტიო ვადის ამოწურვამდე.

 

4.3. 2018 წლის ივლისში ტელევიზორს გაუქრა გამოსახულება, რის თაობაზეც მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს. მოპასუხემ მოსარჩელეს განუმარტა, რომ ტელევიზორის დიაგნოსტიკისათვის მიემართა ს----ს ავტორიზებული სერვის ცენტრ შპს ,,ლ------სათვის“.

 

4.4. შპს ,,ლ------ს“ დეფექტური აქტის მიხედვით, ტელევიზორს გამოსახულება არ გამოაქვს, 6 ჯერ ციმციმებს. დიაგნოსტიკის შედეგად დადგინდა, რომ - დაზიანებულია ეკრანი (უშუალოდ ეკრანის განათება). ფიზიკური ზემოქმედება ტბ-ზე არ აღენიშნება. ნივთს აქვს ქარხნული დაზიანება. აქტში აღინიშნა, რომ სათადარიგო ნაწილი არ იკვეთებოდა და სერვის ცენტრი ფასიან შეკეთებას ვერ აწარმოებდა.

 

4.5. მოსარჩელემ მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5145 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოთხოვნილი თანხა მოსარჩელისათვის არ გადაუხდია.

 

4.6. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების დროს, გარიგების ობიექტია ქონება, რომლის სანაცვლოდ და საკომპენსაციოდაც შემძენი იხდის ნასყიდობის ფასს. ამავე კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის საგარანტიო მოქმედების ვადას, რაც დაზიანებული ნივთის ღირებულების ანაზღაურების წინაპირობაა. ვარგისიანობის ვადა გარანტიის ერთგვარი სახეა. ეს არის სახელშეკრულებო შეთანხმება, რომელიც მყიდველს კანონით გათვალისწინებულზე უფრო მეტ დაცვის გარანტიას ანიჭებს და მის უფლებებს გარკვეულწილად აფართოებს კიდეც და აღნიშნული მოქმედებას იწყებს მას შემდეგ, რაც ნასყიდობის ხელშეკრულების შედეგად მყიდველზე ამ უკანასკნელის მიერ შეძენილი ნივთი უკვე გადაცემულია.

 

ნივთის ვარგისიანობის ვადის განსაზღვრა გამყიდველის მიერ ნივთის თვისებების თაობაზე გარანტიის დაკონკრეტებაა. კერძოდ, გამყიდველი გარანტიას გასცემს ნივთის თვისებებთან დაკავშირებით გარკვეულ ვადამდე. ჩვეულებრივი გარანტიისაგან განსხვავებით, მოწესრიგების თავისებურება და მნიშვნელობა იმაში მდგომარეობას, რომ ნივთის თვისებებზე გარანტიას გამყიდველი გასცემს მიუხედავად იმისა, რომ ნივთის გადაცემის მომენტში ნივთი უნაკლო იყო. თვისობრიობის გარანტიის შემთხვევაში კი ის ვრცელდება მხოლო იმ შემთხვევებზე, როდესაც ნაკლი რისკის გადაცემის მომენტში უკვე სახეზე იყო.მყიდველს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ ნაკლი ნივთის ვარგისიანობის ვადაში გამომჟღავნდა, ასევე იმისა, რომ გამყიდველის მიერ განსაზღვრული იყო ნივთის ვარგისიანობის შესაბამისი ვადა.

 

მოსარჩელის განმარტებით, ტელევიზორის შეძენის დროს მოქმედებდა აქცია, კერძოდ, თუ პირი შეიძენდა კონკრეტული მარკისა და კონკრეტული მოდელის ტელევიზორს, უკვე არსებულ საგარანტიო ვადას - ორი წელს, დაემატებოდა სწორედ აქციის ფარგლებში არსებული და შეთავაზებული საგარანტიო ვადა დამატებით სამი წელი, რაც ჯამურად შეადგენდა ნივთის შეძენიდან 5 (ხუთი) წელს. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე უთითებს, საგარანტიო ფურცლის პირველ გვერდზე ხელით არის სწორედ მოპასუხის წარმომადგენლის მიერ განხორციელებული მინაწერი ,,2წ.+3წ.“.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების საფუძველზე არგუმენტირებულად ვერ ჩაითვლება მოსარჩელის მტკიცება, საგარანტიო მოქმედების ვადის ხუთწლიან პერიოდთან დაკავშირებით, ვინაიდან საგარანტიო დოკუმენტში არსებობს ბეჭდური ჩანაწერი საგარანტიო პირობების შესახებ (ს.ფ. 22), რომელიც გარანტიას იძლევა შეძენილი ნაწარმის ან ნაწარმის შემადგენელი დეტალების გამართულ მუშაობაზე ყიდვის დღიდან ერთი წლის განმავლობაში.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, საგარანტიო ფურცელში ხელით შესავსებ ველებზე, რომლის თანახმად ხელით ივსება მხოლოდ 1) სერიის ნომერი, მოდელის დასახელება; 2) მყიდველის სახელი, გვარი, მისამართი; 3) შესყიდვის თარიღი და ნომერი; 4) დილერის დასახელება და შტამპი, მისამართი და ტელეფონის ნომერი. სხვა ყველა პირობა კი ყველა ნივთის შეძენის შემთხვევაში ერთნაირად რეგულირდებოდა თავად საგარანტიო ფურცელში არსებული პირობების გათვალისწინებით. აღნიშნული ოთხი ველის ხელით შევსება კი გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ შეძენილი საქონლის, მყიდველის მონაცემები, შეძენის თარიღი და დილერის მონაცემები ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში განსხვავებული იქნებოდა, ამიტომ „გამყიდველი“ წინასწარ ვერ შეავსებდა აღნიშნულ მონაცემებს, რის გამოც იგი „გრაფების“ სახითაა წარმოდგენილი და თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად ივსებოდა.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ საგარანტიო პირობები, მათ შორის საგარანტიო ვადა არ იყო ხელით შესავსები გრაფა. ამდენად, თავად „გამყიდველის“ მიერ თავიდანვე გამოირიცხა საგარანტიო ვადასთან მიმართებაში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება. მოპასუხე მხარის მიერ გაცემულ საგანარტიო ფურცელში იგი ბეჭდური სახით არის მოცემული სტანდარტულ პირობებში, შესაბამისად, თუ მოსარჩელე სადავოდ ხდის სტანდარტულ პირობებში მოცემულ განმარტებას, მას რელევანტური შედავება უნდა განეხორციელებინა აღნიშნულზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოპასუხის მიერ ოფიციალურად გაცემულ დოკუმენტზე, სადაც ასევე არის ფირმის ბეჭედი გამოყენებული, მათ შორის მითითებულია „2წ.+3წ.“, არ ადასტურებს საგარანტიო ვადის განსხავებულ წესზე შეთანხმებას, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამავე საგარანტიო ფურცლის მეორე გვერდზე ნაბეჭდი სახით არის განსაზღვრული საგარანტიო ვადა. უფრო მეტიც, თუკი შინაარსობრივად მივყვებით პირველ გვერდზე არსებულ მონაცემებს, პრაქტიკულად შინაარსიდან მოწყვეტით არის გაკეთებული მინაწერი „2წ.+3წ.“, რადგან პირველ გვერდზე არსად არის დათქმა საგარანტიო ვადასთან მიმართებაში, შესაბამისად, ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ თუკი მართლაც მოხდა მხარეთა შორის საგარანტიო ვადის თაობაზე შეთანხმება, რატომ არ მოხდა მისი ასახვა მეორე გვერდზე, სადაც პირდაპირ არის საუბარი საგარანტიო ვადაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით არსებული და განსხვავებული წესით დარეგულირებულმა საგარანტიო ვადამ ასახვა ჰპოვა პირველსავე გვერდზე. ასევე საგულისხმოა, რომ შინაარობრივად ცალკე აღებული სადავო ჩანაწერი სრულებითაც არაფერზე უთითებს, არც განმარტავს და არც რაიმე სახის დათქმას არ ახორციელებს, რადგან პირველ გვერდზე არსებულ მონაცემებთან სრულ შეუსაბამობაშია.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საგარანტიო ფურცლის პირველ გვერდზე ხელით მიწერილ „2წ.+3წ.“-ს უფრო მეტი მტკიცებულებითი ძალა ვერ ექნება, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში ნაბეჭდი ფორმით მითითებულ ვადასთან (ერთი წელი) მიმართებაში და დადგენილად მიიჩნევს საგარანტიო ვადის ერთწლიან პერიოდს და ხელით არსებულ მინაწერს სასამართლო ვერ ჩათვლის სატანდარტულ პირობებთან შედარებით მხარეთა მიერ განსხვავებულ წესზე შეთანხმებად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წინადადება, რომელიც მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი, წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე, თუ ამ წინადადებაში სხვა რამ არ არის პირდაპირ მითითებული. სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება, მოსარჩელის მითითებას ტელევიზორის შეძენის დროს აქციის მოქმედების შესახებ, რომელმაც განაპირობა გარანტიის მოქმედების უფრო მეტი ვადა. თუ მოპასუხის მხრიდან განსხვავებულ პირობებთან დაკავშირებით საჯარო ოფერტი ანუ მოწვევა ოფერტზე იყო გაკეთებული აქციის ფარგლებში, აღნიშნული მტკიცებულების წარმოდგენა მოსარჩელისათვის სირთულე არ უნდა ყოფილიყო, რადგან სწორედ ასეთი ოფერტი წარმოადგენდა განსხვავებულ პირობების შეთანხმებაზე მოწვევას, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სასამართლო მოპასუხე მხარეზე ვერ გადაიტანს მტკიცების ტვირთს.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე მიმართვა მოხდა 2018 წლის ივლისის თვეში ეს მაშინ, როდესაც ნივთის შეძენა მოხდა 2015 წლის 12 დეკემბერს. ამდენად, მოპასუხეზე მიმართვა მოხდა 2 წლისა და 7 თვის შემდეგ და სასამართლომ რომც განმარტოს მოსარჩელის სასარგებლოდ საგარანტიო პირობებში არსებული ჩანაწერი და საგარანტიო ვადად ნაცვლად ერთი წლისა მიიჩნიოს 2 წელი, უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელის მიერ მოაპსუხეზე მიმართვა 2 წლის შემდგომ მოხდა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოპასუხე კომპანიას მოსარჩელე არ გაეგზავნა ტელევიზორის დიაგნოსტიკისათვის შპს ,,ლ------ში“, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოპასუხე სავალდებულო წესით მოითხოვდა აღნიშნული კომპანიიდან დასკვნას, ასეთი ფაქტი ცალსახად არ ადასტურებს მოპასუხის აღიარებას საგარანტიო ვადაში მიმართვასთან დაკავშირებით.

 

როგორც უკვე აღინიშნა, გარანტია არის მყიდველის ცალმხრივი უპირატესობა, - კერძოდ, თუ საგარანტიო ვადის განმავლობაში ნაწარმში, მის შემადგენელ დეტალებში ან მუშაობაში (პირველადი ყიდვის მომენტში) აღმოჩნდება დეფექტი, ფირმა ,,ს----“ ან ,,ს----“-ს ავტორიზებული სერვის ცენტრები უფასოდ გაარემონტებენ ან შეცვლიან ნაწარმს ან მის დეფექტურ დეტალებს. გარანტიას ჰქონდა პირობები - შეძენილი ნივთი უნდა დაზიანდეს და მყიდველმა საგარანტიო მოქმედების ვადაში უნდა მიმართოს გამყიდველს აღმოჩენილ დეფექტთან დაკავშირებით. ანუ კუმულატიურად უნდა არსებობდეს მითითებული ორი პირობა - დაზიანება და ვადაში მიმართვა.

 

4.7. სამოქალაქო კოდექსის 496-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველი ნივთის ვარგისიანობის ვადას განსაზღვრავს, მაშინ ივარაუდება, რომ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნივთი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას.სასამართლო განმარტავს, რომ თუ გაყიდულ ნივთს გამყიდველის მიერ განსაზღვრულ ვარგისიანობის (საგარანტიო) ვადაში აღმოაჩნდება ნაკლი, ავტომატურად მყიდველს წარმოეშობა მოთხოვნის უფლება. გამყიდველის პასუხისმგებლობა სწორედ იმაში ვლინდება, რომ საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში ნივთის ნაკლის დაფიქსირების შემთხვევაში, პრეზუმირებულია მისი ბრალეულობა და გაყიდული ნივთის ნაკლის არსებობა. საგარანტიო ვადის ძირითადი დანიშნულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ ვადის განმავლობაში ნასყიდობის საგნის ნაკლის აღმოჩენის (გამოვლენის) შემთხვევაში, მყიდველს აქვს გამყიდველისაგან მოთხოვნის უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი დადგებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე საგარანტიო მოქმედების ვადაში მიმართავდა მოპასუხე კომპანიას. რაც შეეხება მოსარჩელე მხარეს აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ პირველ გვერდზე არსებული ყველა ჩანაწერი ერთი და იგივე პირის მიერ არის შესრულებული, რაც ადასტურებს თავად მოპასუხე მხარის მიერ 5 წლიანი საგარანტიო ვადის დაწესებას, სასამართლო აღნიშნულს ვერ გაიზიარებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მხარეს სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.12.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ:

 

5.1. სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, - თუ ხელშეკრულების პირობები მხარეების მიერ დეტალურად არის განსაზღვრული, მაშინ ეს არ მიიჩნევა ხელშეკრულებათა სტანდარტულ პირობად. საგარანტიო პირობების თანახმად აშკარაა, რომ ხელშეკრულების სტანდარტული პირობები - ბეჭდვითი ვერსია შედგენილია თავად ს----ს მიერ, ხოლო ხელშეკრულების არსებითი პირობების შედგენა პირობების პირველ გვერდზე მიანდო უშუალოდ მის ოფიციალურ წარმომადგენლობას სხვადასხვა ქვეყანაში (განსახილველ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეს). საგარანტიო ვადად 2წ+3წ მითითებით განისაზღვრა გამყიდველის მიერ ნივთის ვარგისიანობის ვადა, რითაც გამყიდველმა იკისრა პასუხისმგებლობა ვარგისიანობის ვადაში ნაკლის გამოვლენაზე. სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უბრალოდ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში არაგონივრულად მიიჩნია 5 წლიანი საგარანტიო ვადის განსაზღვრა ნასყიდობის საგანზე, თუმცა დაუდგენელია, რა კონკრეტულ მტკიცებულებას დააყრდნო სასამართლო. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ნასყიდობის საგნის ღირებულება, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წლის მდგომარეობით საკმაოდ სოლიდურ თანხას წარმოადგენდა ტელევიზორისთვის. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ განსახილველ შემთხვევაში ნასყიდობის საგანი კი არ დაზიანდა, არამედ ქარხნული წუნის გამო დანიშნულება მოესპო მთლიანად, რის გამოც სადავო საკითხი სახელშეკრულებო ზიანს წარმოადგენს.

 

5.2. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად საგარანტიო პირობების პირველი გვერდის მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შევსების ფაქტი. შეკითხვების ეტაპზე მოწინააღმდეგე კომპანიის დირექტორმა დაადასტურა, რომ კომპანიაში ინახება სპეციალური ბაზა, სადაც ყველა ნასყიდობის საგნის შესახებ არის ინფორმაცია, კერძოდ საგნის დასახელების, ნასყიდობის ფასის, საგარანტიო ვადის, შემძენის შესახებ, რაც საქმეში მათი მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულების სახით. საგარანტიო პირობების პირველ გვერდზე ზედაპირული დათვალიერებითაც აშკარაა, რომ საგარანტიო პირობების არსებითი პირობები, ნასყიდობის საგნის დასახელება, მყიდველის მონაცემები, საგარანტიო ვადა და სხვა პირობები შევსებულია ერთი ხელწერით.

 

სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და მიიჩნია, რომ აპელანტს უნდა ემტკიცებინა საგარანტიო ვადის მოცულობის ფაქტი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

7. 12.12.2015წ. გ--–- დ-------–---–მა (შემდგომში „მოსარჩელე“, „მყიდველი“) შპს ,,I------.“-ში (შემდგომში „მოპასუხე“, „გამყიდველი“) შეიძინა ტელევიზორი SO1-7001955-D KD-55X8507C, 5145 ლარად (ტ1, ს.ფ. 21-34).

 

8. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ 2018 წლის ივლისში ტელევიზორს გაუქრა გამოსახულება, რის თაობაზეც მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს (იხ.: სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 6, დეფექტური აქტი, ტ.1, ს.ფ. 35). შპს ,,ლ------ს“ დეფექტური აქტის მიხედვით, ტელევიზორს გამოსახულება არ გამოაქვს, 6 ჯერ ციმციმებს. დიაგნოსტიკის შედეგად დადგინდა, რომ დაზიანებულია ეკრანი (უშუალოდ ეკრანის განათება). ფიზიკური ზემოქმედება ტვ-ზე არ აღენიშნება (ტ.1, ს.ფ. 35).

 

9. მხარეთა შორის სადავოა მოსარჩელის მიერ 12.12.2015წ. შეძენილ ნივთზე მოქმედი საგარანტიო ვადის ხანგრძლივობა.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ ნივთის შეძენისას არსებული აქციის გათვალისწინებით ტელევიზორის საგარანტიო ვადად განისაზღვრა 5 წელი (2 წელი + 3 წელი), რის დასტურადაც მიუთითებს საგარანტიო ტალონის პირველ გვერდზე არსებულ მინაწერს (2წ+3წ) (ტ.1, ს.ფ. 6, 21). აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხე მიუთითებს საგარანტიო დოკუმენტში არსებულ ბეჭდურ ჩანაწერზე, რომლის თანახმადაც საგარანტიო ვადა შეადგენს ერთ წელს. მოპასუხე განმარტავს, რომ საგარანტიო ვადასთან დაკავშირებით აქცია არასდროს ყოფილა და ეს ეწინააღმდეგება ს----ს საერთაშორისო მარკეტინგული ცენტრის პოლიტიკას (ტ.1, ს.ფ. 64).

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

საქმის მასალებით დგინდება, რომ ტელევიზორის შეძენისას მოპასუხის მიერ გაიცა საგარანტიო ფურცელი, რომელიც იძლევა შეძენილი საქონლის უფასოდ შეკეთების გარანტიას წარმოდგენილი საგარანტიო პირობებით. საგარანტიო პირობების თანახმად, გარანტიის საფუძველზე ,,ს----“ გარანტიას იძლევა ნაწარმის ან ნაწარმის შემადგენელი დეტალების გამართულ მუშაობაზე ყიდვის დღიდან ერთი წლის (ვიდეოკამერის და ციფრული ფოტოაპარატისათვის ორი წლის) განმავლობაში. ამასთან, ხელშეკრულების პირობების პირველი პუნქტის თანახმად, საგარანტიო მომსახურება ძალაშია საგარანტიო ვადის ამოწურვამდე (ტ.1, ს.ფ.22).

 

ამდენად, გაცემული საგარანტიო დოკუმენტი ერთმნიშვნელოვნად და ცხადად მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ შეძენილი ნივთზე მოქმედებდა ერთ წლიანი საგარანტიო ვადა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საგარანტიო პირობების ბეჭდური ტექსტი წარმოადგენს გაცემული გარანტიის ერთიან შემადგენელ ნაწილს და იგი სასამართლოში წარმოდგენილია თავად მოსარჩელის მიერ. საგარანტიო ტალონი არ შეიცავს რაიმე მითითებას საგარანტიო პირობებში (საგარანტიო ვადაში) ბეჭდური ტექსტისგან განსხვავებით რაიმე ცვლილების განხორციელების და მხარეთა შორის სხვა პირობის შეთანხმების შესახებ.

 

რაც შეეხება საგარანტიო პირობების პირველ გვერდზე არსებულ მინაწერს - (2წ+3წ) , იმ პირობებში, როდესაც დოკუმენტი არ შეიცავს რაიმე სახის მითითებას, თუ რას/რა პირობას აზუსტებს აღნიშნული მინაწერი, პალატა მას ვერ განიხილავს საგარანტიო პირობებში ერთმნიშვნელოვნად გაცხადებული საგარანტიო ვადისგან განსხვავებულ ვადაზე მხარეთა შეთანხმების არსებობის დასტურად. პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ თუკი შინაარსობრივად მივყვებით პირველ გვერდზე არსებულ მონაცემებს, პრაქტიკულად შინაარსიდან მოწყვეტით არის გაკეთებული მინაწერი „2წ.+3წ.“, რადგან პირველ გვერდზე არსად არის დათქმა საგარანტიო ვადასთან მიმართებაში. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ თუ მხარეთა შორის მოხდებოდა შეთანხმება განსხვავებულ საგარანტიო ვადაზე, მისი ასახვა უნდა მომხდარიყო დოკუმენტის მეორე გვერდზე, სადაც მოცემულია ჩანაწერი უშუალოდ საგარანტიო ვადაზე.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ როგორც საგარანტიო ფურცლიდან ირკვევა, მასში ხელით შესავსებ ველს წარმოადგენს: ა) სერიის ნომერი, მოდელის დასახელება; ბ) მყიდველის სახელი, გვარი, მისამართი; გ) შესყიდვის თარიღი და ნომერი; დ) დილერის დასახელება და შტამპი, მისამართი და ტელეფონის ნომერი. პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნული ველების ხელით შევსება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ შეძენილი საქონლის, მყიდველის მონაცემები, შეძენის თარიღი და დილერის მონაცემები ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში განსხვავებული იქნებოდა, ამიტომ „გამყიდველი“ წინასწარ ვერ შეავსებდა აღნიშნულ მონაცემებს, რის გამოც იგი მოცემულია შესავსები ველის სახით და თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად ივსებოდა. სხვა ყველა პირობა კი ყველა ნივთის შეძენის შემთხვევაში ერთნაირად რეგულირდებოდა თავად საგარანტიო ფურცელში არსებული პირობების გათვალისწინებით. საყურადღებოა, რომ საგარანტიო პირობები, მათ შორის საგარანტიო ვადა, არ წარმოადგენდა ხელით შესავსებ გრაფას. შესაბამისად, გასაზიარებელია მსჯელობა მასზედ, რომ თავად „გამყიდველის“ მიერ თავიდანვე გამოირიცხებოდა საგარანტიო ვადასთან მიმართებაში რაიმე სახის ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმდებოდნენ განსხვავებულ საგარანტიო ვადაზე, აღნიშნული ცვლილების შესახებ შესაბამისი ჩანაწერი უნდა გაეკეთებინათ საგარანტიო პირობებში, რომელიც მოპასუხე მხარის მიერ გაცემულ საგანარტიო ფურცელში მოცემულია ბეჭდური სახით.

სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. თუ ხელშეკრულების პირობები მხარეების მიერ დეტალურად არის განსაზღვრული, მაშინ ეს არ მიიჩნევა ხელშეკრულებათა სტანდარტულ პირობად. უშუალოდ მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს უპირატესობა ენიჭება სტანდარტულ პირობებთან შედარებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ ხელით არსებულ მინაწერს (რომელსაც გამყიდველი სადავოდ ხდის) სასამართლო ვერ ჩათვლის სატანდარტულ პირობებთან შედარებით მხარეთა მიერ განსხვავებულ წესზე შეთანხმებად და დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ სადავო შემთხვევაში საგარანტიო ვადა შეადგენდა ერთწლიან პერიოდს. ამდენად, 2018 წლის ივლისში, როდესაც მწყობრიდან გამოვიდა 12.12.2015წ. შეძენილი ნივთი, საგარანტიო ვადა იყო გასული.

 

10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამავე კოდექსის 491-ე მუხლით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით. გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. 496-ე მუხლის საფუძველზე კი, თუ გამყიდველი ნივთის ვარგისიანობის ვადას განსაზღვრავს, მაშინ ივარაუდება, რომ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას.

 

პალატა განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის პირობებში, თავად ნასყიდობის ურთიერთობიდან გამომდინარე, განსაზღვრულია გამყიდველის ვალდებულება უნაკლო ნივთის გადაცემის შესახებ და პასუხისმგებლობა ამ ვალდებულების დარღვევისათვის, კერძოდ, ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, გამყიდველის ძირითად ვალდებულებას გადასცეს მყიდველს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი. ეს ვალდებულება მოიაზრებს გამყიდველის პასუხისმგებლობას მყიდველის მიმართ ნაკლიანი ნივთის გადაცემის შემთხვევებში, რაც ასახულია სამოქალაქო კოდექსის 487–ე, 491–ე, 492–ე მუხლებში. ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც გამყიდველი ნივთის გადაცემისას ასევე განსაზღვრავს ნივთის ვარგისიანობის ვადას (საგარანტიო ვადა), მისი ვალდებულება უნაკლო ნივთის გადაცემის შესახებ განსაზღვრული დროით ხდება შემოფარგლული და ეს აისახება მისი პასუხისმგებლობის თავისებურებაზეც. სამოქალაქო კოდექსის 496-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველი ნივთის ვარგისიანობის ვადას განსაზღვრავს, მაშინ ივარაუდება, რომ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას (სუსგ. Nას-1020-963-2015, 25.11.2015წ.).

 

როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, 12.12.2015წ. ნაყიდი ნივთი მწყობრიდან გამოვიდა 2018 წლის ივლისში, ანუ ნაკლი გამოვლინდა საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა.

 

11. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

12. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.2, ს.ფ. 4).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა

 

1. გ--–- დ-------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.12.2018წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე : თამარ ზამბახიძე