განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.12.2019
საქმის ნომერი
160210018002787568
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
19.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 160210018002787568

2ბ/5929-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე - მიხეილ გოგიშვილი

მოსამართლეები - დიანა ბერეკაშვილი

ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი - ნატო გოგიშვილი

 

აპელანტი - გ--- მ–--------–-ილი

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,R-- G---“, სს ,,R-- c-----“

წარმომადგენელი - თ---------- ო------ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით, გ--- მ–--------–-ილის სარჩელი შპს ,,R-- G----ის’’ და სს ,,R-- c------ის’’ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. გ--- მ–--------–-ილი ცხოვრობს ბოლნისის რაინის სოფელ ბ--–--ში, მას მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი და ეწევა სოფლის მეურნეობას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობა;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- მოწმეების შ----–- დ--–---–---–ის და ვიქტორ ა-------–---–ის ჩვენებები.

 

2.2. გ--- მ–--------–-ილს 2015 წელს ჰყავდა 60 ოჯახი ფუტკარი, 2016 წლის 1 იანვარს დარჩა 38 ოჯახი, 2017 წლის 1 იანვარს 25 ოჯახი, 2018 წლის 1 იანვარს 14 ოჯახი, ხოლო სარჩელის წარმოდგენის დროს, მას ფუტკრის ოჯახები აღარ ჰყავდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება, მოწმეების შ----–- დ--–---–---–ის, ვიქტორ ა-------–---–ის, რ----- თ----------–--ის ჩვენებები;

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.3. სასამართლომ დაადგინა, რომ გ--- მ–--------–-ილის ფუტკრის ოჯახების თანდათანობით დაკნინება-დანელების გამო მოპასუხე შპს ,,R-- G----ის’’ და სს ,,R-- c------ის’’ არ უნდა დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება. მოპასუხე კომპანიათა ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო, ამასთან, მითითებული კომპანიები არ არიან ბრალეულნი ზიანის დადგომაში და არ დადგინდა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს, - გ--- მ–--------–-ილისთვის დამდგარ ზიანს შორის.

 

სასამართლომ განმარტა, რომ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის განხილვისას მტკიცების ტვირთის ზოგადი წესიდან გამონაკლისის დადგენას არც პროცესუალური კანონმდებლობა და არც სამოსამართლო პრაქტიკა არ იცნობს. დელიქტური ვალდებულების სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, მტკიცებულებათა წარდგენა უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელიც ამტკიცებს, რომ მოპასუხე მხარის არამართლზომიერი ქმედების შედეგად ზიანი მიადგა, ხოლო მოპასუხეს საკუთარი მტკიცების ფარგლებში ევალება, რომ მოახდინოს იმგვარი უარყოფა რომელიც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის სავალდებულო წინაპირობებს.

 

სასამართლომ განმარტებით, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის ჩვეულებრივი წარმოებისაგან.

 

სასამართლოს განმარტებით, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო ამავე კოდექსის 30917 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლი ადგენს დელიქტით მიყენებული ზიანის თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვის წესს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. „საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, მართლწინააღმდეგობის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული იმ ფაქტზე, თუ რამდენად აცნობიერებდა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას.

 

სასამართლო უთითებს, რომ დელიქტური ვალდებულების პირველი კომპონენტია ზიანი, მოსარჩელე უთითებს, რომ 2015 წელს მას ჰყავდა 60 ოჯახი ფუტკარი, რომლიც მისი ოჯახის საზრდოს წარმოადგენდა, 2016 წლის 1 იანვარს დარჩა 38 ოჯახი, 2017 წლის 1 იანვარს 25 ოჯახი, 2018 წლის 1 იანვარს 14 ოჯახი, ხოლო სარჩელის წარმოდგენის დროს, მას ფუტკრის არცერთი ოჯახი არ ჰყავდა და მხოლოდ ცარიელი ყუთები დარჩა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ინდ. მეწარმე რ----– ბ------–---–ის მიერ 21.02.2019 წელს გაცემული ცნობის მიხედვით, მის მაღაზიაში (მდ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. 142ა) იყიდება თაფლის სანთელი კილოგრამი 25 ლარი, თაფლი საშუალო ფასით კილოგრამი 20 ლარი, დინდგელი კილოგრამი 100 ლარი, ფუტკრის ნაყარი 100 ლარი, ოთხჩარჩოიანი პაკეტი - 130 ლარი. წარმოდგენილი კალკულაციით კი ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილია: სკების ოჯახების ღირებულების სახით 23,550 ლარი (60 ოჯახი X ერთი ოჯახის საშუალო შეწონილ ღირებულებაზე 392,5 ლარი) და მიუღებელი შემოსავლის 3 წელზე გაანგარიშებით 108,000 ლარი (თითო ოჯახიდან წლის მანძილზე მისაღები 24,5 კგ. თაფლი X 1 კგ-ს ღირებულებაზე 20 ლარი=490 ლარი, ერთი ბუნებრივი ნაყარის 75 ლარი, პლუს 100 გრ. დინდგელის 10 ლ, პლუს 1 კგ. სანთლის 25 ლარი, სულ 600 ლარი X 60 ოჯახზე X 3 წელზე), სულ 131,550 ლარი.

 

მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ თავად გ--- მ–--------–-ილის განმარტებით, იგი ფუტკრის პროდუქტების რეალიზაციას არ ეწეოდა. რაც შეეხება წარმოდგენილ ცნობას, მასში არ არის მითითება მასზედ, რომ ინდ. მეწარმე რ----– ბ------–---–ი მითითებული ფასებით ახდენდა გ--- მ–--------–-ილისგან პროდუქციის შესყიდვა-რეალიზებას. ამასთან, მითითებული ცნობა არ შეიცავს ინფორმაციას, 2015-2018 წლებში თაფლის, დინდგელის, ფუტკრის ნაყარის და ოთხჩარჩოიანი პაკეტის ღირებულების შესახებ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინდ. მეწარმე რ----– ბ------–---–ის საქმიანობის სფერო მოიცავს სპეციალიზებულ მაღაზიებში ყვავილებით, მცენარეებით, თესლით, სასუქებით, შინაური ცხოველებით და შინაური ცხოველების საკვებით საცალო ვაჭრობას.

 

სასმართლოს მტკიცებით, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო მოქმედება რა ნორმათა დარღვევაში გამოიხატა სარჩელში არ არის მითითებული, სარჩელში აღნიშნულია, რომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მოპასუხეთა კომპანიათა საქმიანობის შედეგად გარემომ განიცადა ზიანი. სასამართლო მართლწინააღმდეგობას ვერ დაადგენს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მწვანე პოლიტიკის სამეცნიერო კვლევითი პლატფორმის მიერ განხორციელებულ პროექტში არის შეფასება მასზე, რომ მოპასუხე კომპანიათა საქმიანობით 2013-214 წლებში 30 მილიონზე მეტი ზარალი მიადგა გარემოს. სამართლებრივი დანაწესის დარღვევის დამდგენი ორგანიზაცია არ არის მწვანე პოლიტიკის სამეცნიერო კვლევითი პლატფორმა, შესაბამისად, მოპასუხე კომპანიათა ქმედების მართლწინააღმდეგობა ამ კვლევით ვერ დადგინდება. ასევე, ზემორე პუნქტებში აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პრეიუდიციად ვერ იქნება მიჩნეული საგაზეთო სტატია სადაც კომპანიის დირექტორი გარემოს დაცვის საკითხებში ადასტურებს, რომ გარემოზე ზემოქმედების შემცირება კომპანიის გაცხადებული პრიორიტეტია. რაც შეეხება ამონარიდს საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშიდან, სახალხო დამცველი შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში უნდა მიეთითოს იმ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან თანამდებობის პირის, ... ან მეწარმე სუბიექტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც არღვევდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არ ითვალისწინებდა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ამ უფლებათა აღდგენის ღონისძიებების შესახებ. მართალია, მოცემულ ამონარიდში აღნიშნულია, რომ პრობლემური იყო საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების გავლენა ბუნებრივ გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, თუმცა, წარმოდგენილი ამონარიდი ასევე ვერ აქცევს მოპასუხე კომპანიათა საქმიანობას მართლსაწინააღმდეგოდ, რადგან სახელდებით, თუ რომელი სუბიექტის მიერ, რა სახის კანონის დარღვევაზეა საუბარი ამ ამონარიდიდან არ ირკვევა, ხოლო მისი უფრო ვრცელი ვერსია, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მიღება, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. საგულისხმოა ისიც, რომ თავად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე რ----- თ----------–--ე, მწუხარებით აღნიშნავდა, რომ დღესდღეობით საქართველოში არ მოქმედებს კანონი მეფუტკრეობის შესახებ, რომელიც შესაბამის საწარმოებს დააკისრებდა ვალდებულებას თავიანთი საქმიანობა ეწარმოებინათ იმგვარად, რომ გამორიცხული ყოფილიყო მეფუტკრეობისთვის ზიანის მიყენება და შეიქმნებოდა სპეციალური რეგულაციები, რომელიც დაავალდებულებდა კერძო სამართლის სუბიექტებს ისეთი სახის პრევენციული ღონისძიებების გატარებას, რომელიც მომავალში ზიანის მიყენებას აარიდებდა როგორც გარემოს, ასევე სხვა სუბიექტებს.

 

სასამართლოს მითითებით, ქმედების მართლწინააღმდეგობასთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ მოპასუხე კომპანიების საქმიანობის არეალი მკაცრად შემოსაზღვრულია მათზე გაცემული ლიცენზიების მიწისა და სამთო მინაკუთვნის ფარგლებით და ამ არეალში წიაღისეულის მოპოვების უფლება შესაბამისი ლიცენზიების საფუძველზე სახელმწიფოსაგან აქვთ მინიჭებული. სასამართლო იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ წიაღით სარგებლობა მართლზომიერი საქმიანობაა. წიაღით სარგებლობისას ლიცენზიანტი არც მოსარჩელისა და არც სხვის კერძო საკუთრებაში შეჭრილა. სალიცენზიო ტერიტორია არ მოიცავს სოფელ ბ--–--ს. საყდრისის საბადოს დამუშავების უფლება შპს „R-- G----ს“ გააჩნია ორი მოქმედი ლიცენზიის საფუძველზე. პირველია საყდრისის საბადოს შესწავლა-მოპოვების ლიცენზია N10, რომლის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2020 წლის 1 იანვრამდე. სს „R-- c------“ რომლის პირვანდელი სახელწოდება სს „მ--------–ია“, ფლობს მ--------–ის საბადოს დამუშავების ლიცენზიას, რომელიც მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის სხვა მხარეს, დაახლოებით 4 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს. საყდრისის საბადოზე მოსამზადებელი და გადახსნითი სამუშაოები, დაწყებულ იქნა 2008 წლიდან, უშუალოდ მადნის მოპოვება კი საბადოს „კვირაცხოვლის“ უბნიდან დაიწყო 2010 წელს. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული მოსარჩელეს პრეტენზიები მეფუტკრეობის ხელშეშლასთან დაკავშირებით არ ჰქონია.

 

ამასთან, როგორც სასამართლომ ზემო პუნქტებში აღნიშნა, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 მაისის განჩინება, რომლითაც შეჩერდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის სრულიად სხვა - 13.03.2014წ. N01/01/-1227 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც საყდრისის საბადოზე სამუშაოების განახლების სამართლებრივი საფუძველი არც ყოფილა. საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბანზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი გაუქმდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენ. დირექტორის 12.12.2014 წ. N03/266 და N2/271 ბრძანებების საფუძველზე. ამასთან, სააგენტოს 12.12.2014წ. N12/09/1885 ადმინისტრაციული აქტით კომპანიას მიეცა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის აღების (დაშლის) ნებართვა, რის საფუძველზედაც კომპანიამ საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის დამუშავება დაიწყო 2014 წლის 13 დეკემბრიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 და 30 ოქტომბრის განჩინებებით ამ საქმეზე სარჩელები განუხილველად იქნა დატოვებული. შესაბამისად, შპს „R-- G----ის“ მიერ საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის დამუშავების არამართლზომიერების დამადასტურებელი გადაწყვეტილება საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სასამართლოს განმარტებით, შემდეგ შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს ბრალეულობის საკითხის გარკვევა. რადგან დელიქტური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი კომპონენტი ბრალია, ხოლო მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით. პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს რ----- თ----------–--ის ჩვენებასა და მის მიერ გაცემულ დოკუმენტზე, სადაც იგი ფუტკრის გადაშენების გამოკვეთილ ფაქტორებს ასახელებს: 1. თაფლოვანი, ნექტრის მომცემ მცენარეთა მიერ გამოყოფილი არომატის (ყვავილობის) გაქრობა, მომწამვლელი ციანიდური ხსნარებით და აგრეთვე აფეთქებით, (ჰაერში გამოფრქვეული დამწვარი დენთის კვამლი, გაზი) CO-ს სუნით გაჯერებული ჰაერის გამო. 2. მძიმეწონიანი გადამზიდი მანქანების და მადნის სამსხვრევ დამქუცმაცებელი დანადგარების (დრაბილკის) მეშვეობით გამოწვეული ხმაური და მტვერი. 3. ქარის მეშვეობით ათობით კილომეტრის მანძილზე რადიუსით გადატანილი ციანიდური და კვარციტული მადნების მტვრით (ტყვიის და სხვა მომწამვლელი ნივთიერებების შემცველი) წყლის, მიწის და ჰაერის გაჯერება. 4. მდინარე მაშავერას გასწვრივ რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მთების გადათხრასთან ერთად, ტყისა და მინდვრის მცენარეების და ყვავილოვანი თაფლის მომცემი ბალახის განადგურება - ფუტკრის საკვები ბაზის მოსპობა. საგულისხმოა ისიც, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა რ----- თ----------–--ემ უარყო მის მიერ გაცემულ დოკუმენტში პირველ პუნქტად დაფიქსირებული ფუტკრის გადაშენების ერთ-ერთ ფაქტორად მითითებული მომწამვლელ ციანიდური ხსნარებით და აგრეთვე აფეთქებით, (ჰაერში გამოფრქვეული დამწვარი დენთის კვამლი, გაზი) CO-ს სუნით გაჯერებული ჰაერის გამო, თაფლოვანი, ნექტრის მომცემ მცენარეთა მიერ გამოყოფილი არომატის (ყვავილობის) გაქრობის ფაქტის ადგილზე ვიზუალური ხილვის/შესწავლის ფაქტი, რაც შეეხება სხვა დანარჩენ 3 ფაქტორს, მან მიუთითა, რომ მას შემდეგ რაც მის მიერ შექმნილ მეფუტკრეთა კავშირის წევრმა გ--- მ–--------–-ილმა აცნობა მისი ფუტკრის დანელების შესახებ, მან შეისწავლა ეს საკითხი პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და გასცა დასახელებული დოკუმენტი.

 

სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გ--- მ–--------–-ილისთვის დახმარების სახით 300 ლარიანის დახმარების გაცემის მნიშვნელობას მოცემულ დავასთან, სასამართლოს შეხედულებით კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პირისთვის დახმარების გაწევის ფაქტი, არ შეუქმნა სასამართლოს რწმენა, დახმარების მოთხოვნის შესახებ განცხადებაში ზიანის მიმყენებელი სუბიექტის, ერთმნიშვნელოვნად ზიანის მიმყენებელ პირად მიჩნევის შესახებ, რადგან მოპასუხე კომპანიები წარმოადგენენ კერძო სამართლის სუბიექტებს, ხოლო კერძო სამართლის სუბიექტის მიერ ფიზიკური პირისთვის ზიანის მიყენების გამო მატერიალურად პასუხისმგებელ პირად სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს მიჩნევა გაუმართლებელია, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ამ ორ სუბიექტს შორის არავითარი კავშირი სახეზე არ არის.

 

მოწმე რ----- თ----------–--ის მიერ ასევე გაცხადებულ იქნა, რომ ფუტკრის ისეთი გავრცელებული დაავადებები, როგორიცაა ფუტკრის ტკიპა ვაროატოზი, რომელიც მისი განმარტებით თვალითაც ჩანს საფუტკრეში და ლაბორატორიულ გამოკვლევასაც არ საჭიროებს, ასევე ამერიკული და ევროპული სიდამპლეები, რომლებსაც ასევე ვიზუალურად არ ახლდა დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკა, გამოირიცხა და მივიდა დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო ფუტკრის საკვები ბაზის განადგურებით და იმ მძიმე მეტალების ზემოქმედებით, რაც ამ ტერიტორიაზე ისედაც თვალნათლივ ჩანდა. მისივე ჩვენებით, როდესაც მოსარჩელე მასთან მივიდა, მას ფაქტობრივად განადგურებული ყავდა ფუტკარი, ამდენად, ინფექციური ან ინვაზიური დაავადების არ არსებობის შესახებ მან დაასკვნა იმ პირობებში რომ ფუტკრების ვიზუალური დათვალიერება ვერ მოახდინა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური საშუალებები, ასევე ჰერბიციდები და სხვადასხვა სახის პესტიციდები მსოფლიოს მასშტაბით ასევე ფუტკრის განადგურების მიზეზია. მისი მტკიცებით, ფუტკრის შემცირებისა და გადაშენების პრობლემა მწვავედ დგას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მეცნიერება დღესაც იკვლევს ამ პროცესს.

 

მოწმემ აღნიშნა, რომ ვინაიდან გ--- მ–--------–-ილის ფუტკრის თანდათანობით დაკნინება დანელების პროცესი რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მას შეეძლო ადრეულად მიეღო ზომები ამის წინააღმდეგ, თუმცა, ვინაიდან მოსარჩელე ეწეოდა ფუტკრის სტაციონარულ მოვლას და მომთაბარეობას არ მიმართავდა, ამანც შეუწყო ხელი საბოლოო შედეგის დადგომას, რადგან მომთაბარეობის შემთხვევაში თუკი მოხდებოდა ფუტკრის ტერიტორიიდან გაყვანა აცილებულ იქნებოდა საბოლოო ნეგატიური შედეგი.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა არაერთი მოწმე რომელნიც სოფელ ბ--–--ში ამჟამადაც მეფუტკრეობით არიან დაკავებულნი. მათი განმარტებით ისინი მეფუტკრეობას ეწევიან როგორც მთაბარობით, ისე სტაციონარულად. მოწმე შაქრო შაქარაშვილის განმარტებით მას ჰყავს სამი ძირი ფუტკარი, რომელთა მოვლაში ახლობლები ეხმარებიან. მისი მტკიცებით, ვინაიდან, გაზაფხულის პერიოდში მიზანშეწონილია ფუტკრების გაყვანა, მისი ფუტკრები გაყვანილი ჰყავს რუსთავში. გარდა ამ ფაქტობრივი გარემოებისა, მოწმეებმა ასევე მიუთითეს, რომ მათ ფუტკარს ხშირად ემართებათ ფუტკრის ტკიპა ე.წ. ვაროატოზი, რომელსაც კურნავენ შესაბამისი პრეპარატებით. მევლუდ შაქარაშვილის მტკიცებით, მისი ფუტკრის ოჯახებზე გასულ წელს მოხდა დაცემა (მშიერი ფუტკრების მიერ ფუტკრის სხვა ოჯახების საკვები ბაზის განადგურება), რის გამოც ფუტკრის ორი ოჯახი დაეხოცა. მისი მტკიცებით, ფუტკრის ოჯახების განადგურების ძირითადი მიზეზი არის დაცემა და ტკიპა. მოწმე დ----- ხ--–-–---–ის ჩვენებით, იგი 20 წელია მეფუტკრეობას მისდევს. 3-4 წლის წინ მას სრულად გაუნადგურდა ფუტკრის ოჯახები, რადგან გარკვეული პერიოდი თავის საცხოვრებელ ადგილას არ იმყოფებოდა, ხოლო მეუღლემ მათი მოვლა ვერ შეძლო. მოწმე ვ-–-------- კ------–-–---–მა განმარტა, რომ გასულ ზამთარს ფუტკრის ერთი ძირი გაუნადგურდა საკუთარი დაუდევრობით, რადგან მათ საკმარისი ოდენობის საკვები არ დაუტოვა. ზამთარში, მცენარეული საფარის შემცირების და ყვავილოვან მცენარეთა არ არსებობის გამო, ფუტკარს საკვებად უტოვებენ შაქრის სიროფს, რათა შიმშილმა ფუტკარი არ გაანადგუროს. სწორედ ეს შედეგი დაუდგა მას, რადგან საკმარისი ოდენობის საკვებით არ მოამარაგა ფუტკარი. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ როგორც წესი, ფუტკარი მუდამ ავადობს ტკიპით და გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხდება მათი შეწამვლა.

 

საგულისხმოა ისიც, რომ სოფელ ბ--–--ში მეფუტკრეობას სტაციონარული წესით დღესაც ეწევიან მოწმეები ვ-–-------- კ------–-–---–ი, დ----- ხ--–-–---–ი, ასევე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის შ----–- დ--–---–---–ის მიერ ხსენებული პირი ნ------- მ--–---–---–ი, შესაბამისად, მთაბარობის გარეშე მეფუტკრეობა სოფელ ბ--–--ში დღესაც შესაძლებელია.

 

ქმედებასა და შედეგს შორის არსებული მიზეზობრივ კავშირის კვლევის ნაწილში სასამართლომ მიუთითა, რ----- თ----------–--ის მიერ გაცემულ დოკუმენტზე, სადაც იგი ფუტკრის გადაშენების გამოკვეთილ ფაქტორებად ასახელებდა: 1. თაფლოვანი, ნექტრის მომცემ მცენარეთა მიერ გამოყოფილი არომატის (ყვავილობის) გაქრობას, მომწამვლელ ციანიდური ხსნარებით და აგრეთვე აფეთქებით, (ჰაერში გამოფრქვეული დამწვარი დენთის კვამლი, გაზი) CO-ს სუნით გაჯერებული ჰაერის გამო. 2. მძიმეწონიანი გადამზიდი მანქანების და მადნის სამსხვრევ დამქუცმაცებელი დანადგარების (დრაბილკის) მეშვეობით გამოწვეული ხმაურსა და მტვერს. 3. ქარის მეშვეობით ათობით კილომეტრს მანძილზე რადიუსით გადატანილ ციანიდური და კვარციტული მადნების მტვრით (ტყვიის და სხვა მომწამვლელი ნივთიერებების შემცველი) წყლის, მიწის და ჰაერის გაჯერებას. 4. მდინარე მაშავერას გასწვრივ რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მთების გადათხრასთან ერთად, ტყისა და მინდვრის მცენარეების და ყვავილოვანი თაფლის მომცემი ბალახის განადგურებას - ფუტკრის საკვები ბაზის მოსპობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ რ----- თ----------–--ის ჩვენებით 2015-2018 წლებში - ფუტკრის ოჯახთა თანდათანობით დაკნინება-დანელების პროცესი ინტოქსიკაციის პირობებში მისაღებია, ისე, რომ მეფუტკრემ შეიძლება არც იცოდეს მიზეზი, ვინაიდან, ეს შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო საკვები ბაზის უკმარისობით ან ინტოქსიკაციით. მან სოფელ ბ--–--ში და მიმდებარე ტერიტორიაზე, მცენარეული საფარის მტვრით და ყვავილის ნექტარის მძიმე მეტალებითა და ტოქსინებით დაბინძურების ფაქტი დაასკვნა ვიზუალური დათვალიერების გარეშე, პრესით გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები მას არ ჩაუტარებია. მისივე განმარტებით, ლაბორატორიულად ამის შემოწმება დღესდღეობით შესაძლებელია, თუმცა ფუტკრის ან მცენარის საკვლევი ნიმუშები ნექტარის ინტოქსიკაციის ფაქტის ან მასში მძიმე მეტალების კონცენტრაციის მიზნით ლაბორატორიაში არ წარდგენილა.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარის მითითებით ზიანის გამომწვევ მიზეზს წარმოადგენდა მომწამვლელი ციანიდური ხსნარებით და აგრეთვე აფეთქებით, CO-ს სუნით გაჯერებული დაბინძურებული ჰაერი; მძიმეწონიანი გადამზიდი მანქანების და მადნის სამსხვრევ დამქუცმაცებელი დანადგარების (დრაბილკის) მეშვეობით გამოწვეული ხმაური და მტვერი; ქარის მეშვეობით ათობით კილომეტრის მანძილზე რადიუსით გადატანილი ციანიდური და კვარციტული მადნების მტვერით წყლის, მიწის და ჰაერის გაჯერება. ამ ნაწილში მოსარჩელემ ამ ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცება განახორციელა, რ----- თ----------–--ის მიერ გაცემული ცნობის, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის“ მიერ შედგენილი კვლევის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ს-------–-------------------–---ის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის - „მ–-------–-----------ის“ მიერ მომზადებული ინფორმაციის წარმოდგენით, ხოლო აღნიშნულის საპირწონედ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ იქნა 03.04.2014წ. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ანგარიშის მიხედვით ობიექტის ექსპლუატაციის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული არცერთი მავნე ნივთიერების კონცენტრაცია არ აჭარბებს ნორმით დადგენილ მის დასაშვებ მნიშვნელობას საწარმოდან დაშორებული 500 მეტრი რადიუსის მანძილზე, ამიტომ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მიღებული რაოდენობები კვალიფიცირდება როგორც ზღვრულად დასაშვები გაფრქვევები. ამასთან, კომპანიის მიერ მოპოვებული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძვლად გარემოს დაცვის სამინისტროში წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშით განსაზღვრულია გარემოს მონიტორინგის პროგრამა, რომლის მიხედვით კომპანია ახორციელებს გარემოს შემადგენელი ელემენტების და მათ შორის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს, გზშ-ით განსაზღვრული პერიოდულობის მიხედვით. მონიტორინგი მიმდინარეობს საწარმოო ტერიტორიაზე, დადგენილი 500 მეტრის რადიუსში და ასევე ამ რადიუსის მიღმაც, უახლოესი დასახლებული პუნქტის (სოფ. ბ--–--ის) ტერიტორიაზეც. კომპანიის მიერ 2018 წლის მაგალითზე განხორციელებული პერიოდული გაზომვების მიხედვით ციანწყალბადმჟავის, ნახშირჟანგის, აზოტის ოქსიდების კონცეტრაცია სოფ. ბ--–--ის უახლოესი მოსახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთოდ არ ფიქსირდება, ხოლო, რაც შეეხება, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის კონცენტრაციასა და ხმაურის დონეს, ეს პარამეტრებიც სოფ. ბ--–--ის უახლოესი მობინადრის მიმდებარედ ნორმის ფარგლებშია.

 

მოსარჩელე მხარე მუდმივად აპელირებდა, რომ გარემოს შემადგენელი ელემენტების და მათ შორის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს თავად მოპასუხე კომპანია აწარმოებდა და მათი კვლევები არ შეიძლება სანდოდ მიეჩნია სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მოსარჩელის ვარაუდს, რომ სოფელ ბ--–--ში ჰაერი იმგვარად არის დაბინძურებული რომ არა მხოლოდ ფუტკარს, არამედ ადამიანსაც კი არ ძალუძს ცხოვრება, აბათილებს სოფელ ბ--–--ის მკვიდრ, მოწმეთა ჩვენებებით, რომელნიც სასამართლოს აწვდიან ინფორმაციას მათი საქმიანობის შესახებ რაც დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებასთან, მათ შორისაა მოწმე ხ---- გ-------–---–ის ჩვენება, რომელიც არა მხოლოდ მეფუტკრეობით, არამედ ასევე მეცხოველეობით არის დაკავებული, წარმოადგენს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრს და ადგილობრივად, მუდმივად საკუთარი საქმიანობის გაფართოების და გამრავალფეროვნების პროცესშია. ამასთან, სასამართლოს მსგავსი სახის ინფორმაცია მიაწოდა ასევე მოწმის სახით დაკითხულმა, იმავე სოფლის არაერთმა მკვიდრმა, რომელნიც დღესდღეობით მეფუტკრეობასთან ერთად, სოფლის მეურნეობის სხვა სახის პროდუქციის წარმოებითაც არიან დაკავებულნი და ის ფაქტი, რომ მათი ნაწილი ასევე პარალელურად საქმიანობს მოპასუხე კომპანიებში, ლეგიტიმაციის ვერ ართმევს მათ ჩვენებებს.

 

მიზეზობრივი კავშირის კონტექსტშიც საჭიროა აღინიშნოს, რომ სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის 20.03.2019წ. N07/264 წერილის თანახმად ფუტკრის ოჯახების დანელება-დაკნინების და დაღუპვის მიზეზი ვაროატოზთან ერთად შეიძლება იყოს ნოზემატოზიც, სხვადასხვა ბაქტერიოლოგიური ინფექციები და სხვა. იმავე ლაბორატორიის 13.03.2019წ. N07/230 წერილის თანახმად კი დაავადებათა დიაგნოსტიკის დეპარტამენტი იკვლევს ფუტკრის სხვა ისეთ ბაქტერიოლოგიურ დაავადებებს, როგორიცაა სალმონელოზი, ჰემორაგიული სეპტიცემია, პასტერელოზი, ასევე პარაზიტოლოგიური დაავადებები: ბრ----–ოზი, აკარაპიდოზი, ამებიოზი და სხვა. ამდენად სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის 20.03.2019წ. N07/264 წერილი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ვაროატოზი შეიძლება იყოს ფუტკრის დაკნინება-დანელების და დაღუპვის მიზეზიც. საგულისხმოა ისიც, რომ თავად მოსარჩელე გ. მ–--------–-ილის მიერ იქნა თქმული, რომ ვაროას ტკიპა მუდმივად არის ფუტკარში, რასაც ვერ მოსპობ და მუდმივად ხდება ამ პარაზიტისგან ფუტკრის განკურნება. ასევე მოწმე შ. დ--–---–---–ის ჩვენებით, ის სისტემატურად წამლობდა ფუტკარს ტკიპას გამო, ასევე, მოწმე ვ. კ------–-–---–იც ადასტურებს, რომ ბ--–--ში ფუტკრის გავრცელებული დაავადებაა ვაროატოზი. მის ფუტკარსაც ჰყოლია და ყველას ფუტკარს აქვს ეს დაავადება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ლიცენზია N10 (სერია 53, ლიცენზიის ტიპი VI ABC);

- სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს 30.10.2012წ. N13/544 ბრძანება;

- საქართველოს მთავრობის 04.04.2014წ. N593 განკარგულება;

- საქართველოს მთავრობის 30.12.2014წ. N2597 განკარგულება და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 31.12.2014წ. N478/ს ბრძანება;

- სასარგებლო წიაღის მოპოვების ლიცენზია N1002122;

- სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 25.11.2014წ. N167/ს ბრძანება;

- ტოპოგრაფიული რუქა;

- მოწმეების რ----- თ----------–--ის, ვ-–-------- კ------–-–---–ის, დ----- ხ--–-–---–ის, შაქრო შაქარაშვილის, ამირან გოგოლიძის, მევლუდ შაქარაშვილის, ხ---- გ-------–---–ის, შ----–- დ--–---–---–ის, ვიქტორ ა-------–---–ის ჩვენებები;

- 03.04.2014წ. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა;

- ამონარიდი გზშ-დან;

- რუქაზე გამოსახული ატმოსფერული ჰაერის ინსტრუმენტული გაზომვის უბნები;

- მავნე ნივთიერებების, მტვრისა და ხმაურის გაზომვის აქტები;

- სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის 20.03.2019წ. 07/264 წერილი;

- სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 მარტის N21/712 წერილი.

- სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 26.03.2019წ. N09/2057 წერილი;

- ინდ. მეწარმე რ----– ბ------–---–ის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი და 2017-2018 წლების ამონაწერები ეკონომიკური საქმიანობის რეესტრიდან;

- არასამთავრობო ორგანიზაციის - „მ–-------–-----------ის“ მიერ მომზადებული ინფორმაცია;

- არასამთავრობო ორგანიზაციის - „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის“ ანალიზი;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 მაისის და 2017 წლის 2 და 30 ოქტომბრის განჩინებები;

- გ--- მ–--------–-ილის 01.10.2018 წლის განცხადება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.10. სასამართლომ მიუთითა, რომ სამართლებრივი შეფასებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-104-ე მუხლებით, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 992-ე მუხლები.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

სასამრთლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის თანხმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამრთლოს განმარტებით, ვალდებულების დარღვევა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, რომელიც იურიდიული პასუხისმგებლობის სახეა. სამოქალაქო- სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმათაგან ზიანის ანაზღაურებას აქვს უნივერსალური მნიშვნელობა და გამოიყენება სამოქალაქო უფლებათა დარღვევის ყველა შემთხვევაში, მაშინ როცა სხვა ფორმების გამოყენებაზე პირდაპირ უთითებს კანონი ან ხელშეკრულება კონკრეტული სამართალდარღვევისას. იმისთვის რომ პირს დაეკისროს მატერიალური პასუხისმგებლობა საჭიროა რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. როგორც ზემორე პუნქტებში აღინიშნა, დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძველია სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი, დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და სამართალდამრღვევის ბრალი.

 

სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რა მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი დელიქტურ ვალდებულებებთან დაკავშირებით, აღინიშნა, რომ როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს მოსარჩელეს.

 

სასამართლოს განმარტებით, პირს (მოცემულ შემთხვევაში - შპს ,,R-- G----ს’’ და სს ,,R-- c------ს’’) ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ ერთდროულად არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ: 1. არსებობს ზიანი; 2. ზიანი მიყენებულია მოცემული პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით; 3. ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი; 4. ზიანის მიყენებაში ბრალი მიუძღვის მოცემულ პირს, როგორც ზიანის მიმყენებელს. აღნიშნული პირობებიდან: დადგენილია ზიანი, თუმცა ვერ დადგინდა კონკრეტულად მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვერ დადგინდა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის რომელიმე (მართლსაწინააღმდეგო) ქმედებასა და გ--- მ–--------–-ილისთვის მიყენებულ ზიანს შორის, ვერ დადგინდა მოპასუხის ბრალი. მოპასუხემ დაამტკიცა, დამდგარ ზიანში მისი ბრალის არ არსებობა.

 

სასამართლო განმარტებით, რომ მოცემული სადაო საკითხი არის სპეციფიკური, სპეციალურ ცოდნაზე დამყარებული და ამ საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია სწორედ გარკვეული სახის მტკიცებულებები, რომლებიც უნდა ემყარებოდეს ფუტკრის თანდანთანობით განადგურების მიზეზების თაობაზე სპეციალურ ლაბორატორიულ გამოკვლევებს და ასეთი სახის მტკიცებულები უნდა წარმოადგინონ თავად მხარეებმა.

 

შპს ,,R-- G----ს’’ და სს ,,R-- c------ი’' ის საქმიანობას და მოსარჩელის ქონებრივი ინტერესის მიმართ დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის დადგენისას სასამართლო სარგებლობს „რომ არა“ ტესტით. conditio sine qua non - ძირითადი, შეუცვლელი პირობა, მოქმედება, შემადგენელი ნაწილი რომლის გარეშეც რაღაც არ მოხდებოდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ის გარემოებები, რაზეც ამყარებდა თავის სარჩელს, სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ ფუტკრის ნელ-ნელა დაკნინება-დანელების პროცესი გამოწვეული იყო მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებებით, სს „R-- c-----ი-ს“ შემასქელებელი რეზერვუარიდან მჟავე კარიერული წყლის მდ. კაზრეთულაში ჩაღვრით გარემოსთვის 1 078 188 ლარის ზიანის მიყენების შესახებ, სასამართლოსთვის შესაბამისი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა, დასახელებულ იქნა ფუტკრის თანდათანობით დაკნინება-დანელების არაერთი მიზეზი, რომელთა შორის შესაძლოა ყოფილიყო როგორც ბაქტერიული, ასევე ინფექციური დაავადებები, ასევე, ნიადაგის პესტიციდებით და ჰერბიციდებით დამუშავება. მოსარჩელის მიერ, უტყუარი, მყარი და სათანადო მტკიცებულება, რომელიც ფუტკრის დაკნინება-დანელების ერთადერთ მიზეზად შპს ,,R-- G----ის’’ და სს ,,R-- c------ის’’ მართლსაწინააღმდეგო საქმიანობა გახდებოდა, ხოლო, მოპასუხედ ცნობილმა შპს ,,R-- G----მა’’ და სს ,,R-- c------მა’’ დაუსაბუთა სასამართლოს დამდგარი ზიანში მისი ბრალის არარსებობა, რამაც განაპირობა გ--- მ–--------–-ილისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მტკიცებით, სოფელ ბ--–--ში რაიმე სახის ფუტკრის დაავადება არ არსებობდა და, ვინაიდან, საჭიროება არ არსებობდა მას არ მიუმართავს სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის ამის თაობაზე, შესაბამისად, აღნიშნული სააგენტოს მიერ მოყვანილი მსჯელობა მის 26.03.2019წ. პასუხში გარემოს პესტიციდებით შესაძლო დაბინძურებასა და ფუტკრების სხვადასხვა დაავადებების თაობაზე არის სრულიად გაუგებარი, წარმოადგენს ერთგვარ ხრიკს რომ ფუტკრების დაღუპვის მიზეზად სწორედ ეს გარემოებები იქნას აღიარებული სათანადო კვლევების ჩატარების გარეშე.

 

აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის პასუხში აღნიშნულია, რომ ფუტკრის თანდათანობით კვერცხმდებლობის შემცირებით განადგურების შესახებ ექსპერტიზის ჩატარება მის კომპეტენციაში არ შედის. ამასთან, აპელანტის მოთხოვნის მიუხედავად არ შეიცავს მითითებას თუ ვისი კომპეტენციაა ამ კვლევის ჩატარება.

 

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს სურსათის ეროვნული სააგენტოს 26.03.2019წ. პასუხზე და მასში მოყვანილ არგუმენტებს, თუ რა შეიძლება გახდეს ფუტკრის დაღუპვის მიზეზი, რომ ეს პროცესები განვითარდა სწორედ სოფელ ბ--–--ში, მიიჩნევს არამართებულად. კერძოდ, ზოოჰიგიენური ნორმების დარღვევა, ასევე, ყურადღება გამახვილებულია დაღუპული ფუტკრების ოჯახების რაოდენობაზე. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გაიზიარა ამ პასუხში მოყვანილი მსჯელობები, თუნდაც ფუტკრების შესაძლო დაავადებებზე, რამაც საბოლოოდ არასწორ დასკვნამდე მიიყვანა.

 

აპელანტის მტკიცებით 2015-2018 წლებში გარემოს დაბინძურების შედეგად სოფელ ბლიჭში განადგურდა ფუტკრის 420 ოჯახი, რაც დასტურდება მოწმეთა ჩვენებით და ხელმოწერებით - იხ. 08.11.2018წ.-სა და 28.02.2019წ. აქტები.

 

აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა, რომ დავალებოდა მოპასუხე მხარეებს წარმოედგინათ დასკვნა ყოველდღიური მონიტორინგის შესახებ მათი საქმიანობის შედეგად ჰაერის, წყლისა და მიწის დაბინძურების განსასაზღვრად.

 

აპელანტის მტკიცებით, მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებიდან გამოაშკარავდა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელი იყო სარჩელის დასაკმაყოფილებლად. კერძოდ, ყველა მოწმემ აღიარა, რომ ფუტკარს ინტენსიურად კვებავდნენ შაქრით, რაც იმის მაჩვენებლია, რომ ფუტკარი ძირითადად სკაში მუშაობდა. ასე ფუტკარი ზამთარში იკვებება. აღნიშნული კი მაჩვენებელია იმისა, რომ დაბინძურებულ გარემოში ის ინტენსიურად აღარ მუშაობდა და ასე ცდილობდა გადარჩენას.

 

აპელანტის მტკიცებით, მოწმეებმა მევლუდ შაქარაშვილმა და შოთა კ------–-–---–მა იცრუეს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთების ოდენობასა და მათ დამუშავებაზე. ხოლო, მოწმე ხ---- გ-------–---–მა განცხადა, რომ მას ფუტკრის 37 ოჯახი გაუნადგურდა 2018 წელს მისივე ბრალით, რაც ასევე სიცრუეა. ხოლო, გარემოს დაბინძურების გამო ხ---- გ-------–---–ს დარჩენილი ფუტკარი ახლა რუსთავში ყავს და საკვებს პირუტყვისათვის თელეთში ყიდულობს, რადგან სოფელ ბ--–--ში აღარ იწარმოება რაიმე პროდუქცია რენტაბელურად.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე არ მოვიდა, მოწმე ზ---- ა-------–---–ი, რადგან მან ტყუილი არ იკადრა. მასაც 2019 წლამდე ჰყავდა ფუტკრის 13 ოჯახი, რომელიც მთლიანად დაუნელდა. აპელანტის მტკიცებით, ზ---- ა-------–---–ი სიმართლეს ვერ იტყოდა, რადგან მოპასუხე კომპანიის თანმშრომელია.

 

აპელანტის მტკიცებით, ასევე, ცრუობენ მოწმეები ამირან გოგოლაძე და დ----- ხ--–-–---–ი. ამირან გოგოლაძე აცხადებს, რომ თითქოს მან ფუტკრის მოვლა არ იცის და მის ორ ოჯახ ფუტკარს ხ---- გ-------–---–ი უვლის. ხოლო დ----- ხ--–-–---–მა ჯერ თქვა, რომ 16 ძირი ფუტკარი ყავს, ხოლო შემდეგ მიუთითა რომ ყველა დაეხოცა.

 

აპელანტის მტკიცებით, მოწმე ვ-–-------- კ------–-–---–ი არის მეფუტკრე და მიუხედავად ამისა 80 ოჯახი ფუტკარი დაეღუპა. მან, რადგან მოპასუხის თანამშრომელია, განაცხადა რომ 3 ძირი ფუტკარიღა ჰყავს, რომელსაც შაქრით კვებავს. ასევე მან ხელი არ მოაწერა აპელანტის მიერ შედგენილ 08.11.2018 წ.-ის აქტს რომ მას 12 ოჯახი, ხოლო მის მეზობელს ვ--–------ ტ----–---–ს 45 ოჯახი დაუნელდა, რადგან თითქოს ამის შესახებ არაფერი იცოდა.

 

აპელანტის მტკიცებით, ასევე ცრუობს მოწმე შაქრო შაქარაშვილი, რომ თურმე სამი ძირი ფუტკარი ყავს, რომელიც ხ---- გ-------–---–მა აჩუქა და თავადვე უვლის.

 

აპელანტის განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებში ნახსენებ ფუტკრის ოჯახებს თუ შვეკრებთ სულ 65 ოჯახი გამოდის, ხოლო დანელებულია 420 ოჯახი, რაც საკმაოდ დიდი ციფრია.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არამართებულად დააკავშირა ერთმანეთთან ფაქტობრივი გარემოებები, დაეყრდნო არასათანადო მტკიცებულებებს, რამაც საბოლოოდ არასწორ დასკვნამდე მიიყვანა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი; 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს ზიანი - მოსარჩელე გ--- მ–--------–-ილს გაუნადგურდა ფუტკრების 60 ოჯახი. თუმცა, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხეთა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობდა მიზეზშედეგობრივი კავშირი, რამაც გამოიწვია სწორედ დამდგარი ზიანი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა არა ერთი დოკუმენტი, კერძოდ, მიმოწერა სხვადასხვა უწყებებთან თუ ორგანიზაციებთან, მის მიერ შედგენილი აქტები და სხვა, თუმცა რაიმე სახის მტკიცებულება რაც უტყუარად დაადასტურებდა მისი პოზიციის სისწორეს წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად წიაღი სარგებლობაში გაიცემა მხოლოდ სათანადო ნებართვის საფუძველზე. ამ კანონის 31-ე მუხლის თანახმად წიაღით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ექვემდებარება წიაღით სარგებლობის კანონიერების და ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დაცვა; წიაღით სარგებლობის ნებისმიერ სტადიაში წიაღით სარგებლობის სტანდარტების, ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესრულება, იმ ღონისძიებათა სისწორე და დროულობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის უსაფრთხოებას, ბუნებრივი გარემოს, ისტორიისა და კულტურის ძეგლების, შენობებისა და ნაგებობების, მოქმედი და დაკონსერვებული სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების დაცვას წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მავნე გავლენისაგან.

 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა ხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების, გარემოზე ზემოქმედების შეფასების შემდეგ. ვიდრე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული აქტები ძალაშია და სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოების მიერ არ დაფიქსირებულა სარგებლობასთან დაკავშირებული დარღვევები, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეთა მხრიდან არამართლზომიერ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. პალატა განმარტავს, რომ ასეთ მტკიცებულებად ასევე შეიძლება განხილულიყო კომპეტენტური ორგანოს დასკვნა, რომელიც უშუალოდ შეისწავლიდა გარემოში არსებული დაბინძურების კოფიციენტის ზემოქმედებას ფუტკრის ოჯახის სიცოცხლისუნარიანობასთან მიმართებით.

 

პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ აპელანტის მიერ ზიანის გამომწვევ მიზეზად დასახელებული მოქმედებები, მომწამვლელი ციანიდური ხსნარები და აგრეთვე აფეთქებები, CO- ს სუნით გაჯერებული დაბინძურებული ჰაერი; მძიმეწონიანი გადამზიდი მანქანების და მადნის სამსხვრევ დამქუცმაცებელი დანადგარების (დრაბილკის) მეშვეობით გამოწვეული ხმაური და მტვერი; ქარის მეშვეობით ათობით კილომეტრის მანძილზე რადიუსით გადატანილი ციანიდური და კვარციტული მადნების მტვერით წყლის, მიწის და ჰაერის გაჯერება ვერ დადგინდება არასათანადო მტკიცებულებებით: რ----- თ----------–--ის მიერ გაცემული ცნობით, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის“ მიერ შედგენილი კვლევის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ს-------–-------------------–---ის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის - „მ–-------–-----------ის“ მიერ მომზადებული ინფორმაციით. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით გარემოს დაცვის სამინისტროში წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშით განსაზღვრულია გარემოს მონიტორინგის პროგრამა, რომლის თანახმად კომპანია ახორციელებს გარემოს შემადგენელი ელემენტების და მათ შორის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს განსაზღვრული პერიოდულობის მიხედვით. მონიტორინგი მიმდინარეობს საწარმოო ტერიტორიაზე, დადგენილი 500 მეტრის რადიუსში და ასევე ამ რადიუსის მიღმაც, უახლოესი დასახლებული პუნქტის (სოფ. ბ--–--ის) ტერიტორიაზეც. კომპანიის მიერ 2018 წლის მაგალითზე განხორციელებული პერიოდული გაზომვების მიხედვით ციანწყალბადმჟავის, ნახშირჟანგის, აზოტის ოქსიდების კონცეტრაცია სოფ. ბ--–--ის უახლოესი მოსახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთოდ არ ფიქსირდება, ხოლო, რაც შეეხება, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის კონცენტრაციასა და ხმაურის დონეს, ეს პარამეტრებიც სოფ. ბ--–--ის უახლოესი მობინადრის მიმდებარედ ნორმის ფარგლებშია.

 

მიზეზობრივი კავშირის კონტექსტში საჭიროა აღინიშნოს, რომ ფუტკრების დაღუპვის მიზეზი შეიძლება გახდეს სხვადასხვა ფაქტორი თუ დაავადება. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილია მსჯელობა, რომელსაც პალატა ასევე იზიარებს, კერძოდ, სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის 20.03.2019წ. N07/264 წერილის თანახმად ფუტკრის ოჯახების დანელება-დაკნინების და დაღუპვის მიზეზი ვაროატოზთან ერთად შეიძლება იყოს ნოზემატოზიც, სხვადასხვა ბაქტერიოლოგიური ინფექციები და სხვა. იმავე ლაბორატორიის 13.03.2019წ. N07/230 წერილის თანახმად კი დაავადებათა დიაგნოსტიკის დეპარტამენტი იკვლევს ფუტკრის სხვა ისეთ ბაქტერიოლოგიურ დაავადებებს, როგორიცაა სალმონელოზი, ჰემორაგიული სეპტიცემია, პასტერელოზი, ასევე პარაზიტოლოგიური დაავადებები: ბრ----–ოზი, აკარაპიდოზი, ამებიოზი და სხვა. ამდენად სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის 20.03.2019წ. N07/264 წერილი პირდაპირ მიუთითებს, რომ ვაროატოზი შეიძლება იყოს ფუტკრის დაკნინება-დანელების და დაღუპვის მიზეზიც. საგულისხმოა ისიც, რომ თავად მოსარჩელე გ. მ–--------–-ილის მიერ გამოითქვა აზრი, რომ ვაროას ტკიპა მუდმივად არის ფუტკარში, რასაც ვერ მოსპობ და მუდმივად ხდება ამ პარაზიტისგან ფუტკრის განკურნება. მოწმე შ. დ--–---–---–ის ჩვენებით, ის სისტემატურად წამლობდა ფუტკარს ტკიპას გამო, ასევე, მოწმე ვ. კ------–-–---–იც ადასტურებს, რომ ბ--–--ში ფუტკრის გავრცელებული დაავადებაა ვაროატოზი. მის ფუტკარსაც ჰყოლია და ყველას ფუტკარს აქვს ეს დაავადება.

 

ამის საპირწონედ აპელანტი აცხადებს, რომ სოფელ ბ--–--ში რაიმე სახის ფუტკრის დაავადება არ ყოფილა გავრცელებული, თუმცა რომ არ არსებობდა დაავადება ეს ფაქტიც არ არის დადგენილი. აპელანტი ცალსახად ადანაშაულებს მოწინააღმდეგე მხარეებს მისი ფუტკრების დაღუპვაში. სააპელაციო საჩივარში აპელანტი ამტკიცებს, რომ ვინაიდან, საჭიროება არ არსებობდა ფუტკრების დაავადებების არსებობის თაობაზე მას არ მიუმართავს სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის. შესაბამისად, აღნიშნული სააგენტოს მიერ მოყვანილი მსჯელობა მის 26.03.2019წ. პასუხში გარემოს პესტიციდებით შესაძლო დაბინძურებასა და ფუტკრების სხვადასხვა დაავადებების თაობაზე წარმოადგენს ერთგვარ ხრიკს რომ ფუტკრების დაღუპვის მიზეზად სწორედ ეს გარემოებები იქნას აღიარებული სათანადო კვლევების ჩატარების გარეშე.

 

აღნიშნულის თაობაზე პალატა მიუთითებს შემდეგს, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაა ის, რომ გ--- მ–--------–-ილს 2015 წელს ჰყავდა 60 ოჯახი ფუტკარი, 2016 წლის 1 იანვარს დარჩა 38 ოჯახი, 2017 წლის 1 იანვარს 25 ოჯახი, 2018 წლის 1 იანვარს 14 ოჯახი, ხოლო, სარჩელის წარმოდგენის დროს, მას ფუტკრის ოჯახები აღარ ჰყავდა. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ გ--- მ–--------–-ილს ფუტკარი ერთბაშად კი არ დაეხოცა არამედ წლიდან-წლამდე თანდათანობით დაუნელდა. გაურკვეველია რა სახის ღონისძიებებს მიმართა მოსარჩელემ ფუტკრის დაღუპვის პროცესის შესაჩერებლად, ან რატომ არ მიმართა მან კომპეტენტურ ორგანოებს ან საექსპერტო დაწესებულებებს ფუტკრის დანელების მიზეზის დასადგენად.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე, რ----- თ----------–--ე აღნიშნავდა, რომ დღესდღეობით საქართველოში არ მოქმედებს კანონი მეფუტკრეობის შესახებ, რომელიც შესაბამის საწარმოებს დააკისრებდა ვალდებულებას თავიანთი საქმიანობა ეწარმოებინათ იმგვარად, რომ გამორიცხული ყოფილიყო მეფუტკრეობისთვის ზიანის მიყენება და შეიქმნებოდა სპეციალური რეგულაციები, რომელიც დაავალდებულებდა კერძო სამართლის სუბიექტებს ისეთი სახის პრევენციული ღონისძიებების გატარებას, რომელიც მომავალში ზიანის მიყენებას აარიდებდა, როგორც გარემოს, ასევე სხვა სუბიექტებს.

 

ასევე, რ----- თ----------–--ის ჩვენებით 2015-2018 წლებში - ფუტკრის ოჯახთა თანდათანობით დაკნინება-დანელების პროცესი ინტოქსიკაციის პირობებში მისაღებია, ისე, რომ მეფუტკრემ შეიძლება არც იცოდეს მიზეზი, ვინაიდან, ეს შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო საკვები ბაზის უკმარისობით ან ინტოქსიკაციით. მან სოფელ ბ--–--ში და მიმდებარე ტერიტორიაზე, მცენარეული საფარის მტვრით და ყვავილის ნექტარის მძიმე მეტალებითა და ტოქსინებით დაბინძურების ფაქტი დაასკვნა ვიზუალური დათვალიერების გარეშე, პრესით გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები მას არ ჩაუტარებია. მისივე განმარტებით, ლაბორატორიულად ამის შემოწმება დღესდღეობით შესაძლებელია, თუმცა ფუტკრის ან მცენარის საკვლევი ნიმუშები ნექტარის ინტოქსიკაციის ფაქტის ან მასში მძიმე მეტალების კონცენტრაციის მიზნით ლაბორატორიაში არ წარდგენილა.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ის გარემოებები, რაზეც ამყარებდა თავის სარჩელს. დასახელებულ იქნა ფუტკრის თანდათანობით დაკნინება-დანელების არაერთი მიზეზი, რომელთა შორის შესაძლოა ყოფილიყო როგორც ბაქტერიული, ასევე ინფექციური დაავადებები, ასევე, ნიადაგის პესტიციდებით და ჰერბიციდებით დამუშავება. მოსარჩელის მიერ, უტყუარი, მყარი და სათანადო მტკიცებულება, რომელიც ფუტკრის დაკნინება-დანელების ერთადერთ მიზეზად შპს ,,R-- G----ის’’ და სს ,,R-- c------ის’’ საქმიანობა დადგინდებოდა ვერ იქნა წარმოდგენილი. ასეთ პირობებში მოპასუხის მარტივი შედავებაც საკმარისია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება არ იქნეს დადგენილად მიჩნეული.

 

პალატა განმარტავს, რომ დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს წინაპირობები მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა ვერც ერთი ზიანის დაკისრების მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობა.

 

ასეთ ვითარებაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების საფუძვლები არ არსებობს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 393-ე, 394-რ, 390-ე, 55-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ--- მ–--------–-ილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მიხეილ გოგიშვილი

 

მოსამართლეები დიანა ბერეკაშვილი

 

ოთარ სიჭინავა