განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ 330310019002869038
საქმე №3ბ/1798-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) – დ--–------------–---–ი
წარმომადგენელი - ზ-------–------–---ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - გ------------------ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) -ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
წარმომადგენელი - გ--------------ე
მესამე პირი - სსიპ ,,თ---–----------–-–-------------–--------------------ი“
წარმომადგენელი - ს--------------–-–---–ი
დავის საგანი -ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით დ--–------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
1.2.1. საქმეში წარმოდგენილი 2010 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ქ----------–----------------------------–--ს შორის, დაზუსტებული ფართობი: 378.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 7; შენობა ნაგებობის ჩამონათვალი: №1 მშენებარე, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია დ--–------------–---–ის სახელზე.
საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 03 სექტემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ქ------------------------------- დაზუსტებული ფართობი: 37816.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი:01.10.15.007.0--; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №----------ის ჩათვლით, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0---------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სსიპ ,,თ---–----------–-–-------------–--------------------ის“ სახელზე (ს.ფ. 21-22, 24-25).
1.2.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 31 მაისის №------- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ დ--–------------–---–ის დაუდასტურდა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკად.კოდი: N0---------------) სამსახურის 28.09.2012წ. №------ გადაწყვეტილებით დადასტურებული 1 კლასის 60 კვ.მ-მდე ფართობის 5 მ-მდე სიმაღლის და 2მ-მდე ჩაღრმავების მქონე დამხმარე შენობის მშენებლობის კორექტირებული ფოტომონტაჟის განხორციელების შესაძლებლობა (ს.ფ. 106-107).
1.2.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ დ--–------------–---–ის მიმართ 2018 წლის 19 აპრილს შედგენილი იქნა მითითება №------, რომლითაც დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ა------------------------------- საკ.კოდი №0----------------ზე მოქალქე დ--–------------–---–ის მიერ უნებართვოდ მოწყობილია თუნუქის ფურცლებისა და ფიცრული მსუბუქი კონსტრუქციის ღობე. დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა წარედგინა ზემოაღნიშნულ მისამართზე თუნუქის ფურცლებისა და ფიცრულით მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მოწყობის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია ან მოეხდინა მათი დემონტაჟი უსაფრთხოების წესების დაცვით, ხოლო დარღვევის გამოსწორების ვადად განისაზღვრა 07(შვიდი) კალენდარული დღე, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ზომები (ს.ფ. 17-18).
1.2.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 14 მაისს შედგა შემოწმების აქტი N------, რომლითაც დადგინდა, რომ დ--–------------–---–ის მიერ არ იქნა შესრულებული 2018 წლის 19 აპრილის №------ მითითების პირობები (ს.ფ. 19-20).
1.2.5. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 06 ივნისის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების მთავარი სპეცილისტის ზ----------------–--ის N--- მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ 2018 წლის 19 აპრილს, ქ. თბილისში, ა------------------------------, საკ.კოდი: №0----------------ზე უნებართვოდ თუნუქის ფურცლებისა და ფიცრული მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მოწყობასთან დაკავშირებით, დ--–------------–---–ის მიმართ დაწყებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და სამსახურის მიერ შედგენილი იქნა მითითება №------. 2018 წლის 14 მაისს შედაგენილ იქნა შემოწმების აქტი №------, რომლითაც დაფიქსირდა მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. 2018 წლის 06 ივნისს, ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ მხარის მიერ არ არის შესრულებული სამსახურის 2018წლის 19 აპრილის №------ მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები (ს.ფ. 65-66).
1.2.6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 06 ივნისს მიღებული იქნა დადგენილება N------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც, დ--–------------–---–ი დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ქ-------------------------------, საკ.კოდი: N0----------------ზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, თუნუქის ფურცლებისა და ფიცრული მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მოწყობისათვის. ამავე დადგენილებით დ--–------------–---–ს დაევალა ქ.თბილისში, ქ-------------------------------, საკ.კოდი: N0----------------ზე,უნებართვოდ მოწყობილი თუნუქის ფურცლებისა და ფიცრული მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი (ს.ფ. 14-16).
1.2.7. 2018 წლის 19 ივნისს, დ--–------------–---–მა №1--------------01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018წლის 6 ივნისის N------ დადგენილების ბათილად ცნობა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის N-- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა დ--–------------–---–ის 2018 წლის 19 ივლისის №1--------------01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 6 ივნისის N------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ (ს.ფ. 27-33, 135-137).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
1.3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა(მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ- სამშენებლო პროექტის შეთანხმება(არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. იმავე მუხლის 50-ე პუნქტის მიხედვით, რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. იმავე მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. მითითებული მუხლის მე-80 პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობების შეკეთება(რემონტი, აღჭურვა/მოპირკეთება) არის შენობა-ნაგებობების დეფექტების აღმოფხვრა, გაუმჯობესება ან განახლება მზიდი კონსტრუქციებისა და ექსტერიერის შეუცვლელად, ასევე საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებული ელექტრომექანიკური მოწყობილობის (ლიფტის) შემადგენელი ამორტიზებული ან მწყობრიდან გამოსული საამწყობო (მზიდი, მექანიკური, ელექტრული) ნაწილების შეცვლა ან/და შეკეთება, რაც უზრუნველყოფს მოწყობილობის სამუშაო რესურსის გაგრძელებას ტექნიკური მახასიათებლების შეუცვლელად.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მშენებლობის განხორციელება (კერძოდ, ახალი მშენებლობა, არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი) დაუშვებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა- ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ა)შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად; ბ)ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს; გ)მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა; დ)ქსელების რეკონსტრუქცია– შენობა- ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების გადაკეთება, შეცვლა, დამატება ან მოკლება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა, რომელიც არის ისეთი მშენებლობა, რომლის დროსაც დეფექტები აღმოიფხვრება ისე, რომ არ იცვლება მზიდი კონსტრუქციები, კერძოდ: ა) შენობის ინტერიერში ტიხრების გადაადგილება, ახლის დამატება ან/და მოკლება, ასევე მათში ღიობ(ებ)ის გამოჭრა; ბ) შენობა-ნაგებობების ინდივიდუალური სარგებლობის საინჟინრო- კომუნალური ქსელების შეკეთება; გ)ხორციელდება შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილების შეკეთება/განახლება, რომლებიც გამიზნულია ბინების ან სხვა სამყოფების, სადგომების, სათავსების მომსახურებისათვის (მათ შორის, საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილებისა, რომლებიც ბინებში ან სხვა სამყოფებში, სადგომებში, სათავსებში მდებარეობს); დ) ხორციელდება ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური სისტემების, ასევე ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელებისა და სატრანსპორტო მექანიკური მოწყობილობების შეკეთება/განახლება; ე) შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის, ფასადისა და სახურავის, სამუშაოთა შესრულება, გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა); ვ) ხაზობრივი ნაგებობების რემონტი-შეკეთება მათი სიმძლავრისა და მახასიათებლების შეუცვლელად, ტექნიკური ნორმების დაცვით.
1.3.2. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 14.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა)პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ)დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ)სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ)შენობა- ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე)მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს.
დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულად არის განსაზღვრული იმ სუბიექტთა წრე, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მოქმედება. ამასთან, სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მხარეთა განმარტებებით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დ--–------------–---–ს პასუხისმგებლობა დაეკისრა როგორც სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დ--–-------------–---–მა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში 2018 წლის 24 მაისს გამართული ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ ღობე მოწყობილია მის მიერ, ვინაიდან ღობე არის ძველი მოწყობილი ნებართვა არ ესაჭიროებოდა. ასევე განაცხადა, რომ იგი არ აპირებს დემონტაჟს და იმ შემთხვევაში თუ დაჯარიმდება აპირებს სამართლებრივ დავას (იხ.2018 წლის 24 მაისის ოქმი N------, ს.ფ. 67). ამდენად, ასეთ პირობებში, სასამართლოს მოსაზრებით ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამშენებლო სამართალდარღვევის სუბიექტის განსაზღვრა მოხდა საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მოთხოვნათა დაცვით.
1.3.3. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ დებულების 3.5 მუხლის თანახმად, დადგენილებაში გამოყენებული ტერმინი ,,ახალი მშენებლობა’’ განმარტებულია, როგორც მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება, ხოლო ამავე მუხლის 74-ე პუნქტის საფუძველზე, უნებართვო მშენებლობა განმარტებულია, როგორც მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. თავის მხრივ მშენებლობის სახეობები განსაზღვრულია ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ დებულების მე-4 მუხლში, რომელიც ადგენს, რომ მშენებლობის სახეობებს მიეკუთვნება: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ)რეკონსტრუქცია; გ)რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ)დემონტაჟი; ე)ლანდშაფტური მშენებლობა; ვ)დროებითი შენობა- ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
სასამართლომ აქვე მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65.1 მუხლზე, რომლის თანახმადაც, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: ლ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა; პ) შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა- ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება; ყ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ; შ)შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება. ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო მე-10 პუნქტით კი, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ა----------------------------------) საკ. კოდი: N0----------------ზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციუის გარეშე მოაწყო თუნუქის ფურცლებისა და ფიცრული მსუბუქი კონსტრუქციის ღობე, რომელიც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის თანახმად, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ირკვევა, რომ შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია დ--–------------–---–ს არ გააჩნია.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (ამჟამად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო დ--–------------–---–ის დაჯარიმებისა და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე. შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018წლის 06 ივნისის N------ დადგენილება კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად არ არსებობს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის N-- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სასამართლო დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სამშენებლო სამართალდაღვევის სუბიექტის განსაზღვრა განხორციელდა საქართველოს კანონის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, აღნიშნული კანონოს 14.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტად მიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მშენებლობის განმახორციელებელი პირი. აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მიიჩნია დადგენილად რომ დ--–------------–---–ი წარმოადგენს საშენებლო სამუშაოების მწარმოებელს, ხოლო ერთადერთი მტკიცებულება რასაც სასამართლო ეყრდნობა არის 2018 წლის 24 მაისის N------ ოქმი, სადაც დ--–------------–---–ი გამოხატავს პოზიციას. აპელანტის მითითებით დ--–------------–---–მა მოსაზრება გამოხატა არა ს.კ 0--------------- მიწის ნაკვეთზე არსებულ ღობეზე, არამედ ამავე ღობის მსგავს კონსტრუქციაზე მდებარე ს/კ 0--------------- მიწის ნაკვეთზე. ამდენად, დ--–------------–---–ი ოქმში დაფიქსირებული პოზიცია გაუგებრობის შედეგია, თუმცა სასამართლომ მშენებლობის მწარმოებელ პირად მიიჩნია მოსარჩელე, მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით სამართალდარღვევის სუბიექტებად სხვა პირები გამოიკვეთნენ, სხდომაზე არ იქნა მოწვეული უძრავი ქონების ამჟამინდელი მესაკუთრე.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
3.1. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი, ამასთან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ჰქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
3.2. სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისე მოხდა გასაჩივრებული დადგენილების გამოცემა, რომ არ ყოფილა სრულად გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. აღნიშნული კოდექსით მოწესრიგებულია სამშენებლო სამართალდარღვევისას სანქციის დაკისრების წინაპირობები. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ამავე კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილია სუბიექტები, რომელთა სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ვრცელდება ამ კოდექსის მოქმედება, კერძოდ, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ სადავო აქტების გამოცემის დროს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენდა სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნებოდა სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.
კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, დ--–------------–---–ი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დაჯარიმდა. აღნიშნული მუხლი ეხება უნებართვო მშენებლობას ან/და რეკონსტრუქციის წარმოებას მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო - სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა - ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.
ამდენად, იმისთვის, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა დაეფუძნოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლს, აუცილებელია, რომ უნებართვო მშენებლობა განხორციელდეს განსაკუთრებული, გამორჩეული, სპეციალური სტატუსის მქონე ტერიტორიის ფარგლებში, კერძოდ ისეთი ტერიტორიის ფარგლებში, როგორიც არის: 1) სპეციალური რეჟიმის ზონა, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, 2) ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები, 3) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები, 4) საკურორტო-სარეკრეაციო ზონები, ან კიდევ 5) ქალაქ თბილისის ტერიტორია, იმ პირობებში, როდესაც უნებართვო მშენებლობა იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას.
პალატა მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომელიც განმარტავს თუ რას წარმოადგენს უნებართვო მშენებლობა – ეს არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ; დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ დ--–------------–---–ის მიმართ 2018 წლის 29 აპრილს შედგენილი იქნა მითითება N------, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ა-------------------------------) ს/კ 0----------------ზე მოქალაქე დ--–------------–---–ის მიერ განხორციელდა თუნუქის ფურცლებისა და ფიცრული მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მოწყობა. ამავე მითითებით, მხარეს, დარღვევის გამოსწორების მიზნით, დაევალა მოახდინა ობიექტის დემონტაჟი ან წამოადგინოს შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 07 (შვიდი) კალენდარული დღის ვადა. იმის გამო, რომ მითითებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შესრულებული შესაბამისი პირობები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 06 ივნისს მიღებული იქნა დადგენილება N------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმადაც დ--–------------–---–ი ქ. თბილისში, ა------------------------------------), ს/კ N0----------------ზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, თუნუქის ფურცლებისა და ფიცრული მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მოწყობისათვის, დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით და მასვე დაევალა ქ. თბილისში, ა------------------------------------), ს/კ N0----------------ზე უნებართვოდ მოწყობილი თუნუქის ფურცლებისა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა- ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა:ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
ამავე დადგენილების 65.1 მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
პალატა განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე სამშენებლო სამუშაოების ჩატარება შესაძლებელია შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაციის მიხედვით მხოლოდ სანებართვო პირობების შემდეგ. სამშენებლო კანონმდებლობის თანახმად, მითითების მიცემა არის საჯარიმო სანქციის დაკისრების აუცილებელი წინაპირობა, შუალედური აქტი, რომელიც თავისთავად უშუალო სამართლებრივ შედეგს არ იწვევს, დაჯარიმებას იწვევს არა მითითების შედგენა, არამედ მითითებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა - მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისში, ა------------------------------------), ს/კ N0----------------ზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, თუნუქის ფურცლებისა და ფიცრული მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მოწყობისათვის დ--–------------–---–ი დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით და მასვე დაევალა ქ. თბილისში, ქ. თბილისში, ა------------------------------------), ს/კ N0----------------ზე, უნებართვოდ მოწყობილი თუნუქის ფურცლებისა და ფიცრული მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობა. თუმცა, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობისაა იმ გარემოების დადგენა, რომ დ--–------------–---–ი რამდენად წარმოადგენდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლით განსაზღვრული სამშენებლო სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელ სუბიექტს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. აღნიშნული ნორმის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ასევე, იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციასა და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია საქმეში არსებული მასალების სრულყოფილი გამოკვლევა-შეფასება, რაც ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.
პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ განსახილველ შემთხვევაში, ობიექტური შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, საქმეში არსებული გარემოებები არ არის სრულყოფილად გამოკვლეული, ადმინისტრაციული წარმოებისას არ ყოფილა მიწვეული ქონების ამჟამინდელი მესაკუთრე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ არ ეთანხმება დემონტაჟს. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 06 ივნისის 0----- დადგენილება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის N-- ბრძნება სრულიად დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს კანონით განსაზღვრული დანაწესის ნამდვილი შინაარსიდან, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის არ გამოკვლია განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე აპელანტის მხარის მიერ წარმოდგენილი ორთოფოტოთი დასტურდება, რომ სადავო ღობე ქ. თბილისში, ა------------------------------------), ს/კ N0--------------- ტერიტორიაზე არსებობდა 2005 წელსაც. დ--–------------–---–ის განმარტებით ს/კ N0--------------- ტერიტორიაზე გამავალი და მის საკუთრებაში არსებული ღობე არის ერთიანი, ამდენად მან 2018 წლის 24 მაისის N------ ოქმში, მის მიერ აღმართულად მოიხსენია ღობის მხოლოდ საკუთარი მონაკვეთი და არა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის ტერიტორიაზე აღმართული ღობე, თუმცა მისი განმარტება ოქმში არასწორად არის გადატანილი.
ღობის სიძველეზე გაამახვილა ყურადღება სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ სადავო ღობე მათ კუთვნილ ტერიტორიაზე განთავსებულია 1990-იანი წლებიდან და აღნიშნულის შესახებ იციან დანამდვილებით, ვინაიდან ეს ტერიტორია, სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ის სარგებლობაშია 1990 წლებიდან, ხოლო მიწის ნაკვეთი უნივერსიტეტის საკუთრებად დარეგისტრირდა 2005 წელს. მესამე პირის წამომადგენლის განმარტებით, უნივერსიტეტის თანხმობის გარეშე, ნებისმიერ პირს მათ ტერიტორიაზე ღობე რომ განეთავსებინა სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ი შეძლებლობის ფარგლებში ყველა ზომას გამოიყენებდა ქმედების აღსაკვეთად, თუმცა ეს ღობე ათეულობით წელია არსებობს სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ის კუთვნილ ტერიტორიაზე და მათ არ აქვთ ინფორმაცია თუ ვის მიერ არის იგი აღმართული და აღმართულია თუ არა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის საფუძველზე. მესამე პირის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხზე ადმინისტრაციულ ორგანოში ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების დროს სსიპ თ---–----------–-–-------------–--------------------ი არ ყოფილა მიწვეული ადმინისტრაციული წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული წარმოებისას, არ გამოუკვლევია და დაუდგენია კონკრეტულად ვის მიერ და როდის განხორციელდა სამშენებლო საქმიანობა, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით საჭიროებდა თუ არა მშენებლობის ნებართვას აღნიშნული ტიპის ნაგებობა და აღნიშნული წარმოადგენდა თუ არა სამართალდარღვევას, ასევე ადმინისტრაციულ წარმოების პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მოეწვია ზემოაღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე - სსიპ საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტი და წარმოების პროცესში უძრავი ქონების მესაკუთრის უშუალო ჩართულობით გადაეწყვიტა დავა. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული დადგენილებით ისე დაავალა დ--–------------–---–ს ღობის დემონტაჟი, რომ არ გაითვალისწინა მისი სხვა პირის საკუთრებაში არსებობის ფაქტი, შესაბამისად ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა შეაფასოს სხვის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აპელანტს გააჩნია თუ არა ღობის დემონტაჟის განხორციელების შესაძლებლობა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 06 ივნისის N------ დადგენილება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, პალატა მიიჩნევს, რომ ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის N-- ბრძანება, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 06 ივნისის N------ დადგენილების ბათილად ცნობის თანმდევ სამართლებრივ შედეგს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს დ--–------------–---–ის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და დ--–------------–---–ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ--–------------–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; დ--–------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბათილად უნდა იქნას ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის N-- ბრძანება „დ--–------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნას ცნობილი ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 06 ივნისის N------ დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ და დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლწებრივი აქტი დ--–------------–---–თან მიმართებაში.
5. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
დ--–------------–---–ის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა დაეკისროთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ--–------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. დ--–------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. ბათილად იქნას ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 იანვრის N-- ბრძანება „დ--–------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“.
5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 06 ივნისის N------ დადგენილება „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ და დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლწებრივი აქტი დ--–------------–---–თან მიმართებაში.
6. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
7. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა დაეკისროთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დ--–------------–---–ის სასარგებლოდ.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი