განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210117002150908
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2/ბ-575-19 27 ნოემბერი 2019 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოსარჩელე): შპს ,,ზ-----7“
წარმომადგენელი: თ---------- ხ-----–--
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): შპს ,,ზ----“
წარმომადგენელი: ზ----- ფ------
დავის საგანი: თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და 2018 წლის 05 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შპს „ზ----“-სთვის, შპს „ზ---- 7“-ის სასარგებლოდ დამატებით, 593 311,39 ლარის გადახდის დაკისრება. საადვოკატო მომსახურეობის ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება, შპს „ზ----“-სთვის, შპს „ზ---- 7“-ის სასარგებლოდ დამატებით, 21232,46 ლარის გადახდის დაკისრება. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან. 2009-2016 წლების განმავლობაში, მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდებიდან გამომდინარე, მოპასუხეს ერიცხება მოსარჩელის სასარგებლოდ ფულადი დავალიანება 595 715,39 ლარის ოდენობით, რომლის თაობაზეც, 2016 წლის 09 ნოემბერს, მხარეებს შორის გაფორმდა ვალდებულების აღიარება/დადასტურების შესახებ შედარების აქტი. მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება ხორციელდებოდა მხარეებს შორის ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, რაც საბოლოოოდ ფორმდებოდა საგადასახადო კანონმდებლობით თითოეული ოპერაციისათვის გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციით, კერძოდ: დღგ-ს ანგარიშფაქტურებით, მიღება-ჩაბარების აქტებით, სადაც მხარეთა მიერ განსაზღვრული იყო მომსახურების/საქონლის ღირებულება (ფასი) და მოპასუხის მიერ გადასახდელი ჯამური დავალიანება. შპს ,,ზ----"-ს გააჩნია რა 25% პარტნიორული წილი შპს ,,ზ-----7"-ში, მოპასუხემ, დაგროვილი დავალიანების დაფარვის მიზნით, 2011-2014 წლებში არასრული ანგარიშსწორება აწარმოა მოსარჩელისაგან დივიდენდის სახით მისაღები თანხის გამოქვითვის გზით, რის შედეგადაც მოპასუხის საბოლოო დავალიანება შემცირდა 595 715,39 ლარამდე, თუმცა მოპასუხე თავს არიდებს ვალდებულების სრულად შესრულებას და დავალიანების გადახდას. ვინაიდან, მოპასუხე იმავდროულად არის მაჟორიტარი პარტნიორი, მის მიმართ თანხის დაკისრებისათვის არსებობს გამჭოლი პასუხისმგებლობის საფუძველი. მოპასუხის პოზიცია: შპს ,,ზ----ს" წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, სარჩელის წარდგენამდე (2017 წლის 11 ოქტომბერი) სამი წლის განმავლობაში წარმოშობილი დავალიანების- 2404 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენი თანხის - 593311,39 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობის გამო და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული, 2016 წლის 09 ნოემბრის შედარების აქტი იყო, მხოლოდ ფაქტების კონსტანტაცია და არ წარმოადგენდა ვალის აღიარების ხელშეკრულებას. შედარების აქტით მხარეები არ შეთანხმებულან არსებით პირობებზე, არ განსაზღვრულა დავალიანების გადახდის ვალდებულება, გადახდის ვადა/დრო და წესი. არც გადახდის შესახებ მოპასუხის დაპირებას შეიცავდა და წარმოადგენდა, მხოლოდ ვალდებულების ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას. 2009 წლიდან დაგროვილი დავალიანების დაფარვის მიზნით, მოპასუხემ აწარმოა ანგარიშსწორება და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებების საფუძველზე, მოსარჩელისაგან დივიდენდების სახით მისაღები თანხით გაქვითა, 2014 წლის 21 მაისამდე დაგროვილი დავალიანება. ვინაიდან, მოპასუხე არ არის მაჟორიტარი პარტნიორი, მის მიმართ თანხის დაკისრებისათვის რაიმე სახის გამჭოლი პასუხისმგებლობის საფუძველი არ არსებობდა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. შპს ,,ზ-----7"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. დაეკისროს, მოპასუხე შპს ,,ზ----"-ს, მოსარჩელის-შპს ,,ზ-----7"-ის სასარგებლოდ, 2404 ლარის გადახდა; 3. მოსარჩელეს, შპს ,,ზ-----7"-ს, 593311,39 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვას; 4. მოსარჩელეს, შპს ,,ზ-----7"-ს, სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს მის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 72 ლარი, ხოლო 4928 ლარი ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (საგადახდო დავალება №----------, 19/10/2017წ., გადამხდელი - შპს ,,ზ-----7", ს/ნ 2--------, გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი", მიმღების ანგარიში - 300693150, ბანკის კოდი - TRESGE22); 5. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა დარჩეს ძალაში, უცვლელი. გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. შპს „ზ----ს“ წარმომადგენელის, ზ----- ფ------- განცხადება დაკმაყოფილდეს და მიღებული იქნას დამატებითი გადაწყვეტილება; 2. მოსარჩელე შპს ,,ზ-----7"-ს მოპასუხის, შპს ,,ზ----"-ს სასარგებლოდ დაეკისროს, იურიდიული მომსახურების საფასურის ანაზღაურება 2500 ლარის ოდენობით; 3. მოპასუხის, შპს ,,ზ----"-ის წარმომადგენლის განცხადება, იურიდიული მომსახურების სახით, მოსარჩელეზე 21232,46 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. მოსარჩელე-შპს ,,ზ-----7" და მოპასუხე-შპს ,,ზ----" არიან რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტები. ამასთან, შპს ,,ზ----" არის, შპს ,,ზ-----7"-ის 25% წილის მფლობელი პარტნიორი. 2.2. მხარეებს შორის ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, 2009-2016 წლების განმავლობაში, შპს ,,ზ-----7", შპს ,,ზ----"-ს უწევდა მომსახურებას, ასრულებდა სამუშაოებს და აწვდიდა საქონელს. 2.3. 2009 წლიდან დაგროვილი დავალიანების დაფარვის მიზნით, 2011-2014 წლებში, მოპასუხემ აწარმოა ანგარიშსწორება მოსარჩელისაგან დივიდენდების სახით მისაღები თანხის გამოქვითვის გზით, რის შედეგადაც მოპასუხის საბოლოო დავალიანება შემცირდა 595 715,39 ლარამდე. 2.4. 2016 წლის 09 ნოემბრის შედარების აქტით, მხარეებმა დაადასტურეს 01.02.2013წ.-09.11.2016წ. პერიოდისათვის, შპს ,,ზ----"-ს ფინანსური დავალიანების არსებობა შპს ,,ზ-----7"-ს წინაშე, 595715,39 ლარის ოდენობით. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა 50-ე, 128-130-ე, 132-134-ე, 137-ე, 144-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 341-ე, 361-ე, 477.1, 629.1. მუხლებზე და განმარტა: წინამდებარე დავა გამომდინარეობდა ზეპირი ფორმით დადებული ნარდობისა და ნასყიდობის ზეპირი ფორმით დადებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვითაც, მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 595 715,39 ლარს, საიდანაც სარჩელის წარდგენამდე (2017 წლის 11 ოქტომბერი), ბოლო სამი წლის განმავლობაში წარმოშობილი დავალიანების-2404 ლარის ნაწილში მოპასუხემ ცნო სარჩელი, ხოლო დარჩენილი თანხის ანაზღაურებაზე უარი განცხადა ხანდაზმულობის გამო. 2.6. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოს წარმოადგენდა შემდეგი: 1) მხარეებს შორის გაფორმებული, 2016 წლის 09 ნოემბრის შედარების აქტი წარმოადგენდა ვალის აღიარების ხელშეკრულებას, თუ მხოლოდ ფაქტების კონსტანტაციას; 2) 2014 წლის 11 ოქტომბრამდე წარმოშობილი დავალიანების - 593311,39 ლარის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა იყო, თუ არა ხანდაზმული. 2.7. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დავის ფარგლებში, ხანდაზმულობის საკითხი ვერ გადაწყდება, თუ არ იქნება განმარტებული მხარეებს შორის დადებული, 2016 წლის 09 ნოემბრის შედარების აქტის შინაარსი, სადაც მხარეებმა დაადასტურეს, აღნიშნული დღის მდგომარებით, 01.02.2013წ.-09.11.2016წ. პერიოდისათვის, შპს ,,ზ----"-ს ფინანსური დავალიანების არსებობა შპს ,,ზ-----7"-ის წინაშე 595 715,39 ლარის ოდენობით. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 09 ნოემბრის შედარების აქტი არ წარმოადგენდა ვალის აღიარების ხელშეკრულებას, იყო, მხოლოდ ფაქტების კონსტანტაცია, ვინაიდან, შედარების აქტით მხარეები არ შეთანხმებულან არსებით პირობებზე, არ განსაზღვრულა დავალიანების გადახდის ვალდებულება, გადახდის ვადა/დრო, წესი და პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, შედარების აქტი, ასევე არ შეიცავდა გადახდის შესახებ მოპასუხის დაპირებას. ამდენად, აქტში ასახული, მხოლოდ ვალდებულების ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის (ნარდობა, ნასყიდობა) ფარგლებში ნების გამოვლენას წარმოადგენდა, რაც გამორიცხავდა, შედარების აქტის დადებიდან ხანდაზმულობის ვადის ხელახალი ათვლის დაწყებას. აქედან გამომდინარე, 2014 წლის 01 ოქტომბრამდე გაწერილი საგადასახადო ანგარისფაქტურებისა და ამ პერიოდის სამუშაოების შესრულების გამო წარმოშობილი 593311,39 ლარის დაკისრების ნაწილში, გასული იყო მოთხოვნის წარდგენის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რაც მოპასუხეს ანიჭებდა უფლებას უარი ეთქვა თანხის გადახდაზე. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა 593311,39 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. 2.8. სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სარჩელი ეფუძნებოდა ნარდობისა და ნასყიდობის მატერიალურ ნორმებს, არ გამომდინარეობდა მაჟორიტარი პარტნიორის მიერ კომპანიაზე მიყენებული ზიანიდან. გარდა ამისა, მოპასუხე იყო 25% წილის მესაკუთრე და არა მაჟორიტარი პარტნიორი, რომელმაც პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებების საფუძველზე, 2011-2014 წლებში აწარმოა ანგარიშსწორება მოსარჩელისაგან დივიდენდების სახით მისაღები თანხის გამოქვითვის გზით. შესაბამისად, რაიმე სახის გამჭოლი პასუხისმგებლობის საფუძველი არ არსებობდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, სარჩელში გაცხადებული არცერთი ფაქტობრივი გარემოება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების ნაწილში მხარეთა შორის დავას ადგილი არ ჰქონია, თუმცა სამართალშეფარდების დროს, სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა სასარჩელო მოთხოვნის ნამდვილობის შემოწმებისათვის ის ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მეტყველებენ ვალის დეკლარაციულ და არა კონსტიტუციურ აღიარებაზე. კერძოდ, 2012-2014 წლებში წარმოებული ანგარიშსწორება, მოპასუხის წერილები, ახსნა-განმარტების ეტაპზე მოპასუხის დასტური, რომ მას დავის წარმოების დროსაც არ აქვს ჩამოწერილი ვალდებულება და ერიცხება ბუღალტრულად მოსარჩელის მიმართ დავალიანება და რომ 09.11.2016წ. ურთიერთშედარების აქტით აღიარებს ვალის არსებობას, და სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას, ხოლო ამავე კოდექსის 141-ე მუხლიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის დენის ახლიდან დაწყებას განაპირობებს. 3.2. სასამართლო გაუგებრად და სათანადო კვლევის გარეშე წარმოაჩენს 2016 წლის 09 ნოემბრის შედარების აქტს და მის სამართლებრივ ბუნებას, რამაც თანმდევად არასწორი კვალიფიკაცია - მატერიალური სამართლის არასწორი გამოყენება გამოიწვია მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარებაზე.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს ,,ზ-----7“-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების, 2018 წლის 05 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივ დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.4. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.5-2.8 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 128-130-ე, 132-134-ე, 137-ე, 144-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 341-ე, 361-ე, 477.1., 629.1. მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: მოცემული დავის ფარგლებში სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს ნასყიდობისა და ნარდობის ზეპირი ხელშეკრულებებიდან, რომლის ფარგლებში, 2014 წლის 01 ოქტომბრამდე შესრულებული სამუშაოებისათვის და საქონლის მიწოდებიდან წარმოშობილი დავალიანება შეადგენს- 593 311,39 ლარს. სადავოა, მხოლოდ, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რაც სკ-ის 128-ე მუხლით განსაზღვრულია სამი წელი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი იმ საფუძვლით დაასაბუთა, რომ ვალდებულების დარღვევიდან გასული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებული პირი უფლებამოსილი იყო, უარი განეცხადებინა მოქმედების შესრულებაზე. აპელანტი სადავოდ ხდის გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომლითაც, საქმეში წარმოდგენილი 09.11.2016წ. შედარების აქტი, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად არ იქნა მიჩნეული. 4.4. სადავო საკითხებზე მსჯელობის მიზნით პალატა მიუთითებს: საქმეში წარმოდგენილ, მხარეთა მიერ ხელმოწერილ 2016 წლის 09 ნოემბრის შედარების აქტში დაფიქსირებულია შემდეგი: ,,ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერნი ერთი მხრივ, შპს ,,ზ----“-ს დირექტორი ზ------ კ------ და მეორეს მხრივ, შპს ,,ზ-----7“-ის დირექტორი მ------ მ-----–--- ვთანხმდებით, ვაღიარებთ და ვაფორმებთ წინამდებარე შედარების აქტს შემდეგზე, რომ შპს ,,ზ----“-ს ვალდებულება (ფინანსური დავალიანება) შპს ,,ზ-----7“-ის (09/11/2016-ის მდგომარეობით) მიმართ შეადგენს 595715,39 ლარს“. (იხ. შედარების აქტი, ს/ფ 17). 4.5. დადგენილია, რომ შპს ,,ზ-----7“-მა, შპს ,,ზ----ს“ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით, თავდაპირველად სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.10.2017 წელს, თუმცა 12.10.2017წ. განჩინებით განსჯადობის გამო უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე და განემარტა, რომ მოცემულ საქმეზე განსჯად სასამართლოს ბათუმის საქალაქო სასამართლო წარმოადგენდა. (იხ. განჩინებს, ს/ფ 222-225). 4.6. დადგენილია, რომ შპს ,,ზ-----7“-მა შპს ,,ზ----ს“ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა 31.10.2017წელს. (იხ. სარჩელი, ს/ფ 1-16). 4.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შესაფასებელია, 2017 წლის 11 ოქტომბრისათვის იყო თუ არა, 2014 წლის 01 ოქტომბრამდე წარმოშობილი დავალიანების- 593 311,39 ლარის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული და 09.11.2016წ. შედარების აქტით შეწყდა, თუ არა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. სადავო საკითხზე მსჯელობისას სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლოს განმარტებას, სადაც აღნიშნულია: „სამოქალაქო კოდექსის როგორც 137-ე, ისე 144.3 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი უკავშირდება მოვალის მიერ ვალდებულების აღიარებას, სადაც მოვალე გამოხატავს ნებას, იძლევა დაპირებას ვალდებულების შესრულების თაობაზე და არა ფაქტის აღიარებას, სადაც მოვალე ახდენს მარტოოდენ ვალდებულების ფაქტის კონსტატაციას“ (იხ. სუსგ საქმეზე №ას-374-347-2010, 09.11.2010წ. Nას-1133-1079-2014, 30/09/2015წ.)“. განსახილველ შემთხვევაში, 09.11.2016წ. შედარების აქტში, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, მოპასუხე აღიარებს მარტო დავალიანების არსებობის ფაქტს, არ იძლევა დაპირებას დავალიანების გადახდის თაობაზე, შესაბამისად, ასეთ აღიარებას ვერ მოჰყვება ის სამართლებრივი შედეგი, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 137-ე და 144.3 მუხლით. პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ მსჯელობას, სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლო. 4.8. სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ 09.11.2016წ. შედარების აქტი, არც ვალის აღიარების თაობაზე დამოუკიდებელ ხელშეკრულებას არ წარმოადგენს, კერძოდ: საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „ვალის აღიარების ხელშეკრულების სამართლებრივი განმარტება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლში, რომელიც თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კერძოდ, კონსტიტუციური ან დეკლარაციული ხასიათის. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით იდება ახალი ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა, თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი, ასეთივე ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა, თუ შინაარსზე. სწორედ ამ სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი. ვალის არსებობის აღიარება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენეტი, ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ ისაა, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება. ვინაიდან, 09.11.2016 წ. არ შეიცავს რაიმე სახის დაპირებას ან/და ვალდებულების შესრულების მზაობას, გამორიცხავს სკ-ის 341-ე მუხლის შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 4.9. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში უდავოა მოთხოვნის წარმოშობის მომენტი-2014 წლის 01 ოქტომბერი, ხოლო თავდაპირველად სარჩელი წარდგენილი იქნა ამ დროიდან 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ-2017 წლის 11 ოქტომბერს, ამასთან მოპასუხემ, მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე პრეტენზია სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელშივე განაცხადა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 477-ე (2) და 629-ე (1) მუხლების საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი (სკ-ის 144.1 მუხლი). 4.10. დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა... პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმით განსაზღვრულია მაქსიმალური ზღვარი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების განაწილებისას, ხოლო მისი გონივრული შესაბამისობის დადგენა დამოკიდებულია ცალკეულ შემთხვევაში დავის სირთულესთან და მნიშვნელობასთან. იმის გათვალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 595715,39 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, საიდანაც არ დაკმაყოფილდა 593311,39 ლარის ნაწილში მოთხოვნა, რომლის 4% შეადგენს 23 732,45 ლარს, პალატას მიაჩნია, რომ წაგებული მოთხოვნის ოდენობიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის, მოპასუხის სასარგებლოდ 2500 ლარის დაკისრება, დავის სირთულიდან გამომდინარე გონივრულია და არ არსებობს მისი დაკისრების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები. 4.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც შპს ,,ზ-----7“-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით, ასევე წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების განაწილების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილებები მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ შპს „ზ---- 7“-ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 05 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის შპს ,,ზ-----7“-ის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ზ---- 7“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 05 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ლაურა მიქავა