განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 08.10.2019
საქმის ნომერი
330310018002442523
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
08.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002442523

საქმე №3ბ/254-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

08 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მანანა ჩოხელი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ლე--------------–-ძე

 

მოწინააღმდეგე მხარე - ნო------------ე

 

მესამე პირი - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა

წარმომადგენელი: თე-------------–---–ი

 

მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის პოზიცია

 

2.1. მოწინააღმდეგე მხარე - ნო------------ე არ დაეთანხმა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

2.2. მესამე პირის - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს, ხოლო მესამე პირს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია, წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნო------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №949 ბრძანება. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნო------------ისთვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე - ნო------------ეს დევნილის სტატუსი აქვს შეწყვეტილი, რადგან არ გაუვლია 2013 წლის რეგისტრაცია, ასევე არ გაუვლია მინისტრის №714 ბრძანებით დამტკიცებული 2014 წლის დევნილთა დამატებითი სავალდებულო რეგისტრაცია.

 

ნო------------ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე დასკვნის თანახმად, სამინისტრომ მიიჩნია, რომ ნო------------ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი 2005 წლის შემდეგ არ ყოფილა ქ. ახალგორი. 1990 წლიდან არ ჰქონდა ახალგორში მუდმივი სამუშაო ადგილი, მისი შვილები დაიბადნენ და საშუალო განათლება მიიღეს ქ. თბილისში. მათთვის ცნობილი არ იყო რაიმე ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ ნო------------ე დაკავშირებული იყო ქ. ახალგორთან ყოველდღიური ყოფითი, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით. ასევე აღნიშნულია, რომ ნო-------------ესთან მიმართებაში არ დასტურდება ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. ამ გარემოებების გათვალისწინებით მიზანშეუწონლად მიიჩნიეს ნო------------ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენა.

 

2018 წლის 5 თებერვალს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციისა და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების შესაბამისად ნო------------ეს ჩაუტარდა გასაუბრება, რომლის დროს ნო------------ემ აღნიშნა, რომ დაიბადა 1953 წელს ქ. ახალგორში. 1970 წელს დაამთავრა ახალგორის სოფელ ლარგვისის საშუალო სკოლა. 1976-1990 წლებში მუშაობდა სოფელ ლარგვისში სხვადასხვა ადგილებზე. დაოჯახდა 1989 წელს ახალგორში, ყავს მეუღლე და ორი შვილი, რომელთა დაბადების ადგილიც არის ქ. თბილისი. შვილებმა დაამთავრეს ქ. თბილისის საჯარო სკოლა. მეუღლე დღემდე მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიაში.

 

დადგენილია, რომ ნო------------ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო კომისიის მიერ გამოკვლეული იქნა ნო------------ის დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. კომისიამ მიიჩნია, რომ ნო------------ესთან მიმართებაში არ დასტურდებოდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა, რის გამოც მიზანშეუწონლად მიიჩნიეს ნოდარ ქე----ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა, 2018 წლის 28 მარტს, მინისტრს გაუგზავნა №01-02/06-2690 მოხსენებითი ბარათი და წარუდგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული ზემოაღნიშნული დასკვნა, ნო------------ისთვის (პ/ნ: 0----------) იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე.

 

საქართველოს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2018 წლის 30 იანვრის №2-0301 ცნობის თანახმად, მოქალაქე - ნო------------ე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ქენქაანში.

 

2018 წლის 2 თებერვალს, მოსარჩელე - ნო------------ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა, განცხადებაში ასევე მიუთითა, რომ არის საქართველოს მოქალაქე და არ გაუვლია 2013-2014 წლების დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №949 ბრძანებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის’’ მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 28 მარტის №01-02/06-2690 მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარი ეთქვა ნო------------ეს.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის - სამმართველოს უფროსის 2018 წლის 23 თებერვლის №01-01/07/6030 წერილით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა შემდეგი სახის ინფორმაცია: ცხოვრობდა თუ არა ნო------------ე 2005-2008 წლებში მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ. №181.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის 2018 წლის 6 მარტის MIA 3 18 00535286 №477860 სამსახურეობრივი ბარათის პასუხით, მოქალაქე - ნო------------ის შესახებ ირკვევა, რომ იგი 2005-2008 წლებში მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ. №181-ში ნამდვილად ცხოვრობდა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილია 2018 წლის 5 მარტის ოქმი ზეპირი გასაუბრების შესახებ, რომელიც შეადგინა საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, პოლიციის კაპიტანმა - მუ------------ემ, 2018 წლის 28 თებერვლის №477860 სამსახურეობრივი ბარათის საფუძველზე და გაესაუბრა მოქალაქე - ელ------------–--ლს, რომელმაც აღნიშნა, რომ მისამართზე ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ. №181-ში დაახლოებით 15 წელია ოჯახთან ერთად ცხოვრობს მოქალაქე - ნო------------ე, 2005-2008 წლამდეც ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე, თუმცა პერიოდულად მიდიოდა სოფელში, ახალგორის რაიონში.

 

2018 წლის 12 ნოემბერს სასამართლომ განიხილა მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლეობის დადგენის საკითხი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

სასამართლომ მიუთითა ასევე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო.

 

ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

 

სასამართლომ განმარტა, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი. დევნილთან მიმართებაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

 

ამდენად, კანონმდებელმა კონკრეტულად განსაზღვრა და პირდაპირ მიუთითა იმ სავალდებულო პირობებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირი ჩაითვლება იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად. კერძოდ, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

 

საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება (საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი). საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება- მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი.

 

ამდენად, კანონმდებლობის შესაბამისად, პირს მინიჭებული აქვს საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად, შეუზღუდავად არჩევის უფლება. ამასთან, პირი არც იმაშია შეზღუდული, რომ ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ზოგადად საცხოვრებელი ადგილი, პირის იდენტიფიკაციის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. საცხოვრებელ ადგილზე მრავალი უფლება ან ინსტიტუტია დამოკიდებული. რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის სამართლებრივი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები. ამასთან, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად პირი, რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს აგვისტოს ომამდე წარმოადგენდა ახალგორის რაიონი, მოპასუხე მხარის პოზიცია კი იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან ნო------------ის მეუღლე და შვილები ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილსაც წარმოადგენდა იგივე ადგილი, არ შეესაბამება სიმართლეს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. თბილისში მდებარე საცხოვრებელი ფართი წარმოადგენს მოსარჩელის შვილის საკუთრებას, ხოლო თავად მოსარჩელე ცხოვრობდა ახალგორის რაიონში მშობლებთან ერთად და ეწეოდა მეურნეობას, თბილისში კი ჩამოდიოდა პერიოდულად მეუღლესთან და შვილებთან. მოსარჩელე მხარე ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლობით პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად და რომელთანაც იგი დაკავშირებულია ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით.

 

,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მეორე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით პირს დენილის სტატუსი აღუდგება თუ მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი კი გულისხმობს პირისთვის დევნილის სტატუსის შეწყვეტას, თუ მან ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე - ნო------------ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე დასკვნის თანახმად, მოსარჩელეს დევნილის სტატუსი შეუწყდა, რადგან მას არ გაუვლის დევნილთა 2013 წლის რეგისტრაცია, ასევე არ გაუვლია მინისტრის №714 ბრძანებით დამტკიცებული 2014 წლის დევნილთა დამატებითი სავალდებულო რეგისტრაცია. 2018 წლის 2 თებერვალს ნო------------ემ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა მინისტრს და მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №949 ბრძანებით ნო------------ეს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენაზე. კანონმდებლობის თანახმად, კი პირს შესაძლებელია დევნილის სტატუსი შეუწყდეს თუ მან ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია, თუმცა კანონმდებლობა ითვალისწინებს შეწყვეტილი დევნილის სტატუსის აღდგენას ისეთ შემთხვევაშიც, თუ მან კანონით განსაზღვრულ ვადაში არ გაიარა რეგისტრაცია, შემდგომ კი პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება მოსარჩელის მიერ ახალგორის რაიონში მუდმივად არცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მას, 1990 წლიდან არ ჰქონდა ახალგორში მუდმივი სამუშაო ადგილი, მისი შვილები კი დაიბადნენ და საშუალო განათლება მიიღეს ქ. თბილისში. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს ფაქტები არ შეიძლება ჩაითვალოს მოსარჩელის მიერ სოფ. ქენქაანში მუდმივად ცხოვრების ფაქტის გამომრიცხავ გარემოებად, რადგან მოცემულ შემთხვევაში გაურკვეველია რა მონაცემების საფუძველზე დაადგინა მოპასუხე მხარემ მოსარჩელის ახალგორის რაიონში, კერძოდ სოფ. ქენქაანში მუდმივად არცხოვრების ფაქტი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2018 წლის 30 იანვრის №2-0301 ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ მოქალაქე - ნო------------ე, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ქენქაანში. ასევე, წარმოდგენილი არ არის არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ნო------------ეს იმ პერიოდში გააჩნდა უძრავი ქონება ქ. თბილისში.

 

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს 2018 წლის 6 მარტის MIA 3 18 00535286 წერილს, რომელიც გაცემული იქნა №477860 სამსახურეობრივი ბარათის პასუხად და, რომელიც მომზადდა 2018 წლის 5 მარტის ზეპირი გასაუბრების ოქმის საფუძველზე, არ არის მითითებული, რომ ქ. თბილისი წარმოადგენდა სადაო პერიოდში მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, პირიქით გასაუბრების ოქმში მითითებულია, რომ ნო-------------ე დაახლოებით 15 წელია ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, აღმაშენებლის №181-ში, მაგრამ 2005- 2008 წლებში მიდიოდა სოფელში, ახალგორის რაიონში.

 

ამასთან სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის განმარტებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ მიერ ნაწარმოები ზეპირი გასაუბრების ოქმით ცალსახად არ შეიძლება დადასტურებული იქნეს მოსარჩელის ქ. თბილისის მისამართზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

 

ამდენად, სასამართლომ დაადგინა 2008 წლის მოვლენებამდე მოსარჩელე - ნო------------ის ახალგორის რაიონში, სოფელ ქენქაანში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №949 ბრძანება უკანონოა და იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

 

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე, რომ მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაზე - „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“. მითითებული ბრძანების მე-3 მუხლის მეორე პუნქტით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დევნილის სტატუსის ჩამორთმევის და აღდგენის საკითხის მომზადებისას აგრეთვე გამოიყენება ამ წესის მე-2 მუხლის მე-17, მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული გასაუბრების პროცედურა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 ქვეპუნტქით დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის შესახებ სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ 2008 წლამდე ნო------------ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელი ქენქაანი, ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენა.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის აღნიშვნით 2018 წლის 2 თებერვალს სამინისტროს განცხადებით მომართა (N57391/01) ნო------------ემ დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე (გავლილი არ ააქვს 2013-14 წწ. დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია). განცხადებაში დასმული საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად 2015 წლის 17 ივლისს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი გასაუბრების ოქმი. გასაუბრების დროს მოსარჩელემ განმარტა, რომ დაიბადა 1953 წელს ახალგორში. 1970 წელს დაამთვარა ახალგორი, სოფელ ლარგვისის საშუალო სკოლა. 1976-90 წწ. მუშაობდა სოფელ ლარგვისში სხვადასხვა ადგილზე. დაოჯახდა 1989 წელს. მეუღლე დაიბადა 1965 წელს ქ. თბილისში, არადევნილი, ასევე შვილები თა----------------------ეები დაიბადნენ ქ. თბილისში. ორივე შვილმა დაამთავრა ქ. თბილისის საჯარო სკოლა. მეუღლე დღემდე მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიაში. თავად მოსარჩელე 1990 წლიდან ეწეოდა ფერმერობას და ძირითადად იყო ახალგორში მშობლებთან ერთად. 2005 წელს ოჯახმა შეიძინა ბინა თბილისში, რომელიც დღეის მდგომარეობით შვილის სახელზეა რეგისტრირებული.

 

მოსარჩელის განცხადებას თან ერთვის ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2018 წლის 30 იანვარს გაცემული N2-0301 ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ ნო------------ე 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ქენქაანში.

 

სააპელაციო საჩივრის ავტრის აღნიშვნით სამინისტროს მიერ სარწმუნოდ არ იქნა მიჩნეული ზემოაღნიშულ მუნიციპალიტეტის ცნობაში დაფიქსირებული გარემოება, რადგან აღნიშნულის საპირწონედ ჩვენს მიერ წარმოდგენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი, ამ უკანასკნელის მიერ მოკველული ინფორმაციის თანახმად, ნო------------ე 2005 წლიდან დღემდე ცხოვრობს ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ.N183-ში. ამდენად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და მოსარჩელის მიერ გასაუბრების დროს დაფიქისრებული გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად აპელანტს მიაჩნია, რომ ნ. ქე----ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს 2005 წლიდან წარმოადგენ არა ოკუპირებული ტერიტორია, არამედ ქ. თბილისი, სადაც მის ოჯახს საკუთრებაში გააჩნდა საცხოვრებელი სახლი, მისი ოჯახის წევრებს სადავო პერიოდში არ უცხოვრიათ ახალგორში, შვილები დაიბადნენ და სწავლობდნენ ქ. თბილისში, ხოლო მეუღლე ნი-------------ე მუშაობდა (დღემდე მუშაობს) ასევე ქ. თბილისში. შესაბამისად სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით ოჯახის წევრთა - მეუღლეთა სხვადასხვა ადგილზე მუდმივად ცხოვრება არ შეესაბამება ოჯახური ცხოვრების საერთო წესს, რის გამოც სხვა ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად არადამაჯერებელს ხდის მოსარჩელის არგუმენტებს, რომ იგი მოსარჩელე, მარტო, ცოლ-შვილის გარეშე ცხოვრობდა მუდმივად ახალგორში.

 

აპელანტის აღნიშვნით მუდმივი ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისია ფაქტს ადგენს ზეპირი მეხსიერებისა და გადმოცემის საფუძველზე, რადგან არ არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა პირის უტყუარად ცხოვრების ფაქტს. ომის დროს განადგურდა საკომლო ჩანაწერები ვერ იქნა გამოტანილი ვერც ერთი დოკუმენტი. კომისია საცხოვრებელი სახლის არსებობას და იმ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა ნათესაური კავშირის დადასტურებას საკმარის ფაქტად მიიჩნევს, მისი მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრისას. სწორედ ამ ფაქტით აიხსნება ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობების გაცემა. ეს ცნობები არ წარმოადგენდა მუდმივი ცხოვრების ფაქტის დამდგენ ცნობებს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ხშირად უწევდათ და უწევთ მისივე გაცემული ცნობების საპირისპიროს მტკიცება სამინისტროსა თუ სასამართლო პროცესებზე. როგორც ხედავთ ცთომილების ალბათობა საკმაოდ დიდია და მათ მიერ დადასტურებული ფაქტი ყოველთვის უტყუარად არ შეიძლება მივიჩნიოთ. ზემოთქმულიდან გამომდინარე სამინისტრო გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური პროფილის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში სარწმუნოობის და სანდოობის თვალსაზრისით, მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის დასკვნის შემოწმების შედეგად აპელანტი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათში გადმოცემული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და არ არის გასაზიარებელი. ამ მხრივ, პირველ ყოვლისა, უნდა აღინიშნოს საყოველთაოდ ცნობილი და დადგენილი გარემოება, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილმა მუნიციპალიტეტებმა ვერ მოახერხეს მუნიციპალიტეტების დოკუმენტაციის ევაკუაცია. შესაბამისად, ვერ მოხერხდა საკომლო წიგნებისა თუ სხვა პირველადი დოკუმენტაციის გამოტანა, რომელიც დაადასტურებს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე ამა თუ იმ პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტს. მიუხედავად ამგვარი დოკუმენტაციის არარსებობისა, მოქალაქეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, მათ უწევთ ამგვარი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების გაცემა. ვინაიდან მათ ხელთ არ აქვთ ამგვარი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია, პიროვნების შესახებ ინფორმაციის მოძიება უწევთ მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა და სხვა პირთა ზეპირი მეხსიერების გამოყენებით. ეს კი საკმაოდ არასარწმუნოს ხდის ამგვარ ინფორმაციას. ამ გარემოების გამო, ზემოხსენებული ცნობები ხასიათდება ძალიან დაბალი სარწმუნოობით და დამაჯერებლობით. მითუმეტეს, რომ ამგვარ ცნობებში არ არის დასაბუთებული, თუ რა გარემოებების გათვალისწინებით, რა ხასიათის კვლევისა და რა კონკრეტული ფაქტების შესწავლის შედეგად მივიდა მუნიციპალიტეტი ამ დასკვნამდე. ამ მოსაზრების სარწმუნოობას ადასტურებს მინიციპლიტეტების მიერ ერთსა და იმავე პირებზე გაცემული ცნობებისა და დასკვნების ურთერთგამომრიცხავი შინაარსი. არაერთია შემთხვევები, როდესაც პირებს დევნილის სტატუსი მიენიჭათ მუნიციპალიტეტების ინფორმაციის საფუძველზე, შემდგომში, იმავე მუნიციპალიტეტის საწინააღმდეგო ინფორმაციის საფუძველზე, იმავე პირისათვის მოხდა სტატუსის ჩამორთმევა, შემდეგში კი იმავე მუნიციპალიტეტმა იმავე პირზე კვლავ დაადასტურა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი. შესაბამისად იგი უპირობოდ არ უნდა იქნას გაზიარებული, რადგან წინააღმდეგობაში მოდიან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოძიებული და გამოკვლეული სხვა, მაღალი სანდოობის მქონე მტიცებულებებთან.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის საკითხი სამინისტროს/სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილებაა, რომელიც მას მინიჭებული აქვს კანონის საფუძველზე, დისკრეციული უფლებამოსილება – უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება; ხოლო ზაკის მე-6 მუხლით დადგენილია დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი:

1. თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

2. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. როგორც ვხედავთ, ადმინისტრაციული ორგანოს (ამ შემთხვევაში სამინისტროს) დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით. ის ემსახურება პირველ რიგში, კონკრეტულ შემთხვევაში სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზანს. ამ უფლებამოსილების მინიჭებით ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა, კანონის ნორმის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება. სამინისტრო/სააგენტო მასზე მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განსახორციელებლად ხელმძღვანელობს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით (კერძოდ დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287-ე ბრძანება). ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. ხსენებული კანონის მე-6 მუხლის დანაწესის თანახმად: იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. როგორც ხედავთ აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამავე კანონით განმარტებულია მუდმივი საცხოვრებლის დეფინიცია: დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო; დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივი საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. უნდა მოგახსენოთ, რომ მსგავსი კატეგორიის დავებზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც განმარტავს (საქმე Nბს-1227-1213(კ11 01.02.2012 წლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება)), რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სტატუსის მთხოვნელი პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. ხოლო მუდმივ საცხოვრებელ ადგილს განმარტავს იმდაგვარად, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. როგორც ვხედავთ მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლია საქმის გარემოებები, რომლის თანახმადაც არ იკვეთება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსარჩელის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. საქმის გარემოებებიდან ნათლად ჩანს, რომ მოსარჩელე თავისი ოჯახით და მთელი თავისი ყოფა-ცხოვრებით არსებითად დაკავშირებული იყო თბილისთან და არა დღეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიასთან.

 

აპელანტის აღნიშვნით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ტექსტიდან დასტურდება, რომ მასში ამომწურავად არის დასაბუთებული თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე და აქტი დაფუძნებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეულ და შესწავლილ იქნა ადმინისტრაცული წარმოების დროს. იმ შემთხვევაში თუ სამინისტრო/სააგენტო უგულებელყოფდა ზემოხსენებული კანონის მოთხოვნებს და დევნილის სტატუსს მიანიჭებდა პირს რომელსაც იგი არ ეკუთვნის, სამინისტროს მხრიდან იქნება კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიწვევს რიგ სამართლებრივ შედეგებს, რდაგან დევნილის სტატუსი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, ხოლო სოციალური დაცვა გულისხმობს დევნილის სტატუსის მატარებლისათვის ისეთი მატერიალური სარგებლის მოტანას, როგორიცაა დევნილის შემწეობა − დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური გასაცემელი და საცხოვრებლით უზრუნველყოფა (გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემა) რაც საკმაოდ დიდ ფინანსებთანააა დაკავშირებული. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონი ადგენს იმ პირთა წრეს, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს სხვადასხვა სახის ვალდებულება გააჩნია. სამინისტროს/სააგენტოს ვალდებულებები ვრცელდება მხოლოდდამხოლოდ დევნილის სტატუსის მატარებელ პირზე, ხოლო პირს, რომელსაც არა აქვს დევნილის სტატუსი ვერ იქნება სამინისტროს/სააგენტოს ბენეფიციარი და მის მიმართ გაწეული ხარჯები მიიჩნევა სახელმწიფოს მიერ არამიზნობრივად გახარჯულ თანხად. ასეთ შემთხვევაში საქმე გვექნება სახელმწიფოს ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას. სამინისტრო, გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, თუ სამინისტრო მიანიჭებს დევნილის სტატუსს პირს, რომლის მუდმივად ცხოვრების ფაქტი დღეისათვის უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უტყუარად არ არის დადასტურებული, გამოვა, რომ ადმინისტრაციული ორგანო - სამინისტრო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნისათვის, რაც კანონმდებელმა მასში ჩადო. სააგენტოს სწორედ ასეთი საკითხების გადასაწყვეტად აქვს მინიჭებული აღნიშნული უფლებამოსილება და იგი ვალდებულია განახორციელოს ეს უფლებამოსილება კანონით დადგენილ ფარგლებში, რაც მოსარჩელის შემთხვევაში განახორციელა კიდეც - არ აღუდგინა დევნილის სტატუსი პირს, რომელსაც იგი არ ეკუთვნოდა. ვთვლით, რომ მისი გამოუყენებლობა იქნება უკანონო მმართველობითი ღონისძიება, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს, რამდენად კანონიერად ეთქვა უარი მოსარჩელეს დევნილის სტატუსის აღდგენაზე.

 

დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, დევნილის სტატუსის მაძიებელი არის პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

სააპელაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მათ შორის, მას კონკრეტული საფუძვლით - უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხის შექმნის მიზეზით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელი უნდა იყოს მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად, აუცილებლად უნდა განისაზღვროს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რასაც უკავშირდება ტერიტორიის დატოვებისა და უკან დაბრუნების შეუძლებლობის გამომწვევი საფუძვლების დადგენაც.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განმარტებულია, როგორც დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო. ამასთანავე, კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს დევნილის რეგისტრაციისა და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილებს, კერძოდ მე-4 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; დევნილის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ, რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს მხოლოდ პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს და განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭების მიზნებისათვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება კანონით გათვალისწინებული რომელიმე მიზეზების არსებობის გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან თავად ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. „მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ დეფინიციასთან დაკავშირებით, პალატა უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მნიშვნელოვან განმარტებაზე (საქმე ბს-1896-1849(კ-10); სუსგ 09.06.2011 წ.).

 

სააპელაციო სასამართლო, შინაგან საქმეთა სამინისტროდან წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებთ მიუთითებს, რომ აღნიშნული პირდაპირ არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ნო------------ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. თბილისი. მოსარჩელეს შესაძლოა ჰქონოდა უძრავი ქონება თბილისში, რაც არ მეტყველებს იმ გარემოებაზე ის 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებულ მისამართზე. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი, რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან თავად ირჩევს პირი ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. ამასთან, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, საიდანაც იგი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ უნდა შეეძლოს დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო.

 

საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2018 წლის 30 იანვრის №2-0301 ცნობა, რომლის თანახმად, მოქალაქე - ნო------------ე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე მუდმივად ცხოვრობდა ახალგორის რაიონის სოფელ ქენქაანში. აღნიშნული საცხოვრებელი რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ დატოვა და იქ საცხოვრებლად დაბრუნება არ შეუძლია, ეს გარემოება სადავო არ არის.

 

პალატა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ჩათვალა დადგენილად 2008 წლის აგვისტოს ომამდე ნო------------ის ახალგორის რაიონის სოფ. ქენქაანში მუდმივად ცხოვრების ფაქტი. აღნიშნული კი გამორიცხავს მისთვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 10 აპრილის №949 ბრძანება. შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლისა და „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების საფუძველზე, არსებობდა მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე მანანა ჩოხელი