განაჩენი

სისხლის სამართლის 14.01.2020
საქმის ნომერი
170100119002915679
ინსტანცია
თარიღი
14.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 170100119002915679

საქმე №1ბ/1282-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოსსახელით

 

14 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის, ნადეჟდა მარანელის მდივნობით,პროკურორ - გ-------------–---–ის

ადვოკატ - ს---–------------–---ის

გამართლებულ - ნ--------------–--–-–---–ის

მონაწილეობით,მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ნ--------------–--–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 05 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №2----------, დაოჯახებულის, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, უმუშევრის, მცხოვრების: ქ. თეთრიწყარო, ს----–-------------------------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენით ნ--------------–--–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ--------------–--–-–---–ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ნ--------------–--–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თეთრიწყაროში, ს----–----------------------------------- ბინაში მდებარე ფ-------------ისა და ნ--------------–--–-–---–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ნ--------------–--–-–---–მა მცირე ზომის ქვაბის მარჯვენა წარბის არეში ერთჯერადი დარტყმისა და გაშლილი ხელის ტუჩებისა და ცხვირის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - ფ-------------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული ქმედებისათვის ნ--------------–--–-–---–ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა 2019 წლის 21 თებერვალს ნ--------------–--–-–---–ის მიერ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობისა და აღნიშნულით მიყენებული ტკივილის განცდის ფაქტი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ნ--------------–--–-–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და კანონიერი, სამართლიანი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლებით:

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლოში დაიკითხა გამომძიებელი ჯ--–-------–------ი, რომელმაც აჩვენა, რომ მისთვის დაზარალებულის გამოკითხვისას მისგან ცნობილი გახდა, რომ სცემა მისმა ქმარმა. სასამართლოში დაკითხულმა მ---------------–---–მა გამოძიებას უჩვენა, რომ მან განახორციელა დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერება, რა დროსაც დაზარალებულს აღმოაჩნდა დაზიანებები. როგორც დაზარალებული განმარტავს, მეუღლემ მას გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, ხელი მოხვდა ცხვირისა და ტუჩის არეში, რის გამოც ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, ტუჩი კი გაუსკდა. აპელანტის მითითებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვის მონაცემებით (22.02.2019წ.) ფ-------------ეს აღენიშნება სისხლჩაქცევები მარჯვნივ თვალბუდის ქვედა ქუთუთოზე და ქვედა ტუჩის ლორწოვანზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მიიჩნია, რომ ნ--------------–--–-–---–ის მიმართ, მოცემულ საქმეზე არსებობს ერთმანეთთან დაკავშირებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გამართლებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა ნ--------------–--–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს---–------------–---მა ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გაანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა იზიარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს არგუმენტებს ნ--------------–--–-–---–ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ--------------–--–-–---–ის მიერ მეუღლის ფ-------------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს.

პალატის აზრით, აპელანტის მიერ ნ--------------–--–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებლად მიჩნეული საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში უტყუარად ვერ ადასტურებენ ნ--------------–--–-–---–ის ბრალეულობას, კერძოდ:

ნ--------------–--–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეყრდნობოდა ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას - დაზარალებულ ფ-------------ის გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმს, რომელიც ნ--------------–--–-–---–ს ამხელდა მისი მხრიდან ძალადობის ჩადენაში, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის − ნ--------------–--–-–---–ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.

 

აპელანტი განმარტავს, რომ საქმეში მოიპოვება საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ--------------–--–-–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად, კერძოდ, მიუთითა გამომძიებელ ჯ--–-------–------ის, მ---------------–---–ის ჩვენებებზე და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე. პალატა განმარტავს, რომ მოწმეები ჯ--–-------–------ი და მ---------------–---–ი არიან გამომძიებლები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ შეტყობინების მიღების შემდეგ და მომხდარის შესახებ შეიტყვეს დაზარალებულისაგან მისი გამოკითხვისა და ვიზუალური დათვალიერების დროს. აღნიშნული მოწმეების ინფორმაცია თავისი შინაარსით წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ისინი არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს, არამედ იციან დაზარალებულის გადმოცემით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს და (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

აპელანტი ასევე აქცენტს აკეთებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნაზე, რომლის თანახმად, პირადი გასინჯვის მონაცემებით (22.02.2019 წ.) ფ-------------ეს აღენიშნება სისხლჩაქცევები მარჯვნივ თვალბუდის ქვედა ქუთუთოზე და ზედა ტუჩის ლორწოვანზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ფ-------------ის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი, თუმცა აღნიშნული დასკვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ნ--------------–--–-–---–ის მხრიდან ამ დაზიანებების მიყენების დასადასტურებლად. პალატა ყურადღებას ამახვილებს დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ჩანაწერზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელი პირის გადმოცემით, 22.02.2019 წ. დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. თეთრიწყაროში, თავის საცხოვრებელ სახლში, ნასვამმა ქმარმა გაიქნია ხელი და შემთხვევით მოარტყა სახეში.

 

მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ნ--------------–--–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, თვლის, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ნ--------------–--–-–---–მა ჩაიდინა მეუღლის ფ-------------ის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს, არ წარმოუდგენია არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ნ--------------–--–-–---–ის მიერ ფ-------------ის მიმართ ძალადობის ფაქტს. მის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებდა მხოლოდ დაზარალებული წინასწარი გამოძიებისას გამოკითხვის დროს, რომელმაც უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. საქმეში კი არ მოიპოვება სხვა, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ნ--------------–--–-–---–ისათვის წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად, შესაბამისად, ირიბი მტკიცებულებები საკმარისი არ არის პირის დამნაშავედ ცნობისათვის. პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მოწმე არ არის ძალადობის ფაქტის უშუალო თვითმხილველი. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა ნ--------------–--–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ნ--------------–--–-–---–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა ფ-------------ის მიმართ.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ნ--------------–--–-–---–ის დამნაშავეობაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ნ--------------–--–-–---–ის ბრალეულობის დასადგენად, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

სარეზოლუციონაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

ნ--------------–--–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნ--------------–--–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.

ნ--------------–--–-–---–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე