განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210019002989232
№2/ბ-903-2019
გ ა დ ა წ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ნ---- კ--------
წარმომადგენელი - თ----- ო----–--ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გ------ თ-------ე
წარმომადგენელი - გ------ გ---–--ე
დავის საგანი - ალიმენტისა და დამატებითი ხარჯების დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები
1.1. მოსარჩელე ნ---- კ--------მ (შემდგომში: მოსარჩელე, აპელანტი) სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე გ------ თ-------ის (შემდგომში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, ალიმენტვალდებული პირი) მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის - გ------ი თ-------ის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება, თვეში 300 ლარის ოდენობით, სარჩელის შეტანის დღიდან სრულწლოვანების მიღწევამდე; ასევე, მოითხოვა მოპასუხისათვის, არასრულწლოვანი შვილის - გ------ი თ-------ის სასარგებლოდ, ყოველთვიურად დამატებითი ხარჯების გადახდა, თვეში 300 ლარის ოდენობით.
1.1.2. მოსარჩელის განმარტებით, 2000 წლიდან ქორწინებაში იმყოფება გ------ თ-------ესთან. 2--- წლის 2------ს შეეძინათ შვილი გ------ი თ-------ე. 2008 წლიდან მხარეები ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს. არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს დედასთან ქ. ქუთაისში. ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას. შვილზე ზრუნავს მხოლოდ მოსარჩელე. მოპასუხე არანაირ მონაწილეობას არ იღებს შვილის აღზრდაში და არ აქვს ბავშვთან ურთიერთობა. მოსარჩელე ნ---- კ--------ს, ასევე, არასრულწლოვან გ------ი თ-------ეს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც მინიჭებული აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. გ------ი თ-------ის დიაგნოზია: ქცევის ჰიპერკინეტიკური აშლილობა. პერიოდულად მოსარჩელე იძულებული ხდება მოათავსოს ბავშვი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, რადგან ვერ ახერხებს მისი ქცევის მართვას. გ------ის ყოველთვიურად 210 ლარის ღირებულების მედიკამენტები და ისეთი მომვლელი სჭირდება, რომელიც მუდმივად იქნება ბავშვთან, წაყვება სკოლაში და შემოქმედებით წრეებზე. ბოლო ოთხი წელია თავად მოსარჩელესაც შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, ვეღარ მუშაობს, აღარ აქვს შემოსავალი, მთლიანად დამოკიდებულია სახელმწიფო გასაცემლებზე, რომელიც არ არის საკმარისი გ------ი თ-------ის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, მისი მკურნალობა და სწავლა დაკავშირებულია დიდ ფინანსურ დანახარჯებთან. მოპასუხეს აქვს კარგად გამართული სოფლის მეურნეობა, საიდანაც იღებს დიდ ფინანსურ სარგებელს, შემოსავალს, არის ინდივიდუალური მეწარმე და აქვს ფინანსური საშუალება დაეხმაროს საკუთარ შვილს.
1.2. მოპასუხის პოზიცია:
1.2.1. მოპასუხე გ------ თ-------ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და თანხმობა განაცხადა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 ლარის გადახდაზე, დანარჩენ ნაწილში კი, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა. მოპასუხის განმარტებით: ბავშვზე ზრუნავს სახელმწიფო, მას დანიშნული აქვს პენსია - 200 ლარის ოდენობით, სოციალური შემწეობა - 50 ლარის ოდენობით, ბავშვის მედიკამენტები და მკურნალობა უფასოა, რადგან იმყოფება სახელმწიფო ზრუნვაში. იგი ყოველთვის ეხმარებოდა მოსარჩელეს ბავშვის რჩენაში და თავადაც ცხოვრობდა მასთან ერთად ქუთაისში 2009 წლამდე. შემდგომ მეუღლეები განქორწინდნენ. გ------ თ-------ე წავიდა მოსარჩელისაგან და დაუტოვა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება: საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, ოქროს სამკაულები, აგრეთვე გაარემონტა ბინა, საარსებოდ დაუტოვა მაღაზია, სადაც თავად მოსარჩელეც მუშაობდა. მოპასუხეს ამჟამად შექმნილი აქვს ახალი ოჯახი. იგი დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით (ტიპი - 2) და არტერიული ჰიპერტენზიით, ესაჭიროება მუდმივი მედიკამენტოზური მკურნალობა, რომლის ღირებულება შეადგენს თვეში სულ მცირე 60 ლარს. მართალია, დარეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, კერძოდ, რეალიზებას უწევს შხამქიმიკატებს სოფელ ვ------------ში, მაგრამ ეს ხდება სეზონურად, სულ სამი თვის განმავლობაში და მისი წლიური შემოსავალი შეადგენს 2538 ლარს, რომელიც იბეგრება საშემოსავლო გადასახადით - 507 ლარით და რჩება 2030,40 ლარი წელიწადში (შემოსავალი თვეში - 200 ლარიც არ არის). მოპასუხეს არ გააჩნია სხვა შემოსავალი, რადგან არის ავად და ფიზიკურად ვერ მუშაობს, ასევე კმაყოფაზე ჰყავს უმუშევარი მეუღლე თ----- ბ-----ია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხე გ------ თ-------ეს არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 2------ს დაბადებული გ------ი თ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2019 წლის 13 მაისიდან, მის სრულწლოვანებამდე, ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე. ნ---- კ--------ს სხვა სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.2. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნ---- კ-------- 2000 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდა გ------ თ-------ესთან. 2008 წლიდან მეუღლეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. 2--- წლის 2------ს მათ შეეძინათ შვილი გ------ი თ-------ე. 2008 წლიდან ნ---- კ-------- და მისი შვილი გ------ი თ-------ე ცხოვრობენ ცალკე, ქალაქ ქუთაისში, მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში, რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, იღებენ საარსებო შემწეობას. მოსარჩელესაც და გ------ი თ-------ესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მინიჭებული აქვთ შშმ პირის სტატუსი. გ------ი თ-------ეს დანიშნული აქვს სახელმწიფო გასაცემელი 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, თვეში 200 ლარის ოდენობით.
2.3. გ------ თ-------ე ცხოვრობს დ-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ------------ში, მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ, შაქრიანი დიაბეტი - ტიპი 2 და არტერიული ჰიპერტენზია.
2.4. მოპასუხე არის ინდივიდუალური მეწარმე, წლიური შემოსავალი შეადგენს 2538 ლარს, საიდანაც იხდის საშემოსავლო გადასახადს - 507.6 ლარის ოდენობით. იგი ასევე ფლობს მიწის ნაკვეთებს დ-----ის რაიონის სოფელ ვ------------ში 2929 კვ.მ (ს.კ. 8-----------), და 1993 კვ.მეტრს (ს.კ. 8-----------).
2.5. არასრულწლოვან გ------ი თ-------ეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, მისი დიაგნოზია - ქცევის ჰიპერკინეტიკური აშლილობა. წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობის მიხედვით, 2019 წლის აპრილის თვეში მას დაენიშნა ოთხი სახეობის მედიკამენტი, ასევე ამბულატორიული წესით ფსიქიატრის მეთვალყურეობა. დანიშნული მედიკამენტებიდან სამი პრეპარატის ღირებულებამ შეადგინა 193.99 ლარი.
2.6. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ გ------ი თ-------ეს ყოველ თვეში ესაჭიროება 210 ლარის ღირებულების მედიკამენტები, რადგან არ იყო წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. სასამართლოს მითითებით, მართალია, 2019 წლის აპრილის თვეში გაცემულ სამედიცინო ცნობაში მითითებულია სამკურნალო და შრომითი რეკომანდაციები (ოთხი სახეობის მედიკამენტის მიღება და ამბულატორიულად ფსიქიატრის მეთვალყურეობა), მაგრამ სასამართლოსათვის უცნობია, რა პერიოდის განმავლობაში უნდა მიეღო პაციენტს ეს პრეპარატები და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საქმის განხილვის დროისათვის. ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის „ღია სახლის“ მიერ გაცემულ ინვოისშიც მითითებულია მომსახურების დასახელება და შესაბამისი ფასები, თუმცა სასამართლოსათვის მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რა პერიოდულობითაა საჭირო ამ ორგანიზაციის მომსახურების მიღება და რა საფუძვლით.
2.7. მტკიცებულებათა არ არსებობის გამო, სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხე გ------ თ-------ის განმარტება იმის შესახებ, რომ მის კმაყოფაზე იმყოფება უმუშევარი მეუღლე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.6. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე და 1215-ე მუხლებით და ნ---- კ--------ს სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. მოპასუხე გ------ თ-------ეს არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 2------ს დაბადებული გ------ი თ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2019 წლის 13 მაისიდან, მის სრულწლოვანებამდე, ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე. ნ---- კ--------ს სხვა სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
3.1 მოსარჩელე ნ---- კ--------მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ითხოვა. კერძოდ, მოითხოვა მოპასუხისთვის ალიმენტის სახით 300 ლარის დაკისრება და დამატებითი ხარჯების სახით 300 ლარის დაკისრება.
3.2. აპელანტის (მოპასუხის) მითითებით, სასამართლომ დავის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღო, როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის შემოსავალი, გაითვალისწინა ბავშვის კანონიერი ინტერესი და ისე იმსჯელა ალიმენტის ოდენობაზე, თუმცა სასამართლოს მიერ უგულვებელყოფილი იქნა ბავშვის, როგორც სუბიექტის უფლებები. გადაწყვეტილების მიმღები სასამართლომ არ დაასაბუთა და არ განმარტა, რატომ მიიჩნია 200 ლარი სამართლიან და გონივრულ ოდენობად. იგი არ ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტებზე, რომ გ------ი თ-------ე, მოსარჩელესთან ერთად, არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და შემწეობის მიმღები პირი. მისი სოციალური სიდუხჭირე დასტურდება საქმეში დაცული მტკიცებულებებით. სასამართლომ გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნია მოპასუხისათვის, ალიმენტის დაკისრება 200 ლარის ოდენობით, იმ პირობებში როცა მოსარჩელე და მისი შვილიც შრომისუუნარონი არიან. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმით უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლებთან ერთ ოჯახად ცხოვრების პირობებში.
3.3. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებია მისი მოთხოვნა დამატებით ხარჯებში მოპასუხის მონაწილეობასთან დაკავშირებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215–ე მუხლით მშობლებს დამატებით ხარჯებში მონაწილეობა შეიძლება დაეკისროთ იმ შემთხვევაში როცა არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, მათ შორის ბავშვის მძიმე ავადმყოფობა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით და ინვოისით) დასტურდება ის ფაქტი, რომ გ------ი თ-------ეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, მისი დიაგნოზია - ჰიპერკინეტიკური აშლილობა, რაც საჭიროებს მუდმივ მკურნალობას და ზედამხედველობას, სხვადასხვა ძვირადღირებულ მომსახურებას. შესაბამისად, მოთხოვნა ეფუძნებოდა სწორედ არასრულწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებებს. გადაწყვეტილების მიმღებმა სასამართლომ კი აღნიშნული გარემოებები არ გაითვალისწინა.
3.4. მოწინააღმდეგე მხარემ გ------ თ-------ემ შესაგებელი წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოში, სადაც არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოტივებს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ რომ ნ---- კ--------ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია, ნაწილობრივ უნდა შეიცვალოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დამატებითი ხარჯების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გ------ თ-------ეს არასრულწლოვანი შვილის გ------ი თ-------ის სასარგებლოდ, ყოველთვიურად დამატებითი ხარჯის სახით უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
5. ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5.1. ნ---- კ-------- 1999 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდა გ------ თ-------ესთან (ს.ფ. 62).
5.2. 2--- წლის 2------ს მეუღლეებს შეეძინათ შვილი გ------ი თ-------ე. (ს.ფ. 16).
5.3. 2008 წლიდან, ნ---- კ-------- და გ------ თ-------ე აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და საერთო მეურნეობას არ ეწევიან. არასრულწლოვანი გ------ი თ-------ე ცხოვრობს დედასთან ნ---- კ--------სთან ქალაქ ქუთაისში და იმყოფება მისი მზრუნველობის ქვეშ. გ------ თ-------ე შვილის რჩენასა და აღზრდაში სათანადო მონაწილეობას არ იღებს.
5.4. ნ---- კ-------- და გ------ი თ-------ე რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ოჯახი იღებს საარსებო შემწეობას 50 ლარის ოდენობით. (ს.ფ. 24).
5.5. ნ---- კ--------ს და არასრულწლოვან გ------ი თ-------ეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მინიჭებული აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსი (ს.ფ.21;22).
5.6. გ------ი თ-------ის დიაგნოზია ქცევის ჰიპერკინეტიკური აშლილობა. წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობის მიხედვით, 2019 წლის აპრილის თვეში, ექიმთან ვიზიტის შემდგომ, მას დაენიშნა ოთხი სახეობის მედიკამენტი, ასევე, ამბულატორიული ფსიქიატრის მეთვალყურეობა. დანიშნული მედიკამენტებიდან სამის ღირებულებამ შეადგინა 193.99 ლარი. (ს.ფ.18-19).
5.7. დადგენილია, რომ გ------ი თ-------ეს დანიშნული აქვს სახელმწიფო გასაცემელი 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, თვეში 200 ლარის ოდენობით. (ს.ფ.22)
5.8. გ------ თ-------ე ცხოვრობს დ-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ვ------------ში, მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 და არტერიული ჰიპერტენზია. ჯანმრთელობის მდგომარეობის/დიაგნოზის მიუხედავად, გ------ თ-------ის შრომისუუნარობა დადგენილი არ არის. კერძოდ, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით, არ დასტურდება, რომ მას არა აქვს ჯანმრთელობის ისეთი სერიოზული პრობლემა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა ან გამორიცხავდა დასაქმების შესაძლებლობას. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მას შესწევს უნარი შრომითი საქმიანობით უზრუნველყოს შემოსავლის მიღება და შვილის რჩენა-აღზრდისათვის სათანადო პირობების შექმნა.(ს.ფ.43)
5.9. მოპასუხე არის ინდივიდუალური მეწარმე. სამეწარმეო საქმიანობიდან წლიური შემოსავალი შეადგენს 2538 ლარი, საიდანაც იხდის საშემოსავლო გადასახადს 507.6 ლარს. (ს.ფ.38-42). იგი ასევე ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს დ-----ის რაიონის სოფელ ვ------------ში - 2929 კვმ-ისა (ს.კ. 8-----------) და 1993 კვმ-ის ოდენობით (ს.კ. 8-----------), რომელთაც ამუშავებს და მოჰყავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები. გ------ თ-------ეს არასრულწლოვანი შვილის გარდა სხვა პირები კმაყოფაზე არ ჰყავს. (ს.ფ.95-98).
5.10. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს ალიმენტის სახით მოპასუხისათვის 200 ლარის დაკისრების ნაწილში და დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
5.11. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ხოლო ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
5.12. პალატა აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია მშობლების საალიმენტო მოვალეობასთან დაკავშირებით ითვალისწინებს როგორც ნებაყოფლობით, ასევე იძულებით მექანიზმებს, კერძოდ, კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო.
5.13. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
5.14. ამდენად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ განსაზღვრავს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
5.14. პალატა განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება ალიმენტმიმღები პირის აუცილებლობისა და ალიმენტვალდებული პირის შესაძლებლობის მხედველობაში მიღებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩო, რომლის მიღების უფლებაც არასრულწლოვანს მშობლისგან გააჩნია უნდა წარმოადგენდეს სარჩენი პირის მოთხოვნილებათა მინიმალური დაკმაყოფილების საფუძველს მაინც, ამასთანავე, მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად. პალატა აქვე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ასევე სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობაც (რაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით (www.geostat.ge) სადავო პერიოდში შეადგენდა საშუალოდ 189 ლარს). აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
5.15. პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის წესი და მიიჩნია, რომ ზემოთ დასახელებულ გარემოებათა გათვალისწინებით და შეჯერებით სასამართლოს მიერ გ------ თ-------ისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 200 ლარი არის გონივრული და სამართლიანი, შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და ნ---- კ--------ს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
5.16. დადგენილია, რომ განსახილველი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, მხარეთა შორის სადავო საკითხს წარმოადგენს, ასევე, გ------ი თ-------ის მკურნალობისათვის დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღება. პალატა ნაწილობრივ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას მოპასუხისათვის დამატებითი ხარჯის ანაზღაურების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაევალოს დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღება.
5.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის მიხედვით, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).
5.18. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დამატებითი ხარჯები არის ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით ან სხვა ობიექტური ვითარებით განპირობებული ხარჯები, რის გამოც საჭიროა ალიმენტის გარდა ბავშვისათვის დამატებით თანხის გადახდა. ამდენად, დამატებით ხარჯების წარმოშობის საფუძველია ბავშვის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც მას განსაკუთრებული სამედიცინო დახმარება სჭირდება, რომლის ხარჯები მისი ოდენობიდან გამომდინარე ალიმენტიდან ვერ ანაზღაურდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანის სარჩენად ალიმენტის გადამხდელი მშობლისათვის დამატებითი ხარჯის სახით დამატებით თანხის გადახდის დაკისრება დასაშვებია მხოლოდ ისეთი განსაკუთრებული გარემოებების დადასტურებისას, როგორიცაა ბავშვის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება და სხვა ობიექტური ფაქტორები. ეს არის განსაკუთრებული გარემოებების გამო დამატებით ხარჯებში მონაწილეობა და არა ბავშვის სარჩენი ხარჯების დამატებითი გადახდევინება, ამიტომ მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების (ან მომავალში აუცილებლად გასაღები ხარჯების) გათვალისწინებით, მყარი თანხებით და არ შეიძლება მისი წილობრივი დაკავშირება ხელფასის ან სხვა შემოსავლის ოდენობასთან. დამატებით ხარჯებში მოპასუხე მშობელი მონაწილეობს ერთჯერადი გადასახდელის სახით ან განსაზღვრული დროით განსაზღვრული თანხების გადახდით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.06.2009წ. #ას-180-507-09 გადაწყვეტილება);
5.19. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ არასრულწლოვან გ------ი თ-------ეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მისი დიაგნოზია: ,,ქცევის ჰიპერკინეტიკური აშლილობა“, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მინიჭებული აქვს შშმ პირის სტატუსი.
საქმეში არსებული ცნობით, გ------ი თ-------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, (ს.ფ.19), დგინდება, რომ 06.03.2019 წლიდან 18.04.2019 წლამდე პერიოდში, გ------ი თ-------ე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოთავსდა სტაციონარში, ფსიქიატრიულ დეპარტამენტში. მითითებული ცნობის მიხედვით, ავადმყოფის მდგომარეობა, დიაგნოზით - ქცევის ჰიპერკინეტიკური აშლილობა (თანმხლები დაავადება - უტიკარია L50), შეფასებულია როგორც მწვავე. მოკლე ანამნეზის მიხედვით, "გ------ი თ-------ის ქცევა ასაკის მატებასთან ერთად ხდება ასოციალური... უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში დედის გადმოცემით ბავშვი რეგულარულად იღებდა დანიშნულ მედიკამენტებს, მაგრამ არ გადიოდა ქცევითი თერაპიის კურსს. ქცევა უმართავია, სახლთან ახლოს, სამკერვალოში იპარავს ნივთებს, როდესაც არ შეუშვეს, ფანჯარა ჩატეხა ... დედას ემუქრებოდა ჩივილით. მაკრატლით დაუზიანა მას ხელი. აგრესიულია ეზოში ბავშვებთანაც. ესვრის მათ ქვებს... ,,არ მეთამაშებიან ბავშვები, ჩემთან არ უნდათ ურთიერთობა და ამიტომ ვიქცევი ასე, ქვებს ვესვრი’’, ქცევა გამოხატულია მომატებული აქტივობით, გამომწვევი და ასოციალურია... მავნებლობს შეგნებულად, საჭიროებს მუდმივად ყურადღებას და მეთავალყორეობას... კრიტიკა საკუთარი მდგომარეობის მიმართ არ გააჩნია".
სტაციონარიდან გაწერისას, გ------ი თ-------ის მდგომარეობა შეფასდა როგორც გაუმჯობესებული. მას დაენიშნა მედიაკმენტოზური მკურნალობა, ასევე ამბულატორიულად ფსიქიატრის მეთვალყურეობა.
5.20. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, გ------ი თ-------ე უდავოდ საჭიროებს განსაკუთრებულ მზრუნველობას და სამედიცინო მეთვალყურეობას, რეგულარულ მედიკამენტოზურ მკურნალობას და ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ ზედამხედველობას, რაც, ბუნებრივია, დაკავშირებულია გარკვეულ მატერიალურ ხარჯებთან. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ დამატებითი ხარჯების საკითხი, ამ შემთხვევაში, წამოჭრილია ბავშვის მკურნალობის საჭიროების გამო და ამ ხარჯების ანაზღაურების მიზანია ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
5.21. ბავშვის უფლებათა კონვენციის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე უფრო სრულყოფილი მომსახურებით და დაავადებათა მკურნალობისა და ჯანმრთელობის აღდგენის საუკეთესო საშუალებებით. მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ უზრუნველყონ, რომ არც ერთ ბავშვს არ ჩამოერთვას უფლება, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ასეთი მომსახურებით. ამდენად, კონვენციით ბავშვის ერთერთი მნიშვნელოვანი უფლებაა მიიღოს სათანადო სამედიცინო მომსახურება, ხოლო ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მშობლების უპირველესი ვალდებულებაა.
5.22. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა სამართლით დაცული მნიშვნელოვანი ფასეულობაა, რაზეც მიუთითებს ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ბრალეულობის შემთხვევაში პირს ეკისრება არა მარტო უკვე გადახდილი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება, არამედ დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს მკურნალობის ხარჯები წინასწარ (408-ე მუხლის მე-2 ნაწილი). მკურნალობის ხარჯების თავისებურების გამო მისი ანაზღაურების დავაში მნიშვნელოვანია დადგინდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულე, რა სახის მკურნალობაა აუცილებელი და რას შეადგენს მკურნალობის ხარჯი. ამასთან, მკურნალობის ხარჯების გადახდის ფაქტის დადასტურება არ არის აუცილებელი წინაპირობა მეორე მხარისათვის მისი დაკისრებისათვის. მკურნალობის ხარჯების დაკისრების დავაში მნიშვნელოვანია ხარჯების საჭიროების და ოდენობის დასაბუთება, რადგან ასეთ შემთხვევაში წარმოიშობა ამ ხარჯების სამედიცინო დაწესებულებისათვის გადახდის ვალდებულება შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების სანაცვლოდ. ამასთან, შესაძლებელია, რომ დავის დაწყებამდე ეს ხარჯები რეალურად არ იყოს გადახდილი ან სამედიცინო მომსახურება არ იყოს მიღებული სწორედ იმის გამო, რომ მხარემ მისი ანაზღაურება ვერ შეძლო.
5.23. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დასტურდება, რომ გ------ი თ-------ე, დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროებს არა მხოლოდ მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობას, არამედ, ასევე, მნიშნველოვანია ქცევითი თერაპია შესაბამისი სპეციალისტების - ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების ჩართულობით. ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის „ღია სახლის“ მიერ გაცემული ინვოისით (ს.ფ. 94) ირკვევა, რომ ინდივიდუალური ფსიქოლოგის ერთჯერადი მომსახურების ღირებულება შეადგენს 40 ლარს, ხოლო სკოლაში ქცევაზე დაკვირვებისა და ქცევის მართვის ღირებულება შეადგენს 40 ლარს.
5.24. სასამართლოს აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. შესაბამისად, მშობლებს თანაბრად ეკისრებათ არასრულწლოვანი შვილის რჩენის, მასზე ზრუნვის ვალდებულება. პალატას მიაჩნია, რომ დამატებითი ხარჯების არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში მისი გადახდა მხოლოდ ერთი მშობლის ვალდებულება არ არის, რადგან ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია მშობლების თანაბარი ვალდებულება არჩინონ შვილები. შესაბამისად, დამატებითი ხარჯების ანაზღაურების საკითხი უნდა გადაწყდეს ორივე მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. დადგენილია, რომ მოსარჩელე (აპელანტი) არ არის დასაქმებული, იღებს საარსებო შემწეობას, რის გამოც მას არა აქვს საკმარისი მატერიალური შესაძლებლობა შვილის საჭიროებათა სრულად დასაფინანსებლად. რაც შეეხება მოპასუხეს, მართლია, ის დაავადებული შაქრიანი დიაბეტითა და არტერიული ჰიპერტენზიით (I), მაგრამ რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გ------ თ-------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამორიცხავს ან ზღუდავს მის შრომისუნარიანობას, წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ის ვალდებულია, მოიპოვოს სათანადო სახსრები და უზრუნველყოს შვილის მკურნალობის საჭიროებისათვის შესაბამისი ხაჯების გაღება. ამასთან, დამატებითი ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ------ თ-------ეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაკისრებული აქვს 200 ლარის გადახდა, თავად გ------ი თ-------ე, როგორც შშმ პირი, იღებს სახელმწიფო გასაცემელს 200 ლარის ოდენობით. არასრულწლოვანი გ------ი თ-------ის საჭიროების, ასევე მისი და მისი მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გ------ თ-------ეს დამატებითი ხარჯების სახით უნდა დაეკისროს ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა.
5.25. პალატა დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დამატებითი ხარჯების ოდენობის განსაზღვრა, თითოეული საქმის ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით, სასამართლოს მიხედულებაზეა დამოკიდებული. დამატებითი ხარჯების ოდენობა დგინდება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, მშობლებისა და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბავშვის მკურნალობისათვის საჭირო აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის მკურნალობისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, სასამართლოს მიერ განსაზღვრული დამატებითი ხარჯი ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით, გ------ი თ-------ის სრულწლოვანებამდე ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესამდე, არის გონივრული ოდენობის.
6. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელწმიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
დადგენილია, რომ ნ---- კ--------, საქართველოს საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტისა და „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ასევე დადგენილია, რომ აპელანტ ნ---- კ--------ს მოთხოვნა დამატებითი ხარჯების დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დამატებითი ხარჯების დაკისრების ნაწილში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მეორე ნაწილის, ამავე კოდექსის მე-14 მუხლისა და 41-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით შეადგენს 75 ლარს. ვინაიდან, დამატებითი ხარჯების დაკისრების ნაწილში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - 16.67%-ით, მოწინააღმდეგე მხარეს (მოპასუხეს) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 12.50 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ---- კ--------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდეს ნაწილობრივ, მოპასუხე გ------ თ-------ისათვის არასრულწლოვანი შვილის - გ------ი თ-------ის სასარგებლოდ, ყოველთვიურად დამატებითი ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. გ------ თ-------ეს არასრულწლოვანი შვილის გ------ი თ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს დამატებითი ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით, გ------ი თ-------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
4. გ------ თ-------ეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაკმაყოფილებული სააპელაციო მოთხოვნის პროპორციულად 12.50 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი