განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002416618
საქმე №3ბ/625-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
15 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი - მე-----------ა
წარმომადგენელი - ლევ------–--ა
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - მე-----------–-–---–ი
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია
მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მე-----------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უძრავი ნივთი მდებარე სენაკის რაიონი, სოფ. ძველი სენაკი, ფართობით 67667 კვ. მეტრი, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, საკადასტრო კოდი 44.04.21.448, ნაკვეთის წინა ნომერი 44.04.04.119, საკუთრების უფლებით აღრიცხულია მერაბ ადამიას სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი 2006 წლის 11 იანვარი;
დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე სენაკის რაიონი, სოფ. ძველი სენაკი, ფართობით 4570 კვ. მეტრი, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, საკადასტრო კოდი 44.04.21.447, ნაკვეთის წინა ნომერი 44.04.04.033, საკუთრების უფლებით აღრიცხულია მე-----------ას სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი 2016 წლის 16 ნოემბერი;
ასევე დადგენილია, რომ ამავე უძრავ ნივთზე, მე-----------ას სახელზე 2002 წლის 4 ოქტომბერს გაცემულია მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება თუ რა იყო ის პირვანდელი მდგომარეობა, რომლის აღდგენასაც ითხოვს მოსარჩელე, ასევე საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოხდა მოსარჩელის კუთვნილი ღობის და მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე 100 მეტრი სიგრძის გზის დაზიანება. საქმეში არსებული მასალები, კერძოდ, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2011 წლის 9 სექტემბრის და 2014 წლის 3 დეკემბრის მიმართვები (ს.ფ. 39, 40), ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2014 წლის 17 მაისის, და 14 მარტის, 2013 წლის 16 აგვისტოს მიმართვები (ს.ფ. 41, 42-43, 44) არ ადასტურებს, რომ მოპასუხის ქმედებით არის გამოწვეული მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანება. დასახელებულ მიმართვებში, ისევვე როგორც 2012 წლის 13 მარტის მორიგების აქტში (ს.ფ. 26) გადმოცემულია მხარეთა შორის მიმდინარე მოლაპარაკება სანაცვლო მიწის ნაკვეთის ან ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ, რაც უკავშირდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ უძრავი ნივთების გამოყენებას, თუმცა ზემოჩამოთვლილ მიმართვებში არ არის მითითებული იმ ფაქტის შესახებ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დააზიანა მე-----------ას კუთვნილი ქონება.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულია საკუთრების უფლების უმნიშვნელოვანესი ელემენტები: ფლობა, სარგებლობა და განკარგვა, თუმცა, მსგავსად სხვა სამოქალაქო უფლებებისა, იგი არ არის აბსოლუტური და შესაძლოა დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს. თავის მხრივ, უდავოა, რომ უფლების შეზღუდვის პროპორციულობა მოწმდება შეპირისპირებულ სიკეთეთა სამართლიანი ბალანსის დადგენის გზით, როდესაც თანაბარი უფლების მქონე სუბიექტებს შორის უნდა მოხდეს ამ სიკეთით (უფლებით) სარგებლობის მართლზომიერად განსაზღვრა.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა.
ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით. ნეგატორული სარჩელი (action negatoria) მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან. ნეგატორული სარჩელით სარგებლობს როგორც მესაკუთრე, ისე ნებისმიერი მართლზომიერი მფლობელი.
საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. თავის მხრივ, ფაქტის არსებობა დადასტურებული უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებებით.
დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე სენაკის რაიონი, სოფ. ძველი სენაკი, ფართობით 67667 კვ. მეტრი, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, საკადასტრო კოდი 44.04.21.448, ნაკვეთის წინა ნომერი 44.04.04.119, საკუთრების უფლებით აღრიცხულია მერაბ ადამიას სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი 2006 წლის 11 იანვარი;
ასევე დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე სენაკის რაიონი, სოფ. ძველი სენაკი, ფართობით 4570 კვ. მეტრი, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, საკადასტრო კოდი 44.04.21.447, ნაკვეთის წინა ნომერი 44.04.04.033, საკუთრების უფლებით აღრიცხულია მე-----------ას სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი 2016 წლის 16 ნოემბერი.
პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №63 ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პოლიგონის/სასროლეთის მოწყობისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხოების ზონების მოწყობა და მისი დაცვა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად პოლიგონი/სასროლეთი უნდა მოეწყოს ისე, რომ სწავლების მიმდინარეობისას არ დაზიანდნენ მის ფარგლებს გარეთ მყოფი პირები, შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთი და სხვა ობიექტი, აგრეთვე მაქსიმალურად იქნეს თავიდან არიდებული სროლებიდან გამომდინარე ასხლეტვები.
ამავე ბრძანების მე-18 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად პოლიგონზე/სასროლეთზე სწავლების დროს უბედური შემთხვევების, შეიარაღების, ტექნიკისა და სხვა სამხედრო ქონების მწყობრიდან გამოყვანის, ასევე სხვა ტიპის ზიანის თავიდან აცილების მიზნით სამხედრო მოსამსახურეებით პოლიგონის/სასროლეთის გარეპერიმეტრის დაცვის უზრუნველყოფა
2017 წლის 21 აგვისტოს №63 ბრძანების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პოლიგონის/სასროლეთის პერიმეტრის საზღვრები აღინიშნება გამაფრთხილებელი ნიშნებით (იხ. დანართი №2, სურათი №1), რომელზეც დატანილია წარწერა ,,სდექ, ისვრიან! შესვლა აკრძალულია!“, ქართულ და ინგლისურ ენაზე. ნიშნები ასევე იდგმება პოლიგონის/სასროლეთის მიმდებარე ბილიკებისა და გზების გადაკვეთის ადგილებზე.
ამავე ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პოლიგონის/სასროლეთის ტერიტორიაზე უცხო პირების, ტრანსპორტისა და ცხოველების შესვლის აღკვეთის მიზნით, სწავლების დაწყებამდე 4 საათით ადრე, პოლიგონის/სასროლეთის გარე პერიმეტრზე, შესაბამისი განწესის საფუძველზე, უნდა მოეწყოს გარემოცვის საგუშაგოები და განლაგდნენ სამხედრო მოსამსახურეები.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, გათვალისწინებით იმისა, რომ მე-----------ას კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა გადის სასროლეთის საზღვარზე და შლაგბაუმი განთავსებულია სასროლეთის მიმდებარე გზის გადაკვეთაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დარღვეულია არ არის საკანონმდებლო მოთხოვნები და შესაბამისად მე-----------ას მოთხოვნა შლაგბაუმის აღების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამმისად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ამავე მუხლის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლომ განმარტა, რომ ხანდაზმულობის საგანი არის ფარდობითი უფლება და არა აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა უკავშირდება ხელშეშლის აღკვეთას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, აღნიშნულის გათვალისწინებით კი სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას, შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, მოსამართლის მიერ არ ყოფილა მსჯელობა მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, იგი დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის მიერ სასამართლო სხდომაზე განმარტებულ ცრუ ინფორმაციას და პოზიციას, რომლის მიხედვითაც თითქოსდა არსებობს შემოვლითი გზა, რეალურად კი ავტორის განმარტებით მის საცხოვრებელ კარ-მიდამომდე არის მხოლოდ და მხოლოდ ის ერთადერთი ცენტრალური სამანქანო გზა, რომელზედაც განთავსებულია სამხედრო შლაგბაუმი, რომელიც დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს და სხვა ირიბი ან/და შემოვლითი გზა მის სახლამდე არ არსებობს, რაც მას აფერხებს თავის სახლთან მისვლაში.
სააპელაციო საჩივრის ავტორი იმ გარემოებას, რომ თითქოსდა არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა, რომ თავდაცვის სამინისტროს არ დაუზიანებია მისი სახლამდე მისასვლელი გზა, არც საცხოვრებელი ღობე და ბოგირი, არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ საქმეში მტკიცებულების სახით მოიპოვება თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების აქტი მისსა და თავდაცვის სამინისტროს შორის მორიგების თაობაზე, სადაც სააპელაციო საჩივრის ავტორის საკუთრებაში არსებული სახლ-კარი თავის მისასვლელი გზით ექცეოდა თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში. შესაბამისად, 2012 წელს საჯარო რეესტრის მიერ შეწყვეტილ იქნა მისი საკუთრების რეგისტრაცია, ვინაიდან ზედდებაში აღმოჩნდა თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში რეგისტრირებული. სანაცვლოდ მათ უნდა მიეცათ სააპელაციო საჩივრის ავტორისთვის საცხოვრებელი ეზო-კარი სხვა ტერიტორიაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან არ შესრულდა. საჯარო რეესტრის მიერ 2016 წელს ავტორს ისევ დაუკანონდა ყოფილი კარ-მიდამო, რომელზეც სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო ისეა დაზიანებული, რომ აპელანტის ეზომდე მისასვლელი გზა საერთოდ არ არსებობს, ხოლო ღობე აღსადგენია თავიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით მე-----------ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობით განსახილველად გადმოეცა უფლებამოსილ სასამართლოს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ სახეზეა დავის ადმინისტრაციულსამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი ორივე წინაპირობა, კერძოდ: სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, საქმე განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს და მოპასუხეს ქმედების განხორციელებისას ჰქონდა საჯაროსამართლებრივი მიზანი.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ა) ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს;
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის გადაგზავნის პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლები;
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მე-----------ამ სარჩელი აღძრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, მოთხოვნით: დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოხსნას შლაგბაუმი, რომელიც განთავსებულია მე-----------ას კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მისასვლელ ერთადერთ (ცენტრალურ) გზაზე და ხელი არ შეუშალოს მე-----------ას გადაადგილდეს მის კუთვნილ საცხოვრებელ ადგილში. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-----------ას სახლამდე მისასვლელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 300 მეტრი სიგრძის გზის მოწყობა. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-----------ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 100 მეტრის სიგრძის გზის მოწყობა და იქ არსებულ ღელეში დაამონტაჟოს 5 მეტრი სიგრძის 1,5 მეტრი დიამეტრის მქონე კანალიზაციის მილი. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-----------ას კუთვნილი საკარმიდამო 0,5 ჰა. მიწაზე აღადგინოს დანგრეული ღობე - მავთულხლართით და აკაციის მესერით.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
პალატა არ ამოწმებს რა არსებითად სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობას, საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნოს შემდეგი გარემოებანი:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით. ამასთან, დავის ერთ-ერთ მონაწილე მხარეს აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა – ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის დავად მიჩნევისათვის არსებითი და გადამწყვეტია სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ნორმატიული ელემენტი - დავის გამომდინარეობა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამავე მუხლის „გ” პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა იზიარებს რა სამოქალაქო საქმეთა პალატის მსჯელობას, იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველი დავის შენთხვევაში სახეზეა დავის ადმინისტრაციულსამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი წინაპირობები. კერძოდ: სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, საქმე განეკუთვნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს და მოპასუხეს ქმედების განხორციელებისას ჰქონდა საჯაროსამართლებრივი მიზანი.
პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. განსჯადობის დადგენილი წესები საჯარო სფეროში უფლების დაცვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს. განსჯადობის დარღვევა იწვევს საქმის განხილვას განსხვავებულ პრინციპებზე აგებული სამართალწარმოების წესით, რაც, თავის მხრივ, ასახვას ჰპოვებს მხარეთა უფლებებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მე-----------ას სარჩელი, რომელიც არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი შინაარსის, სრულად განხილული იქნა რა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, დაირღვა საქმის განხილვის განსჯადობის წესები. ეს საქმის არაკანონიერი შემადგენლობის მიერ განხილვის ტოლფასია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ა” პუნტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველია და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ წესით არ ყოფილა განხილული, სააპელაციო პალატა თვლის, რომ მოცემული საქმე არსებითად განსახილველად უნდა გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მე-----------ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა მიერ გაღებული ხარჯების განაწილება უნდა მოხდეს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას;
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 385-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აპელანტ მე-----------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე,ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე, ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა);
მოსამართლე: მანანა ჩოხელი