განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002506201
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/3434-19 20 სექტემბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ო-–-- უ-–------, ე-–---- გ--–-–---–- (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ-----------“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - თ----- ფ------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.03.2019წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება 1.1.1, 1.1.3, 1.2.1 და 1.2.2 პუნქტებში მითითებული პირგასამტეხლოს და ჯარიმის დაკისრების, ასევე 1.1.2 პუნქტით განსაზღვრულ მიუღებელი შემოსავლის - სესხის ძირი თანხის წლიური 19.2%-ით დაკისრების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სოლიდარულად გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს ო-–-- უ-–------სა და ე-–---- გ--–-–---–-ს სოლიდარულად დაეკისროთ:
1.1.1. 22.03.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4 325.6 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 3 608.68 ლარი, პროცენტი - 350.03 ლარი და ჯარიმა 366.89 ლარი.
1.1.2. ძირითად თანხაზე - 3608.68 ლარზე 18.06.2018წ.-დან ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 19.2% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 57.73 ლარს.
1.1.3. 3608.68 ლარზე 18.06.2018წ.-დან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველთვიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 18.04 ლარს), მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1500 ლარისა.
1.1.4. თავდების, ე-–---- გ--–-–---–-ს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 8 450 ლარით.
1.2. მოპასუხე ო-–-- უ-–------ს დაეკისროს:
1.2.1. 13.04.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 206.36 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 119.46 ლარი და ჯარიმა 86.9 ლარი;
1.2.2. ძირითად თანხაზე - 119.46 ლარზე 18.06.2018წ.-დან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.59 ლარს), მაგრამ ჯამში არაუმეტეს 380.4 ლარისა.
მოპასუხის პოზიცია:
2 მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, ძირი თანხის და უკვე დარიცხული სარგებლის (გარდა განგრძობადი სარგებლისა) ნაწილში (იხ.: შესაგებელი, ს.ფ. 81, გადაწყვეტილება, ს.ფ. 119,120).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
3 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.03.2019წ. გადაწყვეტილებით:
1. სს ”თ-----------ს” (სს „ბ--------------–----“ უფლებამონაცვლე) სარჩელი დაკმაყოფილდა.
1.1.დაეკისროთ მოპასუხეებს ო-–-- უ-–------სა და ე-–---- გ--–-–---–ს სოლიდარულად მოსარჩელე სს თ-----------ს“ სასარგებლოდ:
1.1.1.2016 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის N0-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 3 608.68 ლარის, პროცენტის - 350.03 ლარისა და პირგასამტეხლოს 366.89 ლარის გადახდა.
1.1.2.2018 წლის 18 ივნისიდან ძირითად თანხაზე - 3608.68 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 19.2% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 57.73 ლარს.
1.1.3.2018 წლის 18 ივნისიდან ძირითად თანხაზე - 3608.68 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 18.04 ლარს), მაგრამ ჯამში, არაუმეტეს 1500 ლარისა.
1.1.4.თავდების ე-–---- გ--–-–---–-ს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 8 450 ლარით.
1.2. ო-–-- უ-–------ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ 2016 წლის 13 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს:
1.2.1.დავალიანების ძირითადი თანხის 119.46 ლარისა და ჯარიმის 86.9 ლარის გადახდა.
1.2.2.2018 წლის 18 ივნისიდან ძირითად თანხაზე - 119.46 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.59 ლარს), მაგრამ ჯამში არაუმეტეს 380.4 ლარისა.
3.1. სს „ბ--------------–--ასა“ და ო-–-- უ-–------ს შორის 2016 წლის 22 მარტს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 5900 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19.2%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 23 მარტამდე.
3.2. 2016 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს „ბ--------------–--ასა“ და ე-–---- გ--–-–---–ს შორის 2016 წლის 22 მარტს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ე-–---- გ--–-–---–მა ძირითად მსესხებელ - ო-–-- უ-–------სთან ერთად იკისრა ვალდებულება სოლიდარულად შეესრულებინა ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 8450 ლარით.
3.3. 2016 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით . გაცემული კრედიტის თანხა მსესხებელმა აითვისა. მსესხებლის მიერ 2018 წლის იანვრის თვიდან და აღარ მომხდარა გადახდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და 2018 წლის 18 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეებს 2016 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 4325.6 ლარის, ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 3 608.68 ლარი, პროცენტი -350.03 ლარი და ჯარიმა 366.89 ლარი.
3.4. სს „ბ--------------–--ასა“ და ო-–-- უ-–------ს შორის 2016 წლის 13 აპრილს სწრაფი განვადების ფარგებში დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1374 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადად განისაზღვრა 23 თვე - 2018 წლის 12 მარტამდე.
3.5. 2016 წლის 13 აპრილის ხელშეკრულებით გაცემული კრედიტის თანხა მსესხებელმა აითვისა. 2018 წლის 10 თებერვლის შემდეგ და აღარ მომხდარა გადახდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და 2018 წლის 18 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 206.36 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 119.46 ლარი და ჯარიმა 86.9 ლარი;
3.6. 2017 წლის 08 მაისს რეორგანიზაციის (შერწყმის) საფუძველზე სს „თ-----------“ წარმოადგენს სს „ბ--------------–--ას“ უფლებამონაცვლეს.
3.7. სს „ბ--------------–--ასა“ და ო-–-- უ-–------ს შორის 2016 წლის 22 მარტს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
3.8. სს „ბ--------------–--ასა“ და ო-–-- უ-–------ს შორის 2016 წლის 13 აპრილის სწრაფი განვადების ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისათვის და ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
3.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 867-ე, 868-ე, 361-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მსესხებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა, რაც სს ”თიბ--------ს” ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს გადაცემული კრედიტის გადაუხდელი თანხის და პროცენტის დაბრუნება.
3.10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლზე და განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი არის ის თანხა, რასაც კრედიტორი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ანუ ამგვარი ზიანის მოთხოვნის უფლებას კრედიტორს მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება წარმოუშობს და ის მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებზე დამოკიდებული არ არის. სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 2018 წლის 18 ივნისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 22 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 3608.68 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 19.2% სარგებლის გადახდის თაობაზე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 57.73 ლარს.
3.11. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე მუხლებზე, ასევე ამავე კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
წარმოდგენილი სარჩელით კრედიტორი ითხოვს ორივე ხელშეკრულებაზე დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის მომენტისათვის დარიცხულ პირგასამტეხლოსა და სამომავლოდ, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირითადი დავალიანების 0,5%-ს გადახდას, მაგრამ 22.03.2016 ხელშეკრულებიდან გამომდინარე არაუმეტეს 1500 ლარისა, ხოლო 13.04.2016 ხელშეკრულებიდან გამომდინარე არაუმეტეს 380.4 ლარისა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ორივე საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში, გადაუხდელი კრედიტის ძირი თანხების, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლოსა და სამომავლოდ, ვალდებულების სრულად შესრულებამდე განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მისი ანაზღაურება.
3.12. ბანკსა და მოპასუხე ე-–---- გ--–-–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, კრედიტორი უფლებამოსილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, მსესხებელთან ერთად სოლიდარულად წაუყენოს მოთხოვნა თავდებსაც. ამასთან, მოთხოვნის დაკმაყოფილებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა, რაც შეადგენს 8 450 ლარს.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.03.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ო-–-- უ-–------მ, ე-–---- გ--–-–---–მა და მოითხოვეს მისი გაუქმება 1.1.1, 1.1.3, 1.2.1 და 1.2.2 პუნქტებში მითითებული პირგასამტეხლოს და ჯარიმის დაკისრების, ასევე 1.1.2 პუნქტით განსაზღვრულ მიუღებელი შემოსავლის - სესხის ძირი თანხის წლიური 19.2%-ით დაკისრების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტები აღნიშნავენ, რომ:
4.1. პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმების საფუძველი ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ, და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, ასეთი მაღალი პირგასამტეხლო შეუსაბამოა სახელშეკრულებო სამართლის საბაზისო პრინციპებთან.
4.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია მიუღებელი შემოსავლის ნაწილში. მოსარჩელის მხარეს იყო მტკიცების ტვირთი, დაედასტურებინა, რომ მან ვერ მიიღო ის შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა, რომ არ ყოფილიყო ვალდებულების დარღვევის არსებობის ფაქტი. მართალია მოსარჩელე წარმოადგენს საბანკო დაწესებულებას, თუმცა მან ვერ დაასაბუთა რომ სწორედ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო ვეღარ გასცა კრედიტი მომხმარებელზე და მას სხვა ფულადი სახსრები არ გააჩნდა. მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება საბანკო დაწესებულებისთვის მიუღებელი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით წარმოადგენს ცალსახად არასაკმარის მტკიცებულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით შედავებული არ არის შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. 22.03.2016წ. სს „ბ--------------–--ას“ (რომლის უფლებამონაცვლეც არის სს „თ-----------“ (შემდგომში „მოსარჩელე“)) და ო-–-- უ-–------ს (შემდგომში „მოპასუხე“, „მსესხებელი“) შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 5900 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 19.2%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 23 მარტამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
6.2. 22.03.2016წ. მოსარჩელესა და ე-–---- გ--–-–---–ს (შემდგომში „მოპასუხე“, „თავდები“) შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრა 22.03.2016წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების სოლიდარულად შესრულების ვალდებულება. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 8 450 ლარით.
6.3. მსესხებლის მიერ 2018 წლის იანვრის თვიდან და აღარ მომხდარა გადახდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და 2018 წლის 18 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეებს 22.03.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 4325.6 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 3 608.68 ლარი, პროცენტი -350.03 ლარი და ჯარიმა 366.89 ლარი .
6.4. 13.04.2016წ. სს „ბ--------------–--ასა“ და მოპასუხე ო-–-- უ-–------ს შორის სწრაფი განვადების ფარგლებში დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1374 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადად განისაზღვრა 23 თვე - 2018 წლის 12 მარტამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
6.5. 2018 წლის 10 თებერვლის შემდეგ და აღარ მომხდარა გადახდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და 2018 წლის 18 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეს 13.04.2016წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 206.36 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 119.46 ლარი და ჯარიმა 86.9 ლარი.
7. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით:
7.1. მოპასუხეებს დაეკისრათ 22.03.2016წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 3 608.68 ლარის, პროცენტის - 350.03 ლარის და პირგასამტეხლოს 366.89 ლარის გადახდა. ასევე ძირითად თანხაზე - 3608.68 ლარზე 18.06.2018წ.-დან ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 19.2% სარგებლის (რაც ყოველთვიურად შეადგენს - 57.73 ლარს) გადახდა. 18.06.2018წ.-დან ვალდებულების სრულად შესრულებამდე მოპასუხეებს დაეკისრათ ძირითად თანხაზე - 3608.68 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს სახით 0.5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 18.04 ლარს), მაგრამ ჯამში, არაუმეტეს 1500 ლარისა. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 8 450 ლარით.
7.2. მოპასუხე ო-–-- უ-–------ს დაეკისრა 13.04.2016წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხა 119.46 ლარი და ჯარიმა 86.9 ლარი. ასევე 18.06.2018წ.-დან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირითად თანხაზე - 119.46 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა (რაც ყოველდღიურად შეადგენს 0.59 ლარს), მაგრამ ჯამში არაუმეტეს 380.4 ლარისა.
გადაწყვეტილება აპელანტების მიერ გასაჩივრებულია დაკისრებული პირგასამტეხლოს და ჯარიმის, ასევე მიუღებელი შემოსავლის (წლიური 19.2% სარგებლის დაკისრების) ნაწილში.
8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის არსებობდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რომელიც მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება უზრუნველყოფილი იყო თავდებობით.
9. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოვალეებს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა როგორც 13.03.2019წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა, ასევე მიუღებელი შემოსავალი სესხის ძირი თანხის 19.2 %-ის ოდენობით ვალდებულების შესრულებამდე.
სააპელაციო საჩივრის პრეტენზია ეხება მოვალისათვის კრედიტორის სასარგებლოდ დაკისრებული მიუღებელი შემოსავლის დაუსაბუთებლობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით, ვალდებულების წარმოშობისა და ზიანის ანაზღაურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ზიანის რეალურად არსებობა, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
პალატა განმარტავს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს. საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ.: „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი) (სუსგ. N681-652-2016, 17.02.2017წ.).
სარგებლისა და მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია. სარგებელი ეს არის ნივთის (ამ შემთხვევაში ფულის სარგებლობისათვის პროცენტი) გამოყენების შედეგად მსესხებლის მიერ მიღებული ან მისაღები შემოსავალი, ხოლო მიუღებელი შემოსავალი - ის ზიანია (დანაკარგია), რომელიც ვერ მიიღო ბანკმა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო. მიუღებლად განიხილება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო (სუსგ. N681-652-2016, 17.02.2017წ.).
მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, მოსარჩელეს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება ( სუსგ № ას-1385-1307-2012, 07.02.2013წ.; Nას -915-855-2017, 14.09.2017წ. ).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოვალეს მართებულად დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით ვალდებულების შესრულებამდე საპროცენტო სარგებლის ანაზღაურება ძირი თანხის წლიური 19.2 %-ის ოდენობით.
არ არსებობს ამ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მოპასუხეებს 22.03.2016წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით დაეკისრათ 366.89 ლარი, ასევე 18.06.2018წ.-დან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად ძირითადი თანხის, 3608.68 ლარის ის 0.5%, მაგრამ ჯამში, არაუმეტეს 1500 ლარისა.
მოპასუხე ო-–-- უ-–------ს ასევე დაეკისრა 13.04.2016წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმა 86.9 ლარი და ასევე 18.06.2018წ.-დან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად ძირითადი თანხის, 119.46 ლარის 0.5%-ის გადახდა მაგრამ ჯამში არაუმეტეს 380.4 ლარისა.
პალატას მიაჩნია, რომ 22.03.2016წ. და 13.04.2016წ. ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ოდენობა შეუსრულებელი ვალდებულების, საერთო თანხის და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, წარმოადგენს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ და გონივრულ ოდენობას და არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
11. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ს.ფ.155).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო-–-- უ-–------ს და ე-–---- გ--–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.03.2019წ. გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე