განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003225345
საქმე №1ბ/1909-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ-------------–----ის
მსჯავრდებულის: მ--------–--ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------) მსჯავრდებულ მ----------------–--ის, დაბადებულის 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------, ნასამართლევის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: გ------------------------–--------–------------------ ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------–---------------------–---–------------------------------------–-- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით;.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ--------–--ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 23:15 საათზე, ქ-------–--–----------------–-------------–---------------------–------–---–ის საცხოვრებელ სახლში, მ--------–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა--------–------–---–ს, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან მესამე სართულზე ასასვლელ კიბეებთან, მ--------–--ემ რამდენჯერმე დაარტყა მუშტი ა---------–------–---–ს სახისა და თავის არეში, რის შემდეგაც იგი დააგდო იატაკზე და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ხელებისა და ფეხების დარტყმით ა--------–------–---–ს განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით:
მ--------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–----ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას მ--------–--ისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით.
აპელანტი აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად უდებს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ--------–--ისათვის დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, რომელიც არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და დამნაშავის პიროვნებას. სახელმწიფო ბრალმდებელი მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი მ--------–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ა--------–------–---–ის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით და ექსპერტიზის დასკვნით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ--------–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სახელმწიფო ბრალმდებელი სასჯელის გამკაცრების საფუძვლად ასევე უთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ხელს შეუშლის დანაშაულის თავიდან აცილებას და იქნება არა შემაკავებელი, არამედ წამახალისებელი. სააპელაციო პალატა არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მის ვარაუდს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. შესაბამისად, კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. აქვე, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ ... სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა, რატომ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ლმობიერი და მსჯავრდებულ მ--------–--ეს რა სამართლებრივი საფუძვლით უნდა დაუმძიმდეს სასჯელი. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, მ--------–--ემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება სხვა შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას. ასევე პალატა მ--------–--ისათვის სასჯელის დანიშვნისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მის ოჯახურ მდგომარეობას (კმაყოფაზე ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე).
პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ მ--------–--ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი მ--------–--ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი მ--------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
მ--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მაისური (გადაგზავნილია სსიპ - ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები და ა--------–------–---–ის სისხლის ნიმუში (გადაგზავნილია სსიპ - ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ კომპიუტერულ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი