განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.11.2019
საქმის ნომერი
330210018002574146
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
19.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002574146

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №2ბ/4992-19 19 ნოემბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - სს „ს--------------------------------------–------” (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ჯ--- ა---–-–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - ლ--–- წ-–---–---–- (მოპასუხე)

წარმომადგენელი - მ----- ნ--------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.05.2019წ. გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხეს დაეკისროს 2530.65 ლარის გადახდა.

 

2. სარჩელის საფუძვლები:

 

2017 წლის 17 დეკემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული ავტომანქანა. შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც შეადგინა სქემატური ნახაზი და ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომლითაც დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა მოპასუხე. დაზიანებული ავტომანქანა ზიანის განსაზღვრისათვის წარდგენილი იქნა შპს „ა------------------ში“. აღნიშნული კომპანიის ინვოისის თანახმად, ავტომანქანის აღდგენისათვის საჭირო იყო 2945 ლარის გადახდა. მზღვეველმა დამზღვევის ანგარიშზე ჩარიცხა 2530,65 ლარი. მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული თანხის მოპასუხისთვის დაკისრებას.

 

3. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ საქმის მასალებიდან არ ირკვევა, რა დაზიანებები მიიღო ავტომობილმა შეჯახების შედეგად. არ დგინდება ის ფაქტი, რომ ავტომობილის მფლობელს ავტოავარიის შედეგად მიადგა მოთხოვნილი ოდენობით ზიანი. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო 500 ლარის ნაწილში (იხ.: 05.04.2019წ. სხდომის ოქმი).

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.05.2019წ. გადაწყვეტილებით:

1. სს „ს--------------------------------------–------ს" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2. მოპასუხე ლ--–- წ-–---–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 500 ლარის გადახდა.

 

4.1. 2017 წლის 17 დეკემბერს თბილისში, ვ-–----–----–-------------ე №--- ში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა „ა-----“-ს მარკის ავტომობილი სარეგისტრაციო ნომრით ,,R--------“

 

4.2. ლ--–- წ-–---–---–მა ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, დაარღვია მანევრირების წესები, რასაც მოჰყვა შეჯახება და ლ--–- წ-–---–---–- დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, 250 ლარით.

 

4.3. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალება „ა-----“-ს მარკის ავტომობილი სარეგისტრაციო ნომრით ,,R--------“ დაზღვეული იყო სს „ს-------------------------------------ლდინგში“ დამზღვევის პ---–- კ------ის მიერ მისსავე სასარგებლოდ.

 

4.4. მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარმოდგენილია შპს „ა------------------ს“ ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 21) და 2017 წლის 21 დეკემბრის საგადახდო დავალება (ს.ფ. 22). შპს „ა------------------ს“ ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, დეტალების ჩამონათვალისა და შესასრულებელი სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 2945 ლარს. 2017 წლის 21 დეკემბრის საგადახდო დავალების თანახმად, ,,R--------“ სარეგისტრაციო ნომრით რეგისტრირებული ავტომანქანის დაზღვევის №M----------- პოლისიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ გადარიცხული თანხა შეადგენს 2530,65 ლარს.

 

მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი თანხის 2530,65 ლარის ოდენობა, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შპს „ა------------------ს“ ხარჯთაღრიცხვით არ დასტურდება ,,R--------“ სარეგისტრაციო ნომრით რეგისტრირებული ავტომანქანისათვის შემთხვევის შედეგად მიყენებული დაზიანებები, კერძოდ, ავტომანქანის რა ნაწილები დაზიანდა ავტოავარიის შედეგად და შესაბამისად, რა ოდენობის ზიანი შეადგინა ავტომანქანის აღდგენისათვის გაწეულმა ხარჯმა.მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი 500 ლარის ნაწილში, შესაბამისად, მოპასუხე აღიარებს რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მისი ბრალით, ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანი უნდა განისაზღვროს 500 ლარით. ამდენად, მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში სადავო საკითხს წარმოადგენს მიზეზობრივი კავშირის არსებობა მომხდარ შეჯახებასა და მოთხოვნილ ზიანის ოდენობას შორის.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას მასზედ, რომ წარმოდგენილი შპს „ა------------------ს“ ხარჯთაღრიცხვით არ დგინდება მოპასუხის მიერ ავტომანქანისათვის 2530,65 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი, რამდენადაც ხარჯთაღრიცხვაში აღწერილი დეტალებისა და შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი არ ადასტურებს უშუალოდ ავტოავარიის შედეგად მოპასუხის მიერ მიყენებულ დაზიანებებს და შესაბამისად, მიყენებული ზიანის ოდენობას. ზემოთ მითითებული მტკიცებულებები, რომლებიც შედავებულია მოპასუხე მხარის მიერ, წარმოადგენს ცალმხრივ დოკუმენტებს და შესაბამისად უტყუარად ვერ ადასტურებს მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობას ავტოსაგზაო შემთხვევასა და შპს „ა------------------ს“ ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ დაზიანებებს შორის. ასევე, ვერ ადასტურებს ზარალის ოდენობის შესაბამისობას.

 

სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის პოზიცია მიყენებული დაზიანებებისა და აღდგენისათვის საჭირო თანხის ოდენობის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული გარემოებები სარწმუნოდ არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფოტო მასალაც ვერ მიიჩნევა განკუთვნად მტკიცებულებად, ვინაიდან არ არის სათანადოდ დადასტურებული, რომ ეს ფოტოები გადაღებულია სწორედ სადავო ავტოავარიის დროს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლების მიერ სადაზღვევო შემთხვევის ამსახველი სარწმუნო მტკიცებულებები, გარდა ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებებისა, წარმოდგენილი არ არის. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილებისას მოსარჩელისათვის ობიექტურად უფრო მარტივია და შესაძლებელია ზიანის ამსახველი სათანადო მტკიცებულებების შეგროვება და წარმოდგენა, ვიდრე მოპასუხისათვის, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოხდა ,,ავტომობილის დაზღვევის პირობების’’ 5.21.1 პუნქტით გათვალისწინებული ე.წ. ,,დაჩქარებული სერვისით’’ ზარალის განაცხადის შევსებიდან 5 სამუშაო დღეში. შემთხვევა მოხდა 2017 წლის 17 დეკემბერს, ხოლო სადაზღვევო კომპანიის მიერ თანხის ჩარიცხვა განხორციელდა 21/12/2017 წელს. სარჩელი წარმოდგენილია სასამართლოში 2018 წლის 02 აგვისტოს. ამდენად, მოპასუხე, რომელიც იმთავითვე არ არის ინფორმირებული სადაზღვევო კომპანიის მიერ თანხის ანაზღაურებისა და ზიანის ოდენობის თაობაზე და არ აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ამ პროცესებში ჩართვა, მოთხოვნის თაობაზე ინფორმირებული ხდება მხოლოდ სარჩელით და ამ ეტაპზე უკვე მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, ვინაიდან სადაზღვევო შემთხვევიდან გასულია დიდი დრო და დაზიანებული ავტომობილი უკვე აღდგენილია.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების პროცესუალური ვალდებულება სათანადოდ და შესაბამისად, სასამართლო ზიანის ოდენობას დადასტურებულად მიიჩნევს მხოლოდ მოპასუხის მიერ აღიარებული ზიანის ფარგლებში - 500 ლარით.

 

4.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა სათანადოდ დადასტურებული მოთხოვნილი ზიანის ოდენობა, რის გამოც მოპასუხე ლ--–- წ-–---–---–ს უნდა დაეკისროს მხოლოდ მის მიერ აღიარებული ზიანი 500 ლარის ოდენობით.

 

აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.05.2019 წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკამყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ:

 

5.1. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნულში იგულისხმება არა მარტო ტექნიკური მხარე, არამედ უნდა აღდგეს ის უფლებრივი მდგომარეობა, რაც დაკავშირებული იყო დაზიანებული ქონების საკუთრებასთან/ფლობასთან. კერძოდ, ეს უფლებრივი მდგომარეობაა სერვის ცენტრის გარანტია, რომელიც გააჩნდა სადავო მანქანას და მისი არსებობისათვის აუცილებელი იყო მანქანის შეკეთება მხოლოდ ცენტრში. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ემყარებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერებას და იგი გაცემულია სპეციალიზირებულ ავტოცენტრის მიერ, რომელიც წლების განმავლობაში საქმიანობს დაზიანებული ავტომანქანების აღდგენა-შეკეთებით. სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა სტერეოტიპულ ვარაუდებზე დაყრდნობით და არ გამოიკვლია, ე.წ ცენტრში შეკეთება რამდენად იყო შესაბამისობაში საბაზრო ფასთან, არ განსაზღვრა რა არის საბაზრო ფასი და რა კრიტერიუმებით უნდა დადგინდეს ის. სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლ--–-დ დატოვების შესახებ.

 

7. საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრით დასტურდება, რომ 17.12.2017წ. თბილისში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელშიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა) სამართალდამრღვევად და ბრალეულ მძღოლად მიჩნეულ იქნა ლ--–- წ-–---–---–- (შემდგომში „მოპასუხე“) (ტ.1, ს.ფ.18).

 

8. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა „ა-----ს“ მარკის ავტომობილი სარეგისტრაციო ნომრით ,,R--------“ (ტ.1, ს.ფ. 17). ავტომობილი დაზღვეული იყო სს „ს-------------------------------------ლდინგში“ (შემდგომში „მოსარჩელე“) პ---–- კ------ის სასარგებლოდ (ტ.1, ს.ფ. 20).

 

9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლით, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.

 

ნორმის აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი, როგორც კონკრეტული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში, ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან (შდრ. სუსგ №ას-581-549-2011, 05.09.2012; სუსგ ას-383-383-2018, 15.05.2018).

 

სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017).

 

10. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

ზიანის არსებობის ფაქტისა და ამ ზიანის სწორედ მოპასუხის ბრალეული ქმედებით გამოწვევის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.

 

მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევისას დაზიანდა მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება. მოპასუხე სადავოდ ხდის მიყენებული ზიანის ოდენობას და განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ,,R--------“ სარეგისტრაციო ნომრით რეგისტრირებული ავტომანქანისათვის შემთხვევის შედეგად მიყენებული დაზიანებები. კერძოდ, ავტომანქანის რა ნაწილები დაზიანდა ავტოავარიის შედეგად და შესაბამისად, რა ოდენობის ზიანი შეადგინა ავტომანქანის აღდგენისათვის გაწეულმა ხარჯმა. მოპასუხემ სარჩელი ცნო მხოლოდ 500 ლარის ნაწილში და ამდენად, სწორედ ამ ოდენობით დაეთანხმა მოთხოვნილი ზიანის ოდენობას.

 

მოსარჩელე მხარის მიერ მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურების მიზნებისთვის წარმოადგენილია შპს „ა------------------ს“ ხარჯთაღრიცხვა (ტ.1, ს.ფ. 21) და 21.12.2017წ. საგადახდო დავალება დაზღვევის №M----------- პოლისიდან გამომდინარე მოსარჩელისთვის 2530,65 ლარის გადარიცხვის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 22).

 

პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით არ დგინდება მოპასუხის მიერ 2530,65 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც მართებულად არის აღნიშნული, ხარჯთაღრიცხვაში აღწერილი დეტალებისა და შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი არ ადასტურებს უშუალოდ ავტოავარიის შედეგად მოპასუხის მიერ მიყენებულ დაზიანებებს და შესაბამისად, მიყენებული ზიანის ოდენობას. ამდენად, გასაზიარებელია მსჯელობა მასზედ, რომ მოსარჩელე უტყუარად ვერ ადასტურებს მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობას ავტოსაგზაო შემთხვევასა და შპს „ა------------------ს“ ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ დაზიანებებს შორის. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ფოტომასალას (ტ. ტ.1, ს.ფ. 60,61), რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გარემოებას მასზედ, რომ აღნიშნული ფოტოები გადაღებულია სწორედ სადავო ავტოავარიის დროს, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. პალატა იზიარებს მსჯელობას მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის ობიექტურად უფრო მარტივი და შესაძლებელი იყო ზიანის ამსახველი სათანადო მტკიცებულებების შეგროვება და წარმოდგენა, რაც მის მიერ განხორციელებული არ არის. რაც შეეხება მოპასუხეს, დადგენილია, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ თანხის ჩარიცხვა განხორციელდა სადაზღვევო შემთხვევიდან რამდენიმე დღეში, 21.12.2017წ., ხოლო სარჩელი წარმოდგენილია სასამართლოში 02.08.2018წ.. ამდენად, მოპასუხე, რომელიც მოთხოვნის თაობაზე ინფორმირებული ხდება სარჩელით, ამ ეტაპზე უკვე მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება, ვინაიდან სადაზღვევო შემთხვევიდან გასულია დიდი დრო და დაზიანებული ავტომობილი უკვე აღდგენილია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიყენებული ზიანის დადასტურებულ ოდენობად მართებულად მიიჩნია მხოლოდ მოპასუხის მიერ აღიარებული ოდენობა. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

11. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.

 

გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

12. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.1, ს.ფ. 102).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს ”ს--------------------------------------–------ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.05.2019წ. გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე : თამარ ზამბახიძე