განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 060310119002878291
საქმე N3/ბ-224-19წ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე (მომხსენებელი)
ნანა კალანდაძე, ხათუნა ხომერიკი
საჩივრის ავტორი – ნ----------------–ი
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ თვითმართველი ერთეული სამტრედიის მუნიციპალიტეტი
გასაჩივრებული განჩინება – სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის განჩინება
დავის საგანი – უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე და საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნებზე მითითება:
2019 წლის 04 მარტს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ----------------–მა სსიპ თვითმართველი ერთეული სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის დარღვეული უფლების აღსადგენად ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
ამავე სარჩელით ნ---------------–მა იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რომლითაც მოითხოვა სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტისათვის, უძრავ ქონებაზე ს/კ 3----------- რეალური ფლობის განხორციელების აკრძალვა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის განჩინებით ნ----------------–ის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილი სარჩელით, სახეზე არ იყო იმგვარი ფაქტობრივი მოცემულობა, როდესაც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება იქნებოდა მიზანშეწონილი, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ იყო დაუსაბუთებელი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად არ არსებობდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.
2019 წლის 12 მარტს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს საჩივრით მიმართა ნ----------------–მა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
საჩივრის ავტორის განმარტებით, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სამართლებრივი დასაბუთების გარეშე არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით არ გამოიყენა სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტისათვის უძრავ ქონებაზე ს/კ 3----------- რეალური ფლობის განხორციელების აკრძალვა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნ----------------–ი მოითხოვს უკანონობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით განჩინების გაუქმებას.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინებით, ნ----------------–ის საჩივარი სამტრედიის რაიონულო სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე, მიჩნეული იქნა დაუსაბუთებლად და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განჩინებით ნ----------------–ის საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმების მოთხოვნით მიღებული იქნა განსახილველად.
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საჩივარს, საქმის მასალებს, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ნ----------------–ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სამტრედიის რაიონულო სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-420-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს სამტრედიის რაიონულო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და თვლის, რომ საჩივარში არ არის გამოთქმული მისი საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია, რამაც უნდა განაპირობოს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება აღსრულება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ დარღვეულ უფლებასა თუ კანონიერ ინტერესზე აპელირება, არ წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკმარის საფუძველს. მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი და დასაბუთებული ეჭვი ვალდებულების მომავალში შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველია, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებაში უნდა მდგომარეობდეს.
პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორ მოპასუხის უფლებები) შორის. გარდა ამისა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის მთავარი პრინციპი - აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება. სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა იყოს განპირობებული იმ ვარაუდით, რომ სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები იურიდიულად ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამასთან, უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონიერი ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი სარჩელით სახეზე არ არის იმგვარი ფაქტობრივი მოცემულობა, როდესაც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზანშეწონილია, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ იყო დაუსაბუთებელი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად არ არსებობდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.
საპელაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ კანონი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების ზოგად საფუძველს, ხოლო სასამართლო განსაზღვრავს, არსებობს თუ არა ამგვარი საფუძველი განსახილველ საქმესთან დაკავშირებით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას იყენებს იმ შემთხვევაში, თუ მის გამოყენებას მიზანშეწონილად ჩათვლის. შესაბამისად, საპროცესო კანონში სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის გათვალისწინება გულისხმობს აღნიშნული ინსტიტუტის გამოყენების დაწესებას ისეთი შემთხვევებისათვის, როდესაც იგი გამართლებულია, ხოლო არის თუ არა გამართლებული, ამის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ამდენად, სასამართლო ვალდებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების საკითხის განხილვისას გაარკვიოს რამდენად არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების საფუძველი. ასეთის შეფასებისათვის კი მნიშვნელოვანია სასარჩელო მოთხოვნის ნათლად, გარკვევით და კანონშესაბამისად წარმოდგენა.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის მტკიცების ტვირთს შუამდგომლობის ავტორს აკისრებს და სწორედ წარმოდგენილი შუამდგომლობის ფარგლებში და მოცემულობაში, მხარის არგუმენტების საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე. ამდენად, სასამართლოს სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოს იმ სარჩელის დავის საგნის დაცვა (საქმეზე მისაღების გადაწყვეტილების აღსრულების გარანტია შექმნას), რომელიც აღძრული იქნება სამომავლოდ (ან უკვე აღძრულია). ანუ ამ ინსტიტუტის მიზნებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება ყოველი კონკრეტული დავის სამართლებრივი თავისებურებების გათვალისწინებით და მიმართულია კონკრეტულ საქმეზე მიღებული (მისაღები) საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებისაკენ. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხზე მსჯელობა ხდება შუამდგომლობის მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და მოთხოვნის საფუძვლიანობის ურთიერთშეჯერებისა და ერთობლიობაში განხილვა-გადაწყვეტით. შესაბამისად, ამგვარი საკითხის გადაწყვეტისას, პირველ რიგში შეფასება უნდა მიეცეს სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს, დავის საგანს და სხვა არსებით კომპონენტებს (უზრუნველყოფის ღონისძიების ადექვატურობა, კავშირი დავის საგანთან და ა.შ.), რომლის ფარგლებშიც სასამართლომ უნდა მიიღოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
ამდენად, მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე, თუმცა ასეთ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, მით უფრო სარწმუნოდ და დასაბუთებულად უნდა იყოს გადმოცემული სამომავლოდ წარმოსადგენი დავის საგანი. სწორედ ზემოხსენებულზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 191-ე მუხლი, რომელიც ადგენს ,,ვარაუდის სტანდარტს“ სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების შესახებ.
სააპელაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის ვალდებულებაზე, მტკიცებულებებისა და ფაქტების წარდგენით დაასაბუთოს ის მოსალოდნელი რეალური საშიშროება, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში გამორიცხავს გადაწყვეტილების აღსრულებას, ზემოაღნიშნული კი სასამართლოსათვის წარდგენილი საჩივრით ვერ იქნა უზრუნველყოფილი; საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია რაიმე საფუძვლიანი არგუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა გასაჩივრებული განჩინების საპროცესო ნორმების დარღვევით მიღება.
სააპელაციო სასამართლომ შეაფასა რა საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები, გაითვალისწინა სარჩელის მოთხოვნის საგანი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით სახეზე არ არის სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობა, ვინაიდან არ არსებობდა მაღალი რისკი იმისა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში საფრთხე შეექმნებოდა გადაწყვეტილების აღსრულებას.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის საფუძვლად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებები დასაბუთებელია, რის გამოც საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991, 372-ე, 390-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ----------------–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის განჩინება;
3. საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ნანა კალანდაძე
ხათუნა ხომერიკი