განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001615606
საქმე № 3ბ/2059-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
24 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი, ნანა დარასელია
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი/მ პა---- სიმ----–---–-;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 7 ივლისის N1---- ბრძანება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 3 მაისის N C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 3 მაისის N C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
2. მოპასუხის პოზიცია:
სსიპ შემოსავლების სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. ი/მ პა---- სიმ----–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
3.2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების
სამსახურის 2016 წლის 7 ივლისის N 1---- ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 3 მაისის N C------- და N C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პა---- სიმ----–---–-ს მიმართ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ 2016 წლის 3 მაისს შედგა N C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი მასზედ, რომ პა---- სიმ----–---–-ს მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ის მოთხოვნები, კერძოდ იგი ახორციელებდა 400 ლარის საბაზრო ღირებულების სადღესასწაულო, გასაფორმებელი შერეული საქონლის ტრანსპორტირებას, სასაქონლო ზედნადების გარეშე. ი/მ პა---- სიმ----–---–-, სსკ-ის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით. (ს.ფ. 10-11).
4.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ 2016 წლის 3 მაისს შედგა N C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი მასზედ, რომ პა---- სიმ----–---–-ს მიერ გაწეულ იქნა წინააღმდეგობა, რითაც დაირღვა სსკ-ის მოთხოვნები (საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულვებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება). ი/მ პა---- სიმ----–---–-, სსკ-ის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაჯარიმდა 800 ლარის ოდენობით (ს.ფ. 12).
4.3. ი.მ. პა---- სიმონიშვილმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 3 მაისის N C------- და N C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 7 ივლისის N1---- ბრძანებით ი.მ. პა---- სიმ----–---–-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 13-14).
4.4. ი.მ. პა---- სიმონიშვილმა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 7 ივლისის N1---- ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 3 მაისის N C------- და N C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 16-22).
4.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ გადამოწმდა მე---------ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით G------, რომელშიც განთავსებული იყო გარკვეული ტიპის საქონელი. საქონლის ტრანსპორტირების მიზნობრიობის დადგენის მიზნით, სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მძღოლს მოსთხოვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე, ავტომობილის საბარგულის გახსნა. მძღოლმა არ წარადგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, არ განაცხადა სახელი და გვარი. პირის იდენტიფიკაციის მიზნით გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია, რის შემდგომ დადგინდა მძღოლის ვინაობა, კერძოდ: პა---- სიმ----–---–-. სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა მიერ პა---- სიმ----–---–-ს მიმართ გამოწერილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, წინააღმდეგობის გაწევისა და საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების გამო. ოქმების ხელმოწერაზე პა----სიმონიშვილმა უარი განაცხადა (ს.ფ.92).
4.6 ი.მ. პა---- სიმ----–---–-ს სარჩელში მითითებულია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მოსარჩელეს მოსთხოვეს მისი კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერება, რაზეც მოსარჩელემ განუცხადა უარი. საგადასახადო ორგანოს მიერ გამოწერილ იქნა ორი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, წინააღმდეგობის გაწევისა და საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების გამო. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში მიეთითა, რომ მოსარჩელე ახორციელებდა 400 ლარის ღირებულების საქონლის ტრანსპორტირებას, თუმცა იმ პირობებეში, როდესაც ავტომანქანის დათვალიერება არ განხორციელდა, გაურკვეველია, როგორ იქნა შეფასებული საქონლის ღირებულება. მოსარჩელე განმარტავს, რომ იგი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, ასევე, არის შპს ,,გლ---------ის“ დამფუძნებელი. სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ავტომანქანაში არსებული ნივთები, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მიაკუთვნეს ი.მ პა---- სიმონიშვილს, მაშინ როდესაც მათივე განცხადებით, მსგავსი საქონელი შემოსავლების სამსახურის ბაზაში არსებული ინფორმაციით, რამოდენიმე დღით ადრე, შესყიდული აქვს შპს ,,გლ---------ს“.
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, იწვევს პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით. მითითებულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთათვის საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებასა და პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენის მოთხოვნაზე უარის თქმა, შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საგადასახადო სამართალდარღვევად.
5.2. საქმის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სატრანსპორტო საშუალებაში, რომელსაც მართავდა მოსარჩელე, განთავსებული იყო სადღესასწაულო, გასაფორმებელი საქონელი. მოსარჩელეს აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირებისათვის საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთათვის, მათი მოთხოვნის მიუხედავად, არ წარუდგენია სასაქონლო ზედნადები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამდენად, სამეწარმეო მიზნისათვის საქონლის სასაქონლო ზედანდების გარეშე ტრანსპორტირება წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას და მასზედ განსაზღვრულია პასუხსიმგებლობის ზომა 500 ლარის ოდენობით (თუ საქონლის საბაზრო რირებულება არ არემატება 10 000 ლარს). განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებმა მიიჩნიეს, რომ მოსარჩელის სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონელი წარმოადგენდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილ საქონელს, რაზეც მოსარჩელეს არ გააჩნდა სასაქონლო ზედანდები.
სასამართლომ განმარტა, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენის შემდგომ საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს ეკისრებათ ვალდებულება, ზუსტად განსაზღვრონ სამართალდამრღვევი სუბიექტი, ვინაიდან ჩადენილი ქმედებისათვის პასუხისმგებლობის ზომა ეკისრება სწორედ აღნიშნულ სუბიექტს. დაუშვებელია ერთი სამართლებრივი ფორმის მქონე პირის მიერ განხორციელებული ქმედების გამო პასუხისმგებლობა დაეკისროს სხვა პირს, თუნდაც ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ პირებს წარმოადგენდნენ.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია მხარეთა განმარტებას მასზედ, რომ პა---- სიმ----–---–- რეგისტრირებული არის როგორც ინდივიდუალურ მეწარმედ, ასევე, არის დამფუძნებელი და დირექტორი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას მხარეები სადავოდ არ ხდიან. განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებმა შეადგინეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, კანონით დადგენილი წესების დარღვევით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, თუმცა არ გამოიკვლიეს, ქმედება კონკრეტულად ვის მიერ იქნა განხორციელებული, ინდივიდუალური მეწარმის თუ შპს-ს სახელით მოქმედი პირის მიერ, არ იქნა დადგენილი სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებას ი/მ პა---- სიმ----–---–- ახორციელებდა პირადად თუ, როგორც შპს-ს უფლებამოსილი პირი. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ი/მ პა---- სიმ----–---–- მიიჩნია სამართალდამრღვევად, თუმცა სათანადო წესით არ დაუდგენია საქონლის მესაკუთრე და სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირი. ამდენად, საგადასახადო ორგანოს არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია, რომელი სუბიექტი ახორციელებდა სამართალდარღვევად შეფასებულ ქმედებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანომ სადავო სამართალდარღვევის ოქმების გამოცემისას ჯეროვნად არ შეისწავლა და არ გამოიკვლევია, თუ ვინ წარმოადგენდა საგადასახადო სამართალდამრღვევ სუბიექტს.
საქონლის ტრანსპორტირების მიზნის დადგენა წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს კომპეტენციას. სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალდებულია, გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და კანონით დადგენილი რეგულაციების მიხედვით შეაფასოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ითვალისწინებს თუ არა სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებას. საგულისხმოა, რომ საქონლის ტრანსპორტირება ყოვეთვის არ საჭიროებს სასაქონლო ზედნადების გამოწერას. იგი სავალდებულო ხასიათს იღებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ტრანსპორტირება ხორციელდება სამეწარმეო მიზნისთვის. აღნიშული მიზნის დადგენის ვალდებულება კი ეკისრება საგადასახადო ორგანოს. მანვე უნდა დაადასტუროს შესაბამისი, მტკიცებულებებისა და ფაქტობრივ გარემობებათა საფუძველზე, რომ საქონელი განკუთვნილი იყო არა პირადი მოხმარების არამედ სამეწარმეო მიზნისთვის. დაუშვებელია საქონლის ტრანსპორტირების მიზნის დადგენის გარეშე პირს დაეკისროს პასუხისმგებლობის ზომა სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების საფუძვლით. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება სათანადო კვლევისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, უგულვებელყოფა გამოიწვევს მეტად უარყოფით შედეგს, პირთა კანონიერი უფლებების უსაფუძვლო შეზღუდვას. მოქალაქეები საკუთარი საჭიროების მიზნებისთვის, ნებისმიერი სახეობისა და ოდენობის საქონლის ტრანსპორტირებისას, დამოკიდებულნი იქნებიან ადმინისტრაციული ორგანოს შეხედულებაზე, თუ როგორ შეაფასებს (სათანადო მტკიცებულებების გარეშე) უფლებამოსილი წარმომადგენელი ტრანსპორტირებული საქონლის დანიშნულების მიზანს, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაზე მიუთითებს. ასეთი სახით გამოცემული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კი არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერ აქტად.
6. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ი.მ პა---- სიმ----–---–-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
7. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სსიპ შემოსავლების სამსახური არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, მიუთითებს საქმის ფატქობრივ გარემოებებზე და განმარტავს: სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ 2016 წლის 3 მაისს შედგა N C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი მასზედ, რომ პა---- სიმ----–---–-ს მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ის მოთხოვნები, კერძოდ იგი ახორციელებდა 400 ლარის საბაზრო ღირებულების სადღესასწაულო, გასაფორმებელი შერეული საქონლის ტრანსპორტირებას, სასაქონლო ზედნადების გარეშე. ი/მ პა---- სიმ----–---–-, სსკ-ის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ 2016 წლის 3 მაისს შედგა N C------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი მასზედ, რომ პა---- სიმ----–---–-ს მიერ გაწეულ იქნა წინააღმდეგობა, რითაც დაირღვა სსკ-ის მოთხოვნები (საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულვებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება). ი/მ პა---- სიმ----–---–-, სსკ-ის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაჯარიმდა 800 ლარის ოდენობით.
აპელანტი მიუთითებს, რომ სამართალდარღვევათა ოქმები შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების არავითარი საფუძველი. აპელანტი ასევე, მიუთითებს, რომ მას, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, არ ევალებოდა სასამართლოს მიერ დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
8. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
7.2. პირველყოვლისა პალატა განმარტავს, რომ დავის საგანს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენის შემდგომ საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებს ეკისრებათ ვალდებულება, ზუსტად განსაზღვრონ სამართალდამრღვევი სუბიექტი, ვინაიდან ჩადენილი ქმედებისათვის პასუხისმგებლობის ზომა ეკისრება სწორედ აღნიშნულ სუბიექტს. დაუშვებელია ერთი სამართლებრივი ფორმის მქონე პირის მიერ განხორციელებული ქმედების გამო პასუხისმგებლობა დაეკისროს სხვა პირს, თუნდაც ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ პირებს წარმოადგენდნენ.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა განმარტების შესაბამისად პა---- სიმ----–---–- რეგისტრირებულია, როგორც ინდივიდუალურ მეწარმე, ასევე, არის დამფუძნებელი და დირექტორი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას მხარეები სადავოდ არ ხდიან. განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებმა შეადგინეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, კანონით დადგენილი წესების დარღვევით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, თუმცა არ გამოიკვლიეს, ქმედება კონკრეტულად ვის მიერ იქნა განხორციელებული ინდივიდუალური მეწარმის, თუ შპს-ს სახელით მოქმედი პირის მიერ; არ იქნა დადგენილი სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებას ი/მ პა---- სიმ----–---–- ახორციელებდა პირადად, თუ როგორც შპს-ს უფლებამოსილი პირი. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ი/მ პა---- სიმ----–---–- მიიჩნია სამართალდამრღვევად, თუმცა სათანადო წესით არ დაუდგენია საქონლის მესაკუთრე და სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირი. ამდენად, საგადასახადო ორგანოს არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია, რომელი სუბიექტი ახორციელებდა სამართალდარღვევად შეფასებულ ქმედებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანომ სადავო სამართალდარღვევის ოქმების გამოცემისას ჯეროვნად არ შეისწავლა და არ გამოიკვლევია, თუ ვინ წარმოადგენდა საგადასახადო სამართალდამრღვევ სუბიექტს.
სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებაა ის, თუ რა მიზნით ახორციელებდა პა---- სიმ----–---–- საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო, სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას, ვალდებულია სრულად გამოიკვლიოს და სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს, რომ ი.მ. პა---- სიმ----–---–- ახორციელებდა სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებას სამეწარმეო მიზნით.
ყურადსაღებია მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტით განმარტებული სამეწარმეო საქმიანობის ცნება, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიღების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.
პალატის განმარტებით, სამეწარმეო საქმიანობა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობაა, რომლის განხორციელება უკავშირდება მოგების მიზანს, ეკონომიკური საქმიანობა კი განმარტებულია, როგორც ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელების მიზანს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება წარმოადგენს. ამასთან, ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებას კოდექსი აწესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხდება სამეწარმეო საქმიანობისთვის, ანუ არაერთჯერადი, მოგების მიღების მიზნით ტრანსპორტირებული საქონლისთვის.
პალატა დამატებით მიუთითებს სადავო მუხლის დისპოზიციაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამართალდარღვევას წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება. ამდენად, მუხლის მიზნებისთვის განმსაზღვრელია საქონლის სამეწარმეო საქმიანობისთვის კუთვნილება და არა ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის მეწარმე - სუბიექტად არსებობა.
პალატა აღნიშნავს, რომ „საგადასახადო სამსახურების მოხელეთა უფლებამოსილება - გამოავლინონ სამეწარმეო საქმიანობის მიზნის მქონე შემძენი პირები, იმთავითვე მოიცავს ვალდებულებას - ზუსტად გამიჯნონ შემთხვევები, პირი საქონლის შეძენას ახორციელებს პირადი საჭიროებისთვის თუ მოგების მიღების მიზნით. ბრუნვაუნარიანი ფიზიკური პირების სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის აქტიურობის ხარისხი არ იძლევა იმის მტკიცების წინაპირობას, რომ ისინი უსათუოდ მოგების მიღების მიზნით მოქმედებენ.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-205-203(კ-14)). განსახილველ შემთხვევაში კი, პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია პა---- სიმ----–---–-ს მიერ საქონლის სამეწარმეო საქმიანობის მიზნით ტრანსპორტირების დამადასტურებელი მტკიცებულება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისას სსიპ შემოსავლების სამსახურმა უნდა განახორციელოს აღნიშნულ ფაქტზე სათანადო რეაგირება, რაც გამოიხატება საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლასა და სამართალდარღვევის გამოვლენაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მსგავსი ფაქტის აღმოჩენა არის შემდგომი მოკვლევის დაწყების საფუძველი, თუმცაღა არ არის უპირობო და საკმარისი საფუძველი პირის სამართალდამრღვევად ცნობისათვის. იმისათვის, რომ დადგენილად იქნას მიჩნეული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის არსებობა, უფლებამოსილი ორგანოს მიერ უნდა დადგინდეს გადამოწმებული/გამოკვლეული საქონლის ტრანსპორტირების მიზნობრიობა და იმის დადგენა, იყო თუ არა აღნიშნული საქონელი უცილოდ სამეწარმეო მიზნებისთვის განკუთვნილი.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მისთვის კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, ვერ დაადასტურეს საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი სადაო გარემოება, კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, ვერ დადასტურდა, რომ პა---- სიმ----–---–- ნამდვილად ახორციელებდა სამეწარმეო მიზნობრიობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები პალატის მოსაზრებით, ცალსახად არ იძლევა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტის არსებობის დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს.
სააპელაციო პალატა ასევე მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის დასაბუთებას მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების თაობაზე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა ი.მ. პა---- სიმ----–---–-ს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. ამდენად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რისი გათვალისწინებითაც, უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა ნ ა ჩ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
გიორგი გოგიაშვილი -
ნანა დარასელია -