განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ 330310018002571893
საქმე №3ბ/1432-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - შ--–---–------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ხ---------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენელი - ს--–------------ე
მესამე პირი - ა--------–-–---–ი
წარმომადგენელი - დ-------–------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით შ--–---–------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
1.2.1. საჯარო რეესტრის 2013 წლის 16 აგვისტოს ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ლ--------------–-------ში“ მდებარე, N7----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შ--–---–------ე (ს.ფ 51).
1.2.2. ქალაქ თბილსის მერის 2013 წლის 22 ივლისის N1--- განკარგულებით, ქ, თბილისში, ლ-------------–-------ში" არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი N7----------- , ორსართულიანი ინდივიდუალური სახლის განთავსების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საცხოვრებელი ზონა 1-ის პარამეტრებით: კ1=0,5, კ2=0,8, კ3=0,3.
1.2.3. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2013 წლის 30 ივლისს მიღებული იქნა N7----- გადაწყვეტილება N7----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ.
ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ წინამდებარე მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ძალაშია მისი გაცემიდან ხუთი წლის განმავლობაში (ს.ფ 24-27)
1.2.4. 2018 წლის 31 მაისს მოსარჩელემ NA-------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიას სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს, რომლითაც მოითხოვა პოზიციის გაცემა შეეძლო თუ არა 0------ 23.05.2011წ. ბრძანებით შეთანხმებული სასაჩუქრე პროექტი განეთავსებინა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე. ასევე მიუთითა, რომ სამშენებლოდ გამოყენების პირობები აღებული ჰქონდა 2013 წლის 30 ივლისის N7----- გადაწყვეტილებით და სურდა მოესწრო პროექტის შეთანხმება.
2018 წლის 1 ივნისს სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ მიღებული იქნა N3------ გადაწყვეტილება (ნომენკლატურა: საჩუქარი პროექტები, შერჩეული პროექტის მშენებლობის შესაძლებლობის განსაზღვრა მიწის ნაკვეთზე), სადაც მიუთითა, რომ ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილების 19-ე მუხლის 3-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ლ--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპლექსური კვლევისა და მის საფუძველზე „ჩარჩო გეგმის“ შემუშავებამდე 6 თვის ვადით შეიზღუდა მიწის ნაკვეთის ნებისმიერი ფორმით სამშენებლოდ განვითარება (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, არქიტექტურულ სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე წერილობითი დასტურის გაცემა). აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება ასევე იმ მიწის ნაკვეთებზე რომელთა მიმართაც ამავე პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ წარმოებებთან დაკავშირებით წარმოდგენილია დაინტერესებული პირების განცხადებები, თუმცა, ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ლ--------ის მიმდებარე ტერიტორიის არეალში, სამსახურმა უარი უთხრა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე (ს.ფ 44-45).
1.2.5. 2018 წლის 1 ივნისს მოსარჩელემ N1--------------01 განცხადება-საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მერს, ხოლო 2018 წლის 5 ივნისს წარადგინა დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივარი ( N1--------------01).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის N2-- ბრძანებით, შ--–---–------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 01 ივნისის N3------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ს.ფ 46-49).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
1.3.1. საქალაქო სასამართლოს მითითებით, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების პირველი მუხლის, თანახმად, დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. დასახელებული დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; გ) III კლასი – შენობა- ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; დ) IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე) V კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები). ამავე დადგენილების 65-ე მუხლი კონკრეტულად განსაზღვრავს პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მახასიათებლებს. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, I კლასს განეკუთვნება: 60 კმ.მ -მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ -მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა. ხოლო ამავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად I კლასს განეკუთვნება: გრუნტის ზედაპირიდან 2.2მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე.
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე და 66-ე მუხლების პირველი პუნქტების თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, თუმცა 66-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს და 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ და ,,ვ“–„კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია, განცხადებაში ასახოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ, ხოლო ,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში განცხადებას დაურთოს მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.
,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილების 19-ე მუხლის 3-ე პუნქტის „დ" ქვეპუნქტის თანახმად, ლ--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე (დანართი N4) კომპლექსური კვლევისა და მის საფუძველზე „ჩარჩო გეგმის“ შემუშავებამდე 6 თვის ვადით შეიზღუდა მიწის ნაკვეთის ნებისმიერი ფორმით სამშენებლოდ განვითარება (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, არქიტექტურულ სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე წერილობითი დასტურის გაცემა). ამასთან, საყურადღებოა, რომ აღნიშნული შეზღუდვა დაწესებული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 04 მაისის N18-62 დადგენილებით და იგი ამოქმედდა 2018 წლის 08 მაისიდან (საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა 08.05.2018წ. ).
,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილების 19-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება დანართი №4-ით განსაზღვრულ ლ--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ: ა) საცხოვრებელ ზონებზე (სზ), რომლისთვისაც დამუშავებულია „ჩარჩო გეგმა“ და რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია განაშენიანების რეგულირებისა (წითელი ხაზ(ებ)ი) და განაშენიანების სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები); ბ) მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც გამოყოფილია კოოპერატიული ბინათმშენებლობისთვის; გ) მშენებარე შენობა-ნაგებობის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მცირედ კორექტირებაზე ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ან მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე, რომლის მშენებლობა განხორციელებულია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე.“
საქალაქო სასამართლოს მითითებით, შ--–---–------ემ სწორედ ზემოაღნიშნული შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, 2018 წლის 31 მაისს, მიმართა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა პოზიციის გაცემა (თანხმობა) შეეძლო თუ არა 0------ 23.05.2011წ. ბრძანებით შეთანხმებული სასაჩუქრე პროექტი განეთავსებინა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, რის თაობაზე, მოპასუხემ მხარემ, იმ პირობებში, როდესაც არსებობდა და არავის გაუუქმებია ზემოაღნიშნული დადგენილებით დაწესებული შეზღუდვა და მოსარჩელე მხარის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთიც მოქცეული იყო რეკრეაციულ ზონაში, სასამართლოს მოსაზრებით, სავსებით საფუძვლიანად მიუთითა, რომ ვინაიდან ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილების 19-ე მუხლის 3-ე პუნქტის „დ" ქვეპუნქტის თანახმად, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე (დანართი N4) კომპლექსური კვლევისა და მის საფუძველზე "ჩარჩო გეგმის" შემუშავებამდე 6 თვის ვადით შეიზღუდა მიწის ნაკვეთის ნებისმიერი ფორმით სამშენებლოდ განვითარება და მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ექცეოდა ზემოაღნიშნულ არელაში, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ. ამასთან, მართალია მოსარჩელე მხარე ითხოვდა პროექტზე თანხმობას და არა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას, რაც მითითებულია განკარგულების ბოლო აბზაცში, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნის სწორად მითითების შემთხვევაშიც კი, მოსარჩელე მხარისათვის შედეგი ვერ შეიცვლებოდა, რადგან ზემოაღნიშნული შეზღუდვა ასევე დაწესებული იქნა I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე წერილობითი დასტურის გაცემის მიმართაც.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული აქტის ბათილად ცნობას საფუძვლად ვერ დაედება ის გარემოება, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2013 წლის 30 ივლისს მიღებულს N7----- გადაწყვეტილებას (სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ) გასდიოდა მოქმედების 5 წლიანი ვადა, რადგან ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილების 19-ე მუხლის 3-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, მას შეეძლო მიემართა შესაბამისი სამსახურისთვის იგივე მოთხოვნით და თუ არქიტექტურის სამსახური უარს ეტყოდა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, სამშენებლოდ გამოყენების პირობების ვადის გასვლის გამო, შეეძლო გაესაჩივრებინა მიღებული გადაწყვეტილება. სადავო აქტის ბათილობის საფუძველი ასევე ვერ გახდება 2019 წლის 22 მარტის მთავარ სხდომაზე მოსარჩელის მიერ გაკეთებული განმარტება, რომ არქიტექტურის სამსახურმა 2019 წლის 23 იანვრის 6------------- აქტის (წერილის (ს.ფ. 242)) გამოცემისას არ გაიზიარა წინამდებარე საქმის სასამართლოს წარმოებაში არსებობის ფაქტი, რადგან ეს გარემოება შეიძლება საფუძვლად დაედოს ზემოაღნიშნული წერილი (აქტის) ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარს და თუ მოსარჩელე არ ეთანხმება მას, შეუძლია გაასაჩივროს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 01 ივნისის N3------ გადაწყვეტილება, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
1.3.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 22 მარტის N2-- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესზე განხილული მტკიცებულებების თანახმად უდაოდ დადასტურდა, რომ ქალაქ თბილსის მერის 2013 წლის 22 ივლისის N1--- განკარგულებით, ქ. თბილისში, ლ-------------–-------ში" არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი N7-----------, ორსართულიანი ინდივიდუალური სახლის განთავსების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საცხოვრებელი ზონა 1-ის პარამეტრებით: კ1=0,5,კ2=0,8, კ3=0,3. ასევე უდაოდ დადგინდა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2013 წლის 30 ივლისს მიღებული იქნა N7----- გადაწყვეტილება N7----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ. ყოველივე ის კი გახდა აპელანტის მიერ მიწის ნაკვეთის შეძენის განმაპირობებელი. სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ 2018 წლის 31 მაისს მოსარჩელემ NA-------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიას სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს, რომლითაც მოითხოვა პოზიციის გაცემა შეეძლო თუ არა 0------ 23.05.2011წ. ბრძანებით შეთანხმებული სასაჩუქრე პროექტი განეთავსებინა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე. ასევე მიუთითა, რომ სამშენებლოდ გამოყენების პირობები აღებული ჰქონდა 2013 წლის 30 ივლისის N7----- გადაწყვეტილებით და სურდა მოესწრო პროექტის შეთანხმება. ადმინისტრაციულმა ორგანომ კი ცალსახად წაართვა აპელანტს უფლება, ესარგებლა სპეციალური ზონალური შეთანხმების პირობებითა და მიწის ნაკვეთის საამშენებლოდ გამოყენების პირობებით 5-წლიან ვადაში მიმართვის მიუხედავად. შესაბამისად ცალსახაა, რომ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას/ ინტერესს და უკანონოდ ზღუდავს მას.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, წინამდებარე საქმე განეკუთვნებოდა ისეთი კატეგორიის საქმეს, რომელზედაც საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იყო დაეკმაყოფილებინა სარჩელი და გამოიტანა გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი ვინაიდან დადასტურდა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლოს ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით უნდა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალებოდა, გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აპელანტის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, რეალურად სახეზეა მოქალაქის კერძო საკუთრების უფლების რეალიზაციის შეზღუდვა რომელსაც რამდენიმე ადმინისტრაციული ორგანო მიზანმიმართულად და კოორდინირებულად ახორციელებდა აპელანტის წინააღმდეგ. სწორედ ამ ჭრილში უნდა ემსჯელა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება
3.1. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი, ამასთან გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ჰქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
3.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების წესის’’ პირველი მუხლზე, რომლის თანახმად, დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია– ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება(არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე დადგენილების მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობები და სამშენებლო სამუშაოები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ექსპლუატაციაში მიღებისათვის იყოფა 5 კლასად: ა) I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს; ბ) II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით; გ) III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით; დ) IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით; ე)Vკლასი– შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით(განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები).
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების წესის’’ 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა)ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ)არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ)არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ)სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური სადავო პერიოდიდან დღემდე წარმოადგენს ქ.თბილისში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთ ერთიან საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანოს და იგი ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის და ამ კუთხით იგი სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს ამა თუ იმ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზანშეწონილობა და მისი შესაბამისობა სამსახურის მიერ შემუშავებულ ქალაქის განვითარების პოლიტიკასთან.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ იქნა „ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ (ძალადაკარგულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05/24/2016 N 14-39 დადგენილებით). აღნიშნული წესები არეგულირებდა ქ. თბილისის ტერიტორიებისათვის ქალაქთმშენებლობის სპეციფიურ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავდა ამ სამართალურთიერთობის მონაწილეთა და მესამე პირთა უფლება-მოვალეობებს. ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიაზე დამკვეთმა ან მის მიერ უფლებამოსილმა პირმა მშენებლობის ნებართვის გამცემ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარადგინოს კანონმდებლობის, მათ შორის ამ დადგენილების საფუძველზე შედგენილი განაცხადი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დასამტკიცებლად, ხოლო ამავე აქტის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, იმავე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. უარის შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი დამკვეთს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, ხოლო მითითებული მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელმა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში არ გააგრძელა მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება და ამ ხნის განმავლობაში მოხდა სივრცით-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ან/და ქალაქთმშენებლობითი პირობების არსებითი მახასიათებლების (განაშენიანების რეგულირების კოეფიციენტების, შენობათა დასაშვები სახეობის, მათი სიმაღლეების და მისთ.) ისეთი ცვლილება, რაც იწვევს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ცვლილებას, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ცხადდება ძალადაკარგულად და მის მფლობელს ეძლევა შეთავაზება სათანადო ცვლილებების განსახორციელებლად.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ლ--------------–-------ში“ მდებარე, N7----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენდა შ--–---–------ე, დღეის მდგომარეობით კი მესაკუთრეა ა--------–-–---–ი.
ქალაქ თბილისის მერის 2013 წლის 22 ივლისის N1--- განკარგულებით, ქ, თბილისში ლ-------------–-------ში" არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდი N7----------- ორსართულიანი ინდივიდუალური სახლის განთავსების მიზნით, გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საცხოვრებელი ზონა 1-ის პარამეტრებით: კ1=0,5, კ2=0,8, კ3=0,3.
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2013 წლის 30 ივლისს მიღებული იქნა N7----- გადაწყვეტილება N7----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ წინამდებარე მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ძალაშია მისი გაცემიდან ხუთი წლის განმავლობაში.
2018 წლის 31 მაისს მოსარჩელემ NA-------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიას სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს, რომლითაც მოითხოვა პოზიციის გაცემა შეეძლო თუ არა 0------ 23.05.2011წ. ბრძანებით შეთანხმებული სასაჩუქრე პროექტი განეთავსებინა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე. ასევე მიუთითა, რომ სამშენებლოდ გამოყენების პირობები აღებული ჰქონდა 2013 წლის 30 ივლისის N7----- გადაწყვეტილებით და სურდა მოესწრო პროექტის შეთანხმება.
2018 წლის 1 ივნისს სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ მიღებული იქნა N3------ გადაწყვეტილება (ნომენკლატურა: საჩუქარი პროექტები, შერჩეული პროექტის მშენებლობის შესაძლებლობის განსაზღვრა მიწის ნაკვეთზე), სადაც მიუთითა, რომ ,,დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-105 დადგენილების 19-ე მუხლის 3-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ლ--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპლექსური კვლევისა და მის საფუძველზე „ჩარჩო გეგმის“ შემუშავებამდე 6 თვის ვადით შეიზღუდა მიწის ნაკვეთის ნებისმიერი ფორმით სამშენებლოდ განვითარება (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, არქიტექტურულ სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე წერილობითი დასტურის გაცემა). აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება ასევე იმ მიწის ნაკვეთებზე რომელთა მიმართაც ამავე პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ წარმოებებთან დაკავშირებით წარმოდგენილია დაინტერესებული პირების განცხადებები, თუმცა, ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ლ--------ის მიმდებარე ტერიტორიის არეალში, სამსახურმა უარი უთხრა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე (ს.ფ 44-45).
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 01 ივნისის N3------ გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტიის მერის 2019 წლის 22 მარტის N2-- ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ვინაიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შერჩეული პროექტის მშენებლობის შესაძლებლობის შესახებ თანხმობის გაცემაზე უარი, მხარეს უქარწყლებს 05 წლიანი ვადის გასვლის გამო, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2013 წლის 30 ივლისს მიღებულ N7----- გადაწყვეტილებით მინიჭებულ უფლებას.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2013 წლის 30 ივლისს მიღებული N7----- გადაწყვეტილება N7----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ, წარმოადგენს აღმჭურველი ხასიათის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს დაცვის ღირსია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების აქტისა და მოქმედებების მიმართ აპელანტის კანონიერების რწმენა და მოლოდინი მათი აღსრულებისა. ამდენად, ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი კრძალავს ისეთ მმართველობით საქმიანობას, რომელიც თავის მხრივ კანონიერია, მაგრამ იწვევს მისი ადრესატის კანონიერი ნდობის გაცრუებას. აქვე დგას მოთხოვნა, რომ მოქალაქის ნდობა მმართველობის ორგანოს ქმედებაზე უფრო მეტად მნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, ვიდრე ის ინტერესი, რომელსაც იცავს ადმინისტრაციული ორგანო. ამდენად, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი აქტით გათვალისწინებული ურთიერთობის და მოქმედების გაუქმებისაგან.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ შ--–---–------ეს გააჩნდა ლეგიტიმური მოლოდინი მის მიმართ გამოცმული აქტის აღსრულებისა. შესაბამისად, იგი ცდილობდა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2013 წლის 30 ივლისს N7----- გადაწყვეტილებით განსაზღვრულ 5 წლიან ვადაში განეხორციელებინა შესაბამისი პროცედურები მშენებლობის ნებართვის მისაღებად, მას არ შეეძლო სცოდნოდა ან ევარაუდა, რომ ლ--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპლექსური კვლევისა და მის საფუძველზე „ჩარჩო გეგმის“ შემუშავების საფუძვლით, მომავალში შეეზღუდებოდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნებისმიერი ფორმით სამშენებლოდ განვითარება.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებების თანამდევი შედეგების სტაბილურობას არსებითი მნიშვნელობა აქვს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბებისათვის, ამდენად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ტიპის აღმჭურველი ღონისძიება უნდა იყოს განჭვრეტადი და შეძლებისდაგვარად პროგნოზირებადი. განსახილველ შემთხვევაში კი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ ისე იქნა მიღებული 2018 წლის 01 ივნისის N3------ გადაწყვეტილება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მხედველობაში არ მიუღია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 01 ივნისის N3------ გადაწყვეტილების, როგორც უფლების მიმნიჭებელი აქტის მიმართ აპელანტის კანონიერ ნდობა და აღნიშნული აქტის აღსრულების მიმართ მისი ლეგიტიმური მოლოდინი. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული აქტები (ქ. თბილისის მერის 2013 წლის 22 ივლისის N1--- განკარგულება და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 30 ივლისის N7----- გადაწყვეტილება) იყო კანონიერ ძალაში და მათი ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარებულა, სადაც შ--–---–------ეს ექნებოდა მონაწილეობისა და უფლების დაცვის შესაძლებლობა.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით განსახილველ შემთხვევაში არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის მიმართ აპელანტის დაცვის ღირსი კანონიერი ინტერესი. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 01 ივნისის N3------ გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანოს უნდა დაევალოს ქ. თბილისის მერის 2013 წლის 22 ივლისის N1--- განკარგულებისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 30 ივლისის N7----- გადაწყვეტილების მიმართ აპელანტის კანონიერი ნდობის პრინციპის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ 2018 წლის 31 მაისისათვის ორივე დოკუმენტი იყო კანონიერ ძალაში, იყო აღმჭურველი ხასიათის, შ--–---–------ის 2018 წლის 31 მაისის განცხადებაზე არსებითად მსჯელობა და დადგენა თუ რამდენად შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით, 0------ 23.05.2011წ. ბრძანებით შეთანხმებული სასაჩუქრე პროექტის განთავსება N7----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე.
3.3. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 01 ივნისის N3------ გადაწყვეტილება, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, - შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტიის მერის 2019 წლის 22 მარტის N2-- ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. პალატა მიუთითებს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც განსახილველ შემთხვევაში არ იქნა განროციელებული.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, მოსარჩელის მიერ შერჩეული პროექტის ფარგლებში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის ქ. მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ, სააპელაციო პალატა განმარტავს, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, წინა ორი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების თანმდევ შედეგს წარმოადგენს, განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლოს მიერ სადავო საკითხი არსებითად არ გადაწყვეტილა და იგი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით კვლევას საჭიროებს, ამ ეტაპზე არ არსებობს აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შ--–---–------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; ბათილად უნდა იქნას ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის N2-- ბრძანება „შ--–---–------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 01 ივნისის N3------ გადაწყვეტილება და დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლწებრივი აქტი შ--–---–------ის 2018 წლის 31 მაისის განცხადებასთან მიმართებაში.
5. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის შესაბამისად პალატა განმარტავს, რომ თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
იმის გათვალისწინებით, რომ შ--–---–------ის სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება ნაწილობრივ, სადავო აქტი ბათილდება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, პალატა მიიჩნევს, რომ შ--–---–------ის მიერ თბილისის საქალაქო და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში 250 ლარის (100 ლ. + 150 ლ.) გადახდა, უნდა დაეკისროს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, აპელანტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ--–---–------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შ--–---–------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
4. ბათილად იქნას ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 22 მარტის N2-- ბრძანება „შ--–---–------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“.
5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 01 ივნისის N3------ გადაწყვეტილება და დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლწებრივი აქტი შ--–---–------ის 2018 წლის 31 მაისის განცხადებასთან მიმართებაში.
6. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
7. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა, დაეკისროთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს შ--–---–------ის სასარგებლოდ.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო საჩივრით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი