განაჩენი

სისხლის სამართლის 23.01.2020
საქმის ნომერი
080100119003089576
ინსტანცია
თარიღი
23.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003089576

№1/ბ-846-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 იანვარი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

პროკურორის - გ-------- ტ---–--ის

ადვოკატის - ა----- გ--------ის

გამართლებულის - ე------ შ-----–--ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე------ ვ-–-ს ძე შ-----–--ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ.ქუთაისი, ს.მახვილაძის ქ.N5--- ფაქტიურად მცხოვრები: ბაღდათის რაიონი, სოფელი ვ---–--ე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ე------ შ-----–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 05 ივნისს, დღის საათებში, ქუთაისში ნიკეას ქუჩა პირველ შესახვევის N12/43-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ე------ შ-----–--ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ლ--–---------–--ეს. კერძოდ, ეუბნებოდა, რომ ყელს გამოჭრიდა. ე------ შ-----–--ის ქმედების შედეგად ლ--–---------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ე------ი შ-----–--ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და გამართლდა.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------- ტ---–--ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ე------ი შ-----–--ის საქართველოს 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელი დატოვება მოითხოვა.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ გ-------- ტ---–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ გ------ი შ-----–--ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ა----- გ--------ეს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ლ--–---------–--ემ სასამართლო სხდომაზე ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

ასევე საქმის სასამართლოში განხილვის დროს, მოწმე ი--- შ-----–--ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ------ი კუ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის ივნისის თვეში, როდესაც პოლიციის მეოთხე განყოფილებაში მუშაობდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად, შეტყობინების საფუძველზე გაიგო, რომ ე------ შ-----–--ე სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მის მეუღლეს ლ--–---------–--ეს. დაზარალებული ლ--–---------–--ე იმყოფებოდა მისი ძმის სახლში, სადაც განხორციელდა აღნიშნული მუქარის ფაქტი. ლალი ვირსალიძემ, როგორც განმარტა აპირებდა ე------ი შ-----–--ესთან განქორწინებას, რაზედაც ე------იმ უთხრა, რომ ამის გამო მშობლები ნერვიულობენ და მათ, რომ რამე მოუვიდეს ყელს გამოგჭრიო.

მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის შ----- ც---–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 21 ივნისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე მის მიერ სოფელ ვ---–--ეში საცხოვრებელ სახლში დაკავებულ იქნა ბრალდებული ე------ შ-----–--ე. დაკავებაში მასთან ერთად მონაწილეობდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მამუკა წაქაძე. ე------ შ-----–--ის დაკავება მოხდა მშვიდ გარემოში მისი მხრიდან რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია.

მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ლ---- ც---ას ჩვენებით დადგენილია, რომ პოლიციის განყოფილებაში შესულ იქნა შეტყობინება, რომლის თანახმად, ლ--–---------–--ეს ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მისი მეუღლე ე------ შ-----–--ე, აღნიშნულის გამო დაწყებულ იქნა გამოძიება. ასევე, გამოკითხულ იქნა ი--- შ-----–--ე, დაზარალებულ ლ--–---------–--ისა და ე------ შ-----–--ის შვილი, რომელმაც განმარტა, რომ იმყოფებოდა მისი ბიძის საცხოვრებელ სახლში, სადაც მიაკითხა ე------ შ-----–--ემ და იქ სიტყვიერად დაემუქრა დედამისს ,,ჩვენი განქორწინების შესახებ ჩვენი შვილები ნერვიულობენ და თუ რამე მოუვათ გამოგჭრი ყელსო“. განმარტავს, რომ როგორც მოწმეების გამოკითხვისას გაიგო ლ--–---------–--ე ცხოვრობდა და მუშაობდა საზღვარგარეთ ხოლო მათი შვილები ცხოვრობდნენ ე------ შ-----–--ის სახლში.

მოწმის სახით დაკითხული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის ი-----–- ხ----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებულ იქნა შეტყობინება მუქარის ფაქტზე. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ლ--–---------–--ემ განმარტა, რომ კონფლიქტი ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან ე------ შ-----–--ესთან, რომელიც მივიდა მათთან და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. განმარტავს, რომ მის მიერ მოხდა ასევე შემაკავებელი ორდერის გამოცემა ე------ შ-----–--ის მიმართ.

სააპელაციო პალატას ე------ შ-----–--ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა წარდგენილი ბრალდება.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია აღიქვა თუ არა მუქარა რეალურად და განიცადა თუ არა შიში, ვინაიდან მუქარის განხორციელების შიში, სუბიექტური აღქმაა. ხოლო ყველა სხვა პირის განმარტება, არის მხოლოდ ვარაუდი. მოცემულ შემთხვევაში კი დაზარალებულმა ლ--–---------–--ემ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, დაუდგენელია ამ ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადეს თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა და რეალურად აღიქვა თუ არა სხეულის დაზიანების მუქარა.

პალატა ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმას, რომ საქმეში წარმოდგენილი დანაშაულის შესახებ შეტყობინებები და სხვა მასალები, რომლებშიც ასახულია დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებული მუქარის შესახებ, მაგრამ ამ ინფორმაციის პირველწყარომ ლ--–---------–--ემ სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა ხსენებული ინფორმაციის რეალურობა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს აზრით ე------ შ-----–--ის მიერ, მეუღლის - ლ--–---------–--ის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარისად, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებობს ხსენებულ მოწმეთა ჩვენებები, რომლების თანახმადაც ე------ შ-----–--ის მიერ თითქოს განხორციელდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, თუმცა ეს მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ წარდგენილ ბრალს და ისინი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების: გ------ი კუ------ის, შ----- ც---–---ის, ლ---- ც---ას და ი-----–- ხ----–--ის ჩვენებებს, ისინი განმარტავენ დაზარალებულ ლ--–---------–--ის მონათხრობს, მეუღლის ე------ შ-----–--ის მხრიდან მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეებს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენიათ) ე------ შ-----–--ის მიერ განხორციელებული ქმედება. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ჩვენებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მოწმის ჩვენება, რომლის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.

გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილ-ებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.

საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ-------- ტ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 ნოემბრის განაჩენი ე------ შ-----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ე------ შ-----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ე------ შ-----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

გამართლებულ ე------ შ-----–--ის განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი შსს-ს საინფორმაციო ცენტრ 112-დან მიღებული აუდიო ჩანაწერი 1 (ერთი) ცალ დისკად (რომელიც ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე