განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140210118002330995
2ბ/5487-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მიხეილ გოგიშვილი
მოსამართლეები - დიანა ბერეკაშვილი
ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი - ნატო გოგიშვილი
აპელანტი- მ--- ფ--–--–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარეები: დ----- დ--–---–---–ი, ქ------- დ--–---–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე დ----- დ--–---–---–ს მოსარჩელე მ--- ფ--–--–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 870 (რვაას სამოცდაათი) ლარის გადახდა; მ--- ფ--–--–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვა უარი;
პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე მ--- ფ--–--–-–---–ი 1994-2013 წლებში გორის რაიონ სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, ხოლო 2013 წლის შემდგომ ბინაზე ბავშვების მომზადებით იყო დაკავებული.
2.2. მ--- ფ--–--–-–---–მა ქ------- დ--–---–---–ის მეშვეობით გაიცნო დ----- დ--–---–---–ი, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა 2017 წლის 17 აგვისტოს, ხოლო მათ შორის განქორწინება მოხდა დ----- დ--–---–---–ის სარჩელის საფუძველზე გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით.
2.3. მ--- ფ--–--–-–---–ი დაქორწინების შემდგომ საცხოვრებლად გადავიდა დ----- დ--–---–---–ის სახელზე რიცხულ ბინაში, ხოლო დ----- დ--–---–---–ის და - ქ------- დ--–---–---–ი თავდაპირველად ცხოვრობდა ცალკე ქ. გორში, ე-- ჯ-----–---–ის ქ. N7-- ში.
2.4. საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებითა და სხვა სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მოსაჩელე მ--- ფ--–--–-–---–ი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პერიოდულად გადის მკურნალობის კურსს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.5. სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზით დადგენილად მიიჩნია, რომ ვერ დგინდება მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელე მ--- ფ--–--–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მოპასუხეთა ქმედებებს შორის.
2.6. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მ--- ფ--–--–-–---–მა და დ----- დ--–---–---–მა ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეს ერთობლივი საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები. კერძოდ, ინდეზიტის ფირმის სარეცხის მანაქნა, პანასონიკის ფირმის ფერადი ტელევიზორი და საუთოო მაგიდა, რომელთა საერთო ღირებულებამ შეადგინა 1740 ლარი, ამდენად ხსენებული ნივთები მიიჩნია მათ თანასაკუთრებად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მხარეთა განმარტებით დგინდება რომ მოსარჩელე მ--- ფ--–--–-–---–ი და მოპასუხე დ----- დ--–---–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ხოლო საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულება მასზედ რომ დროის ამ მონაკვეთში მხარესთან თანაცხოვრების შედეგად წარმოეშვა ჯანმრთელობის პრობლემა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7.სასამართლომ განიხილა მ--- ფ--–--–-–---–ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სასამართლომ განმარტა, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას ორივე მხარის პატივსადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს, სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე მ--- ფ--–--–-–---–ი და დ----- დ--–---–---–ი 2017 წლის აგვიტოდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და ამ დროიდან ფაქტობრივად ცხოვრობდნენ ერთად, რა პერიოდშიც საერთო თანხებით შეიძინეს სარჩელში მითითებული მოძრავი ნივთები. საქმის მასალებით არ დასტურდება ამ ნივთების შეძენის მიზნით მოპასუხე ქ------- დ--–---–---–ის მიერ ხარჯის გაღების ფაქტი. ამდენად, მითითებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს მოსარჩელე მ--- ფ--–--–-–---–ისა და მოპასუხე დ----- დ--–---–---–ის მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას და შესაბამისად მათ თანასაკუთრებას. მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ამ ნივთების საერთო ღირებულება შეადგენს 1740 ლარს, რომლის თანაბარწილად გაყოფის შედეგად 870 ლარის ანაზღაურება დაეკისრა მოპასუხე დ----- დ--–---–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ.
2.8. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
სასამართლოს განმარტებით, ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში იგულისხმება დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის.
განსახილველი დავის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს, რამდენად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეთა ქმედებების შედეგად მოსარჩელეს შეერყა ჯანმრთელობის მდგომარეობას და გადის მკურნალობის კურსს აქედან გამომდინარე, იგი ითხოვს, როგორც მატერიალური ისე მორალური ზიანის ანაზღაურებას.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ- სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით დასტურდება, მ--- ფ--–--–-–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობა და მისი მკურნალობის აუცილებლობლობა.
როგორც უკვე აღინიშნა, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელია არსებობდეს აღნიშნული სამართლებრივი ინსტიტუტის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმით დადგენილი წინაპირობების ერთობლიობა. ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტის და მიზეზშედეგობრივი კავშირის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელე მხარეს.
სასამართლოს განმარტებით მოსარჩელეს მართალია წარმოდგენილი აქვს გარკვეული დოკუმენტები მკურნალობასთან დაკავშირებით, თუმცა მან ვერ შეძლო დაედასტურებინა ის გარემოება, რომ აღნიშნული მიზეზ-შედეგობრივ კავშირში იყო მოპასუხის ქმედებასთან. ასეთად ვერ გამოდგება მხოლოდ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებები, რამეთუ აღნიშნული სახის მტკიცებულებით უტყუარად ვერ დასტურდება მოპასუხეთა ქმედებებიდან გამომდინარე მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი
რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხს, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანხმად, პირს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც, ამასთან სსკ -ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი კომპონენტების ერთობლიობაში არსებობა. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ არის დადასტურებული მოპასუხეთა მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის მატერიალური ან მორალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი მოპასუხეთა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად, წარმოშობდა მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. ამდენად, სარჩელს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სრულად ეთქვა უარი დაუსაბუთებლობის გამო.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, დაბადებიდან ქორწინებამდე ცხოვრობდა გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში, სადაც 1994-2013 წლებში ეწეოდა პედაგოგირ საქმიანობას დაწყებით კლასებში და ასევე მუშაობდა კერძოდ ლოგოპედის სპეციალიზაციით. ხოლო, განქორწინების შემდგომ მკვეთრად შეირყა მისი საქმიანი რეპუტაცია, აღარ ეწევა ლოგოპედის საქმიანობას, რადგან სამოქალაქო საქმიდან გავრცელდა ინფორმაცია თითქოსდა მისი ფსიქიკური მდგარეობის გამო აღრიცხვაზე აყვანასთან დაკვშირებით.
3.2. აპელატის მტკიცებით მისი მიზანი იყო ჰქონოდა კარგი ოჯახი, რისი საშუალებაც არ მისცა მისმა მულმა ქ------- დ--–---–---–მა. დაუკეტა ოთახები და დ----- დ--–---–---–თან ერთად არ მისცა საშუალება მოემზადებინა ბავშვები, მის მეუღლეს აიძულებდა სხვა საძინებელში დაეძინა. და-ძმა სისტემატიურად ამცირებდა აპელანტს, იძახებდა პატრულს და ზოგჯერ მშიერს ტოვებდა მას.
აპელანტის მტკიცებით მოპასუხეებმა შექმნეს დოკუმენტი თითქოსდა 2016 წლის მგომარეობით, ე.ი. დაოჯახებამდე გადიოდა მკურალობას გურამ მაჩაიძესთან. ჯანმრთელობის პრობლემები აპელანტს მართლაც აქვს, ოღონდ აღნიშნული გაუჩნდა ოჯახიდან წამოსვლის შემდგომ.
3.3.აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ ახალ ფაქტობრივ გარემოებად უნდა მიიჩნიოს ის ფაქტი, რომ მოპასუხეებმა შესაგებელს დაურთეს მისი ექიმის გურამ მაჩაიძის მიერ გაცემული დოკუმენტი, საიდანაც ჩანს რომ თითქოს მ--- ფ--–--–-–---–ი ფსიქიკურად იყო დაავადებული ქორწინებამდე 5-6 წლით ადრე. რაზეც ჩატარდა მოკვლევა აპელანტის განცხადების საფუძველზე კლინიკა „ნოვა მედის“ დირექტორის მიმართ. ექიმმა აღირა რომ აღნიშნული დოკუმენტი შეადგინა ზინაიდა ბაქრაძის მითითებით, ხოლო ექიმს მიეცა გაფრთხილება.
აპელანტის მტკიცებით, ახალი ფაქტობრივი გარემოება ასევე ის, რომ იბეჭდება დამცინავი სტატიები მისი მისამართით.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით სააპელაციო საჩივარი უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოში განხორციელებულ მტკიცებულებით საქმიანობას, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებების სამართლებრივ კვალიფიკაციას. აპელაციაში იხილება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივი და ფაქტობრივი ან მხოლოდ სამართლებრივი საფუძვლებით უკვე გამოკვლეული ფაქტებისა და მტკიცებულებების ფარგლებში.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი; 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ხსენებული ნორმა უკავშირდება მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეულ დაზარალებულის სულიერ განცდებს, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და სხვა. თუმცა ლოგიკური არგუმენტაცია მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობებთან დაკავშირებით აპელანტს არ შემოუთავაზებია სასამართლოსათვის, რაც თავისთავად საჩივრის წარუმატებლობაზე მეტყველებს.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია რომ მოსარჩელე მ--- ფ--–--–-–---–ს შერყეული აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსაჩელე მ--- ფ--–--–-–---–ი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პერიოდულად გადის მკურნალობის კურსს.
აღნიშნულ ფაქტობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ დაავადების გამომწვევი ფაქტორი მრავალგვარი შეიძლება იყოს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგმარეობა სწორედ მოპასუხეთა ბრალით დადგა, თუმცა აღნიშნულის დასადასტურებლად მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, მხოლოდ ექიმთან ვიზიტის დაწყების თარიღის მითითებისას ამ პერიოდამდე მხარის ზუსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევა შეუძლებელია. მხოლოდ იმ გარემოების დადგენით რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა ქორწინების შემდეგ არ წარმოადგენს მოპასუხეთა პასუხისმგებლობის საფუძველს.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მოპასუხეთა არამართლზომიერი ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლო ვერ დაადგენს ფაქტობრივ გარემოებას მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ და მასზე ვერ ააგებს მსჯელობას თუ ვარაუდი არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებით ან მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არაა, შესაბამისად, ვერც აპელანტის პოზიციას გაიზიარებს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ის გარემოებები, რაზეც ამყარებდა თავის სარჩელს, სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი კომპონენტების ერთობლიობაში არსებობა. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ არის დადასტურებული მოპასუხეთა მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის მატერიალური ან მორალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი მოპასუხეთა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად, წარმოშობდა მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ წინაპირობებთან მიმართებაში [სსკ-ის 413-ე მუხლი] საკასაციო სასამართლოს დადგენილი აქვს მყარი სასამართლო პრაქტიკა. ერთ-ერთ საქმეზე პალატამ შემდეგი განმარტება გააკეთა: “კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს ჩვეულებრივ, შესაძლოა, თან ახლდეს მორალური, სულიერი განცდები, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ე.ი კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეუძლია დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. განსახილველი ნორმის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი... სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა, უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება არის ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში.“ (იხ .სუსგ #ას-452-431-2015, 28.09.2015)
პალატა განმარტავს, რომ დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს წინაპირობები მოპასუხისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.
სააპელაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ მოპასუხეთა ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა ვერც ერთი ზიანის დაკისრების მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობა.
ასეთ ვითარებაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლები არ არსებობს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 393-ე, 394-რ, 390-ე, 55-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ--- ფ--–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელი
თავმჯდომარე მიხეილ გოგიშვილი
მოსამართლეები დიანა ბერეკაშვილი
ოთარ სიჭინავა