განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310019002820300
საქმე N3ბ/2643-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
16 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე- ნინო ყანჩაველი
მოსამართლეები - შოთა გეწაძე
გია ბერაია
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - რ-------------ა
წარმომადგენელი - კ-----------------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ლ-–-----–------ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 26 ნოემბრის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 27 დეკემბრის №38652 ბრძანება
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილებით რ-------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 26 ნოემბერს 22:46 საათზე შედგა №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, 2018 წლის 26 ნოემბერს სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ კონტროლის ზონაში, საქართველოს მხრიდან შევიდა მაზდას მარკის მსუბუქი ავტომანქანა, რუსული სახელმწიფო ნომრით B--------, რომელსაც მართავდა ორმაგი მოქალაქეობის მქონე რ-------------ა. აღნიშნული ავტომანქანის საქართველოში შემოყვანილი იყო კ-----------------–-–---–ის მიერ 2018 წლის 7 სექტემბერს და საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ვადად განესაზღვრა 60 კალენდარული დღე. დოკუმენტების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ავტომანქანას დაუფიქსირდა ვადაგადაცილება 20 დღე, აღნიშნულის გამო რ-------------ა დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
რ-------------ამ 2018 წლის 3 დეკემბერს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 26 ნოემბრის №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება.
საჩივრის თანახმად, რ-------------ა სარგებლობდა მისი შვილის ვ-–----------------ას საკუთრებაში მყოფი ავტომობილით სახელმწიფო ნომრით B--------. ვინაიდან მას არ ჰქონდა მატერიალური შესაძლებლობა, განებაჟებინა აღნიშნული ავტომობილი და იმისთვის, რომ არ დაერღვია უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომანქანით საქართველოში გადაადგილების კანონიერი ლიმიტი, პერიოდულად ვ-–----------------ას, კ-----------------–-–---–სა და რ-------------ას გაჰყავდათ ავტომობილი საქართველოს საზღვრიდან. საჩივარში აღნიშნულია, რომ რ-------------ამ არ იცოდა იმ ნორმატიული აქტების შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქისათვის და უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის აწესებდა განსხვავებულ ვადებს საქართველოში შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე. საჩივრის თანახმად, რ-------------ა მიიჩნევს, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების ზემოაღნიშნული დანაწესი არის დისკრიმინაციული ხასიათის.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 27 დეკემბრის №38652 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ბრძანების თანახმად, 2018 წლის 26 ნოემბერს სგპ „სადახლო-საავტომობილო“ საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან შევიდა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება რუსული სახელმწიფო ნომრით B--------, რომელსაც მართავდა საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქე რ-------------ა. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი- ხიდის“ გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ იქნა საქართველოს მოქალაქის, კ-----------------–-–---–ის მიერ 2018 წლის 7 სექტემბერს. ამდენად, დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე უკანასკნელად ავტომობილი შემოიყვანა საქართველოს მოქალაქე კ-----------------–-–---–მა, რომელსაც კანონის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების/დეკლარირებისათვის განესაზღვრა 60 კალენდარული დღე. მოცემულ შემთხვევაში საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენის ბოლო ვადა იყო 2018 წლის 6 ნოემბერი. საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-საავტომობილოს“ საბაჟო კონტროლის ზონაში ავტომობილის გამოცხადება დაფიქსირდა 20 დღის დაგვიანებით - 2018 წლის 26 ნოემბერს. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების და დეკლარირების ვადის დარღვევაში. ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის კი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილი. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს. შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო, ასევე, უთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება რუსული სახელმწიფო ნომრით B------, პირველად საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 2015 წლის 20 თებერვალს. ამ თარიღიდან დღემდე, თითქმის 4 წლის განმავლობაში, ავტომობილით საქართველოს საზღვარი გადაკვეთილია 20-ჯერ, მათ შორის, 8 შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება საქართველოში დაბრუნებულია იმავე დღეს როდესაც გავიდა. სატრანსპორტო საშუალება დღემდე არ არის მოქცეული იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში. აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ მომჩივანისათვის კარგად იყო ცნობილი საქართველოს საბაჟო საზღვარზე მოქმედი წესები და კანონით დადგენილი ვადები. ამასთანავე, ის ფაქტი, რომ პირები სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობენ თითქმის 4 წლის განმავლობაში, თუმცა მათ მიერ ავტომობილის განბაჟება დღემდე არ მომხდარა, მიუთითებს მათ არაკეთილსინდისიერებაზე, რაც გამორიცხავს შემოსვლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას.
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
სასამართლომ აღნიშნა, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანება დეტალურად განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქის, უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე მიყვანისა და დეკლარაციების ვადებს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება (რუსული სახელმწიფო ნომრით B--------) საქართველოს საზღვარზე შემოიყვანა საქართველოს მოქალაქემ 2018 წლის 7 სექტემბერს, რომელსაც კანონმდებლობით მიეცა 60 დღის ვადა აღნიშნული ავტომანქანის გაფორმების ადგილზე წარსადგენად და დასადეკლარირებად. რ-------------ამ, რომელიც ორმაგი მოქალაქეა (საქართველოს საზღვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანის მიზნით), საბაჟო გამშვებ პუნქტში სადავო ავტომანქანა მიიყვანა 2018 წლის 26 ნოემბერს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა მოსარჩელის წარმომადგენლის არგუმენტაცია, რომ არ უნდა დაჯარიმდეს რ-------------ა, რადგან აღნიშნული დანაწესების შესახებ იგი არავის გაუფრთხილებია.
მოსარჩელე, ასევე, მიუთითებდა, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების სადავო ნომრების დისკრიმინაციულ ხასიათზე. სასამართლომ განმარტა, რომ ნორმატიული აქტის ან მისი რომელიმე დანაწესის საქართველოს კონსტიტუციურობის, მათ შორის, დისკრიმინაციის ნიშნით, განხილვა/დადგენის უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავო სამართლებრივი ნორმების არაკოსნტიტუციურობას.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა, ასევე, მოსარჩელის კეთილსინდისიერად მიჩნევის ფაქტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ საგადასახდო სანქციისაგან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველს ითვალისწინებს საქართველოს საგადსახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის თანახმადაც, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, აღნიშნული მუხლით დავის განმხილველ ორგანოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, რომლის ფარგლებშიც მან უნდა იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო პასუხისმგებლობისგან პირის გათავისუფლების იმგვარ საკითხებს აწესრიგებს, როდესაც უფლებამოსილ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, გაათავისუფლოს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან პირი, თუ იგი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის აშკარა ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო, კეთილსინდისიერად ცდებოდა კანონის არსთან მიმართებაში. ამდენად, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რეგულირების ქვეშ არ ექცევა მოსარჩელისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილით დაჯარიმების შემთხვევა.
6. რ-------------ას სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
6.1. რ-------------ას სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტს მიაჩნია, რომ მის მიმართ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისრტრაციული აქტები უკანონოა. სარჩელის საფუძველი არამხოლოდ ის არის, რომ რ-------------ასთავის არ იყო ცნობილი დისკრიმინაციული ნორმის შესახებ, არამედ ის, რომ ნორმა დისკრიმინაციულია. გარდა დისკრიმინაციული ნორმისა, გასაჩივრებულ ბრძანებაში მითითებულია, რომ აღნიშნულ ავტომაქნქანას საქართველოს საზღვრის კვეთა უფიქსირდება რამოდენიმეჯერ და შედეგად შემოსავლების სამსახურმა ივარაუდა, რომ რ-------------ასთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ამ დისკრიმინაციული რეგულაციის შესახებ, თუმცა ფაქტია, რომ რ-------------ამ აღნიშნული ავტომანქანით საზღვარი გადაკვეთა პირველად. ასევე დაუსაბუთებელია, უკანონო და დამამცირებელია შემოსავლების სამსახურის მითითება არაკეთილსინდისიერებაზე იმის გამო, რომ ავტომანქანა არ არის განბაჟებული.
სასამართლომ ნაცვლად იმისა, რომ გონივრილი განსჯის შედეგად დაედგინა ფაქტის დისკრიმინაციულობა, გადაწყვეტლების მე-8 გვერდზე მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივის შესახებ ამ საკითხებთან მიმართებაში და თავი აარიდა მსჯელობას იმ ელემენტარულ საკითხზე, რომელიც ნებისმიერი სასამართლოს კონპეტენციაა და ნებისმიერი მოსამართლის პირდაპირი მოვალოებაა. სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნორმა არღვევს ადამიანის უფლებებს, მისი გამოყენება მანც შეიძლება და ამგვარი უკანონო ნორმების გამოყენებით გადაწყვეტების მიღება არის მართლმსაჯულება. სასამართლომ არასწორად შეაფასა მოპასუხის პოზიცია კეთილსინდისიერების განმარტებასთან მიმართებაში. მოპასუხემ გამოცემულ და გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტში არაკეთილსინდისიერებად მიიჩნია ის, რომ რ-------------ას დროებით მფლობელობაში არსებული ავტომანქანა არ არის განბაჟებული და 20 ჯერ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. ხოლო სასამართლომ არაკეთილსინდისიერება შეაფასა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში უადგილოა.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
7.2. სააპელაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე. სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
7.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო სამართალდამრღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მიერ საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 26 ნოემბერს 22:46 საათზე შედგა №E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, 2018 წლის 26 ნოემბერს სგპ „სადახლო-საავტომობილოს“ კონტროლის ზონაში, საქართველოს მხრიდან შევიდა მაზდას მარკის მსუბუქი ავტომანქანა, რუსული სახელმწიფო ნომრით B--------, რომელსაც მართავდა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი რ-------------ა. აღნიშნული ავტომანქანის საქართველოში შემოყვანილი იყო კ-----------------–-–---–ის მიერ 2018 წლის 7 სექტემბერს და საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ვადად განესაზღვრა 60 კალენდარული დღე. დოკუმენტების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ავტომანქანას დაუფიქსირდა ვადაგადაცილება 20 დღე, აღნიშნულის გამო რ-------------ა დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2018 წლის 26 ნოემბრის NE------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი რ-------------ამ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2018 წლის 27 დეკემბრის N38652 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე უკანასკნელად ავტომობილი შემოიყვანა საქართველოს მოქალაქე კ-----------------–-–---–მა, რომელსაც კანონის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების/დეკლარირებისათვის განესაზღვრა 60 კალენდარული დღე.
სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის" მე-6 მუხლით განსაზღვრული იყო საქონლის/სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადები. ხსენებული ნორმის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-6–მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარული დღით. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.
სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის" მე-20 მუხლის ადგენდა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადებს, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მის მისაბმელზე ან ნახევრად მისაბმელზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და აღნიშნავს, რომ საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა თუ გატანა უნდა მოხდეს კანონმდებლობის სრული დაცვით. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება (რუსული სახელმწიფო ნომრით B--------) საქართველოს საზღვარზე შემოიყვანა საქართველოს მოქალაქემ 2018 წლის 7 სექტემბერს, რომელსაც კანონმდებლობით მიეცა 60 დღის ვადა აღნიშნული ავტომანქანის გაფორმების ადგილზე წარსადგენად და დასადეკლარირებლად. რ-------------ამ, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია (საქართველოს საზღვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანის მიზნით), საბაჟო გამშვებ პუნქტში სადავო ავტომანქანა მიიყვანა 2018 წლის 26 ნოემბერს. ავტოსატრანსპორტო საშუალება მოქცეული იყო 60 დღიან ვადაში და ის გარემოება, საბაჟო გამშვებ პუნქტში ორმაგი მოქალექეობის მქონე პირმა მიიყვანა, სააპელაციო პალატის შეფასებით, არ ქმნის ნორმით დადგენილი ვადის გახანგრძლივების სამართლებივ საფუძველს. რ-------------ას გადაეცა ის ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა ავტოსატრანსპორტო საშუალების საზღვარზე შემოყვანის დროს. ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებისა და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ რ-------------ამ ჩაიდინა სამართალდარღვევა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილით.
7.4. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
პალატა განმარტავს, რომ პირი შეიძლება განთავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის აშკარა ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო კეთილსინდისიერად ცდებოდა კანონის არსთან მიმართებაში, ამასთან, სასამართლო საგადასახადო კანონმდებლობაში არსებულ ბუნდოვანებას, წინააღმდეგობასა და ორაზროვნებას გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ განმარტავს.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტი სამართალდარღვევის ჩადენისას არ მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის ფარგლებში, მისი ქმედება, საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, არ გამორიცხავს მის ბრალეულობას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე რ-------------ას საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.
ამავე დროს სააპელაციო სასამართლო იზიარებს აპელანტის განმარტებას მასზედ, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისაგან გათავისუფლების საფუძვლის არარსებობა არ მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არაკეთილსინდისიერებაზე. სააპელაციო პალატის შეფასებით, შემოსავლების სამსახურის 27.12.18წ. N38652 ბრძანების სამოტივაციო ნაწილში მითითება რ-------------ას, როგორც გადასახადის გადამხდელის არაკეთილსინდისიერებაზე კანონშეუსაბამოა და სცდება ნორმის განმარტების ფარგლებს.
7.5. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი, რისი გათვალისწინებითაც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება.
9. პროცესის ხარჯები:
9.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის განჩინების საფუძველზე გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) შეადგენს – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. ამდენად, აპელანტს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 23-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ-------------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება;
3. რ-------------ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე : ნინო ყანჩაველი
მოსამართლეეები: შოთა გეწაძე
გია ბერაია