განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.10.2019
საქმის ნომერი
330210018002507785
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210018002507785

საქმე №2ბ/855-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - საქართველოს შ----------------------------- (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - მარიამ კერესელიძე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,გრინ ვუდი’’ (მოპასუხე)

წარმომადგენლები - მამუკა იაშვილი, ალექსანდრე გელაძე, ბესიკ ბუსკივაძე

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საქართველოს შ-----------------------------მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე შპს „გრინ ვუდის“ მიმართ პირგასამტეხლოს სახით 13 990.73 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

 

2. საქართველოს შ----------------------------- სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „გრინ ვუდს“ შორის 2017 წლის 26 სექტემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N679 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ორგანიზაციამ აიღო ვალდებულება, შ-----------------------------სთვის მიეწოდებინა საშეშე მერქანი (წიფელი) ეტაპობრივად, 100 კბ/მ საშეშე მერქანი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალდენდარულ დღეში, არაუგვიანეს 2017 წლის 26 ოქტომბრისა, 100 კბ/მ საშეშე მერქანი 60 კალენდარულ დღეში, არაუგვიანეს 2017 წლის 25 ნოემბრისა და 100 კბ/მ საშეშე მერქანი 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.

მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ, 100 კბ/მ საშეშე მერქანის მიწოდება, ნაცვლად 2017 წლის 26 ოქტომბრისა, დასრულდა 2017 წლის 11 ნოემბერს, 16 კალენდარული დღის დაგვიანებით, 100 კბ/მ საშეშე მერქანის მიწოდება, ნაცვლად 2017 წლის 25 ნოემბრისა, ნაწილობრივ (67კბ/მ) მიწოდებული იქნა 2017 წლის 26 დეკემბერს, 31 კალენდარული დღის დაგვიანებით, ამასთან, როგორც მიმწოდებელი 2----–-–-----------ის წერილში აღნიშნავდა, ვერ განახორციელებდა დარჩენილი მისაწოდებელი 33 კბ/მ და 100 კბ/მ საშეშე მერქნის მიწოდებას, რომელთა მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის 25 ნოემბერსა და 20 დეკემბერს.

ხელშეკრულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების - 32 997 ლარის 0.4%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად 81 დღეზე შეადგენდა 10 691.03 ლარს. მხარეებს შორის 2017 წლის 26 სეტქემბერს გაფორმებული N679 ხელშეკრულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით და მე-4 პუნქტის საფუძველზე, შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა წინამდებარე ხელშეკრულება და მიმიწოდებელს დააკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად განისაზღვრა 3 299.70 ლარით. საერთო ჯამში, დაკისრებული პირგასამტეხლოს და ჯარიმის ოდენობა შეადგენდა 13 990.73 ლარს.

 

3. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით შპს ,,გრინ ვუდმა’’ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შემსყიდველმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება თანხის გადახდის თაობაზე, რის გამოც შპს „გრინ ვუდმა“ ვერ შეძლო სატყეო სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა და შესაბამისად, შემდგომი სამუშაოების შესრულება. მხარეებს შორის პირველი მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2017 წლის 23 ოქტომბერს, თანხა ჩაირიცხა 2017 წლის 08 დეკემბერს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 20 დღიან კალენდარულ ვადას მომსახურების საფასურის გადასახდელად. შესაბამისად, სამინისტროს მიერ მისი მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებამ შემდგომში გავლენა იქონია მიმწოდებლის ვალდებულების შესრულებაზე.

2017 წლის 27 ნოემბერს მოსარჩელეს წერილობით აცნობეს ვალდებულების შესრულების ხელისშემშლელი გარემოებების არსებობის შესახებ, კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად, დამზადება უნდა მომხდარიყო გორის სატყეო უბნის ორმოცის სატყეოში გამოყოფილი სოციალური ჭრის ტყეკაფიდან, რაც დასაწყობების ადგილიდან გორის რაიონი სოფელი ტ---------დან არის დაახლოებით 20–25 კილომეტრში, ხოლო რეალურად ტყეკაფი გამოყოფილი იყო გორის რაიონის სოფელი ტამის სატყეო უბანში, რომელზეც ავტომანქანა კარგ ამინდშიც შეძლებდა ნორმალურად გადაადგილებას. შემსყიდველს ეცნობა, რომ ორი კვირის განმავლობაში იყო წვიმები, რის გამოც ვერ ხერხდებოდა გზების გაყვანა და შესაბამისად, შპს „გრინ ვუდი“ ვერ ახერხებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების სრულფასოვნად შესრულებას.

შპს „გრინ ვუდმა“ 2017 წლის 20 ნოემბერს განაახლა სამუშაოები, თუმცა, ამინდის მნიშვნელოვნად გაუარესების გამო, იძულებული გახდა კვლავ შეეწყვიტა. კომპანიამ სამუშაოები განაახლა თოვლის საფარის დაწევისთანავე - 2017 წლის 30 ნოემბერს, რაც დაუყოვნებლივ შეატყობინა მოსარჩელეს, ხოლო ფორსმაჟორული გარემოების არსებობიდან გამომდინარე, 2017 წლის 4 დეკემბერს მიმართა შემსყიდველს - საქართველოს შ-----------------------------ს ლ----------------------------ის დირექტორს ა. კუტიბაშვილს წერილობითი შეტყობინებით და მოითხოვა შესრულების ვადების გახანგრძლივება. კერძოდ, გაერთიანებულიყო მეორე და მესამე მიწოდების ეტაპები და საბოლოო თარიღად მხარეებს განესაზღვრათ 2017 წლის 20 დეკემბერი. მიმწოდებლის მიერ წერილში ნათლად იყო აღწერილი ის გარემოებები, რის გამოც არსებობდა შესრულების გადავადების აუცილებლობა. შპს „გრინ ვუდს“ წერილობითი შეტყობინება სამინისტროს არც განუხილია და არც რაიმე პასუხი მიუღიათ.

შპს „გრინ ვუდმა“ 2017 წლის 04 დეკემბრის წერილობითი მიმართვით ასევე შეატყობინა შემსყიდველს კიდევ ერთი გარემოების შესახებ, კერძოდ, ახალ ტყეკაფში არ იყო ა/მანქანის მისასვლელი გზა, ხოლო ს------–-------დან მისასვლელი გზა დაახლოებით 10-15 კილომეტრის მოცულობით იყო დაჭაობებული და უვარგისი სატვირთო ავტომობილის გადაადგილებისათვის. აღნიშნულ გზაზე 4-ჯერ ჩავარდა მანქანა და საჭირო გახდა ბულდოზერით მისი გამოყვანა. კომპანიამ სცადა აღნიშნული გარემოების მოგვარება და ოთხჯერ შეაკეთა ეს მონაკვეთი, თუმცა, უშედეგოდ, რამდენიმე დღეში გზა ისევ ჭაობდებოდა. ასევე შეუძლებელი იყო დამზადების ადგილზე ა/მანქანის მოძრაობა და აუცილებელი იყო მოჭრილი ხის რამდენიმე კილომეტრზე გამოთრევა.

2017 წლის 6 დეკემბერს, მას შემდეგ რაც თოვლის საფარმა მიაღწია 1 მეტრს მიმწოდებელმა ვეღარ შეძლო სამუშაოების გაგრძელება, რადგან დამზადების ადგილი მიუდგომელი გახდა. შპს „გრინ ვუდმა“ აღნიშნული გარემოების გამოსწორების მიზნით მიმართა სატყეო სააგენტოს და მოითხოვა ახალი ტყეკაფის გამოყოფა. კომპანიის მოთხოვნა განხილულ იქნა, რის შემდეგაც სააგენტომ შეისწავლა ადგილმდებარეობა და დააკმაყოფილა მოთხოვნა. აღნიშნულ მოკვლევას დასჭირდა რამდენიმე დღე და მიმწოდებელმა მხოლოდ 21 დეკემბერს შეძლო სამუშაოების განახლება. სამუშაო პერიოდის დაწყებამდე მოხდა ბულდოზერებით გზების შეკეთება და თოვლის დახვეტა, დამზადდა დაახლოებით 50 კუბური მეტრი მორი, მათ შორის მოხდა 13 კბ/მ-ის ტრანსპორტირება. მოპასუხემ არაერთხელ მიმართა სამინისტროს ალტერნატიული ტყეკაფის გამოყოფასა და მიწოდების ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. მიმწოდებლის მოთხოვნა კვლავ არ განხილულა და არც პასუხი გაცემულა. მიმწოდებელმა მოითხოვა ასევე საერთო ჯგუფის შექმნა, რომელიც შეისწავლიდა არსებულ მდგომარეობას.

2018 წლის 09 იანვარს მოპასუხემ კიდევ ერთხელ მიმართა სამინისტროს, რაც განპირობებული იყო შემსყიდველის მხრიდან ღამის საათებში, 22 საათის შემდეგ, მასალების მიღება-ჩაბარებაზე უარის თქმის საკითხით. დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც შემსყიდველმა შეკვეთა არ მიიღო კვირას და მიმწოდებელი იძულებული გახდა ორშაბათამდე დალოდებოდა მის მიღებას. ხელშეკრულებით არ ყოფილა განსაზღვრული შეკვეთის მიღების კონკრეტული პერიოდი.

ამდენად, მოპასუხის განმარტებით, მიუხედავად არაერთი წერილობითი თუ ზეპირი გაფრთხილებისა არსებული მდგომარეობის თაობაზე, სამინისტრომ არ განახორციელა არცერთი ქმედითი ნაბიჯი. შემსყიდველმა არ გაითვალისწინა მიმწოდებლის მიერ წარდგენილი არცერთი მტკიცებულება და ფაქტი, რომ არ შეასრულა არცერთი ქმედება მეორე მხარისათვის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ხელშესაწყობად. აღნიშნულმა განაპირობა ის ფაქტი, რომ მოპასუხმ 2018 წლის 9 იანვარს წერილობითი ფორმით მოითხოვა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შეწყვეტა.

ს----–-–------–--------------------ოს 2018 წლის 27 აპრილის N1163 განკარგულებით საქართველოს შ-----------------------------ს უარი ეთქვა შპს „გრინ ვუდის“ შავ სიაში დარეგისტრირებაზე.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს----------–-----–-----------------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „გრინ ვუდს“ საქართველოს შ-----------------------------ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 1 000 ლარის გადახდა.

 

5. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „გრინ ვუდმა“ ვერ შეასრულა ვალდებულება, შემკვეთისათვის მიეწოდებინა 2017 წლის 26 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტები.

ფაქტობრივი გარემოების დადგენისას, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-4, 102, 105-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობას არ უარყოფდა თავად მოპასუხე მხარე, თუმცა, აღნიშნულის განმაპირობებელ გარემოებად უთითებდა მისგან დამოუკიდებელ დაუძლეველ ძალას, რასაც აიგივებდა ფორსმაჟორთან. კერძოდ, მოპასუხე განმარტავდა, რომ ვალდებულების შესრულება განაპირობა უამინდობამ, მოსარჩელის მხრიდან თანხის დაგვიანებით ჩარიცხვამ და სხვა არაერთმა ფაქტორმა.

აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლომ გაიზიარა ს----–-–------–--------------------ოს თავმჯდომარის 2018 წლის 27 აპრილის განკარგულება, რომლის თანახმად დადგენილია, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას მიმწოდებლისთვის მისი პოზიცია შპს „გრინ ვუდის“ 2----–-–------------------------------------ის, ასევე, 2----–-–-----------ის წერილებში მითითებულ ფორსმაჟორულ გარემოებებთან დაკავშირებით არ უცნობებია. სააგენტომ მიუთითა მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის 26 სექტემბრის N679 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 12.3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობების მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. სააგენტომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ, მართალია, მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარუდგენია, თუმცა, შემსყიდველმა ორგანიზაციამ თავად მიმართა სსიპ „ეროვნულ სატყეო სააგენტოს“ გზის მდგომარეობის დადგენის მიზნით, საიდანაც დგინდება, რომ გორის სატყეო უბნის ორმოცის სატყეოს კვარტალ N42-ში გამოყოფილი სოციალური ჭრის N002-04-001931 და N002-04-0022401 ტყეკაფებამდე მისასვლელი გზა, ასევე, ცენტრალური ძირითადი გზა, 2017 წლის ზაფხულში გაწმენდილი იქნა გ------------–----–------ის მიერ, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა მოძრაობა ჯიპის მარკისა და მაღალი გამავლობის ავტომანქანებისათვის. თუმცა, ამავე წერილით ვერ დადგინდა, რომ მიმწოდებლის მიერ მითითებული პერიოდისთვის გზა იყო გაწმენდილი და შესაძლებელი იყო ამ გზით სარგებლობა. ხსენებული წერილის თანახმად, ასევე დგინდება, რომ უამინდობისა და დიდთოვლობის დროს აღნიშნულ გზაზე მოძრაობა იყო გაძნელებული და საფრთხის შემცველი, რადგანაც გზა ზიანდებოდა ავტომანქანის საბურავებით, ხოლო ზოგიერთ ადგილას ფიქსირდებოდა საფლობები და ნამქერები. ვერც საქმეში არსებული დოკუმენტაციითა და ვერც ზეპირ მოსმენაზე გამოცხადებული შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენელთა განმარტებით ვერ დადგინდა, თუ რატომ არ მიიჩნია მოცემული განმარტება შემსყიდველმა ორგანიზაციამ ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის შესაძლო პირობად. ამასთან, სააგენტომ ხაზი გაუსვა იმ მოცემულობას, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ არ აცნობა მიმწოდებელს საკუთარი პოზიცია ფორსმაჟორული გარემოებების დადასტურების თუ უარყოფის თაობაზე, მას ასევე არ მოუთხოვია მიმწოდებლისთვის ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.

ამასთან, პირველ ინსტანციაში სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია ზემოაღნიშნული წერილების მიღება, თუმცა, მხოლოდ ზეპირი განმარტებით განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტორები არ შეესაბამებოდა ფორსმაჟორს და განაცხადს არ ერთვოდა შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. სასამართლომ აქვე ყურადღება გაამახვილა მოპასუხე მხარის კეთილსინდისიერებაზე, იმ კუთხით, რომ მათი მხრიდან სამუშაოების წყვეტა და განახლება ხდებოდა მიუხედავად მოსარჩელე მხარისგან პასუხის მიუღებლობისა, რაც სწორედ თანხვედრაში იყო ხელშეკრულების 12.3 პუნქტთან.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისა, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა მათ შორის არსებულ ურთიერთობაში საკუთარი კეთილსინდისიერება. შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, მოდავე მხარეთა შორის, 2----–-–--------------ს დადებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაზე და მიიჩნია, რომ ვინაიდან, სადავო იყო მოპასუხის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის განსაზღვრისათვის არსებითი იყო იმის შეფასება, შესრულდა თუ არა მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც შემსყიდველს გააჩნდა შესრულების მიმართ.

ამ კუთხით სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლზე, ამასთან, განმარტა ,,დაუძლეველი ძალის’’ მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ მართალია, მოპასუხემ არ უზრუნველყო შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული მტკიცებულებით ფორსმაჟორის (უამინდობა) დადასტურება, თუმცა, სასამართლომ გაიზიარა მისი მცდელობა ვალდებულების ხელშემშლელი გარემოებების მოსარჩელისათვის შეტყობინების შესახებ.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე, რაც განისაზღვრა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ით, რაც შეადგენს სასარჩელო მოთხოვნის თანხას - 13 990.73 ლარს. მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის შესახებ ფაქტი დადგენილი იყო, ამასთან, აღნიშნული განპირობებული არ იყო დაუძლეველი ძალით. მოსარჩელე პირგასამტეხლოს დაკისრებას ითხოვდა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან რაც შეადგენდა 13 990.73 ლარს.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით და აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ ვალდებულების შემსრულებელი მხარისგან არაერთხელ მიიღო ინფორმაცია გარკვეული შეფერხებების შესახებ და აღნიშნულზე არანაირი რეაგირება მისი მხრიდან არ მომხდარა, მოთხოვნილი პირგასამტეხლო ამ მოცულობით არ შეესაბამებოდა გონივრულობის სტანდარტს და არსებობდა მისი 1 000 ლარამდე შემცირების საფუძველი.

 

6. აღნიშნული გადაწყვეტილება, სარჩელზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შ-----------------------------მ, რომელმაც ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

7. სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, კერძოდ, მითითებული მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი დასაბუთება პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ დააყრდნო იმ გარემოებას, რომ სამინისტრომ წერილობითი პასუხი არ გასცა მოპასუხის წერილებს ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციულმა ორგანომ პროცესზე ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა ფორსმაჟორს.

აპელანტმა მიუთითა საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლზე, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „გრინ ვუდს“ შორის 2017 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N679 ხელშეკრულების 12.3 პუნქტზე და განმარტა, რომ ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მიმწოდებელს. ამასთან, შემსყიდველი ორგანიზაცია არ იყო ვალდებული წერილობით ეცნობებინა მხარისათვის თავისი პოზიცია. გარდა ამისა, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილად არ იქნა მიჩნეული ფორსმაჟორული გარემოებების არსებობა.

აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნილი მოცულობით არ შეესაბამებოდა გონივრულობის სტანდარტს, რის გამოც იგი უნდა შემცირებულიყო 1000 ლარამდე. სასამართლო ისე მივიდა ამ დასკვნამდე, რომ არ გაითვალისწინა მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ, ის გარემოება, რომ მეწარმე სუბიექტი წინასწარ, გაცნობიერებულად დათანხმდა იმ პირობას, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გადაიხდიდა პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით, რაც შეადგენდა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ერთ ნაწილს და მისი ოდენობა განსაზღვრული იყო 3 299,7 ლარით. აპელანტმა ყურადღება ასევე იმ გარემოებაზე გაამახვილა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა მყარად იყო განსაზღვრული და არ იყო დამოკიდებული გარე ფაქტორებზე. შესაბამისად, მისი ოდენობა ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ზუსტად იცოდა მიმწოდებელმა და გაცნობიერებულად აიღო მისი გადახდის ვალდებულება იმ შემთხვევისათვის, თუ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყდებოდა ხელშეკრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობდა ხელშეკრულების შეწყვეტისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.

რაც შეეხება ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის დარღვევისათვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს, აღნიშნულ შემთხვევაშიც მეწარმე სუბიექტი წინასწარ, გაცნობიერებულად დათანხმდა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,4%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდას, რამაც შეადგინა 10 691,03 ლარი.

ამდენად, ჯამში, მოპასუხეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 13 990,73 ლარს, რომლის გადახდის ვალდებულებაც სრულად უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირება 1000 ლარამდე, არაპროპორციულია და ვერ აკმაყოფილებს სსკ-ის 420-ე მუხლის მოთხოვნას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

8. 2--------- წელს შპს „გრინვუდსა“ (მიმწოდებელი) და საქართველოს შ-----------------------------ს (შემსყიდველი) შორის გაფორმდა ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ’’ ხელშეკრულება N679, რომლის 2.1 მუხლისა და N1 დანართის მიხედვით, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისათვის შიდა ქართლის რეგიონში გორის სატყეო უბნის ორმოცის სატყეოში გამოყოფილი სოციალური ჭრის ტყეკაფიდან მე-2 ხარისხის საშეშე მერქნის (წიფელი) სახით დამზადება და მიწოდება წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N1-ის შესაბამისად.

ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, მისი ღირებულება განისაზღვრა 32 997 ლარით; ხელშეკრულების ღირებულება მოიცავდა, როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე, წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, მათ შორის დღგ-ს (3.2 მუხლი).

ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო განეხორციელებინა უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესყიდვის ობიექტის მიწოდება მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და მოთხოვნების დაცვით, დანართი N1-ით განსაზღვრული ვადების შესაბამისად.

დანართი N1-ის თანახმად, შპს ,,გრინვუდმა’’ აიღო ვალდებულება, შ-----------------------------სთვის მიეწოდებინა 300 კბ/მ საშეშე მერქანი (წიფელი), ეტაპობრივად, 100 კბ/მ საშეშე მერქანი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში, 100 კბ/მ საშეშე მერქანი 60 კალენდარულ დღეში და 100 კბ/მ საშეშე მერქანი 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით (ტომი 1, ს. ფ. 18-22; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N679 ხელშეკრულება; დანართი N1).

 

9. ხელშეკრულების 10.2. მუხლის თანახმად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, დადგინდა საჯარომო სანქციების გამოყენება, რომელთა ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები განისაზღვრა ამ მუხლში, კერძოდ, ხელშეკრულების 10.3 მუხლის მიხედვით, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობებს ვერ შეასრულებს (შესრულების ვადა, ხარისხი) ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, შემსყიდველი უფლებამოსილია: ბ) ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,4%-ის ოდენობით; ხოლო, ხელშეკრულების 10.4. მუხლით, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით.

 

10. ამდენად, ხელშეკრულების მე-10 მუხლით მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, მის მიმართ გამოსაყენებელი საჯარომო სანქციები განისაზღვრა ორი კომპონენტით: 1) პირგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრა ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,4%-ის ოდენობით; 2) ჯარიმა, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით.

 

11. სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს „გრინ ვუდმა“ სრულად ვერ შეასრულა ვალდებულება შემკვეთისათვის მიეწოდებინა 2017 წლის 26 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტი.

მიმწოდებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები, კერძოდ, პირველი ტრანშის შემთხვევაში, 100 კბ/მ საშეშე მერქნის მიწოდება, ნაცვლად 2017 წლის 26 ოქტომბრისა დასრულდა 2017 წლის 11 ნოემბერს, 16 კალენდარული დღის დაგვიანებით; მე-2 ტრანშის, 100 კბ/მ საშეშე მერქნის მიწოდება, ნაცვლად 2017 წლის 25 ნოემბრისა, ნაწილობრივ (67კბ/მ) მიწოდებული იქნა 2017 წლის 26 დეკემბერს, 31 კალენდარული დღის დაგვიანებით. ამასთან, როგორც მიმწოდებელი 2----–-–-----------ის წერილით მოსარჩელეს ატყობინებდა, იგი ვერ განახორციელებდა დარჩენილი მისაწოდებელი 33 კბ/მ და მე-3 ტრანშის, 100 კბ/მ საშეშე მერქნის მიწოდებას, რომელთა მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის 25 ნოემბერსა და 20 დეკემბერს. ამდენად, 33 კბ/მ და მე-3 ტრანშის, 100 კბ/მ საშეშე მერქნის მიწოდებისათვის ვადაგადაცილება დადგინდა 31 კალენდარული დღით.

 

12. შპს „გრინ ვუდის“ 2018 წლის 09 იანვრის წერილით ს----------–-----–-----------------------------ს ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (09/01/2018 წლის წერილი, ს.ფ. 38 - 41).

 

13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე საქართველოს შ-----------------------------ს მოპასუხე შპს „გრინ ვუდმა“ არაერთი წერილით აცნობა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემაფერხებელი გარემოებების შესახებ.

კერძოდ, 2017 წლის 27 ნოემბრის წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ ხელშეკრულების თანახმად დამზადება უნდა მომხდარიყო გორის სატყეო უბნის ორმოცის სატყეოში გამოყოფილი სოციალური ჭრის ტყეკაფიდან, რაც დასაწყობების ადგილიდან, გორის რაიონი სოფელი ტ---------დან იყო დაახლოებით 20–25 კილომეტრში, ხოლო რეალურად ტყეკაფი გამოყოფილი იყო გორის რაიონის სოფელი ტამის სატყეო უბანში, რომელიც ტ---------დან იყო დაახლოებით 40-45 კმ-ში. შემსყიდველს ეცნობა, რომ ორი კვირის განმავლობაში იყო წვიმები, რის გამოც ვერ ხერხდებოდა გზების გაყვანა და შესაბამისად, შპს „გრინ ვუდი“ ვერ ახერხებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების სრულფასოვნად შესრულებას (ტომი 1, ს.ფ.71-72);

2017 წლის 4 დეკემბერს, ფორსმაჟორული გარემოების არსებობიდან გამომდინარე, მიმწოდებელმა მიმართა შემსყიდველს, საქართველოს შ-----------------------------ს ლ----------------------------ის დირექტორს ა. კუტიბაშვილს წერილობითი შეტყობინებით და მოითხოვა შესრულების ვადების გახანგრძლივება. კერძოდ, გაერთიანებულიყო მეორე და მესამე მიწოდების ეტაპები და საბოლოო თარიღად მხარეებს განესაზღვრათ 2017 წლის 20 დეკემბერი. შპს „გრინ ვუდმა“ 2017 წლის 04 დეკემბრის წერილობითი მიმართვით ასევე შეატყობინა შემსყიდველს, რომ ახალ ტყეკაფში არ იყო ა/მანქანის მისასვლელი გზა, ხოლო ს------–-------დან მისასვლელი გზა დაახლოებით 10-15 კილომეტრის მოცულობით იყო დაჭაობებული და უვარგისი სატვირთო ავტომობილის გადაადგილებისათვის. აღნიშნულ გზაზე 4-ჯერ ჩავარდა მანქანა და საჭირო გახდა ბულდოზერით მისი გამოყვანა. კომპანიამ სცადა აღნიშნული გარემოების მოგვარება და ოთხჯერ შეაკეთა ეს მონაკვეთი, თუმცა, უშედეგოდ, რამდენიმე დღეში გზა ისევ ჭაობდებოდა. ასევე, შეუძლებელი იყო დამზადების ადგილზე ა/მანქანის მოძრაობა და აუცილებელი იყო მოჭრილი ხის რამდენიმე კილომეტრზე გამოთრევა (ტომი 1, ს. ფ. 73-74);

2017 წლის 29 დეკემბრის წერილით შემსყიდველს ეცნობა, რომ 2017 წლის 6 დეკემბერს, მას შემდეგ რაც თოვლის საფარმა მიაღწია 1 მეტრს, მიმწოდებელმა ვეღარ შეძლო სამუშაოების გაგრძელება, რადგან დამზადების ადგილი მიუდგომელი გახდა. შპს „გრინ ვუდმა“ აღნიშნული გარემოების გამოსწორების მიზნით მიმართა სატყეო სააგენტოს და მოითხოვა ახალი ტყეკაფის გამოყოფა. კომპანიის მოთხოვნა განხილულ იქნა, რის შემდეგაც სააგენტომ შეისწავლა ადგილმდებარეობა და დააკმაყოფილა მოთხოვნა. აღნიშნულ მოკვლევას დასჭირდა რამდენიმე დღე და მიმწოდებელმა მხოლოდ 21 დეკემბერს შეძლო სამუშაოების განახლება. სამუშაო პერიოდის დაწყებამდე მოხდა ბულდოზერებით გზების შეკეთება და თოვლის დახვეტა, დამზადდა დაახლოებით 50 კუბური მეტრი მორი, მათ შორის მოხდა 13 კბ/მ-ის ტრანსპორტირება. მოპასუხემ არაერთხელ მიმართა სამინისტროს ალტერნატიული ტყეკაფის გამოყოფასა და მიწოდების ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით (ტომი 1, ს. ფ. 75-76);

2018 წლის 09 იანვარს მოპასუხემ შემაჯამებელი, ვრცელი წერილით მიმართა შ-------------ოს ლ----------------------------ის დირექტორს ა. კუტიბაშვილს. ხსენებულ წერილში დეტალურად არის გადმოცემული ის ობიექტური გარემოებები (მათ შორის შემსყიდველის ბრალით გამოწვეული: სატყეო სააგენტოსთვის მოსაკრებლისა და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების მოპასუხისთვის დაგვიანებით მიწოდება, პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების 20 დღის დაგვიანებით ჩარიცხვა, არასამუშაო საათებში პროდუქციის მიუღებლობა და ამ მიზეზით დატვირთული ავტომანქანების მოცდენა, დახმარების თხოვნით გაგზავნილი წერილების უპასუხოდ დატოვება), რამაც განაპირობა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება. ამ გარემოებებზე მითითებით, ხსენებულ წერილში მოპასუხე კომპანიის დირექტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ მოსარჩელის თვითმიზანია მათი კომპანიის დაჯარიმება და არა საქმის შესრულება, რის გამოც მათი მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე (ტომი 1, ს. ფ. 77-79).

 

14. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით საქართველოს შ-----------------------------ს მიერ მოთხოვნილი იყო პირგასამტეხლო, ჯამში, 13 990.73 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს ამ განჩინების მე-10 პუნქტში მითითებული პირგასამტეხლოს კომპონენტთა ჯამს, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას ა) მიწოდების ვალდებულების დარღვევის გამო 10 691.03 ლარის ოდენობით, რაც საერთო ღირებულების, 32 997 ლარის ყოველდღიური 0,4%-ია 81-დღიან ვადაგადაცილებაზე, ასევე, ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისათვის, საერთო ღირებულების 10%-ს, რაც 3 299,70 ლარს შეადგენს.

 

15. როგორც აღინიშნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ს----------–----–-----------------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „გრინ ვუდს“ საქართველოს შ-----------------------------ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით, ჯამში დაეკისრა 1 000 ლარის გადახდა. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე შპს „გრინ ვუდის“ მიმართ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 13 990.73 ლარი შეუსაბამოდ მაღალი იყო და 1000 ლარამდე უნდა შემცირებულიყო.

 

16. მოცემულ საქმეზე, მოპასუხე შპს „გრინ ვუდის“ შესაგებლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების, ისე, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების მართლზომიერება.

 

17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

18. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოდავე მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლიც ვალდებულების დარღვევისას - ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აკისრებს პირგასამტეხლოს ხელშეკრულების ღირებულების 0,4%-ის ოდენობით, ხოლო, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით (,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ ხელშეკრულებების 10.3. და 10.4. პუნქტები).

 

19. პალატა დადგენილად მიიჩნევს რომ არ არსებობს ხელშეკრულების შეწყვეტისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი, გამომდინარე იქიდან, რომ არ იკვეთება შემსრულებლის ბრალი ხელშეკრულების შეწყვეტაში.

ამ კუთხით პალატა დამატებით მიუთითებს ს----–-–------–--------------------ოს თავმჯდომარის 2-----–-–--------------–ის განკარგულებაზე, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა შპს „გრინ ვუდის“ შავ სიაში დარეგისტრირებაზე და რომლის თანახმად, შემსყიდველ ორგანიზაციას მიმწოდებლისთვის მისი პოზიცია შპს „გრინ ვუდის“ 2017 წლის 27 ნოემბრის, 4 დეკემბრის, 29 დეკემბრის და 2018 წლის 09 იანვრის წერილებში მითითებულ ფორსმაჟორულ გარემოებებთან დაკავშირებით არ უცნობებია.

ხსენებულ განკარგულებაში სააგენტომ მიუთითა მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის 26 სექტემბრის N679 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 12.3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობების მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

სააგენტომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მართალია, მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარუდგენია, თუმცა, შემსყიდველმა ორგანიზაციამ თავად მიმართა სსიპ „ეროვნულ სატყეო სააგენტოს“ გზის მდგომარეობის დადგენის მიზნით, საიდანაც დგინდება, რომ გორის სატყეო უბნის ორმოცის სატყეოს კვარტალ N42-ში გამოყოფილი სოციალური ჭრის N002-04-001931 და N002-04-0022401 ტყეკაფებამდე მისასვლელი გზა, ასევე, ცენტრალური ძირითადი გზა 2017 წლის ზაფხულში გაწმენდილი იქნა გ------------–----–------ის მიერ, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა მოძრაობა ჯიპის მარკისა და მაღალი გამავლობის ავტომანქანებისათვის. თუმცა, ამავე წერილით ვერ დადგინდა, რომ მიმწოდებლის მიერ მითითებული პერიოდისთვის გზა იყო გაწმენდილი და შესაძლებელი იყო ამ გზით სარგებლობა. ხსენებული წერილის თანახმად, ასევე დგინდება, რომ უამინდობისა და დიდთოვლობის დროს აღნიშნულ გზაზე მოძრაობა იყო გაძნელებული და საფრთხის შემცველი, რადგანაც გზა ზიანდებოდა ავტომანქანის საბურავებით, ხოლო ზოგიერთ ადგილას ფიქსირდებოდა საფლობები და ნამქერები. ვერც საქმეში არსებული დოკუმენტაციითა და ვერც ზეპირ მოსმენაზე გამოცხადებული შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენელთა განმარტებით ვერ დადგინდა, თუ რატომ არ მიიჩნია მოცემული განმარტება შემსყიდველმა ორგანიზაციამ ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის შესაძლო პირობად. ამასთან, სააგენტომ ხაზი გაუსვა იმ მოცემულობას, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ არ აცნობა მიმწოდებელს საკუთარი პოზიცია ფორსმაჟორული გარემოებების დადასტურების თუ უარყოფის თაობაზე, მას ასევე არ მოუთხოვია მიმწოდებლისთვის ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.

 

20. უდავოა ის ფაქტიც, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია მოპასუხის ზემოაღნიშნული წერილების მიღება, თუმცა, მხოლოდ ზეპირი განმარტებით განაცხადა, რომ ამ წერილებში მითითებული ფაქტები არ შეესაბამებოდა ფორსმაჟორს და განაცხადს არ ერთვოდა შესაბამისი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება.

თუმცა, პალატა ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე მხარის კეთილსინდისიერებაზე, რაც იმაში გამოიხატა, რომ მიუხედავად ობიექტური გარემოებებით გამოწვეული სამუშაოების შესრულების შეწყვეტისა და კონტრაჰენტის მხრიდან არათუ რაიმე ხელშეწყობისა, არამედ, მათი წერილების საერთოდ რეაგირების გარეშე დატოვებისა, მისი მხრიდან მაინც ხდებოდა სამუშაოების განახლება.

 

21. კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში მხარეთა ქცევის კეთილსინდისიერების პრინციპთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად, ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.

კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “bona fides“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „ius civile“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. ტერმინ “bona fide“-ს (“fides“) საქმიან ურთიერთობებში გამოყენება ნიშნავდა, რომ მხარეები საკუთარ პირობას თუ მიცემულ სიტყვას იცავდნენ და დაიცავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალებული მხარე უფლებამოსილი იყო წარედგინა საჩივარი, ე.წ. პრეტენზია (“ex fide bona“) და, მოცემული პრეტენზიის საფუძველზე, კონტრაჰენტისაგან ვალდებულების იძულებითი აღსრულება მოეთხოვა.

თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას.

კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა.

კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს.

იურიდიულ ლიტერატურაში გაბატონებული შეხედულების მიხედვით, კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია ეკისრება:

1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე;

2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია;

3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია.

კეთილსინდისიერების ზემოაღნიშნული ფუნქციებიდან გამომდინარეობს, რომ ნებისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, კრედიტორს არ შეუძლია უარი თქვას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მცირე ხელშეწყობაზე, როდესაც მოვალეს კრედიტორის მხრიდან ესაჭიროება ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის (იხ.სუსგ. #ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წ.).

 

22. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ვითარება, როდესაც კრედიტორმა საქართველოს შ-------------ომ არათუ მცირედი ხელშეწყობა აღმოუჩინა მოვალე შპს „გრინ ვუდს“ იმ პირობებში, როდესაც ამ უკანასკნელს კრედიტორის მხრიდან ნამდვილად ესაჭიროებოდა ასეთი ხელშეწყობა მასზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის, არამედ მან, როგორც აღინიშნა, საერთოდ რეაგირების გარეშე დატოვა მოვალის არაერთი წერილი ასეთი ხელშეწყობის აღმოჩენისა და ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ, რის გამოც მოვალე შპს „გრინ ვუდი“ იძულებული გახდა, რომ შეეწყვიტა ხელშეკრულება.

 

23. ამდენად, მიუხედავად მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა, მისი ბრალი ხელშეკრულების შეწყვეტაში არ იკვეთება. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, არ არსებობს ხელშეკრულების 10.4. მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 3 299.70 ლარის დაკისრების საფუძველი.

 

24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

მართალია, სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოდგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ ას-914-864-2015; 04/12/2015 წ.).

 

25. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს შ-----------------------------ს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს თითოეული ტრანშის მიხედვით, მისი ღირებულების 0,4%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

გამომდინარე იქიდან, რომ მოწოდება უნდა განხორციელებულიყო 3 ტრანშად, თითოეული ტრანშის შემთხვევაში მისი ღირებულება შეადგენდა (32 997 ლარი გაყოფილი 3-ზე) 10 999 ლარს.

დადგენილია, რომ პირველი ტრანშის შემთხვევაში, 100 კბ/მ საშეშე მერქნის მიწოდება, ნაცვლად 2017 წლის 26 ოქტომბრისა დასრულდა 2017 წლის 11 ნოემბერს, 16 კალენდარული დღის დაგვიანებით;

მე-2 ტრანშის, 100 კბ/მ საშეშე მერქნის მიწოდება, ნაცვლად 2017 წლის 25 ნოემბრისა, ნაწილობრივ (67კბ/მ) მიწოდებული იქნა 2017 წლის 26 დეკემბერს, 31 კალენდარული დღის დაგვიანებით; ამასთანავე, როგორც მიმწოდებლის 2----–-–-----------ის წერილში ჩანს იგი ვერ განახორციელებდა დარჩენილი მისაწოდებელი 33 კბ/მ და მე-3 ტრანშის, 100 კბ/მ საშეშე მერქნის მიწოდებას, რომელთა მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის 25 ნოემბერსა და 20 დეკემბერს. ამდენად, 33 კბ/მ და მე-3 ტრანშის, 100 კბ/მ საშეშე მერქნის მიწოდებისათვის ვადაგადაცილება დადგინდა 31 კალენდარული დღით.

 

26. პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობის კუთხით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე, რაც დაუკავშირეს ხელშეკრულების მთლიან ღირებულებას და არა შეთანხმებულ ვადაში შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებას.

დადგენილია ასევე, რომ ხელშეკრულება მოპასუხის მიერ დაირღვა ნაწილობრივ, კერძოდ, შპს „გრინ ვუდმა“ მიწოდების ვადას გადააცილა არა მთლიანი საქონლის, არამედ მხოლოდ ნაწილის მიწოდების შემთხვევაში. თითოეულ ტრანშზე ვადაგადაცილებამ შეადგინა 16, 31+14, 20, ჯამში, 81 დღე. ამდენად, პირგადსამტეხლოს ოდენობა პირველი ტრანშის შემთხვევაში შეადგენს (10 999 ლარის 0,4%, ანუ 44 ლარი, 16 დღეზე) 704 ლარს, მეორე ტრანშზე - (45x44) 1 980 ლარს, ხოლო, მესამე ტრანშზე - (20 x 44) 880 ლარს. ჯამში, 3564.00 ლარს.

 

27. სააპელაციო პალატა, ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ არსებობდა პირგასამტეხლოს ოდენობის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ, გონივრულ ოდენობამდე, კერძოდ, 1000 ლარამდე შემცირების საფუძველი.

 

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს შ-----------------------------ს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, საქმეზე გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება არსებითად სწორეა და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

29. აპელანტი საქართველოს შ-----------------------------, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს შ----------------------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გ. გიორგიშვილი