განაჩენი

სისხლის სამართლის 09.12.2019
საქმის ნომერი
050100118002552156
ინსტანცია
თარიღი
09.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100118002552156

საქმე №1/ბ-619-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 დეკემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ

 

სხდომის მდივნის _ გ--- კაპანაძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ შ----- ჩ----ის

გამართლებულის _ გ--- ც--------ს

ადვოკატის _ თ------ ჟ-----ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ--- ც--------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის (პირად №2----------), განქორწინებულის, უმაღლესი განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ლ----------------–----–-----------------–--------–-, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151 მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--- ც--------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 4 თებერვალს, გ--- ც--------მ ცოლად შეირთო მ------ გ--------, რომელთანაც იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. დაოჯახებიდან ორი თვის შემდგომ, მ------ გ--------მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს შეამჩნია მისდამი გულგრილი დამოკიდებულება, რაც დასრულდა მათი დაშორებით. მიუხედავად არაერთი სატელეფონო კომუნიკაციისა, დაზარალებულმა ვერ გაარკვია მოძალადესთან და მისი ოჯახის წევრებთან, დაშორების რეალური მიზეზი. ამ საკითხის გარკვევის მიზნით, ის თავის ნათესავებთან ერთად, 2018 წლის 16 ივნისს მივიდა გ--- ც--------ს საცხოვრებელ მისამართზე, ლ-----------------–----–-----------------–------–-------––ი და დაახლოებით 17:20 საათიდან 17:30 საათამდე დროის შუალედში, საუბრისას, გ--- ც--------მ წინასწარი შეცნობით ორსულ ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს _ მ------ გ--------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა დედის მისამართით და გამოხატა აგრესია, რის შემდგომაც საცხოვრებელი სახლის ეზოში აიღო ქვა და ქვის თავში ჩარტყმით დაემუქრა მ------ გ--------ს ჯანმრთელობის დაზიანების მიყენებითა და მოკვლით. ამის შემდეგ, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასასვლელ კიბესთან ყოფნისას კვლავ დაემუქრა თოფის გამოყენებით, ცემით, ჯანმრთელობის დაზიანებით და მოკვლით, რა დროსაც მ------ გ--------ს გაუჩნდა, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დახმარებისათვის მიმართა 112-ის ოპერატორს.

 

ზემოაღნიშნულის გამო გ--- ც--------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151 მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით.

 

2017 წლის 4 თებერვალს, გ--- ც--------მ ცოლად შეირთო ა---- გ-------ის და მ------ გ--------, რომელთანაც იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის აპრილის თვეში, გ--- ც-------- და მ------ გ-------- დაშორდნენ ერთმანეთს. 2018 წლის 16 ივნისს, ა---- გ-------- თავისი დის, მ------ გ-------ის საკითხის გარკვევის მიზნით, ნათესავებთან ერთად მოსალაპარაკებლად მივიდა გ--- ც--------ს ოჯახში, მდებარე ლ----------------–----–------ის სოფელ ა---–-------–ში, რა დროსაც, დაახლოებით 17:20 საათიდან 17:30 საათამდე დროის შუალედში, გ--- ც--------მ თავისი საცხოვრებელი სახლის წინ, ა---- გ--------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა დედის მისამართით და გამოხატა აგრესია, რის შემდგომაც საცხოვრებელი სახლის ეზოში აიღო ქვა და ქვის თავში ჩარტყმით დაემუქრა ა---- გ--------ს ჯანმრთელობის დაზიანების მიყენებით, რა დროსაც ა---- გ--------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ზემოაღნიშნულის გამო გ--- ც--------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენით:

 

გ--- ც-------- ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151 მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

მსჯავრდებულ გ--- ც--------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდა გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გ--- ც--------ს განემარტა, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

იმავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: სანადირო თოფი, ვაზნა და მისი აქსესუარები, რომლებიც ინახება ს------------–-–იის განყოფილებაში საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო აუდიო ჩანაწერი და ორი ცალი DVD დისკი, რომლებიც ინახება ს------------–-–იის განყოფილებაში, უნდა დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ----- ჩ----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ--- ც--------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151 მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გ--- ც--------ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას.

 

სასამართლოს მსჯელობა, რომ ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები შეიცავენ ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას და რომ დაზარალებულების ჩვენებები ეწინააღმდეგება სხვა მოწმეთა ჩვენებებს, არ შეესაბამება რეალობას, რადგან ბრალდების მხარის ყველა მოწმე ერთმნიშვნელოვნად და დამაჯერებლად მიუთითებს გ--- ც--------ს მხრიდან, როგორც მ------ გ-------ის, ასევე ა---- გ-------ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებზე. თითოეულმა მათგანმა სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია უშაუალოდ ნანახ გარემოებებთან დაკავშირებით და არ არსებობს მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი. ის, რომ ისინი არიან მ------ გ-------ის ნათესავები, არ უნდა გამხდარიყო სასამართლოსთვის მათი ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის მიზეზი, რადგან მათ რაიმე მტრული განზრახვა გ--- ც--------ს მიმართ არ ამოძრავებდათ, პირიქით, ამ უკანასკნელთან ოჯახში მისვლის მიზანი იყო ცოლ-ქმრის დაშორების მიზეზის გარკვევა და აღნიშნული საკითხის ცივილურად გადაჭრა. მიუხედავად გ--- ც--------ს მხრიდან განხორციელებული ქმედებებისა, ისინი აქტიურად ცდილობდნენ მის დაწყნარებას და თხოვდნენ აეხსნა დაშორების მიზეზი. სასამართლომ კი აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები არ შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და გაიზიარა დაცვის მხარის მოწმეთა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები.

 

აპელანტის მოსაზრებით, საქმეში არსებული და სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გ--- ც--------მ ჩაიდინა ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ე.ი. დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151 მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა _ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ----- ჩ----ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გ--- ც--------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ------ ჟ-----მ ითხოვეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ--- ც--------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენისას მხედველობაში მიიღო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას. ამდენად, პალატა სრულად იზიარებს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოტივაციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გ--- ც--------ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ გ--- ც--------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ:

 

დაზარალებულმა მ------ გ--------მ მის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ამხილა ყოფილი მეუღლე _ გ--- ც-------- და განმარტა, რომ ამ უკანასკნელთან 2017 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობდა მის ოჯახში, ლ----------------–----–------ის სოფელ ა---–-------–ში. დაოჯახებიდან მალევე გ---მ დაიწყო სახლში გვიან მოსვლა, რაზეც ის გამოთქვამდა უკმაყოფილებას. დროთა განმავლობაში მათ შორის გაცივდა ურთიერთობა. 2018 წლის 6 აპრილს გ---მ მისივე თხოვნით წაიყვანა სოფელ ნ-------ში, დედამისის სახლში და შემდეგ აღარ მიაკითხა. მას აინტერესებდა რატომ მიატოვა მეუღლემ, თუმცა გ--- არაფერს ეუბნებოდა. ამის გამო 2018 წლის 16 ივნისს, თავის ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა გ--- ც--------ს სახლში, რომელმაც მათ დანახვაზე დაიწყო ყვირილი, დაავლო ხელი ქვას და გაიქცა მისკენ ყვირილით, რომ მოკლავდა, რის გამოც გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში. ამ დროს მისმა ძმამ, ა---- გ--------მ გაიგონა, რომ გ--- ც-------- აგინებდა დედის მისამართით, რაზეც სათანადო პასუხი გასცა. გ---ს მისმა სიძემ, გ------- ტ------–მა წაართვა ქვა, რათა თავში არ ჩაერტყა მისთვის. როდესაც სახლში შევიდა საკუთარი ნივთების გამოსატანად, გ--- ც-------- კვლავ დაემუქრა და უთხრა, რომ მოშორებულიყო მისი სახლიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში აიღებდა თოფს და ესროდა, რის გამოც დარეკა 112-ზე.

 

დაზარალებულმა ა---- გ--------მ, რომელიც მ------ გ-------ის ძმაა, აჩვენა, რომ მ------ი და გ--- ც-------- 2017 წელს შეუღლდნენ. გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ გ---მ მშობლების სახლში დატოვა მ------ი და აღარ მიაკითხა დათქმულ დროს. სატელეფონო საუბრისას უთქვამს, რომ არ უნდოდა მასთან ცხოვრება და აღარ მიაკითხავდა. ვინაიდან, გ--- არ აპირებდა მ------ის წაყვანას, ნათესავებთან ერთად მივიდნენ მასთან ოჯახში მიზეზის გასაგებად. მ------ის დანახვაზე გ--- ც--------მ დაიწყო შეურაცხმყოფელი სიტყვების ხმამაღლა ძახილი. მან დედის მისამართით შეაგინა მ------ს, აიღო ქვა, წავიდა მისკენ და მოკვლით დაემუქრა. შემდეგ გ--- მასაც დაემუქრა მოკვლით, ეუბნებოდა, რომ ქვით გაუტეხავდა თავს, რის გამოც შეეშინდა.

 

მოწმე ხ------- გ--------მ აჩვენა, რომ მისი და, მ------ გ-------- 2017 წელს ცოლად გაჰყვა გ--- ც--------ს. 2018 წლის 4 აპრილს გ---მ მ------ი ჩაიყვანა სოფელ ნ-------ში, მშობლების სახლში და დატოვა, შემდეგ კი უარი უთხრა მასთან სახლში დაბრუნებაზე. ამის გამო ის მ------თან და ნათესავებთან ერთად მივიდა გ--- ც--------ს ოჯახში. მათი იქ მისვლის მიზანს წარმოადგენდა მეუღლეების შერიგება, რადგან არ სურდათ მ------ის ოჯახის დანგრევა, თუმცა მათ დანახვაზე გ--- გახდა აგრესიული, აიღო ქვა და მოკვლით დაემუქრა მ------ს და მის ძმას, ა---- გ--------ს. როდესაც თავისი დის ნივთების წამოსაღებად ავიდნენ სახლის მეორე სართულზე, გ--- ც-------- გამოვარდა ყვირილით, რომ შუბლს გაუხვრეტდა მ------ს და მოკლავდა. იგი იძახდა, რომ გამოიტანდა თოფს და მეორე სართულის ერთ-ერთ ოთახში შესვლა დააპირა, თუმცა დედამისმა შეაჩერა.

 

მოწმე ზ---- გ--------მ აჩვენა, რომ ის არის მ------ გ-------ის დედა. გ--- ც-------- და მ------ი დაოჯახდნენ 2017 წლის 4 თებერვალს. 2018 წლის 6 აპრილს გ---მ მ------ი მიიყვანა მასთან სახლში და დატოვა, მოგვიანებით კი უთხრა, რომ აღარ მიაკითხავდა. საკითხის გარკვევის მიზნით, ის და მისი ნათესავები მ------თან ერთად მივიდნენ გ---ს ოჯახში. თავიდან მშვიდად საუბრობდნენ, თუმცა მოგვიანებით გ--- ც-------- გახდა აგრესიული და გინება დაუწყო მ------ს. შემდეგ აიღო ქვა, წავიდა მ------ისკენ და ქვის თავში ჩარტყმით დაემუქრა. გ---ს მისმა შვილმა, ა---- გ--------მ ჰკითხა თუ რატომ აგინებდა მ------ს, რა დროსაც მასაც დაემუქრა, რომ მოკლავდა. როდესაც მ------ი ავიდა სახლის მეორე სართულზე თავისი ნივთების გამოსატანად, გ---მ უთხრა, რომ თოფით გაუხვრეტდა შუბლს და გავარდა მეორე ოთახში თოფის გამოსატანად, თუმცა იგი დედამისმა შეაჩერა.

 

მოწმე გ------- ტ------–მა აჩვენა, რომ ის არის მ------ გ-------ის დის, ხ------- გ-------ის მეუღლე. როდესაც გაიგეს, რომ მ------ი თავისმა მეუღლემ, გ--- ც--------მ დატოვა მშობლების ოჯახში და აღარ აპირებდა მის წაყვანას, ნათესავებთან ერთად მივიდნენ მასთან ოჯახში შერიგების მიზნით. ეზოში ჩასვლის შემდეგ ჰკითხეს გ---ს მეუღლესთან დაშორების მიზეზი, რაზეც იგი გახდა აგრესიული, დაიწყო მ------ის გინება, აიღო ხელში ქვა და თავის გატეხვით და მოკვლით დაემუქრა მ------ს. გ--- ც-------- ასევე ქვით თავის გატეხვით დაემუქრა მ------ის ძმას, ა---- გ--------ს. მას თავად წაართვა ქვა და გადააგდო. შემდეგ მ------ი და ხ------- სახლის მეორე სართულზე ავიდნენ მ------ის ნივთების წამოსაღებად, რა დროსაც გაიგონა გ---ს ხმა, რომელიც იძახდა, რომ თოფს ესროდა მ------ს. იგი მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების მისვლის შემდეგ დაწყნარდა.

 

მოწმე დ------–--- გ--------მ აჩვენა, რომ ის არის მ------ გ-------ის ბიძაშვილი. ეს უკანასკნელი გათხოვილი იყო გ--- ც--------ზე, რომელმაც 2018 წლის აპრილის თვეში დატოვა მეუღლე მშობლების ოჯახში და აღარ მიაკითხა. ამის გამო მ------მა სთხოვა გ--- ც--------ს ოჯახში წაყოლა, რადგან სურდა მეუღლესთან შერიგება, ხოლო თუ არ შეურიგდებოდა, აპირებდა თავისი ნივთების წამოღებას. როდესაც მივიდნენ გ--- ც--------ს ოჯახში, დაიწყეს საუბარი დაშორების მიზეზებზე. ამ დროს გ---მ აიღო ქვა და თავში ქვის ჩარტყმით დაემუქრა მ------ გ--------ს და მის ძმას, ა---- გ--------ს. მას გ------- ტ------–მა გამოართვა ქვა და გადააგდო. ცოტა ხანში მ------ი და მისი და ხ------- გ-------- ავიდნენ სახლის მეორე სართულზე, სადაც ასევე ჰქონდა ადგილი შელაპარაკებას და გ--- ც--------ს მხრიდან მ------ის მიმართ მუქარას. აღნიშნულის შემდეგ დარეკეს 112-ზე და რამდენიმე ხანში პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ.

 

მოწმე მ--------- ო-----–--ემ აჩვენა, რომ ჰყავს მამიდაშვილი მ------ გ--------, რომელიც ცოლად გაჰყვა გ--- ც--------ს. 2018 წლის 6 აპრილს გ---მ მშობლების სახლში მიიყვანა მ------ი და დატოვა. ვინაიდან, ის აღარ აპირებდა მ------ის წაყვანას, 2018 წლის 16 ივნისს, ნათესავებთან ერთად მივიდა მასთან სახლში მიზეზის გასარკვევად. ისინი ჩავიდნენ ეზოში და დაიწყეს საუბარი, რა დროსაც გ--- ც--------მ აიღო ქვა და მოკვლით დაემუქრა მ------ გ--------ს და მის ძმას, ა---- გ--------ს. შემდეგ გ--- ც-------- ავიდა სახლის მეორე სართულზე, სადაც ასევე ავიდა მ------ გ-------- თავისი ნივთების გამოსატანად. ამ დროს გ--- შუბლის გახვრეტით დაემუქრა მ------ს, რის გამოც დარეკეს 112-ზე და ადგილზე პოლიციის თანამშრომლების მისვლის შემდეგ გ--- ც-------- გაჩერდა.

 

მოწმე ი--- ნ-----–--–---–მა აჩვენა, რომ მ------ გ-------- მისი ნათესავია. მან თხოვა სოფელ ა---–-------–ში, მისი მეუღლის _ გ--- ც--------ს სახლში გაყოლა, რადგან სურდა გ---სთან შერიგება, რაზეც დათანხმდა და ნათესავებთან ერთად მივიდა გ---ს ოჯახში. მათ დანახვაზე ამ უკანასკნელმა დაიწყო ჩხუბი, გამოვარდა ქვით და მ------ს და მის ძმას, ა----ს დაემუქრა, რომ დახოცავდა მათ. იგი ითხოვდა, რომ მოეშორებინათ მისთვის მ------ გ--------, რადგან არ სურდა მისი დანახვა.

 

მოწმე დ--–- ტ------–მა აჩვენა, რომ ის არის გ--- ც--------ს მეზობელი. 2018 წლის ივნისის თვეში, ცაგურიების ეზოდან გაიგონა ხმაური. ხმამაღალ მოსაუბრეთა შორის ქალების ხმა ჭარბოდა. როდესაც გაძლიერდა ხმა, გადავიდა მათთან და იკითხა თუ რა მოხდა, რაზეც უპასუხეს, რომ გ---ს მეუღლეს _ მ------ გ--------ს წაუღია თავისი ნივთები. მოწმის განმარტებით, გ--- ც-------- არ არის აგრესიული პიროვნება და არ გაუგია, რომ მას ოდესმე ეჩხუბოს.

 

მოწმე კ---- თ--------მ აჩვენა, რომ მუშაობს შსს ლ---------------------–--------------–ოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. შემთხვევის დღეს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და თანამშრომელთან, ლ-–- მ--------–---–თან ერთად ახორციელებდა შემოვლას. დაახლოებით 17 საათიდან 17:30 საათამდე დროის მონაკვეთში, მიიღეს შეტყობინება ლ----------------–----–------ის სოფელ ა---–-------–ში ოჯახური კონფლიქტის შესახებ. ორსული ქალბატონი იტყობინებოდა, რომ მეუღლე ემუქრებოდა ქვის სროლით და ითხოვდა დახმარებას. შემთხვევის ადგილზე მისულებს დახვდათ ხალხმრავლობა და ატირებული ორსული ქალბატონი, მ------ გ--------, რომელმაც უთხრათ, რომ მისი მეუღლე _ გ--- ც-------- მოკვლით დაემუქრა მას და მის ძმას. მათი მისვლისას ადგილზე იყო გაწევ-გამოწევა, იქ მყოფი პირები გამოხატავდნენ აგრესიას, იგინებოდნენ და ილანძღებოდნენ. გ--- ც-------- მოითხოვდა ეზოდან გადასულიყვნენ როგორც მ------ გ--------, ასევე მისი ოჯახის წევრები. იგი იძახდა, რომ თუ კიდევ ჩავიდოდა მ------ი ოჯახში, ქვას ესროდა. მოწმის განმარტებით, ეს იყო უბრალოდ სიტყვები, ხოლო ქვის სროლა და იარაღის გამოტანა მას არ დაუნახავს. მ------ გ-------ეს და მის ძმას გ--- ც-------- ეძახდა _ ეზოში ჩამოსული არ დაგინახოთ, თორემ მოგკლავთ, მოშორდით აქედან, ნუ მაწუხებთო.

 

მოწმე ლ-–- მ--------–---–მა აჩვენა, რომ მუშაობს ლ---------------------–--------------–ოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 16 ივნისს იყო მორიგე ჯგუფში და კ---- თ--------სთან ერთად ახორციელებდა შემოვლას სუფსის ტერიტორიაზე, რა დროსაც განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ ორსული მ------ გ-------- სოფელ ახალსოფლიდან ითხოვდა დახმარებას. ისინი მაშინვე გაემართნენ აღნიშნული მიმართულებით. ადგილზე მისულებს დახვდათ ხალხმრავლობა და შეხლა-შემოხლა. მ------ გ--------მ, რომელიც ნამტირალევი იყო, მოუყვათ მისი მეუღლის _ გ--- ც--------ს მიერ მისი და მისი ძმის, ა---- გ-------ის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ. ისინი შეეცადნენ განემუხტათ სიტუაცია და იქ მყოფ პირებს მოუწოდეს დამშვიდებულიყვნენ. მოწმის განმარტებით, მათი იქ ყოფნის პერიოდში გ--- ც-------- ისევ ემუქრებოდა მ------საც და მის ძმასაც, რომ თუ მისი საცხოვრებელი სახლის ეზოს არ დატოვებდნენ, გამოიტანდა თოფს და მოკლავდა მათ.

 

მოწმე ხ------- ს--------–--ემ, რომელიც გ--- ც--------ს დედაა, აჩვენა, რომ 2018 წლის 16 ივნისს, მათთან ოჯახში სასაუბროდ მივიდა მისი შვილის ყოფილი მეუღლე, მ------ გ-------- თავის ნათესავებთან ერთად. ვინაიდან, გ---ს არ სურდა მ------თან საუბარი, გავიდა გარეთ და უთხრა მათ, რომ არ ჩასულიყვნენ ეზოში. თავად ეზოში არ გასულა და მხოლოდ გადმოცემით იცის, რომ მ------ის ძმას, ა---- გ--------ს აუღია ქვა და გაქცეულა გ--- ც--------სკენ, რასაც მოჰყოლია შელაპარაკება. მ------ გ-------- და მისი თანმხლები პირები გაბრაზებული იყვნენ გ---ზე იმის გამო, რომ ის არ აპირებდა მ------თან შერიგებას.

 

დაცვის მხარის მოწმემ, გ----–- ც--------მ სასამართლოში დაკითხვისას უარყო გ--- ც--------ს მიერ მ------ გ-------ისა და ა---- გ-------ის მიმართ მუქარის ფაქტი და აჩვენა, რომ ის არის გ--- ც--------ს მამიდა. 2018 წლის 15 ივნისს დაურეკა მ------ გ-------ის ბიძაშვილმა მ--------- ო-----–--ემ და უთხრა, რომ აპირებდნენ გ---სთან ოჯახში მისვლას და ბიძების და ბიძაშვილების დახვედრა მოითხოვა. მასთან საუბრის დროს მიხვდა, რომ პროვოკაციის მოწყობას გეგმავდნენ და ახლობლებს თხოვა მათთან სახლში მისვლა, რათა რამე არ მომხდარიყო. როდესაც მ------ გ-------- მივიდა თავის ნათესავებთან ერთად, გ--- ც--------მ უთხრა მათ, რომ არ ჩასულიყვნენ ეზოში და თუ რამე სურდათ, სამართლებრივად გადაეწყვიტათ სადავო საკითხი. მ------ის ძმამ, რომელიც ჭიშკართან იდგა, დედის მისამართით შეაგინა გ---ს, რასაც მოჰყვა მისი რეაქცია. ამ დროს მ------ის ძმამ ხელში აიღო ქვა და გ---სკენ გაიქცა, რის გამოც გ---მაც აიღო ქვა ხელში, გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და მხოლოდ ეს თქვა _ ვის აგინებო. გ---ს გადაუდგა თავისი ნათესავი და მანაც დააგდო ქვა. აღნიშნულის შემდეგ გ--- ავიდა სახლის მეორე სართულზე და ეხმარებოდა მათ მ------ის ნივთების ჩალაგებაში. მ------ გ-------- თავის დასთან ერთად ავიდა მეორე სართულზე, რა დროსაც გ---მ უთხრა მას, რომ ფეხი არ შეედგა სახლში. მ------ის დამ მოუწოდა გ---ს, რომ ხელი არ დაერტყა მ------ისთვის. გ---ს არც დაურტყამს მ------ისთვის, მაგრამ მისმა დამ დაიწყო ყვირილი, რომ დაერეკათ პოლიციაში.

 

დაცვის მხარის მოწმემ, თ--–---- ს--------–--ემ სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ ის არის გ--- ც--------ს ნათესავი. 2018 წლის 16 ივნისს მივიდა გ---სთან სახლში, სადაც ასევე მივიდა ამ უკანასკნელის ყოფილი მეუღლე მ------ გ-------- თავის ნათესავებთან ერთად. გ---მ უთხრა მ------ს და მის თანმხლებ პირებს, რომ არ შესულიყვნენ სახლში, რასაც მოჰყვა მათი მხრიდან გინება. გ--- ც--------ს აგინებდა მ------ის ძმა, რომელმაც ხელში ქვა აიღო. ამის გამო გ---მაც აიღო ხელში ქვა, თუმცა ქვების სროლას ადგილი არ ჰქონია და გ---ს ყოფილი მეუღლის ძმისთვის არ შეუგინებია.

 

დაცვის მხარის მოწმემ, ზ----- ჩ----–-–---–მა სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ ის არის გ--- ც--------ს მეზობელი. 2018 წლის 16 ივნისს იმყოფებოდა გ--- ც--------ს სახლში, რა დროსაც გაიგონა ხმაური და დაინახა უცნობი პირი, რომელმაც აიღო ქვა, გაიქცა გ---სკენ და დედას აგინებდა მას. ამ დროს გ---მაც აიღო ქვა ხელში, თუმცა მისი თხოვნით ისევ დააგდო. მოწმის განმარტებით, მან გ--- აიყვანა სახლის მეორე სართულზე, სადაც გ---ს მამაც იმყოფებოდა. მეორე სართულზე ასევე ავიდა მ------ი თავის დასთან ერთად. გ--- მივიდა მ------თან და უთხრა, თუ რატომ ავიდა მეორე სართულზე, რადგან გაფრთხილებული ჰყავდა, რომ სახლში არ შესულიყო.

 

დაცვის მხარის მოწმემ, რ--------- ლ-----ემ სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ გ--- ც-------- მისი მეზობელი და ნათესავია. 2018 წლის 16 ივნისს, გ---ს ყოფილი მეუღლე, მ------ გ-------- თავისი ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა გ---ს ოჯახში. ამ უკანასკნელმა მათ უთხრა, რომ არ შესულიყვნენ ეზოში. მიუხედავად ამისა, მ------ის ძმამ შეგლიჯა ჭიშკარი. მას ხელში ქვები ეჭირა და დედას აგინებდა გ---ს, რომელმაც ასევე აიღო ქვა ხელში და ისევ დააგდო. ამის შემდეგ ზ----- ჩ----–-–---–მა გ--- აიყვანა სახლის მეორე სართულზე. მოულოდნელად მ------ის დამ დაიწყო ყვირილი _ დაარტყა, დაარტყაო და პოლიცია გამოიძახეს. როდესაც პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, მ------ის დამ დაიწყო ყვირილი _ დაიჭირეთ, დაიჭირეთო. მ------ის დედა და და იწყევლებოდნენ და ყვიროდნენ, გ--- კი ეუბნებოდა მათ, რომ სამართლებრივად გადაეწყვიტათ დავა.

 

დაცვის მხარის მოწმემ, მ----- ჩ----ემ სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ ის არის გ--- ც--------ს ნათესავი. იმ დღეს მას დაურეკა გ--- ც--------ს დედამ, ხ------- ს--------–--ემ და თხოვა მისულიყო მასთან სახლში, რადგან გ---ს ყოფილი მეუღლე, მ------ი თავის ნათესავებთან ერთად, სავარაუდოდ, საჩხუბრად აპირებდა მათთან მისვლას. მან პირადად დაინახა მ------ის თანხმლები პირები როგორ იდგნენ ქუჩაში და გაიძახოდნენ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, ხოლო მ------ის ძმა აგინებდა გ---ს. ამ უკანასკნელმა კი მხოლოდ ქვა აიღო ხელში, შემდეგ დააგდო და მისთვის უცნობ მამაკაცთან ერთად ავიდა სახლის მეორე სართულზე.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ--- ც--------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151 მუხლის მეორე ნაწილის „გ” ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს გონივრული ეჭვის გარეშე დაარწმუნებდა გ--- ც--------ს ბრალეულობაში, საქმეში არ მოიპოვება.

 

აღნიშნულის საპირისპიროდ ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ გ--- ც--------ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას. გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძვლად მითითებულია დაზარალებულების _ მ------ გ-------ისა და ა---- გ-------ის და მოწმეების _ ზ---- გ-------ის, გ------- ტ------–ის, დ------–--- გ-------ის, ხ------- გ-------ის, ი--- ნ-----–--–---–ის, მ--------- ო-----–--ის, კ---- თ--------ს და ლ-–- მ--------–---–ის ჩვენებები, რომლებიც, პროკურორის აზრით, თანმიმდევრული, ურთიერთშესაბამისი და დამაჯერებელია, რის გამოც არ არსებობს მათში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი.

 

ვინაიდან, სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები ძირითადად ეხება დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებების შეფასების საკითხს, სააპელაციო პალატა, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით, განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც მასში წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე მთლიანად პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

პირის მსჯავრდებისას იმ პრინციპის დაცვა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით (31-ე მუხლის მე-7 პუნქტი) და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (82-ე მუხლის პირველი ნაწილი). თავის მხრივ, მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია (იხ. 2015 წლის 21 აპრილის განაჩენი №397აპ-14 საქმეზე) შემდეგი: საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1.თითოეული მტკიცებულება, მათ შორის, მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2.თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3.რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4.როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ.: გარემო პირობები _ ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განაჩენში ასახულ არგუმენტირებულ მსჯელობას, რომელიც ეხება დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებს და მიიჩნევს, რომ დაზარალებულებისა და ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებსა და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს შორის არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათ ჩვენებებს უკარგავს სანდოობასა და დამაჯერებლობას, კერძოდ:

 

დაზარალებულები მ------ გ-------- და ა---- გ--------, ასევე ბრალდების მხარის მოწმეები _ ხ------- გ--------, ზ---- გ--------, გ------- ტ------–ი, დ------–--- გ--------, მ--------- ო-----–--ე და ი--- ნ-----–--–---–ი, რომლებიც დაზარალებულების ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები არიან, თავიანთ ჩვენებებში მიუთითებენ, რომ გ--- ც-------- ქვით ხელში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ------ გ--------ს და ა---- გ--------ს, რა დროსაც მას გ------- ტ------–მა წაართვა ქვა, ხოლო სახლის მეორე სართულზე ასულ მ------ გ--------ს გ--- ც-------- დაემუქრა, რომ გამოიტანდა თოფს და მოკლავდა. დაცვის მხარის მოწმეებმა _ გ----–- ც--------მ, თ--–---- ს--------–--ემ, მ----- ჩ----ემ, რ--------- ლ-----ემ და ზ----- ჩ----–-–---–მა კი უარყვეს გ--- ც--------ს მხრიდან მ------ გ-------ისა და ა---- გ-------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობით დამუქრების ფაქტი და განმარტეს, რომ პირველად ა---- გ--------მ აიღო ხელში ქვა და დედის გინებით გაიქცა გ--- ც--------სკენ, რომელმაც თავდაცვის მიზნით ასევე აიღო ქვა და შემდეგ თვითონვე დააგდო. ამდენად, მათი ჩვენებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან იმ ნაწილში, სადაც აღწერილია, ერთის მხრივ, გ--- ც--------სა და, მეორეს მხრივ, მ------ გ--------სა და მის თანმხლებ პირებს შორის ურთიერთდაპირისპირება.

 

ამდენად, საქმეზე დაკითხული დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებები შეიცავენ ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, კერძოდ, დაზარალებულებისა და ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობაშია დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებთან, ეს წინააღმდეგობები უკავშირდება უშუალოდ ინციდენტის დაწყებიდან დასრულებამდე დროის მონაკვეთს და განხორციელებული ქმედებების აღწერას, შესაბამისად, ისინი არსებითი ხასიათისაა და დამაჯერებლობასა და სანდოობას უკარგავს ამ ჩვენებებს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ გ--- ც--------ს ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილი ჩვენებები ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რის გამოც სააპელაციო პალატა მათ არ იზიარებს, ხოლო სხვა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ გ--- ც--------ს მიერ მ------ გ-------ისა და ა---- გ-------ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

რაც შეეხება ნეიტრალური მოწმეების _ პოლიციის თანამშრომლების, კ---- თ--------ს და ლ-–- მ--------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს იმის შესახებ, რომ გ--- ც-------- მათი იქ ყოფნის პერიოდშიც ემუქრებოდა მოკვლით მ------ გ--------ს და მის ძმას, ა---- გ--------ს, სააპელაციო პალატის შეფასებით, არ არის დამაჯერებელი, ვინაიდან, აღნიშნული ჩვენებების შინაარსი მათი გამოკითხვის ოქმების შინაარსის საწინააღმდეგოა. კერძოდ, გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს კ---- თ--------მ და ლ-–- მ--------–---–მა განმარტეს, რომ გ--- ც--------ს მხრიდან დაზარალებულების მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ მ------ გ-------ის მონაყოლიდან შეიტყვეს, ხოლო იმის თაობაზე, რომ გ--- ც-------- მათი თანდასწრებით დაემუქრა მოკვლით მ------ გ--------ს და ა---- გ--------ს, მხოლოდ შემთხვევის დღიდან რვა თვის შემდეგ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადეს. ამასთან, კ---- თ--------ს და ლ-–- მ--------–---–ის ჩვენებები ამ ნაწილში წინააღმდეგობაში მოდის თავად დაზარალებულებისა და ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებებთან, რომლებითაც დადგენილია, რომ გ--- ც--------ს მხრიდან მ------ გ-------ისა და ა---- გ-------ის მიმართ მოკვლის მუქარას ადგილი ჰქონდა შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე. ამდენად, სააპელაციო პალატას კ---- თ--------ს და ლ-–- მ--------–---–ის ჩვენებები არ მიაჩნია სანდო მტკიცებულებებად, რის გამოც ისინი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მიერ გ--- ც--------ს მიმართ 2019 წლის 26 ივნისს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განაჩენი გ--- ც--------ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

3.გ--- ც-------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

4.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ--- ც--------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

5.გამართლებულ გ--- ც--------ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: სანადირო თოფი, ვაზნა და მისი აქსესუარები, რომლებიც ინახება ს------------–-–იის განყოფილებაში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ხოლო აუდიო ჩანაწერი და ორი ცალი DVD დისკი, რომლებიც ინახება ს------------–-–იის განყოფილებაში, დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნას მისი შენახვის ვადით.

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოცხადებისთანავე.

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ვ.დოლიძე/