განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმეN2ბ/5586-18 5 ნოემბერი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან გვარამია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) _ მ------ ჩ------ე
წარმომადგენელი _ ნ-------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ სს „ს----------–---------“, შპს „ს------------– ავტო“, ა-------- ს---------ი, გ------ ჩ------ე
წარმომადგენელი _ გ----------------- (სს „ს----------–---------ს“ წარმომადგენელი), მ------ ირემაშვილი (შპს „ს------------– ავტოს“ წარმომადგენელი)
დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ რ--------ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
რ--------ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისი გადაწყვეტილებით, მ------ ჩ------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
1. ა) ყადაღისაგან განთავისუფლდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მიხეილ შიობრიშვილის მიერ 2018 წლის 11 მაისს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ №2 აქტში მითითებული მოძრავი ნივთი: ნოუთბუქი ACER;
ბ) მოსარჩელის მოთხოვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მიხეილ შიობრიშვილის მიერ 2018 წლის 11 მაისის აქტით აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთების: ტელევიზორის ,,სამსუნგის"; ტელევიზორის მაგიდის; პერსონალური კომპიუტერის, მონიტორით; სარეცხი მანქანა ბოშის; მაგიდის 8 სკამით; შუშებიანი კარადის; პიანინო ბელარუსის; მაცივარი ტოშიბას; ბოშის გაზქურის; ტრილიაჟის სარკით; სარკის ოქროსფერი ჩუქურთმებით; პრინტერი ეიჩპის; კუთხის დივანის, შუშის ზედაპირიანი მაგიდით; დივიდი ფლეიერი ელ-ჯის ყადაღისაგან განთავისუფლების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
2. ა) მოპასუხეს სს ,,საქართველოს ბანკს" მოსაჩელე მ------ ჩ------ის სასარგებლოდ დაეკისროს 9 ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად; მოსარჩელის მიერ მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც არ დაკმაყოფილდა სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ;
გაუქმდა რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის №2-1733-18 განჩინება, რომლითაც შეჩერდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მიხეილ შიობრიშვილის 2018 წლის 11 მაისის აქტით აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი რეალიზაცია.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 11 მაისის №1, №2 აქტებით აღწერილი და დაყადაღებული იქნა ქ. რ--------, მე-7 მ/რ, №2----ში მდებარე ბინაში არსებული მოძრავი ნივთები. ტელევიზორი „სამსუნგი" ერთი ცალი, ტელევიზორის დასადგამი მაგიდა ერთი ცალი, პერსონალური კომპიუტერი მონიტორით ერთი ცალი, სარეცხის მანქანა ,,ბოში" ერთი ცალი, მაგიდა რვა სკამით, შუშებიანი სერვანდი ერთი ცალი, პიანინო ,,ბელარუსი" ერთი ცალი, მაცივარი ,,ტოშიბა" ერთი ცალი, გაზქურა ,,ბოში" ერთი ცალი, ,,ტრილიაჟი" სარკით ერთი ცალი, სარკე ოქროსფერი ჩუქურთმებით ერთი ცალი, პრინტერი „ეიჩპი“ ერთი ცალი, ნოუთბუქი „ეისერი" ერთ ცალი, კუთხის დივანი შუშის ზედაპირიანი მაგიდით ერთი ცალი, დივიდი პლეიერი ელ.ჯი ერთი ცალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ს. ფ. 2-17)
-შპს ,,ს------------– ავტოს" წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 54-62),-სს ,,ს----------–---------ს" წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 73-80),-გ------ ჩ------ის წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 89- 96),- ქვემო ქართლის აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელ მიხეილ შიობრიშვილის 2018 წლის 11 მაისის №1, №2 აქტები მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (ს. ფ. 18-21)
2.2. ქ. რ--------, მე-7 მ/რ, №2----ში მდებარე ბინის მესაკუთრეა მ------ ჩ------ე 2018 წლის 04 მაისიდან, ხოლო 2017 წლის 26 იანვრის მდგომარეობით მესაკუთრეს გ------ ჩ------ე წარმოადგენდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს. ფ. 26-27, 65-66)
2.3. ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია №A18039207, №A17112040, №A17095512 სააღსრულებო საქმე სადაც კრედიტორებს წარმოადგენენ შპს „ს------------– ავტო“, სს ,,ს----------–---------" და ა-------- ს---------ი, ხოლო მოვალე გ------ ჩ------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 7 ივნისის №A17095512-029/001 წერილი (ს. ფ. 34-35)
2.4. ნოუთბუქი ,,ACER" შეძენილია მ------ ჩ------ის მიერ და წარმოადგენს მის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საგარანტიო ტალონი №-EE (ს. ფ. 146-147)
- 2017 წლის 30 დეკემბრის სს „თ----- ბანკსა" და მ------ ჩ------ეს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება (ს. ფ. 142-145)
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.5. დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები გარდა ნოუთბუქი ,,ACER"-ის არ არის მ------ ჩ------ის საკუთრება. გ------ ჩ------ე არის მოსარჩელე მ------ ჩ------ის მამა რომლებიც ცხოვრობენ ქ. რ--------, მე-7 მ/რ №2----ში მდებარე ბინაში, რომლის მესაკუთრეს 2018 წლის 04 მაისის მდგომარეობით წარმოადგენს მ------ ჩ------ე, თუმცა აღნიშნული ბინა 2017 წლის 26 იანვრის მდგომარეობით წარმოადგენდა გ------ ჩ------ის საკუთრებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
„ეისერის" ფირმის ნოუთბუქი რომ მ------ ჩ------ის საკუთრებას წარმოადგენს სასამართლო ადგენს 2017 წლის 30 დეკემბრის სს „თ----- ბანკსა" და მ------ ჩ------ეს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებისა და საგარანტიო ტალონის №-EE საფუძველზე, ხოლო დანარჩენ ნივთებთან მიმართებაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა მის სასარჩელო მოთხოვნას. კერძოდ, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ აღმასრულებლის აქტში ჩამოთვლილი ნივთები გარდა ნოუთბუქისა მის საკუთრებას წარმოადგენს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
ამავე კანონის 40-ე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირი განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას, იგი მაინც შეიტანება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი პირს იმავდროულად განუმარტავს მის უფლებას – მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. თუ მესამე პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, აღმასრულებელი, კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში, უფლებამოსილია ეს ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 11 მაისის №1, №2 აქტებით აღწერილი და დაყადაღებული იქნა ქ. რ--------, მე-7 მ/რ, №2----ში მდებარე ბინაში არსებული მოძრავი ნივთები. ტელევიზორი „სამსუნგი“ ერთი ცალი, ტელევიზორის დასადგამი მაგიდა ერთი ცალი, პერსონალური კომპიუტერი მონიტორით ერთი ცალი, სარეცხის მანქანა „ბოში“ ერთი ცალი, მაგიდა რვა სკამით, შუშებიანი სერვანდი ერთი ცალი, პიანინო „ბელარუსი“ ერთი ცალი, მაცივარი „ტოშიბა“ ერთი ცალი, გაზქურა ,,ბოში" ერთი ცალი, „ტრილიაჟი“ სარკით ერთი ცალი, სარკე ოქროსფერი ჩუქურთმებით ერთი ცალი, პრინტერი „ეიჩპი“ ერთი ცალი, ნოუთბუქი „ეისერი“ ერთ ცალი, კუთხის დივანი შუშის ზედაპირიანი მაგიდით ერთი ცალი, დივიდი პლეიერი ელ.ჯი ერთი ცალი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ნოუთბუქი „აცერ“ შეძენილია მ------ ჩ------ის მიერ სს „თ----- ბანკთან“ გაფორმებული 2017 წლის 30 დეკემბრის №4080609-9492992 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისად მის საკუთრებას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ასეთი ვარაუდი, ბუნებრივია, იმ შემთხვევებს ასახავს, როცა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება. ასეთ ვითარებაში სამართლებრივი წესრიგი სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთაგან მოითხოვს დაეყრდნონ მფლობელის კეთილსინდისიერებას და ის მიჩნეული იქნას ნივთის მესაკუთრედ. ბრუნვის მონაწილეთა ასეთი ურთიერთდამოკიდებულება ხელს უწყობს ამ ბრუნვის როგორც სიმყარეს, ისე სიმარტივეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად.
სასამართლომ განმარტა, რომ საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. ამდენად, საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა ახსნა-განმარტებით, საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება და მხარეები სადავოდ არ მიიჩნევენ, რომ ქ. რ--------, მე-7 მ/რ, №2----ში მდებარე საცხოვრებელი ბინა საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე მ------ ჩ------ის სახელზე 2018 წლის 04 მაისიდან, ხოლო 2017 წლის 26 იანვრის მდგომარეობით ბინა რეგისტრირებული იყო გ------ ჩ------ის სახელზე. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი ვერ იქნება მოსარჩელე.
რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს სასამართლო მიიჩნევს, რომ არ შეიძლება აღნიშნულით უტყუარად დადგინდეს მოსარჩელის მიერ ქონების აღწერის აქტში ჩამოთვლილი ქონების შეძენის ფაქტი ვინაიდან, ისინი წინააღმდეგობრივია მოსარჩელის ახსნა-განმარტების შინაარსთან. კერძოდ, მოწმე ზურაბ ოქროპირიძის განმარტებით მოსარჩელემ მოძრავი ნივთები შეიძინა დაახლოებით 5-6 წლის წინ, (მოსარჩელე როდესაც არ მუშაობდა) ხოლო მოსარჩელის მითითებით ნივთები შეიძინა 2,5-3 წლის წინ. საგულისხმოა აგრეთვე ის გარემოებაც, რომ მოწმეთა ჩვენებით ოჯახში მხოლოდ მოსარჩელე მუშაობდა შესაბამისად მოსარჩელის მიერ დასახელებული შემოსავლით ვერ იქნებოდა შეძენილი ქონების აღწერის აქტში მითითებული მოძრავი ნივთები.
საქმის მასალებით არ დასტურდება მ------ ჩ------ის მიერ სადავო ნივთების საკუთრების უფლება და შესაბამისად ვერ გაკეთდება დასკვნა, რომ თუნდაც ფლობის ფაქტზე დაყრდნობით ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. საცხოვრებელი ბინა სადაც დაყადაღდა მოძრავი ქონება მართალია არ წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას, მაგრამ როგორც სასამართლომ აღნიშნა იგი 2017 წლის 26 იანვრის მდგომარეობით წარმოადგენდა მოვალის საკუთრებას და მხარეთა განმარტებით იგი ჯერ გაიყიდა აუქციონზე, ხოლო შემდეგ მოსარჩელის მიერ შეძენილი იქნა მყიდველისაგან. შესაბამისად დაყადაღებული ქონება რომ წარმოადგენს მ------ ჩ------ის საკუთრებას ვერ იქნება გაზიარებული იმ საფუძვლით, რომ 2018 წლის 04 მაისს აღირიცხა იგი ბინის მესაკუთრედ, ხოლო 11 მაისს განხორციელდა აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერა. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტებით იგი დაახლოებით 3 წელია მუშაობს და მისი ხელფასი 1200 ლარია, აღნიშნული შემოსავლით შეუძლებელია დასახელებული ქონების შეძენა. ამასთან მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა რომლითაც მისი შეძენის დრო დადასტურდებოდა. მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ აღარ ჩათვალა საჭიროდ შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტების შენახვა, წინააღმდეგობრივია მისივე ახსნა-განმარტებასთან სადაც ის აღნიშნავს, რომ სარეცხის მანქანა და გაზქურა შეძენილია 2,5 წლის წინ, ხოლო მაცივარი საახალწლოდ. შესაბამისად, შეუძლებელია დროის ამ მონაკვეთში საგარანტიო ვადები გასული ყოფილიყო.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება დამატებითი შემოსავლის არსებობის შესახებ ვინაიდან, სასამართლოში არც აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოდგენილა.
სასამართლომ მხარეთა ყურადღებას მიაქცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე საქმეში „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“ სადაც განიმარტა, რომ „[კონვენციის} მე-6 (§1) მუხლი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებთან და მოვალეობებთან დაკავშირებული საჩივარი (იხ. Golder c. Royaume-Uni, 21 pévrier 1975, §§ 28-36, série A No 18). სასამართლოსათვის საჩივრის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული უწყებების მიერ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას (იხ. Hornsby, ხსენებული ზემოთ §§ 40 და შემდგომ)." ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა, რომ აღსრულება სასამართლო პროცესის განუყოფელი ნაწილია (Bourdov c. Russie, No 59498/00, §34, CEDH 2002-III).
განსახილველ შემთხვევაში როდესაც მოვალის მიმართ არსებულ სააღსრულებო საქმეზე დაყადაღებულ ქონებაზე მესამე პირი აცხადებს პრეტენზიას როგორც მესაკუთრე, წარმოდგენილი დოკუმენტაციით უტყუარად უნდა დადგინდეს მოსარჩელის საკუთრების უფლება დაყადაღებულ ქონებაზე და უნდა გაირკვეს ხომ არ არის სარჩელის მიზანი კრედიტორის სასარგებლოდ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული აღსრულების ხელშეშლა და აღსრულებას დაქვემდებარებული ნივთების ამორიცხვა აღსასრულებელი ქონებიდან. აღნიშნული საკითხის გარკვევა ემსახურება იმ მიზანს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებითვე არ მოხდეს იმ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლა, რომელიც სასამართლოს მიერ მიღებულია კრედიტორის სასარგებლოდ. შესაბამისად, როდესაც საკითხი ეხება ქონების ყადაღისგან გათავისუფლებას, მნიშვნელოვანია, იმ პირმა, რომელიც პრეტენზიას აცხადებს ქონების მესაკუთრეობაზე წარმოადგინოს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებს მისი საკუთრების უფლებას ყადაღადადებულ ქონებაზე.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო აღწერის აქტში მითითებულ მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, გარდა ნოუთბუქი ,,acer"-ისა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას და ნივთები განლაგებულია მის საკუთრებაში არსებულ ბინაში. ის რომ ნივთების წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას დაადასტურეს მოწმეებმა 3 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე. მოწმეთა ჩვენებით დადასტურდა, რომ დაყადაღებული ქონება შეძენილია მოსარჩელის მიერ.
3.2. აპელანტის მითითებით, სადავოდ გამხდარი ნივთები მისი საკუთრებაა, ის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთებია, რომელიც მას ჭირდება და რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პირადი მოხმარების ნივთებს წარმოადგენს. შესაბამისად, მოპასუხის ვალების გამო, არ უნდა იქნეს მიქცეული სარეალიზაციოდ აუქციონზე.
მოძრავი ქონება, რა მისამართზეც არის განლაგებული ითვლება, რომ ამ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების საკუთვნებელია, მისი განუყოფელი ნაწილია. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უგულვებელყოფილ იქნა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე. სასამართლომ არ გაიზიარა მოწმეთა ჩვენება, წარდგენილი მტკიცებულებები. აპელანტის განმარტებით, ავეჯის შეძენის შესახებ რაიმე მტკიცებულების წარდგენა, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე შეუძლებელია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია საქმეები, რა დროსაც კრედიტორებს წარმოადგენენ შპს „ს------------– ავტო“, სს „ს----------–---------“, ა-------- ს---------ი (მოსარჩელეები). მითითებული საქმეები გაერთიანდა და 11.05.2018წ. ამ წარმოების ფარგლებში N1 და N2 აქტებით აღწერილი და დაყადაღებული იქნა მოვალის გ------ ჩ------ის (მოპსუხე) საცხოვრებელ მისამართზე - ქ. რ--------, მე-7 მ/რ, №2---, არსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: ტელევიზორი „სამსუნგი“ ერთი ცალი, ტელევიზორის დასადგამი მაგიდა ერთი ცალი, პერსონალური კომპიუტერი მონიტორით ერთი ცალი, სარეცხის მანქანა „ბოში“ ერთი ცალი, მაგიდა რვა სკამით, შუშებიანი სერვანდი ერთი ცალი, პიანინო „ბელარუსი“ ერთი ცალი, მაცივარი „ტოშიბა“ ერთი ცალი, გაზქურა „ბოში“ ერთი ცალი, „ტრილიაჟი“ სარკით ერთი ცალი, სარკე ოქროსფერი ჩუქურთმებით ერთი ცალი, პრინტერი „ეიჩპი“ ერთი ცალი, ნოუთბუქი „ეისერი“ ერთ ცალი, კუთხის დივანი შუშის ზედაპირიანი მაგიდით ერთი ცალი, დივიდი პლეიერი „ელ.ჯი“ ერთი ცალი (იხ. ტ.1, ს.ფ. 18-23; 34-35)
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ყადაღისაგან გათავისუფლდა დაყადაღების შესახებ N2 აქტში მითითებული მოძრავი ნივთი ნოუთბუქი „ეისერი“, ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს.
4.2. აპელანტის განმარტებით, დაყადაღებული ნივთები განლაგებულია მის საკუთრებაში არსებულ ქონებაში და წარმოადგენს მის საკუთრებას, რაც ყადაღისაგან გათავისუფლების საფუძელია.
პალატა ვერ გაიზიარებს მითითებულ პოზიციას და ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ 26.01.2017წ. საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლითაც დგინდება, რომ ამ პერიოდისათვის, უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენდა მოვალე (მოპასუხე) გ------ ჩ------ე, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ მ------ ჩ------ე, უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა 30.04.2018წ. (იხ. ტ.1, ს.ფ. 26-27; 65-66) შესაბამისად, უდავოა, რომ ბინაზე საკუთრების უფლების გადასვლის მომენტში მხარეებისათვის ცნობილი იყო სააღსრულებო წარმოების შესახებ, ამასთან დადგენილ გარემოებას წარმოადგენს რომ გ------ ჩ------ე და მ------ ჩ------ე არიან მამა-შვილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცება იმის შესახებ, რომ ის როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე პრეზუმირებულად წარმოადგენს დაყადაღებული მოძრავი ნივთების მესაკუთრესაც, პალატის შეფასებით საფუძველს მოკლებულია.
4.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს ფაქტობრივ მფლობელობას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აღნიშნულ ნივთებზე საკუთრების ვარაუდი.
4.4. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
პალატა მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავების განხილვისას, როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტით, მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა. კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ უძრავი ქონების ადრინდელ მესაკუთრეს წარმოადგენდა მოვალე გ------ ჩ------ე, ამასთან, მოსარჩელესთან მისი ნათესაური კავშირის გათვალისწინებით (მამა-შვილი), სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობს მოსარჩელის ამ ყადაღადადებული ნივთების მესაკუთრედ მიჩნევისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე პრეზუმფციის დაშვების საფუძველი. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა სათანადო მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე, მისი საკუთრების უფლების არსებობა. პალატის შეფასებით, ამ მხრივ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები, ვინაიდან მათი შინაარსი წინააღმდეგობაშია თავად მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან.
4.5. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის (მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ) თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, მესამე პირი უფლებამოსილია მოვალეს, რომლის ვალდებულების გამოც მოხდა მესამე პირის ქონების გასხვისება, მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სადავო ქონება წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, ეკისრება მოსარჩელე მხარეს, ვინაიდან სარჩელი ქონების ყადაღისგან გათავისუფლების თაობაზე სწორედ დასახელებულ გარემოებას ეფუძნება. აპელანტმა კი, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ვერ მოახდინა თავისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება სასამართლოში საქმის განხილვის დროს. მოწმეთა ჩვენებით ცალსახად ვერ იქნა დადასტურებული დაყადაღებული ნივთების მოსარჩელისათვის კუთვნილების ფაქტი, ასევე, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ აღნიშნული ნივთები შეძენილია მოსარჩელის მიერ. შესაბამისად, სააპელაციო სსამართლო მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სადავო მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე და სარჩელი გასაჩივრებულ ნაწილში მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სააპელაციო საჩივარი კი დაუსაბუთებულია და ვერ იქნება გაზიარებული.
4.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლომ გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე, რომ არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრების დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ------ ჩ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ამ საქმეზე რ--------ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ლევან გვარამია