განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.11.2019
საქმის ნომერი
330210019002850202
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210019002850202

საქმე № 2ბ/5313-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თ---–--ი

 

თ---–--ის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

მოსამართლე- მიხეილ გოგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ნატო გოგიშვილი

 

აპელანტი -შპს „ჯ--- 2---“

მოწინააღმდეგე მხარე - ს------- ფ----------ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება და გამოძიების მასალების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხე შპს „ჯ--- 2---“-ს მოსარჩელის ს------- ფ----------ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური და მორალური ზიანის - ჯამში 9 684 ლარის (მატერიალური ზიანი - 6 684 ლარი, მორალური ზიანი - 3000 ლარი) ანაზღაურება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ს------- ფ----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა:

_ მოპასუხე შპს „ჯ--- 2---“-ს მოსარჩელე ს------- ფ----------ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით - 6 684 ლარის გადახდა;

_ მოპასუხე შპს „ჯ--- 2---“-ს მოსარჩელე ს------- ფ----------ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 3 000 ლარის გადახდა;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2014 წლის 12 ივლისს დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ---–--ში, ქ--------სა და ბ-----------ის ქუჩის კვეთაზე არსებულ მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-15 სართულზე, ბინა #7--ში დასაშვებზე მეტი წნევით გაზის მიწოდების შედეგად გაჩნდა ხანძარი, რის შედეგად სხეულზე დაზიანება მიიღო აღნიშნულ ბინაში მცხოვრებმა ს------- ფ----------ემ და ასევე დაზიანდა მისი პირადი ნივთები. მოპასუხე კომპანია აწარმოებდა აღნიშნულ ტერიტორიაზე გაზის მილების გაყვანას და ექსპლუატაციაში გაშვებას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 2013 წლის 4 ოქტომბრის ხელშეკრულება;

-12.02.2015 წლის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა (# 00809915).

 

2.2. მოსარჩელე ს------- ფ----------ის საცხოვრებელ ბინაში ხანძრის შედეგად სხვადასხვა სახის საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობამ შეადგინა - 5325 ლარი და საცხოვრებელი ბინის სამზარეულო ოთახში კედლების, ელექტრო გაყვანილობების, მისაღებ ოთახში კედლებისა და ჭერის აღდგენითი-სარემონტო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულებამ (პირდაპირი დანახარჯებით) ჯამში შეადგინა - 1359.70 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 30.07.2014 წლის სასაქონლო და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა #ინ-241/1216/ს.

 

2.3. 2014 წლის 12 ივლისს მოსარჩელე ს------- ფ----------ე ხანძრის შედეგად მიღებული ტრამვის გამო მოთავსებულ იქნა კლინიკაში, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: სხეულის თერმული დამწვრობა 5% I ხარისხის დაზიანება განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 18.07.2014 წლის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა # 003712914.

 

2.4. თ---–--ის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-2 განყოფილების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე (გაზის ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით), 2014 წლის 12 ივლისს, ქ. თ---–--ში, ქ--------სა და ბ-----------ის ქუჩების კვეთაზე არსებულ მაღალ სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, მე-15 სართულზე, ბინა #7--ში გაჩენილი ხანძრის შედეგად სხეულზე დაზიანება მიიღო აღნიშნულ ბინაში მცხოვრებმა ს------- ფ----------ემ. 2014 წლის 16 ივლისის დადგენილებით ს------- ფ----------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 16.07.2014 წლის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ გაზის ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, რაც გამოწვეულია მოპასუხე მხარის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით, მოსარჩელე ს------- ფ----------ეს მიადგა ზიანი.

 

სასამართლოს მითითებით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 12 თებერვლის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ შპს „ჯ--- 2---“-ის დირექტორმა ჯ--–--- კ-----მა და მისმა მოადგილემ ა-–---- ს-------მა (დაკითხვის ოქმი) იცოდნენ, რომ შპს „ყ---------------თ---–--ი“-ს წარმომადგენლის გამოცხადების გარეშე არ უნდა დაეწყოთ გაზსადენის მილების გაყვანა. ასევე, საცხოვრებელ სახლის ქსელში შპს „ჯ--- 2---“-ის მუშის მიერ გაშვებულ იქნა გაზი, მაშინ როცა გაზის ქსელში გაშვების უფლება ჰქონდა მხოლოდ შპს „ყ---------------თ---–--ი“-ს წარმომადგენელს, რითაც დაირღვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 09.07.2--- წლის #12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდება და მოხმარების წესები”-ს #16 პუნქტისა და #07-05 ნარდობის ხელშეკრულების მოთხოვნები. შპს „ჯ--- 2---“-ის ხელმძღვანელობა ვალდებული იყო, როგორც შპს „მ--–---ი“-სათვის, ასევე, შპს „ყ---------------თ---–--ი“-ს ტექზედამხედველობის სამსახურისათვის ეცნობებინა აღნიშნული სამუშაოს დაწყების დრო და ტექზედამხედველობის წარმომადგენლის გამოცხადების გარეშე არ დაეწყო გაზის მილებს დაერთების სამუშაოები. საქმის მასალებიდან გამომდინარე, შპს „ჯ--- 2---“-ამ გაზსადენის დაერთების სამუშაოები და გაზის ქსელში გაშვება აწარმოა შპს „ყ---------------თ---–--ი“-ს ტექზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის გამოცხადების გარეშე, რითაც დაარღვია უსაფრთხოების წესები. ხანძარი და გაზის წნევის მომატება განაპირობა არაკომპეტენტური პირის მიერ გაზის ჩართვამ, გაზის ჩართვის წესების მოთხოვნების დარღვევით. სისტემაში გაზის ჩართვის უფლება ჰქონდა მხოლოდ შპს „ყ---------------თ---–--ი“-ს წარმომადგენელს - სათანადო და კომპეტენტურ პირს.

 

სასამართლომ მიუთითა ექსპერტიზის დასკვნებზე და აღნიშნა, რომ გაზის წნევის მომატება და ხანძრის გაჩენა გამოიწვია სისტემაში გაზის გაშვების წესების დარღვევამ, კერძოდ, მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2--- წლის 09 ივლისის #12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ (მე-16 პუნქტი) და ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მწარმოებელმა უნდა აცნობოს შპს „ყ---------------თ---–--ი“-ს ხელმძღვანელობას აღნიშნულ ობიექტზე გაზის ქსელის მოწყობის დაწყებაზე და შემდეგ სამუშაო შეასრულოს მათი წარმომადგენლის ზედამხედველობით, ამავე ნორმატივის #5 პუნქტის თანახმად, გაზსადენის ჩართვა და გაზის გაშვება ქსელში კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოეხდინა შპს „ყ---------------თ---–--ი“-ს წარმომადგენელს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია,რომ სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობს მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე და განმარტა, რომ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებულ ფსიქოემოციურ სტრესს და ხანძრის გამო გამოწვეულ ისეთ უარყოფითი ფაქტორებს, როგორიცაა გაუთვალისწინებელი ხარჯები და ამ ფაქტორებით გამოწვეული ჯანმრთელობის გაუარესება, რომელიც მორალური ზიანის მოთხოვნის საფუძველია.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებსა და მოსაზრებებს და მასში არ არის ნამსჯელი მოპასუხის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც გამორიცხავს მიზეზობრივ კავშირს შპს ,,ჯ--- 2----ს’’ ქმედებასა და ს------- ფ----------ის მიერ მიყენებულ ზიანს შორის.

 

3.2.აპელანტი აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა მითითება დელიქტური ვალდებულების არსებობის თაობაზე. ამასთან, მისი განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შედეგად ვერ იქნა დადგენილი შპს ,,ჯ--- 2----ს’’ მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

3.3.აპელანტის მითითებით, მას არ გააჩნდა ,,ყ-------------- თ---–--იდან’’ ზედამხედველობის გამოძახების ვალდებულება, ვინაიდან ,,ყ-------------- თ---–--თან’’ ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე უფლება-მოვალეობები აქვს შპს ,,მ--–---ს’’, ამიტომ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე პასუხისმგებელია შპს ,,მ--–---ი’’ და არა შპს ,,ჯ--- 2---’’.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1. სააპელაციო პალატას უდვოდ მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.1. 2014 წლის 12 ივლისს დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ---–--ში, ქ--------სა და ბ-----------ის ქუჩის კვეთაზე არსებულ მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-15 სართულზე, ბინა #7--ში დასაშვებზე მეტი წნევით გაზის მიწოდების შედეგად გაჩნდა ხანძარი, რის შედეგად სხეულზე დაზიანება მიიღო აღნიშნულ ბინაში მცხოვრებმა ს------- ფ----------ემ და, ასევე, დაზიანდა მისი პირადი ნივთები. შპს ,,ჯ--- 2---’’ აწარმოებდა აღნიშნულ ტერიტორიაზე გაზის მილების გაყვანას და ექსპლუატაციაში გაშვებას.

 

4.1.2. მოსარჩელე ს------- ფ----------ის საცხოვრებელ ბინაში ხანძრის შედეგად სხვადასხვა სახის საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობამ შეადგინა - 5325 ლარი და საცხოვრებელი ბინის სამზარეულო ოთახში კედლების, ელექტრო გაყვანილობების, მისაღებ ოთახში კედლებისა და ჭერის აღდგენითი-სარემონტო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულებამ (პირდაპირი დანახარჯებით) ჯამში შეადგინა - 1359.70 ლარი.

 

4.1.3. 2014 წლის 12 ივლისს მოსარჩელე ს------- ფ----------ე ხანძრის შედეგად მიღებული ტრამვის გამო მოთავსებულ იქნა კლინიკაში, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: სხეულის თერმული დამწვრობა 5% I ხარისხის დაზიანება, რომელიც განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით.

 

4.2. სააპელაციო სასამართლო თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს შპს ,,ჯ--- 2----ის’’ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.

 

სააპელაციო საჩივარში არსებული არგუმენტების პასუხად სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

პალატა განმარტავს, რომ ზიანი შესაძლებელია წარმოიშვას, როგორც სახელშეკრულებო, ისე არასახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე.

 

სახელშეკრულებო ზიანის დადგომამდე არსებობს მხარეთა შორის წინასწარ ჩამოყალიბებული სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც ყალიბდება სამართლის ნორმათა მოთხოვნების საფუძველზე.

 

არასახელშეკრულებო ზიანის შემთხვევაში, მხარეთა შორის არ არსებობს წინდაწინ ჩამოყალიბებული სამართლებრივი ურთიერთობა, ანუ მხარეებს ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ნაკისრი უფლებები და მოვალეობები. ამ შემთხვევაში ზიანი დგება, იმ საკანონმდებლო ნორმების დარღვევით, რომელთა შესრულებით უზრუნველყოფილია პირთა ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების (საკუთრების უფლება, პატივი ღირსება, ჯანმრთელობა და ა.შ.) დაცვა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც სახელშეკრულებო, ისე არასახელშეკრულებო ზიანის დადგომა სამართალდარღვევის შედეგია. სამართალდარღვვევა კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო განხრახი, ან გაუფრთხილებელი მოქმედება. ანუ დელიქტური ვალდებულება არის სამართლის დარღვევით წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებიდან გამომდინარე, გაზის წნევის მომატება და ხანძრის გაჩენა გამოიწვია სისტემაში გაზის გაშვების წესების დარღვევამ. დადგენილია, რომ გაზის მილების გაყვანას და ექსპლუატაციაში გაშვებას აწარმოებდა შპს ,,ჯ--- 2---’’. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 12 თებერვლის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ შპს „ჯ--- 2---“-ის დირექტორმა ჯ--–--- კ-----მა და მისმა მოადგილემ ა-–---- ს-------მა (დაკითხვის ოქმი) იცოდნენ, რომ შპს „ყ---------------თ---–--ის“ წარმომადგენლის გამოცხადების გარეშე არ უნდა დაეწყოთ გაზსადენის მილების გაყვანა. ამასთან, საცხოვრებელი სახლის ქსელში შპს „ჯ--- 2---“-ის მუშის მიერ გაშვებულ იქნა გაზი, მაშინ როცა გაზის ქსელში გაშვების უფლება ჰქონდა მხოლოდ შპს „ყ---------------თ---–--ის’’ წარმომადგენელს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ჯ--- 2---“-ის ხელმძღვანელობა ვალდებული იყო, როგორც შპს „მ--–---ისათვის“, ასევე, შპს „ყ---------------თ---–--ის“ ტექზედამხედველობის სამსახურისათვის ეცნობებინა აღნიშნული სამუშაოს დაწყების დრო და ტექზედამხედველობის წარმომადგენლის გამოცხადების გარეშე არ დაეწყო გაზის მილებს დაერთების სამუშაოები.

 

ანალოგიურ გარემოებებზე მიუთითებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ 81,89).

 

შესაბამისად, შპს ,,ჯ--- 2----ის’’ მიერ დაირღვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 09.07.2--- წლის #12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდება და მოხმარების წესების” #16 პუნქტისა და #07-05 ნარდობის ხელშეკრულების მოთხოვნები, რომლის თანახმად, გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მწარმოებელმა უნდა აცნობოს შპს „ყ---------------თ---–--ის“ ხელმძღვანელობას აღნიშნულ ობიექტზე გაზის ქსელის მოწყობის დაწყებაზე და შემდეგ სამუშაო შეასრულოს მათი წარმომადგენლის ზედამხედველობით, ამავე ნორმატივის #5 პუნქტის თანახმად, გაზსადენის ჩართვა და გაზის გაშვება ქსელში კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოეხდინა შპს „ყ---------------თ---–--ის“ წარმომადგენელს.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას დადგენილად მიაჩნია და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ბინაში გაჩენილი ხანძარი გამოწვეულია მოპასუხე შპს „ჯ--- 2---“-ის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით, კერძოდ, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდა მოპასუხე შპს „ჯ--- 2---“-ის მიერ ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რასაც უშუალოდ შედეგად მოყვა მოსარჩელისათვის ქონების დაზიანების ფაქტი. ხანძრის შედეგად განადგურდა მოსარჩელე ს------- ფ----------ის მოძრავი ნივთები და დაზიანდა მისი კუთვნილი ბინა, მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობამ შეადგენა 6684 ლარი. შესაბამისად, სახეზეა შპს ,,ჯ--- 2---’’-ისთვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

 

რაც შეეხება, ს------- ფ----------ის მიერ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას:

 

სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს, რომლის ხელყოფისათვის დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. მითითებული ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ პირობას წამოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება №ას-1156-1176-2011)

 

პალატა განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურებისას პასუხისმგებლობის აუცილებელი პირობაა ზიანის მიმყენებლის ბრალის არსებობა, რომ ზიანის მიმყენებლის მოქმედება იყოს ბრალეული.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში N003712914 მითითებულია, რომ ს------- ფ----------ე 2014 წლის 12 ივლისს 20:58 საათზე მოათავსეს კლინიკაში, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: სხეულის თერმული დამწვრობა 5% I ხარ. თერმული ტრამვა მიიღო ბინაში გაზის აფეთქების შედეგად. დამწვრობითი ჭრილობები ლოკალიზებულია სახეზე, გულმკერდზე და მარცხენა მხრის და წინამხრის ზედაპირზე. მითითებულ დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ს------- ფ----------ეს ჩაუტარდა ქირურგიული დამუშავება, შეხვევა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სახეზეა ზიანის მიმყენებლის ბრალეული ქმედება, რომელსაც შედეგად მოყვა ს------- ფ----------ის ჯანმრთელობის დაზიანება, რაც მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველია.

 

მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს რა მიყენებული ზიანის სიმძიმეს, დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ დამოკიდებულებას, ასევე საქმეში არსებული ფაქტობრივ გარემოებებს და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტისათვის მორალური ზიანის დაკისრება 3000 ლარის ოდენობით იქნება გონივრული და სამართლიანი.

 

რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას გამოძიების მასალების გამოთხოვის თაობაზე, სააპელაციო სასამართლო მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგელი მასალები და მტკიცებულებები აშკარად მიუთითებენ, რომ გაზის ჩართვა განხორციელდა მოპასუხის მიერ და კონკრეტულად მისი მუშების მიერ. ეს დასკვნა სასამართლოს მიერ და ექსპერტების მიერ გაკეთებულია სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, რომელიც ცალსახად მიუთითებენ მოპასუხის ბრალზე. შესაბამისად, დამატებით ამ მასალების გამოთხოვის საპროცესო საფუძველი არ არსებობდა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,ჯ--- 2----ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების 5ამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მიხეილ გოგიშვილი