განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.11.2019
საქმის ნომერი
330210117002184651
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117002184651

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/3336-19 11 ნოემბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლეები - თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ლ---ა მ------

 

წარმომადგენელი - ი----------

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ------- დ---------

 

წარმომადგენელი - დ-------ნ ბ--–-------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

დავის საგანი - სესხის ხელშეკრულების და ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ლ---ა მ------მ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე გ------- დ---------- მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ 2016 წლის 15 აგვისტოს ლ---ა მ------სა და გ------- დ---------ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების, 2016 წლის 19 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების და/ან დამატების შეტანის თაობაზე შეთანხმების, 2016 წლის 19 სექტემბერს ლ---ა მ------სა და გ------- დ---------ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებისა და 2017 წლის 10 ოქტომბერს ნოტარიუს თ--------------- მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ლ---ა მ------მ გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2016 წლის 15 აგვისტოს გ------- დ---------სა და ლ---ა მ------ს შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მსესხებელს სარგებლის გარეშე, 5000 აშშ დოლარი გადაეცა. ხელშეკრულების მეორე პუნქტის მიხედვით, მხარეთა განცხადებით გამსესხებელმა მსესხებელს სესხის თანხა სრულად, ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების მომენტში ნაღდი ანგარიშსწორების წესით, გადასცა. სესხი ერთი თვის ვადით არის გაცემული და მისი სრულად დაბრუნება 2016 წლის 15 სექტემბერს უნდა მომხდარიყო (ს.ფ. 46-49).

 

6. 2016 წლის 19 სექტემბერს 2016 წლის 15 აგვისტოს დადებულ სესხის ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და სესხის დაბრუნების ვადად 2016 წლის 15 ნოემბერი განისაზღვრა. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებელისთვის დასაბრუნებელი თანხის 0.1%-ის დაკისრება შეთანხმდა (ს.ფ. 50-52).

 

7. 2016 წლის 19 სექტემბერს გ------- დ---------სა და ლ---ა მ------ს შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მსესხებელს სარგებლის გარეშე, 12 000 აშშ დოლარი გადაეცა. გამსესხებელმა მსესხებელს სესხის თანხა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების მომენტში, ნაღდი ანგარიშსწორების წესით, სრულად გადასცა. სესხი 2 თვის ვადით იყო გაცემული და 2016 წლის 19 ნოემბერს სრულად უნდა დაბრუნებულიყო. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მსესხებლისთვის დასაბრუნებელი თანხის 0.1%-ის დაკისრება შეთანხმდა (ს.ფ. 33-36).

 

8. 2017 წლის 10 ოქტომბერს, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუს თ--------------- მიერ #--------- და #--------- სააღსრულებო ფურცლები გაიცა, რომელთა მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2016 წლის 15 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის ნაწილში 5 000 აშშ დოლარით, ხოლო, პირგასამტეხლო დასაბრუნებელი თანხის 5000 აშშ დოლარის 0.1%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 16 ნოემბრიდან აღსრულებამდე, განისაზღვრა. აღსასრულებელ მოცულობაში ასევე, სააღსრულებო ფურცლის ხარჯი - 102 ლარი იქნა გათვალისწინებული.

 

ასევე, 2016 წლის 19 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის ნაწილში 12 000 აშშ დოლარი, ხოლო, პირგასამტეხლო დასაბრუნებელი თანხის - 12 000 აშშ დოლარის 0.1%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 20 ნოემბრიდან აღსრულებამდე, განისაზღვრა. აღსასრულებელ მოცულობაში ასევე, სააღსრულებო ფურცლის ხარჯი - 102 ლარი იქნა გათვალისწინებული (ს.ფ. 53-57).

 

9. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 10 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების მიზნით სააღსრულებო წარმოება დაწყებულია (ს.ფ. 27-32; 41-45).

 

10. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მხარეთა შორის სასესხო ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს და მოჩვენებითი გარიგების დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაში შედის და მხარის მიერ არასწორი საფუძვლის მითითება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლება გახდეს. აღნიშნულს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე და 185-ე მუხლების შინაარსიც ადასტურებს, რომელთა ანალიზიც ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეს არ ავალდებულებს მიუთითოს დავის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული არ წარმოადგენს ხარვეზის დადგენის საფუძველს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი სასამართლომ და არა მხარემ უნდა განსაზღვროს. მხოლოდ მხარის მითითება, რომ მეორე მხარეს აქვს მისი ვალი და ითხოვს ამ თანხის დაბრუნებას საკმარისია იმისათვის, რომ სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შესაბამისად განსაზღვროს და მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას სამართლებრივი შეფასება მისცეს.

 

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ გ------- დ---------- ძმას დ----- დ---------ს ამერიკაში წასვლა სურდა, ამ მიზნით მოსარჩელის დას - ნ-----–------------–---–- დაუკავშირდა, რომელიც უკრაინაში ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში მუშაობდა და მათი შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს საბუთების მოგვარების მიზნით უკრაინაში 17 000 აშშ დოლარი უნდა გაეგზავნა, რომელიც მან ეტაპობრივად გაუგზავნა. 5000 აშშ დოლარი თავად მოპასუხემ გაგზავნა, ხოლო, დარჩენილი თანხები ნ-----–------------–---–- მოსარჩელის შვილის - ნ---- მ------ს მიერ ეგზავნებოდა. თანხის მიმღები პირები ნ-----–ი კ---------–--ლი და მისი შვილები გ------- მ--–--- და ვ----– მ------, ასევე ოფისის თანამშრომლები, იყვნენ. მოპასუხემ ნ-----–------------–---–- მოსთხოვა, რომ საქართველოში მყოფ პირს აღნიშნულ თანხაზე სესხის ხელშეკრულება გაეფორმებინა, რაზეც მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა. მოსარჩელის მითითებით, ამ გარემოებას ნ-----–ი კ---------–--ლის სახელზე გაგზავნილი ფულადი გზავნილები და დ----- დ---------- საზღვრის კვეთის ფაქტი ადასტურებს. ნ-----–ი კ---------–--ლის მიერ მოლაპარაკებით ნაკისრი ვალდებულება, მოპასუხის ძმის მიმართ, შესრულდა, ხოლო, მოპასუხემ ბოროტად ისარგებლა ხელშეკრულების პირობით და სურს უკან დაიბრუნოს ის თანხა, რომელიც უნდა მოხმარებოდა მისი ძმის გასამგზავრებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას.

 

აპელანტის (მოსარჩელის) მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ სამართლებრივად იგი მოჩვენებითი გარიგების თაობაზე აპელირებს, რომელიც სამოქალაქო სამართალში გარიგების ბათილობის საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). გარიგების მოჩვენებითად ცნობა შეფასებითი კატეგორიაა, გარიგების მოჩვენებითად ცნობის დროს, სასამართლოს კვლევის საგანში შემავალ გარემოებას მხარეთა ნამდვილი ნების დადგენა წარმოადგენს, რა დროსაც მხედველობაში კომპლექსურად ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტი თუ გარემოება მიიღება, რომელზეც მოდავე მხარეები მიუთითებენ ან საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარეობს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა არ არსებობს. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ნების ნაკლს ორივე აცნობიერებდეს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ძირითადად, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამ მხრივ, მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას.

 

შესაბამისად, იმისათვის, რათა განსახილველ შემთხვევაში, გაფორმებული გარიგებები მოჩვენებითად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია ერთობლიობაში შეფასდეს გარიგების მხარეთა ნება, თანხის გაცემის დრო და პერიოდულობა, რისთვისაც სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილისა და 102-ე მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას. თუნდაც, მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, მოსარჩელეს ევალება. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია, ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

სააპელაციო პალატა მხარის ყურადღებას მიაპყრობს სამართალში მოქმედ ე.წ პრეზუმფციებზე, ანუ ვარაუდზე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. პალატა განმარტავს, რომ გარიგების დადებაზე ნების ნოტარიუსთან გამოვლენის დროს, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ მოწმდება ნების გამომვლენი პირის ქმედუნარიანობა, უფლებამოსილება და ნების ნამდვილობა. ნების გამომვლენს ნოტარიუსი უმარტავს გარიგების შინაარსს და მის თანამდევ შედეგებს. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 19 სექტემბრისა და 2016 წლის 15 აგვისტოს სანოტარო აქტების შესაბამისად, დგინდება, რომ ნოტარიუსმა მხარეებს ხმამაღლა წაუკითხა სადავო ხელშეკრულება და მისი დანართები, ასევე თავად მხარეები გაეცნენ ხელშეკრულებას, რის შედეგადაც მას ხელი მოაწერეს. გარდა ამისა, სანოტარო აქტებიდან დგინდება, რომ ნოტარიუსმა მხარეებს სხვა მრავალთა შორის განუმარტა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შინაარსი, ასევე დეტალურად აუხსნა ნოტარიუსის მიერ სააღსრულებლო ფურცლის გაცემისა და მისგან მომდინარე შედეგების შესახებ.

 

გარდა ნამდვილი ნების არსებობის პრეზუმფციისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს დამოწმებული სესხის ხელშეკრულების შინაარსს, კერძოდ, მხარეები სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ, განსაზღვრეს სესხის სრული ოდენობა, მისი დაბრუნების ვადა და მისი დაუბრუნებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს თაობაზეც კი, შეთანხმდნენ. გონივრული განსჯის პრინციპიდან გამომდინარე, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსი სესხის გაცემის შესაძლებლობას, პირგასამტეხლოზე შეთანხმების გარეშეც ითვალისწინებს, პალატისთვის გაუგებარია იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა ნება თანმხვედრი იყო და სესხის ხელშეკრულება ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რა საჭირო იყო სესხის თაობაზე გარიგებისთვის ყველა დამახასიათებელ ელემენტზე შეთანხმება. ასევე, ორივე სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ გამსესხებელმა მსესხებელს სესხის თანხა ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების მომენტში, ნაღდი ანგარიშსწორების წესით, სრულად გადასცა. ამგვარი დანაწესის მითითება, როგორც წესი სესხის, როგორც რეალური ხელშეკრულების, სპეციფიურობიდან გამომდინარეობს და გამსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე გარანტიების შექმნას ისახავს მიზნად. შესაბამისად, ამ მიმართებითაც პალატა მიიჩნევს, რომ ამგვარი დაცვითი მექანიზმების გათვალისწინება ცალსახად მოწმობს, რომ მხარეთა შორის სადავო ხელშეკრულებების გაფორმებისას ნამდვილ ნებას არა სხვა მიზნის მიღწევა, არამედ თანხის სესხის სახით აღება წარმოადგენდა. იმ პირობებშიც, კი თუ გავიზიარებდით მოსარჩელის მითითებას, რომ მოპასუხემ ნ-----–------------–---–- სესხის ხელშეკრულების გაფორმება მოსთხოვა, ამ პირობებშიც გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ამ გარიგების სანოტარო წესით დამოწმება ვინაიდან სესხის ხელშეკრულება შესაძლებელია მარტივი ფორმითაც გაფორმებულიყო, მით უფრო, ისეთ პირობებში, როდესაც ნოტარიუსმა მხარეებს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების დარღვევისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესაძლებლობის თაობაზე განმარტება მისცა.

 

სააპელაციო პალატის აზრით, მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილი ხელწერილები, რომელიც ვინმე გვანცა ხაბაზიშვილის მიერაა შედგენილი, წინამდებარე საქმესთან შემხებლობაში არ არის, იგი ვერ გაამყარებს მოსარჩელის პოზიციას მასზედ, რომ ასეთი ტიპის ურთიერთობის დროს მოპასუხეს სხვა დროსაც მიუმართავს ამგვარი ხერხისთვის. სასამართლოსთვის უცნობია წინამდებარე ხელწერილის ავთენტურობის, მხარეთა შორის არსებული გარიგების/ურთიერთობისა და სხვა ისეთი მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ, რომელიც სასამართლოს ხსენებული მტკიცებულების, როგორც თუნდაც მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედებების იდენტურობის დადგენის შესაძლებლობას მისცემდა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელე სარჩელში დასახელებული ფაქტობრივი გარემოების ერთ-ერთ დასტურად ასევე უთითებს საზღვარგარეთ განხორციელებულ ფულად გზავნილებზე, რომელთა შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ფინანსურ დოკუმენტაციას საქმეში მონაწილე მხარეებთან და სესხის ხელშეკრულებებთან რაიმე სახის კავშირი არ გააჩნია. სს „ს----------–----------“ მიერ გაცემული ცნობის მიხედვით დასტურდება, რომ 2016 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში გ------- დ---------ს ფულადი გზავნილები ამავე ბანკის მეშვეობით უკრაინის მიმართულებით არ განუხორციელებია. აღნიშნული გარემოება დასტურდება სს „თ------------“ მიერ გაცემული ცნობითაც.

 

გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ მოპასუხედ დასახელებული პირი ან თავად მოსარჩელის მიერ მითითებული პირები, ლ---ა მ------სთან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ დავალების ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებდნენ, რაც სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დაუსაბუთებლად მიჩნევის საფუძველს ქმნის.

 

სააპელაციო პალატა შეჯამების სახით განმარტავს, რომ საქმის განხილვის შედეგად მას შეექმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ სადავო გარიგების გაფორმებისას ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები, არ მოქმედებდნენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. უფრო მეტიც, პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა ნება სასესხო ურთიერთობის წარმოშობისკენ იყო მიმართული, რასაც ცალსახად ადასტურებს სადავო გარიგებებში გამსესხებლისთვის კანონით გათვალისწინებული გარანტიების შექმნა და სესხის ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა, რა დროსაც მსესხებელს სესხის ვადის გადახდა გადაუვადდა.

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის სრული, ობიექტური და სამართ ლიანი გამოკვლევის შედეგად პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსი საფუძვ ლიანად შეისწავლა, სწორად დაადგინა დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და მართებული სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები არ არსებობს.

 

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 09 ივლისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაკმაყოფილდა. ვინაიდან წინამდებარე განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა, მას გადავადებული სახელმწიფო ბაჟი 901.12 აშშ დოლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102, 386-ე, 377-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ლ---ა მ------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ბაჟის - 901.12 აშშ დოლარის გადახდა;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: მოსამართლეები: ქეთევან მესხიშვილი თამარ ალანია თამარ ზამბახიძე