განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.12.2019
საქმის ნომერი
351210019003013555
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/9161-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

19 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ლ-------–----

მოწინააღმდეგე მხარე - ჯ--------–-------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 27.09.2019 წლის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 27.09.2019 წლის გადაწყვეტილებით, ლ-------–----ს სარჩელი მოპასუხე - ჯ--------–-------------ს მიმართ, უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ლ-------–---- გაყვა ცოლად ჯ--------–------------ს 2017 წელს, ქორწინების რეგისტრაციაში არ გატარებულან; მათი ქორწილი მოპასუხის მშობლებმა გადაიხადეს. ჯ--------–------------მა ლ-------–----ს აჩუქა ქორწილში შემდეგი ნივთები: ოქროს ცეფი-ძეწკვი 50 გრამიანი, ნაქსოვი ე.წ. ,,კარდინალი“, რომლის ღირებულებაა 3800 ლარი; ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი მარცხნივ სამი პატარა ოქროს ფოთოლი თვლის იმიტაციით, ამობურცული - თეთრი ოქროთი გაწყობილი, მარჯვნივ ერთი ფოთოლი, შუაში შედარებით დიდი ფოთოლი ორი ბრილიანტის თვლით, 480 ლარის ღირებულების; საყურე - ორი ოქროს ფოთოლით, თეთრი ოქროთი გაწყობილი, პატარა ბრილიანტის თვლით - ფასი 685 ლარი; სულ 4965 ლარის ღირებულების.

 

ლ-------–---- და ჯ--------–------------- აღარ ცხოვრობენ ერთო ოჯახად 2018 წლის თებერვლის თვიდან.

 

სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2018 წლის თებერვლის თვეში მოსარჩელე იმყოფებოდა ბავშვთან ერთად მშობლების სახლში, მეუღლემ მას დაურეკა და უთხრა, რომ აღარ დაბრუნებულიყო მათ საცხოვრებელ სახლში, შეეძლო მხოლოდ ტანსაცმლის წაღება, სახლის ჭიშკართან დაახვედრეს ტანსაცმელი, ხოლო, სამკაულის გადაცემაზე განუცხადეს უარი, რადგან ჩათვალეს, რომ ისინი ოჯახის საკუთრება იყო. ამჟამად ნივთები იმყოფება მოპასუხესთან - ჯ--------–------------თან მისამართზე: გარდაბანი, სოფელი თაზაქენდი.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე ჯ--------–------------- ფლობს სადავო მოძრავ ნივთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ ნორმით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითადი პრინციპი, რომლის არსი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოძრავი ნივთების ფლობის ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელემ წარმოადგინა მოწმეები, რომლებიც გამოიკითხნენ სასამართლოში.

 

ე-----------ს განმარტებით, რომელიც არის მოსარჩელის ნათესავი-ბიცოლა, მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ქორწილში ნაჩუქარი ოქროს ნივთები, როგორც მისთვის ცნობილია მოსარჩელისგან, ამ უკანასკნელს არ წამოუღია ქმრის ოჯახიდან წამოსვლის დროს; როგორც მისთვის ცნობილია, აღნიშნული ნაჩუქარი ნივთები მოსარჩელეს წაართვა მისმა მულმა-ს------------------მ.

 

მოწმე - ა--------------------ს განმარტებით, რომელიც არის მოსარჩელის ნათესავი დეიდა, ქმრისგან ნაჩუქარი არანაირი ნივთი არ აქვს ლ-------–----ს სახლში, ყველაფერი არის მოპასუხის ოჯახში; ტელეფონით საუბრის დროს უთხრა მას ლ-------–----მ, რომ წამოვიდა ქმრის ოჯახიდან და არ წამოუღია ოქროს ნივთები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ თითოეული მხარე არის ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთია იმის დადასტურება, რომ მოპასუხე ნამდვილად ფლობს არამართლზომიერად მოსარჩელის მოძრავ ნივთებს - ოქროს სამკაულებს, თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო აღნიშნული გარემოების დადასტურება, მას არ წარმოუდგენია სარწმუნო მტკიცებულება იმისა, რომ მოპასუხესთან ინახება სადავო მოძრავი ნივთები, რაც მოცემულ შემთხვევაში გამორიცხავს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის, უნდა არსებობდეს შემდეგი სამი წინაპირობა: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს სადავო ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული ოქროს სამკაულები არის ლ-------–----ს საკუთრება, თუმცა, ეს ნივთები რომ იმყოფება ჯ--------–-------------ს მფლობელობაში, ვერ იქნა დადასტურებული მოსარჩელის მხრიდან შესაბამისი მტკიცებულებებით, ვერ იქნა წარმოდგენილი სასამართლოში მტკიცებულებები, მოპასუხის მხრიდან სადავო ნივთების ფლობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოწმეების - ე-----------ს და ა--------------------ს ჩვენებებზე, რომლებმაც განმარტეს, რომ ორივე მათგანისთვის ლ-------–----სგან არის ცნობილი, მოსარჩელე წამოვიდა ქმრის ოჯახიდან ისე, რომ არ წამოუღია ქმრისგან ნაჩუქარი ოქროს სამკაულები. ე-----------ს განმარტებით, ეს ნივთები მოსარჩელეს წაართვა მისმა ყოფილმა მულმა - ს------------------მ.

 

სასამართლო მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოების შესაბამისად დადასტურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს. კერძოდ, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხე არის სადავო ნივთების მფლობელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნიას, რომ მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის განმარტებით, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან, გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, მისმა ყოფილმა დედამთილმა დაუბრუნა ჯ--------–---------------თვის ნიშნობისთვის გადაცემული ბეჭედი, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სადავო მოძრავი ნივთები იმყოფება მოპასუხე (მოწინააღმდეგე) მხარის უკანონო მფლობელობაში.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ლ-------–---- დაქორწინდა ჯ--------–------------ზე 2017 წელს, თუმცა, ქორწინების რეგისტრაციაში არ გატარებულან. მათი ქორწილი გადაიხადეს ჯ--------–-------------ს მშობლებმა. ჯ--------–------------მა ლ-------–----ს აჩუქა ქორწილში შემდეგი ნივთები: ოქროს ცეფი-ძეწკვი 50 გრამიანი, ნაქსოვი ე.წ. ,,კარდინალი“, რომლის ღირებულებაა 3800 ლარი; ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი მარცხნივ სამი პატარა ოქროს ფოთოლი თვლის იმიტაციით, ამობურცული - თეთრი ოქროთი გაწყობილი, მარჯვნივ ერთი ფოთოლი, შუაში შედარებით დიდი ფოთოლი ორი ბრილიანტის თვლით, 480 ლარის ღირებულების; საყურე - ორი ოქროს ფოთოლით, თეთრი ოქროთი გაწყობილი, პატარა ბრილიანტის თვლით - ფასი 685 ლარი; სულ 4965 ლარის ღირებულების.

 

ლ-------–---- და ჯ--------–------------- აღარ ცხოვრობენ ერთო ოჯახად 2018 წლის თებერვლის თვიდან.

2018 წლის თებერვლის თვეში აპელანტი იმყოფებოდა ბავშვთან ერთად მშობლების სახლში, მეუღლემ მას დაურეკა და უთხრა, რომ აღარ დაბრუნებულიყო მათ საცხოვრებელ სახლში, შეეძლო მხოლოდ ტანსაცმლის წაღება, სახლის ჭიშკართან დაახვედრეს ტანსაცმელი, ხოლო, სამკაულის გადაცემაზე განუცხადა უარი, რადგან მიიჩნია, რომ ისინი ოჯახის საკუთრება იყო.

 

საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას მოწმედ დაკითხულმა აპელანტის ბიცოლამ - ე-----------მ განმარტება, რომ სადავო ოქროს ნივთები, როგორც მისთვის ცნობილია აპელანტისაგან, ამ უკანასკნელს არ წამოუღია ქმრის ოჯახიდან წამოსვლის დროს. როგორც მისთვის ცნობილია, აღნიშნული ნაჩუქარი ნივთები ლ-------–----ს წაართვა მისმა მულმა - ს------------------მ.

 

მოწმე - ა--------------------ს განმარტებით, რომელიც არის აპელანტის დეიდა, ქმრისგან ნაჩუქარი არანაირი ნივთი არ აქვს ლ-------–----ს სახლში, ყველაფერი არის მეუღლის ოჯახში. ტელეფონით საუბრის დროს უთხრა მას ლ-------–----მ, რომ წამოვიდა ქმრის ოჯახიდან და არ წამოუღია ოქროს ნივთები.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო მოძრავი ნივთები იმყოფება ჯ--------–------------თან მისამართზე: გარდაბანი, სოფელი თაზაქენდი.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთი გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ სადავო მოძრავი ნივთები - ოქროს ძეწკვი 50 გრამიანი, ნაქსოვი ე.წ. ,,კარდინალი“, რომლის ღირებულება შეადგენს 3800 ლარს; ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი მარცხნივ სამი პატარა ოქროს ფოთოლი თვლის იმიტაციით, ამობურცული - თეთრი ოქროთი გაწყობილი, მარჯვნივ ერთი ფოთოლი, შუაში შედარებით დიდი ფოთოლი ორი ბრილიანტის თვლით - 480 ლარის ღირებულების; საყურე ორი ოქროს ფოთოლით, თეთრი ოქროთი გაწყობილი, პატარა ბრილიანტის თვლით, ფასით 685 ლარი, სულ 4965 ლარის ღირებულების, წარმოადგენს აპელანტის საკუთრებას. აღნიშნული გარემოება მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა (იხ. მოპასუხის შესაგებელი, ს/ფ. 37).

 

პალატას დადგენილად მიაჩნია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს გარემოება მასზედ, რომ ლ-------–---- 2018 წლის თებერვლამდე, ანუ მოპასუხის საცხოვრებელი სახლის დატოვებამდე, ბავშვთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა მოპასუხის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული, პალატის მოსაზრებით, ქმნის საფუძველს იმ ლოგიკური დასკვნისათვის, რომ სადავო მოძრავი მივთები ინახებოდა სწორედ მოპასუხის მისამართზე მის საცხოვრებელ სახლში, რაც სადავო ნივთების მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტობრივი გარემოების დასასაბუთებლად საკმარისი გარემოებაა. რაც შეეხება მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ სადავო ნივთები მოსარჩელემ (აპელანტმა) საცხოვრებელი სახლიდან წასვლისას თან წაიღო, აღნიშნული გარემოების საპირისპიროდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მოწმეები, რომელთა ჩვენებები საპირისპიროზე მიუთითებენ, ხოლო, თავად მოპასუხე მხარეს, მის მიერ მითითებული გარემოების (სადავო ნივთების მოსარჩელის მიერ წაღების თაობაზე) დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

შესაბამისად, დადგენილია, რომ ლ-------–---- არის ნივთების მესაკუთრე, ნივთები იმყოფება მოპასუხესთან, ხოლო, ჯ-------–------------ს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოძრავ ნივთებს ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან კანონისმიერი საფუძველი მესაკუთრის უფლების შებოჭვისათვის და შესაბამისად, ლ-------–---- უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს და მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 80 ლარის ოდენობით გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ვინაიდან, აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა სააპელაციო საჩივარზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდა 60 ლარის ოდენობით, ხოლო, აპელანტს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი 15 ლარი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ლ-------–----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 27.09.2019 წლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ლ-------–----ს სარჩელი მოპასუხე ჯ--------–-------------ს მიმართ დაკმაყოფილდეს.

4. ჯ--------–-------------ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს და გადაეცეს მოსარჩელე ლ-------–----ს შემდეგი ნივთები: ოქროს ძეწკვი (50 გრამიანი, ნაქსოვი, ე.წ. ,,კარდინალი“, ღირებულება - 3800 ლარი); ბეჭედი ბრილიანტის თვლით (მარცხნივ სამი პატარა ოქროს ფოთოლი თვლის იმიტაციით, თეთრი ოქროთი, მარჯვნივ - ერთი ფოთოლი, შუაში - დიდი ფოთოლი ორი ბრილიანტის თვლით - 480 ლარის ღირებულების); საყურე (ორი ოქროს ფოთოლი, თეთრი ოქროთი და პატარა ბრილიანტის თვლით, ღირებულება - 685 ლარი);

5. ჯ--------–------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 80 ლარის ოდენობით;

6. ჯ--------–------------ს ლ-------–----ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 60 ლარის გადახდა;

7. ლ-------–----ს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სარჩელზე წინასწარ გადახდილი 75 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 15 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სს ,,საქართველოს ბანკი“, საგადახდო დავალება N555, გადახდის თარიღი 16.04.2019 წელი, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300113150.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი