განაჩენი

სისხლის სამართლის 23.01.2020
საქმის ნომერი
080100119002958723
ინსტანცია
თარიღი
23.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080100119002958723

№1/ბ-845-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 იანვარი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

პროკურორის - გ------ი გ----------ის

ადვოკატის - ა---------– ბ----------ის

გამართლებულის - გ---- ძ---–--ის მონაწილეობით

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---- გ------ის ძე ძ---–--ის მიმართ, დაბადებული:1--------- წელი, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ტყიბულის რაიონი სოფელი გ-----ა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ---- ძ---–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 21 ნოემბერს დაახლოებით 2300 საათზე ტყიბულის რაიონის სოფელ გ-----აში თავისსავე საცხოვრებელ სახლში გ---- ძ---–--ემ, ხელი დაარტყა ზურგის არეში არასრულწლოვან შვილს თ-----ი ძ---–--ეს, ასევე დაზიანებები მიაყენა ხელის არეში. დაზარალებულმა ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 ნოემბრის განაჩენით გ---- ძ---–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------ი გ----------ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ---- ძ---–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი, არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ გ------ი გ----------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ გ---- ძ---–--ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - ა---------– ბ----------ეს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდებულის ახლო ნათესავებმა ბრალდებულ იმედა ბექელაძის მეუღლემ - დაზარალებულმა მამაგული ცეცხლაძემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა თ----- ძ---–--ემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის მამის ჩვენების მიცემაზე, ასევე მოწმე მარიამ კაკუშაძემ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის - მეურლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლის - გ-----–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნოემბრის თვეში სამსახურში მორიგე ნაწილში 112-დან შევიდა შეტყობინება, რომ გ-----აში ოჯახურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. შეტყობინებას აკეთებდა ქალბატონი. რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, აღმოჩნდა გ---- ძ---–--ის მეუღლე. ამის გამო ის და ორი თანამშრომელი მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც ოჯახში დახვდათ გ---- ძ---–--ე, მისი მეუღლე და ბავშვი. ოჯახურ კონფლიქტს ამ დროს ადგილი არ ჰქონია, გ---- ძ---–--ე კი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. გ----ს მეუღლე აცხადება, რომ გ---- ძ---–--ე იყო ნასვამ მდგომარეობაში, აგინებდა მას და შეურაცხყოფას აყენებდა. ბავშვის განმარტებით კი მამამ ზურგის არეში დაარტყა და ხელზე მოუჭირა ხელი.

მოწმის სახით დაკითხული ტყიბულის რაიონულ სამმართველოს გელათის პოლიციის თანამშრომელის, დ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით, მამიდან შვილის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ტყიბულის რაიონის სოფელ გ-----აში მცხოვრები გ---- ძ---–--ე. საქმეზე ჩატარებული იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: დაკითხული იქნენ მოწმეები. ბრალდებულს გადაეცა საქმის მასალები. საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზები. მოწმის განმარტებით, მან იმუშავა დაზარალებულთან, რადგან მას გავლილი აქვს შესაბამისი სპეციალური კურსები. დაზარალებული იყო თ----- ძ---–--ე - ბრალდებულის შვილი. დაზარალებულმა და დაზარალებულის დედამ დაადასტურეს იმ დღეს მომხდარი ფაქტი და ასევე მეზობელმა. მან განუმარტა დაზარალებულს მისი უფლება-მოვალეობები სოციალურ მუშაკთან ერთად.

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ 22.11.2018წ. ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. თ-----ი ძ---–--ეს სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. პირადი გასინჯვის მონაცემებით: ჩივილებს ტკივილზე არ წარმოადგენს იმ მოტივით, რომ სხეულზე დაზიანება არ აქვს.

გ---- ძ---–--ემ ისარგებლა დუმილის უფლებით და უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე.

სააპელაციო პალატას გ---- ძ---–--ის მიერ ოჯახურ ძალადობის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით გ---- ძ---–--ის მიერ, შვილის - თ----- ძ---–--ის მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან დაუდგენელია ამ ძალადობის შედეგად თ----- ძ---–--ემ განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა, ვინაიდან ამ უკანასკნელმა არ მისცა ოჯახის წევრის - მამის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება.

მართალია საქმეში არსებობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა თუმცა ეს მტკიცებულება ვერ ადასტურებს წარდგენილ ბრალს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

რაც შეეხება კონკრეტულად პოლიციის თანამშრომლების: გ-----–------ის და დ-------------ის ჩვენებებს, ისინი განმარტავენ დაზარალებულ თ----- ძ---–--ის მონათხრობს, მამის - გ---- ძ---–--ის მხრიდან მის მიმართ ძალადობისა ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა - თ----- ძ---–--ემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ყველა ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. აღნიშნულ მოწმეებს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენიათ) თ----- ძ---–--ის მიერ განხორციელებული ქმედება. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ გამომძიებელთა ჩვენებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მოწმის ჩვენება, რომლის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული. ამასთან დაკავშირებით სასამართლო იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90).

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.

გარდა ამისა, სასამართლო ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ)საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.

საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე“Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“,საჩივრები: N26766/05 და N22228/06).

შესაბამისად, სასამართლო უთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა თ----- ძ---–--ის მიერ მისთვის ბრალად წაყენებული ქმედების ჩადენას და წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ირიბი ჩვენებები და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებები, რომლებითაც არ დასტურდება ძალადობის ფაქტი.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 ნოემბრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------ი გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------ი გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 ნოემბრის განაჩენი გ---- ძ---–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

გ---- ძ---–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გ---- ძ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს (მ--- ძ---–--ეს) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).

გამართლებულ გ---- ძ---–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე