განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210014528931
საქმე №2ბ/5579-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები - რევაზ ნადარაია, გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
აპელანტი - შპს ,,კ----------–-------------–----ი“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - თ---------- ხ-----–ია
მოწინააღმდეგე მხარე - ს----------–-----------------------------------------------------------ო (მოპასუხე)
წარმომადგენელი - მ--- კ-----–---ი, ს------- ა---–--ე-გ---–--------ა
მოწინააღმდეგე მხარე - ს----–-–-------------------------–----------ო (მოპასუხე)
წარმომადგენელი -ს--–---- ა--–--ე
მესამე პირი - ს----------–--------------------------ო
წარმომადგენელი - თ----- ტ--–----ე
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება სრულად
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელე შპს ,,კ----------–-------------–----მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ს----–-–-------------------------–----------ოს მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა 2004 წლის 22 ივნისს ნოტარიუს ც------ ბ-----ის მიერ დამოწმებული უძრავი ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ/საჩუქრად გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობა ქ. თბილისში, გ--------–ის ქუჩა №16-ში, ს/კ №0--------------- საკადასტრო კოდის მქონე 6746 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე მდებარე უძრავ ქონებაზე: შენობა-ნაგებობა №1-საერთო ფართით 14579.99 კვ.მ. ტერასა - 650,51 კვ.მ. შენობა-ნაგებობა №2-საერთო ფართობით - 240,25 კვ.მ, ნაგებობა №3-ფართობით 3,09 კვ.მ და ნაგებობა №4-ფართობით - 3,48 კვ.მ და ამ შენობა-ნაგებობების პროპორციულ თანასაკუთრების წილზე მიწის ნაკვეთში.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხე ს----------–--------------------------------------------------------------ს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. (ტომი 1, ს.ფ. 118-127). სადავო გარიგების დადებისას მოსარჩელის მხრიდან გავლენილია ნება კანონის მოთხოვნათა დაცვით, რაც დასტურდება 2004 წლის 22 ივნისის სანოტარო აქტით, რომელზე ხელმოწერითაც მან დაასტურა გარიგების შინაარსის შესაბამობა მის ნებასთან.
ს----------–-----------------------------------------------------------სა და შპს ”ი---------–----ს” შორის დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება არის კანონის შესაბამისი, რადგან დაცულია სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარიგების დადების ფორმა.
შპს ”ი---------–----ის” წესდების მიხედვით, საზოგადოების მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება. 2004 წლის 21 ივნისის შპს ”ი---------–----ის” პარტნიორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებდა შპს-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისში, გ--------–ის ქუჩა №16, საკადასტრო კოდი: №0------------ მიწის ნაკვეთის 6746 კვ.მ. შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართი - 240,25 კვ.მ. ნაგებობა №3 - ფართობი 3.09 კვ.მ. და ნაგებობა №4, ფართობით - 3.48 კვ.მ. ს----------–------------------------------სათვის ჩუქებას. მოსარჩელეები სადავოდ არ ხდიან 2004 წლის 21 ივნისის შპს ”ი---------–----ის” პარტნიორთა კრების ოქმს, რომელის საფუძველზეც მოხდა სამინისტროსათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული კრების ოქმი ძალაშია და გასულია მისი გასაჩივრების ვადები ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად.
მოპასუხე აპელირებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლით გათვალისწინებული შეცილების ერთწლიანი ვადის გასვლაზე.
სსიპ ს----–-–-------------------------–----------ოს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. (ტომი 1, ს.ფ. 139-149). მოპასუხემ სადავოდ გახადა ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ გამოვლენილ ნებაზე მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ფაქტი. აღნიშნულის საპირისპიროდ მიუთითა, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე და არც მას შემდეგ მ------ და ნ-------- შ----------ეების მიმართ არ მიმდინარეობდა არანაირი სისხლის სამართლის წარმოება.
გარიგების დადების მიზნით მ------ შ----------ეზე რაიმე სახის ზეწოლის განხორციელების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება და მოსარჩელის პოზიცია გამყარებული მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე აპელირებით არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოს მიერ სადავო გარიგების დადების მიზნით მოსარჩელის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტად. 2004 წლის 21 ივნისის პარტნიორთა გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ შპს ”ი---------–----მა” გამოხატა ნება ქ. თბილისში, გ--------–ის ქუჩა №16-ში მდებარე უძრავი ქონება უსასყიდლოდ საჩუქრის ფორმით გადასცემოდა სახელმწიფოს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს ,,კ----------–-------------–----მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. სააპელაციო საჩივარი ეფუნება შემდეგ გარემოებებს:
5.1. წინამდებარე სააპელაციო საჩივრით აპელანტი ასაჩივრებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებას.
აპელანტის მითითებით, სამარლებრივი გარემოებები მიუთითებს სასამართლოს მხრიდან კანონის არასწორ გამოყენებასა და განმარტებაზე. სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ მოდის თანხვედრაში არც სამართლის დოქტრინასთან და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (იხ.1. საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 მარტის განჩინება საქმეზე ას-15-18 2016 და 2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25 წლის 2 მაისის განჩინებას (საქმეზე Nას-225-215-2016 ). სასარჩელო მოთხოვნა ბათილობის ნაწილში ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლს. აპელანტის მოსაზრებით, ამ მხრივ სასამართლომ არსწორად დაადგინა, რომ სადავო გარემოებები იურიდიულად ვერ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნებს (იხ. სააპელაციო საჩივარი ტომი IV, ს.ფ. 122-147).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,კ----------–-------------–----ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, ხელშელრულებისა ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობდა.
პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე.
7. უწინარესად, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი დავის მხარეებზე და მათ შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფაქტობრივ საფუძვლებზე, რათა მოძიებული იქნეს სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, ანუ მატერიალური კანონის დისპოზიცია, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილი იურიდიული შედეგის შემცველია.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე: Nას-15-29-1443-2012, 2013 წლის 9 დეკემბერი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016).
პალატას მიაჩნია, რომ სადავო შემთხვევაში, უძრავი ქონების მესაკუთრე შპს ,,კ----------–-------------–----ის“ მიერ გამოვლენილი ნება, უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე ნამდვილად უნდა ჩაითვალოს. ადგილი არ აქვს ნების გამოვლენის იმგვარ ნაკლს, რომელიც მისი იურიდიული შედეგის გაბათილებას იწვევს. აღნიშნული დასკვნა კი შემდეგ დასაბუთებას ემყარება:
8. განსახილველ შემთხვევაში, სადავოდაა გამხდარი 2004 წლის 22 ივნისს შპს კორპორაცია ”ი---------–----ის” წარმომადგენელს მ------ შ----------ესა და ს----------–--------------------------------------------------------------ს წარმომადგენელს შორის გაფორმებული უძრავი ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ------ შ----------ემ, შპს კორპორაცია ”ი---------–----ის” წარმომადგენელობით უფლებამოსილმა პირმა, თანახმად, მინდობილობისა, დამოწმებული ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ 2004 წლის 31 მარტს რეესტრი №1------ით, საზოგადოების სახელით, შემდგომში მოხსენიებული როგორც ქონების გადამცემი, უსასყიდლოდ/საჩუქრად გადასცა საკუთრების უფლებით ს----------–------------------------------ს უძრავი ქონება, ხოლო მ-----– ს------მ, ს----------–------------------------------ს სახელით მიიღო საკუთრების უფლებით ეს ქონება, რომელიც შემდგომში მოხსენიებულია როგორც ხელშეკრულების საგანი. მსგავსი გარიგების სამართლებრივ ბუნებასთან მიმართებით ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სამართლებრივ კვალიფიკაციაზე მსჯელობისას უარყო მოწინააღმდეგე მხარის შედავება ჩუქების სამართალურთიერთობის წარმოშობაზე და ამგვარ დასკვნას საფუძვლად თავად სადავო სამართალურთიერთობის არსი დაუდო, მისი მოტივი და მიზანი, სახელდობრ, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ჩუქების მოტივი ძირითადად გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ჩუქება ისეთი გარიგებაა, რომელიც მხარეთა ურთიერთთანხმობას და არა მხოლოდ მჩუქებლის ნებას ეფუძნება. როდესაც სადავოა ჩუქების ხელშეკრულების წარმოშობა, მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ნების განმსაზღვრელი ორი ძირითადი კრიტერიუმი: მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და გამჩუქებლის მატერიალური მდგომარეობა. ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადგინდეს ამ კრიტერიუმების არსებობის შეფასების კუთხით, ხოლო დასახელებული კრიტერიუმების შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ანალოგიურ გარემოებებში გონიერი ადამიანის ქცევის სტანდარტი. ამ თვალსაზრისით, პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობას ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენს, რაც, როგორც წესი, მჩუქებლის მიერ ჩუქების ხელშეკრულების დადების მოტივის ჩამოყალიბებას განაპირობებს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-6-6-2015). შესაბამისად, სააპელაციო პალატა სამოქალაქო კოდექსის 85-86-ე მუხლებთან ერთობლიობაში გამოიკვლევს, თუ რამდენად არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 524-ე მულით განმტკიცებული ჩუქების ხელშეკრულების დეფინიციის წინაპირობები.
პალატა უპირველესად მიუთითებს, რომ გარიგების ამორალურად ცნობა სამართლებრივი შეფასების საკითხია, ამიტომ დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის აუცილებელია ერთობლიობაში შეფასდეს გარიგების მხარეთა ნება, ქონების გასხვისების დრო და პერიოდულობა, ხელშეკრულების ფასი, ხელშეკრულების გაფორმებამდე განხორციელებული ქმედებები და გარიგების გაფორმების შემდგომი ქმედებები.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულების საფუძველზე, ჩუქების ხელშეკრულების საგანზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. გაჩუქებული ქონებიდან შენობა №1-ის ტერასაზე 21.15 კვ.მ. 2014 წლის 30 აპრილის მდგომარეობით რეგისტრირებულია შპს ”ა---------------------------------------------------იის” საკუთრების უფლება. სადავო 2004 წლის 22 ივნისს ხელშეკრულების დადებისას, მ------ შ----------ის უფლებამოსილების დამდგენი 2004 წლის 31 მარტის მინდობილობის თანახმად, ნ-------- შ----------ემ, მ------ შ----------ეს, მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილება: ”მართოს და განაგოს მთელი მისი ქონება, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს და რისგანაც შედგებოდეს იგი; ამის შესაბამისად დადოს კანონით ნებადართული ყოველგვარი გარიგება მართვასთან დაკავშირებით, კერძოდ, შეისყიდოს, გაასხვისოს, გააჩუქოს, მიიღოს საჩუქრად, გადააგირავოს, იპოთეკით დატვირთოს და მიიღოს გირაოდ შენობა თუ სხვა ქონება, მიიღოს სამკვიდრო მოწმობა... (ტომი 1, ს.ფ. 17;40). შესაბამისად, დგინდება, რომ შპს ”კორპორაცია ი---------–----ის” შესახებ საჯარო რეესტრში არსებული რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით, მარწმუნებელი ნ-------- შ----------ე არის საზოგადოების დირექტორი და ერთ-ერთი პარტნიორი, ხოლო რწმუნებული მ------ შ----------ე ამავე საზოგადოების ერთ-ერთი პარტნიორი.
ასევე, უძრავი ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ/ საჩუქრად/ გადაცემის შესახებ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ეს ხელშეკრულება მხარეებს შორის დადებულია და წარმოადგენს შპს კორპორაცია ”ი---------–----ის” 2004 წლის 21 ივნისის პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულებით გამოწვეულ დასკვნით გარიგებას. სადავო 2004 წლის 22 ივნისს დადებული ხელშეკრულებით შპს კორპორაცია ”ი---------–----ის” სახელით ნება გამოვლენილია უფლებამოსილი პირის მიერ. ნ-------- შ----------ე, რომლის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე მოქმედება მ------ შ----------ე გარიგების დადებისას და შემდგომ პერიოდშიც არის ნების გამომვლენი შპს კორპორაცია ”ი---------–----ის” დირექტორი და ერთ-ერთი პარტნიორი. მის მიერ გაცემული მინდობილობის შინაარსიდან დგინდება, რომ მან მ------ შ----------ეს მიანიჭა მთელი მისი ქონების განკარგვის უფლებამოსილება. ამ ქონებაში რაღა თქმა უნდა იგულისხმება შპს-ში მისი წილიც. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში საყურადღებოა ის გარემოებები, რომ მინდობილობა ნ-------- შ----------ემ შეადგინა სადავო გარიგების ხელმოწერიდან სამი თვით ადრე, ასევე მ------ შ----------ის მიერ გარიგების დადების საფუძვლად მითითებულია შპს კორპორაცია ”ი---------–----ის” 2004 წლის 21 ივნისის პარტნიორთა კრების ოქმი. თავად ხელშეკრულებაშია მითითებული, რომ სწორედ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესასრულებლად მოქმედებდა მ------ შ----------ე, რომელიც ამავდროულად ამ საზოგადოების პარტნიორია.
შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსოაზრებას, რომ სადავო გარიგება შპს კორპორაცია ”ი---------–----ის” სახელით დადებულია უფლებამოსილი პირის მ------ შ----------ის მიერ. შესაბამისად, სადავო გარიგების დადებისას, გამჩუქებლის/მესაკუთრის ნება გამოვლენია.
9. განსახიველ შემთხვევაში, აპელანტი მიუთითებდა მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზე უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის მოთხოვნით, პირის იძულება, ნების საწინააღმდეგოდ დათმოს საკუთრება მესამე პირის/პირების სასარგებლოდ, თავისი ხასიათით, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ვინაიდან ასეთი ქმედება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლითა და სსკ-ის 170-ე მუხლით გარანტირებულ მესაკუთრის უფლებას, თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებას.
სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. ამავე კოდექსის 86-ე მუხლის თანახმად, 1. გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. 2. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი. სამოქალაქო კოდექსის 87-ე მუხლის თანახმად, იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც, როცა იგი მიმართულია გარიგების ერთ-ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების ან ახლო ნათესავების წინააღმდეგ.
10. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ აპელანტის (მოსარჩელის) მხრიდან უარყოფილია გარიგების ნამდვილობა, თუმცა, მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) სადავოდ ხდის მოსარჩელის ნების თავისუფლებაში ჩარევას და მიაჩნია, რომ სახეზე არ არის იძულების ანდა მუქარის ფაქტობრივი გარემოებები, რაც აუცილებელი განმაპირობებელი ფაქტორია სამოქალაქო კოდექსის 85-86-ე მუხლებით კვალიფიკაციისათვის. არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომლითაც მიჩნეულია, რომ სახელმწიფოსთვის სოლიდური ქონების უსასყიდლოდ გადაცემისას აშკარად უნდა იკვეთებოდეს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების ლოგიკური საწყისები და მხარეთა თავისუფალი ნების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ადამიანისთვის გასაგები და ცხადი იქნება, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
11. სსკ-ის 85-86-ე მუხლების შესახებ (იხ. სუსგ 27.05.2013, საქმე №ას-170-163-2013) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. პალატის მითითებით, მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილი იქნეს, გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღსანიშნავია, რომ ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ამდენად, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილი იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება, ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და სხვ.). ნების გამომვლენი მხოლოდ ასეთ შემთხვევებში უნდა იყოს დაცული გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან. ამდენად, როგორც იძულება, ისე მოტყუება, წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს. იძულების დროს, ხდება აშკარა ჩარევა ნების გამოვლენის პროცესში. იძულების მიზანს გარიგების დადება წარმოადგენს. იძულება მაშინ შეიძლება ჩაითვალოს გარიგების ბათილობის საფუძვლად, როდესაც მისი ზეგავლენით მოხდა გარიგების დადება. იძულება შეიძლება გამოიხატოს ძალადობაში ან მუქარაში. ძალადობა ფიზიკურ იძულებას გულისხმობს, ხოლო მუქარის შემთხვევაში, მომავალში იძულების განხორციელების ფაქტით გამოწვეული შიში აიძულებს პირს, მოახდინოს სხვისი ნების შესატყვისი ნების გამოვლენა. ამასთან, გარიგების ბათილობას იწვევს არა ყოველგვარი იძულება, არამედ ისეთი, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე. პირზე გავლენას ახდენს ისეთი იძულება, რომელიც აფიქრებინებს მას, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ამდენად, იძულება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ზემოქმედებაუნარიან იძულებად, თუკი იგი რეალური საფრთხის მაუწყებელია. თუ საფრთხე მოჩვენებითია, მაშასადამე, იძულებაც ამ აზრით არარსებულია. იძულების შეფასებისას, მხედველობაშია მისაღები პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გამოცდილებები. მოტყუების დროს კი, არსებობს ნების გამოვლენის ნაკლი. მოტყუება გულისხმობს ცდომილებაში განზრახ შეყვანას. ამდენად, მოტყუებით დადებულ გარიგებას იმ შემთხვევაში აქვს ადგილი, თუ მხარის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დებს მეორე მხარე გარიგებას. შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით დადებული გარიგების ბათილობის შემთხვევაში მხარემ უნდა დაამტკიცოს არასწორი ცნობების მიწოდების ფაქტი.
მოცემულ შემთვხვეაში, სასამართლოს მიერ, მოწმეთა ჩვენებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ შპს „კ----------–-------------–----ის“ დირექტორს, ასევე წილის მესაკუთრეებს არც მომდევნო ერთი წელი და არც მომდევნო წლების განმავლობაში 2014 წლის 20 ივნისამდე ანუ იმ დრომდე, ვიდრე არ იქნა წარმოდგენილი სამოქალაქო სარჩელი, სადავოდ არ გაუხდიათ ხელშეკრულება და კანონით დადგენილი არცერთი საშუალება რა გამოუყენებიათ.
12. სსკ-ის 524-ე მუხლის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. „ჩუქების ხელშეკრულებით წარმოშობილი მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ძირითადი თავისებურება მისი უსასყიდლო ხასიათია, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არ აქვს უფლება, მოითხოვოს სამაგიერო დაკმაყოფილება მის მიერ გაცემული საჩუქრის გამო. იურიდიული თვალსაზრისით კი, უსასყიდლობა იმაში ვლინდება, რომ საჩუქარი არ არის განსაზღვრული ეკვივალენტურობის მატარებელი და იგი მისი ძირითადი მაკვალიფიცირებელი წინაპირობაა. ჩუქების მოტივს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ანგარებითაც იყოს განპირობებული, იურიდიული თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ჩუქების მოტივი ძირითადად გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან, ამიტომ, იგი შესაძლებელია, სხვადასხვა მოტივებით იყოს განპირობებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩუქების მოტივი ყოველთვის გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან“ (შდრ. სუსგ №ას-127-119-2015, 22.07.2015).
სსკ-ის 529-ე მუხლის თანახმად, 1. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. 2. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. 3. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.
სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნული მსჯელობის, განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სასამართლო პრაქტიკისა და სამართლის ნორმათა ინტერპრეტაციის საფუძველზე, ასკვნის, რომ შპს ,,კ----------–-------------–----ის“ მიერ გამოვლენილი ნება არ არის ბათილი იძულებისა და მუქარის სამართლებრივი საფუძვლით (სამოქალაქო კოდექსის, 85-86-ე და 524-ე მუხლი).
13. სააპელაციო პალატა იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მითითებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით,ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ დაასკვნა: „სამოქალაქო კოდექსის 85-ე-89-ე მუხლებით განსაზღვრული გარიგების იძულებით დადება სამართლებრივი კატეგორიაა და სასამართლო ნორმით გათვალისწინებული შედეგის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს მხარის მიერ მითითებული ფაქტებითა და ამ ფაქტების დადასტურების მიზნით წარდგენილი მტკიცებულებებით, რომლებიც ნორმით გათვალისწინებულ შემადგენლობას უნდა ქმნიდეს“ (იხ.სუსგ #ას-89-83-2015, 23.10.2015 წელი). განსახილველი დავა ეხება იძულებით დადებული საცილო გარიგებების ბათილობას, შესაბამისად, უნდა შემოწმდეს, განხორციელებულია თუ არა სსკ-ის 85-89-ე მუხლების წინაპირობები. სსკ-ის 85-ე მუხლის მიხედვით, „გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან“. ამდენად, საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუ გარიგება დადებულია მხოლოდ იძულების წყალობით. იძულებით დადებული გარიგების შემთხვევაში საქმე გვაქვს ნების ნაკლის საფუძველზე დადებულ გარიგებასთან, სადაც ნების თავისუფლება აშკარად არის ხელყოფილი. ამ დროს ადგილი აქვს დაზარალებულის თავისუფალი ნების აშკარა მოდრეკას.
პალატას მიაჩნია, რომ გასულია ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული როგორც 1 წლიანი, ასევე 6 წლიანი ვადა, რომელიც უნდა აითვალოს ხელშეკრულების დადების მომენტიდან. ხელშეკრულება დადებულია 2004 წლის 22 ივნისს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 24 თებერვლის ცნობის თანახმად, დადგენილია, რომ შპს ”კორპორაცია ი---------–----ის” და მისი ხელმძღვანელი პირების ნ-------- შ----------ისა და დამფუძნებელი პარტნიორის მ------ შ----------ის მიმართ საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ქ. თბილისის პროკურატურაში გამოძიება და შესაბამისად სისხლისსამართლებრივი დევნა 2003-2004 წლებში არ მიმდინარეობდა (ტომი მე-2, ს.ფ. 141).
აქედან გამომდინარე, სსკ-ით 89-ე მუხლით დადგენილი შეცილების ერთწლიანი ვადის დენის დაწყებამდე („იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან“), მოსარჩელე არ შეეცილა იმ სადავო გარიგებების ნამდვილობას, რამაც განაპირობა წილების გასხვისება. იურიდიულ დოქტრინაში გამოთქმული მოსაზრებების თანახმად: „შეცილების უფლება არა მხოლოდ გარიგების გაუქმების უფლებაა, არამედ მისთვის ნამდვილობის მინიჭების უფლებაც. ამდენად, შეცილების უფლება მეტად ძლიერი საშუალებაა სამართლებრივ ურთიერთობაზე ზემოქმედებისათვის. ამიტომ ის არ შეიძლება იყოს შეუზღუდავი. წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლებრივი ურთიერთობების არასტაბილურობის საფრთხე ძალიან დიდი იქნებოდა. ამ საფრთხეს ითვალისწინებს კანონი და შეცილების უფლებას განსაზღვრულ ჩარჩოებში აქცევს“(იხ. ლ.ჭანტურია., „სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი“, თბილისი, 2011 წ., გვ. 397). უცილო (არარა) გარიგებების „ბათილობისაგან განსხვავებით, რაც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტომატურად დგება და არ საჭიროებს შესაბამის შედეგზე მიმართულ არანაირ დამატებით მოქმედებას (მაგალითად, რაიმე ფორმით ბათილად გამოცხადებას), საცილო გარიგება „დადების მომენტიდან“ ბათილი იქნება მხოლოდ ნამდვილი შეცილების შემთხვევაში. შესაბამისად, დადების მომენტში საცილო გარიგება ნამდვილია, თუმცა არსებობს გარემოებანი, რომელთა გამოც ის შეიძლება შემდგომში გახდეს ბათილი. შეცილება ცვლის არსებულ სამართლებრივ მდგომარეობას, ვინაიდან იგი მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის გაქარწყლებაზე. ამდენად, შეცილება სამართლებრივი ურთიერთობის ცალმხრივად „განმსაზღვრელი“ ნების გამოვლენა თუ გარიგებაა (დ. კერესელიძე., „კერძო სამართლის უზოგადესი სისტემები“, თბილისი, 2009 წ., გვ. 269-270). მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ არ განახორციელა ნამდვილი შეცილება, სადავო გარიგებები არ არის ბათილი მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით. შესაბამისად, ხანდაზმულობის შემცირებული ვადები მხოლოდ საცილო გარიგებებზე ვრცელდება. ხოლო როდესაც გარიგების ბათილობა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, მისი ამორალურობის მოტივით ხდება, ამგვარ მოთხოვნებზე ხანდაზმულობის საერთო, 10 წლიანი ვადა ვრცელდება და სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით რეგულირდება, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ იმსჯელა იძულებით დადებული გარიგების მოთხვნის საფუძვლიანობაზე. ის ფაქტები რასაც მოსარჩელე უთითებდა იძულებით დადებული გარიგების არსებობის წინაპირობებზე მიუთითებდა და სწორედ ამ ტიპის გარიგების შეცილებისათვის დადგენილი ვადით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ და არა სკ-ე 54-ე მუხლის შეცილების ვადით.
პალატა აღნიშნავს, რომ პარტნიორის წილის (მიმოქცევადი უფლება), შემძენზე საკუთრების უფლებით გადასვლისათვის აუცილებელია პარტნიორებს შორის ნამდვილი შეთანხმება ანუ ურთიერთმფარავი ნების არსებობა და ამ უფლების კანონით დადგენილი წესით რეესტრში რეგისტრაცია. განსახილველ შემთხვევაში, წილის შემძენებზე საკუთრება გადავიდა, რადგანაც ნამდვილი შეთანხმება არსებობდა და აქედან გამომდინარე, დღევანდელი სამართლებრივი ვითარება - საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომლითაც სადავო წილების მესაკუთრეედ მოპასუხეა რეგისტრირებული - სწორია („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 7.3. მუხლი).
14. სააპელაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან პალატამ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ შპს ,,კ----------–-------------–----ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აპელანტის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,კ----------–-------------–----ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები რევაზ ნადარაია
გენადი მაკარიძე