განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030210017002231483
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ- 658
24 ოქტომბერი 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე: თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე
აპელანტი: ხობის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე: შპს „შ----------–-----------–-“
დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხედ შპს „შ----------–-----------–-“ მიუთითა და მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 7454.88 ლარის დაკისრება ითხოვა.
2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 11 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,შ----------–-----------–-” შორის, გაფორმდა N159/1 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა, სხვა სამუშაოსთან ერთად ქ. ხ---ში, ბ-------–---–ის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოს ასევე ექსპერტიზის ჩატარებას. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა - 709 989 ლარს. ხელშეკრულებას თან ახლდა ხარჯთაღრიცხვა, კალენდარული გრაფიკი და ხელშეკრულების საგარანტიო უზრუნველყოფა. გეგმა-გრაფიკის მიხედვით სამუშაოები დაიყო ეტაპებად და თითოეულ ეტაპზე განისაზღვრა სამუშაოების დასრულების ვადა და შესაბამისი ღირებულება.
3. მიმწოდებელმა სამუშაოს დასრულებაზე ,,შემსყიდველს’’ მიმართა 2015 წლის 02 მარტს N01/035 წერილით, წარუდგინა დასრულებული სამუშაოს დასამოწმებელი აქტი (ფორმა N2) და შესრულებულ სამუშაოზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა N500997815. წერილში მითითებული იქნა, რომ ქ. ხ---ში ბ-------–---–ის ქუჩის ასფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დასრულებული იყო.
4. შესრულებული სამუშაოს ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, საბოლოო მიღება-ჩაბარებისათვის მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარმოუდგინოს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ მიერ გაცემული დასკვნა, რითაც დადასტურდება: 1. შესრულებული სამუშაოთა მოცულობის რაოდენობრივი სიზუსტე; 2. შესრულებული სამუშაოთა მოცულობების ხარჯთაღრიცხვის მოცულობებთან შესაბამისობა; 3. შესრულებული სამუშაოთა ხარისხი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში წარდგენილი იქნა 2015 წლის 2 მარტს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული სამუშაოების დროული შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს ,,შემსყიდველისთვის’’ უნდა მიემართა არაუგვიანეს 2015 წლის 15 თებერვლისა. მიმწოდებელმა შემსყიდველს მიმართა 2015 წლის 2 მარტს N01/035 წერილით და წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა N001168015, დასრულებული სამუშაოს დასამოწმებელი აქტი (ფორმა N2). ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 10.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს სამუშაოს შესრულების ვადების გადაცდენისათვის უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებით შესრულებული სამუშაოების ღირებულების 0.07 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს სამუშაოს ღირებულების - 709989 ლარის 0.07%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (15 დღე), რაც მთლიანობაში შეადგენს 7454,88 ლარს.
5. მოსარჩელის განმარტებით: პირგასამტეხლოს მოცულობა და საფუძვლები განისაზღვრა ხელშეკრულების მე-10 მუხლით, რომლის მიხედვითაც, თუ შემსყიდველი არ გამოიყენებს ხელშეკრულების 10.3. „ბ“ პუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას, ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის შემდგომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.07%-ის ოდენობით, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 709 989 ლარის 0.07%-ს, 15 დღეზე - 7454.88 ლარს.
მოპასუხის პოზიცია
6. მოპასუხე შპს „შარაგზამშენი პირველის“ წარდგენილმა, სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა და განმარტა, რომ შპს ,,შ----------–-----------–მა’’, 2014 წლის 11 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით N159/1 ნაკისრი ვალდებულება შეასრულა. აღნიშნული შესრულება დადასტურებულია მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. თუ მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ შპს ,,შ----------–-----------–მა’’ დაარღვია ხელშეკრულების პირობები მაშინ ის ვალდებული იყო მოპასუხისთვის განესაზღვრა დამატებითი ვადა არაუმეტეს 30 დღისა და მხოლოდ ამის შემდგომ წარმოიშობოდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. დამატებითი ვადის განსაზღვრის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, ასეთ ვითარებაში კი არ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლები.
7. პირგასამტეხლოს მოცულობა გაანგარიშებული უნდა ყოფილიყო დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოს თანხიდან, სამუშაო კი ამ პერიოდისთვის სრულად იყო შესრულებული, შესაბამისად პირგასამტეხლოს გაანგარიშების შესაძლებლობაც არ არსებობდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ხობის მუნიციპალიტეტის მერიას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
9. სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ მხარეებს შორის 2014 წლის 11 დეკემბერს გაფორმდა N159/1 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება - მოვალეობები. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 709 989 ლარს, მათ შორის ქ.ხ---ში გ--------–-- ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების და ექსპერტიზის ღირებულება შეადგენდა - 454 984.20 ლარს, ხოლო ქ. ხ---ში ბ-------–---–ის ქუჩის მოასფალტებისა და ექსპერტიზის ღირებულება _ 255 004.80 ლარს.
10. 2015 წლის 26 იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N159/1 ხელშეკრულების N1 დამატებით, მხარეებმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2014 წლის 11 დეკემბრის N159/1 ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილება, რომლითაც ქ. ხ---ში, ბ-------–---–ის ქუჩის მოასფალტების სამუშაოების და ექსპერტიზის დასკვნის მომზადების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 15 თებერვლის ჩათვლით. ამ ცვლილებით მოსარჩელეს მოპასუხისთვის არ დაუწესებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული დამატებითი ვადა ხელშეკრულების 10.3. „ბ“ პუნქტის შესაბამისად.
11. მოპასუხემ მოსარჩელეს ქ. ხ---ში ბ-------–---–ის ქუჩის მოასფალტების სამუშაოებთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა და დასრულებული სამუშაოს დასამოწმებელი აქტი (ფორმა N2), წარუდგინა 2015 წლის 2 მარტს - N01/035 წერილით.
12. 2015 წლის 22 ივნისს მოსარჩელის მიერ შედგენილ იქნა იურიდიული დასკვნა, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო 7454.88 ლარის ოდენობით, რაც მოპასუხეს ჩაბარდა 2015 წლის 20 აგვისტოს.
13. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე, შექმნილ ვითარებაში უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების 10.3. „ბ“ პუნქტის მიხედვით, მოპასუხისთვის განესაზღვრა სამუშაოს დასრულებისათვის დამატებითი ვადა არაუმეტეს 30 დღისა, რა ვადაშიც მიმწოდებელი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაიხდიდა პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.07%-ის ოდენობით, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია, შესაბამისად მოსარჩელემ დაკარგა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.
14. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე მუხლებზე მიუთითა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
15. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხობის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა. აპელანტმა ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტის განმარტებით: 2015 წლის 2 მარტს, მოპასუხე ორგანიზაციამ N01/035 წერილით (N07/205 2.03.2015წ.) მიმართა ხობის მუნიციპალიტეტის მერიას სამუშაოს დასრულებაზე და წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა N 5000997815. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილებამ შეისწავლა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების კონტროლის ჯგუფის უფროსის წინადადება (მოხსენებითი ბარათი: N10/1219 15.06.2015 წ.) პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და დაასკვნა, რომ ქ. ხ---ში ბ-------–---–ის ქუჩის მოასფალტების სამუშაოების და ექსპერტიზის დასკვნის მიწოდება მიმწოდებლის მიერ ვერ განხორციელდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ: ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოთ აღნიშნული სამუშაოს დროული შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს „შემსყიდველისთვის“ უნდა მიემართა არაუგვიანეს 2015 წლის 15 თებერვლისა. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ ვალდებულება შეასრულა ვადაგადაცილებით, ვადის გადაცილების პერიოდი კი შეადგენს 15 კალენდარულ დღეს. აღნიშნულ პერიოდზე (15 კალენდარული დღე) დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა კი - 7454.88 ლარია.
16. აპელანტმა მიუთითა N159/1 ხელშეკრულების მე-10 მუხლზე, რომლის თანახმადაც: თუ შემსყიდველი არ გამოიყენებს ხელშეკრულების 10.3 მუხლის „ბ“ პუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას, ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელს - შპს „შ----------–-----------–-“ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების - 709989 ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (15 დღე), რაც ჯამში შეადგენს 7454.88 ლარს (შვიდი ათას ოთხას ორმოცდათოთხმეტი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი ).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
17. სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, მოუსმინა მხარეთა წარმომადგენლებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შპს „შარაგზამშენი პირველს“, ხობის მუნიციპალიეტის მერიის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 765.01 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
18. დადგენილია, რომ 2014 წლის 11 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,შ----------–-----------–-” შორის, გაფორმდა N159/1 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა, ქ. ხ---ში, გ--------–--ა და ბ-------–---–ის ქუჩებზე ასფალტ - ბეტონის საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებისა და ექსპერტიზის ჩატარებას(ხელშეკრულების 2.1. პუნქტი). ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა - 709 989 ლარს. (ხელშეკრულების 3.1. პუნქტი) მათ შორის ქ. ხ---ში გ--------–-- ქუჩის ასფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები და ექსპერტიზა შეადგენდა 445 984,20 ლარს. ხელშეკრულებას თან ახლდა ხარჯთაღრიცხვა, კალენდარული გრაფიკი და ხელშეკრულების საგარანტიო უზრუნველყოფა. გეგმა-გრაფიკის მიხედვით სამუშაოები დაიყო ეტაპებად და თითოეულ ეტაპზე განისაზღვრა სამუშაოების დასრულების ვადა და შესაბამისი ღირებულება.
18. უდავოა და მხარეებიც არ დავობენ მასზედ, რომ წინამდებარე დავაში მოსარჩელე მხარის პრეტენზია შეეხება ქ. ხ---ში ბ-------–---–ის ქუჩაზე შესასრულებელი სამუშაოების ვადის გადაცილებით შესრულებას.
დადგენილია, რომ ქ. ხ---ში, ბ-------–---–ის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები და ექსპერტიზა 255 004,80 ლარს შეადგენს.
ხელშეკრულების 5.4. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საბოლოო ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტითა და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. (ს.ფ. 16-17)
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეებმა განმარტეს, რომ 2014 წლის 11 დეკემბრის 159/1 ხელშეკრულების ნაწილზე, რომელიც შეეხება ქ. ხ---ში გ--------–-- ქუჩის ასფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოს-მხარეთა შორის დავა მიმდინარეობდა ფოთის საქალაქო სასამართლოში.
გამომდინარე აღნიშნულიდან, უდავოა, რომ სააპელაციო სასამართლოს განხილვის და მსჯელობის საგანია და შესაბამისად მხარეთა დავის საგანიც შეეხება ქ. ხ---ში ბ-------–---–ის ქუჩაზე განსახორციელებელ სამუშაოებს.
19. დადგენილია, რომ ქ.ხ---ში ბ-------–---–ის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები, რაც ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილს შეადგენდა, ასევე ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო 31 კალენდარული დღის ვადაში, 2015 წლის 11 იანვრის ჩათვლით. ხელშეკრულების დამატება N1-ის გათვალისწინებით, სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 26 იანვრის ჩათვლით. ხელშეკრულების დამატება N2-ის გათვალისწინებით კი სამუშაოს პროექტში შევიდა ცვლილება, ხოლო ხელშეკრულების N3 დამატების გათვალისწინებით, ხელშეკრულების სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 15 თებერვლის ჩათვლით. (ს.ფ.30-32; 56-57).
20. ხელშეკრულების 3.1.2. პუნქტის თანახმად დადგენილია, რომ ქ. ხ---ში, ბ-------–---–ის ქუჩის მოასფალტების სამუშაოებისა და ექსპერტიზის ღირებულება შეადგენდა - 255004.80 ლარს; (ს.ფ. 15).
21. საქმეში, ს.ფ. 35-36-ზე განთავსებულია მიღება ჩაბარების აქტი N4. აღნიშნული მტკიცებულებით უდავოდ დადასტურებულია, რომ მითითებული აქტით, ქ. ხ---ში, ბ-------–---–ის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები დამთავრდა 2015 წლის 13 თებერვალს. ამ ფაქტობრივ გარემოებას მხარეები სადავოდ არ ხდიან და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ.
22. დადგენილია ასევე, რომ მიუხედავად მოასფალტების სამუშაოების ვადაში შესრულებისა, ამ სამუშაოს ხარისხის შესახებ ექსპერტიზა ჩატარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, კერძოდ 2015 წლის 02 მარტს და დასკვნა იმავე დღეს წარედგინა ხელშემკვრელ მხარეს. (ს.ფ. 34; 37-45).
23. ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, საბოლოო მიღება-ჩაბარებისათვის მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარმოუდგინოს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ მიერ გაცემული დასკვნა, რითაც დადასტურდება: 1. შესრულებული სამუშაოთა მოცულობის რაოდენობრივი სიზუსტე; 2. შესრულებული სამუშაოთა მოცულობების ხარჯთაღრიცხვის მოცულობებთან შესაბამისობა; 3. შესრულებული სამუშაოთა ხარისხი. (ს.ფ. 16).
24. მოპასუხე მხარე ადასტურებს, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა, როგორც მოასფალტების სამუშაოები, ისე ექსპერტიზის დასკვნის მომზადება, თუმცა განმარტავს, რომ ისეთ ვითარებაში, როცა ძირითადი სამუშაო (მოასფალტება) მის მიერ ვადაში შესრულდა, მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის დაგვიანებით წარდგენა არ შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი). რადგან ექპერტიზის დასკვნის თუნდაც 15 დღიანი დაგვიანებით წარდგენის გამო ხელშეკრულების მხარეს რაიმე სახის ზიანი არ მიდგომია.
პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებულ პოზიციას და განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა არის ის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამუშაოთა შესრულების ხარისხს, მის შესაბამისობას საპროექტო დოკუმენტაციასთან, გეგმა-გრაფიკთან რომლის არ არსებობის პირობებში შემკვეთის მიერ სამუშაო მიღებულად ვერ ჩაითვლებოდა.
გარდა ამისა უდავოა,რომ მისი (ექსპერტიზის დასკვნის) გარკვეულ ვადაში წარდგენა მხარეთა შეთანხმების საგანს წარმოადგენდა.
ლოგიკურია მხარის მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ ექსპერტიზის დასკვნის გარეშე სატენდერო კომისიის მიერ, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო საბოლოო ჯამში შესრულებულად ვერ ჩაითვლებოდა.
25. დადგენილია, რომ მენარდის მიერ ხელშეკრულება ნაცვლად 2015 წლის 15 თებერვლისა, სრულად შესრულდა (რაშიც იგულისხმება ექსპერტიზის დასკვნის წარდგენაც) ამავე წლის 02 მარტს - ე.ი. 15 დღის ვადის გადაცილებით.
26. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 10.3. პუნქტის თანახმად: მიმწოდებლის მიერ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის ოდენობით.
სამართლებრივი დასაბუთება:
27. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
28. ხელშეკრულების შეუსრულებლობა ან მისი არაჯეროვანი შესრულება იწვევს პირგასამტეხლოს მხარისათვის დაკისრებას თუ ეს გათვალისწინებულია მხართა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.
29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
30. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
31. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
32. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
33. უდავოა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
34. დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მენარდის მიერ შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენდა 1) ქ. ხ---ში ბ-------–---–ის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაო და 2) შესრულებული სამუშაოს ხარისხის დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნის 2015 წლის 15 თებერვლამდე მომზადება. მოასფალტების სამუშაო ვადაში შესრულდა, თუმცა ვადის გადაცილებით 15 დღიანი დარღვევით მოხდა ექსპერტიზის დასკვნის მომზადება და შემკვეთისავის წარდგენა. უდავოა ისიც, რომ ექსპერტიზის დასკვნის გარეშე სამუშაო შესრულებულად არ ითვლებოდა, რადგან აღნიშნული მტკიცებულება წარმოადგენდა იმ უტყუარ დოკუმენტს, რომელიც შესრულებული სამუშაოს ხარისხს დაადასტურებდა. მითითებული ფაქტობრივი გარემოების გათვალსიწინებით, სააპელაციო პალატა თვლის, რომ ვალდებულების დარღვევის პერიოდის (15 დღე), მისი ოდენობის (ღირებულება 255004,80 ლარი), დარღვევის ხასიათის თანაზომიერ პირგასამტეხლოს ოდენობად უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ღირებულების 0.02%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 765.01 ლარს (255004.80 *0.02% = 51.0096; 51.009*15 = 765.01 ლარს).
პალატა მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნის 15 დღიანი დაგვიანებით წარდგენისთვის, მაშინ როცა რეალური სამუშაოები ვადაზე 2 დღით ადრეც კი დასრულდა, მითითებული თანხა 765,01 ლარი პირგასამტეხლოს გონივრულ და სამართლიან ოდენობად უნდა ჩაითვალოს.
საპროცესო ხარჯები:
35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად: სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
36. დაეკისროს შპს „შარაგზამშენი პირველს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 150 ლარის გადახდა;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. დაეკისროს შპს „შარაგზამშენ პირველს“ ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ 765.01 ლარი;
5. დაეკისროს შპს „შარაგზამშენი პირველს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 150 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-6-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე