განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.07.2019
საქმის ნომერი
030310117002070672
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახელმწიფო ქონება
თარიღი
25.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310117002070672

საქმე N3/ბ-108-19წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

აპელანტი – შპს ,,მ-----–---------------–------------’’

წარმომადგენლები – დ---------–---ი, შ-----------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი – მ-----------------ე

 

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის უარყოფა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2.1. 2017 წლის 01 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს შპს ,,მ-----–---------------–------------ს’’ მიმართ და მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 2646848.17 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრება;

 

მოსარჩელის აღნიშვნით, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ივლისის N-------- განკარგულებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (უფლებამონაცვლე სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო’’) და შპს ,,მ-----–---------------–------------ს’’ შორის 2012 წლის 27 ივლისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მყიდველს საკუთრებაში გადაეცა ქ. ფოთში, რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე 56000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ. 0-----------). ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის 3.1.1. ქვეპუნქტის თანახმად, 2.1 პუნქტით შეთანხმებული საპრივატიზებო საფასურის 2688 000 ლარის გადახდა შემდეგი გრაფიკით: 1.2013 წლის 01 მარტის ჩათვლით - 298 668 ლარი; 2.2013 წლის 01 ივლისის ჩათვლით - 298 668 ლარი; 3.2013 წლის 01 ნოემბრის ჩათვლით - 298 668 ლარი; 4.2014 წლის 01 მარტის ჩათვლით - 298 668 ლარი; 5.2014 წლის 01 ივლისის ჩათვლით - 298 668 ლარი; 6.2014 წლის 01 ნოემბრის ჩათვლით - 298 668 ლარი; 7.2015 წლის 01 მარტის ჩათვლით - 298 668 ლარი; 8.2015 წლის 01 ივლისის ჩათვლით - 298 668 ლარი; 9.2015 წლის 01 ნოემბრის ჩათვლით - 298 656 ლარი.

 

ამავე ხელშეკრულების 3.1.2. ქვეპუნქტის თანახმად, შპს ,,მ-----–---------------–------------ს’’ ვალდებულებას წარმოადგენდა ხელშეკრულების 3 წლის განმავლობაში (27.07.2015 წლამდე) ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე არმატურის მწარმოებელი თანამედროვე ტექნოლოგიებით ქარხნის მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანის უზრუნველყოფა, ხოლო 3.1.3. ქვეპუნქტის შესაბამისად, 3.1.2. ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით არმატურის მწარმოებელი თანამედროვე ტექნოლოგიებით ქარხნის მშენებლობის მიზნით არანაკლებ 20000000 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

 

ხელშეკრულების მე-5 პუნქტით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა, რომლის 5.2.1. ქვეპუნქტით დადგენილია, რომ ხელშეკრულების 2.1. პუნქტში განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში გამყიდველი მყიდველს გადასცემს დარღვევის ხასიათის აღმწერ წერილობით შეტყობინებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და იმავდროულად დაეკისრება პირგასამტეხლოს გადაუხდელი თანხის 0.1% ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 3.1.3. ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევისათვის მხარეთა შორის შეთანხმებული ვალდებულებებისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების 5.2.3. ქვეპუნქტით.

 

მყიდველის მიერ საპრივატიზებო საფასურის პირველი ტრანში გადახდილია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში. მეორე ტრანში გადახდილია ვადაგადაცილებით (14.08.2013 წ.), რისთვისაც კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო 13 141.4 ლარის ოდენობით. აღნიშნული პირგასამტეხლო კომპანიის მიერ გადახდილი იქნა. მყიდველის მიერ ასევე ვადაგადაცილებით (29.01.2014 წ) არის გადახდილი საპრივატიზებო საფასურის მესამე ტრანში, რისთვისაც ეკისრება პირგასამტეხლო 26581.45 ლარის ოდენობით. აღნიშნული პირგასამტეხლო კომპანიის მიერ არ არის გადახდილი. საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის გამო ხელშეკრულების 5.2.1 ქვეპუნქტით დაკისრებული გადაუხდელი პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა, მე-3 ტრანში პირგასამტეხლოს ჩათვლით შეადგენს 1646848.17 ლარს. კომპანიის მიერ ასევე არ შესრულდა როგორც ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე არმატურის მწარმოებელ თანამედროვე ტექნოლოგიებით ქარხნის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში შეყვანის (ქვეპუნქტი 3.1.2.), ასევე აღნიშნული მიზნით 20 000 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ინვესტიციის განხორციელების (ქვეპუნქტი 3.1.3.) ვალდებულება.

 

შპს ,----------- 2014 წლის 06 მარტის ანგარიშით, კომპანიის მიერ 2012 წლის 27 ივლისიდან 2014 წლის 25 მარტამდე განხორციელებულია 2117206, 77 დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ინვესტიცია, მაგრამ არანაირი მტკიცებულება აღნიშნულზე არ არსებობს, რის გამოც მყიდველის საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის 28.07.2015 წლიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ხელშეკრულების 5.2.3. ქვეპუნქტით მყიდველს დაეკისრა პირგასამტეხლო 13940 000 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა ამავე პუნქტის თანახმად, აღნიშნული პუნქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, არ შეიძლება აღემატებოდეს 1 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

 

სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს’’ 17.11.2014 წლის N------- წერილით, შემდეგ ამავე სააგენტოს 23.06.2015 წ. N------- წერილით შპს ,,მ-----–---------------–------------ს’’ ეცნობა 27.07.2012 წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ და დაევალა საპრივატიზებო საფასურის და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს’’ 23.06.2017 წლის N-/1- 1--- ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,მ-----–---------------–------------ს’’ შორის 2012 წლის 27 ივლისის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით მოთხოვნილია შპს ,,მ-----–---------------–------------ს’’ (ს/კ. 4--------) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს 1000000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) - და 1646549.49 ლარის დაკისრება. აქედან 1000000 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში) არის საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის.

 

მოპასუხე – შპს ,,მ-----–---------------–------------ს’’ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს ,,მ-----–---------------–------------ს’’, მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 1 000 000 აშშ დოლარის (ექვივალენტის ლარში) და 1 646 549, 49 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე - შპს ,,მ-----–---------------–------------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდა.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს ,,მ-----–---------------–------------სათვის’’ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ივლისის N-------- განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ფოთში, რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე 56 000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ 0----------- პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2 680 000 ლარად საკუთრებაში გადაეცა შპს ,,მ-----–---------------–------------ს’’ (ს/კ 4--------). საპრივატიზებო პირობების შესაბამისად, საპრივატიზებო თანხის გადახდაზე შედგენილი იქნა გრაფიკი, რომელიც იწყებოდა 2013 წლის 01 მარტიდან, შემდგომ: ამავე წლის 01 ივლისისა და 01 ნოემბრის ჩათვლით, 2014 წლის 01 მარტის, 01 ივლისისა და 01 ნოემბრის ჩათვლით, 2015 წლის 01 მარტის, 01 ივლისის ჩათვლით - 298 668 ლარი, ხოლო 2015 წლის 01 ნოემბრის ჩათვლით 298 656 ლარი.

 

საპრივატიზებო პირობებში ასევე შედიოდა - შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე არმატურის მწარმოებელ თანამედროვე ტექნოლოგიების ქარხნის მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა. საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 20 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე საპრივატიზებო პირობის შესრულების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ინვესტიციის არანაკლებ 20 000 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) არანაკლებ 0.1%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა ევალებოდა შპს-ს, რომლის ვადა საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადის არანაკლებ 2 თვით აღემატებოდა;

 

2.1.2. 2012 წლის 27 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (გამყიდველი) და შპს ,,მ-----–---------------–------------ს’’ (მყიდველი) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ,,გამყიდველმა’’ გადასცა, ხოლო ,,მყიდველმა’’ მიიღო საკუთრებაში ქ.ფოთში, რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე 56 000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ. 0-----------. ხელშეკრულების მე-2 მუხლი განსაზღვრავს საპრივატიზებო საფასურს და მისი გადახდის წესს, მე-3 მუხლი - მხარეთა უფლე-მოვალეობებს, მე-4 მუხლი - ხელშეკრულების განსაკუთრებულ პირობებს, მე-5 მუხლი - მხარეთა პასუხისმგებლობასა და ხელშეკრულების შეწყვეტას, მე-6 მუხლი - ფორს-მაჟორს, მე-7 მუხლი - შეტყობინებებს, მე-8 მუხლი - მარეგულირებელი კანონმდებლობასა და დავების გადაწყვეტას, ხოლო მე-9 მუხლი - სხვა დებულებებს;

 

2.1.3. საჯარო რეესტრის ამონაწერით (მომზად. 05.10.2011წ.), ქ.ფოთი, რიონის მარცხენა სანაპირო (ს/კ 0-----------.), არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 56 000 კვ.მ., რეგისტრირებულია სახელმწიფო საკუთრებად;

 

2.1.4. საჯარო რეესტრის ამონაწერით (მომზად. 02.08.2012 წ.) ქ. ფოთი, რიონის მარცხენა სანაპირო (ს/კ 0-----------.), არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 56 000 კვ.მ., რეგისტრირებულია შპს ,,მ-----–---------------–------------ს’’ საკუთრებად;

 

2.1.5. საჯარო რეესტრის ამონაწერით (მომზად. 27.06.2017 წ.) ქ. ფოთი, რიონის მარცხენა სანაპირო (ს/კ 0-----------.), არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 56 000 კვ.მ., რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე;

 

2.1.6. შპს ,,მ-----–---------------–------------ს’’ დირექტორის 27.03.2014 წ. N------- წერილით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გაეგზავნა შპს ,----------- მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნა, რომლის N- დანართში მითითებულია კომპანიის მიერ 2012 წლის 27 ივლისიდან 2014 წლის 25 მარტამდე პერიოდში გაწეული დანახარჯები, კერძოდ: ლითონის დასაპრესი დანადგარი - 1 457 214 ლარი, სპეცტექნიკა - 785 677 ლარი, ლითონის დასაჭრელი დანადგარი - 549 864 ლარი, ჯართის დასაქუცმაცებელი დანადგარი - 475 308 ლარი, ქარხნის ტერიტორიის შემოღობვისა და მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები - 344 059 ლარი, სხვა - 92 236 ლარი, ჯამში 3 704 358 ლარი ანუ 2 117 206 აშშ დოლარი;

 

2.1.7. შპს ,,მ-----–---------------–------------’’ 2015 წლის 13 თებერვლის N----- წერილში, რომლის ადრესატებია: საქართველოს პრემიერ მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო’’, საქართველოს პრემიერ მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნეს ომბუდსმენი, ითხოვს გადაიხედოს და შეიცვალოს 2012 წლის 27 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები, კერძოდ: გადაუხდელი საპრივატიზებო საფასურის ძირითადი თანხის გადახდა განხორციელდეს 2016 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე ეტაპობრივად, მხარეთა შეთანხმებით, გრაფიკის მიხედვით. ამჟამად შეჩერდეს პირგასამტეხლოს დარიცხვა და განთავისუფლდნენ დღემდე დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდისაგან. არმატურის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის დასაწყებად განისაზღვროს არაუგვიანეს 2016 წელი, ხოლო მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შეყვანის ვადად არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბერი. შემცირდეს საინვესტიციო თანხა და იგი განისაზღვროს 10 000 000 აშშ დოლარის ოდენობით;

 

2.1.8. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავჯდომარის 22.02.2014წ. N------ წერილით შპს ,,მ-----–---------------–------------ს’’ სახელზე, მითითებულია, რომ ამ წერილის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში დაფარონ 27.07.2012 წ. ხელშეკრულების 2.1 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის ხელშეკრულების 5.2.1. ქვეპუნქტის შესაბამისად დაკისრებული პირგასამტეხლო;

 

2.1.9. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავჯდომარის 07.05.2014წ. N------- წერილით, რომლის ადრესატია შპს ,,მ-----–---------------–------------’’, აღნიშნულია, რომ შპს-ემ უნდა გადაიხადოს დაკისრებული პირგასამტეხლო 26 282.8 ლარის ოდენობით;

 

2.1.10. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავჯდომარის 17.11.2014 წ. N------- წერილში, რომლის ადრესატია შპს ,,მ-----–---------------–------------’’, მიუთითა, რომ ხელშეკრულების 2.1 ,,გ’’, ,,დ’’, ,,ე’’, ,,ვ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო თანხების და ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდამდე, ადმინისტრაციული წარმოება მათ მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე არ განხორციელდება;

 

2.1.11. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ივნისის N-/1-1--- ბრძანებით, ცალმხრივად შეწყდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,მ-----–---------------–------------ს’’ შორის 2012 წლის 27 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება;

 

2.1.12. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებით მეორე ტრანშიდან მეცხრე ტრანშის პირგასამტეხლო შეადგენს 1 646 549.49 ლარს. პირგასამტეხლო დაანგარიშებულია თითოეული ვადაგადაცილებული ტრანშის თანხაზე ცალ-ცალკე, ტრანშის გადახდის ვადის მისვლიდან მის გადახდამდე (თუ გადახდილია) ან ხელშეკრულების შეწყვეტამდე (თუ გადახდილი არ არის) პერიოდზე. თითოეული ტრანშის თანხის 0.1% მრავლდება მათ გადახდამდე, ან შეწყვეტამდე არსებულ დღეების რაოდენობაზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ის ერთგვარი სტიმულია ვალდებულების შესრულებისთვის, რადგან ურთიერთობის მონაწილემ იცის, რომ თუ არ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მას მოუწევს გარკვეული ფულადი თანხის გადახდა. პირგასამტეხლო მოვალეს ეკისრება უპირობოდ, ანუ სულ ერთია კრედიტორმა განიცადა ზიანი თუ არა. ვალდებულების დარღვევის ფაქტი უკვე საკმარისი მიზეზია, რომ კრედიტორმა მოითხოვოს პირსაგამტეხლოს გადახდა.

 

არსებობს ალტერნატიული და კუმულატიური პირგასამტეხლო: პირველი გვხვდება მაშინ, როცა დაზარალებულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს პირგასამტეხლოს ანაზღაურება ან დაკისრებული ვალდებულების შესრულება, ანდა ხელშეკრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. მეორე შემთხვევაში, დაზარალებულს შეუძლია როგორც პირგასამტეხლოს, ასევე ზიანის ანაზღაურება ან დაკისრებული ვალდებულების შესრულება.

 

ხელშეკრულების დადებისას მხარეებს შეუძლიათ, თავად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს რაოდენობა, რომელიც შესაძლოა ბევრად აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს. ზოგადად პირგასამტეხლო უნდა შეესაბამებოდეს სავარაუდო ზიანის რაოდენობას.

 

საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ივლისის N-------- განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს ,,მ-----–---------------–------------ს’’ შორის 2012 წლის 27 ივლისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მყიდველს საკუთრებაში გადაეცა ქ. ფოთში, რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე 56 000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ N 0-----------) ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით. მხარეთა მიერ ხელმოწერილი ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველმა იკისრა რიგი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის 3.1.1. ქვეპუნქტის თანახმად 2.1. ქვეპუნქტით შეთანხმებული საპრივატიზებო საფასურის - 2 688 000 ლარის გადახდა გრაფიკის მიხედვით. ამავე ხელშეკრულების 3.1.2. ქვეპუნქტის თანახმად, შპს ,,მ-----–---------------–------------ს’’ ვალდებულებას წარმოადგენდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 03 წლის განმავლობაში ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე არმატურის მწარმოებელი თანამედროვე ტექნოლოგიების ქარხნის მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანის უზრუნველყოფა, ხოლო 3.1.3. ქვეპუნქტის თანახმად, 3.1.2. ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით არმატურის მწარმოებელი თანამედროვე ტექნოლოგიების ქარხნის მშენებლობის მიზნით არანაკლებ 20 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება. ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა, რომ ხელშეკრულების 2.1. ქვეპუნქტში განსაზღვრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში გამყიდველი მყიდველს გადასცემდა დარღვევის ხასიათის აღმწერ წერილობით შეტყობინებას, რომელშიც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა და იმავდროულად დააკისრებს პირგასამტეხლოს გადაუხდელი თანხის 0.1% ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 3.1.3. ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევისათვის მხარეთა შორის შეთანხმებული ვალდებულებისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების 5.2.3. ქვეპუნქტით. მყიდველის მიერ საპრივატიზებო საფასურის მეორე ტრანში გადახდილი იქნა ვადაგადაცილებით, რისთვისაც კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო 13141.4 ლარის ოდენობით. აღნიშნული პირგასამტეხლო კომპანიის მიერ გადახდილი იქნა. მყიდველის მიერ ასევე ვადაგადაცილებით არის გადახდილი საპრივატიზებო საფასურის მესამე ტრანში, რისთვისაც ეკისრება პირგასამტეხლო 26581.45 ლარის ოდენობით. აღნიშნული პირგასამტეხლო მის მიერ გადახდილი არ არის. საპრივატიზებო საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდა კომპანიის მიერ არ განხორციელებულა. საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის გამო ხელშეკრულებით დაკისრებული გადაუხდელი პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა მესამე ტრანშის პირგასამტეხლოს ჩათვლით შეადგენს 1 646 848.17 ლარს. კომპანიის მიერ ასევე არ შესრულებულა არმატურის მწარმოებელი თანამედროვე ტექნოლოგიების ქარხნის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში შეყვანის, ასევე აღნიშნული მიზნით 20 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება. ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლო იანგარიშება ინვესტიციის სრული ოდენობიდან. საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 28.07.2015 წლიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე ხელშეკრულებით მყიდველს დაეკისრა პირგასამტეხლო 13 940 000 აშშ დოლარის ოდენობით, მაგრამ ხელშეკრულების ამავე პუნქტის თანახმად, აღნიშნული პუნქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 1 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 23.06.2017 წლის N-/1-1--- ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,, მ-----–---------------–------------ს’’ შორის 2012 წლის 27 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

2012 წლის 27 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების 5.4.1. ქვეპუნქტში მითითებულია: ,,ხელშეკრულების 3.1.2 და 3.1.3 ქვეპუნქტებით დადგენილ ვალდებულებების განმეორებით/ დამატებით ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და მათი დარღვევისათვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს გადაუხდელობა დაწესებულ ვადაში გამყიდველს უფლებას აძლევს ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების 5.2.3. ქვეპუნქტის შესაბამისად დაკისრებული პირგასამტეხლო და უპირობო, გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მყიდველი ქონებაზე ინარჩუნებს უპირობო საკუთრების უფლებას. ასეთ შემთხვევაში მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო თანხა’’.

 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ივნისის N-/1-1--- ბრძანებით, ვალდებულების დარღვევის მოტივით ცალმხრივად შეწყდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,მ-----–---------------–------------ს’’ შორის 2012 წლის 27 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. შესაბამისად სასამართლომ იხელმძღვანელა ხელშეკრულებით გათვალიწინებული პირობებით და მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,მ-----–---------------–------------ს’’ დირექტორმა გ---------------, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე ითხოვდა მხარეთა შორის 2012 წლის 27 ივლისის მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობის - საპრივატიზებო საფასურის სრულად გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს 1 646549,49 ლარის დაკისრებას, ხოლო ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით 1 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში დაკისრებას;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია;

 

3.1.2. აპელანტის მსჯელობით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. შემცირებას ექვემდებარება „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

ზემოაღნიშნულ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ აპელანტი მხარის მიერ გადახდილია საპრივატიზებო საფასური 896 004 ლარის ოდენობით, ასევე პირგასამტეხლო 13 141.4 ლარის ოდენობით, ჯამში 909 145 ლარი, ანუ მილიონ ლარამდე. დღეის მდგომარეობით საპრივატიზებო საფასურის სრულად გადაუხდელობის გამო ქონება აღრიცხულია სახელმწიფო საკუთრებად, ხოლო გადახდილი საფასური არ ანაზღაურდება. ის, რომ გადახდილი საფასური არ ანაზღაურდება ნიშნავს იმას, რომ მას ხელშეკრულების მხარე იტოვებს ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს სახით.

 

3.1.3. აპელანტის მითითებით, ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებენ 2014 წლიდან, რაც ცნობილი იყო მოსარჩელისათვის. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამატებითი ვადის განსაზღვრას, ხოლო დამატებით ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების შეწყვეტას. 2014 წლის დასაწყისიდან მოსარჩელემ მათ განუსაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, სადაც ასევე მითითებული იყო, რომ ამ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შეწყდებოდა ხელშეკრულება. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო დამატებით განსაზღვრულ ვადაში მათ მიერ ვერ იქნა შესრულებული ვალდებულება, მოსარჩელემ არ შეწყვიტა ხელშეკრულება და ხელოვნურად გაზარდა პირგასამტეხლო. დღეის მდგომარეობით საწარმოს კვლავ გააჩნია მძიმე ფინანსური მდგომარეობა, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კიდევ უფრო გაუარესდება კომპანიის მდგომარეობა და ეს გამოიწვევს საწარმოს გაკოტრებას და ასობით ადამიანის უმუშევრად დატოვებას. აპელანტის განმარტებით პირგასამტეხლო არის ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ პრეზუმირებული მინიმალური ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა და არა ვალდებულების დამრღვევი პირის გადახდისუუნაროდ ქცევა, ხოლო კრედიტორის გამდიდრება;

 

3.1.4. აპელანტის მითითებით, მოსარჩელემ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეწყვიტა 2017 წლის 23 ივნისს, მაშინ როცა ვალდებულება ირღვეოდა 2014 წლიდან, ამით მან ხელოვნურად გაზარდა პირგასამტეხლოს ოდენობა, რითაც დაარღვია სამოქალაქო კოდექსის მე-8 და 115-ე მულის მოთხოვნები, რომელთა თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას;

 

3.1.6. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა არც ერთი ზემოაღნიშნული გარემოება და სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და აპელანტ მხარეს დააკისრა პირგასამტეხლო, რომელიც არის შეუსაბამოდ მაღალი, რაც ეწინააღმდეგება საერთო სასამართლოების მიერ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე ჩამოყალიბებულ პრაქტიკას, რომლის შესაბამისად მნიშვნელოვნად მცირდება შეუსაბამოდ მარალი პირგასამტეხლო. ამდენად აპელანტი მხარე იმის მხედველობაში მიღებით, რომ ქონება დაუბრუნდა სახელმწიფოს, ხოლო კომპანიის მიერ ამ ხელშეკრულების შესაბამისად პირგასამტეხლოს ჩათვლით უკვე გადახდილია 909 145 ლარი, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად ითხოვს შემცირდეს პირგასამტეხლო მთლიანად, სასარჩელო მოთხოვნის ოდენობით და შესაბამისად სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა კანონიერება - დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯ--------- საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არსებითად სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთაც არც აპელანტი ხდის სადავოდ, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

უპირველეს ყოვლისა პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სახელმწიფოსა და შპს ,,მ-----–---------------–------------ს’’ შორის საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ივლისის N-------- განკარგულების საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება მისი არაჯეროვანი შესრულების მოტივით ცალმხრივად შეწყდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ივნისის N-/1-1--- ბრძანებით, რაც აპელანტის მიერ არ გასაჩივრებულა, შესაბამისად უდავო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ აპელანტმა მისი ბრალეული მოქმედებით არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ვალდებულებები: ხელშეკრულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე არ ააშენა არმატურის მწარმოებელი თანამედროვე ტექნოლოგიების ქარხანა, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო თანხა, არ განახორციელა არანაკლებ 20 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ინვესტიცია, რა პირობების შესრულების მიზნით არაერთგზის გაუგრძელდა მისი შესრულების ვადა. შესაბამისად იმ ვითარებაშ, როდესაც აპელანტმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები და სახელმწიფოს მიერ ამ მოტივით მოხდა მისი ცალმხრივად შეწყვეტა, ამოქმედდა ხელშეკრულების 5.2.3. ქვეპუნქტი გათვალისწინებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება პირგასამტეხლოს სახით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მის დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

პალატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

 

სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას; მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

 

პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

 

წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).

 

ამასთან მართალია სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.

 

რაც შეეხება კანონისმიერ პირგასამტეხლოს, საყურადღებოა, რომ სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით და ვერ იქნება გამოყენებული კანონისმიერ პირგასამტეხლოს მიმართ, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებობას კანონი არ ითვალისწინებს (იხ. სუს 02.02.2015წ.-ის განჩინება საქმე Nას-1171-1116-2014; სუს 24.03.2014წ.-ის განჩინება საქმე N ას-1284-1226-2013).

 

მოცემულ შემთხევაში მხარეთა შორის პრივატიზების ხელშეკრულება დადებული იქნა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1----- ბრძანების, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ივლისის N-------- განკარგულებისა და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის №1434 განკარგულების შესაბამისად.

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის (ხელშეკრულების დადების დროს არსებული რედაქცია) თანახმად, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიენიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს).

 

,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1----- ბრძანების (ხელშეკრულების დადების დროს არსებული რედაქცია) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამინისტრო სახელმწიფო ქონების შემძენთან ნასყიდობის ხელშეკრულებას (შემდგომში ხელშეკრულება) დებს პირდაპირი მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში. მე-2 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას სახელმწიფო ქონების შემძენი ნასყიდობის საფასურს იხდის ხელშეკრულების გაფორმებიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში შეიტანება ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.

 

ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე, საქართველოს მთავრობის მიერ შეიძლება განისაზღვროს საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის განსხვავებული პირობა.

 

აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა სამინისტროს მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს. სახელმწიფო ქონების შემძენს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები. ამასთან, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაადგინოს ხელშეკრულების მოშლის განსხვავებული სამართლებრივი შედეგები და პირობები.

 

როგორც უკვე აღინიშნა, სახელმწიფოსა და შპს ,,მ-----–---------------–------------ს’’ შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება მისი არაჯეროვი შესრულების, მათ შორის პირგასამტეხლოს გადაუხდელობის მოტივით ცალმხრივად შეწყდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 23 ივნისის N-/1-1--- ბრძანებით, ამასთან ხელშეკრულებაში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა სწორედ ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტებისა და მათ საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ივლისის N-------- და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის №1434 განკარგულებების შესაბამისად იქნა დადგენილი, ამდენად პალატა ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა კანონისმიერი პირგასამტეხლო, რომლის შემცირება დაუშვებელია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

პალატა აღნიშნავს, რომ შპს ,,მ-----–---------------–------------ს’’ სააპელაციო საჩივარი უარყოფილია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბაჟის − 7 000 (შვიდი ათასი) ლარის გადახდის ვალდებულება აპელანტს ეკისრება, რაც მის მიერ წინასწარ გადახდილია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,მ-----–---------------–------------ს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე