განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310117001953462
საქმე №3ბ/720-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
04 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - რა----------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ეკ--------------–--–ი
მესამე პირი - სს „საქართველოს ბანკი“
წარმომადგენელი - გი-----------------ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
აპელანტი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის პოზიცია
მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მესამე პირის - სს „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით რა----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სს ,,საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა (აპლიკანტი) გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომლითაც მოითხოვა რესპონდენტის - რა----------–---–ისათვის ძირითადი დავალიანების სახით - 2340.90 ლარის (ძირითადი თანხა – 779.17 ლარი; პირგასამტეხლო – 1316.82 ლარი; სარგებელი – 244.91 ლარი) და გადახდილი სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის, ყადაღის დადებისათვის გადახდილი საფასურის - 50 ლარისა და აღსრულებისათვის გადახდილი 2%-ის დაკისრება. აპლიკანტმა განცხადებას დაურთო ხელშეკრულება თანდართული დოკუმენტებით.
2016 წლის 10 ივნისს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით (წარმოების ნომერი – 16067883).
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 იანვრის N16067883/221490 შეტყობინებით რესპონდენტ რა----------–---–ს ეცნობა სს ,,საქართველოს ბანკის“ განცხადების საფუძველზე დაწყებული N16067883 გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. შეტყობინების ადრესატს განემარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი უფლებები, მათ შორის, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ წერილობითი პროტესტის გაცხადების უფლება, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დაეთანხმებოდა მოთხოვნას. შეტყობინებით რა----------–---–ს ასევე განემარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემდა ბრძანებას დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ იგი არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ რომელიმე მოქმედებას.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 იანვრის N16067883/221490 შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ რესპონდენტ რა----------–---–ს ჩაბარდა პირადად - 2017 წლის 10 მარტს.
დადგენილია, რომ კანონით დადგენილ ვადაში რესპონდენტ რა----------–---–ს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი არ განუხორციელებია.
2017 წლის 24 მარტს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა №16067883/251154 ბრძანება, რომლითაც რესპონდენტს – რა----------–---–ს დაეკისრა – 2390.9 ლარის ოდენობით დავალიანების გადახდა აპლიკანტის – სს ,,საქართველოს ბანკის“ მიმართ.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ” ქვეპუნქტების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 მარტის N16067883/251154 ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
სასამართლომ განმარტა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო XVI1 თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
სასამართლომ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ კანონის 913, 914, და 917 მუხლებზე და აღნიშნა, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 იანვრის N16067883/221490 შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ რესპონდენტ რა----------–---–ს ჩაბარდა პირადად - 2017 წლის 10 მარტს. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ მას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების მხოლოდ ერთი გვერდი ჩაბარდა, ვინაიდან მხარის უფლება-მოვალეობები გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების სწორედ პირველივე გვერდზეა განმარტებული, რომელთაგან, როგორც თავად მოსარჩელემ დაადასტურა, არცერთი არ განუხორციელებია. ამდენად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინებით რესპოდენტ რა----------–---–ს ეცნობა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ. შეტყობინების ადრესატს ასევე განემარტა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი უფლებები, მათ შორის, აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წერილობითი პროტესტის განცხადების უფლება, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ დაეთანხმებოდა მოთხოვნას. შეტყობინებით რა----------–---–ს ასევე განემარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემდა ბრძანებას დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის სრულ ოდენობაზე, თუ იგი არ განახორციელებდა შეტყობინებაში მითითებულ რომელიმე მოქმედებას. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ რესპონდენტ რა----------–---–ს, კანონით დადგენილ ვადაში, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი არ განუხორციელებია.
სასამართლომ აღნიშნა, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება მოსარჩელეს ჩაბარდა პირადად. ამასთან, ჩაბარების დროიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მას ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათაგან არცერთი არ განუხორციელებია, მათ შორის, არ გამოუყენებია უფლება, წარედგინა წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმებოდა მოთხოვნას, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით განახორციელა გამარტივებული წარმოების წესით განსაზღვრული მოქმედებანი. ამასთან, სააღსრულებო წარმოების მონაწილეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა, შეესრულებინათ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემამდე შესაძლო მოქმედებანი.
სასამართლომ მიუთითა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 მარტის N16067883/251154 ბრძანების კანონიერების შემოწმების მიზნით სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ იმ საკითხის გარკვევით, დარღვეულია თუ არა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი, ფულადი ვალდებულების გადახდევინებასთან დაკავშირებული გამარტივებული წარმოების წესები, ვინაიდან აღნიშნული კანონის 919 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული პროცედურის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება გასაჩივრებული ბრძანების წინმსწრებ გარემოებას - მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას, აღნიშნული არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავის საგანს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი აღნიშნავს, სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელის მიერ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ჩაბარების ფაქტი. აპელანტი მიუთითებს, რომ მას გადაეცა შეტყობინების მხოლოდ ერთი ფურცელი, რომელიც არ წარმოადგენს სამართლებრივი უფლების წარმომშობ დოკუმენტს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, დოკუმენტი არ იყო გადანომრილი, შესაბამისად, მოსარჩელე ვერ ივარაუდებდა, რომ შეტყობინებას გააჩნდა მეორე გვერდი, რომელზეც მითითებული იყო ყველა ის რეკვიზიტი, რაც უტყუარად ადასტურებდა, რომ ეს დოკუმენტი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აპელანტი აღნიშნავს, რომ დოკუმენტის დადგენილი წესით ჩაბარების შემთხვევაში, ისარგებლებდა კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი ითხოვს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს გამარტივებული სააღსრულებო საქმისწარმოების ფარგლებში გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის კანონიერება.
საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს აწესრიგებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული კანონის 912 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
ამავე კანონის 914 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადება, რომელიც გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველია, მიზნად უნდა ისახავდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემას. ამასთანავე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს, რომ შესაბამისი განცხადების რეგისტრაციის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო ატყობინებს რესპონდენტს გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, რომელიც, მითითებული კანონის 917 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა შეიცავდეს მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას, თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ზემოაღნიშნული ქმედებებიდან ერთ-ერთს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ გამარტივებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიურო ატყობინებს რესპონდენტს სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ და განუმარტავს, რომ რესპონდენტმა შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად უნდა დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან მოთხოვნა სრულად ან ნაწილობირვ აღიაროს, ხოლო თუ არ ეთანხმება მოთხოვნას - განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ. თუკი რესპონდენტი მითითებულ ვადაში არ განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, ჩამოთვლილ ქმედებათაგან ერთ-ერთს, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რესპოდენტისთვის შეტყობინების ჩაბარებას, რადგან სწორედ აღნიშნულზე არის დამოკიდებული რესპოდენტის მიერ საკუთარი უფლებების დაცვა, კანონით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების, მათ შორის, დავალიანების სადავოდ გახდის შესაძლებლობის გამოყენება.
რესპონდენტისთვის შეტყობინების ჩაბარების წესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლზე, რომლის მე-10 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად. ამავე ნორმის ბოლო წინადადების შესაბამისად კი, ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 იანვრის N16067883/221490 შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ რესპონდენტ რა----------–---–ს ჩაბარდა პირადად - 2017 წლის 10 მარტს, რაც დადასტურებულია შეტყობინების პირველ გვერდზე მოსარჩელის ხელმოწერით. (ს.ფ. 113). ამრიგად, დადასტურებულია, რომ აპელანტს კანონით დადგენილი წესით, პირადად ჩაბარდა შეტყობინება.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მას ჩაბარდა შეტყობინების მხოლოდ პირველი გვერდი, რაც არ უნდა იქნეს მიჩნეული შეტყობინების ჩაბარებად, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ერთი მხრივ, შეტყობინებაზე ხელმოწერით მოსარჩელეს დადასტურებული აქვს მისი ჩაბარება, ხოლო შეტყობინების ორივე გვერდის ხელმოწერა, შეტყობინების სრულად ჩაბარების დასადასტურებლად, არ მოითხოვება. საკმარისია, მხოლოდ ერთ გვერდზე ხელმოწერაც. ხელმოწერა და თარიღის მითითება გულისხმობს გზავნილის დადგენილი წესით, ფორმით, სრულად და ჯეროვნად ჩაბარების დადასტურებას. საპირისპიროს დამადასტურებელი მტკიცებულებები კი საქმეში არ მოიპოვება. მეორე მხრივ, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შეტყობინების პირველი გვერდის შინაარსზე, სწორედ მითითებულ გვერდზეა განმარტებული რესპოდენტის უფლება-მოვალეობანი. კერძოდ, აღნიშნულ გვერდზე განმარტებულია, რომ სააღსრულებო ბიუროს მიმართა სს „საქართელოს ბანკმა" და მისი მოთხოვნა შეადგენს 2390,9 ლარს, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების საფასური - 50 ლარს, დასახელებულია მოთხოვნის საფუძველი - 2014 წლის 16 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულება, ასევე, მითითებულია ბიუროს ანგარიშსწორების ანგარიშის რეკვიზიტი და განმარტებულია, რომ შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში რა----------–---–ს შეუძლია დაფაროს არსებული დავალიანება ან მისი ნაწილი, განაცხადოს პროტესტი, სრულად ან ნაწილობრივ აღიაროს მოთხოვნა, წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ. ამრიგად, შეტყობინების სწორედ პირველ გვერდზეა განმარტებული აპლიკანტის ვინაობა, მოთხოვნის საფუძველი და ოდენობა, რესპოდენტის მიერ განსახორციელებელი ქმედებების ალტერნატივა და პერიოდი. მიუხედავად ამისა, განმარტებულ, კანონით დადგენილ ათდღიან ვადაში აპელანტს შეტყობინებაში მითითებული, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული არცერთი მოქმედება არ განუხორციელებია, არც დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით მიუმართავს ბიუროსთვის. მოცემული გარემოება კი, ქმნიდა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 919 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სააპელაციო პალატა თვლის, რომ ზემოთ აღნიშნული გარემოებები ასაბუთებს, რომ სადავო აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მისი ბათილად ცნობის წინაპირობები არ არსებობს. ადგილი არ ჰქონია გამარტივებული წარმოების მიმდინარეობის პროცედურის ისეთ დარღვევას, რაც ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს შექმნიდა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო საკითხი მართებულად იქნა გადაწყვეტილი.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი -150 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რა----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე მანანა ჩოხელი