განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.12.2019
საქმის ნომერი
330210018002245628
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
05.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002245628

საქმე №2ბ/1013-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 დეკემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მიხეილ გოგიშვილი

მოსამართლეები - დიანა ბერეკაშვილი

ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი - ნატო გოგიშვილი

 

აპელანტი - შპს „მ--------- ჯ-------ა“(მოპასუხე)

წარმომადგენელი - გ--- კ----------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს------ ჰ--ი’’ (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - არჩილ მშვენიერაძე

 

მესამე პირი - ი/მ დ----- კ-------ე

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ს------ ჰ--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,მ--------- ჯ-------ას" მოსარჩელე შპს ,,ს------ - ჰ--ის" სასარგებლოდ დაეკისრა _ 52 248 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხის გადახდა ეროვნულ ვალუტაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2014 წლის 8 ნოემბერს, ერთის მხრივ გამყიდველს _ შპს ,,ს------ ჰ--ს“, მეორეს მხრივ მყიდველს _ შპს ,,მ--------- ჯ-------ას“ და მესამე მხრივ ი.მ ,,დ----- კ-------ეს“ შორის გაფორმდა მოწონების პირობით ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა 2 (ორი) ცალი 500 კვტ. სიმძლავრის სინქრონული ძრავი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - 2014 წლის 8 ნოემბრის მოწონების პირობით ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 17-18).

 

2.2. 2018 წლის 8 ნოემბერს შპს ,,ს------ ჰ--ის“ და შპს ,,მ--------- ჯ-------ას“ შორის გაფორმებულ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ შპს ,,ს------ ჰ--მა“ ქ. ხაშურში გადასცა, ხოლო შპს ,,მ--------- ჯ-------ა“-მ მიიღო ორი ცალი 500 კვტ. სიმძლავრის სინქრონული ძრავი ტრანსპორტირებისათვის თბილისში, ვ-–-–-------- ა------ში მდებარე სარემონტო საამქროში (ი.მ დ----- კ-------ესთან), ძრავების ტექნიკური მდგომარეობის შესამოწმებლად და საჭირო შემთხვევაში რემონტის მიზნით. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ძრავების ტრანსპორტირების, შემოწმების და რემონტის თანხას იხდიდა შპს ,,მ--------- ჯ-------ა“.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 19);

- სასაქონლო ზედნადები #ელ-0--------- (ს.ფ 24).

 

2.3. მოპასუხეს ნასყიდობის საგანი შპს ,,ს------ ჰ--ი“-სათვის არ დაუბრუნებია და დღემდე სინქრონული ძრავები განთავსებულია სპეციალისტ ი.მ ,,დ----- კ-------ის“ სარემონტო საამქროში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას - მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).

 

2.4. მოპასუხეს სინქრონული ძრავების ღირებულება შპს ,,ს------ ჰ--ისათვის“ არ გადაუხდია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).

 

2.5. საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ელ.ენერგეტიკული პროდუქციის და მოწყობილობების ტესტირების (საგამოცდო) ლაბორატორიის მიერ განახორციელა ძრავების ტესტირება და შედგა ძრავის გამოცდის ოქმები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 05 თებერვლის ძრავის გამოცდის ოქმი Nჰ/192 (ს.ფ 20-21);

- 2015 წლის 03 თებერვლის ძრავის გამოცდის ოქმი Nჰ/191 (ს.ფ 22-23).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.6. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

2.7. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის არგუმენტაცია სპეციალისტის მიერ ნასყიდობის საგნის ვარგისიანობის თაობაზე დასკვნის შედგენის შეუძლებლობის თაობაზე და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია სადავო გარემოება, რომ შპს “მ--------- ჯ-------ას“ დაკვეთით საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ელ.ენერგეტიკული პროდუქციის და მოწყობილობების ტესტირების (საგამოცდო) ლაბორატორიამ განახორციელა სინქრონული ძრავების ტესტირება.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მესამე პირის დ----- კ-------ის განმარტებაზე, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2014 წლის 8 ნოემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა, სინქრონული ძრავების შემოწმების თაობაზე წერილობითი დოკუმენტის შედგენის სავალდებულოობა, რომ მან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ერთთვიან ვადაში განახორციელა სინქრონული ძრავების შემოწმება და დამაკმაყოფილებელი შედეგების თაობაზე აცნობა მყიდველი კომპანიის ხელმძღვანელს, რომლისთვისაც არადამაჯერებელი აღმოჩნდა შემოწმების შედეგები და შპს“ მ--------- ჯ-------ას“ დაკვეთით მისსავე საამქროში საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის სპეციალისტთა მიერ განხორციელოდა ძრავების ტესტირება.

 

საქმეში წარმოდგენილი ელ.ენერგეტიკული პროდუქციის და მოწყობილობების ტესტირების (საგამოცდო) ლაბორატორიის მიერ შედგენილი ძრავის გამოცდის N191 და N192 ოქმებით დასტურდება, რომ ტესტირება ჩატარებულ იქნა 2015 წლის 3 და 5 თებერვალს, სოფ.დ------ში, ელ.ძრავების სარემონტო სამქროში.

 

ძრავის გამოცდის ოქმებში ასახული მონაცემების სიზუსტე სასამართლო სხდომაზე ასევე, დაადასტურა ტესტირების განმახორციელებელმა პირმა გ------ ც----–---–მა. სპეციალისტის განმარტებით: ტესტირება სავარაუდოდ განხორციელდა მოპასუხის დაკვეთით; ტესტირებაზე წარმოდგენილი გენერატორებიდან ერთი ძრავა იყო სრულიად გამართული (ოქმი N192), ხოლო მეორე, 1964 წლის გამოშვება ძრავის საიზოლაციო მახასიათებელი, აბსორბციის კოეფიციენტი იყო ნორმასთან შეუსაბამო. მახასიათებლის ცვალებადობის გამო მხოლოდ ქიმიური ანალიზის შედაგად შეიძლებოდა განსაზღვრულიყო დაექვემდებარებოდა თუ არა იგი რემონტს;

 

ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება, მოპასუხის პოზიციის მართებულობა, სინქრონული ძრავების ვარგისიანობის თაობაზე დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 8 ნოემბრის მოწონების პირობით ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ. 17-18).

- 2015 წლის 05 თებერვლის ძრავის გამოცდის ოქმი Nჰ/192 (ს.ფ 20-21);

- 2015 წლის 03 თებერვლის ძრავის გამოცდის ოქმი Nჰ/191 (ს.ფ 22-23).

- მესამე პირის, გ.ც----–---–ის განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმები);

 

2.8. მესამე პირისა და სპეციალისტ გ.ც----–---–ის განმარტებების საფუძველზე, დგინდება, რომ მათ მიერ ნასყიდობის საგანზე სარემონტო სამუშაოები არ განხორციელებულა;

 

2.9. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ არის ხანდაზმული.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტა: სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა ტიპის ვადებს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას.

 

სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლების, ინტერესის ან თავისუფლების დარღვევა. თუ დარღვევა არ არსებობს დასაცავი არაფერია. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, იგი მჭიდროდაა დაკავშირებული სარჩელის უფლებასთან. დავის მხარე კი, რომელსაც ხანდაზმულობის საკითხის წამოჭრის უფლება აქვს, არის პირი, რომლისკენაც მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა უშუალოდაა მიმართული, ან პირი, რომლის ინტერესზეც ხანდაზმული მოთხოვნის დაკმაყოფილება ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან ობიექტურად უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორცილებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ანგარიშსწორება მხარეებს შორის განხორციელდებოდა სპეციალისტის მიერ სარემონტო სამუშაოების დასრულების, სინქრონული ძრავების ტესტირების დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების და მხარეების მიერ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღეში (პ.4); მყიდველი სარემონტო სამუშაოებისათვის “სპეციალისტისათვის“ თანხის გადახდიდან 10 სამუშაო დღეში დარჩენილი თანხიდან 50%-ს უხდის გამყიდველს, ხოლო 50%-ს _ 4 თვის შემდეგ (პ.7).

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, დასტურდება რომ სინქრონული ძრავების შემოწმება/ტესტირება განხორციელდა 2015 წლის 03 და 05 თებერვალს.

 

შესაბამისად, სასამართლომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მომართა 2018 წლის 05 იანვარს, მიიჩნია, რომ ამ უკანასკნელის მოთხოვნა, ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურებაზე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით, არ არის ხანდაზმული.

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა სადავო გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.10. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლზე რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სსკ-ის 319 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი; მათ შორის შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია მოწონების პირობით ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულება გაფორმებული 2014 წლის 8 ნოემბრს ერთის მხრივ გამყიდველს _ შპს ,,ს------ ჰ--ს“, მეორეს მხრივ მყიდველს _ შპს ,,მ--------- ჯ-------ა“ს და მესამე მხრივ ი.მ ,,დ----- კ-------ე“-ს შორის. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა 2 (ორი) ცალი 500 კვტ. სიმძლავრის სინქრონული ძრავი, რომელსაც მყიდველი შეისყიდიდა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ;

 

ხელშეკრულების სახელწოდების, მისი შინაარსისა და მასში ასახული მხარეთა კონკრეტული უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით, დასტურდება რომ 2014 წლის 8 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე სპეციალისტსა და მყიდველ მხარეს შორის წარმოიშვა მომსახურების (ნარდობის), ხოლო გამყიდველსა და მყიდველს შორის მოწონების პირობით დადებული ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა.

2.11. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების დროს, გარიგების ობიექტია ქონება, რომლის სანაცვლოდ და საკომპენსაციოდაც შემძენი იხდის ნასყიდობის ფასს.

 

საქმეზე დადგენილი უდავო გარემოებაა, რომ ხელშეკრულების გაფორმების დღესვე 2014 წლის 8 ნოემბერს, გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც მყიდველმა გამყიდველს ქ.ხაშურში გადასცა, ხოლო გამყიდველმა მიიღო ნასყიდობის საგანი თბილისში ტრანსპორტირებისათვის, სპეციალისტის სარემონტო საამქროში ძრავების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებისა და საჭიროების შემთხვევაში რემონტის მიზნით.

 

წინამდებარე სარჩელით, მოსარჩელე მხარე (გამყიდველი) ითხოვს 2014 წლის 8 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველისაგან ნასყიდობის საგნის ღირებულების ანაზღაურებას იმ დასაბუთებით, რომ გამყიდველის მიერ შესრულებულ იქნა სინქრონული ძრავების მყიდველისათვის მიწოდების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოპასუხემ კი არ შეასრულა მისი წილი ვალდებულება, გადაეხადა ნასყიდობის საფასური და არც ნასყიდობის საგანი დაუბრუნებია.

 

2.12. სამოქალაქო კოდექსის 520-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება ნივთის მოწონების პირობით დაიდოს თუ მყიდველი შეთანხმებულ ვადაში არ დაიწუნებს ნივთს. დაწუნების შემთხვევაში მხარეები მოვალენი არიან დაუბრუნონ ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოწონების პირობით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება პირობითი ხელშეკრულების სპეციალური რეგულაციაა. კერძოდ, ეს არის გადადების პირობით დადებული ხელშეკრულება, რომლის საბოლოოდ ძალაში შესვლა და ნამდვილობა დამოკიდებულია შეთანხმებული პირობის დადგომაზე _ მოწონებაზე. ნასყიდობა მოწონების პირობით მყიდველს ანიჭებს შესაძლებლობას ნივთის დათვალიერებისა და გამოცდის შემდეგ მიიღოს საბოლოო და ინფორმირებული გადაწყვეტილება ნივთის მოწონებისა თუ დაწუნების, შესაბამისად მისი დატოვების თუ გამყიდველისათვის დაბრუნების თაობაზე; გამყიდველი მხარე კი მყიდველის მიერ მოწონების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ცალმხრივადაა შებოჭილი ვალდებულებით მყიდველს მისცეს ნივთის შემოწმების შესაძლებლობა, ნივთის ფაქტობრივი გადაცემის ან დათვალიერების უფლების მინიჭების გზით.

 

მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-2 პუნქტით დასტურდება, რომ მყიდველი კისრულობდა ვალდებულებას გამყიდველთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ თავისი ხარჯით უზრუნველეყო სინქრონული ძრავების ტრანსპორტირება ,,სპეციალისტთან“ მისამართზე: ქ. თბილისი, ვ-–-–-------- ა------ი. იმ შემთხვევაში, თუ სინქრონული ძრავები არ დაექვემდებარებოდა რემონტს, ,,მყიდველი“ თავისი ხარჯით უზრუნველყოფდა შპს ,,ს------ ჰ--ისათვის“ გენერატორების დაბრუნებას ხაშურში, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. ასეთ შემთხვევაში, ,,მყიდველის“ მიერ დადგენილი მოწონების პირობა არ შესრულდებოდა და ნასყიდობის ხელშეკრულება არ მიიჩნეოდა დადებულად.

 

ამდენად სახეზეა ნასყიდობის საგნის შემოწმებისა და გამოცდის პირობით დადებული ხელშეკრულება, რომელიც მყიდველის მიერ ნივთის მოწონების შესახებ გადაწყვეტილებას ობიექტურ კრიტერიუმებზე - შემოწმების შედეგებზე აფუძნებდა.

 

2.13. როგორც სამოქალაქო კოდექსის 520-ე მუხლით გათვალისწინებულ ნორმის დანაწესშია აღნიშნული, ხელშეკრულება მოწონების პირობით გარკვეული ვადით იზღუდება. ანუ მოწონების/დაწუნების შესახებ მხარის ნება, როგორც მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა მყიდველის მიერ შეთანხმებული ვადაში უნდა განხორციელდეს; ვადის განსაზღვრას ორმაგი დატვირთვა გააჩნია: ერთი რომ იგი ზღუდავს მყიდველის უფლებამოსილების ფარგლებს, მიიღოს გადაწყვეტილება მხოლოდ განსაზღვრულ ვადაში და მეორე _ დათქმა ვადის თაობაზე იცავს გამყიდველ მხარეს არ იმყოფებოდეს გაურკვევლობაში განუსაზღვრელი ვადით; დათქმულ ვადაში მყიდველის მიერ შეტყობინების განუხორციელებლობა ათავისუფლებს გამყიდველს ბოჭვის ვალდებულებისაგან, ხოლო მყიდველს რომელიც ნივთს არ მოიწონებს, ავალდებულებს საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს გამყიდველისათვის ნივთის დაბრუნება. შემთხვევას, როდესაც მოწონების ვადა მხარეთა მიერ განსაზღვრული არ არის, მართალია აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს, თუმცა მოწონების პირობით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მოწონების განხორციელების ვადის შეთანხმების არარსებობისას მხარეებმა უნდა იხელმძღვანელონ ვადის გონივრულობის მაშტაბით.

 

2014 წლის 8 ნოემბრის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, ,,სპეციალისტი“ იღებდა ვალდებულებას უზრუნველყო სინქრონული ძრავების შემოწმება და საჭირო შემთხვევაში რემონტი მათი მიღებიდან ერთი თვის ვადაში; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სინქრონული ძრავები არ დაექვემდებარებოდა რემონტს, ,,მყიდველი“ თავისი ხარჯით უზრუნველყოფდა შპს ,,ს------ ჰ--ისათვის“ გენერატორების დაბრუნებას (მე-2 პუნქტი).

 

დადგენილია რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ი.მ. დ----- კ-------ის მიერ ნასყიდობის საგნის შემოწმების დადებითი შედეგები მისაღები არ აღმოჩნდა „მყიდველისათვის“ და ამ უკანასკნელის დაკვეთით, ნასყიდობის საგნის ტესტირება განხორციელდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის სპეციალისტთა მიერ; შემოწმების შედეგად 2015 წლის 3 და 5 თებერვალს შედგენილ იქნა ელ.ენერგეტიკული პროდუქციის და მოწყობილობების ტესტირების (საგამოცდო) ლაბორატორიის ძრავის გამოცდის N191 ფ და N192 ოქმები. ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ ნასყიდობის საგნიდან ერთ-ერთ ძრავს აღენიშნებოდა იზოლაციის მახასიათებლის ნორმიდან გადახრა, ხოლო, მეორე ძრავი იყო სრულიად გამართულ მდგომარეობაში.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის, 2014 წლის 8 ნოემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული „მყიდველის“ ვალდებულებების გათვალისწინებითა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,მ--------- ჯ-------ა“-ს უმოქმედობა, რაც გამოიხატა მისივე დაკვეთით განხორციელებული ტესტირების შედეგებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, გამყიდველისათვის სინქრონული ძრავების დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობაში, უნდა შეფასდეს მყიდველის მიერ ნივთის მოწონებად, რაც გამყიდველს წარმოუშობს საპასუხო შესრულების _ ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

მოპასუხის განმარტებას, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა მყიდველის მიერ ქონების დაბრუნების ვალდებულება ისეთ შემთხვევაში, როცა სპეციალისტი ვერ დაადგენდა ნასყიდობის საგნის ვარგისიანობას _ სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიუთითებს: იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევდა მოპასუხის პოზიციას სპეციალისტის მიერ ძრავების ვარგისიანობის დადგენის შეუძლებლობის თაობაზე, აღნიშნული მხარეს არ ანთავისუფლებდა ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის დაბრუნების ვალდებულებისაგან, ვინაიდან მოწონების პირობით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, სწორედ მყიდველის აქტიური ქმედება - ძრავების დაბრუნება და არა უმოქმედობა, განიხილებოდა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების პირობად.

 

შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში მყიდველის მიერ გამყიდველისათვის შეთანხმებულ (ან/და გონივრულ) ვადაში მოწონების პირობით გადაცემული ნასყიდობის საგნის დაუბრუნებლობით, უგულვებელყოფილ იქნა არა მხოლოდ 520-ე მუხლის კონკრეტული დანაწესი, არამედ სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილის კეთილსინდისიერებისა და მეორე მონაწილის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი დამოკიდებულების ვალდებულება.

 

2.14. 2014 წლის 8 ნოემბრის მოწონების პირობით ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 60 000 (სამოცი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება მოიცავდა ,,სპეციალისტი“-ს მიერ გაწეული სარემონტო სამუშაოების ღირებულებას, რომელსაც უნდა შეედგინა არაუმეტეს 20 000 (ოცი ათასი) ლარისა და რომლის ანგარიშსწორების ვალდებულება ეკისრებოდა ,,მყიდველს“. ანგარიშსწორება მხარეებს შორის განხორციელდებოდა სპეციალისტის მიერ სარემონტო სამუშაოების დასრულების, სინქრონული ძრავების ტესტირების დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების და მხარეების მიერ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღეში (პუნქტი 4); მყიდველი სარემონტო სამუშაოებისათვის “სპეციალისტისათვის“ თანხის გადახდიდან 10 სამუშაო დღეში დარჩენილი თანხიდან 50%-ს უხდის გამყიდველს, ხოლო 50%-ს _ 4 თვის შემდეგ (პუნქტი.7).

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 361-ე მუხლების საფუძველზე, ვინაიდან 2014 წლის 8 ნოემბრის მოწონების პირობით ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველს წარმოეშვა მყიდველის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ღირებულების მოთხოვნის უფლება, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ნასყიდობის ღირებულების _ 60000 აშშ დოლარის ოდენობით შპს ,,მ--------- ჯ-------ასთვის“ დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, მხოლოდ ნაწილობრივ, ხელშეკრულებით განსაზღვრული, „სპეციალისტი“-ს მიერ გაწეული/გასაწევი სარემონტო სამუშაოების მაქსიმალური ღირებულების (20 000 ლარი) გამოკლებით და შპს ,,მ--------- ჯ-------ას" შპს ,,ს------ - ჰ--ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს _ 52 248 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ნასყიდობის საგნის გადაცემა მყიდველზე მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულების ვალდებულების ნაწილში. სინამდვილეში ნივთის გადაცემა სამმხრივი შეთანხმებით მოხდა წინასწარ შერჩეულ სპეციალისტთან ტრანსპორტირების მიზნებისთვის.

 

აპელანტი მიუთითებს, სამოქალაქო კოდექსის 483-ე მუხლზე და განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსით დგინდება, რომ მხარეები ვალდებულნი იყვნენ მიღება-ჩაბარების აქტი, ე.წ "საბოლოო მიღება-ჩაბარება" (იხ. ხელშეკრულების მე-4 პუნქტი) შეედგინათ მოწონების პირობის დადგომის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება და ტრანსპორტირების მიზნით დადებული "მიღება-ჩაბარება" ერთ დღეს დაიდო.

 

შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ ნასყიდობის საგანი გადაცემულ იქნა ყიდვა-გაყიდვის ვალდებულების ნაწილში. საქმეში წარმოდგენილია ნასყიდობის ხელშეკრულება შეთანხმებული სპეციალისტის მონაწილეობით. ეს გახლავთ სამმხრივი გარიგება, სადაც სპეციალისტი არის მხარეთა მიერ წინასწარ შერჩეული, შესაბამისად სხვა სპეციალისტის მომსახურება მხარეთა მიერ არ ყოფილა ხელშეკრულებით განსაზღვრული. მტკიცებულება: 2014 წლის 08 ნოემბრის ხელშეკრულება). სასამართლომ არასწორად დაადგინა (იხ. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება 3.2.1), რომ მყიდველი მხარის შპს "მ--------- ჯ-------ას" დაკვეთით 2015 წლის 03 და 05 თებერვალს მოხდა საგამოცდო ლაბორატორიის მიერ სინქრონული ძრავების ტესტირება. აღნიშნულის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, მით უმეტეს, რომ სამმხრივი ხელშეკრულებით შემოწმების ვალდებულება გააჩნდა მხოლოდ შეთანხმებულ სპეციალისტს - ინდ. მეწარმე, დ----- კ-------ეს. ამგვარად, შეთანხმება რეალურად დადებული იყო იმ პირობით, რომ ტესტირებასა და რემონტს მესამე პირი ინდ.მეწარმე დ----- კ-------ე ჩაატარებდა.

 

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ დ----- კ-------ემ ეს ვალდებულება შეასრულა. სინამდვილეში მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მესამე პირის დ----- კ-------ის განმარტებაზე, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2014 წლის 8 ნოემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა, სინქრონული ძრავების შემოწმების თაობაზე წერილობითი დოკუმენტის შედგენის სავალდებულოობა, რომ მან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ერთთვიან ვადაში განახორციელა სინქრონული ძრავების შემოწმება. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ არ არსებობს არავითარი მტკიცებულება დ----- კ-------ის მიერ შემოწმების თუ ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებით. მტკიცების ტვირთი კი პროცესუალურად თავად მოსარჩელეზეა. მოსარჩელე არ უთითებს ფაქტობრივ გარემოებას, რომ აპელანტის მიერ მოხდა ტესტირების დაკვეთა ხელშეკრულების დადებიდან 3 თვის შემდეგ, სრულებით უცნობ და ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ ლაბორატორიასთან.

 

აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტობრივი გარემოებანი, რასაც მოპასუხე უთითებდა, კერძოდ 1. მოწონების პირობა არ დადგა; 2. სპეციალისტ ინდ.მეწარმე დ----- კ-------ეს ძრავების არც რემონტი და არც ტესტირება არ მოუხდენია არც დადგენილ ვადაში და არც დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, მითუმეტეს ხელშეკრულებაში პირდაპირ მითითებულია, რომ ძრავები სარემონტოა; 3. ერთი ძრავა (ხელშეკრულება დადებულია ორ ძრავზე) არ იყო ვარგის მდგომარეობაში (იხ. 2018 წლის 23 ოქტომბრის სხდომის ოქმის აუდიო ვერსია 05:58-06:10 წუთებზე - "იმ დროს არ შეესაბამებოდა ერთი ძრავი ნორმას"; 08:25-08:29 წუთებზე - "ნორმიდან იყო გადახრა"; 21:04-21:08 წუთებზე - "რემონტის ჩატარების გარეშე არ გამოსწორდება" ). 4. არც ერთ ძრავაზე არ შეიძლებოდა გარანტიის მიცემა, რადგან სპეციალისტის თქმით "შესაძლოა ნებისმიერი მათგანი რამდენიმე დღეში გამოსულიყო მწყობრიდან" (იხ. 2018 წლის 23 ოქტომბრის სხდომის ოქმის აუდიო ვერსია 12:45-13:15 წუთზე); 5. მყიდველს უნდა მიეღო ექსპლუატაციისათვის ვარგისი ქონება 1 წლიანი გარანტიით, ხოლო გარანტია გულისხმობს წერილობით ფორმას; 6. ნასყიდობის საგანი იყო სარემონტო, მაგრამ ის არ გარემონტებულა არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სპეციალისტის და არც სხვა პირების მიერ (ფაქტია, რომ რემონტის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს); 7. გამყიდველი მხარე ინფორმირებული იყო ტესტირების სპეციალისტ დ----- კ-------ის მიერ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის თაობაზე; 8. მხარეებს შორის კომუნიკაცია 2015 წლიდან დღემდე არასოდეს შემდგარა სარჩელის აღძვრამდე, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევისათვის (ეს გარემოება გამორიცხავს სასამართლოს მიერ დადგენილ სხვა გარემოებებს), კომუნიკაციის არარსებობას ორივე მხარე აღიარებს სასამართლო სხდომებზე. ამ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინების შემთხვევაში, სასამართლო აღარ მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხის მიერ შეკვეთილი იყო უცხო (საგამოცდო) ლაბორატორიის მიერ ტესტირება.

 

3.2. იმის გამო, რომ მხარეთა შორის ურთიერთკომუნიკაციას ადგილი არ ჰქონდა უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის არ დასტურდება კომუნიკაცია, გონივრული განსჯის შედეგად ივარაუდება, რომ მოსარჩელემ თავად დაუკვეთა უცხო ლაბორატორიას საქმეში წარმოდგენილი ტესტირება, და არც კი მიაწოდა 3 წლის მანძილზე მოპასუხე მხარეს. სასამართლომ ასევე, არ გაითვალისწინა, რომ ნასყიდობის საგანი იყო 2 გენერატორი და მყიდველს ჰქონდა ინტერესი 2 ერთგვაროვან ნივთზე ერთდროულად. ამ ორი გენერატორიდან რომ ერთი არ გახლდათ გამართულ მდგომარეობაში, ეს დასტურდება მოსარჩელის მიერვე წარმოდგენილი ლაბორატორიის აქტით. სასამართლომ, ასევე, არ გაითვალისწინა, რომ ორივე ძრავა საჭიროებდა რემონტს ხელშეკრულების დადების მომენტში, რაც პირდაპირ იკითხება ხელშეკრულებაში, ხოლო დამატებით დაადასტურა სპეციალისტის ჩვენებამ. სახელშეკრულებო კეთილსინდისიერების ფარგლებში სპეციალისტიც და მოსარჩელეც ვალდებული იყო მოეთხოვა ხელშეკრულების მონაწილე მხარეებისგან ნასყიდობის საგნების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა და სპეციალისტისთვის თანხის გადახდიდან 10 დღეში გამყიდველისთვის 50%-ის გადახდა, ხოლო შემდეგ დარჩენილი 50% -ის გადახდა 4 თვის თავზე.

 

აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ ასევე, არ გაითვალისწინა, რომ სპეციალისტი ვალდებული იყო შეეტყობინებინა ნასყიდობის მხარეებისთვის მასთან მიტოვებული საგნების შესახებ გონივრულ ვადაში. თუ ზემოაღნიშნულ ყველა გარემოებას ლოგიკურად შევაფასებთ, სასამართლოს უნდა დაედგინა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილის კერძოდ, მესამე პირის დ----- კ-------ის მიერ ვალდებულების არ შესრულება გახდა მხარეთა მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზი. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სარჩელი არ იყო ხანდაზმული, რადგან თუ ხელშეკრულებით განსაზღვრულმა სპეციალისტმა ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება ზეპირი დასკვნის სახით (იხ. სარჩელის მე-4 ფაქტობრივ გარემოებაში), შესაბამისად ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა აითვლება 2014 წლის 8 დეკემბრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ხანდაზმულობის ვადას არასწორად უკავშირებს გარეშე პირის (ლაბორატორიის) ტესტირებას.

 

3.3. აპელანტის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია 08.11.2014წ. ხელშეკრულება, რომელშიც დადგენილია ტრანსპორტირების, რემონტის და ნასყიდობის ფასები ცალ-ცალკე, საიდანაც ნასყიდობის ფასში შედის 20 000 ლარი სპეციალისტის მიერ გაწეული სარემონტო სამუშაოების შემთხვევაში. მყიდველის ვალდებულება სპეციალისტისთვის გადაეხადა სარემონტო სამუშაოებისთვის მაქსიმუმ 20 000 ლარის ოდენობით თანხა, ძალაში შედიოდა მხოლოდ მე-5 პუნქტით დადგენილი ვალდებულების (შემოწმება და რემონტი) შესრულებიდან 1 თვის ვადაში. შესაბამისად, დადებული გარიგება არ გახლავთ მხოლოდ ნასყიდობა, ეს არის სამმხრივი პირობითი შეთანხმება ხელშეკრულების მე-8 მუხლით დადგენილი ვადით (1 წლით) სამ პირს შორის ზუსტად განსაზღვრული ვალდებულებებით და კონკრეტულ სპეციალისტთან გარანტიის ვალდებულებით. თუ რემონტისა და ტესტირების შედეგები იქნებოდა დამაკმაყოფილებელი, აღნიშნულის თაობაზე სპეციალისტს უნდა ეცნობებინა 1 თვის ვადაში მყიდველისთვისაც და გამყიდველისთვისაც. მხოლოდ აღნიშნულის შეტყობინების შემდეგ შევიდოდა ძალაში მყიდველის ვალდებულება გადაეხადა საფასური.

 

აპელანტის მტკიცებით, გარანტიის ფორმა მხოლოდ წერილობით შეიძლება დაიდოს, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა, რის გამოც დაადგინა არასწორი სამართლებრივ/ფაქტობრივი გარემოება. სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სრულყოფილად შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ უხეშად დაარღვია მნიშვნელოვანი საპროცესო ნორმა, კერძოდ სსკ-ის 105-ე მუხლი, რომელიც მას ავალდებულებს საქმეში არსებული გარემოებები სრულყოფილად და გონივრული განსჯის შედეგად გამოიკვლიოს. სასამართლომ არასწორად შეაფასა როგორც სპეციალისტის ჩვენება, ასევე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. მათ შორის ხელშეკრულება და პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი. ასევე, არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი და არ გამოიყენა 483-ე მუხლი. ნორმატიულად დადგენილია, რომ ნასყიდობის არსებითი პირობაა ნივთის ხარისხი, რომელზეც მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომ კონკრეტული სპეციალისტი ინდ. მეწარმე დ. კ-------ე მათზე იძლეოდა 1 წლიან გარანტიას მას შემდეგ, როცა მოხდებოდა მათი რემონტი და ტესტირება უშუალოდ კ-------ის მიერ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ რემონტს ადგილი არ ჰქონია (სპეციალისტის ჩვენება-იხ. 2018 წლის 23 ოქტომბრის სხდომის ოქმის აუდიო ვერსია 08:00-08:10 წუთზე), ხელშეკრულების მე-2 და მე-6 პუნქტებით კი პირდაპირ არის დადგენილი, რომ ძრავები საჭიროებენ რემონტს. სხვათა შორის, ჩვენ ინფორმაციის არქონის გამო თავიდან ჩავთვალეთ რომ რემონტს ადგილი ჰქონდა, რადგან ვიფიქრეთ, რომ წარმოდგენილი ტესტირება მხოლოდ რემონტის შემდეგ შეიძლებოდა ჩატარებულიყო. თუმცა, სპეციალისტის გ------ ც----–---–ის ჩვენების შემდეგ ეს გარემოება დავაზუსტეთ მთავარ სხდომაზე შემდეგნაირად: რემონტს ადგილი არ ჰქონია, რაც დასტურდება, ინდ. მეწარმე დ. კ-------ის განცხადებით, რომ რემონტი არ განუხორციელებია.

 

დაკითხული სპეციალისტის, გ------ ც----–---–ის ჩვენებით გაირკვა, რომ "ერთი ძრავა არ აკმაყოფილებდა დასაშვებ ნორმებს, ხოლო სიძველის გამო არც ერთზე გარანტია არ შეიძლებოდა გაცემულიყო, რადგან ისინი შესაძლოა რამდენიმე დღეში გამოსულიყო მწყობრიდან". სწორედ აღნიშნული ჩვენება არ გაითვალისწინა სასამართლომ. სხვა მთელი რიგ დარღვევებთან ერთად სასამართლომ არასწორად დადგენილად ცნო მოსარჩელისათვის სასარგებლო გარემოებანი, მათ შორის ის გარემოება, რომ ძრავები იყო "მუშა მდგომარეობაში". ასეც რომ ყოფილიყო, ხელშეკრულების მიხედვით მასზე 1 წლიანი გარანტია იყო ის სავალდებულო პირობა, რომელსაც უკავშირდებოდა ჩვენი მხრიდან მოწონება და ნაკისრი ვალდებულების შესრულება. აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, ტესტირების უარყოფითი შედეგების შემთხვევაში სპეციალისტს თანხა მყიდველისგან არ ეკუთვნოდა, რაც სავარაუდოდ გახდა სპეციალისტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი, თუმცა სასამართლომ არც ამ საკითხს მიაქცია ყურადღება.

 

აპელანტის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან აშკარად ირკვევა, რომ სპეციალისტმა შეიტყო ძრავებზე გარანტიის მიცემის შეუძლებლობის შესახებ 2014 წელს, შესაბამისად მან არც რემონტი განახორციელა. ამავდროულად, ლოგიკურად ცხადია, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი გარემოება, რომ მყიდველის მიერ მოხდა ძრავების შემოწმება 2015 წლის 3-5 თებერვალს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ელ-ენერგეტიკული მოწყობილობების ტესტირების საგამოცდო ლაბორატორიის მიერ, რაც მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობაში. სინამდვილეში აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს ვარაუდს და ამ გარემოების დასადასტურებლად არავითარი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

 

ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად ანგარიშწორება განხორციელდება სპეციალისტის მიერ სარემონტო სამუშაოების დასრულების, სინქრონული ძრავების ტესტირების დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების და მხარეების მიერ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. საქმის მასალებით არ დასტურდება არცერთი ჩამოთვლილი გარემოების არსებობის ფაქტი, არც მოსარჩელეს მოუთხოვია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერა. ვინაიდან ხელშეკრულება იყო პირობითი სახით დადებული გარიგება, შესაბამისად შედეგის დასადგომად აუცილებელი იყო პირობის შესრულება, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო შემდეგი: ორი სინქრონული ძრავისათვის რემონტის ჩატარება მესამე პირის, დ----- კ-------ის მიერ. მხოლოდ რემონტის შემდეგ ტესტირების დადებითი შედეგების მიღების შემთხვევაში დაიდებოდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომელზეც ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღეში მოხდებოდა ანგარიშწორება მხარეებს შორის. პირობა არ შესრულებულა, რადგან სინქრონული ძრავების რემონტს ადგილი არ ჰქონია. ტესტირება ჩატარდა გარეშე პირის მიერ და არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მესამე პირის დ----- კ-------ის მიერ, რომელსაც ასევე სარემონტო სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა. შედეგად ვერ დაიდებოდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი და მაშასადამე, ხელშეკრულებაც ძალაში არ შესულა პირობის შეუსრულებლობის გამო.

 

3.4. აპელანტის შეფასებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 520-ე მუხლის დანაწესი საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 08 ნოემბრის ხელშეკრულებასთან მიმართებაში და ფაქტობრივად არასწორად განმარტა ის, რადგან 520-ე მუხლის თანახმად, მოწონების პირობით ნასყიდობა ნამდვილია იმ შემთხვევაში თუ მყიდველი შეთანხმებულ ვადაში არ დააბრუნებს ნივთს. კანონმდებელი აქ გულისხმობს ნივთს, რომლის მახასიათებლებიც ცნობილია მყიდველისათვის, ვარგისია ექსპლუატაციისთვის და არა ისეთ ნივთს რომლის ხარისხი და ვარგისიანობა ორივე მხარისათვის უცნობია, რასაც ადგილი ჰქონდა ჩვენ შემთხვევაში. მით უმეტეს 520-ე მუხლით დადგენილ ვადაში მყიდველს შეუძლია ისარგებლოს ნივთით, ისე როგორც საკუთარით, ხოლო ჩვენ შემთხვევაში 1 თვის ვადაში ხელშეკრულების დადებიდან სპეციალისტს უნდა შეემოწმებინა მისი ვარგისიანობა, რომლის ამოწურვისთანავე მყიდველ შპს "მ--------- ჯ-------ას" უნდა განეცხადებინა მოწონების პირობა მიღება-ჩაბარების აქტის შედგენით. ჩვენს შემთხვევაში, ჩვენ, როგორც მყიდველს, არ გვქონდა შესაძლებლობა გვესარგებლა და თავად შეგვემოწმებინა მუშაობის რეჟიმში ნასყიდობის საგანი. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით სასამართლომ არასწორად გამოიყენა ნორმა ჩვენს საქმეზე. შეიძლება ითქვას, რომ სამართლებრივად, საქმეში წარმოდგენილია ერთობლივი შეთანხმება ნარდობაზე და ნასყიდობაზე მოწონების პირობით, რომლის ნამდვილობა მნიშვნელოვნად დამოკიდებული იყო კონკრეტულ სპეციალისტზე.

 

სასამართლომ არასწორად იმსჯელა მხოლოდ მყიდველის მხრივ კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევაზე, ეს პრინციპი დარღვეული აქვს თავად მოსარჩელე მხარეს და სახელშეკრულებო შებოჭვის ერთ-ერთ მთავარ სუბიექტს, გარანტიის გამცემ მხარეს ინდ.მეწარმე დ----- კ-------ეს. მათ ორივეს გააჩნდათ ვალდებულება წერილობითი შეტყობინებით ეცნობათ ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის, ან აპელანტის მხრიდან შესაძლო დარღვევის თაობაზე, თუ ასეთი მოლოდინი გააჩნდა გამყიდველს. სპეციალისტის მხრიდან ვალდებულების დარღვევა არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომელმაც თავის მხრივ განაპირობა მხარეთა მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობა.

 

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სპეციალისტი დ----- კ-------ე თუ ჩაატარებდა ტესტირებას ან რემონტს, იგი აუცილებლად მოითხოვდა თავის ჰონორარს, მაგრამ ვინაიდან არც ერთი ეს სამუშაო კ-------ეს არ განუხორციელებია, შესაბამისად მას არც ჰონორარი მოუთხოვია.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ არის არა აქცეპტი ხელშეკრულების დადების მიზნით, არამედ ხელშეკრულების პირობა. ეს ხელშეკრულება დადებულია გადადების პირობით და მისი საბოლოო ძალაში შესვლა (ნამდვილობა) დამოკიდებულია შეთანხმებული პირობის დადგომაზე (მყიდველის მოწონებაზე).“

 

3.5. აპელანტის განმარტებით, მყიდველს ნივთი არ მოუწონებია, ვინაიდან არ დამდგარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ის გარემოებები, რაზედაც დამოკიდებული იყო მოწონების საკითხი. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულებით არ გახლდათ შეთანხმებული ის ვადა, რა ვადაშიც მყიდველს ნივთი უნდა მოეწონებინა. სხვათა შორის, საინტერესო მოსაზრება გამოთქმული სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნულ კომენტარში იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს შემთხვევა, როცა მოწონების ვადა ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული: „გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 455-ე მუხლის თანახმად, თუ მოწონების ვადა ხელშეკრულებით შეთანხმებული არ არის, მყიდველი ვალდებულია, ნივთის მოწონების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს გამყიდველის მიერ შემდგომ განსაზღვრული ვადის ფარგლებში. გამყიდველის მიერ ცალმხრივად განსაზღვრული ვადა გონივრული და შესაბამისი უნდა იყოს. კერძოდ მყიდველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ამ ვადის განმავლობაში შეამოწმოს ნივთი და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. მუხედავად იმისა, რომ სკ-ის 520-ე მუხლი ასეთ შესაძლებლობას პირდაპირ არ ითვალისწინებს, მოწონების პირობით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მოწონების განხორციელების ვადის შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში მიზანშეწონილია გერმანული მოწესრიგების გაზიარება.“ მიუხედავად იმისა, რომ მოწონებისთვის აუცილებელი წინაპირობები არ დამდგარა (ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირს არც ტესტირება და არც რემონტი განუხორციელებია და არც გარანტია გაუცია), იმ შემთხვევაშიც კი, თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ მოწონების წინაპირობა დადგა, ასეთ შემთხვევაშიც გამყიდველს წარმოეშობოდა არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნის უფლება, არამედ მხოლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა, რაც მას არ გაუკეთებია. მხოლოდ ზიანის ანაზღაურების უფლება იმიტომ წარმოეშობოდა, რომ ეს გენერატორები მყიდველს არ მიუღია, არ უმუშავებია, ისინი ნებისმიერ დროს შეუძლია წაიღოს და გამოიყენოს მყიდველმა, რადგან 2014 წლიდან დღემდე იმყოფება ხელშეკრულების ერთ-ერთ მონაწილე მხარესთან, კერძოდ ინდმეწარმე დ----- კ-------ესთან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმული და უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).

 

სამოქალაქო კოდექსის 520-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება ნივთის მოწონების პირობით დაიდოს თუ მყიდველი შეთანხმებულ ვადაში არ დაიწუნებს ნივთს. დაწუნების შემთხვევაში მხარეები მოვალენი არიან დაუბრუნონ ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ მოწონების პირობით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება პირობითი ხელშეკრულების სპეციალური რეგულაციაა. კერძოდ, ეს არის გადადების პირობით დადებული ხელშეკრულება, რომლის საბოლოოდ ძალაში შესვლა და ნამდვილობა დამოკიდებულია შეთანხმებული პირობის დადგომაზე _ მოწონებაზე. ნასყიდობა მოწონების პირობით მყიდველს ანიჭებს შესაძლებლობას ნივთის დათვალიერებისა და გამოცდის შემდეგ მიიღოს საბოლოო და ინფორმირებული გადაწყვეტილება ნივთის მოწონებისა თუ დაწუნების, შესაბამისად, მისი დატოვების თუ გამყიდველისათვის დაბრუნების თაობაზე; გამყიდველი მხარე კი, მყიდველის მიერ მოწონების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ცალმხრივადაა შებოჭილი ვალდებულებით მყიდველს მისცეს ნივთის შემოწმების შესაძლებლობა, ნივთის ფაქტობრივი გადაცემის ან დათვალიერების უფლების მინიჭების გზით.

 

ამასთან, შემოწმებისა თუ გამოცდის პირობით დადებული ხელშეკრულებით მყიდველის მიერ ნივთის მოწონების შესახებ გადაწყვეტილება ობიექტურ კრიტერიუმებზეა დაფუძნებული.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება მოწონების პირობით გარკვეული ვადით იზღუდება. ვადის განსაზღვრას ორმაგი ფუნქცია აქვს. ერთი მხრივ ის ზღუდავს მყიდველის უფლებამოსილების ფარგლებს, მიიღოს გადაწყვეტილება ნივთის მოწონების ან დაწუნების შესახებ მხოლოდ განსაზღვრულ ვადაში. ასეთი დათქმა იცავს გამყიდველს, განუსაზღვრელი ვადით არ იმყოფებოდეს გაურკვევლობაში. თუმცა, ვადის გასვლამ, ცალკეულ შემთხვევაში, შეიძლება კონკრეტული სამართლებრივი შედეგებიც წარმოშვას. მოწონების/დაწუნების შესახებ ნება, როგორც მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, შეთანხმებული ვადის ფარგლებში უნდა გაცხადდეს მეორე მხარისათვის ნებისმიერი შეცნობადი ფორმით. ამ ვადის ფარგლებში მყიდველის მიერ შეტყობინების განუხორციელებლობა ათავისუფლებს გამყიდველს ბოჭვის ვალდებულებისაგან.

 

მყიდველი, რომელიც ნივთს არ მოიწონებს მოწონებისათვის დათქმულ ვადაში, ვადის გასვლის შემდეგ ვალდებულია, დაუყოვნებლივ დააბრუნოს ნივთი. ნივთის დაბრუნება მყიდველის ხარჯზე უნდა მოხდეს. შესაბამისად, ნივთის უკან დაბრუნების დაყოვნება შესაძლებელია მყიდველის მიერ ნივთის მოწონებად განიმარტოს.

 

მყიდველს, რომელსაც ჰქონდა ნივთის შემოწმებისა და გამოცდის შესაძლებლობა, შესაძლებელია შეეზღუდოს ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნების წაყენების უფლება იმ შემთხვევებში, თუ მოთხოვნა ისეთ ნაკლს ეფუძნება, რომელთა შესახებ მყიდველმა იცოდა ან შემოწმების თუ დათვალიერების შედეგად შეცნობადი იყო მისთვის.

 

მოწონების შესახებ მტკიცების ტვირთი, როგორც წესი, გამყიდველს ეკისრება. ნივთის დაწუნების მტკიცების ტვირთი სწორედ მყიდველს ეკისრება.

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება მოსთხოვოს. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია:

2014 წლის 8 ნოემბერს, ერთის მხრივ გამყიდველს შპს ,,ს------ ჰ--ს“, მეორეს მხრივ მყიდველს შპს ,,მ--------- ჯ-------ას“ და მესამე მხრივ ი/მ ,,დ----- კ-------ეს“ შორის გაფორმდა მოწონების პირობით ნასყიდობისა და მომსახურების ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა 2 (ორი) ცალი 500 კვტ. სიმძლავრის სინქრონული ძრავი.

 

ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 8 ნოემბერს შპს ,,ს------ ჰ--სა“ და შპს ,,მ--------- ჯ-------ას“ შორის გაფორმებულ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ შპს ,,ს------ ჰ--მა“ ქ. ხაშურში გადასცა, ხოლო შპს ,,მ--------- ჯ-------ამ“ მიიღო ორი ცალი 500 კვტ. სიმძლავრის სინქრონული ძრავი თბილისში, ვ-–-–-------- ა------ში მდებარე სარემონტო საამქროში (ი.მ დ----- კ-------ესთან), ძრავების ტექნიკური მდგომარეობის შესამოწმებლად და საჭირო შემთხვევაში რემონტის მიზნით. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ძრავების ტრანსპორტირების, შემოწმების და რემონტის თანხას იხდიდა შპს ,,მ--------- ჯ-------ა“. მოპასუხეს ნასყიდობის საგანი შპს ,,ს------ ჰ--ისათვის“ არ დაუბრუნებია და დღემდე სინქრონული ძრავები განთავსებულია სპეციალისტ ი.მ ,,დ----- კ-------ის“ სარემონტო საამქროში.

 

ხელშეკრულების თანახმად მყიდველი უზრუნველყოფდა ნაყიდი სინქრონული ძრავების ტრანსპორტირებას სპეციალისტთან თბილისში და თუ დადგინდებოდა რომ ძრავები არ ექვემდებარება რემონტს, მყიდველი საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფდა ძრავების უკან დაბრუნებას ხაშურში შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებით.

 

ამ შემთხვევში ჩაითვლებოდა, რომ მყიდველის მიერ მოწონების პირობა არ შესრულდებოდა და ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულად არ ჩაითვლებოდა.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეს ძრავები ხელშეკრულებით განსაზღვრულ ადგილას - ხაშურში არ დაუბრუნებია.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას, რომ მისი ვალდებულება მხოლოდ ძრავების გადაცემით შემოიფარგლებოდა.

 

ხელშეკრულების მეორე მუხლის მიხედვით მოწონების პირობა არ დადგებოდა თუ აღმოჩნდებოდა, რომ ა)ძრავები არ ექვემდებარება რემონტს ბ)მყიდველი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფდა ძრავების დაბრუნებას ხაშურში.

 

მოწონების პირობის დაუდგომლობას გამოიწვევდა ორივე პირობის არსებობა დამოუკიდებლად.

 

იმ შემთხვევაშიც თუ ძრავები არ ექვემდებარებოდა რემონტს, მაგრამ მყიდველი არ დააბრუნებდა მათ ხაშურში, მოწონების პირობა მაინც დამდგარად ჩაითვლებოდა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება მოწონების პირობით, რომლის თანახმად დაუშვებელია შესყიდული საქონელი არ დააბრუნო და არც საფასური გადაიხადო იმ საფუძვლით, რომ საქონელი არ მოგწონს.

 

ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაუშვებელი იყო ძრავების მიტოვება და ძრავების ხაშურში არ დაბრუნება.

 

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ შპს ,,მ--------- ჯ-------ა“-ს უმოქმედობა, რაც გამოიხატა ტესტირების შედეგებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, გამყიდველისათვის სინქრონული ძრავების დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობაში, უნდა შეფასდეს მყიდველის მიერ ნივთის მოწონებად, რაც გამყიდველს წარმოუშობს საპასუხო შესრულების _ ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. მოპასუხის განმარტებას, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა მყიდველის მიერ ქონების დაბრუნების ვალდებულება ისეთ შემთხვევაში, როცა სპეციალისტი ვერ დაადგენდა ნასყიდობის საგნის ვარგისიანობას _ სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიუთითებს: იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევდა მოპასუხის პოზიციას სპეციალისტის მიერ ძრავების ვარგისიანობის დადგენის შეუძლებლობის თაობაზე, აღნიშნული მხარეს არ ანთავისუფლებდა ნასყიდობის საგნის მყიდველისათვის დაბრუნების ვალდებულებისაგან, ვინაიდან მოწონების პირობით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, სწორედ მყიდველის აქტიური ქმედება - ძრავების დაბრუნება და არა უმოქმედობა, განიხილებოდა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების პირობად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე საქმისათვის მნიშვნელოვან გარებოებად მიიჩნევდა, რომ 2015 წლიდან ყოფილი დირექტორის მ------ ა-------–---–ის ნაცვლად ახალი დირექტორის თ-- გ-------ის დანიშვნის შემეგ შპს ,,მ--------- ჯ-------ა“ ვალდებულების შესრულებისგან უნდა გათავისუფლდეს, რადგან ძველი დირექტორი ჩამოშორდა საზოგადოების ხელმძღვანელობას და ახალ დირექტორს შესყიდული ძრავების თაობაზე არაფერი აცნობა. ამ შემთხვევაშიც სასამართლო ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას, რომ დირექტორის ცვლილება ვალდებულების შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველს არ ქმნის.

 

შპა ,,ს------ჰ--ის“ ვალდებულება მხოლოდ ძრავების გადაცემით შემოიფარგლებოდა. ხელშეკრულების გაფორმებისას გამყიდველს არ უკისრია რომ ძრავები მუშა მდგომარეობაშია და რომ ის აუცილებლად დაექვემდებარებოდა რემონტს. დასახელებული გარემოებები უნდა დადგენილიყო სპეციალისტის მიერ.

 

რაც შეეხება ნივთის შემოწმებას და მათ ტექნიკურ მდგომარეობას, მყიდველი ზოგიერთ შემთხვევაში ისეთ ნაკლზეც უთითებს, რომელთა შესახებ მყიდველმა თავიდანვე იცოდა ან შემოწმების თუ დათვალიერების შედეგად შეცნობადი იყო მისთვის.

 

ის გარემოება რომ ძრავები გასული საუკუნის 50-იან 60-იან წლებში იყო გამოშვებული, მყიდველმა თავიდანვე იცოდა და სიძველესთან დაკავშირებულ რისკებზე მითითება დაწუნების მოტივად სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

 

როდესაც მყიდველს აქვს გონივრულ ვადაში ნივთის დაბრუნების ვალდებულება, თუ მის მიერ ნივთი იქნება დაწუნებული, ნივთის შემოწმების სადავაო გარემოებებთან დაკავშირებული მტკიცების ტვირთის გადატანა მოსარჩელეზე, სასამართლოს აზრით, უსაფუძვლოა

 

როგორც აღინშნა ნასყიდობის ხელშეკრულება მოწონების პირობით გარკვეული ვადით იზღუდება. მოწონების/დაწუნების შესახებ ნება, შეთანხმებული ვადის ფარგლებში უნდა გაცხადდეს მეორე მხარისათვის ნებისმიერი შეცნობადი ფორმით. ამ ვადის ფარგლებში მყიდველის მიერ შეტყობინების განუხორციებელბლობა ათავისუფლებს გამყიდველს ბოჭვის ვალდებულებისაგან.

 

მყიდველი რომელიც ნივთს არ მოიწონებს მოწონებისათვის დათქმულ ვადაში, ვადის გასვლის შემდეგ იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ დააბრუნოს ნივთი. ნივთის დაბრუნება მყიდველის ხარჯზე უნდა მოხდეს. შესაბამისად, ნივთის უკან დაბრუნების დაყოვნება შესაძლებელია მყიდველის მიერ ნივთის მოწონებადაც მივიჩნიოთ.

 

ხელშეკრულებით სპეციალისტს ტესტირება და საჭირო შემთხვევაში რემონტი უნდა მოეხდინა 1 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ მყიდველი ვალდებული იყო დაუყოვნებლივ დაებრუნებინა ნივთი ან ეცნობებინა მაინც გამყიდველისათვის დაწუნების შესახებ.

 

დადგენილია რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ი.მ. დ----- კ-------ის მიერ ნასყიდობის საგნის შემოწმების დადებითი შედეგები მისაღები არ აღმოჩნდა „მყიდველისათვის“ და ნასყიდობის საგნის ტესტირება განხორციელდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის სპეციალისტთა მიერ; შემოწმების შედეგად 2015 წლის 3 და 5 თებერვალს შედგენილ იქნა ელ.ენერგეტიკული პროდუქციის და მოწყობილობების ტესტირების (საგამოცდო) ლაბორატორიის ძრავის გამოცდის N191 ფ და N192 ოქმები. ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ ნასყიდობის საგნიდან ერთ-ერთ ძრავს აღენიშნებოდა იზოლაციის მახასიათებლის ნორმიდან გადახრა, ხოლო მეორე ძრავი იყო სრულიად გამართულ მდგომარეობაში.

 

ხელშეკრულების არ მოწონების მეორე პირობა, რომლის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, არის ის გარემოება, რომ ძრავები არ ექვემდებარება რემონტს. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ უსაფუძვლოა მოპასუხე მხარის არგუმენტაცია სპეციალისტის მიერ ნასყიდობის საგნის ვარგისიანობის შესახებ დასკვნის შედგენის შეუძლებლობის თაობაზე და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული სადავო გარემოება, რომ შპს “მ--------- ჯ-------ას“ დაკვეთით საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის ელ.ენერგეტიკული პროდუქციის და მოწყობილობების ტესტირების (საგამოცდო) ლაბორატორიამ განახორციელა სინქრონული ძრავების ტესტირება.

 

მესამე პირმა დ----- კ-------ემ სააპელაციო სასამართლოში განმარტა, რომ 2014 წლის 8 ნოემბრის ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა, სინქრონული ძრავების შემოწმების თაობაზე წერილობითი დოკუმენტის შედგენის სავალდებულოობა. მან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში განახორციელა სინქრონული ძრავების შემოწმება და დამაკმაყოფილებელი შედეგების თაობაზე აცნობა მყიდველი კომპანიის ხელმძღვანელს, რომლისთვისაც არადამაჯერებელი აღმოჩნდა შემოწმების შედეგები და შპს“ მ--------- ჯ-------ას“ დაკვეთით მისსავე საამქროში საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის სპეციალისტთა მიერ განხორციელოდა ძრავების ტესტირება.

 

საქმეში წარმოდგენილი ელ.ენერგეტიკული პროდუქციის და მოწყობილობების ტესტირების (საგამოცდო) ლაბორატორიის მიერ შედგენილი ძრავის გამოცდის N191 და N192 ოქმებით დასტურდება, რომ ტესტირება ჩატარებულ იქნა 2015 წლის 3 და 5 თებერვალს, სოფ.დ------ში, ელ.ძრავების სარემონტო სამქროში.

 

ძრავის გამოცდის ოქმებში ასახული მონაცემების სიზუსტე სასამართლო სხდომაზე ასევე, დაადასტურა ტესტირების განმახორციელებელმა პირმა. ორივე ოქმში მითითებულია, რომ ძრავებმა გამოცდას გაუძლო. სპეციალისტის განმარტებით: ტესტირება სავარაუდოდ განხორციელდა მოპასუხის დაკვეთით; ტესტირებაზე წარმოდგენილი გენერატორებიდან ერთი ძრავა იყო სრულიად გამართული (ოქმი N192), ხოლო მეორე, 1964 წლის გამოშვება ძრავის საიზოლაციო მახასიათებელი, აბსორბციის კოეფიციენტი იყო ნორმასთან შეუსაბამო. მახასიათებლის ცვალებადობის გამო მხოლოდ ქიმიური ანალიზის შედეგად შეიძლებოდა განსაზღვრულიყო დაექვემდებარებოდა თუ არა იგი რემონტს;

ამსთან სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც თუ ძრავები არ ექვემდებარებოდა რემონტს, მაგრამ მყიდველი არ დააბრუნებდა მათ ხაშურში, მოწონების პირობა მაინც დამდგარად ჩაითვლებოდა. მოპასუხეს შესამოწმებლად წაღებული ჰქონდა მნიშვნელოვანი ღირებულების ქონება და ხელშეკრულებით მასზე გადადიოდა როგორც შემოწმების სათანადოდ ჩატარების, ასევე, ნივთის უკან დაბრუნების რისკი.

 

4.3. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

ნების განმარტება უნდა მოხდეს იმდაგვარად, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარემოებები, ასევე, მხარეთა განმარტებები ერთ მთლიან ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიდეს და ობიექტური დამკვირვებლისთვის, განვითარებულ ფაქტებსა და გამოხატულ ნების განმარტებას შორის დადგენილი კანონზომიერება, მოულოდნელი/გაუგებარი არ იყოს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 52-ე მუხლების თანახმად, ხელშეკრულებაში, გამოვლენილი ნების განმარტებისას განმსაზღვრელია მნიშვნელობა, რომელიც შეიძლებოდა მიენიჭებინა წარმოსახვით გონიერ ადამიანს, ჩაყენებულს აღნიშნული ნების ადრესატის მდგომარეობაში, გადაწყვეტილების მიღებისას ხელშეკრულების შინაარსის თაობაზე წერილობით დაფიქსირებული ტექსტის საფუძველზე საქმესთან დაკავშირებული ყველა სხვა მნიშვნელოვანი და ცნობილი გარემოების გათვალისწინებით. ამდენად, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გამოვლენილი ნების განმარტებისას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ განმარტავდა გამოვლენილ ნებას ნებისმიერი გონიერი ადამიანი ანალოგიურ გარემოებებში მოქმედებისას.

 

4.4.სასამართლო ასკვნის, რომ რადგან მოპასუხე მხარეს ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით მიწოდებული საქონლის ნაკლოვანება სადავოდ არ გაუხდია, საქონელი უკან არ დაბრუნებულა და სადავო ღირებულების საქონელზე მიღება ჩაბარების-აქტიც შედგა, შპს „მ--------- ჯ-------ას“ სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 477-ე მუხლების საფუძველზე ღირებულების გადახდის ვალდებულება წარმოეშვა.

 

ამასთან, სასამართლო მოცემული სამართალურთიერთობის სამართლებრივი შეფასების მიზნებისათვის, მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის კონტექსტში ნაყიდი და მიღებული საქონელი მყიდველის მიერ ანაზღაურებას ექვემდებარება. პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის უმოქმედობა, რაც გამოიხატა ძრავების დაუბრუნებლობაში, უნდა შეფასდეს ნივთის მიწოდებად, რაც მყიდველს წარმოუშობს საპასუხო შესრულების ვალდებულებას.

 

4.5. სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტმა მხარემ, სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის სტანდარტი სათანადოდ ვერ დასძლია. სასამართლოს ვერ შეუქმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ მიღებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების წინაპირობები არ არსებობდა.

 

აპელანტის მიერ მითითებული სხდომის ოქმიდან მხარეთა და სპეციალისტთა განმარტებების ცალკეული ადგილები არ შეესაბამება ამ განმარტებების საერთო კონტექსტს და მათ საერთო შინაარსს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ შპს „მ--------- ჯ-------ას“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

4.6. რაც შეეხება აპელანტის შედავებას ხანდაზმულობასთან მიმართებით, პალატის მოსაზრებით, არც ამ შემთხვევაშია წარმოდგენილი გასაზიარებელი შედავება, რამდენადაც მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ნასყიდობის ხელშეკრულების ვალდებულების წარმომშობი სამართლებრივი წანამძღვრების განხორციელებით, რომელთა მიმართ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. შესაბამისად, ხანდაზმულობაზე აპელანტის ზემოთმითითებული პრეტენზიას სამართლებრივად ვარგისი საფუძველი არ გააჩნია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან ობიექტურად უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან, ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორცილებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

სამოქალაქო კოდექის 138-ე მუხლის თანხმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.ამავე კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.

 

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სარჩელი სასამართლოში მოსარჩელემ შეიტანა 2017 წლის 9 ნოემბერს. სასამართლოს 13 ნოემბრის განჩინებით მას უარი ეთქვა სარჩელის მიღებაზე დაუშვებლობის და ხარვეზის გამო. ხარვეზის გამო არ იქნა მიღებული 2017 წლის 28 ნოემბერს შეტანილი სარჩელი და მხოლოდ 2017 წლის 5 იანვარს შეტანილი სარჩელი იქნა წარმოებაში მიღებული. ზემოდაღნიშნული ნორმების თანახმად მოცემულ საქმეზე ხანდაზმულობის ვადა შეწყდა 2017 წლის 9 ნოემბერს, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად არ უნდა იქნეს მიჩნეული.

 

ამასთან, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ანგარიშსწორება მხარეებს შორის განხორციელდებოდა სპეციალისტის მიერ სარემონტო სამუშაოების დასრულების, სინქრონული ძრავების ტესტირების დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების და მხარეების მიერ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღეში (პ.4); მყიდველი სარემონტო სამუშაოებისათვის “სპეციალისტისათვის“ თანხის გადახდიდან 10 სამუშაო დღეში დარჩენილი თანხიდან 50%-ს უხდის გამყიდველს, ხოლო 50%-ს _ 4 თვის შემდეგ (პ.7).

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, დასტურდება რომ სინქრონული ძრავების შემოწმება/ტესტირება განხორციელდა 2015 წლის 03 და 05 თებერვალს.

 

შესაბამისად, სასამართლომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მომართა 2018 წლის 05 იანვარს, მიიჩნია, რომ ამ უკანასკნელის მოთხოვნა, ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურებაზე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით, არ არის ხანდაზმული.

 

რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას, რომ სასამართლომ თვითნებურად დააკისრა თანხა გაურკვეველი ლოგიკით კურსთა სხვაობის დაუდგენლობის გამო. ამასთან, თავად გადაწყვეტილებაში და არც უსწორობის შესწორების განჩინებაში არ არის დადგენილი ლარისა და დოლარის კურსი:

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დადგენილია და გამოქვეყნებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურ საიტზე კონკრეტული თარიღების მიხედვით და როგორც ირკვევა გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის 2018 წლის 21 ნოემბერს დოლარის ოფიციალური კურსი ლართან მიმართებით იყო 2,6741. შესაბამისად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების შემთხვევაში აპელანტის ქონებრივ ინეტერსებს ზიანი არ მისდგომია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 393-ე, 394-რ, 390-ე, 55-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს ,,მ--------- ჯ-------ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მიხეილ გოგიშვილი

 

მოსამართლეები დიანა ბერეკაშვილი

 

ოთარ სიჭინავა