განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/5373-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - მაია გიგაური
მოსამართლეები - ნატალია ნაზღაიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი - ოთარ ჯუგაშვილი
აპელანტი _ შპს ,,--------------------------------"
წარმომადგენელები - ბ--–--------ე, თ-------------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ---------–---–----------ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,G---------------------------------“-ის (ს/ნ 4--------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ---------–---–----------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა შემდეგი მოძრავი ნივთები: სარეცხის მანქანა (ღირებული 450 ლარად), ორი ცალი მრგვალი შუშის მაგიდა (ღირებული 160 ლარად), ორი ცალი ოთხკუთხედი შუშის მაგიდა (ღირებული 180 ლარად), 2 ცალი წითელი ფერის სკამი (ღირებული 54 ლარად) და გადაეცა შპს ,,G---------------------------------“-ს. ნ--------–---–----------ს შპს ,,G---------------------------------“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1846 ლარი. შპს ,,G---------------------------------“-ს სარჩელი მიუღებელი შემოსავლის სახით 10000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ნ--------–---–----------ს შპს ,,G---------------------------------“-ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 21ლარი. შპს ,,G---------------------------------“-ს (ს/ნ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა 20.07.2017წ. №1 საგადახდო დავალებით, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 46.2 ლარი (გადახდილია 925 ლარი), (გადამხდელის ბანკი სს „ს----------–--------ი“; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღების ბანკი ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22. ნ--------–---–----------ს შპს ,,G---------------------------------“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 200 ლარი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1.1. 2012 წლის 15 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება. რომლის საფუძველზეც, ნ---------–---–----------მა მოსარჩელეს დროებით სარგებლობაში გადასცა მის საკუთრებაში არსებული ფართი, მდებარე: ქ--–--------–--–------------------------ში (ს/კ 0---------------). 2014 წლის 18 ნოემბერს სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს ნ---------–---–----------ის სასარგებლოდ დაეკისრა ქირავნობის დავალიანება 24549.82 ლარი, სასამართლო ხარჯის სახით გაწეული თანხა 1586.5 ლარი და სახელმწიფო ბაჟი 786.5 ლარი. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე 17.12.2014 წელს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.
2.1.2. 2015 წლის 16 თებერვალს შპს ,,G---------------------------------“-ს (წარმოდგენილი გ-----------------ის სახით) და ნ---------–---–----------ს შორის გაფორდმა მორიგების აქტი. მხარეებს შორის შემდგარი მორიგების პირობებით: კომპანიას (მოსარჩელეს) უნდა განეხორციელებინა კრედიტორის (ნ---------–---–----------ის) სასარგებლოდ 27 921 ლარის უნაღდო ანგარიშსწორების გზით ოთხ ტრანშად გადახდა. ამავე მორიგების მე-5 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომპანიისთვის გადასაცემი ქონება შედგებოდა შემდეგი ნივთებისგან: სარეცხი მანქანა (ღირებულება 450 ლარი), გაზქურა (320 ლარი), მრგვალი შუშის მაგიდა ორი ცალი (ღირებულება 160 ლარი), ოთხკუთხედი შუშის მაგიდა ოთხი ცალი (ღირებულება 360 ლარი), წითელი ფერის სკამები 20 ცალი (ღირებულება 540 ლარი) და ოფისის ხის მაგიდა ორი ცალი (ღირებულება 160 ლარი). იქიდან გამომდინარე, რომ კრედიტორი ვერ აბრუნებს კომპანიის 2 ცალ მაცივარს (რომელთა ღირებულებაა 250 ლარი და 450 ლარი) ჯამში 700 ლარის ღირებულების ქონებას, კრედიტორი თანახმაა გამოქვითოს აღნიშნული თანხა მოვალის მიერ გადასახდელი ბოლო ტრანშიდან.
2.1.3. 18.02.2015 წელს მოსარჩელის მიერ ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების გამო, მოპასუხის სასარგებლოდ გადახდილი იქნა 8 000 ლარი. თუმცა, მხარეთა შორის 2015 წლის 16 თებერვალს დადებული მორიგების პირობების შეუსრულებლობის გამო განხორციელდა მოსარჩელის უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, რის შედეგადაც ამოღებული თანხიდან 19461.28 ლარი გადაერიცხა კრედიტორს (ნ---------–---–----------ს).
2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. სასამართლოს განმარტებით, მხარეთა ახსნა-განმარტება და საქმეში წარდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს არ უქმნის საფუძველს დადასტურებულად ჩათვალოს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 22.04.2014 წლით დათარიღებულ შპს ,,G---------------------------------“-ის ინვენტარის აღწერის აქტში (მოპასუხის ხელმოწერით, ს.ფ. 97, ტ.1.) მითითებული ყველა ნივთი მოპასუხის მფლობელობაშია. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილია 2015 წლის 16 თებერვალს შპს ,,G---------------------------------“-ს და ნ---------–---–----------ს შორის დადებული მორიგების აქტი, სადაც კონკრეტულადაა მითითებული თუ რა ნივთებს ფლობს მოპასუხე და იგი სხვა დათქმას ნივთების კუთვნილების თაობაზე არ შეიცავს (გარდა მორიგების აქტში მითითებულისა).
სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, რაც მის მიერ სარწმუნოდ ვერ იქნა განხორციელებული. ასევე მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა დაედასტურება, რომ მორიგების აქტში მითითებული მოძრავი ნივთების (მაცივრების) ღირებულება 700 ლარი ჩაეთვალა მოსარჩელეს ვალდებულების შესრულების ნაწილში. მორიგების აქტში მითითებული დაუბრუნებელი ნივთების ღირებულება შეადგენს (გაზქურა 320 ლარი, ოთხკუთხედი შუშის მაგიდა 2 ცალი ღირებული 180 ლარი, 18 ცალი სკამის ღირებულება 486 ლარი, 2 ხის მაგიდის ფასი 160 ლარი) 1146 ლარს. აღნიშნულ თანხას უნდა დაემატოს 700 ლარი და საბოლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 1846 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1 მუხლით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.1 მუხლით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლოს განმარტებით, სარჩელი აღძრულია მოძრავი ნივთების დაბრუნების მოთხოვნით (ვინდიცირება), სარჩელის წარმატებულობისათვის სახეზე უნდა იყოს სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინამღძვარი (კუმულაციური ერთობლიობა). მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ნივთს დაუფლებული უნდა იყოს მოპასუხე და ამ უკანასკნელს არ უნდა გააჩნდეს ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი. ამ წინამძღვრების არსებობის მტკიცების ტვირთი ვინდიცირების მართლზომიერების დასადასტურებლად ეკისრება მოსარჩელეს. თითოეული წინამძღვარი უნდა შემოწმდეს დამოუკიდებლად. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ზემოხსენებულ პუნქტში დასახელებული წინაპირობები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ყველა მოძრავი ნივთის მოპასუხის მფლობელობაში არსებობის ფაქტი. სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების 3.2 პუნქტში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ნ--------–---–----------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ქალაქ თ---–--–---------------------ში (ს/კ 0---------------) არსებული შემდეგი დასახელების ნივთები: სარეცხის მანქანა (ღირებულება 450 ლარი), ორი ცალი მრგვალი შუშის მაგიდა (ღირებულება 160 ლარი), ოთხკუთხედი შუშის მაგიდა ორი ცალი (ღირებულება 180 ლარი), 2 ცალი წითელი ფერის სკამი (ღირებულება 54 ლარი) და გადაეცეს მოსარჩელეს. მოპასუხეს უნდა გადახდეს 2015 წლის 16 თებერვალს შპს ,,G--------------------------------“-ს და ნ---------–---–----------ს შორის დადებული მორიგების აქტში მითითებული ნივთების ნაწილის ღირებულება 1146 ლარი და ასევე უნდა გადახდეს ორი ცალი მაცივრის ღირებულება 700 ლარი, სულ 1846 ლარი.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის დაკისრების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ მხოლოდ მითითება თანხის ოდენობის შესახებ ვერ დაედება საფუძვლად მოპასუხისთვის თანხის, როგორც მოსარჩელის მიერ დაკარგული (მიუღებელი) შემოსავლის დაკისრებას, ვინაიდან სსკ-ის 411-ე მუხლის გამოყენების მიზნებისათვის, აუცილებელია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადასტურება, რამაც მოსარჩელის მიერ მითითებული შემოსავლის დაკარგვა განაპირობა და რაც მთავარია, აღნიშნული შემოსავლის მიღების ობიექტური შესაძლებლობა.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ სადავოდ გამხდარი ნივთების მოსარჩელის ფლობის და შემოსავლის მიღების ფაქტი რის გამოც მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი ნაწილობრივ ასაჩივრებს გადაწყვეტილებას, კერძოდ, ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში და ითხოვს სრულად დაკმაყოფილდეს მისი სასარჩელო მოთხოვნა როგორც ნივთების გამოთხოვის ნაწილში, ასევე ზარალის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, ითხოვს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02.07 გადაწყვეტილება სრულად, საქმის მასალების გამოკვლევა მოხდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების 6.4 პუნქტში სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ სადავო ნივთები მოპასუხის მფლობელობაშია, რასაც ვერ დაეთანხმება, ვინაიდან სასამართლომ საერთოდ არ გაამახვილა ყურადღება და, არც გადაწყვეტილებაში არ მიუთითა ერთ დოკუმენტზე. ეს გახლავთ 2016 წლის 30.09. წერილი, რომელიც მოსარჩელემ გაუგზავნა მოპასუხეს და მოითხოვა ნივთების უკან დაბრუნება. ამ წერილს თან ახლდა ნუსხა მოთხოვნილი ნივთების. ეს წერილი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თარიღია საინტერესო, სასამართლო ეყრდნობა 2015 წლის მორიგების აქტს და საერთოდ არ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ეს წერილი მორიგების შემდეგ არის გაგზავნილი და გამოსათხოვი ნივთები ბევრად მეტია, ვიდრე ამ მორიგების აქტშია მითითებული და ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ ის არის, რომ ამ წერილის მიღების შემდეგ მოპასუხეს არ გაუცია პასუხი და ნივთების ჩამონათვალი არ გაუპროტესტებია. ეს ფაქტი, რომ კარგად გამოეკვლია მოსამართლეს და სწორი შეფასება მიეცა ამ მორიგების აქტის დანიშნულებაზე, აპელანტი დარწმუნებულია ამგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
აპელანტი აღნიშნავს, რომ ვერ გაიზიარებს ვერც იმას, რაც გადაწყვეტილების 6.5 პუნქტშია მითითებული. არასწორად არის განმარტებული სასასამართლოს მხრიდან ის, რომ თითქოსდა ვერ დაადასტურა მართლსაწინააღმდეგო ქმედება მოპასუხის მხრიდან და ამიტომ ვერ მოხდა ზიანის დაკისრება. აპელანტის განმარტებით, საქმეში წარდგენილი აქვს აღსრულების შედეგად შესრულებული ვალდებულება, რაც იმავდროულად იმაზე მიუთითებს, რომ ამის შემდეგ აღარ არსებობდა ნივთების მოპასუხესთან ყოფნის აუცილებლობა. მან მიიღო საკუთარი თანხები, რასაც ფირმას ედავებოდა და უკვე ამ ნივთების თავისთან გაჩერებით მისი, როგორც მესაკუთრის კანონიერი ინტერესები შელახა. თანხის ამოღებიდან სამი წლის განმავლობაში აპელანტის ნივთები ისევ უკანონოდ იყო მასთან, არ აბრუნებდა და მეტიც სხვაზე ქონდა გაქირავებული. აღსრულების დასრულების შემდეგ არანირი კანონიერი საფუძველი აღარ არსებობდა ნივთების დაკავების.
აპელანტი ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დღემდე ეს ნივთები ირიცხება აპელანტის საკუთრებად და ყოველწლიურად ამ ქონების გადასახადს იხდის აპელანტი. სასამართლომ არ იმსჯელა საერთოდ იმ საკითხზე, რომ ქონების გადასახადით აპელანტი ზარალდებოდა. აპელანტი ფიქრობს, რომ უკვე დადგენილი იყო ის, რომ ნივთები უკანონოდ იყო მოწინააღმდეგე მხარესთან მთელი სამი წელი, აპელანტი კი, დღემდე იხდის გადასახადს იმ ქონებისას, რაც მის მფლობელობაში არ იყო. ამდენად, აპელანტი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზეც უნდა იმსჯელოს სასამართლომ.
აპელანტი სამართლებრივ უსწორობად მიიჩნევს, რომ სასამართლომ ზიანის ანაზღაურების ნაწილზე მსჯელობისას განმარტება წაიყვანა იმ კუთხით, რომ ვერ დასტურდებოდა დელიქტით მიყენებული ზიანი, ეს არ არის სწორი, მხოლოდ დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას არ ითვალისწინებს კანონი, არსებობს უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის სახით, სხვისი მატერიალური სიკეთის ხელყოფით მიღებული ზიანის.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით განმარტავს შემდეგს:
პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს რომ 2014 წლის 22 აპრილს შპს „G-------------------------------“-ის ინვენტარის აღწერით მხარეებმა მოახდინეს იმ მოძრავი ნივთების აღწერა, რაც წარმოადგენდა მოსარჩელისა და შპს "ი----------------–-------------------–------ის" საკუთრებას. ამასთან, 2015 წლის 16 თებერვალს შედგენილი მორიგების აქტის მე-5 პუნქტით მხარეებმა გაწერეს მოსარჩელისათვის უკან გადასაცემი ქონების ჩამონათვალი და ესენია: სარეცხი მანქანა 450 ლარი; გაზქურა 320 ლარი; მრგვალი შუშის მაგიდა 2 ცალი 160 ლარი; ოთხკუთხედი შუშის მაგიდა 4 ცალი 360 ლარი; წითელი ფერის სკამები 20 ცალი 540 ლარი და ოფისი 2 ხის მაგიდა 160 ლარი. პალატა აგრეთვე, მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამავე მორიგების მე-4 პუნქტს, რომლის თანახმადაც, „კრედიტორმა“ (ნ-------------------–--ლი) იკისრა უპირობო ვალდებულება 30 კალენდარული დღის განმავლობაში დაუბრუნოს „კომპანიას“ ის ქონება უკან, რომელიც მას ნაქირავები ქონდა მესამე პირებისაგან, კერძოდ, კი შპს „ი-----------------–-----------------------------–------ს“ და რომლის სრული ჩამონათვალი და შესაბამისი მტკიცებულებები წინასწარ უნდა იქნას დადგენილი „კრედიტორისათვის“ რომ დამტკიცდეს ფაქტი, რომ დასაბრუნებელი ქონება უპირობოდ ეკუთვნის მესამე მხარეს (ტ.1., ს.ფ. 20).
ამდენად, ნ---------–---–----------მა ერთის მხრივ მიიღო მოძრავი ნივთები და მეორეს მხრივ ვერ დაადასტურა მათი სრულად უკან დაბრუნების ფაქტი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს აღნიშნულ ნაწილში და დაევალოს ნ---------–---–----------ს სარჩელით მოთხოვილი და იდენტიფიცირებას დაქვემდებარებული ნივთების, კერძოდ, იმ ნივთების, რომელიც ინვენტარის აღწერის ოქმშია მითითებული, დაბრუნება მოსარჩელე მხარისათვის.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთი გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
პალატა ყურადსაღებად მიაჩნია მხარეთა შორის 2015 წლის 16 თებერვალს გაფორმებული მორიგების აქტის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმადაც „კრედიტორი“ კისრულობს უპირობო ვალდებულებას 30 კალენდარული დღის განმავლობაში დაუბრუნოს „კომპანიას“ ის ქონება უკან, რომელიც მას ნაქირავები ქონდა მესამე პირებისაგან, კერძოდ, კი შპს „ი----------------–-----------------------------–------ს“ და რომლის სრული ჩამონათვალი და შესაბამისი მტკიცებულებები წინასწარ უნდა იქნას წარდგენილი „კრედიტორისათვის“ რომ დამტკიცდეს ფაქტი, რომ დასაბრუნებელი ქონება უპირობოდ ეკუთვნის მესამე პირს. 2014 წლის 22 აპრილს შპს „G-------------------------------“-ის ინვენტარის აღწერით მხარეებმა მოახდინეს იმ მოძრავი ნივთების აღწერა, რაც წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას. შესაბამისად, მოსარჩელისათვის დაბრუნებას ექვემდებარება ის მოძრავი ნივთები, რაც მითითებულ ოქმშია აღწერილი, შესაძლებელია ნივთების რაოდენობისა და დასახელების იდენტიფიცირება და რომლის დაბრუნებასაც მოსარჩელე ითხოვს სარჩელით. კერძოდ, პრინტერი 4 ცალი; მტვერსასრუტი 1 ცალი; სეიფი 1 ცალი; პერსონალური კომპიუტერი 1 ცალი; ფაქსის აპარატი 1 ცალი; კომპიუტერი 3 ცალი; ტელეფონი 7 ცალი; სამზარეულოს კარადა 1 ცალი; შავი მაგიდა 2 ცალი; LG მონიტორი 1 ცალი; LG კინოთეატრი 1 ცალი; მიკროტალღური ღმელი 1 ცალი; ჭაღი - 1 ცალი; მარმიტი 3 ცალი; სასწორი 1 ცალი; ბრინჯის სახარში აპარატი 1 ცალი.
როგორც პალატამ განმარტა, მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის აღარ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან კანონისმიერი საფუძველი მესაკუთრის უფლების შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ 2014 წლის 22 აპრილის აღწერის ოქმში მითთებული სადავო მოძრავი ნივთები უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს - მოსარჩელეს. ამასთან, პალატას საქმის გარემოებების გათვალისწინებით, დადგენილად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ სადავო მოძრავი ნივთები იმყოფება მოწინააღმდეგე მხარის უკანონო მფლობელობაში.
რაც შეეხება აპელანტის მიერ მოპასუხისათვის გაგზავნილ 2016 წლის 30 სექტემბრის წერილს, აპელანტი უთითებს, რომ წერილი მორიგების შემდეგ არის გაგზავნილი და გამოსათხოვი ნივთები ბევრად მეტია, ვიდრე ამ მორიგების აქტშია მითითებული, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წერილი მართალია ჩაბარებული აქვს ე-–----–---–----------ს, თუმცა ერთვის თუ არა წერილს ნუსხა (რაზეც წერილშია საუბარი), არ ჩანს და არც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ნუსხაზეა უფლებამოსილი პირის ხელმოწერა დაფიქსირებული, შესაბამისად, ამ წერილით ვერ დგინდება რა ნივთების ჩაბარებაზე აქვს აღებული პასუხისმგებლობა მოპასუხე მხარეს.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაადასტურა ზიანის ოდენობა, ასევე სადავოდ გამხდარი ნივთების ფლობით მოპასუხის მხრიდან შემოსავლის მიღების ფაქტი.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ დღემდე ეს ნივთები ირიცხება აპელანტის საკუთრებად და ყოველწლიურად ამ ქონების გადასახადს თვითონ იხდის და ამით ზარალდება, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება აპელანტს არ წარუდგენია სასამართლოსათვის და შესაბამისად, ამ ნაწილში მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა შეიცვალოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკანონო მფლობელობიდან გამოსათხოვ ნივთებს დაემატოს შემდეგი მოძრავი ნივთები: პრინტერი 4 ცალი; მტვერსასრუტი 1 ცალი; სეიფი 1 ცალი; პერსონალური კომპიუტერი 1 ცალი; ფაქსის აპარატი 1 ცალი; კომპიუტერი 3 ცალი; ტელეფონი 7 ცალი; სამზარეულოს კარადა 1 ცალი; შავი მაგიდა 2 ცალი; LG მონიტორი 1 ცალი; LG კინოთეატრი 1 ცალი; მიკროტალღური ღმელი 1 ცალი; ჭაღი - 1 ცალი; მარმიტი 3 ცალი; სასწორი 1 ცალი; ბრინჯის სახარში აპარატი 1 ცალი. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად გადახდილი ბაჟის ნახევრის - 562,5 ლარის გადახდა. დარჩენილ ნაწილში, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა აპელანტის მოთხოვნა, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „G-------------------------------”-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ნ--------–---–----------ის უკანონო მფლობელობიდან გამოსათხოვ შემდეგ მოძრავ ნივთებთან ერთად: სარეცხის მანქანა (ღირებული 450 ლარად), ორი ცალი მრგვალი შუშის მაგიდა (ღირებული 160 ლარად), ორი ცალი ოთხკუთხედი შუშის მაგიდა (ღირებული 180 ლარად), 2 ცალი წითელი ფერის სკამი (ღირებული 54 ლარად) გამოთხოვილი იქნას შემდეგი მოძრავი ნივთები: პრინტერი 4 ცალი; მტვერსასრუტი 1 ცალი; სეიფი 1 ცალი; პერსონალური კომპიუტერი 1 ცალი; ფაქსის აპარატი 1 ცალი; კომპიუტერი 3 ცალი; ტელეფონი 7 ცალი; სამზარეულოს კარადა 1 ცალი; შავი მაგიდა 2 ცალი; LG მონიტორი 1 ცალი; LG კინოთეატრი 1 ცალი; მიკროტალღური ღმელი 1 ცალი; ჭაღი - 1 ცალი; მარმიტი 3 ცალი; სასწორი 1 ცალი; ბრინჯის სახარში აპარატი 1 ცალი.
3. შპს „G-------------------------------”-ის სააპელაციო საჩივარი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება;
5. ნანა მირაშვილი - სპინგერს შპს „G-------------------------------”-ის სასარგებლოდ დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 562,5 ლარის გადახდა, დარჩენილ ნაწილში თანხა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე: მაია გიგაური
მოსამართლეები: ნატალია ნაზღაიძე
ვლადიმერ კაკაბაძე