განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 180210118002308573
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/8269-18 22 ოქტომბერი, 2019 წელი
მოსამართლე თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი - შპს „B--“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - თ----- ა-------–-
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს----------–-------------------–--–---–-----------ის კომპანია“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ქ------- ბ---–-----
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – მცხეთის რაიონული სასამართლოს 20.11.2018წ. გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
დავის საგანი – პირგასამტეხლოს გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 გაუქმდეს მოპასუხის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო 2 663.25 ლარი და ჯარიმა 16 246.23 ლარი.
1.2 მოპასუხეს დაეკისროს საგარანტიო თანხის 13 539 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები:
2. 24.07.2017წ. მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ყ------ის მუნიციპალიტეტის დაბა ს-------–-----ის ოთხი ქუჩის წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას არაუგვიანეს 2017 წლის 09 ოქტომბრისა. სამუშაოების დაწყებისთანავე მოსარჩელე წააწყდა რიგ პრობლემებს, მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოს პარალელურად აღნიშნულ ქუჩებზე სამუშაოებს აწარმოებდა აგრეთვე საგზაო კომპანია, აგრეთვე სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ მოსარჩელის მიერ მოწყობილი მილის თავზე გადიოდა სილქნეტის საკაბელო ხაზი, რაც ხელს უშლიდა მათ სარეგულაციო ჭის მოწყობაში. სამუშაოების წარმოების პროცესის მიმდინარეობისას ყ------ში ფიქსირდებოდა ნალექიანი ამინდები, რაც ხელს უშლიდა სამუშაოების განხორციელებას. მოსარჩელემ მოითხოვა, სამუშაოების შესრულების ვადის გადავადება 19 დღით, რაზე უარი ეთქვა. 2017 წლის 17 ოქტომბერს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს, მიეცა წყალმზომი ყუთების დამონტაჟების უფლება, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა. 21.11.2017წ. მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და დააკისრა პირგასამტეხლო 2 663.25 ლარი, ასევე ჯარიმა 16 246.23 ლარი. 22.11.2017წ. მოპასუხემ მიმართა სს „პ------------------ს“ საგარანტიო უზრუნველყოფის თანხის 13 539 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით, რაც გადახდილ იქნა ბანკის მიერ.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოსარჩელეს არ ყავდა საკმარისი სამუშაო ძალა, სპეცტექნიკა და ვერ მოახერხა სწორად გაენაწილებინა სამუშაოები. მოპასუხე ინტენსიურად ახორციელებდა სარეაბილიტაციო სამუშაოების კონტროლს და წერილობით ითხოვდა ხარვეზების დროულად აღმოფხვრას, რათა არ მომხდარიყო ხელშეკრულების ვადის დარღვევა. მოსარჩელის წერილი ხელისშემშლელ გარემოებებთან დაკავშირებით თარიღდება 2017 წლის 22 სექტემბრით, ანუ იმ დროისათვის თითქმის იწურებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადა. ნათელია, რომ მოსარჩელე მხარემ უკვე იცოდა, რომ ვერ ასწრებდა სამუშაოების ვადაში დასრულებას და მიზანმიმართულად დაიწყო მსგავსი შინაარსის წერილების გაგზავნა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 20.11.2018წ. გადაწყვეტილებით შპს „B--“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილა;
4.1. 2017 წლის 24 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ყ------ის მუნიციპალიტეტის დაბა ს-------–-----ის ოთხი ქუჩის (ი-–-----------ის, მ--------------ას, ვ------------–---–-----ისა და შ-----------------–ის ქუჩები) წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 541541 ლარს. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2.5 თვე (არაუგვიანეს 2017 წლის 09 ოქტომბრისა).
ხელშეკრულების 10.1 და 10.2 პუნქტებით მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის წესი. კერძოდ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით, ასევე ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შემთხვევაში, ,,მიმწოდებლი’’ ჯარიმდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 3%- ის ოდენობით.
4.2. 2017 წლის 22 ნოემბერს მოპასუხემ მიმართა სს ,,პ------------------ს’’ და მოსთხოვა ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის თანხის 13 539 ლარის ანაზღაურება, რომელიც გადახდილი იქნა ბანკის მიერ.
4.3. 2017 წლის 21 ნოემბერს მოპასუხემ წერილით მიმართა მოსარჩელეს და აცნობა, რომ ვინაიდან მათ მიერ ვერ განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში (მათ შორის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში) სამუშაოს დასრულება, მოსარჩელეს ხელშეკრულების 10.1 და 10.2 პუნქტების საფუძველზე დაერიცხა ჯარიმა სახელშეკრულებო ჯამური ღირებულების 3% ოდენობით და პირგასამტეხლო - შეუსრულებელი ვალდებულების 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.4. მოსარჩელემ 2017 წლის 24 ივლისს შპს „გ--------------–- წყ--–----------------------ასა“ და შპს „B--“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვადლებულება არ შეასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას იმის შესახებ, რომ ყ------ში სამუშაოების წარმოების პერიოდში ფიქსირდებოდა ნალექიანი ამინდები, რამაც რამდენიმე დღით (19 დღით) შეაფერხა მოსარჩელე, შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობაც. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება ის, რომ 19 დღის განამავლობაში დაბა ს-------–-----აში აღინიშნებოდა ნალექი, თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილში არ არის მითითებული უხვი ნალექიანობის შესახებ, მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არ შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რამდენი საათი წვიმდა მითითებულ დღეებში და რა ტემპერატურა იქნა დაფიქსირებული. ამასთან, აღნიშნული წერილი გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული იქნა 2017 წლის 09 ოქტომბერს (მაშინ როდესაც მოსარჩელეს ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები უკვე უნდა დაესრულებინა) გარემოს ეროვნული სააგენტოსა და შპს „B--“-ს შორის 2017 წლის 06 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამასთან, მოსარჩელე მოპასუხისათვის გაგზავნილი წერილებით ითხოვდა ვადის გაგრძელებას 2017 წლის 30 ოქტომბრამდე. საქმეში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (05.09.2018წლის და 13.12.2018წლის ანგარიშებით) კი ირკვევა, რომ მოსარჩელეს 2017 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობითაც კი არ ჰქონდა დასრულებული სამუშაო სრულად და მის მიერ შესრულებული იყო შესასრულებელი სამუშაოს მხოლოდ დაახლოებით 55%-ი (იხ. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება 23.10.2018წ სხდომის ოქმი 11:22:29 სთ).
ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ ყ------ის მუნიციპალიტეტის დაბა ს-------–-----ის ოთხი ქუჩის (ი-–-----------ის, მ--------------ას, ვ------------–---–-----ისა და შ-----------------–ის ქუჩები) წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელებული იქნა სხვა კომპანიის მიერ. ამდენად აღნიშნული გარემოებები ცხადჰყოფს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ვადა, ასევე არ იყო საკმარისი იმისთვის რომ მოსარჩელეს სრულად შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო.
4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მის მხრიდან სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევა იყო საპატიო და სამუშაოს შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის შემთხვევაში, იგი შეძლებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრულად დასრულებას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება, რასაც დაემატა ასევე არაჯეროვანი შესრულება. მოსარჩელის მიერ განხორციელებული არაჯეროვანი შესრულება კი მოპასუხეს აძლევს უფლებას სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლზე დაყრდნობით შეწყვიტოს ხელშეკრულება.
4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 879-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრივალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 888-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია. დადგენილია, რომ 2017 წლის 24 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მე-7 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების შესრულების გარანტია. აღნიშნული პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ტენდერში გამოიყენება გარანტიების შემდეგი სახე: საბანკო გარანტია, გაცემული სს „პ------------------ის“ მიერ N 1------, საერთო თანხით 13 539 ლარი, მოქმედებს 2017 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში, არსებობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის ამოქმედების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:
5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 20.11.2018წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5.1. უსწოროა მსჯელობა მასზედ, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა წყალმზომი ყუთების ს-------–-----ის კლიმატურ პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კლიმატურ პირობებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოსარჩელემ წარადგინა მოპასუხე კომპანიაში.
5.2. სასამართლომ გადაწყვეტილებაში ფაქტობრივად არ იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნაზე, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა გაუქმდეს მოპასუხის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
7. 24.07.2017წ. შპს „ს----------–-------------------–--–---–-----------ის კომპანიას“ (შემდგომში „მოპასუხე“, „ შემსყიდველი“) და შპს „B--“ (შემდგომში „მოსარჩელე“, „მიმწოდებელი“) გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, შემდეგი პირობებით:
- ხელშეკრულების საგანი: ყ------ის მუნიციპალიტეტის დაბა ს-------–-----ის ოთხი ქუჩის (ი-–-----------ის, მ--------------ას, ვ------------–---–-----ისა და შ-----------------–ის ქუჩები) წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.
- ხელშეკრულების ჯამური ღირებულება: 541 541 ლარი.
- სამუშაოების შესრულების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2.5 თვე (არაუგვიანეს 2017 წლის 09 ოქტომბრისა) (ტ.1, ს.ფ. 20-26).
- პირგასამტეხლო/ჯარიმა: ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით (10.1 პუნქტი); ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 3%-ის ოდენობით (10.2 პუნქტი)(ტ.1, ს.ფ. 23).
- ხელშეკრულების მოქმედების ვადა: 10.11.2017წ. (ტ.1, ს.ფ.24).
8. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვადლებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შესრულებულა.
9. 21.11.2017წ. მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ ვინაიდან მის მიერ ვერ განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში (მათ შორის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში) სამუშაოს დასრულება, მოსარჩელეს ხელშეკრულების 10.1 საფუძველზე დაერიცხა პირგასამტეხლო - შეუსრულებელი ვალდებულების 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ჯამში შეადგენს 2663.25 ლარს. ამასთანავე 10.2 პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაეკისრა ჯარიმა სახელშეკრულებო ჯამური ღირებულების 3%-ის - 16 246.23 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 44).
10. მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ სამუშაოების ვადის გადაცილების გამო მოსარჩელისათვის დარიცხული პირგასამტეხლოდან (2 663.25 ლარი) და ჯარიმიდან (16 246.23 ლარი), მოპასუხემ შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის თანხის სახით მიიღო 13 539 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს /ჯარიმის დანარჩენი თანხა მხარეთა ორმხრივი ნების გათვალისწინებით ანაზღაურებულია ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით სარჩელის აღძვრამდე (იხ.:ტ.1, ს.ფ. 44; 01.10.2019წ. სხდომის ოქმი, 13:06:56-13:08:21; 13:27:25- 13:28:09). სწორედ ამიტომ არის დავის საგნის (სააპელაციო საჩივრის) ღირებულება ჯამში 18 909,48 ლარი.
გათვალისწინებით იმისა, რომ გაცემული იყო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ (ბენეფიციარმა) ბაკისაგან (გარანტისაგან) მიიღო 13 539 ლარი (ტ.1, ს.ფ.22,47,48), ეს თანხა გამოაკლდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებულ ჯარიმას (სახელშეკრულებო ჯამური ღირებულების 3%-ს - 16 246.23 ლარს). შესაბამისად, გაქვითულ იქნა ვადაგადაცილების საურავი - 2 663.25 ლარი და ჯარიმის ნაწილი 2 707 ლარი.
11. მოსარჩელე ითხოვს რა მოპასუხის მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს და ჯარიმის გაუქმებას, ფაქტობრივად ითხოვს მათი დარიცხვის უკანონოდ აღიარებას, რისი ინტერესიც არის ასევე საბანკო გარანტიის არასწორად გამოყენების ფაქტის დადასტურება.
შესაბამისად, დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია განისაზღვროს: ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება გამოწვეული იყო თუ არა რაიმე საპატიო გარემოებებით ან/და საგანგებო და გარდაუვალი ხასიათს გარემოებით, რომლის თავიდან აცილება, ან გადალახვა მოსარჩელეს არ შეეძლო.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებას საპატიო მიზეზით. დადგენილი არ არის არც ფორს-მაჟორული გარემოების არსებობის გამო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება. ფორს-მაჟორული ვითარება გაუთვალისწინებელ მოვლენას გულისხმობს, რომელიც ვითარდება ხელშეკრულების მონაწილეთა ნებისაგან დამოუკიდებლად. ასეთ ვითარებაში მოვალე თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. იმისთვის რომ ვალდებულების შესრულების ხელშემშლელი გარემოება მიჩნეული იქნეს დაუძლეველ ძალად, იგი საგანგებო და გარდაუვალ ხასიათს უნდა ატარებდეს.
ხელშეკრულების 12.1 მუხლის თანახმად ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას თუ ხელშეკრულების პირობების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი. 12.2 მუხლის თანახმად, ფორს-მაჟორი ნიშნავს მხარეებისთვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იყოს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა. 12.3 პუნქტით, ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში მიმწოდებელმა დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ.
როგორც უკვე აღინიშნა, მიმწოდებელს სამუშაო უნდა დაესრულებინა არაუგვიანეს 09.10.2017წ. (ტ.1, ს.ფ.22). საქმის მასალებით დგინდება, რომ 09.10.2017წ., ანუ ვადის ბოლო დღეს, მოსარჩელემ მოპასუხეს წერილით აცნობა, რომ რთულ პირობებში უწევდა სამუშაოების წარმოება როგორც გრუნტის დამუშავების, ასევე პარალელურად მიმდინარე პროექტების (იგება ასფალტი და კეთდება სანიაღვრე არხები) გამო, რასაც თან ერთვოდა ნალექიანი ამინდი, რომლის დროსაც შეუძლებელი იყო სამუშაოს წარმოება. ნალექიანმა დღეებმა შეადგინა 19 დღე. მოსარჩელემ მოითხოვა ნალექიანი დღეები ჩაითვალოს საპატიოდ და სამუშაოების დასრულების ვადად ნაცვლად 09.10.2017წ.-ისა, განისაზღვროს 30.10.2017წ (ტ.1, ს.ფ.30). მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა გარემოს ეროვნული სააგენტოს 09.10.2017წ. წერილი, რომლის თანახმად, დაბა ს-------–-----აში 2017 წლის 25 ივლისიდან 03 ოქტომბრის ჩათვლით 19 დღე იყო ნალექიანი (ტ.1, ს.ფ. 31). ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილში არ არის მითითებული უხვი ნალექიანობის შესახებ, რაც მიუთითებდა დროის ამ პერიოდში სამუშაოების შესრულებლის შეუძლებლობაზე.
შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ვალდებულების შესრულების ხელისშემშლელ, დაუძლეველ გარემოებად ვერ მიიჩნევა პარალელურად მიმდინარე პროექტები ან/და სილქნეტის საკაბელო ხაზი, რაც როგორც მოსარჩელე განმარტავს, ხელს უშლიდა სარეგულაციო ჭის მოწყობაში. აღნიშნულის საპასუხოდ მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელემ საკმარისი მუშახელის და ტექნიკის არქონის გამო ვერ მოახერხა სამუშაოების სწორად გადანაწილება და წარმოება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაოების შესრულების ხელისშემშლელ გარემოებებთან დაკავშირებით ხელშეკრულებით გათვალიწინებულ ვადაში გაგზავნილია მხოლო ერთი წერილი, რომელიც მოპასუხეს ჩაბარდა 22.09.2017წ., სადაც მოსარჩელე მიუთითებს სილქნეტის საკაბელო ხაზზე, როგორც სარეგულაციო ჭის მოწყობის ხელისშემშლელ ფაქტორზე (ტ.1, ს.ფ. 29). რაც შეეხება სხვა წერილებს, ეს წერილები გაგზავნილია მხოლოდ სამუშაოების შესრულების ვადის (09.10.2017წ.) გასვლის შემდგომ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავად მიმწოდებელი/მოსარჩელე სამუშაოს შესრულების ვადის გაგრძელების მოთხოვნას აფუძნებდა უშუალოდ ნალექიანი დღეების არსებობაზე და არა სხვა რაიმე გარემოებაზე.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ, მართალია, მოსარჩელე 09.10.2017წ. წერილით ითხოვდა ვადის გაგრძელებას 2017 წლის 30 ოქტომბრამდე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (იხ.: 05.09.2017წ. და 13.12.2017წ. ანგარიშები, ტ.1, ს.ფ. 121-126) დასტურდება და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოსარჩელეს 13.12.2017წ. მდგომარეობითაც კი არ ჰქონდა დასრულებული სამუშაო სრულად. ვადაგადაცილების საურავი დარიცხულია მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში - 09 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ.24, 44).
როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, საბოლო ჯამში, მოსარჩელის მიერ შესრულებული იყო შესასრულებელი სამუშაოების დაახლოებით 55%-მდე (იხ.: 23.10.2018წ სხდომის ოქმი 11:22:24-11:22:29). 01.10.2019წ. სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ თანხობრივად შესრულებული იყო მთლიანი ღირებულების 52 % (01.10.2019წ. სხდომის ოქმი, 13:23:12- 13:23:14).
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით შედავებული არ ყოფილა, რომ ყ------ის მუნიციპალიტეტის დაბა ს-------–-----ის ოთხი ქუჩის წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელებული იქნა სხვა კომპანიის მიერ. ანუ არც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ვადა იყო საკმარისი იმისთვის, რომ მას სრულად შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო.
შესაბამისად, დადგენილია ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული ჯარიმის (ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 3%) მართლზომიერება.
რაც შეეხება მოსარჩელი მიერ 17.10.2017წ. წერილით მოთხოვნილ წყალმზომი ყუთების დამონტაჟებას (ტ.1. ს.ფ.38), იგი წარდგენილ იქნა ვალდებულების შერულების ვადის გასვლის შემდეგ, ამასთან, როგორც მოპასუხის 31.10.2017წ. წერილით დგინდება, წყალმზომი ყუთების დამონტაჟებამდე მოთხოვნილ იქნა დაზუსტებული ინფორმაცია ჭის მთლიანი კონსტრუქციის ვერტიკალური მექანიკური დატვირთვისადმი გამძლეობის შესახებ. მიმწოდებელს იქვე განემარტა, რომ წარდგენილი სერტიფიკატი შეეხებოდა არა პოლიპროლილენის, არამედ ბეტონის კონსტრუქციას, ასევე ნახაზში არ იყო მითითებული თავსახურის სისქე, აუცილებელი იყო ჭის თავსახურის თბომედეგობა, რაც დააკმაყოფილებდა ს-------–-----ის კლიმატურ პირობებს (ტ.1, ს.ფ.40). ანუ მოპასუხემ უარი კი არ უთხრა მოსარჩელეს წყალმზომი ყუთების დამონტაჟებაზე, არამედ მოითხოვა ინფორმაციის დაზუსტება. რაც შეეხება 06.11.2017წ. მოსარჩელის მიმართვას (ტ.1, ს.ფ.41,42), ამის შემდეგ მოპასუხემ აცნობა, რომ განიხილა ეს მიმართვა და კვლავაც საჭირო იყო მოსარჩელის მიერ ინფორმაციის დაზუსტება (ტ.1, ს.ფ.43). მოთხოვნილი ინფორმაციის ამის შემდეგ მოპასუხისთვის წარდგენის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
მოსარჩელე ვერ ადასტურებს სარჩელის საფუძვლად მითითებულ გარემოებებს მასზედ, რომ სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილება გამოწვეული იყო საპატიო ან/და საგანგებო და გარდაუვალი ხასიათს გარემოებით, რომლის თავიდან აცილება, ან გადალახვა მოსარჩელეს არ შეეძლო.
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ნორმის ამ დანაწესით მოცემულია მატერიალურ-სამართლებრივი პრეზუმფცია, რომელსაც გააჩნია პროცესუალური ფუნქცია. პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდით (შესრულებით) ივარაუდება მიმწოდებლის ვალდებულების არსებობა პირგასამტეხლოს თაობაზე (ვალდებულების არსებობა). აღნიშნული პრეზუმფციის პროცესუალურ-სამართლებრივი ფუნქცია, უპირველეს ყოვლისა, ვლინდება მტკიცების ტვირთის გადანაწილებაში (პრეზუმფცია მტკიცების საგანში არ შედის, მაგრამ მის გასაქარწყლებლად მითითებული ფაქტები შედიან მტკიცების საგანში), კერძოდ, პირმა, რომლის საწინააღმდეგოდ მოქმედებს პრეზუმფცია, უნდა დაადასტუროს ვალდებულების არარსებობა, ანუ ვალდებულების გარეშე თანხის გადახდის ფაქტი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დარიცხული პირგასამტეხლოდან/ ჯარიმიდან გაქვითულ იქნა ვადაგადაცილების საურავი - 2 663.25 ლარი (ანუ საურავი გაიქვითა სრულად) და ჯარიმის ნაწილი 2 707 ლარი (ჯარიმის დანარჩენი ნაწილი კრედიტორმა(ბენეფიციარმა) მიიღო გარანტისაგან). საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება და არც მოსარჩელე უთითებს ასეთზე, რაც გაქვითვაზე მისი ნების ნამდვილობის დამაბრკოლებელ გარემოებად შეიძლება შეფასდეს. ამდენად, დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ ვერ განხორციელდა ვალდებულების არსებობის პრეზუმფციის გაქარწყლება.
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია, თავად მეწარმეა და ა.შ, ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, მხარეთა ნამდვილ ნებას შეესაბამება და შემცირებას არ ექვემდებარება (სუსგ N ას-1451-1371-2017, 13.11.2018წ.).
განსახილველ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე, რომელიც მეწარმე სუბიექტია, ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არის შეუსაბამოდ მაღალი შეთანხმებული პირგასამტეხლო. აპელანტი არ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სასამართლოს დაარწმუნებდა სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენების აუცილებლობაში. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.
14. რადგან დადგინდა მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევის/ხელშეკრულების შეუსრულებლობის ფაქტი, დაგინდება, რომ არსებობდა შესრულების გარანტიის საფუძველზე ბენეფიციარის მიერ გარანტისაგან თანხის მიღების წინაპირობა.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
15. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდილია (ტ.2, ს.ფ. 11).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „B--“ - ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 20.11.2018წ. გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე : თამარ ზამბახიძე