განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1840-19
N330310018002496124
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ხატია არდაზიშვილი
მოსამართლეები: ნანა ჭიჭილეიშვილი
დავით ახალბედაშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ა-----–-------ე
წარმომადგენელი - მ-----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - მ---------------–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ა-----–-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 2017 წლის 21 დეკემბერს მიღებული იქნა MIA 3------------ ბრძანება ,,2017 წლის 22-24 დეკემბერს სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების განხორციელების შესახებ“, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად, 2017 წლის 22 დეკემბრის 18:00 საათიდან 24 დეკემბრის 06:00 საათამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიება.
ამავე ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების ორგანიზება და განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში დაევალათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტერიტორიულ ორგანოებს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფებს თავიანთი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით; მე-4 პუნქტის შესაბამისად, დაევალათ სპეციალურ საპოლიციო კონტროლის ღონისძიებაში მონაწილე სამინისტროს მოსამსახურეებს: ა) სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ შესაბამისი სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლითა და ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით; ბ) სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების პროცესში „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონის შემდეგი მოთხოვნები: ბ.ა) პირის ზედაპირული შემოწმება ტარდება მხოლოდ ტანსაცმლის გარე ზედაპირზე ხელის, სპეციალური ხელსაწყოს ან საშუალების შეხებით; ბ.ბ) ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება ტარდება მხოლოდ ნივთის ან/და სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერებით, ხოლო სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში – საბარგულის ვიზუალური დათვალიერებით; ბ.გ) თუ ზედაპირული შემოწმების დროს წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, პოლიციელი ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; გ) დანაშაულის ან სხვა სახის სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, განისაზღვა, რომ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და მათდამი დაქვემდებარებულმა მოსამსახურეებმა უზრუნველყონ „საპოლიციო პრევენციული ღონისძიების განხორციელების ზოგიერთი წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 11 აპრილის №290 ბრძანებით გათვალისწინებული წესებისა და მოთხოვნების დაცვა (ს.ფ. 21-22).
1.2.2. 2017 წლის 22 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, მეტროსადგურ ,,მ--------–---–ის“ საინფორმაციო დაფასთან ა-----–-------ე შეაჩერა ორმა პოლიციელმა. მეტროს სადგურში არსებულ პოლიციის ოთახში, დაადგინეს მისი პირადი მონაცემები და შეამოწმეს ზედაპირულად.
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა.
მითითებული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს პოლიცია არის სამინისტროს სისტემაში შემავალი, აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, ეს კანონი და საქართველოს სხვა კანონები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის აღსრულების მიზნით მინისტრი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტებსა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ახორციელებს ადმინისტრაციულ რეალაქტებს.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებულ ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებაზე“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ასევე სხვა საჯარო ფუნქციებს. ამავე დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის MIA 3------------ ბრძანებას ,,2017 წლის 22-24 დეკემბერს სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების განხორციელების შესახებ“, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად, 2017 წლის 22 დეკემბრის 18:00 საათიდან 24 დეკემბრის 06:00 საათამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიება.
სასამართლომ მიუთითა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა; მე-2 პუნქტის მიხედვით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი არის პოლიციის მიერ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე და განსაზღვრული დროით, აგრეთვე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ტერიტორიაზე და სათანადო დროით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად განხორციელებული შემოწმება, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების შესახებ წერილობით განკარგულებას გამოსცემს მინისტრი, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ზეპირ განკარგულებას გამოსცემს მინისტრი ან მისი ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირი. ასეთი ზეპირი განკარგულება 24 საათის განმავლობაში წერილობით უნდა გაფორმდეს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სპეციალური საპოლიციო კონტროლისას ხორციელდება ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემოწმება და დათვალიერება, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას პოლიციელი აღჭურვილი უნდა იყოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით.
ამდენად, სასამართლომ მიუთითა, რომ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი იყო მიეღო ბრძანება სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების შესახებ. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეული არ არის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება. ასეთ დარღვევაზე არც მოსარჩელე მხარე მიუთითებდა.
სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ა-----–-------ე გასაჩივრებულ აქტს - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის MIA 3------------ ბრძანებას, სადავოდ ხდის მისი მატერიალური კანონიერების კუთხით, ბრძანების შინაარსის კონკრეტულ სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამობის მოტივით. კერძოდ, მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნის ერთ-ერთ არგუმენტად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ,,2017 წლის 22-24 დეკემბერს სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის MIA 3------------ ბრძანება ეწინააღმდეგება ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და მე-13 მუხლებით დადგენილ თანაზომიერებისა და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პრინციპებს, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლს (საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა).
სასამართლომ მიუთითა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საპოლიციო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული, ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, პოლიციელის მიერ შერჩეული საპოლიციო ღონისძიება არის გამოსადეგი, თუ ის შესაძლებელს ხდის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციელის მიერ შერჩეული გამოსადეგი საპოლიციო ღონისძიება არის აუცილებელი, თუ ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც ღონისძიების ადრესატს, ისე სხვა პირს, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელის მიერ განხორციელებული აუცილებელი საპოლიციო ღონისძიება არის პროპორციული, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა. მითითებული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიცია თავისი ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში; მე-2 პუნქტის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია გადაწყვიტოს, განახორციელოს თუ არა საპოლიციო ღონისძიება, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელს მინიჭებული აქვს თავისუფლება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რამდენიმე საპოლიციო ღონისძიებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის MIA 3------------ ბრძანებაში მხოლოდ ზოგადად არის მითითებული ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე და ბრძანებიდან არ იკვეთება რა კონკრეტული ლეგიტიმური მიზანი ჰქონდა სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებას და რა ფაქტობრივი გარემოებები არსებობდა (რომელი დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის და ტერიტორიულად სად იგეგმებოდა/მოხდა აღნიშნული დანაშაული/ სამართალდარღვევა), რის გამოც უნდა განხორციელებული სპეციალური საპოლიციო კონტროლი. ამდენად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ეჭვქვეშ დგება ამ ღონისძიების თანაზომიერება და ამ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე აღარ დგას საჭიროების წინაშე, განხორციელებული საპოლიციო ღონისძიება შეაფასოს გამოსადეგობის, აუცილებლობის და პროპორციულობის კრიტერიუმებით.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია და განმარტა, რომ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა. ამდენად, კანონმდებელი უშვებს სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა. ამასთან, ასეთი ვარაუდისთვის საკმარისი საფუძვლის განმარტებას ან საკმარისი საფუძვლის შემადგენლობისთვის აუცილებელ პირობებს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრია უფლებამოსილი განსაზღვროს არსებობს თუ არა საკმარისი საფუძველი ასეთი ვარაუდისთვის და გამოსცეს ბრძანება სპეციალური საპოლიციო კონტროლის დაწესების შესახებ.
სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ასეთი უფლებამოსილების მინიჭება განპირობებულია იმით, რომ პოლიციის საქმიანობა უპირველესად საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზანს ემსახურება, რაც ყოველი სახელმწიფოს სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტიაა. ამასთან, აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ პოლიციის საქმიანობა შეუზღუდავია და არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება. სასამართლო მიუთითებს, რომ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია ის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები, რომელთა დაცვაც და რომლის საფუძველზე მოქმედებაც ყველა პოლიციელის ვალდებულებაა. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პოლიციელის მიერ საპოლიციო ღონისძიების პოლიციის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევით განხორციელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის MIA 3------------ ბრძანებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ მისი გამოცემის საფუძველს წარმოადგენს სწორედ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი, რომელიც სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას დასაშვებად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი გამოცემული იქნა სწორედ დანაშაულის ან სხვა სამართალდარღვევის ჩადენის ან უკვე ჩადენილი დანაშაულის ან სხვა სამართალდარღვევის ვარაუდისთვის საკმარისი საფუძვლის არსებობის მოტივით. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ ბრძანებაში სიტყვასიტყვით არ არის ასახული ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის დეფინიცია, არ ნიშნავს იმას, რომ ბრძანების შინაარსიდან მისი გამოცემის ლეგიტიმური მიზანი არ იკვეთება. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული ბრძანება დაუსაბუთებელია, ვინაიდან მასში არ არის მითითებული რა ფაქტობრივი გარემოებები არსებობდა (რომელი დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის და ტერიტორიულად სად იგეგმებოდა/მოხდა აღნიშნული დანაშაული/სამართალდარღვევა), რის გამოც უნდა განხორციელებულიყო სპეციალური საპოლიციო კონტროლი. სასამართლომ განმარტა, რომ შეუძლებელია ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის განმახორციელებელმა ორგანომ (მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ), რომელსაც აქვს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა, სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების შესახებ ბრძანებაში მიუთითოს თუ კონკრეტულად რომელი დანაშაულის და კონკრეტულად რომელ ტერიტორიაზე ჩადენის ვარაუდისთვის აქვს საკმარისი საფუძველი შინაგან საქმეთა სამინისტროს. ასეთ შემთხვევაში, აზრი დაეკარგა სპეციალური საპოლიციო კონტროლის დაწესების მიზანს, მოხდება სავარაუდო დამნაშავე პირებისთვის პოლიციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წინასწარ მიწოდება, რაც საბოლოო ჯამში საპოლიციო საქმიანობის განხორციელების არაეფექტურობას გამოიწვევს.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,2017 წლის 22-24 დეკემბერს სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის MIA 3------------ ბრძანება წინააღმდეგობაში არ მოდის ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12, მე-13 მუხლებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მე-7 მუხლით დადგენილ თანაზომიერებისა და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პრინციპებთან და სრულად შეესაბამება მათ. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე თავად ადასტურებს, რომ ა-----–-------ის გადამოწმებისას პოლიციის თანამშრომლები იქცეოდნენ თავაზიანად, განუმარტეს მისი გადამოწმების საფუძველი და პოლიციის მხრიდან, მოსარჩელის მიმართ სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება იყო პროპორციული და ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის გათვალისწინებით, ემსახურებოდა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, პირის ზედაპირული გადამოწმება და მისი პირადი მონაცემების დადგენა არ ქმნის პირის სიკეთისთვის ისეთი ზიანის მიყენების მოცემულობას, რომელიც აღემატება კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად განხორციელებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების საფუძველზე დასაცავ სიკეთეს, მაშინ როცა არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია ამ ნაწილში უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.
1.3.2. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის MIA 3------------ ბრძანებას სადავოდ ხდის ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-16 და მე-20 მუხლებთან შეუსაბამობის მოტივით. მოსარჩელის პოზიციით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხდება ჩარევა კონსტიტუციით გარანტირებულ ისეთ უფლებებში, როგორიცაა ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
სასამართლოს განმარტებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. კონსტიტუციის ამავე რედაქციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე თავად მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ზემოაღნიშნული უფლებები არ წარმოადგენენ აბსოლუტური ხასიათის უფლებებს და მათში ჩარევა დასაშვებია კონსტიტუციით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. თუმცა, ა-----–-------ის პოზიციით, ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის MIA 3------------ ბრძანებაში არ არის მითითებული მისი გამოცემის ლეგიტიმური მიზანი, ამდენად, ასეთი ბრძანების მოქმედების ფარგლებში განხორციელებული სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიებებით უსაფუძვლოდ შეიზღუდა მოსარჩელე მხარის თავისუფალი განვითარების უფლება.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის აღნიშნული არგუმენტაცია და მიუთითა, რომ ,,2017 წლის 22-24 დეკემბერს სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის MIA 3------------ ბრძანება ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის გათვალისწინებით, ემსახურებოდა სწორედ ამ მუხლში მოცემული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და ბრძანებაში ამ მიზნის კონკრეტული ასახვა იმ ფორმით, რაზეც მოსარჩელე აპელირებს (რომელი დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის და ტერიტორიულად სად იგეგმებოდა/მოხდა აღნიშნული დანაშაული/სამართალდარღვევა), საპოლიციო საქმიანობის განხორციელების არაეფექტურობას გამოიწვევდა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული მოტივით (კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის არარსებობა), სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებით პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის შესახებ, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ უფლებაში (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) ჩარევასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ ამ ნაწილში მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია ემყარება იმ გარემოებებს, რომ გასაჩივრებული ბრძანების საფუძველზე სპეციალური საპოლიციო კონტროლის ფარგლებში პოლიციის თანამშრომელთა მიერ განხორციელებული მოქმედებებით შეიზღუდა ა-----–-------ის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, რადგან სამართალდამცავებმა აღნიშნულ ბრძანებაზე მითითებით, მოსარჩელეს მოსთხოვეს დამორჩილება, პოლიციის ოთახში გაყოლა და მათთვის პერსონალური ინფორმაციის განდობა. ასევე, მოსარჩელის განმარტებით, ზედაპირული დათვალიერების გზით პოლიციელები ჩაერივნენ მოსარჩელის პირადი ცხოვრების უფლებაში, დაათვალიერეს მისი ტანისამოსი ზედაპირულად და შეამოწმეს მისი პირადი ნივთები.
სასამართლომ მიუთითა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ პრევენციულ ღონისძიებებს: ა) პირის გამოკითხვა; ბ) პირის იდენტიფიკაცია; გ) პირის მოწვევა; დ) ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება; ე) სპეციალური შემოწმება და დათვალიერება; ვ) სპეციალური საპოლიციო კონტროლი; ზ) ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა; თ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა; ი) ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება; კ) ტექნიკური საშუალებების შექმნა და გამოყენება; ლ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება.
ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს პოლიციის უფლებამოსილებას საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებები, რომელთა შორის მითითებულია პირის იდენტიფიკაცია და მისი ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია რატომ წარმოადგენს სპეციალური საპოლიციო კონტროლის საფუძველზე განხორციელებული მოქმედებების ფარგლებში პოლიციის მიერ პირის იდენტიფიკაცია, მისი ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება პიროვნების პირადი ცხოვრების უფლებაში არათანაზომიერ ჩარევას, მაშინ როცა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი ასეთი მოქმედებების განხორციელების უფლებას პოლიციის თანამშრომლებს პრევენციული ღონისძიებების ფარგლებშიც კი ანიჭებს. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მასში ჩარევა დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. განსახილველ შემთხვევაში კი, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემულ იქნა ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე, კანონით დადგენილი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, ამ ბრძანებით დადგენილი სპეციალური საპოლიციო კონტროლის ფარგლებში პოლიციის მიერ განხორციელებული მოქმედებებით, მოსარჩელე მხარის პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევა არ წარმოადგენს გაუმართლებელ ან არაპროპორციულ ჩარევას და სრულად შეესაბამება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ,,2017 წლის 22-24 დეკემბერს სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის MIA 3------------ ბრძანების ბათილად ცნობისა და ამ ნაწილში ა-----–-------ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
1.3.3. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი, ხოლო 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
სასამართლოს განმარტებით, ა-----–-------ე მეორე სასარჩელო მოთხოვნით ითხოვს მოპასუხე მხარისთვის მის სასარგებლოდ, მორალური ზიანის - 1 ლარის ოდენობით, ანაზღაურების დაკისრებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მორალური ზიანი მას მიადგა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის MIA 3------------ ბრძანების მოქმედებით, რომელმაც განაპირობა მოსარჩელის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რითაც მოსარჩელეს მიადგა არამატერიალური, მორალური ზიანი. სასამართლომ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როცა სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი ,,2017 წლის 22-24 დეკემბრის სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის MIA 3------------ ბრძანების გამოცემისას, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის ნორმათა დარღვევის ფაქტი, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ ა-----–-------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირ მსჯელობას იმის თაობაზე, თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 36 საათის განმავლობაში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიება, პროპორციულობისა და დისკრეციული უფლებამოსილების პრინციპების შესაბამისად. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე არ დგინდება, თუ რა ლეგიტიმური მიზნის საპირწონედ მიიჩნია სასამართლომ გამართლებულად 36 საათის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო ვითარების დადგენა, იმ დათქმით, რომ ნებისმიერი პირი შეიძლება გამხდარიყო სამართალდამცველთა მიერ შეჩერებისა და ზედაპირული დათვალიერების ადრესატი. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება არ მიუთითებს, რატომ არის სპეციალური საპოლიციო კონტროლი ერთადერთ თანაზომიერ და პროპორციულ ღონისძიებად მიჩნეული. სასამართლო მრავალგზის მიუთითებს, რომ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცემის ლეგიტიმური მიზანი, თუმცა არსად არ აკეთებს განმარტებას იმის თაობაზე, თუ რაში გამოიხატა სასამართლოსთვის ამ ბრძანების ლეგიტიმურობა. სასამართლო ასევე არ მსჯელობს გასაჩივრებული ბრძანებით აპელანტისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით დაცულ სფეროში უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებელ ჩარევაზე და ამ შემთხვევაშიც თითქოს და ლეგიტიმური მიზნის არსებობით ამართლებს სამართალდამცველთა მხრიდან აპელანტის თავისუფალი განვითარების უფლებასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში უხეშ ჩარევას.
აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რომელიც გამოიყენა. აპელანტი მიუთითებს “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანებაში არ არის დასაბუთებული, რომელი დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე არსებობდა საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის და ტერიტორიულად სად იგეგმებოდა/მოხდა აღნიშნული დანაშაული/სამართალდარღვევა, რომლის მიმართაც უნდა განხორციელებულიყო სპეციალური საპოლიციო კონტროლი. ბრძანება მხოლოდ ფორმალურად, ბლანკეტურად მიუთითებს ღონისძიების განხორციელების საფუძვლებზე და არ ხდება მისი მატერიალური დასაბუთება, კერძოდ, რატომ გახდა საჭირო მთელი ქვეყნის მასშტაბით 36 საათის განმავლობაში განსაკუთრებული რეჟიმის შემოღება, რა დროსაც სამართალდამცავებს მიეცათ შესაძლებლობა, შესაბამისი დასაბუთების გარეშე ნებისმიერი მოქალაქე შეემოწმებინათ ზედაპირულად, დაეთვალიერებინათ მათი ნივთები და სატრანსპორტო საშუალებები. სპეციალური საპოლიციო კონტროლის ამგვარი ინტენსიური ფარგლები ბრძანებაში არ არის საკმარისად დასაბუთებული. მინისტრის აქტი შეუსაბამობაშია “პოლიციის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებულ პროპორციულობის პრინციპთან. “პოლიციის შესახებ” კანონის 8.1 მუხლის თანახმად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ზოგადად ადგენს, რომ საპოლიციო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული. მოცემულ შემთხვევაში, ბრძანებიდან არ იკვეთება, რა კონკრეტული ლეგიტიმური მიზანი ჰქონდა სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებას. მინისტრის ბრძანება ასევე წინააღმდეგობაში მოდის “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 13.3 მუხლთან (დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პრინციპი) და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლთან, რომლის მიხედვითაც, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. მოცემულ შემთხვევაში, კონკრეტული ლეგიტიმური მიზნით არ არის გადაწონილი ის ზიანი, რომელიც ღონისძიების ფარგლებში მიადგა აპელანტს. გასაჩივრებული ბრძანება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-12 და მე-15 მუხლებს. ბრძანებით გათვალისწინებული სპეციალური საპოლიციო კონტროლის ფარგლებში სამართალდამცავებს მიენიჭათ შესაძლებლობა, კონკრეტული პირების მიმართ რაიმე საფუძვლების/დასაბუთების გარეშე განხორციელებულიყო ზედაპირული შემოწმება და ზედაპირული დათვალიერება. ამ ღონისძიებების ფარგლებში ცალსახად ხდება ჩარევა კონსტიტუციით გარანტირებულ ისეთ უფლებებში, როგორიც არის ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ცხადია, აღნიშნული უფლებები არ არის აბსოლუტური ხასიათის და საქართველოს კონსტიტუცია თავადვე ადგენს მათში ჩარევის საფუძვლებს, თუმცა მათი ნებისმიერი ფორმით შეზღუდვა გამართლებული უნდა იყოს კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოყენებული აუცილებელი და პროპორციული ზომით. მინისტრის ბრძანების საფუძვლებად მითითებული არ არის კონკრეტულ ლეგიტიმურ მიზანზე და სპეციალური საპოლიციო კონტროლი ამგვარად გავრცელდა ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეზე, მათ შორის აპელანტზეც.
აპელანტის განმარტებით, სადავო ბრძანების საფუძველზე განხორციელებული სპეციალური საპოლიციო კონტროლის ფარგლებში აპელანტის ორივე ზემოაღნიშნული კონსტიტუციური უფლება შეიზღუდა, რადგან სამართალდამცავებმა, ბრძანებაზე მითითებით, აპელანტს მოსთხოვეს დამორჩილება, კერძოდ, პოლიციის ოთახში გაყოლა, მათთვის პერსონალური ინფორმაციის განდობა, აგრეთვე, ზედაპირული დათვალიერების გზით პოლიციელები ჩაერივნენ აპელანტის პირადი ცხოვრების უფლებაში, დაათვალიერეს მისი ტანსაცმელი ზედაპირულად და შეამოწმეს მისი პირადი ნივთები. ამდენად, სახეზეა ყველა წინაპირობა აპელანტისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. აპელანტი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, ზაკ-ის 108-ე, 207-ე, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლებზე, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.11.2007წ. Nბს-198-187(კ-07), 30.01.2004წ. Nბს-190-361(კ-03) განჩინებებზე და განმარტავს, რომ აპელანტის მიერ მოთხოვნილი მორალური ზიანის ანაზღაურების თანხა სიმბოლურ ოდენობით გამოიხატება, მისთვის უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად უპირატესია სასამართლოს მიერ თავად ამ ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება და შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობა. ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებასთან. "სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების" ცნებას უნდა მიეცეს ფუქნციონალური დატვირთვა, რაც გულისხმობს საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესს. უდავოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანება სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების შესახებ სწორედ მინისტრის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესს უკავშირდება. ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი ელემენტია სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ ზიანის მიყენების განზრახვა ან უხეში გაუფრთხილებლობა. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მასშტაბური და ტოტალური კონტროლის განხორციელების განზრახვა ნათლად იკვეთება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში. კერძოდ კი, აბსტრაქტული საფუძვლებით, დანაშაულის ზოგადი პრევენციის მიზნით, 36 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო კონტროლის განხორციელება, რა დროსაც ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირი შეიძლება დაექვემდებაროს პოლიციის მხრიდან შემოწმებას, წარმოადგენს არაპროპორციულ და არათანაზომიერ ჩარევას მოქალაქეთა უფლებებში. ამ ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო ადგენს განსხვავებულ სამართლებრივ ბალანსს მოქალაქეებსა და პოლიციელს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მსგავსი ინტენსივობისა და მასშტაბის უფლების მზღუდავი მექანიზმის გამოყენება სახელმწიფოს მხოლოდ განსაკუთრებულ, არაორდინალურ ვითარებაში უნდა შეეძლოს, თუმცა ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე “რეიდი” ჩატარდა ზოგადი პრევენციის მიზნით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სამსახურებრივ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად დამდგარი ზიანი თავისთავად არ წარმოშობს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას. კრიმინალის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი უფლებამოსილებაა, მაგრამ აღნიშნული ყოველთვის ადამიანის უფლებების მაქსიმალური პატივისცემით უნდა წარიმართოს. სახელმწიფო ვალდებულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად გამოიყენოს ის სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც ძირითად უფლებებში ნაკლებ ჩარევას მოითხოვს. მოცემულ შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით იკვეთება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მასშტაბური და ინტენსიური კონტოლის განხორციელების მიზანი. აპელანტი სწორედ ამ სპეციალური საპოლიციო კონტროლის ადრესატია. აპელანტის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით დაცულ სფეროში დაუსაბუთებელი, არათანაზომიერი ჩარევა და მისთვის მორალური ზიანის მიყენება პირდაპირ უკავშირდება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებას ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების თაობაზე. სწორედ აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გახორციელდა მისი გაჩერება, ზედაპირული შემოწმება, პოლიციელების მხრიდან პირადი ინფორმაციის გამოკითხვა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ შსს 21.12.2017წ. ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, წინააღმდეგობაში მოდის "პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12, მე-13 მუხლებთან და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლთან. შესაბამისად, არსებობს ყველა წინაპირობა მითითებული ბრძანების ბათილად ცნობისა და აპელანტის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
3.1. სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს ‘‘პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს. აღნიშნული კანონის 1.2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, ხოლო მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს პოლიცია არის სამინისტროს სისტემაში შემავალი, აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად. ამავე კანონის 5.1 მუხლის შესაბამისად, პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, ეს კანონი და საქართველოს სხვა კანონები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები. მითითებული კანონის 24.1 მუხლის თანახმად, პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სპეციალური საპოლიციო კონტროლი არის პოლიციის მიერ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე და განსაზღვრული დროით, აგრეთვე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ტერიტორიაზე და სათანადო დროით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად განხორციელებული შემოწმება. მე-3 პუნქტის შესაბამისად, სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების შესახებ წერილობით განკარგულებას გამოსცემს მინისტრი, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ზეპირ განკარგულებას გამოსცემს მინისტრი ან მისი ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირი. ასეთი ზეპირი განკარგულება 24 საათის განმავლობაში წერილობით უნდა გაფორმდეს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სპეციალური საპოლიციო კონტროლისას ხორციელდება ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემოწმება და დათვალიერება, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას პოლიციელი აღჭურვილი უნდა იყოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით.
სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლიდან გამომდინარე, კანონმდებელი უშვებს სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა. ასეთი ვარაუდისთვის საკმარისი საფუძვლის განმარტებას ან საკმარისი საფუძვლის შემადგენლობისთვის აუცილებელ პირობებს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრია უფლებამოსილი განსაზღვროს, არსებობს თუ არა საკმარისი საფუძველი ასეთი ვარაუდისთვის და გამოსცეს ბრძანება სპეციალური საპოლიციო კონტროლის დაწესების შესახებ. შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ასეთი უფლებამოსილების მინიჭება განპირობებულია იმით, რომ პოლიციის საქმიანობა უპირველესად საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზანს ემსახურება, რაც ყოველი სახელმწიფოს სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტიაა. ამასთან, აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ პოლიციის საქმიანობა შეუზღუდავია და არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება. ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია ის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები, რომელთა დაცვაც და რომლის საფუძველზე მოქმედებაც ყველა პოლიციელის ვალდებულებაა. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბრძანებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ მისი გამოცემის საფუძველს წარმოადგენს ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი, რომელიც სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას დასაშვებად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი გამოცემულია სწორედ დანაშაულის ან სხვა სამართალდარღვევის ჩადენის ან უკვე ჩადენილი დანაშაულის ან სხვა სამართალდარღვევის ვარაუდისთვის საკმარისი საფუძვლის არსებობის მოტივით. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ ბრძანებაში სიტყვასიტყვით არ არის ასახული ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის დეფინიცია, არ ნიშნავს იმას, რომ ბრძანების შინაარსიდან მისი გამოცემის ლეგიტიმური მიზანი არ იკვეთება. პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ შეუძლებელია, ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის განმახორციელებელმა ორგანომ, რომელსაც აქვს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა, სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების შესახებ ბრძანებაში მიუთითოს, თუ კონკრეტულად რომელი დანაშაულის და კონკრეტულად რომელ ტერიტორიაზე ჩადენის ვარაუდის საკმარისი საფუძველი აქვს. ასეთ შემთხვევაში, აზრი დაეკარგებოდა სპეციალური საპოლიციო კონტროლის დაწესების მიზანს, მოხდებოდა სავარაუდო დამნაშავე პირებისთვის პოლიციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წინასწარ მიწოდება, რაც საბოლოო ჯამში საპოლიციო საქმიანობის განხორციელების არაეფექტურობას გამოიწვევდა. განსახილველ შემთხვევაშიც, მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით სახეზე იყო შესაბამისი ინფორმაცია სავარაუდი დანაშაულის ან სხვა სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის თაობაზე, თუმცა მისი დეტალური აღწერა სადავო ბრძანებაში არ განხორციელებულა, რადგან ეს გამოიწვევდა სავარაუდო დამნაშავე პირებისთვის პოლიციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წინასწარ მიწოდებას, რაც საბოლოო ჯამში საპოლიციო საქმიანობის განხორციელების არაეფექტურობას გამოიწვევდა. ამდენად, შსს 21.12.2017წ. MIA 3------------ ბრძანება შესაბამისობაშია თანაზომიერებისა და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პრინციპებთან, მოსარჩელე თავად ადასტურებს, რომ გადამოწმებისას პოლიციის თანამშრომლები იქცეოდნენ თავაზიანად, განუმარტეს გადამოწმების საფუძველი, ადგილი არ ჰქონია სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას. პირის ზედაპირული გადამოწმება და მისი პირადი მონაცემების დადგენა არ ჰქმნის მისთვის ისეთი ზიანის მიყენების მოცემულობას, რომელიც აღემატება სპეციალური საპოლიციო ღონისძიების განხორციელებით დასაცავ სიკეთეს, მაშინ როცა არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა. სააპელაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ გარდა მოსარჩელის სიტყვიერი ახსნა-განმარტებისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება მისი შეჩერებისა და შემოწმების თაობაზე.
პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა, რომ სადავო შსს 21.12.2017წ. MIA 3------------ ბრძანება შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-16, მე-20 მუხლებთან. მოსარჩელე თავადვე ადასტურებს, რომ კონსტიტუციის მითითებული მუხლებით გარანტირებული უფლებები არ არის აბსოლუტური ხასიათის და მათში ჩარევა დასაშვებია, კონსტიტუციით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. უდავოა, რომ გასაჩივრებული ბრძანება ემსახურებოდა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და ბრძანებაში ამ მიზნის კონკრეტული ასახვა იმ ფორმით, რაზეც მოსარჩელე აპელირებს, საპოლიციო საქმიანობის განხორციელების არაეფექტურობას გამოიწვევდა. ამდენად, მოსარჩელის არგუმენტაცია, კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის არარსებობის გამო, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებით პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის შესახებ, უსაფუძვლოა. ამასთანავე, საქალაქო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ სადავო ბრძანებით დადგენილი სპეციალური საპოლიციო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული მოქმედებებით მოსარჩელის პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევა, არ წარმოადგენს გაუმართლებელ ან არაპროპორციულ ჩარევას და სრულად შეესაბამება სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლს. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მასში ჩარევა დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლიდან გამომდინარე, პოლიციის უფლებამოსილებაში შედის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, პირის იდენტიფიკაცია, მისი ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება. ამდენად, კანონი მითითებული მოქმედებების განხორციელების უფლებას პოლიციის თანამშრომლებს პრევენციული ღონისძიებების ფარგლებშიც კი ანიჭებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ არ არსებობს ,,2017 წლის 22-24 დეკემბერს სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 21.12.2017წ. MIA 3------------ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც არ დადგინდა მითითებული ბრძანების გამოცემისას, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი, უსაფუძვლოა მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაც.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2 მუხლის შესაბამისად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-----–-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე: ხატია არდაზიშვილი
მოსამართლეები: ნანა ჭიჭილეიშვილი
დავით ახალბედაშვილი