განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100119002850006
საქმე №1ბ/950-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მანუჩარ კაპანაძე
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
ბესიკ ბუგიანიშვილი
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - გ-----–--–--ის,ადვოკატ - მ-------------–--ის,მსჯავრდებულ - დ------–-–--–---–ის მონაწილეობით,მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-----–--–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
დ----------------–-–--–---–ის მიმართ - დაბადებული 1-----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებულ მისამართზე: დ-----–-----–---------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: დ--–-----------------------–-----------–-, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენით:
დ------–-–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
დ----------–-–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა.
დ-------–-–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 1 ოქტომბრიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ დ------–-–--–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 24:00 საათზე, დუშეთის რაიონის ს------–-------–ი, დანით შეიარაღებული დ------–-–--–---–ი, ყაჩაღურად თავს დაესხა ს-------–---–-----ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ ყელის გამოჭრით და მოსთხოვა ფული. ს-------–---–-----ს შეეშინდა თავდამსხმელის, ტანსაცმლის ჯიბიდან ამოიღო 9 000 (ცხრაათასი) ლარი და მისცა მას, რასაც დ------–-–--–---–ი დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-----–--–--ემ და ითხოვა მასში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით, იმ საფუძვლებზე მითითებით, რომ სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი და აშკარად ლმობიერია. პროკურორის განმარტებით, დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გ-----–--–--ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა დ------–-–--–---–მა და მისმა ადვოკატმა მ-------------–--ემ მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-----–--–--ის საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. დ------–-–--–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით; დაზარალებულ ს-------–---–-----ის, მოწმეების: ი---------–---–-------------–---–---–---------------------------–----------–---–---------------–---–----–--------------–----------------------–-----------–--–---–------------------–---–--------------------–--------------------–---–-----------------–-------–---------------------–---------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით; სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით; საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით; ს-------–---–-----ის სახლის დათვალიერების ოქმით, ფოტოსურათებით, ამოღების ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; ნიმუშის აღების ოქმებით; პირის ამოცნობის ოქმებით; ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით; ბიოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით; ოქმებით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ და საქმეში არსებული სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ დ------–-–--–---–ის მიზანი თავიდანვე იყო თავდასხმის, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარისა და ბინაში უკანონო შეღწევის გზით მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა ს-------–---–-----ის კუთვნილი 9 000 (ცხრაათასი) ლარი, რაც განახორციელა კიდეც. შესაბამისად, მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშული და პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულისათვის.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას, შემდეგ გარემოებათა გამო:
დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ, აუცილებელია კონკრეტული ქმედებისათვის სანქციის განსაზღვრა. სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა, ვინაიდან პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა, სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე. მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით რვიდან, თორმეტ წლამდე.
მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს პალატა ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის დანაწესს, რომლის თანახმადაც, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გაითვალისწინა კანონმდებლობის ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები; შეაფასა დ------–-–--–---–ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები; მხედველობაში მიიღო ასევე დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და განსაზღვრა სასჯელი თავისუფლების აღვეთის სახით. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ დ------–-–--–---–მა თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ორი არასრულწლოვანი ძმა, გარდაცვლილი მამა, მისი ოჯახი განიცდის მძიმე ეკონომიკურ გაჭირვებას, მას მეზობლები და ნაცნობები ახასიათებენ მშვიდ, უკონფლიქტო, შრომისმოყვარე, დადებით პიროვნებად, გავლილი აქვს სამხედრო სამსახური, სადაც ასევე ხასიათდება დადებითად, დაზარალებული ს-------–---–-----ი შერიგებულია, პატიობს ჩადენილს და სასამართლოს სთხოვს, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური შეღავათები, დაზარალებულს ანაზღაურებული აქვს როგორც ძველი ვალი, ასევე აღნიშნული დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანი, დაკავების მომენტიდან მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, რაც სასამართლო პროცესზე დაადასტურა ბრალდების მხარემ, დ------–-–--–---–ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და არ არის ნასამართლევი; ჩადენილი დანაშაულისათვის დადგენილი სანქციიდან გამომდინარე, სასჯელთა პროპორციულობისა და ადეკვატურობის პრინციპის დაცვით, სასამართლოს მიერ დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველიც არ არსებობს. ამასთან, დ------–-–--–---–ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენება, რასაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ დ------–-–--–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით (საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით ჩათვლილი აქვს პირობით მსჯავრად), სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
დ------–-–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
დ----------–-–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
დ-------–-–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 1 ოქტომბრიდან.
დ------–-–--–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვი.
ნივთმტკიცება:
პლასტმასის ფანრის ნატეხები, ხის ტარიანი დანა, ქვა, პლასტმასის ე.წ. ფანარი, ექსპერტის მიერ გამოყენებული ხელთათმანი, ს-------–---–-----ის სისხლის ნიმუში და დ------–-–--–---–ის სისხლის ნიმუში განადგურდეს, შავი ფერის მაისური და დ------–-–--–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს დ------–-–--–---–ის ოჯახის სრულწლოვან წევრს, ს-------–---–-----ის კუთვნილი შავი ფერის ნაჭრის საფულე და ამოღებული ფულადი თანხა 1850 აშშ დოლარი, 660 ევრო და 133 თურქული ლირა დაუბრუნდეს დაზარალებულ ს-------–---–-----ს, ხოლო სიდი დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე: მ. კაპანაძე
მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი
ბ. ბუგიანიშვილი