განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100119003000312
საქმე №1ბ/01-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
23 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: მ------- რ------–---–ი (პირადი ნომერი: №1----------), დაბადებული 1963 წლის 7 მარტს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ---------–--------------------–------------------------------------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელი: ჯარიმა 5000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებული: ე---------- რ------–---–ი (პირადი ნომერი: №1----------), დაბადებული 1985 წლის 23 ოქტომბერს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ-----------------------–------------------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელი: ჯარიმა 5000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა მ------ და ე---------- რ------–---–ებმა და ითხოვეს დანიშნული სასჯელის - ჯარიმის 5000 ლარის შემცირება და თითოეულისათვის 3000-3000 ლარის განსაზღვრა.
სასამართლომ დაადგინა:
მ------ რ------–---–მა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ------- რ------–---–ი 2009-2018 წლებში სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას მ------ რ------–---–ი ეწეოდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. მ------ რ------–---–ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 338550 აშშ დოლარი, რაზედაც მიღებულმა სარგებელმა 2009-2019 წლებში შეადგინა 42650.6 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით 78281.2 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, მ------ რ------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით, 2009-2018 წლების პერიოდზე, გადასახდელად დაეკისრებოდა 14110.6 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
ე---------- რ------–---–მა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ე---------- რ------–---–ი 2012-2019 წლებში სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ე---------- რ------–---–ი ეწეოდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. ე---------- რ------–---–ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 56500 აშშ დოლარი და 27000 ლარი, რაზედაც მიღებულმა სარგებელმა 2012-2019 წლებში შეადგინა 33982.02 ლარი (11536.2 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით 20812.02 ლარი და 13170 ლარი). აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, ე---------- რ------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით, 2012-2018 წლების პერიოდზე, გადასახდელად დაეკისრებოდა 6367.4 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მ------ რ------–---–ისა და ე---------- რ------–---–ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: მოწმეების - ზ---- ჭ-----–---–ის, რ------- ბ-----–---ის, ს------ კ-------–---–ის, მ------ ჩ--------–ის, ც---- ჯ------ის ს------ კ-------–---–ის, ი------- ბ----ის, ლ---- ხ-----–---–ის, ი-–-------–--ის, ი-----------ის, ზ----- კ--–-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით, სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის თემატური რევიზიის აქტებით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების მ------ და ე---------- რ------–---–ების დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ------- რ------–---–მა ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, ე---------- რ------–---–მა ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ------ რ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული.
მ------ რ------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ე---------- რ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული.
ე---------- რ------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულების მ------ და ე---------- რ------–---–ების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მათთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა მ------ და ე---------- რ------–---–ების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავეთა პიროვნება და ისე განუსაზღვრა მათ სამართლიანი სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულების პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენი, მ------ და ე---------- რ------–---–ების მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების მ------- რ------–---–ისა და ე---------- რ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
მ------- რ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით.
მ------- რ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ე---------- რ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით.
ე---------- რ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
მსჯავრდებულების: მ------- რ------–---–ის და ე---------- რ------–---–ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: /მ. თეთრაული/