განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.10.2019
საქმის ნომერი
130310017002180817
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №130310017002180817 (№3ბ/2564-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

3 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ზუ--------------–---–ი;

წარმომადგენელი - ზი--------------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია;

 

მესამე პირი (ა.ს.კ. 16.2) - მა----–-------ე;

წარმომადგენელი - ნი-----------–---–ი;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება;

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

1.1. ზუ--------------–---–ი ითხოვს გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით, ზუ--------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის N3-110-2017 განჩინებით მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სოფ. ო-------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე N46 მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე მა----–-------ის (პ/ნ 5----------) საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით სარეგისტრაციო წარმოების შეჩერება.

 

2.2. დასკვნები დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

დადგენილია, რომ ზუ--------------–---–მა 2016 წლის 22 ნოემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ხაშური, სოფ. ო-------ში მდებარე 621 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. რადგან განმცხადებლის მიერ არ იყო წარდგენილი და სარეგისტრაციო სამსახურის მიერაც ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ვერ იქნა მოძიებული საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით დოკუმენტაცია საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (ს.ფ. 165-181).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი (ტ.1. ს.ფ 168-170);

- მომსახურების ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ 171-173);

- 2016 წლის 22 ნოემბრის მიღება - ჩაბარების აქტი (ტ. 1. ს.ფ 174);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება N8------------03 (ტ. 1. ს.ფ 176);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება N8------------09 (ტ.1. ს.ფ 180);

სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 14 დეკემბრისN69/82045 ცნობა (ტ. 1. ს.ფ 179).

 

დადგენილია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2017 წლის 2 მარტის N428 განკარგულებით, ზუ--------------–---–ის საკუთრების უფლება აღიარა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ო-------ში მდებარე 621კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და იმავე დღეს გაიცა N81 საკუთრების უფლების მოწმობა. ზუ--------------–---–ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 2017 წლის 13 მარტს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 2 მარტის N428 წერილი (ტ1. ს.ფ 184-185);

- ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 2 მარტის N1541 საკუთრების უფლების მომწობა N-81 (ტ1. ს.ფ 186);

- საჯარო რეესტრის ეროვნუი სააგენტო 2017 წლის 13 მარტის N8------------13 გადაწყვეტუილება (ტ.1. ს.ფ. 189);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 190);

 

2017 წლის 14 აგვისტოს აღიარების კომისიას მიმართა მა----–-------ის წარმომადგენელმა გე-–-----------მ და მოითხოვა ზუ---------------–---–ის სახელზე 2017 წლის 2 მარტს გაცემულ N81 საკუთრების უფლების მოწმობაში და კომისიის შესაბამის განკარგულებაში ცვლილებების შეტანა, რადგან რეესტრის მონაცემებით, N46 მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრები ზედდებაში იყო ზუ--------------–---–ისათვის გადაცემული მიწის ნაკვეთის საზღვრებთან, რის გამოც ვერ ირეგისტრირებდა კუთვნილ მიწის ნაკვეთს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 14 აგვისტოს განცახდება (ტ.1. ს.ფ 110-111);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ 115-116);

- მიღება ჩაბარების აქტი N46 (ტ.1. ს.ფ 118);

 

დადგენილია, რომ კომისიის სხდომა ჩატარდა 2017 წლის 1 სექტემბერს, რის თაობაზეც გაფრთხილებული იყო როგორც მა----–--------ის წარმომადგენელი, ისე ზუ--------------–---–ი. კომისიის 2017 წლის 1 სექტემბრის სხდომა გადაიდო საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 23 აგვისტოს წერილები (ტ.1. ს.ფ 120-212);

- ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 1 სექტემბრის N25 ოქმი;

 

დადგენილია, რომ აღიარების კომისიამ 2017 წლის 14 სექტემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ინფორმაცია N46 მიღება - ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთისა და მა----–-------ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ. მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კომისიას გადაუგზავნა სიტუაციური ნახაზი, რომლის მიხედვით, N46 მიღება - ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთი ადგილმდებარეობით და ასევე, მეზობლების ჩვენებით ემთხვეოდა მა----–-------ის მიერ რეესტრში წარდგენილ საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე არსებულ მიწის ნაკვეთს, თუმცა კონფიგურაცია და გვერდები არ შეესაბამებოდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 14 სექტემბრის წერილი (ტ.1. ს.ფ 125);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის N404558 წერილი (ტ.1. ს.ფ 126);

 

დადგენილია, რომ აღიარების კომისიის მიერ საკითხი განხილულ იქნა 2017 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე, რა დროსაც კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს სადავო აქტის ბათილად ცნობას. ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 ოქტომბრის N2542 განკარგულებით, დამტკიცდა კომისიის 2017 წლის 13 ოქტომბრის სხდომის ოქმი და ბათილად იქნა ცნობილი იმავე კომისიის 2017 წლის 2 მარტის განკარგულება N428 ზუ--------------–---–ის ნაწილში და 2017 წლის 2 მარტს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა N81.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 ოქტომბრის N28 ოქმი (ტომი 1. ს.ფ 130-133);

- ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 25 ოქტომბრის წერილი (ტ.1. ს.ფ 133-134);

 

დადგენილია, რომ აღიარების კომისიის 2017 წლის 25 ოქტომბრის განკარგულების შესახებ ეცნობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც 2017 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა ზუ--------------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავო მიწის ნაკვეთზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 25 ოქტომბრის წერილი N11772 (ტ.1. ს.ფ 196-197);

- საჯარო რეესტრის ეროვნუი სააგენტო 2017 წლის 3 ნოემბრის N8------------03 გადაწყვეტუილება (ტ.1. ს.ფ. 199);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 200);

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი და განმარტა, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილობის ერთ - ერთი საფუძველია მისი კანონთან წინააღმდეგობა და სწორედ ამ საფუძვლით მოხდა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ამდენად, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელე მხარის ის პოზიცია, რომ აღიარების კომისიას არ ჰქონდა მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის უფლება და საჩივარი ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა განეხილა მხოლოდ სასამართლოს. სასამართლომ მიუთითა ამავე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონის ეს დანაწესი ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო კარგავს უფლებამოსილებას თვითონ იმსჯელოს მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 188-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება - თავისი ინიციატივით, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე, გადასინჯოს მის მიერ გამოცემული კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერება, განეკუთვნება მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, მმართველობის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერების პრინციპის პრიორიტეტულობისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე. აღნიშნული კომპეტენცია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციული ორგანოს აძლევს შესაძლებლობას წარსულში გამოცემული აქტების გადასინჯვის მეშვეობით, მათი უკანონობის დადგენის შემთხვევაში სახელმწიფოში აღადგინოს სამართლიანი და კანონიერი საჯარო მმართველობის სტანდარტი, რომელიც ამ აქტის ძალაში ყოფნით, მისი შედეგების შესაძლო აღსრულებით იგნორირებული, უგულვებელყოფილი ან დარღვეულ იქნა.

 

საქმის განმხილველმა სასამართლომ საკითხზე მსჯელობის მიზნით მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2-4 მუხლები, ასევე, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-9 მუხლები და საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე გაცემული იყო მიღება - ჩაბარების აქტი, რომელიც არის მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობით კომისიას არ ჰქონდა უფლება მოცემულ მიწის ნაკვეთზე, როგორც თვითნებურად დაკავებულზე ეღიარებინა ზუ--------------–---–ის საკუთრების უფლება. სასამართლოს მოსაზრებით, კომისიამ მართებულად მიიჩნია, რომ მის მიერ 2017 წლის 2 მარტს მიღებული N428 განკარგულება და N81 საკუთრების უფლების მოწმობა კანონთან წინააღმდეგობაში იყო და ცნო იგი ბათილად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე არგუმენტირებით განმარტა, რომ აღიარების კომისიის 2017 წლის 25 ოქტომბრის N2542 განკარგულება არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე, არსებითად არ დარღვეულა მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლოს სხდომაზე საქმის განხილვისას არ დადასტურდა N46 მიღება - ჩაბარების აქტის სიყალბე. აქტზე ხელმომწერ პირთაგან ზოგიერთმა დაადასტურა მისი ხელმოწერის, ასევე, ბეჭდის დასმის სინამდვილე, ხოლო სხვა პირთა იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ ვერ ჩაატარა ექსპერტიზა აქტის შედგენის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, მეცნიერულად დასაბუთებული შესაბამისი მეთოდიკის არარსებობის გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ეროვნულ არქივში ინფორმაცია მიწის ნაკვეთების გამანაწილებელი კომისიის შემადგენლობის შესახებ არ ინახება. მიწის რეფორმის კომისიის წევრების ჩვენებებით მიწის რეფორმის პერიოდში დოკუმენტაციის გაცემას ქაოსური, მოუწერიგებელი სახე ჰქონდა და ხშირ შემთხვევაში იკარგებოდა დოკუმენტები. ამასთან, თითოეულ საკრებულოში მიწის გამანაწილებელი კომისიის რამდენიმე შემადგენლობა არსებობდა და მათი აღრიცხვა ფაქტობრივად არ ხდებოდა. მიწების პრივატიზაციის დროიდან საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის გასვლის გამო, კომისიის წევრებმა ზუსტად ვერ გაიხსენეს საქმის გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ერთმნიშვნელოვნად ვერ იქნა დადასტურებული სადავო მიღება - ჩაბარების აქტის სიყალბე. ამასთან პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა აქტზე ხელის მომწერი მიწათმომწყობის პ---------------ის კატეგორიული ჩვენება, რომ აქტზე მისი ხელისმოწერაა და მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის ბეჭედიც მისი დასმულია.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლი და განმარტა, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. ზუ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი:

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს და მიაჩნია, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის N376 დადგენილება, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მუშაობას. მიუთითებს, რომ კომისიის კომპეტენციაში შედის მიწის ნაკვეთის გამოყოფის ან უარის თქმის უფლება მიწის გამოყოფის თაობაზე, ხოლო აღნიშნული კანონის მე-19 მუხლის თანახმად, თუ არსებობს ახალი გარემოება დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, რომელიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, კომისია განიხილავს საკითხს განმეორებით. აპელანტის განმარტებით, კომისია არ განიხილავს დავებს, ყველა დავა იხილება მხოლოდ სასამართლოში. მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მიწის აღიარების კომისიამ განიხილა მისი განცხადება და კანონიერად უღიარა უკვე მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორია 2017 წლის 2 მარტის N428 განკარგულებით და 2017 წლის 2 მარტს გაიცა N81 საკუთრების უფლების მოწმობა და შესაბამისად, საჯარო რეესტრში მის საკუთრება დარეგისტრირდა.

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 14 აგვისტოს აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა მა----–-------ის წარმომადგენელმა და მოითხოვა მის სახელზე - ზუ--------------–---–ის სახელზე გაცემული განკარგულების გაუქმება იმ არგუმენტით, რომ მიწის ნაკვეთის მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა მა----–-------ეს, რომელიც თითქოსდა მიიღო სოფელ ო-------ში 1993 წელს, ხოლო მიღება - ჩაბარების აქტში აღნიშნულია, რომ თითქოსდა გამოუყვეს საბაღე ნაკვეთი ჭ--–--------ში, რომელიც ხაშურის ტერიტორიას ეკუთვნის და არა ო-------ს. აპელანტი მიუთითებს, რომ აღნიშნულ აქტს ხელს არ აწერს არც ერთი პასუხიმგებელი პირი რაც აპელანტის განმარტებით, ასევე დაადასტურეს მოწმეებმა სასამართლო პროცესზე.

აპელანტი ასევე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ კანონმდებლობის თანახმად, კომისიას როგორც აქტის გამომცემ ორგანოს ჰქონდა უფლება გაეუქმებინა თავისივე განკარგულება. მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ დეტალურად არ განიხილა ყველა საკითხი და ზოგადად განმარტა კომისიის მოქმედება.

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 ოქტომბრის N28 ოქმი და 2017 წლის 25 ოქტომბრის N2542 განკარგულება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი იმავე კომისიის 2017 წლის 2 მარტის N428 განკარგულება (ზუ--------------–---–ის ნაწილში) და 2017 წლის 2 მარტის N81 საკუთრების უფლების მოწმობა. ამდენად, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში პალატამ უნდა შეაფასოს რამდენად შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ამავე კომისიის 2017 წლის 2 მარტის განკარგულება (ზუ--------------–---–ის ნაწილში) და საკუთრების უფლების მოწმობა N81 და დარღვეულია თუ არა არსებითად კომისიის გადაწყვეტილების მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

 

აქვე პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტის იმ განმარტებაზე, რომ კომისიას როგორც აქტის გამომცემ ორგანოს უფლება არ ჰქონდა გაეუქმებინა თავისივე განკარგულება და საჩივარი ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა განეხილა მხოლოდ სასამართლოს. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა აღნიშნული პოზიცია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-3 ნაწილზე არგუმენტირებით მართებულად განმარტა, რომ ვინაიდან, ადმინისტრაციული აქტის ბათილობის ერთ - ერთი საფუძველია მისი კანონთან წინააღმდეგობა, სწორედ ამ საფუძვლით მოხდა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. პალატის მოსაზრებით, სწორედ რომ სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა რამდენად ეწინააღმდეგებოდა კანონს 2017 წლის 2 მარტის N428 განკარგულება, რომელიც კომისიის მიერ ბათილად იქნა ცნობილი.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 188-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა არ აჩერებს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას – შეცვალოს, ძალადაკარგულად ან ბათილად გამოაცხადოს იგი ამ კოდექსით დადგენილი წესით. ანალოგიური შინაარსი გამომდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, რომელიც ეხება საქმის სასამართლოში განხილვისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას. ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე მხოლოდ მაშინ თუ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან თუ საქმე სასამართლოს წარმოებაშია იმავე მხარეებს შორის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. ასეთს ადგილი არ ჰქონია, თანაც ეს ეხება იმ საკითხს, როდესაც აღძრულია ადმინისტრაციული საჩივარი და ადმინისტრაციული სარჩელი ერთდროულად. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი სასამართლოში აღძრული არ ყოფილა, ხოლო მა----–-------ის მიერ აღიარების კომისიაში შეტანილი იყო არა საჩივარი, არამედ განცხადება კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით. ვინაიდან, აღიარების კომისიას არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან თანამდებობის პირი, შესაბამისად, მის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციული საჩივარი არ შეიტანება და იგი მხოლოდ სასამართლო წესით შეიძლება გასაჩივრდეს. ამდენად, მა----–-------ის წარმომადგენლის განცხადება მოცემულ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს ინფორმაციის შემცველ დოკუმენტად ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რომელსაც წარმოეშვა ვალდებულება თავისი ინიციატივით ემსჯელა მის მიერვე მიღებული ადმინისტრაციული აქტის კანონშესაბამისობაზე.

 

ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება - თავისი ინიციატივით, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების საფუძველზე, გადასინჯოს მის მიერ გამოცემული კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერება, განეკუთვნება მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, მმართველობის უმნიშვნელოვანესი პრინციპის - კანონიერების პრინციპის პრიორიტეტულობისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე. აღნიშნული კომპეტენცია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციული ორგანოს აძლევს შესაძლებლობას წარსულში გამოცემული აქტების გადასინჯვის მეშვეობით, მათი უკანონობის დადგენის შემთხვევაში სახელმწიფოში აღადგინოს სამართლიანი და კანონიერი საჯარო მმართველობის სტანდარტი, რომელიც ამ აქტის ძალაში ყოფნით, მისი შედეგების შესაძლო აღსრულებით იგნორირებული, უგულვებელყოფილი ან დარღვეულ იქნა. (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებებში მოცემული განმარტება შემდეგ საქმეებზე: 25.05.2011 Nბს-1695-1651(კ-10); 23.09.2014 Nბს-298-295(კ-14); 14.07.2015 Nბს-408-403(2კ-14); 04.07.2017 Nბს-5-4(კ-17).

 

პალატა სადავო საკითხზე მსჯელობის მიზნით მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, სადაც მითითებულია შემდეგი: ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს. იმავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. იმავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული).

 

აქვე მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-41 მუხლებზე, რომლის თანახმად, ასევე, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-9 მუხლებიდან გამომდინარე, მართლზომიერი მფლობელობის უფლება უპირატესია მიწის თვითნებურად დამკავებლის უფლების მიმართ. ამ ნორმატიული აქტების თანახმად, პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საკითხის განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) თავდაპირველად იკვლევს იმ გარემოებას გააჩნია თუ არა პირს უძრავ ქონებაზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მხოლოდ ასეთი დოკუმენტის მოუძიებლობის შემთხვევაში ეგზავნება საკითხი აღიარების კომისიას განსახილველად. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია საკუთრების უფლების აღიარება მიწის ნაკვეთზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, თუ არსებობს ამავე მიწის მართლზომიერი მფლობელი.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე გაცემული იყო მიღება - ჩაბარების აქტი, რომელიც არის მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისად, კომისიას არ ჰქონდა უფლება მოცემულ მიწის ნაკვეთზე, როგორც თვითნებურად დაკავებულზე ეღიარებინა ზუ--------------–---–ის საკუთრების უფლება.

 

აქვე, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვერც საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე ვერ დადასტურდა N46 მიღება - ჩაბარების აქტის სიყალბე. ყურადსაღებია პირველი ინნსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოწმეთა ის განმარტებები, რომლებმაც დაადასტურა მისი ხელმოწერის, ასევე, ბეჭდის დასმის სინამდვილე, ხოლო სხვა პირთა იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ ვერ ჩაატარა ექსპერტიზა აქტის შედგენის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, მეცნიერულად დასაბუთებული შესაბამისი მეთოდიკის არარსებობის გამო. საქართველოს ეროვნულ არქივში ინფორმაცია მიწის ნაკვეთების გამანაწილებელი კომისიის შემადგენლობის შესახებ არ ინახება. მიწის რეფორმის კომისიის წევრების ჩვენებებით მიწის რეფორმის პერიოდში დოკუმენტაციის გაცემას ქაოსური, მოუწერიგებელი სახე ჰქონდა და ხშირ შემთხვევაში იკარგებოდა დოკუმენტები. ამასთან, თითოეულ საკრებულოში მიწის გამანაწილებელი კომისიის რამდენიმე შემადგენლობა არსებობდა და მათი აღრიცხვა ფაქტობრივად არ ხდებოდა. მიწების პრივატიზაციის დროიდან საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის გასვლის გამო, კომისიის წევრებმა ზუსტად ვერ გაიხსენეს საქმის გარემოებები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო, ასევე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ერთმნიშვნელოვნად ვერ იქნა დადასტურებული სადავო მიღება - ჩაბარების აქტის სიყალბე. ამასთან, ყურადსაღებია აქტზე ხელის მომწერი მიწათმომწყობის პ---------------ის კატეგორიული ჩვენება, რომ აქტზე მისი ხელისმოწერაა და მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის ბეჭედიც მისი დასმულია. ამდენად, გამომდინარე იქედან, არ არის დადგენილი 1993 წელს მა----–-------ის სახელზე გაცემული N46 მიღება - ჩაბარების აქტის სიყალბე, მიღება - ჩაბარების აქტი ნამდვილია. აქვე ყურადსაღებია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ აღიარების კომისიამ 2017 წლის 14 სექტემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ინფორმაცია N46 მიღება - ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთისა და მა----–-------ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ. ყურადსაღებია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კომისიას გადაუგზავნა სიტუაციური ნახაზი, რომლის მიხედვით, N46 მიღება - ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთი ადგილმდებარეობით და ასევე, მეზობლების ჩვენებით ემთხვეოდა მა----–-------ის მიერ რეესტრში წარდგენილ საკადასტრო აზომვით/აგეგმვით ნახაზზე არსებულ მიწის ნაკვეთს, თუმცა კონფიგურაცია და გვერდები არ შეესაბამებოდა.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აღიარების კომისიამ მართებულად მიიჩნია, რომ მის მიერ 2017 წლის 2 მარტს მიღებული N428 განკარგულება და N81 საკუთრების უფლების მოწმობა კანონთან წინააღმდეგობაში იყო და მართებულად ცნო იგი ბათილად.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. პალატა მიჩნევს, რომ აღიარების კომისიის 2017 წლის 25 ოქტომბრის N2542 განკარგულება არ ეწინააღმდეგება კანონს და ასევე არსებითად არ დარღვეულა მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მართებულად არ დაკმაყოფილდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

 

რაც შეეხება სასამართლოს მიერ გაუქმებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლს, რომლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის შედეგის კვალობაზე მართებულად გააუქმა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

6.1. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით სააპელაციო საჩივრისათვის, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) – დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯი გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2018 წლის 19 სექტემბერს ზუ--------------–---–ის მიერ გადახდილია 200 (ორასი) ლარი, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის სახით სააპელაციო საჩივარზე გადახდილი თანხიდან - 200 (ორასი) ლარიდან 150 (ასორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დარჩენილი 50 (ორმოცდაათი) ლარი უნდა დაუბრუნდეს მის გადამხდელს, როგორც ზედმეტად გადახდილი.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზუ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. ზუ--------------–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სააპელაციო საჩივარზე გადახდილი თანხიდან - 200 (ორასი) ლარიდან 150 (ასორმოცდაათი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო დარჩენილი 50 (ორმოცდაათი) ლარი დაუბრუნდეს მის გადამხდელს, როგორც ზედმეტად გადახდილი.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი