განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.12.2019
საქმის ნომერი
120210018002756049
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები, ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ, მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
25.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120210018002756049

საქმე №2ბ/4188-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - ირაკლი ბონდარენკო

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი

ნატალია ნაზღაიძე

 

სხდომის მდივანი - მედეა წიკლაური

 

აპელანტი - თ-------------ე

წარმომადგენელი - ე--------------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ----------ე

წარმომადგენელი - ა---------–-----–--–---–-

 

დავის საგანი - არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დამატებითი ხარჯის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებით თ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე გ----------ეს (პ/ნ 4----------) მოსარჩელე თ-------------ის (პ/ნ 1---------) სასარგებლოდ დაეკისრა 2315.65 ლარის გადახდა. მოპასუხე გ----------ის (პ/ნ 4----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა შემდეგი ნივთები - ოქროს ყელსაბამი ღირებულებით - 1200 ლარი, ოქროს კულონი ღირებულებით - 250 ლარი, ოქროს სამაჯური, ღირებულებით - 680 ლარი, ბრილიანტი სამეული (საყურე და ბეჭედი) ღირებულებით 1200 ლარი, ბეჭედი ყავისფერი თვალით, ღირებულებით - 300 ლარი, ოქროს ყელსაბამი , ღირებულებით 300 ლარი და დადგინდა მოსარჩელე - თ-------------ისთვის გადაცემა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. თ-------------ე და გ----------ე 2012 წლის 21 სექტემბრიდან 2018 წლის 21 მარტამდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის 21 მარტს მოახდინეს მათ შორის არსებული ქორწინების რეგისტრაცია.

 

2.2. თ-------------ეს და გ----------ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–------------- დაბადებული ბ---------------ე.

 

2.3. ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ბ---------------ე ცხოვრობს დედასთან თ-------------ესთან ერთად.

 

2.4. 2018 წლის ივლისის თვეში ბ---------------ეს დაუდგინდა დიაგნოზი - C74.0 თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ავთვისებიანი სიმსივნე (ნეირობლასტომა IV სტადია). მიეცა რეკომენდაცია, რომ პაციენტს ესაჭიროება სასწრაფო-დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია ქიმიოთერაპიული მკურნალობის ჩატარების მიზნით.

 

2.5. ბ---------------ე სამკურნალოდ გადაყვანილი იქნა თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც მას ჩაუტარდა ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები, ასევე სხვადასხვა მომსახურეობები და პროცედურები, რომლის ხარჯმა მთლიანობაში შეადგინა 14070 თურქული ლირა.

 

2.6. თ-------------ემ თურქეთს რესპუბლიკაში ბ---------------ის სამკურნალოდ წაყვანისას იმგზავრა თვითმფრინავით. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი და - შ---------------ე. მგზავრობის ხარჯმა თბილისი თურქეთის მიმართულებით შეადგინა 1150 ლარი, ხოლო თურქეთი-თბილისის მიმართულებით - 1210 ლარი.

 

2.7. ბ----------------ს კონსულტაცია/გამოკვლევები ჩაუტარდა საქართველოს სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში, რომელთა ღირებულებამ შეადგინა:

 

• შპს ,,მ-----------------–-----–----------------------–ი’’ - 50 ლარი.

• შპს ,,----–---–-----------–-----–--------–---------------------–ი’’ - 44.80 ლარი.

• კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორია მ-------––ი -746,5 ლარი.

• მ------–-------------ში - 80 ლარი.

• ა---------------------–-----–------ში - 125 ლარი.

• შპს ,,---------------––ი’’ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრში - 75 ლარი.

• ნ----–------------–------–--------------აში - 280 ლარი.

 

2.8. მოპასუხე გ------------ს დედის - ნ-----–----------ის მიერ, თ--------------ის ანგარიშზე შეტანილი იქნა შემდეგი თანხები:

 

14.07.2018წ. – 500 ლარი;

20.07.2018წ. – 1000 ლარი;

26.07.2018წ. – 500 ლარი;

27.07.2018წ. – 330 ლარი;

02.08.2018წ. – 450 ლარი;

15.08.2018წ. – 200 ლარი;

24.08.2018წ. – 200 ლარი;

10.09.2018წ. – 140 ლარი;

13.09.2018წ. – 200 ლარი;

26.09.2018წ. – 200 ლარი;

09.10.2018წ. – 200 ლარი;

22.10.2018წ. – 200 ლარი;

02.11.2018წ. – 200 ლარი;

22.11.2018წ. - 200 ლარი;

 

2.9. ნ-----–----------ის მიერ თ--------------ის ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან ნაწილი - 2920 ლარი წარმოადგენს შემოწირულობების (მოსახლეობისგან დახმარების) შედეგად მიღებულ თანხას.

 

2.10. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განჩინებით გ----------ეს და თ-------------ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. გ----------ეს ბ----------------ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმეტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა;

- დაბადების მოწმობა;

- 07.07.2018წ. ელექტრონული ბილეთები;

- 28.06.2018წ. ელექტრონული ბილეთები;

- მედიპოლში ჩატარებული მკურნალობის ხარჯთაღრიცხვა;

- შპს ,,ნ------------–ში’’ გადახდილი თანხის ჩეკი;

- ბ---------------ის ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ ცნობები;

- შპს ,,მ-------------–------------–-----–------ში’’ თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

- შპს ,,მ---–---–-------------–------–--------–------------------------ში’’ თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

- შპს ,,მ-------––ი’’ თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები;

- მ------–-------------ში თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

- სსიპ ,,ჯ-------------------–-------–------ში’’ თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

- შპს ,,---------------––ი’’ თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

- ნ----–-------------–-------–---------------ში თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

- 02.11.2018წ., 26.07.2018წ., 20.07.2018წ., 14.07.2018წ., 10.09.2018წ., 02.08.2018წ.,27.07.2018წ., 13.09.2018წ., 24.08.2018წ., 15.08.2018წ., 22.10.2018წ., 09.10.2018წ., 26.09.2018წ. და 22.11.2018წ. გადახდის ქვითრები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- მოწმეთა ჩვენებები;

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.11. მოპასუხე სადავოდ ხდის ბ----------------ის მკურნალობისთვის გაწეული ხარჯის დაკისრებას და აცხადებს, რომ მას მონაწილეობა სრულად აქვს მიღებული ხარჯების გაწევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით,თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის

 

მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბ---------------ეს მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე გამოკლევები და მკურნალობა ჩაუტარდა საქართველოში, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. კერძოდ, შპს ,,მ-----------------–-----–----------------------–ი’’, გამოკლვევის ღირებულებმა შეადგინა - 50 ლარი, შპს ,,----–---–-----------–-----–--------–---------------------–ი’’ - 44.80 ლარი, კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორია მ-------––ი -

746,5 ლარი, მ------–-------------ში - 80 ლარი, ა---------------------–-----–------ში - 125 ლარი, შპს ,,---------------––ი’’ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრში - 75 ლარი, ნ----–------------–------–--------------აში - 280 ლარი. ამდენად, საქართველოში ჩატარებული გამოკვლევა/მკურნალობის ხარჯებმა ჯამში შეადგინა - 1401.3 ლარი. უდავოდ დადგენილია, რომ თ-------------ეს არასრულწლოვანი შვილი ბ---------------ე სამკურნალოდ წაყვანილი ჰყავდა თურქეთის რესპუბლიკაში. სადაც მისი მკურნალობის ხარჯებმა შეადგინა 14 070 თურქული ლირა, რაც შეადგენს 6989.98 ლარს (14070/0.4968). თ-------------ის მიერ გაწეული იქნა ასევე მგზავრობის ხარჯები, კერძოდ მან შეიძინა თვითმფრინავის ბილეთები. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მგზავრობის ხარჯმა შეადგინა 2360 ლარი. ამდენად, ბ---------------ისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისათვის და მგზავრობისთვის გაწეული იქნა ხარჯი ჯამში - 10751.3 ლარი.

 

საქმეზე უდაოდ დადგენილია, რომ მოპასუხის გ----------ის დედის ნ-----–---------ის მიერ თ-------------ისათვის სხვადასხვა დროს ჩარიცხული იქნა თანხები, ჯამში 4520 ლარი. ნ-----–---------ის განმარტებით, მის მიერ ჩარიცხული თანხიდან 2920 ლარი წარმოადგენს შემოწირულობების სახით მიღებულ თანხას. შესაბამისად, მოპასუხე გ----------ემ შვილის ბ---------------ის მკურნალობისათვის გასწია ხარჯი 1600 ლარის ოდენობით.

 

როგორც უკვე აღინიშნა, 2920 ლარი შეადგენს შემოწირულობის თანხას. შესაბამისად, შემოწირულობის თანხის გამოკლებით ბ----------------ის მკურნალობის ხარჯმა შეადგინა 7831.3 ლარი (10751.3-2920). იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მშობელს თანაბარი ვალდებულებები გააჩნია არასრულწლოვანი შვილის ბ-----------------ის მიმართ, მკურნალობის ხარჯი უნდა გაიღოს ორივე მშობელმა თანაბრად 7831.3/2=3915.65 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის ოჯახის მიერ მკურნალობის პერიოდში თ-------------ის ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 1600 ლარი, შესაბამისად გ----------ეს უნდა დაეკისროს 2315.65 ლარი (3915.65-1600=2315.65).

 

2.12. თ-------------ეს გ----------ის ოჯახმა აჩუქა შემდეგი ნივთები: ოქროს ყელსაბამი, ოქროს კულონი, ოქროს სამაჯური, ბრილიანტის სამეული (საყურე და ბეჭედი), ბეჭედი ყავისფერი თვალით, ხოლო ბ-----------------ს აჩუქეს ოქროს ყელსაბამი.

 

2.13. თ--------------ის კუთვნილი ოქროს ნივთები ამჟამად არის მოპასუხის გ----------ის საცხოვრებელ სახლში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–---------ემ განმარტა, რომ თ-------------ე პოლიციის თანდასწრებით მივიდა მასთან სახლში ნივთების წასაღებად. თ--------------ის ოქროს სამკაულები შენახული ჰქონდა ნ-----–---------ეს. თ-------------ემ წაიღო მხოლოდ დედის ნაჩუქარი ნივთები, ხოლო ნ-----–---------ის ნაჩუქარი ოქროს სამკაულები არ წაუღია. მოწმემ განმარტა, რომ ნივთები რომლებიც მან აჩუქა თ-------------ეს, კერძოდ ოქროს ყელსაბამი, ოქროს კულონი, ოქროს სამაჯური, ბრილიანტის სამეული (საყურე და ბეჭედი), ბეჭედი ყავისფერი თვალით, ამჟამად ინახება მის ოჯახში, ხოლო ყელსაბამი, რომელიც აჩუქა ბ-----------------ს უკეთია გ----------ეს ყელზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლების მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

კანონის მოხმობილი ნორმებით გათვალისწინებული საალიმენტო სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე ბავშვს უჩნდება უფლება, მოითხოვოს უზრუნველყოფა საარსებო სახსრებით, ანუ ალიმენტის გადახდა, მშობლებს კი უჩნდებათ მოვალეობა უზრუნველყონ არასრულწლოვანი შვილი ამგვარი საშუალებებით.

 

2.15. ბავშვთა უფლებების კონვენციით, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით დასახიჩრებით და სხვა).

 

როგორც აღინიშნა, საალიმენტო ვალდებულებათა მიზანია ბავშვისათვის აღზრდისა და რჩენისათვის ნორმალური პირობების შექმნა. საალიმენტო სახსრები შეიძლება არ იყოს საკმარისი იმ დამატებითი ხარჯების განსახორციელებლად, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით. ეს არის განსაკუთრებული გარემოებების გამო დამატებით ხარჯებში მონაწილეობა და არა ბავშვის სარჩენი ხარჯების დამატებითი გადახდევინება, ამიტომ მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების (ან მომავალში აუცილებლად გასაღები ხარჯების) გათვალისწინებით, მყარი თანხებით და არ შეიძლება მისი წილობრივი დაკავშირება ხელფასის ან სხვა შემოსავლის ოდენობასთან. დამატებით ხარჯებში მოპასუხე მშობელი მონაწილეობს ერთჯერადი გადასახდელის სახით ან განსაზღვრული დროით განსაზღვრული თანხების გადახდით. არასრულწლოვანის სარჩენად ალიმენტის გადამხდელი მშობლისათვის, დამატებითი ხარჯის სახით, ერთჯერადად თანხის გადახდის დაკისრება დასაშვებია მხოლოდ ისეთი განსაკუთრებული გარემოებების დადასტურებისას, როგორიცაა ბავშვის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება და სხვა ობიექტური ფაქტორები. სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, რაც მან უზრუნველყო. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბ---------------ეს დაუდგინდა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ავთვისებიანი სიმსივნე (ნეირობლასტომა IV სტადია). მიეცა რეკომენდაცია, რომ პაციენტს ესაჭიროება სასწრაფო-დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია ქიმიოთერაპიული მკურნალობის ჩატარების მიზნით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის დანიშნულებაა ბავშვის ნორმალური აღზრდის მატერიალური უზრუნველყოფა. საალიმენტო სახსრები შეიძლება არ იყოს საკმარისი იმ დამატებითი ხარჯების განსახორციელებლად, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით, რომლებიც არ შეიძლებოდა გათვალისწინებულიყო ალიმენტის განსაზღვრის დროს. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება ბავშვის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება, სწავლის საფასურის გადახდის აუცილებლობა და სხვა. მოქმედი კანონი, იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ ორივე მშობელი ერთნაირად ვალდებულია შვილების აღზრდაში მიიღონ მონაწილეობა, იძლევა დამატებითი ხარჯების ნაწილის მეორე მშობლისათვის დაკისრების შესაძლებლობას. ეს არის ახალი გარემოებების გამო დამატებით ხარჯებში მონაწილეობა და არა ბავშვის სარჩენი ხარჯების დამატებით გადახდევინება. ამიტომ მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, მყარი თანხებით და არ შეიძლება მისი წილობრივი დაკავშირება ხელფასის ან სხვა შემოსავლის ოდენობასთან. დამატებით ხარჯებში მოპასუხე მშობელი მონაწილეობს ერთჯერადი გადასახდელის სახით ან განსაზღვრული დროით განსაზღვრული სახსრების გადახდით. თუ დამატებით ხარჯებში მეორე მშობლის განმეორებით ჩართვის აუცილებლობა წარმოიშობა, მოსარჩელეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებით კვლავ მიმართოს სასამართლოს.

 

2.16. ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.

 

კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის მე-2 პრინციპის მიხედვით, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. ამავე რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთიანობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.

 

2.17. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობაზე ერთ-ერთ საქმეში – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“: „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.

 

„სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ (სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ; სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).

 

2.18. ბავშვის უფლებათა კონვენციის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე უფრო სრულყოფილი მომსახურებით და დაავადებათა მკურნალობისა და ჯანმრთელობის აღდგენის საუკეთესო საშუალებებით. მონაწილე სახელმწიფოები ცდილობენ უზრუნველყონ, რომ არც ერთ ბავშვს არ ჩამოერთვას უფლება, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ასეთი მომსახურებით. ამდენად, კონვენციით ბავშვის ერთერთი მნიშვნელოვანი უფლებაა მიიღოს სათანადო სამედიცინო მომსახურება, ხოლო ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მშობლების უპირველესი ვალდებულებაა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის ჯანმრთელობა სამართლით დაცული მნიშვნელოვანი ფასეულობაა, რაზეც მიუთითებს ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ბრალეულობის შემთხვევაში პირს ეკისრება არა მარტო უკვე გადახდილი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება, არამედ დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს მკურნალობის ხარჯები წინასწარ (408-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

 

განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი ბ---------------ის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს. ბავშვი არის მცირეწლოვანი, რომლის აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.

 

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მშობლის მატერიალური მდგომარეობა არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ ვალდებული პირის პირობების შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ფინანსური შესაძლებლობებით, არამედ მნიშვნელოვანია ასევე მისი პოტენციალიც, თუ რამდენად შრომისუნარიანია იგი და აქვს თუ არა შესაძლებლობა, უზრუნველყოს შვილის მატერიალური გარემო. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ამ ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე.

 

სასამართლომ განუმარტა ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანის ბ----------------ის სარჩენად ალიმენტის გადამხდელი მშობლისათვის გ--------------ათვის, დამატებითი ხარჯის სახით, ერთჯერადად თანხის გადახდის დაკისრება დასაშვებია მხოლოდ ისეთი განსაკუთრებული გარემოებების დადასტურებისას, როგორიცაა ბავშვის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება და სხვა ობიექტური ფაქტორები. სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, რაც მან უზრუნველყო კიდეც, მან დაადასტურა როგროც მის მიერ მკურნალობის ხარჯების რეალურად გადახდის ფაქტი, ასევე დადასტურა მოთხოვნილი ხარჯების გაწევის აუცილებლობა.

 

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბ---------------ეს მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე გამოკლევები და მკურნალობა ჩაუტარდა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. მკურნალობისათვის გაწეული იქნა ხარჯი ჯამში - 10751.3 ლარი. როგორც უკვე აღინიშნა, აღნიშნული თანხიდან 2920 ლარი შეადგენს შემოწირულობის თანხას. შესაბამისად, შემოწირულობის თანხის გამოკლებით ბ---------------ის მკურნალობის ხარჯმა შეადგინა 7831.3 ლარი (10751.3-2920). იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მშობელს თანაბარი ვალდებულებები გააჩნია არასრულწლოვანი შვილის ბ----------------ის მიმართ, მკურნალობის ხარჯი უნდა გაიღოს ორივე მშობელმა თანაბრად 7831.3/2=3915.65 ლარი. ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის ოჯახის მიერ მკურნალობის პერიოდში თ-------------ის ანგარიშზე ჩარიცხული იქნა სხვადასხვა თანხები, რამაც ჯამში შეადგინა 1600 ლარი. შესაბამისად, გ----------ეს 3915.65 ლარიდან უკვე გაწეული აქვს 1600 ლარის ხარჯი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ბ---------------ის მიმართ მშობელთა თანაბარი ვალდებულების გათვალისწინებით მოპასუხე გ----------ეს უნდა დაეკისროს საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით გაწეული ხარჯის - 2315.65 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

2.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების მართლზომიერად განხორციელება ნიშნავს სასამართლო დავაში მონაწილე პირთა უფლების თანაზომიერად დაცვას. დავის გადაწყვეტისას სამართლის ნორმათა შეფასებას ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის კანონით დაცული უფლება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის მიღებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. ამდენად, მესაკუთრეს აქვს საკუთარი ნივთის თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უფლება, მათ შორის უფლება მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. აღნიშნულ ურთიერთობას აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებული მემკვიდრეობით ან ჩუქებით;

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ-------------ეს ქორწინებასთან დაკავშირებით გ----------ის ოჯახმა აჩუქა შემდეგი ნივთები: ოქროს ყელსაბამი, ოქროს კულონი, ოქროს სამაჯური, ბრილიანტის სამეული (საყურე და ბეჭედი), ბეჭედი ყავისფერი თვალით, ხოლო ბ-----------------ს აჩუქეს ოქროს ყელსაბამი. ამდენად, სადავო ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლება წარმოშობილია ჩუქების საფუძველზე, ამიტომ იგი სადავო ნივთების მესაკუთრეა.

 

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ოქროს ნივთები თ-------------ემ დაქორწინებისას მიიღო საჩუქრის სახით და წარმოადგენს ოქროს ნივთების მესაკუთრეს. ასევე დადგენილია, რომ თ-------------ის კუთვნილი ოქროს ნივთები ამჟამად არის მოპასუხე გ----------ის მფლობელობაში. მოწმე ნ-----–---------ე, რომელიც არის გ----------ის დედა დაადასტურა, რომ სადავო ოქროს ნივთებს ინახავს თავად ოჯახში.

 

სასამართლომ დამატებით აღნიშნა, ვინდიკაციური სარჩელის აღძვრისას უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს მოსარჩელის კუთვნილი ნივთის მფლობელი და მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, თუმცა სასმართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მითითებული ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო- სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინდიკაციური სარჩელის პირობებში, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება სარჩელის სამივე საფუძვლის დამტკიცების მოვალეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ იქნება აღიარებული სადავო ნივთზე მისი მოთხოვნის მართლზომიერება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, კერძოდ მოსარჩელემ დაადასტურა, რომ იგი არის სადავო ნივთების მესაკუთრე, მოპასუხე არის მოსარჩელის კუთვნილი ნივთის მფლობელი და მას არ გააჩნია სადავო ნივთების ფლობის უფლება, რაც სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივ საფუძვლები:

 

3.1. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას მხარეთა მიერ შვილის მკურნალობისთვის გასაწევი ხარჯის განსაზღვრის ნაწილში და მიიჩნევს, რომ სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას მკურნალობის საერთო ხარჯისთვის არ უნდა გამოეკლო 2920 ლარი, რომელიც მხარეების შვილის მკურნალობისთვის ახლობელი ადამიანების მიერ გაღებულ თანხას წარმოადგენდა, რადგან აღნიშნული თანხა შეგროვებული იყო მხოლოდ მისი თანამშრომლების და ახლობელი ადამიანების მიერ, რაც საკმარისი საფუძველი იყო არა საერთო ხარჯისთვის, არამედ საერთო ხარჯიდან მხოლოდ მისი ნაწილის შესამცირებლად.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა პირველ რიგში შენიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს თ-------------ის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, რომლითაც ეს უკანასკნელი პრეტენზიას აცხადებს არასრულწლოვანი შვილის მკურნალობისთვის დამატებითი ხარჯების მშობლებს შორის განაწილებასთან დაკავშირებით. (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი)

 

განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ ხდება რომ:

- თ-------------ის და გ----------ის მცირეწლოვან შვილს ბ---------------ეს 2018 წლის ივლისის თვეში დაუდგინდა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი (ნეირობლასტომა IV სტადია) და მიეცა რეკომენდაცია სასწრაფო-დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია ქიმიოთერაპიული მკურნალობის ჩატარების შესახებ.

- ბ---------------ის მკურნალობის მიზნით გაწეულმა დანახარჯმა ჯამში 10 751,3 ლარი შეადგინა.

- გ------------ს დედის ნ-----–----------ის მიერ, თ--------------ის ანგარიშზე სხვადასხვა დროს ჩარიცხული იქნა 4520 ლარი, (14.07.2018წ. – 500 ლარი; 20.07.2018წ. – 1000 ლარი; 26.07.2018წ. – 500 ლარი; 27.07.2018წ. – 330 ლარი; 02.08.2018წ. – 450 ლარი; 15.08.2018წ. – 200 ლარი; 24.08.2018წ. – 200 ლარი; 10.09.2018წ. – 140 ლარი; 13.09.2018წ. – 200 ლარი; 26.09.2018წ. – 200 ლარი; 09.10.2018წ. – 200 ლარი; 22.10.2018წ. – 200 ლარი; 02.11.2018წ. – 200 ლარი; 22.11.2018წ. - 200 ლარი), საიდანაც 2920 ლარი წარმოადგენდა ბ---------------ის მკურნალობისთვის სხვადასხვა პირების მიერ შეგროვებულ თანხას.

 

4.2. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი ბ---------------ის მკურნალობისთვის გაღებული ხარჯის მშობლებს შორის განაწილების საკითხი. კერძოდ, მოსარჩელე აპელანტი სადავოდ ხდის მოპასუხის დედის მიერ სხვადასხვა დროს მის ანგარიშზე ჩარიცხული 4520 ლარიდან 2920 ლარის მკურნალობის საერთო ხარჯის - 10 751,3 ლარისთვის გამოკლებას და სხვაობის - 7831,3 ლარის მხარეებს შორის თანაბრად განაწილებას. აპელანტის განმარტებით მოპასუხის დედის მიერ მისთვის ჩარიცხული 4520 ლარიდან 2920 ლარი წარმოადგენდა მისი ნათესავებისა და თანამშრომლების მიერ შეგროვებულ ფინანსურ რესურს, შესაბამისად, აღნიშნული თანხა უნდა გამოკლებოდა არა მკურნალობის საერთო ხარჯს - 10 751,3 ლარს, არამედ მკურნალობისთვის მთლიანად დახარჯული 10 751,3 ლარიდან მის მიერ გადასახდელ ნახევარს 5375,65 ლარს.

 

4.3. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, ფაქტი მასზედ, რომ მოსარჩელისთვის მოპასუხის დედის მიერ ჩარიცხული 2920 ლარი შვილის მკურნალობისთვის გაწეული მთლიანი ხარჯიდან მხოლოდ მოსარჩელის მიერ გასაწევ ხარჯს უნდა გამოკლებოდა, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული თანხა მხოლოდ მოსარჩელის თანამშრომლების და ახლობლების მიერ უშუალოდ მოსარჩელის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით გადაცემულ თანხას წარმოადგენდა მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა.

 

სააპელაციო პალატა ხაზგამისთ შენიშნავს, რომ მოსარჩელე აპელანტმა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების სამტკიცებლად მისი ახსნა-განმარტების გარდა სასამართლოს ვერცერთი სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულება ვერ წარმოუდგინა. პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელე აპელანტი მხარის მხოლოდ ზეპირი განცხადება, რომ სადავო თანხა (2920 ლარი) პირადად მისი ფინანსური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით მისი თანამშრომლების და ახლობლების მიერ გადაცემულ თანხას წარმოადგენდა, გადაწყვეტილებას საფუძვლად ვერ დაედება, ვინაიდან იგი პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარეა და მხოლოდ მისი ზეპირი განცხადება, თუ იგი რელევანტური მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის ტესტს ვერ ლახავს. უფრო მეტიც, აღნიშნულის საპირისპიროდ პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ სადავო თანხა მოსარჩელისთვის მოპასუხის დედის მიერ სხვადასხვა დროს სს ,,ლიბერთი ბანკის’’ მეშვეობით ,,დახმარების ფულის’’ სახელწოდებითაა ჩარიცხული. იმ შემთხვევაში თუ მოპასუხის დედის მიერ მოსარჩელისთვის ჩარიცხული თანხა ამ უკანასკნელის თანამშრომლების და სხვა ახლობელი პირების მიერ უშუალოდ მოსარჩელისთვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით გადაცემულ ფინანსურ რესურს წარმოადგენდა, გაუგებარია აღნიშნული პირები რატომ არ გადასცემდნენ თანხას უშუალოდ თ-------------ეს და რატომ მიჰქონდათ თანხა ამ უკანასკნელის დედამთილთან, მითუმეტეს, რომ ამ პერიოდისთვის ისინი ერთ ოჯახად უკვე აღარ ცხოვრობროდნენ. ამ მიმართებით ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მოპასუხესთან ფაქტობრივი თანაცხოვრების სარჩელის სასამართლოში წარდგენდამდე (18.12.2018წ.) ექვსი თვით ადრე შეწყვეტის შესახებ მოსარჩელე მხარე სასამართლოში 2018 წლის 10 დეკემბერს წარდგენილი სარჩელის მე-3 ფაქტობრივ გარემოებაში თავად უთითებდა. ამრიგად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტმა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი წარმატებით ვერ დასძლია, მან სასამართლოს ვერ შეუქმნა მტკიცებულებებით გამყარებული შინაგანი რწმენა მასზედ, რომ სადავო თანხა არა მკურნალობის საერთო ხარჯს არამედ საერთო თანხის ნახევრიდან მხოლოდ მის წილ თანხას უნდა გამოკლებოდა.

 

4.4. საბოლოოდ სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია და დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები თ-------------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკამაყოფილების შესახებ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ შეიცავს საკმარის სამართლებრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო

 

მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი

 

ნატალია ნაზღაიძე