განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.10.2019
საქმის ნომერი
330310018002312368
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
01.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002312368

საქმე №3ბ/814-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

01 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მანანა ჩოხელი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ლე--------------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნა-------------–--–--ე

წარმომადგენელი - ნო------–--–--ი

 

მესამე პირი - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის პოზიცია

 

2.1. მოწინააღმდეგე მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

2.2. მესამე პირს - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას სააპელაციო საჩივართან მიმართებით შესაგებელი არ წარმოუდგენია, არც განხილვაში მიუღია მონაწილეობა.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილებით ნა-------------–--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 22 სექტემბრის №1750 ბრძანება. მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ნა-------------–--–--ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

მოსარჩელე ნა-------------–--–--ე დაიბადა 1968 წლის 23 თებერვალს ოჩამჩირეში.

 

1988 წლის 16 აგვისტოს №483830 ქორწინების მოწმობის თანახმად, მოქალაქე - გე-–----------–--–--ე და მოქალაქე - ნა---------------ე დაქორწინდნენ და დაქორწინების შემდგომ მიეკუთვნათ გვარები ქმარს - ტო----–--–--ე, ცოლს - ტო----–--–--ე.

 

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის 2017 წლის 27 ივნისის №0000489 ცნობის თანახმად, ნა--------------–--–--ე, 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონში.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №47-01 დასკვნა/ცნობის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოპოვებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად: ნა-------------–--–--ის (დაბ. 1968 წლის 23 თებერვალს), მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეული იქნა ოჩამჩირის რაიონი, სოფ. ბესლახუბა - დაბადებიდან, ანუ 1968 წლიდან - 1993 წლის 27 სექტემბრამდე.

 

აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2018 წლის 13 თებერვლის №12 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა ნა-------------–--–--ის განცხადება მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე და დაადგინა, რომ 2013 წლის 21 მაისს მიღებული დადგენილება, მასზედ, რომ ნა-------------–--–--ე ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონი სოფელი ბესლახუბაში 1993 წლის 27 სექტემბრამდე, ძალაში დარჩა.

 

ირ-----------ას 2018 წლის 2 თებერვლის ხელწერილის თანახმად, ირ-----------ა ადასტურებს, რომ ნა-------------–--–--ე ნამდვილად არის ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბელასხუბიდან და ის 1993 წლის 27 სექტემბრამდე შვილთან ერთად იმყოფებოდა ოჩამჩირეში.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, 2017 წლის 8 აგვისტოს №01- 01/07/20176 განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა ინფორმაციის მოწოდება იმასთან დაკავშირებით - ცხოვრობდნენ თუ არა ნა--------------–--–--ე (პ/ნ: 0----------) და მისი მეუღლე - გელა ტო----–--–--ე (პ/ნ: 0----------) 1993 წლამდე მის: ქ. თბილისი, ბ. ჭიჭინაძის ქ. №1, კორპ. 7, ბ. №65-ში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსის 2017 წლის 17 აგვისტოს MIA 9 17 01978975 მიმართვის, 2017 წლის 15 აგვისტოს ბინაზე შემოწმების ოქმებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 16 აგვისტოს №MIA 2 17 01968816 წერილის თანახმად, ნა-------------–--–--ე (პ/ნ: 0----------) და მისი მეუღლე - გე-–----------–--–--ე (პ/ნ: 0----------) 1993 წლამდე ცხოვრობდნენ მისამართზე: ქ. თბილისი, ბ. ჭიჭინაძის ქ. №1, კორპ. №7, ბ. №65-ში. ამჟამად, ტო----–--–--ეების ოჯახი აღნიშნულ მისამართზე აღარ ცხოვრობენ, რასაც ადასტურებს მისივე კორპუსში მცხოვრები მეზობელი - გი----------------ე, რომელმაც ასევე განმარტა, რომ გე-–----------–--–--ემ აღნიშნული ბინა მიიღო სამსახურიდან 1989 წელს და საცხოვრებლად გადმოვიდა 1991 წელს, ხოლო ამავე კორპუსში მცხოვრები ტრ------------–-–---–ის განმარტებით, იგი პირადად იცნობდა გე-–----------–--–--ეს, რომელმაც ბინა განაწილებით მიიღო სამსახურიდან და საცხოვრებლად გადმოვიდა 1991 წელს.

 

2017 წლის 27 ივნისს, ნა-------------–--–--ემ №30644/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა.

 

დევნილთა საკითხების დეპარტამენტში, 2017 წლის 27 ივნისს გასაუბრება ჩაუტარდა ნა-------------–--–--ეს. გასაუბრებისას განმცხადებელმა აღნიშნა, რომ დაიბადა 1968 წელს ოჩამჩირეში. 1984 წელს დაამთავრა ოჩამჩირის რაიონის სოფ. ბესლახუბას საშუალო სკოლა. 1985-1989 წლებში სწავლობდა სოხუმის გორკის სახელობის უნივერსიტეტში დაუსწრებელ განყოფილებაზე. 1988 წელს დაოჯახდა თბილისში. 1987 წელს შვილი შეეძინა ოჩამჩირეში. მეუღლე მუშაობდა ქალაქ თბილისში ელმავალის მემანქანედ. მეუღლეს დაახლოებით 1994 წელს თბილისში გადასცეს ბინა. ბინის გადაცემამდე ცხოვრობდა საერთო საცხოვრებელში. ბავშვის გაზრდაში ეხმარებოდნენ მშობლები და ამის გამო ცხოვრობდა სოფელ ბესლახუბაში. მეუღლე იყო წარმოშობით ხარაგაულიდან. თავად არსად არ უმუშავია. ბესლახუბაში ცხოვრობდა დედასთან და შვილთან ერთად. სოფელი ბესლახუბა დატოვა 1993 წლის სექტემბერში. აფხაზეთის დატოვების შემდეგ ცხოვრობს ქ. თბილისში. ამჟამად ქვრივია.

 

აღნიშნული გასაუბრების საფუძველზე, იძულებით გადაადგილებული პირის- დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გაიცა დასკვნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ განცხადებაზე თანდართულია აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის მიერ გაცემული 2017 წლის 27 ივნისის N0000489 ცნობა. ცნობის თანახმად ნა-------------–--–--ე (პ/ნ: 0----------) 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონში.

 

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიგზავნა წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 18 აგვისტოს N39400/01 საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ ნა-------------–--–--ე და მისი მეუღლე - გე-–----------–--–--ე 1993 წლამდე ცხოვრობდნენ ქ. თბილისი, ბ. ჭიჭინაძის ქ. №1, კორპ. №7, ბ. №65-ში.

 

დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ნა-------------–--–--ესთან მიმართებაში არ დასტურდებოდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და ყველა დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ურთიერთშეჯერების შედეგად მიაჩნიათ, რომ ნა-------------–--–--ე დაოჯახების შემდეგ, 1988 წლიდან ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილთან ერთად ქ. თბილისში.

 

დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა საკითხის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ სტატუსის მაძიებელი არ აკმაყოფილებდა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რის გამოც, ნა-------------–--–--ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი არ იყო.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 22 სექტემბრის №1750 ბრძანებით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287-ე ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-14 და მე-20 პუნქტების შესაბამისად, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 25 აგვისტოს №01-01/06-8933 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა ნა-------------–--–--ეს (პ/ნ: 0----------).

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ განმარტა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

 

ამდენად, კანონმდებელმა კონკრეტულად განსაზღვრა და პირდაპირ მიუთითა იმ სავალდებულო პირობებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირი ჩაითვლება იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად. კერძოდ, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

 

საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება (საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი). საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება- მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი.

 

ამდენად, კანონმდებლობის შესაბამისად, პირს მინიჭებული აქვს საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად, შეუზღუდავად არჩევის უფლება. ამასთან, პირი არც იმაშია შეზღუდული, რომ ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ზოგადად, საცხოვრებელი ადგილი პირის იდენტიფიკაციის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. საცხოვრებელ ადგილზე მრავალი უფლება ან ინსტიტუტია დამოკიდებული. რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის სამართლებრივი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები. ამასთან, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად.

 

დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა გამოცემული დასკვნით მიზანშეუწონლად მიიჩნია ნა-------------–--–--ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება. აღნიშნულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასუხო წერილით ნა-------------–--–--ე და მისი მეუღლე - გე-–----------–--–--ე, 1993 წლამდე ცხოვრობდნენ: ქ. თბილისში, ბ. ჭიჭინაძის ქ. №1, კორპ. №7, ბ. №65-ში; აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის მიერ გაცემული 2017 წლის 27 ივნისის №0000489 ცნობის თანახმად ნა-------------–--–--ე (პ/ნ: 0----------) 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონში.

 

სასამართლომ განმარტა, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი. დევნილთან მიმართებაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის საკითხის გადაწყვეტისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 16 აგვისტოს №MIA 2 17 01968816 და 2017 წლის 17 აგვისტოს №MIA 9 17 01978975 წერილები, სადაც ფაქტი, რომ ნა---------------–--–--ე და მისი მეუღლე - გე-–----------–--–--ე 1993 წლამდე ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ბ. ჭიჭინაძის ქ. №1, კორპ. №7, ბინა №65-ში დადგენილია ორი მეზობლის - ტრ-----------–-–---–ისა და გი----------------ის განმარტებით, რომელთა მიხედვით ნა-------------–--–--ის მეუღლე - გე-–----------–--–--ე 1991 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად მითითებულ მისამართზე. ასევე აღსანიშნავია, რომ მითითებული ცნობაში მითითებულია, რომ მოსარჩელე და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ და არა მუდმოვად ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე.

 

ასევე გასათვალისწინებელია, რომ მესამე პირი - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა ადასტურებს მოსარჩელის 1993 წლამდე აფხაზეთის რესპუბლიკაში, ოჩამჩირის რაიონში მუდმივად ცხოვრების ფაქტს.

 

ამასთან დადგენილია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 27 ივნისის №47-01 დასკვნა/ცნობის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოპოვებული მასალების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად: ნა-------------–--–--ის (დაბადებული 1968 წლის 23 თებერვალს), მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეულია ოჩამჩირის რაიონი, სოფ. ბესლახუბა - დაბადებიდან 1968 წლიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე.

 

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 22 სექტემბრის №1750 ბრძანება გამოცემულია სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რადგან არ არის შეფასებული ის გარემოებები, საქმეში არსებული და შესაბამისად ლტოლვილთა სამინისტროში წარდგენილი ურთიერთგამომრიცხავი ცნობებიდან საიდან გამომდინარე მიენიჭა უპირატესობა იმ ცნობებს, რომლებიც არ ადასტურებდნენ ნა-------------–--–--ის სადაო ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტს.

 

სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება 1993 წლამდე ნა-------------–--–--ის, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ბესლახუბაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაზე - „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“. მითითებული ბრძანების მე-2 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულია დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირს უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირს უარი ეთქმება, თუ: ა) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირი არ აკმაყოფილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს; ბ) არსებობს განმცხადებლის მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომლის შედეგად პირს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე; გ) პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი საფუძველი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 22 სექტემბრის №1750 ბრძანება უკანონოა და იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი და მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნა-------------–--–--ის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მოსაზრებით, ძირითადი არგუმენტები და ფაქტობრივი გარემოებები, რასაც სააგენტო (სამინისტრო) ეყრდნობოდა იყო მოსარჩელის ბიოგრაფიული მონაცემები, რომელიც, თავისუფალი თხრობით იქნა გადმოცემული მოსარჩელისვე მიერ მასთან მიმართებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. კერძოდ, მან განმარტა, რომ დაიბადა 1968 წელს ოჩამჩირეში. 1984 წელს დაამთავრა ოჩამჩირის რაიონის სოფ. ბესლახუბას საშუალო სკოლა. 1985-89წწ. სწავლობდა სოხუმის გორკის სახელობის უნივერსიტეტში დაუსწრებელ განყოფილებაზე. 1988 წელს დაოჯახდა თბილისში. 1987 წელს შვილი შეეძინა ოჩამჩირეში. მეუღლე მუშაობდა ქ. თბილისში ელმავლის მემანქანედ. მეუღლეს დაახლოებით 1994 წელს თბილისში გადასცეს ბინა. ბინის გადაცემამდე ცხოვრობდა საერთო საცხოვრებელში. თავად ბავშვის გაზრდაში ეხმარებოდნენ მშობლები და ამის გამო ცხოვრობდა სოფ. ბესლახუბაში. მეუღლე იყო წარმოშობით ხარაგაულიდან. თავად არსად არ უმუშავია. ბესლახუბაში ცხოვრობდა დედასთან და შვილთან ერთად. სოფ. ბესლახუბა დატოვა 1993 წლის სექტემბერში. აფხაზეთის დატოვების შემდეგ ცხოვრობს თბილისში. ამჟამად ქვრივია.

 

ნა-------------–--–--ე კითხვარში შეტანილი ინფორმაციის ნამდვილობას ადასტურებს კითხვარის ყველა ფურცელზე ხელმოწერით. მიჩნეული უნდა იქნას, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოძიებული ეს ინფორმაცია ხასიათდება სანდოობის მეტად მაღალი ხარისხით, რამდენადაც ის მომდინარეობს უშუალოდ სტატუსის მაძიებელი პირისაგან, პირველწყაროსაგან, თავისი ავტობიოგრაფიული მონაცემების გადმოცემის გზით.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიგზავნა წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა სამინისტროს 18.08.2017წ. N 39400/01 საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ ნა-------------–--–--ე და მისი მეუღლე - გე-–----------–--–--ე 1993 წლამდე ცხოვრობდნენ ქ. თბილისი ბ. ჭიჭინაძის ქ. N 1 კორპ. 7 ბ. 65-ში. აქვე ავღნიშნავთ, რომ მითითებული უძრავი ქონება 1988 წლიდან წარმოადგენს მოსარჩელის და მისი შვილების საკუთრებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოძიებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ გამოიკითხნენ ტო----–--–--ის მეზობლები გი----------------ე და ტრ------------–-–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ პირადად იცნობდნენ ამ ოჯახს, ტო----–--–--ეებმა აღნიშნული ბინა სახელმწიფოსაგან მიიღეს სამსახურიდან და აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდნენ 1991 წლიდან.

 

როგორც მოსარჩელის მიერ გადმოცემული საკუთარი ბიოგრაფიიდან ნათლად, ცხადად და უტყუარად დგინდება, ის თავისი ყოფელდღიური ყოფითი ცხოვრებით - ოჯახის წევრებთან ეთად ცხოვრებით დაკავშირებული იყო თბილისთან და შესაბამისად, მისი მუდმივი საცხოვრებელი სოფელი ბესლახუბა ვერ იქნებოდა. მოსარჩელის მიერ მოწოდებული ბიოგრაფიული მონაცემების ნამდვილობა უტყუარად დასტურდება გასაუბრების დოკუმენტის თითეულ გვერდზე თავად მოსარჩელისვე მიერ გაკეთებული ხელმოწერით. კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მისი ეს ბიოგრაფიული მონაცემები გამორიცხავს სოფელ ბესლახუბაში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტს.

 

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პოზიციას და მათ მიერ გაცემულ ცნობებს და დასკვნებს, მათი სარწმუნოობა თავადვე ამ ორგანოების მიერ გაცემული აქტებით ქარწყლდება, სადაც ისინი უთითებდნენ, რომ მოსარჩელე სოფელ ბესლახუბაში ცხოვრობდა 1993 წლის 27 სექტემბრამდე. ამ გარემოებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს და ცალკე, კრიტიკული შეფასების ობიექტი უნდა გახდეს, ის გარემოება, რომ აფხაზეთში კონფლიქტის დაწყების მომენტისათვის მიში შვილი იყო მცირეწლოვანი (დაბადებული 1987 წელს). ეს გარემოება მით უფრო არადამაჯერებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოჯახს მუდმივი საკუთარი საცხოვრებელი ბინა ჰქონდა ქ.თბილისში და მოსარჩელეს, აფხაზეთში წარმოებული კონფლიქტის პერიოდში მაინც, უსაფრთხოდ შეეძლო ესარგებლა საკუთარი საცხოვრებლით და ეცხოვრათ მთელ ოჯახს ერთად. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მეუღლე იმ პერიოდისათვის მუშაობდა თბილისში ელმავლის მემანქანედ და ამ ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო სამუშაოზე მხოლოდ პერიოდულად და დროგამოშვებით გამოცხადება. აღნიშნულის ფონზე, არც მოსარჩელის და არც სასამართლოს მიერ ახსნილი და დასაბუთებული არ არის, თუ რა საჭიროების გამო ცხოვრობდა მოსარჩელე საკუთარი ოჯახიდან განცალკევებით სოფელ ბესლახუბაში და რატომ არ ცხოვრობდა ოჯახთან ერთად ქ.თბილისში - საკუთარ საცხოვრებელში. აპელანტს მიაჩნია, რომ ამ არსებითი და მეტისმეტად წონადი წინააღმდეგობის აღმოფხვრის გარეშე, მოსაზრება და მტკიცება მოსარჩელის სოფელ ერედვში, ოჯახისაგან განცალკევებით ცხოვრების თაობაზე არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. საქმეში ჩართული მესამე პირის მიერ გაცემული ცნობის და დასკვნების შინაარსის არასარწმუნოობასთან მიმართებით მიუთითებს ის უტყუარი ფაქტებიც, რომ მიერ გაცემული ცნობებისა და დასკვნების შინაარსის ნამდვილობის დადგენა, რიგ შემთხვევებში შეუძლებელია. ეს ინფორმაციები კიდევ უფრო დაუჯერებელი და არარეალური ხდება, როდესაც ისინი კატეგორიულ წინააღმდეგობაში მოდის თავად სტატუსის მაძიებელი პირების მიერ გადმოცემულ საკუთარ ბიოგრაციულ მონაცემებთან მიმართებით.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის სრული დაცვით და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

 

ასევე განსაკუთრებით საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ დევნილის სტატუსის მოთხოვნით სამინისტროს (სააგენტოს) მიმართა დევნლობის 24 წლის შემდეგ, როდესაც 2017 წლის 27 ივნისს (N30644 განცხადება) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროს განცხადებით მომართა ნა-------------–--–--ემ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

 

განცხადებაში დასმული საკითხის სრულყოფილად შესწავლის და გამოკვლევის მიზნით, მოქმედი კანონმდბლობის მოთხოვნების შესაბამისად, კერძოდ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანების, ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ და „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭების თაობაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარის ფორმის დამტკიცებისა და დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭების თაობაზე უარის თქმის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით გასაუბრებაზე და კითხვარის შევსებაზე, ასევე დევნილის მოწმობის გაცემაზე სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 16 მაისის N826 ბრძანებით განსაზღვრული წესების და პროცედურების შესაბამისად, სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა ნაო ტო----–--–--ის განცხადების საფუძველზე ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება.

 

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებების, გამოკვლეული გარემოებების და ფაქტების შესწავლის, ანალიზის, ურთიერთშეჯერების და შეფასების შედეგად, აპელანტს მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს რიგი გარემოებების გამო.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის დანაწესის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი, კანონში მითითებული გარემოებების გამო, იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

 

ამავე კანონით განმარტებულია მუდმივი საცხოვრებლის დეფინიცია, კერძოდ, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ ეს არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, ანუ პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. პირის მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. ხსენებულ საცხოვრებელთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც, მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვა ადგილზე, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს სხვა საცხოვრებელიც. როგორც ვხედავთ მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოიკვლია საქმის გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაადგინა განმცხადებლის ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი და მისი დატოვების მიზეზები. ხოლო ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის დატოვების მიზეზი არ ყოფილა კანონის მუხლით გათვალისწინებული გარემოებები.

 

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭების თაობაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარის ფორმის დამტკიცებისა და დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭების თაობაზე უარის თქმის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით გასაუბრებაზე და კითხვარის შევსებაზე, ასევე დევნილის მოწმობის გაცემაზე სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 16 მაისის N826 ბრძანებით განსაზღვრული წესების და პროცედურების შესაბამისად, ნა-------------–--–--ეს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო გასაუბრების კითხვარი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, აპელანტი უთითებს, რომ ნა-------------–--–--ესთან მიმართებაში არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. ყველა დოკუმენტაციის და ინფორმაციის ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ ნა-------------–--–--ე დაოჯახების შემდეგ 1988 წლიდან ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილთან ერთად ქ. თბილისში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნა-------------–--–--ესთან პ/ნ 0---------- მიმართებაში არ დასტურდება ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა, რის საფუძველზეც სადავო აქტით უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.

 

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავოა ნა-------------–--–--ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე(აღდგენაზე) უარის თქმის კანონიერება.

 

დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის სტატუსის მაძიებელი არის პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

სააპელაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მათ შორის, მას კონკრეტული საფუძვლით - უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხის შექმნის მიზეზით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელი უნდა იყოს მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად, აუცილებლად უნდა განისაზღვროს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რასაც უკავშირდება ტერიტორიის დატოვებისა და უკან დაბრუნების შეუძლებლობის გამომწვევი საფუძვლების დადგენაც.

 

ადმინისტრაციული ორგანო არგუმენტი მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით არის ის, რომ ნა-------------–--–--ე დაოჯახების შემდეგ, 1988 წლიდან ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილთან ერთად ქ. თბილისში.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განმარტებულია, როგორც დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს მხოლოდ პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს და განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭების მიზნებისათვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება კანონით გათვალისწინებული რომელიმე მიზეზების არსებობის გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან თავად ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. „მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ დეფინიციასთან დაკავშირებით, პალატა უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მნიშვნელოვან განმარტებაზე (საქმე ბს-1896-1849(კ-10); სუსგ 09.06.2011 წ.).

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ერთის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 18 აგვისტოს N39400/01 წერილის მიხედვით, ნა-------------–--–--ე და მისი მეუღლე - გე-–----------–--–--ე 1993 წლამდე ცხოვრობდნენ ქ. თბილისი, ბ. ჭიჭინაძის ქ. №1, კორპ. №7, ბ. №65-ში. და მეორეს მხრივ, აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის მიერ გაცემული ცნობებით, ნა-------------–--–--ე (პ/ნ: 0----------) 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონში(იხ.ს.ფ.68, 71, 85).

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მეზობლების განმარტებით, რომლის საფუძველზეც იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 18 აგვისტოს N39400/01 წერილი გამოცემული, დასტურდება, რომ გე-–----------–--–--ემ 1989 წელს მიიღო სამსახურიდან ბინა განაწილებით და იგი იქ საცხოვრებლად გადავიდა 1991 წელს.

 

თავის მხრივ, აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის მიერ გაცემული 2017 წლის 27 ივნისის №0000489 ცნობის საფუძველი გახდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 27 ივნისის N47-01 დასკვნა, რომლის მიხედვითაც ნა-------------–--–--ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნეული იქნა ოჩამჩირის რაიონი, სოფ. ბესლახუბა - 1993 წლის 27 სექტემბრამდე(იხ.ს.ფ.68-69). სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აღნიშნული დასკვნა კვლად დადასტურებული იქნა იმავე ორგანოს 2018 წლის 5 მაისის წერილით, რომელიც თავის მხრივ დაეყრდნო კომისიის 2018 წლის 13 თებერვლის N12 ოქმში მითითებულ დასკვნას, რომ ,,2013 წლის 21 მაისის დადგენილება იმის თაობაზე, რომ ნა-----------–--------–----------–--–--ე ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონის, სოფ. ბესლახუბაში - 1993 წლის 27 სექტემბრამდე, ძალაში რჩება“(იხ.ს.ფ.85, 99).

 

სააპელაციო სასამართლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროდან წარმოდგენილი ინფორმაციით დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მეუღლემ სამსახურიდან, 1989 წელს მიიღო საცხოვრებელი ბინა განაწილებით და იგი იქ საცხოვრებლად გადავიდა 1991 წელს. ამასთან, იგი უდავოდ ვერ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ნა-------------–--–--ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, 1993 წლამდე, იყო ქ. თბილისი. მაშინ, როცა აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის მიერ გაცემული ცნობებით, რომელიც თავის მხრივ კომისიის დასკვნებს ეყრდნობა, დასტურდება ნა-------------–--–--ის 1993 წლის 27 სექტემბრამდე ოჩამჩირის რაიონის, სოფ. ბესლახუბაში მუდმივი ცხოვრების ფაქტი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მეუღლეს შესაძლოა ჰქონოდა საცხოვრებელი ბინა თბილისში, რაც არ მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ ნა-------------–--–--ე 1993 წლამდე მუდმივად არ ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონის, სოფ. ბესლახუბაში. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ პირს, ან მის ოჯახის წევრს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი, საიდანაც თავად ირჩევს პირი ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. ტო----–--–--ის განმარტებით, რადგან მისი მეუღლე იყო ელმავლის მემანქანე და ხშირად არ იყო სახლში, მას კი ჰყავდა პატარა შვილი, ცხოვრობდა დედასთან სოფელ ბესლახუბაში, რომელიც ეხმარებოდა ბავშვის გაზრდაში.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ დასტურდება ნა-------------–--–--ის ოჩამჩირის რაიონში 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, არსებობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოცემული სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2017 წლის 22 სექტემბრის №1750 ბრძანება. შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლისა და „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების საფუძველზე, არსებობდა მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, არსებითად სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე მანანა ჩოხელი