განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.11.2019
საქმის ნომერი
330210016001274720
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001274720

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3366-18 11 ნოემბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე – ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები - თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ნ--- დ---------

 

კანონიერი წარმომადგენელი (მზრუნველი) - ნ----- გ---------

 

წარმომადგენელი - ნ--- ა-------

 

მოწინააღმდეგე მხარე (განმცხადებელი) - თ----- პ--------–---–ი

 

წარმომადგენელი - შ-----------–------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სააღსრულებო წარმოების შეჩერება

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. თ----- პ--------–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ--- დ--------ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და ზიანის ანაზღაურების სახით 20 000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ნ--- დ---------ს მოსარჩელის სასარგებლოდ 20 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ--- დ---------მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2012 წლის 08 ოქტომბრის სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ძალით, თ----- პ--------–---–მა ნ--- დ---------ს 90 500 აშშ დოლარი ასესხა, სარგებელი სესხისათვის სესხის ძირითადი თანხის ყოველთვიური 4 პროცენტით განისაზღვრა. სესხი 6 თვის ვადით, 2013 წლის 08 აპრილამდე, გაიცა (ს.ფ. 14-24).

 

6. სესხის უზრუნველსაყოფად ნ--- დ--------ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ბ---------------------, სართული 3, ბ-------, იპოთეკით დაიტვირთა. იპოთეკის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა (ს.ფ. 14-24).

 

7. 2013 წლის 26 აპრილს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილება განხორციელდა, რომლის თანახმად, სესხის ძირ თანხად, შეთანხმების გაფორმებამდე დარიცხული სარგებლის გათვალისწინებით, 114 260 აშშ დოლარი განისაზღვრა. სესხის ვადა გაიზარდა და ამ ვადის დასრულების თარიღად 2013 წლის 26 ივნისი დადგინდა (ს.ფ. 25-29).

8. კრედიტორი - თ----- პ--------–---–ის განცხადების საფუძველზე, 2014 წლის 28 იანვარს ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი გაიცა, რომლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემდეგი სახით განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 114 260 აშშ დოლარი, გადაუხდელი თანხის პირგასამტეხლო, 2013 წლის 27 ივნისიდან მსესხებლის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებამდე, 0.15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება აღსასრულებლად მიექცა (ს.ფ. 30-33).

9. ნ--- დ--------ის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 თებერვლის განჩინებით ნოტარიუს ს-----------–---- 2014 წლის 28 იანვარს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულება შეჩერდა (ს.ფ. 49-50).

 

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნოტარიუს ს-----------–---- მიერ 2014 წლის 28 იანვარს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეესტრის ნომერი №1--------) მითითებული კრედიტორის განცხადებით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის პირველ აბზაცში მოვალე ნ--- დ--------ისათვის სესხის ძირი თანხის 114 260 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში ცვლილება შევიდა და სესხის ძირითადი თანხის სახით ნ--- დ--------ის ვალდებულება კრედიტორ თ----- პ--------–---–ის წინაშე 90 500 აშშ დოლარით განისაზღვრა. ამავე გადაწყვეტილებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 34-43).

 

11. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ გაუმართლებელი იყო, რაც მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას აძლევდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის დანაწესით, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად. აღნიშნული მუხლის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ თუ მოსარჩელეს უარი ეთქვა უზრუნველყოფილ სარჩელზე, ან გაუქმდა ჯერ არაღძრული სარჩელის უზრუნველყოფა იმის გამო, რომ პირმა არ აღძრა სარჩელი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში, ან მას უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაშინ მოსარჩელემ უნდა აუნაზღაუროს ზიანი მოპასუხეს, თუ იგი ამას მოითხოვს. სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხემ უნდა მიმართოს სასამართლოს სარჩელით. მასვე ეკისრება დამდგარი ზიანის და მისი ოდენობის დამტკიცების ტვირთი.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მიყენებული ზიანის თავიდან აცილების ერთ-ერთ საპროცესო-სამართლებრივ საშუალებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დასაბუთებული განცხადების წარდგენის ვალდებულება წარმოადგენს. თუმცა, მიუხედავად ადეკვატური სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება ზიანს აყენებდეს მოპასუხეს. ზიანის ცნების ქვეშ, რა თქმა უნდა, უფლების დროებით შეზღუდვა არ იგულისხმება, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების დანიშნულებაც სწორედ უფლების დროებით შეზღუდვაა (გასხვისების აკრძალვა, ქმედების განხორციელების აკრძალვა, ნივთობრივი უფლებით დატვირთვის აკრძალვა და ა. შ). სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით ზიანის მიყენება გულისხმობს უფლების დაუშვებელ ხელყოფას, როგორიცაა მაგალითად, ფაქტობრივი ზიანის დადგომა ან შემოსავლის დაკარგვა. ასეთ შემთხვევაში მოპასუხე უფლებამოსილია, მოითხოვოს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა, ანუ ე.წ. უზრუნველყოფის შებრუნება.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნ--- დ---------- სასარჩელო მოთხოვნა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნოტარიუს ს-----------–---- მიერ 2014 წლის 28 იანვარს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეესტრის ნომერი №1--------) ცვლილება შევიდა და ნ--- დ--------ის ვალდებულება კრედიტორ თ----- პ--------–---–ის წინაშე 114 260 აშშ დოლარის ნაცვლად 90 500 აშშ დოლარით განისაზღვრა.

 

ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული და სააპელაციო ინსტანციაში სადავო არ გამხდარა გარემოებები მასზედ, რომ კრედიტორმა 2014 წლის 29 იანვარს კერძო აღმასრულებელ ნ--- კ------- მიმართა, სადაც შესასრულებელ ვალდებულებად კრედიტორმა არა 114 260 აშშ დოლარი, არამედ 90 500 აშშ დოლარი მიუთითა, ანუ შესასრულებელი ვალდებულება იმ ოდენობით განსაზღვრა, რა ოდენობითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით დადგინდა.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს განმარტოს, რომ კრედიტორის მიერ სააღსრულებო მოთხოვნის მხოლოდ 90 500 აშშ დოლარით განსაზღვრის მიუხედავად, მოსარჩელე საქმეზე სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აღნიშნული ქმედებების გათვალისწინებით, სააღსრულებო წარმოების განახლება მხოლოდ 2016 წლის პირველ თებერვალს მოხერხდა.

 

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მიუღებელ შემოსავალთან მიმართებით, სასამართლო განმარტავს, რომ ხსენებული ნორმები დისპოზიციური ხასიათისაა, მათი სისტემური გამოყენებისთვის აუცილებელია აღნიშნული ნორმების ერთობლივ ჭრილში განხილვა. ამ მიმართებით ყურადსაღებია ამავე კოდექსის 412-ე მუხლი, რადგან თავისი არსით ის ფულადი სარგებელი, რომელიც მხარეს შეიძლება დაეკისროს როგორც ზიანი, სწორედ ამ ნორმის მოქმედების სფეროში ექცევა. აღნიშნული ნორმა ზიანის ანაზღაურებას მხოლოდ ისეთ ქმედებებს უკავშირებს, რომლებიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. შესაბამისად, ის ზიანი, რომელიც ისეთი ქმედების შედეგად დადგა, რომელიც მხარეს არ შეეძლო წინასწარ განეჭვრიტა, ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

 

2019 წლის 11 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს, მხარეებმა მიუთითეს, რომ კრედიტორი თ----- პ--------–---–ი ფულადი თანხის გასესხებით იყო დაკავებული და აღნიშნული საქმიანობა მის შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. შესაბამისად, მოვალესთვის ადვილად განჭვრეტადი უნდა ყოფილიყო, რომ ორი წლის განმავლობაში, კრედიტორის მიერ სესხად გაცემული თანხების დაბრუნების შეუძლებლობა მას აღნიშნული თანხის ხელახლა დაკრედიტებით მოგების მიღების შესაძლებლობას უკარგავდა.

 

ზიანის წინასწარ განჭვრეტის შესაძლებლობასთან მიმართებით მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ მოვალეს სადავო ხელშეკრულებების გაფორმების დროს არ შეეძლო ნების გონივრული განსჯა, ვინაიდან მას დანიშნული ჰყავდა მზრუნველი, შესაბამისად, მას არ ჰქონდა უნარი გონებრივი მდგომარეობით, სრულფასოვნად, საკუთარი ქმედებების მნიშვნელობა აღექვა და შესაძლო შედეგები გაეანალიზებინა. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმად, სადავო გარიგებების დადებისას მოვალის ნების გონივრული განსჯის შეუძლებლობა საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ არის დადასტურებული, კერძოდ, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი შპს „ვექტორის“ მიერ 2015 წლის 5 ნოემბერს გაცემული სამედიცინო დასკვნის მიხედვით, ნ--- დ---------ს გამოტანილი აქვს დიაგნოზი: თირკმლის აუტოსომურ-დომინანტური პოლიცისტური დაავადება, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, მე-5 სტადია, ჰემოდიალიზი. 21.10.11 წლიდან 26.03.15 წლამდე რეგულარულად ყოველ კვირას რამდენჯერმე 12-13 საათის განმავლობაში თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე-ჰემოდიალიზზე იმყოფებოდა, რაც საბოლოოდ თირკმლის გადანერგვით-ოპერაცია ალოტრანსპლანტაციით დასრულდა.

 

სამედიცინო ლიტერატურით და პრაქტიკით საყოველთაოდ ცნობილია ჰემოდიალიზის ტიპიური გართულებები ადამიანის აღქმით და კომუნიკაციის სფეროებში დისეკვილიბრაციული სინდრომის დიალეზური ენცეპალოპათიის სახით. საწყის სტადიაში პათოლოგიურ პროცესს ახასიათებს თავის ტკივილები, საერთო სისუსტე, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ხოლო მოგვიანებით, თავს იჩენს გაღიზიანებადობა და აღგზნებადობა, დეპრესიული განწყობა, მეხსიერების დაქვეითება, განსაკუთრებით ხანმოკლე მეხსიერების (ანუ მიმდინარე ფაქტების და მოვლენების მიმართ), აღქმის უნარის დაქვეითება მეტად გარემოსა და ირგვლივ მყოფ ადამიანთა მიმართ. თავის ტვინის ქერქული ფუნქციების დარღვევა (დისპრაქსია) და სხვა.

 

სასამართლო არ იზიარებს წარმოდგენილ დოკუმენტს და მიაჩნია რომ, სამედიცინო დასკვნა შეიცავს სამედიცინო ლიტერატურაზე დაყრდნობით სავარაუდო შინაარსის დასკვნას, რომ ცნობიერების დაკარგვას შესაძლოა ადგილი ჰქონოდა, თუმცა, დადასტურებით აღნიშნულის თაობაზე მითითებული არ არის.

 

ასევე, საქმეში წარმოდგენილი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის პირველი ოქტომბრის გადაწყვეტილების შინაარსიდან დგინდება, რომ ნ--- დ---------ს, მისი შვილის მიმართვის საფუძველზე, მზრუნველი დაენიშნა, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას თავისი უფლებების დამოუკიდებლად დაცვა არ შეეძლო. პალატის აზრით, წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ცალსახად არ დგინდება, რომ მზრუნველის დანიშვნა პირდაპირ და უშუალო კავშირშია მის ფსიქიკურ მდგომარეობასთან, რაც გარიგების დადების დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა. ამასთან საგულისხმოა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვალეს მზრუნველი 2015 წლის პირველ ოქტომბერს დაენიშნა, მაშინ როდესაც, სადავო ხელშეკრულებები 2013 წელს იყო გაფორმებული, აღნიშნული კი, პირდაპირ გამორიცხავს აღნიშნული მიზეზით ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობის გამორიცხვას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აპელანტის (მოვალის) მიერ განვითარებულ მსჯელობას მასზედ, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავდა ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ნ--- დ--------ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აღნიშნული კი, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლში მე-3 ნაწილისა, გამორიცხავდა უზრუნველყოფის ღონისძიების უმართებულოდ ცნობას და შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ვალიდურობას. ამ მიმართებით პალატა განმარტავს, რომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება გამოიხატა მოვალის ვალდებულების მოცულობად 114 260 აშშ დოლარის ნაცვლად, 90 500 აშშ დოლარით განსაზღვრაში. ამ მიმართებით აღსანიშნავია, რომ კრედიტორს სააღსრულებო ფურცელი სწორედ 90 500 აშშ დოლარზე ჰქონდა ამოწერილი და სწორედ ამ ოდენობის ვალდებულების აღსრულება შეჩერდა, შესაბამისად, აპელანტის მსჯელობა აზრს კარგავს და ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას საფუძვლად ვერ დაედება, ვინაიდან გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ცალსახად გაუმართლებელი აღმოჩნდა.

 

შუალედური შეჯამების სახით, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ ვინაიდან კრედიტორის ძირითადი საქმიანობა ფულადი სახსრების განკარგვით შემოსავლის მიღება იყო, მოვალისთვის წინასწარ განჭვრეტადი უნდა ყოფილიყო სესხად აღებული თანხის ვადაში დაუბრუნებლობისას მოპასუხისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. ასევე, ვინაიდან მოვალის მიერ ვალდებულების აღების მომენტში საღი აზროვნებისა და მოვლენების გონივრული განსჯის შეუძლებლობა დადგენილი არ არის, ივარაუდება, რომ ზიანის ანაზღაურების გამომრიცხველი გარემოება სახეზე არ არის.

 

13. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება 20 000 აშშ დოლარის ოდენობით მართებულად იქნა განსაზღვრული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.

 

მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის, როგორც არაპირდაპირი ზიანის, დაკმაყოფილებისთვის საჭირო წინაპირობები უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკითაა განმტკიცებული. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო, ადგილი არ ექნებოდა. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურება 20 000 აშშ დოლარის ოდენობით იყო მოთხოვნილი. მხარის წარმომადგენლის განმარტების თანახმად, ვინაიდან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად სააღსრულებო წარმოება ორი წლით შეჩერდა, კრედიტორი ზიანის დაანგარიშებისას მინიმალური სარგებლის დაკისრების სახით, კერძოდ, ძირითადი ვალდებულების 1%-ის ოდენობით ითხოვდა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით 2014 წლის 28 იანვრიდან (ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის შეჩერება) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებამდე, აღსასრულებელი მოთხოვნის აღსრულება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის საშუალებაზე გადახდევინების მიქცევით, შეუძლებელი იყო. შესაბამისად, სასამართლოს აზრით, სასარჩელო მოთხოვნა ზიანის დაკისრების შესახებ, სწორედ ამ პერიოდზეა საფუძვლიანი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე თავს მხოლოდ მოთხოვნის უსაფუძვლობასთან მიმართებით იცავდა და ოდენობასთან მიმართებით შედავება არ განუხორციელებია. შესაბამისად, ასეთ პირობებში ივარაუდება, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ორი წლის განმავლობაში, თვეში 1% ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრება გონივრული, პროპორციული და სამართლიანია.

 

14. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

 

ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ზიანის, როგორც მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, თუმცა, მიდგომა ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით განსხვავებულია, რაც განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვითი უნარიანობის მაღალი ხარისხით, რაც ყველა შემთხვევაში, ფულს სარგებლის მოტანის უნარს ანიჭებს. ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. პალატა განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არც ზიანის მიყენების ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას არ სჭირდება.

 

შესაბამისად, ვინაიდან მოპასუხე მხარეს ზიანის ოდენობასთან მიმართებით დასაბუთებული შედავება არ წარუდგენია სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტმა მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ მოახდინა. ამასთან, რადგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მინიმალური საპროცენტო სარგებლის (1%) დაკისრებაა, პალატა ასკვნის, რომ სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მოყვანილი მსჯელობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

15. 2019 წლის 11 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე აპელანტმა სააღსრულებო ხარჯის - 1538 ლარის ანაზღაურების თაობაზე იშუამდგომლა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან 2018 წლის 15 მაისს საქმეზე N5------ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცელი გაიცა. თუმცა, მოგვიანებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით ნ--- დ--------ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დაემყარა იმ გარემოებას, რომ სასამართლომ მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანისთვის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა გაშვებულად არ ჩათვალა. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხარჯი მოპასუხე მხარეს გადასახდელად არ უნდა დაეკისროს.

 

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. აპელანტი თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე, 46-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ნ--- დ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;

 

4. მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა საპროცესო ხარჯის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი

 

მოსამართლეები თამარ ალანია

 

თამარ ზამბახიძე