განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.10.2019
საქმის ნომერი
111310418002450939
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საპენსიო
თარიღი
01.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 111310418002450939

საქმე N3/ბ-272-19წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 ოქტომბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილება

 

მოწინააღმდეგე – ფ--–-----------ე

 

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით ფ--–-----------ის სარჩელის უარყოფა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1. 2018 წლის 17 მაისს ფ--–-----------ემ სარჩელით მიმართა ხარაგაულის მაგისტრატ სასამართლოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2018 წლის 30 აპრილის №----- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფ--–-----------ისათვის 2018 წლის 01 მაისიდან პენსიის დანიშვნის თაობაზე;

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი დასაქმებულია სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ,-----–---–--- აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების საამქროში საამქროს უფროსის პოზიციაზე. 2016 წლის 25 აპრილს მიაღწია საპენსიო ასაკს, რის გამოც 2018 წლის 20 აპრილს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა პენსიის დანიშვნა. სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2018 წლის 30 აპრილის N----- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა პენსიის დანიშვნაზე იმ მოტივით, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,-----–----- არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ფ--–-----------ე ახორციელებს საჯარო საქმიანობას. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც პენსიის მიღება წყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. მოსარჩელე მოითხოვს პენსიის დანიშვნას 2018 წლის 01 მაისიდან, ვინაიდან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას.

 

მოპასუხე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულმა განყოფილებამ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ფ--–-----------ეს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ დაენიშნა პენსია, რაც ჩაერიცხა კიდეც 2016 წლის ივნისის და ივლისის თვეებში, თუმცა ხარაგაულის რაიონულ განყოფილებაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული წერილით მიწოდებული იქნა იმ პენსიონერთა სია, რომლებიც ეწეოდნენ საჯარო საქმიანობას. აღნიშნულ სიაში იყო ფ--–-----------ეც, რის გამოც მას შეუწყდა პენსია. 2018 წლის 20 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით კვლავ მოითხოვა პენსიის დანიშვნა. 2018 წლის 30 აპრილს ხარაგაულის რაიონული განყოფილების მიერ მიღებული იქნა N----- გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა- ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ, რომლის თანახმადაც მოქალაქე ფ--–-----------ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილებით ფ--–-----------ის (პ/ნ 0----------- სარჩელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2018 წლის 30 აპრილის N----- გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფ--–-----------ისათვის 2018 წლის 01 მაისიდან პენსიის დანიშვნის თაობაზე.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. ფ--–-----------ე დასაქმებულია სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ ,-----–---–--- აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების საამქროში, საამქროს უფროსის პოზიციაზე;

 

2.1.2. ფ--–-----------ემ საპენსიო ასაკს მიაღწია 2016 წლის 25 აპრილს (65 წელი);

 

2.1.3. მოსარჩელეს, 2016 წლის 05 მაისის განცხადების საფუძველზე დაენიშნა ასაკის გამო პენსია, რომელიც ჩაერიცხა 2016 წლის ივნისისა და ივლისის თვეებში.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილის საფუძველზე ფ--–-----------ეს შეუწყდა პენსია საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით.

 

2.1.4. მოსარჩელემ 2018 წლის 20 აპრილს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას მიმართა პენსიის დანიშვნის მოთხოვნით, თუმცა უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის გაცემის დანიშვნაზე იმ მოტივით, რომ 2016 წლის 01 აგვისტოდან შეუწყდა პენსია საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო და ამჟამადაც ახორციელებს საჯარო საქმიანობას.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2018 წლის 30 აპრილის N----- გადაწყვეტილებით ფ--–-----------ეს უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე იმ საფუძვლით, რომ ახორციელებდა საჯარო საქმიანობას;

 

2.1.5. სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი ,-----–-----, სადაც დასაქმებულია მოსარჩელე, წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა პენსიის მიღება კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „--------- და „------------ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ. 5); კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა და უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და ი---------–-----ი საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოიცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.

 

სასამართლოს განმარტებით, ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციას განსაზღვრავს საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, რომელიც არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტისა და პენსიის მიღების ზოგად წესებს. მითითებული კანონის ძირითადი პრინციპებია: ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის წინაშე თანასწორობა, საყოველთაობა, პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია და ა.შ. პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობები რეგულირდება ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის #46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესით“.

 

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად: 1. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. 2. თუ პირს ერთდროულად წარმოეშვა უფლება ამ კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სარგებლებზე, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მოთხოვნის უფლება, მისივე არჩევით. 3. პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად კი საჯარო საქმიანობაა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

 

საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ბრძანება №46/ნ სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ მესამე მუხლის თანახმად კი მოცემულია ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პენსია – „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის მხოლოდ ფულადი სარგებელი; ბ) სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო-კვლევით, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ, უმაღლეს, სკოლის გარეშე, სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებაში სამეცნიერო ან პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაობა; გ) წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, როგორიც „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლშია მოცემული, თუ ამ წესში სხვა რამ არ არის მითითებული.

 

საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელეს საჯარო სამსახურში საქმიანობის საფუძვლით სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეთქვა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,-----–-----, სადაც დასაქმებულია მოსარჩელე, არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რაც გახდა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზემოთ აღნიშნულ გარემოებას და ასევე არასწორად განმარტა „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რის გამოც უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოსარჩელეს სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე. შესაბამისად სადავო საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია დადგინდეს ახორციელებს თუ არა ფ--–-----------ე საჯარო საქმიანობას, რის გამოსარკვევადაც უნდა დადგინდეს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,-----–-----, სადაც ამჟამად მუშაობს მოსარჩელე, წარმოადგენს თუ არა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რომლის საქმიანობის ფორმა მოცემულ დავას იწვევს.

 

სასამართლოს მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 მაისის N394 ბრძანებულების თანახმად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფაში სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების სპეციფიკურობისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „----–----- და მის შემადგენლობაში მყოფ ავტომატური სისტემების სამეცნიერო-კველვით ინსტიტუტ „------- ბაზაზე, პროფილის შენარჩუნებით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,----–----.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „----–----- დებულების თანხმად, ცენტრის ძირითადი მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია: ა) ქვეყანაში არსებული ვადაგასული, გამოუყენებელი საბრძოლო მასალების, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის:ა.ა) მიღებისთანავე მეორადი პროდუქციის მიხედვით დახარისხება;ა.ბ) ვარგისიანობისა და ღირებულების წინასწარი საექსპერტო შეფასების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;ა.გ) უტილიზაცია;ა.დ) რეალიზება;ა.ე) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვაგვარი გამოყენება. ბ) ფეთქებადი ნივთიერებების (მათ შორის უტილიზებული) გადამუშავება სამხედრო და სამრეწველო დანიშნულებისათვის; გ) საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო დანიშნულების ტექნიკისა და აღჭურვილობის შექმნა, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;დ) მრეწველობაში სამხედრო დანიშნულების ნაკეთობების სერიული ათვისების ორგანიზება, სერიული წარმოების ორგანიზება და/ან მონაწილეობის მიღება ასეთ საქმიანობაში;ე) სამხედრო-სამრეწველო დანიშნულების სპეციალური ობიექტების დაპროექტება და მშენებლობის ორგანიზება;ვ) საჯავშნე მასალების შექმნა, ცოცხალი ძალის უსაფრთხოებისა და სპეციალური ობიექტების დაცვითი სისტემების სამეცნიერო-ტექნიკური უზრუნველყოფა; ზ) სპეციალური სამხედრო-ტექნიკური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური პროცესების მაკონტროლებელი და მზომი – მეტროლოგიური დანიშნულების ხელსაწყოების შექმნა და წარმოების ორგანიზება; თ) სპეციალური დანიშნულების ოპტიკური და ელექტრონული ხელსაწყო-დანადგარების, სისტემებისა და მათი აღჭურვილობის შექმნა-დანერგვა, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი; ი) სამხედრო ობიექტებისა და შენობა-ნაგებობების დაცვის სპეციალური სისტემების შემუშავება, დანერგვა, მომსახურება და რემონტი; კ) სამხედრო-სასწავლო ტრენაჟორების დამუშავება, აღდგენა, მოდერნიზება, მომსახურება და რემონტი; ლ) საპოლიგონო გამოცდების მეთოდოლოგიური და აპარატული უზრუნველყოფა; მ) ფეთქებადი ნივთიერებების, იარაღის, საბრძოლო მასალების, საბრძოლო ტექნიკის და მათი მაკომპლექტებელი ელემენტების შეძენა-შენახვა, ტრანსპორტირება, რეალიზაცია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ნ) სამხედრო თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ორგანიზაციების საკვლევი, საცდელ-საკონსტრუქტორო და საწარმოო-ტექნოლოგიური ბაზის შესაძლებლობების შესწავლა და სათანადო წინადადებების მომზადება; ო) ჰუმანიტარული განაღმვითი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა და კოორდინაცია; პ) ქვეყანაში სეტყვასაწინააღმდეგო და ზვავსაწინააღმდეგო საქმიანობასთან დაკავშირებული სისტემების დამუშავება, მოდერნიზება, შექმნა, დანერგვა და მომსახურება; ჟ) ცენტრის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის (მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის) კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტურობის შემოწმება და ცენტრისათვის მართვის უფლებით გადაცემული იურიდიული პირების მართვა და კონტროლი მესაკუთრის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად; რ) სამინისტროს მიერ განსაზღვრული სხვა ამოცანები და ფუნქციები.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში; სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე პენსიის ადმინისტრირების ორგანომ პენსიის დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაადგინოს პენსიის დანიშვნის მომთხოვნი პირი ახორციელებს თუ არა საჯარო საქმიანობას; ამასთან, მან პირის მიერ განხორციელებული საქმიანობის საჯარო საქმიანობად შეფასებისას უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში მოცემული განსაზღვრებით, რომლის მიხედვით საჯარო საქმიანობად მიიჩნევა სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში განხორციელებული ანაზღაურებადი საქმიანობა, გარდა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საქმიანობისა.

 

სასამართლოს მოსაზრებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის „გ“ პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე ,-----–------ საქმიანობა არ უნდა იქნას მიჩნეული, როგორც საჯარო სამსახურში საქმიანობა.

 

სასამართლომ აღნიშნს, რომ მოცემული საკითხი სწორედ ასე იყო შეფასებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ. სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებზე, ადმინისტრაციულ საქმეზე Nბს-77-75(კ-15), სადაც საკასაციო სასამართლომ, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „----–---- სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ საკასაციო სასმართლომ განმარტა, რომ ,,სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „----–-----ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „----–---- კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას. თ. ლ-ე, რომელიც ექსპერტად მუშაობს სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო- ტექნიკურ ცენტრ „----–---–--, არ ახორციელებს საჯარო საქმიანობას''.

 

სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „----–----, სადაც მოსარჩელე ფ--–-----------ე მუშაობს, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა კანონმდებლობის ზემოაღნიშნული მოთხოვნები, რის გამოც, მოსარჩელეს სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, კანონით გათვალისწინებული პირობების დაუცველად შეუჩერდა კანონმდებლობით გარანტირებული პენსიის მიღების უფლების რეალიზაცია და შესაბამისად მიადგა ზიანი.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვა-სიტყვითი და ლოგიკური მეთოდით შეფასების შედეგად, სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში ნებისმიერი სახის შრომითი საქმიანობა, განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანომდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო- კვლევითი დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას. აშკარაა, რომ კანონმდებელმა, ზემოთ აღნიშნული გამონაკლისი სამეცნიერო-კვლევით დაწესებულების სამეცნიერო საქამიანობას და არა იქ დასაქმებულ პირთა შრომითი საქმიანობის (სამეცნიერო) ხასიათს დაუკავშირა. კანონმდებლის შესაბამისი განზრახვის შემთხვევაში, არ არსებობს რაიმე დაბრკოლება იმასთან დაკავშირებით, რომ კანონის შესაბამის წინადადებაში დასაქმებულ პირთა სამეცნიერო საქმიანობა იყოს მითითებული.

 

სასამართლოს მსჯელობით, მოსარჩელე ფ--–-----------ე საქმიანობს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „----–-----ში, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად არ ეზღუდება უფლება, მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად სასამართლომ დაასკვნა, რომ მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგებოდა კანონს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება 2018 წლის 24 ივლისს გააჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულმა განყოფილებამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

 

3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამრთლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ სსიპ სამხედრო ტექნიკური ცენტრი „----–---- წარმოადგენს სამეცნიერო კვლევით დაწესებულებას. წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მათ შორის ფ--–-----------ის სამსახურებრივი ცნობით, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 მაისის N394 ბრძანებულებით და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 სექტემბრის N1120 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ცენტრი „----–----- დებულებით ცალსახად ჩანს, რომ აღნიშნული დაწესებულება შექმნილია სამეცნიერო ტექნიკური მიზნების მისაღწევად, რაც არ გულისხმობს თავისთავად სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, ყოველივე ეს კი წინააღმდეგობაში მოდის „სახელწმიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის განმარტებასთან. დასახელებულ ნორმაში, იმ საქმიანობების ჩამონათვალში, რომლებიც არ ითვლება საჯარო საქმიანობად, სამეცნიერო-ტექნიკური დაწესებულება შეტანილი არ არის, ხოლო რაც შეეხება ცენტრ „----–-----, მისი მიმართულებაა სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობა. აღნიშნულ პოზიციას ამყარებს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუქნტი, სადაც მითითებულია, რომ ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. სწორედ ამ უკანანასკენლის მიერ კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა ინფორმაციის მიწოდება, რომ ფ--–-----------ე ეწეოდა საჯარო საქმიანობას, რის გამოც მას შეუწყდა სახელმწიფო პენსია.

 

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 09 აგვისტოს განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტს გაშვებული ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 09 აგვისტოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულმა განყოფილებამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა და საქმის განხილვა მოითხოვა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 09 აგვისტოს განჩინება და საქმე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა გამოცხადებული მხარის განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი უნდა დარჩეს ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯ--------- საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „----–----- გენერალური დირექტორისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018-05-01 წ. გაცემული N846 ცნობით ირკვევა, რომ ფ--–-----------ე (პ/ნ 0----------- მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „----–---–-- აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების საამქროში, საამქროს უფროსის პოზიციაზე (ს.ფ. 15).

 

სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების 2018 წლის 30 აპრილის N----- გადაწყვეტილებთ, ფ--–-----------ეს (პ/ნ 0----------- უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო, თანახმად „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა (ს.ფ. 16).

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 26 ივლისის N-------- წერილში სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებისადმი აღნიშნულია, რომ სახელმწიფო გასაცემლების შეწყვეტის მიზნით, ტერიტორიულ ერთეულებს ეგზავნებათ შემოსავლების სამსახურიდან 2016 წლის ივნისის მდგომარეობით მიღებული ინფორმაციისა და სახელმწიფო გასაცემლების 2016 წლის ივლისის მდგომარეობით ბაზის ურთიერთშედარების შედეგი - სააგენტოსთვის ცნობილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის დაწესებულებებში საჯარო საქმიანობის განმახორციელებელ ბენეფიციართა მონაცემები.

 

ამავე წერილით ტერიტორილ სამსახურებს მიეთითათ, რომ სახელმწიფო გასაცემლის შეწყვეტის დროს დაზუსტებული უნდა იქნეს ბენეფიციარის მუშაობის დაწების ზუსტი თარიღი და საჭიროების შემთხვევაში მიღებულ უნდა იქნას საჭირო ზომები თანხის დასაბრუნებლად.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 26 ივლისის N-------- წერილზე დართულ ელექტრონული ცხრილში მითითებულია, რომ ფ--–-----------ე (პ/ნ 0----------- დასაქმებელია სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში (ს.ფ. 82-84)

 

პალატა აღნიშნავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე.

 

,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის დანიშვნისა და გაცემის წესის” მე-2 მუხლის შესაბამისად, პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და გადაანგარიშებას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’, რომლის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების მიხედვით, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუქნტის მიხედვით პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული: საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

 

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი განმარტავს ტერმინს - „საჯარო საქმიანობა“ და კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

 

წინამდებარე საქმეზე სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია იმ პრეტენზიით, რომ სსიპ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „----–----, რომელშიც საქმიანობს მოსარჩელე წარმოადგენს არა სამეცნიერო-კვლევით, არამედ სამეცნიერო-ტექნიკურ დაწესებულებას, შესაბამისად, მასში საქმიანობა მიიჩნევა საჯარო საქმიანობად და გამორიცხავს დასაქმებული პირის მიმართ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ასაკის გამო პენსიის დანიშვნას.

 

სააპელაციო საჩივრის პასუხად პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ საკითხზე იმსჯელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაში (#ბს-77-75(კ-15), რომლითაც სამართლებრივად შეფასდა სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „----–----- საქმიანობა და მიჩნეული იქნა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „----–----- საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებით, თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით და სახელწოდებით დასტურდებოდა საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, რის გამოც საკასაციო პალატის განჩინებით კანონსაწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული „----–---–-- დასაქმებული პირისთვის საჯარო სამსახურში საქმიანობაზე მითითებით პენსიის გაცემაზე უარის თქმა. ამდენად პალატა თვლის, რომ ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეესაბამება სადავო საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (დამატებით იხ. სუსგ 07.03.2018წ. ბს-944-940(კ-17), 13.12.2018წ. ბს-493-493 (კ-18)), აღნიშნული გარემოებები კი სააპელაციო საჩივრის დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარების სააპელაციო სასამართლოში ფ--–-----------ის მიერ ახსნა-განმარტების ეტაპზე დაფიქსირებულ მოთხოვნას პენსიის 2016 წლის 1 აგვისტოდან დანიშვნის შესახებ, რადგანაც ასეთი მოთხოვნა მას სარჩელში დაფიქსირებული არ ჰქონია, ამასთან არც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუსაჩივრებია სააპელაციო წესით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე