განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2019
საქმის ნომერი
330100119003124148
ინსტანცია
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003124148

საქმე №1ბ/1810-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - მ----------------ს

ადვოკატების - კ------------–----ის, რ-------------ის

გამართლებულ - გ------------–-–---–ის

მონაწილეობით,თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ------------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 18 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, მ-------------------------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 04 ოქტომბრის განაჩენით გ------------–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის მაისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ---------–---–-ს სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ----–-------–-–---–-ს სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ-------------–-–---–-ს სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------------–-–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის მაისის ეპიზოდი);

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ლ---------–---–-ს სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი);

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ნ----–-------–-–---–-ს სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი);

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ.

 

გ------------–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის დაახლოებით მაისის თვეში, თბილისი, მ-------------------------------------------------ში, გ------------–-–---–მა მამას - ნ----–-------–-–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დააგდო ძირს, ყელში წაუჭირა ხელები და ახრჩობდა, ასევე ურტყამდა ხელებს ტანის არეში, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბოლო 10 წლის განმავლობაში, 2019 წლის 21 ივნისის ჩათვლით პერიოდში გ------------–-–---–ი დედას - ლ---------–---–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფაც. გ------------–-–---–ის ქმედებით დაზარალებული განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

ბოლო 10 წლის განმავლობაში, 2019 წლის 21 ივნისის ჩათვლით პერიოდში გ------------–-–---–ი მამას - ნ----–-------–-–---–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფაც. გ------------–-–---–ის ქმედებით დაზარალებული განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

ბოლო 10 წლის განმავლობაში 2019 წლის 21 ივნისის ჩათვლით პერიოდში გ------------–-–---–ი ძმას - გ-------------–-–---–ს, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ასევე წარსულში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფაც. გ------------–-–---–ის ქმედებით დაზარალებული განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

აღნიშნული ქმედებებისათვის გ------------–-–---–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისათვის მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, გ------------–-–---–ი უნდა ყოფილიყო ცნობილი უდანაშაულოდ მის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ---------------მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, გ------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სამივე ეპიზოდში და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის და მისთვის კანონიერი და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციის შესაბამისად არსებობდა ერთმანეთთან შეთანხმებულ, ურთიერთთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა და მოვლენათა ჯაჭვი, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გ------------–-–---–ის მიმართ გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი. ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა გ------------–-–---–ის მხრიდან მამის - ნ----–-------–-–---–-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, ასევე დედის - ლ---------–---–-სა და ძმის - გ-------------–-–---–-ს მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები. აპელანტის მითითებით, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ნ----–-------–-–---–-ს შეტყობინებები, რომელთა მიხედვითაც მას შვილთან ჰქონდა კონფლიქტი, კერძოდ, შვილმა - გ------------–-–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები დაცვის მხარის მიერ ცნობილ იქნა უდავო მტკიცებულებებად, გარდა დაზარალებულების - ნ----–-------–-–---–-ს, გ-------------–-–---–-სა და ლ---------–---–-ს ჩვენებებისა. ზემოაღნიშნულმა დაზარალებულებმა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს შვილისა და ძმის წინააღმდეგ ჩვენება, თუმცა, განმარტების გაკეთების დროს მათ აღნიშნეს, რომ გ------------–-–---–ის დაბრუნება საჭირო იყო სახლში, რადგან მხოლოდ მას შეეძლო გ-------------–-–---–-ს მოვლა. აპელანტის აზრით, აღნიშნული ცხადყოფს, თუ რის გამო არ მისცეს ჩვენება სასამართლოში, კერძოდ, ისინი დამოკიდებულნი არიან ბრალდებულზე.

 

აპელანტის განმარტებით, საქმის მიმდინარეობისას გამოკვლეულ იქნა შემაკავებელი ორდერები, რომელიც გამოიცა სამივე დაზარალებულის მიმართ და მიენიჭათ მსხვერპლის სტატუსი. მათში ფიქსირდება დაზარალებულების პოზიცია, რომ მათ გ------------–-–---–ი აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. შესაბამისად, მოცემული დოკუმენტი ადასტურებს გ------------–-–---–ის ბრალეულობას, რადგან მასზე ფიქსირდება დაზარალებულთა ხელმოწერები. ასევე, დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა ცნობილი ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება, სადაც გ------------–-–---–ი აღიარებს დანაშაულს და განმარტავს, რომ მან მართლაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მამას, დედას და ძმას, თუმცა აღნიშნული არ იქნა მხედველობაში მიღებული სასამართლოს მიერ. აპელანტმა მიიჩნია, რომ დაზარალებულის შეტყობინება, შემაკავებელი ორდერები და ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, რომელიც უდავოდ იქნა ცნობილი დაცვის მხარის მიერ განხილულ უნდა იქნას დამოუკიდებელ მტკიცებულებად.

აპელანტმა მიუთითა, რომ მიუხედავად მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა, საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები და გარემოებები სასამართლოში დადასტურდა სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის/მტკიცებულებების საფუძველზე. სასამართლოში წარმოდგენილმა წერილობითმა მტკიცებულებებმა უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც იქნა წარმოდგენილი და მიუთითა გ------------–-–---–ის ბრალეულობაზე. ამასთან, აპელანტის აზრით, სასამართლოს მიერ უნდა დაინიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც მსჯავრდებულზე იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით და არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც, თავის მხრივ, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისათვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა გ------------–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა კ------------–----ემ და რ-------------ემ ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გაანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს გ------------–-–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ------------–-–---–ის მიერ მშობლებისა და ძმის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტებს. აპელანტის მიერ გ------------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებლად მიჩნეული საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში უტყუარად ვერ ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:

 

გ------------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეყრდნობოდა დაზარალებულების - ნ----–-------–-–---–-ს, ლ---------–---–-სა და გ-------------–-–---–-ს გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც გ------------–-–---–ს ამხელდნენ მის მიერ ჩადენილ ძალადობაში, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულებმა ისარგებლეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს შვილისა და ძმის − გ------------–-–---–ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეზე უდავოდ იქნა მიჩნეული ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ გ------------–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტს, კერძოდ, დაზარალებულის შეტყობინება, შემაკავებელი ორდერები და ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება.

 

პალატა მიუთითებს, რომ ბრალდებულმა გ------------–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვებში თავი უდანაშაულოდ ცნო, შესაბამისად, მის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენება ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ და ვერ დაედება საფუძვლად მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. ასევე, გ------------–-–---–ის მამხილებელ პირდაპირ მტკიცებულებად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ დაზარალებულის შეტყობინება დანაშაულებრივი ფაქტის არსებობის თაობაზე. მართალია, მასში მითითებულია, რომ ნ----–-------–-–---–-ს ინიციატივით მოხდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის შესახებ შვილთან არსებული კონფლიქტის გამო, თუმცა ნ----–-------–-–---–-ს შეტყობინების შინაარსი არ არის დადასტურებული მისივე ჩვენებით და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.

 

რაც შეეხება შემაკავებელ ორდერებს, რომელთა თანახმად გ------------–-–---–ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი, ხოლო ოჯახის წევრებს - მამას, ნ----–-------–-–---–ს, დედას, ლ---------–---–ს და ძმას, გ-------------–-–---–ს - მსხვერპლის სტატუსი, ისინი უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული მხარეების მიერ, თუმცა აღნიშნული ორდერების არსებობა არ აკმაყოფილებს მტკიცებულებათა ერთობლიობის საკმარისობის სტანდარტს. ფიზიკური შეურაცხყოფისა და ფსიქიკური ძალადობის ფაქტების დასადასტურებლად საქმეზე არ არის ჩატარებული სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზები, რაც, დაზარალებულთა ჩვენებების არარსებობასთან ერთად, ამცირებს გ------------–-–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის ალბათობას.

 

მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება გ------------–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, ვინაიდან, თვლის, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ გ------------–-–---–მა ჩაიდინა მშობლებისა და ძმის მიმართ ძალადობა. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, არ წარმოუდგენია მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა გ------------–-–---–ის მიერ ნ----–-------–-–---–-ს, ლ---------–---–-ს და გ-------------–-–---–-ს მიმართ ძალადობის ფაქტებს. მის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენაზე მიუთითებდნენ დაზარალებულები წინასწარი გამოძიებისას გამოკითხვის დროს, რომლებმაც უარი განაცხადეს სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. საქმეში კი არ მოიპოვება პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ------------–-–---–ისათვის წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად. პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ გ------------–-–---–ის ბრალეულობის დასადასტურებლად დასახელებული მტკიცებულებები - შეტყობინება დანაშაულის შესახებ, შემაკავებელი ორდერები და ბრალდებულის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული აღიარებითი ჩვენება, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, არ ქმნის მტკიცებულებათა ერთობლიობას. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა გ------------–-–---–ის მიერ ოჯახში ძალადობრივი დანაშაულების ჩადენას, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ გ------------–-–---–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა მშობლების და ძმის მიმართ.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გ------------–-–---–ის დამნაშავეობაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ------------–-–---–ის ბრალეულობის დასადგენად, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

სარეზოლუციონაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ----------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 04 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

გ------------–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის მაისის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ---------–---–-ს სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნ----–-------–-–---–-ს სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გ-------------–-–---–-ს სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის განაჩენით გ------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

გ------------–-–---–ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე