განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.11.2019
საქმის ნომერი
330210016001368410
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული დავები
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210016001368410

საქმე №2ბ/3887-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე, მომხსენებელი - რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე, გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი - ბეჟან ნემსაძე

 

აპელანტი - შპს „ბ--------ი”

წარმომადგენლები: ხ-----------------------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „პ----------ი“

წარმომადგენელი - გ---------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

დავის საგანი - სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მოსარჩელე - შპს „ბ--------ის“ წარმომადგენელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოპასუხე - შპს „პ----------ის“ მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ბ--------ის“ სარჩელი მოპასუხე - შპს „პ----------ის“ მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ--------ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

 

5. აპელანტის - შპს „ბ--------ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

 

5.1. აპელანტის - შპს „ბ--------ის“ წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.2. პუნქტის თანახმად, არასწორად მიიჩნია უდავოდ ფაქტობრივი გარემოება, რომ რ------ში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი - В------- რეგ. №3----- დარეგისტრირებული აქვს შპს „პ----------ის“ პარტნიორ კომპანიას შპს „ა------ დ---------ს“. ამ კომპანიათა პარტნიორობა საქმის მასალებით ვერ მტკიცდება, მტკიცდება მხოლოდ ამ კომპანიებს შორის სალიცენზიო-ხელშეკრულებითი ურთიერთობების არსებობა. იმავდროულად, ამონაწერშივე მითითებულია, რომ ეს ლიცენზიაც არაექსკლუზიურია, ანუ ისეთივე „ა------ დ---------ისგან“ გარდა შპს „პ----------ისა“, შეიძლება გაცემულიყო სხვა ნებისმიერი რაოდენობის პირებზეც. ასევე, სასამართლომ გსაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.4. პუნქტის თანახმად, არასწორად მიიჩნია უდავოდ ფაქტობრივი გარემოება, რომ რ------ში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი - В------- რეგ. №4----- დარეგისტრირებული აქვს შპს „პ----------ის“ პარტნიორ კომპანიას შპს „ა------ დ---------ს“. მიუხედავად არაერთი მითითებისა, სასამართლომ არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ ის გარემოება, რომ რ------ში რეგისტრირებული ზემოთხსენებული სასაქონლო ნიშნები შპს „პ----------ის“ სახელზე კი არ არის რეგისტრირებული, არამედ უფრო მეტიც, გადაწყვეტილებაში ნახსენებია, რომ ეს ნიშნები თითქოს მოპასუხის სახელზე იყო რ------ში რეგისტრირებული და ამაზე დააყრდნო სასამართლომ შემდგომი მსჯელობა მოპასუხის ლეგიტიმურ ინტერესთან დაკავშირებით და ამაზე დააყრდნო გადაწყვეტილებაც.

 

სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ „მოპასუხემ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე მოიპოვა უფლებები ამ ნიშანზე მისი ფაქტობრივი გამოყენების შედეგად. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას სასაქონლო ნიშნის არაკეთილსინდისიერი განზრახვით რეგისტრაციის შესახებ“. აპელანტის - შპს „ბ--------ის“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, მოპასუხის მიერ სადავო ნიშნის საქართველოში გამოყენების შესახებ. პირიქით, საქმეში არის უამრავი მტკიცებულება ნიშნის - В------- საქართველოში შპს „ბ--------ის“ მიერ მრავალი წლის განმავლობაში გამოყენების შესახებ და იმის შესახებაც, რომ შპს „პ----------ის“ პროდუქცია ამ ნიშნით საქართველოში არ ყოფილა და არც არის. სასამართლომ საქართველოში გამოყენებად მოპასუხეს ჩაუთვალა რ------ში სამეწარმეო საქმიანობა და რეგისტრაციები, ანუ ის მცდარი უდავო ფაქტობრივი გარემოებები, თითქოსდა მას 2002 წლიდან რ------ში აქვს რეგისტრაციები. რეგისტრაციები აქვს მესამე პირს - შპს „ა------ დ---------ს“, ხოლო მოპასუხეს კი მხოლოდ აქვს 2010 წლიდან ერთ-ერთ ნიშანზე სალიცენზიო ხელშეკრულება და მხოლოდ ამ ნიშნების უფლებების მოქმედების შეზღუდულ არეალში - რ------ში.

 

სასამართლომ არ შეაფასა და არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ ის გარემოება, რომ მოპასუხემ თავის საპაექრო სიტყვაში და საბოლოო რეპლიკაში მოსარჩელის მიმართ წარმოთქვა, რომ „რა მოხდა თუ ამ ნიშანს ვეღარ გამოიყენებენ, შეცვალონ და სხვა ნიშნით იმუშავონო“. თავისი ამ პოზიციით, შპს „პ----------მა“ კიდევ ერთხელ დაადასტურა თუ რა მიზნით დაასწრო შპს „ბ--------ს“ და დაარეგისტრირა ნიშანი საქპატენტში. სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ დაადგინა არც როგორც უდავო, არც როგორც სადავო, არ შეაფასა და არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ ის უმნიშვნელოვანესი გარემოებანი, რომ სადავო ნიშანი შპს „ბ--------ის“ მიერ საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენება, ასევე ისიც, რომ შპს „პ----------მა“ ნიშანი საქართველოს საბაჟო რეესტრშიც დაარეგისტრირა, რითაც საქართველოში ექსპორტის საშუალება შეუზღუდა შპს „ბ--------ს“.

 

5.2. აპელანტის - შპს „ბ--------ის“ წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა „სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის“ მე-10bis მუხლი, ასევე, სსკ-ს 115-ე მუხლი, მაგრამ არასწორად განმარტა ისინი მხარეებთან მიმართებაში. იმ პირობებში, როცა საქმეში არსებული მტკიცებულებებით სასამართლოს აშკარად უნდა დაენახა მრავალი წლის განმავლობაში ამ ნიშნის შპს „ბ--------ის“ მიერ გამოყენება საქართველოში, ხოლო შპს „პ----------ის“ მხრიდან კი მხოლოდ ამ ნიშნის რეგისტრაციის დასწრება „საქპატენტში“ და ამ შესაძლებლობის ბოროტად გამოყენების მცდელობა, ამ პირობებში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მთელი მე-5 და მე-6 გვერდების მსჯელობანი სწორედაც აპელანტის სასარგებლოდ უნდა ყოფილიყო მიმართული. სასამართლოს მსჯელობიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოსდა შპს „ბ--------ს“ ჩაედინოს რაიმე არაკეთილსინდისიერი და შპს „პ----------ი“ დავობდეს და არა შპს „ბ--------ი“. სასამართლოს ზემოაღნიშნული კონვენციისა და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლი, რომ სწორად გამოეყენებინა და განემარტა, გამოიტანდა შპს „ბ--------ის“ სასარგებლო გადაწყვეტილებას. ასევე, სასამართლომ მოიშველია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინება, მაგრამ ისევ ამბობს შემდეგს - „სასაქონლო ნიშანზე უფლება არსებობს მისი რეგისტრაციის გარეშეც, რა დროსაც ძირითადია ამ უფლების კეთილსინდისიერად გამოყენების ფაქტის არსებობა“ ანუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გარეშე არის შპს „ბ--------ი“, კეთილსინდისიერად წლების განმავლობაში იყენებს აპელანტი ამ ნიშანს, როგორც საქართველოში, ისე რ------სა და სხვა ქვეყნებში და ვისთან მიმართებაში მსჯელობს სასამართლო გაუგებარია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

6. მოსარჩელის - შპს „ბ--------ის“ მიერ 2014 წლის 06 ოქტომბერს შეტანილ იქნა განაცხადი N7------, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - „საქპატენტში“ სასაქონლო ნიშნის - В------- რეგისტრაციის მოთხოვნით. მოსარჩელეს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ვინაიდან სასაქონლო ნიშანი მსგავსი იყო შპს „პ----------ის“ რეგისტრირებული უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნისა (სარჩელი; შესაგებელი; „საქპატენტის“ 2015 წლის 18 დეკემბრის N------ ბრძანება).

 

7. რ------ის ფ-------–იაში დარეგისტირებულ სასაქონლო ნიშანზე - В------- 2010 წლის 16 მარტს დარეგისტრირდა სალიცენზიო ხელშეკრულება შპს ,,ა------ დ---------სა“ და შპს ,,პ----------ს“ შორის (ამონაწერი, ინტელექტუალური საკუთრების, პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების ფედერალური სამსახურის რეესტრიდან).

 

8. სასაქონლო ნიშანი - В------- რ------ის ფ-------–იაში საქონლის საერთაშორისო კლასიფიკატორის მე-5 კლასის მიმართ დარეგისტრირებული აქვს მოპასუხის პარტნიორ კომპანიას შპს ,,ა------ დ---------ს“ 2----–-–------------ერს, რეგისტრაციის N4----- (ამონაწერი, ინტელექტუალური საკუთრების, პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების ფედერალური სამსახურის რეესტრიდან).

 

9. სასაქონლო ნიშანი - В------- რ------ის ფ-------–იაში საქონლის და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორის მე-5 კლასის მიმართ დარეგისტრირებული აქვს მოპასუხის პარტნიორ კომპანიას შპს ,,ა------ დ---------ს“ 2----–-–----------სს, რეგისტრაციის N3-----.

10. აპელანტი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ შპს „პ----------ის“ და შპს „ა------ დ---------ის“ პარტნიორობა საქმის მასალებით დამტკიცებული არ არის. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებულ პოზიციას, ვინაიდან საქმის მასალები საპირისპიროს მეტყველებს. საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი, ინტელექტუალური საკუთრების, პატენტებისა და სასაქონლო ნიშნების ფედერალური სამსახურის რეესტრიდან, რომლის თანახმადაც, დასტურდება, რომ შპს „პ----------სა“ და შპს „ა------ დ---------ს“ შორის გაფორმებულია სალიცენზიო ხელშეკრულება და შპს „პ----------ი“ 2010 წლიდან ეწევა ფარმაცევტულ-სამეწარმეო საქმიანობას. აღნიშნული კი თავისთავად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ შპს „პ----------ი“ წარმოადგენს შპს „ა------ დ---------ის“ პარტნიორ კომპანიას.

 

11. პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და დამატებით განმარტავს შემდეგს:

 

12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

13. განსახილველ შემთხვევაში, შპს „ბ--------ი“ ითხოვს შპს „პ----------ის“ საკუთრებად რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობას „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით.

 

14. პალატა აღნიშნავს, რომ სასაქონლო ნიშანი საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლების ობიექტია. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია.

 

15. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია ინტელექტუალური საკუთრება, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს წარმოადგენს სასაქონლო ნიშნები, რომლის რეგისტრაციის, სარგებლობის და დაცვის პირობები რეგლამენტირებულია „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ამ სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო აქტებით.

 

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშანი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით (საკუთრების დაცვა) დაცულ ქონებას წარმოადგენს. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება საკუთრების დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია. ზოგიერთ შემთხვევაში არა მხოლოდ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, არამედ თავად რეგსტრაციის განაცხადი და სასაქონლო ნიშნაზე განსაკუთრებული უფლების მაძიებლის სამართლებრივი სტატუსიც უკვე შესაძლებელია წარმოშობდეს ისეთ ქონებრივ უფლებებს, რომლებიც ექცევა პირველი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული „ქონების“ ცნებაში. (იხ. სუსგ № ას-1285-1223-2014, 01.12. 2015 წ.).

 

17. „სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისგან (შემდგომ - საქონელი). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი დაცულია „საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშე, პარიზის კონვენციის მე-6bis მუხლის შესაბამისად. სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარება ხდება „საქპატენტის“ სააპელაციო პალატის ან სასამართლოს მიერ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მოთხოვნით.

 

18. „სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის“ მე-10bis მუხლის თანახმად „(1) კავშირის ქვეყნები ვალდებული არიან უზრუნველყონ კავშირის ქვეყნების მოქალაქეები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან ეფექტიანი დაცვით. (2) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს შეადგენს კონკურენციის ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის პატიოსან ჩვევებს. (3) კერძოდ, აკრძალულია: 1. ისეთი ხასიათის მქონე ყველა ქმედება, რომელსაც შეუძლია რაიმე გზით გამოიწვიოს აღრევა კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის მიმართ; 2. კომერციული საქმიანობისას ისეთი ხასიათის ყალბი განცხადებების გაკეთება, რომლებიც იწვევს კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის დისკრედიტაციას; 3. ისეთი აღნიშვნების გამოყენება ან განცხადებების გაკეთება, რამაც კომერციული საქმიანობისას შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება საქონლის გვარეობის, დამზადების ხერხის, მახასიათებლების, დანიშნულებით გამოსაყენებლად ვარგისიანობის შესაბამისობის, ან რაოდენობის მიმართ“.

 

19. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის იდენტურია და საქონელიც იდენტური, ხოლო ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს, ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას. მე-6 მუხლის ძალით, სასაქონლო ნიშანზე უფლების შეძენისას, ნიშნის მფლობელი იძენს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი დაცული პროდუქტების/მომსახურებისათვის. ეს დაცვა მოქმედებს პრიორიტეტის პრინციპის მიხედვით უფრო ახალ სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით და დროის პრიორიტეტის მიუხედავად დაცულ სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით. კანონი განსაზღვრავს უფლების დარღვევის შემადგენლობას და ადგენს განსაკუთრებული უფლების მქონე პირის უფლებას, აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც მისი დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსია. ამავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებით საფუძვლად მიიჩნევა და სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი: ა) იმავე საქონლის მიმართ რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია, გ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) ასევე, მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია, რომელსაც საქართველოში აქვს კარგი რეპუტაცია, და ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა.

 

20. „სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ“ პარიზის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო ნიმუშები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა. სასაქონლო ნიშნის სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები რეგლამენტირებულია ასევე 1994 წლის 14 აპრილს დადებული საერთაშორისო შეთანხმებით ,,ინტელექტუალური საკუთრების უფლების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ’’, რომლის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება აუკრძალოს ყველა მესამე პირს მისი თანხმობის გარეშე ვაჭრობის პროცესში იდენტური ამ მსგავსი ნიშნის გამოყენება ისეთი საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელთა მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი და როდესაც ასეთმა გამოყენებამ შეიძლება წარმოქმნას არევ-დარევის ალბათობა. არევ-დარევის ალბათობა მტკიცდება მაშინ, როდესაც იდენტური ნიშნის გამოყენება ხდება საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით.

 

21. სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის მფლობელს ენიჭება ერთგვაროვან ან მსგავს საქონელზე ამ ნიშნის ან მისი ვარიანტების გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად კი, სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებისა და დამცავი დოკუმენტების ძალაში შენარჩუნების წესებს არეგულირებს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობა. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან და საერთაშორისო აქტების შინაარსიდან გამომდინარე სასაქონლო ნიშნის მთავარი დანიშნულებაა განასხვავოს საქონელი სხვა საქონლის ან მომსახურებისაგან ან განასხვავოს ერთი მეწარმე მეორე მეწარმისაგან.

 

22. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონი და საერთაშორისო აქტები დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი სასაქონლო ნიშნის გამოყენებას, რომელიც არის სხვა ნიშნის რეპროდუქცია, იმიტაცია, თარგმანი, რომელიც არის სხვა ნიშნის მსგავსი ან იდენტური და რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ ნიშანთან აღრევა. სასაქონლო ნიშნების მსგავსება უნდა დადგინდეს იმ ფაქტორთა გათვალისწინებით, რასაც რეალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქვს ადგილი. მომხმარებელი, რომელიც სავაჭრო დაწესებულებაში მიდის, მას არ აქვს საშუალება დაწვრილებით გაარჩიოს ერთმანეთისაგან სასაქონლო ნიშნების ისეთი უმნიშვნელო ელემენტები, როგორიცაა წვრილი შრიფტით დასმული წარწერები, არამთავარი ფიგურები, მათი განლაგება. მყიდველი პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს მის მიერ უკვე შეძენილ პროდუქტზე, რომლის თვისებებმა მასში კმაყოფილება გამოიწვია და სურს კვლავ იგივე თვისებების პროდუქტი შეიძინოს. ასეთ დროს უმნიშვნელო დეტალები მომხმარებელს არ ამახსოვრდება და საერთო შთაბეჭდილების შემქმნელი სურათი ამოტივტივდება ზედაპირზე, რომლის მიხედვით მოქმედებს მომხმარებელი. ხშირ შემთხვევაში რიგითი მომხმარებელი არ არის გარკვეული მწარმოებლის ვინაობაში, მისთვის მთავარია მოძებნოს მსგავსება ადრეულ შენაძენის სასაქონლო ნიშანსა და დახლზე არსებულ სასაქონლო ნიშანს შორის. ასეთ დროს არსებითია საერთო შთაბეჭდილება, ერთიანი სურათი, სადაც დომინანტი ელემენტებია ყველაზე მნიშვნელოვანი. ინტელექტუალურ სამართალში მიჩნეულია, რომ სასაქონლო ნიშნების მსგავსება შეფასებული უნდა იქნას ჟღერადობით, გრაფიკულად, აზრობრივად. ყურადსაღებია ახლობელი ბგერებისა და ბგერათშეთანხმების განლაგება ერთმანეთის მიმართ; მარცვლების დამთხვევა; მარცვლების რაოდენობა ნიშანში; ერთნაირი და ახლობელი ბგერათშეწყობების ადგილი სასაქონლო ნიშნის შემადგენლობაში; ერთი ნიშნის შესვლა მეორეში; ახლობელი და ერთნაირი ბგერების არსებობა (იხ. ს.ჯორბენაძე, ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი, თბილისი 1998).

 

23. პალატა აღნიშნავს, რომ სასაქონლო ნიშნის გამოყენებისას, განმსაზღვრელი ფაქტორია პროდუქციის ინდივიდუალიზაცია, ანუ უკავშირებს თუ არა მომხმარებელი წარმოებულ პროდუქციას კონკრეტულ საწარმოს. მომხმარებელს აქვს საშუალება, თავად აირჩიოს სასურველი პროდუქცია, რომელსაც იცნობს და ენდობა, ამდენად, სასაქონლო ნიშნის გამოყენების მიზანი სწორედ ისაა, რომ მომხმარებელს ჰქონდეს უტყუარი ინფორმაცია, კონკრეტული პროდუქციის წარმოშობის, მისი მწარმოებლისა და სხვა სპეციფიკური ნიშან-თვისებების შესახებ, რის გამოც, ირჩევს პროდუქტს. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მიზანი არა მხოლოდ კერძო პირთა საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველყოფაში გამოიხატება, არამედ საჯარო ინტერესშიც, რომ მომხმარებელთა არა მხოლოდ კონკრეტული წრე, არამედ პოტენციური მომხმარებელიც დაცული იყოს საქონლის თვისების, ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან სხვა მახასიათებლების შესახებ შეცდომაში შემყვანი, არასწორი ინფორმაციისაგან.

 

24. პალატა განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშანზე უფლება საკუთრებით სარგებლობის უფლების ფარგლებში ექცევა და მისი მოპოვება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ეს არ ლახავს კეთილსინდისიერი მესამე პირების უფლებებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც აპლიკანტის საავტორო უფლების დარღვევას შეეხებოდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმი (საკუთრების უფლება) ინტელექტულაურ საკუთრებასთან დაკავშირებით გამოყენებადი იყო (იხ: Eur. Court H.R.: Melnychuk v. Ukraine, Judgment o... 7 july, 2005). ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ ინტელექტუალური საკუთრება პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დაცვის ქვეშაა. დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნაც ამავე ნორმის მოქმედების ქვეშ არის, რადგანაც ის ქონებრივი ხასიათის ინტერესებს წარმოშობს. ამასთან, ისიც უდავოა, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ნამდვილი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არღვევს მესამე პირთა კანონიერ უფლებებს. აქედან გამომდინარე, რეგისტრაციის მოთხოვნასთან დაკავშირებული უფლებები პირობითია. მხარე, რომელიც მიმართავს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოთხოვნით, უნდა ელოდოს, რომ მის მოთხოვნას შეისწავლიან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმის დასადგენად, აკმაყოფილებს თუ არა ეს მოთხოვნა მატერიალურ და პროცედურულ პირობებს. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ რეგისტრირებული უფლების გაუქმების შედეგად ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის დარღვევას არ ჰქონდა ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელ კომპანიას ჰქონდა ეროვნული კანონმდებლობით აღიარებული ქონებრივი უფლებები, რომლებიც შეიძლება გაუქმებულიყო გარკვეული პირობების არსებობისას (იხ. Eur. Court H.R. Grand Chamber: Anheuser-Busch Inc. v. Portugal, Judgment of 11 january, 2007/ იხ. სუსგ, საქმე Nას-970-919-2015, 11.03.2016წ.)

 

25. ზემოთმითითებულ ნორმათა ანალიზით ნათელია, რომ მყარად არის დაცული სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებები, თუმცა ისიც ნათელია, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამ არ უნდა დაარღვიოს მესამე პირთა კანონიერი უფლებები. ასეთ შემთხვევაში, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლი ითვალისწინებს სასაქონლო ნიშნის შესახებ რეგისტრაციის ბათილად ცნობას, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ: ა) სასაქონლო ნიშანი ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევითაა რეგისტრირებული; ბ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით; გ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა პარიზის კონვენციის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის წარმომადგენლის ან აგენტის მიერ თავის სახელზე, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე; დ) სასაქონლო ნიშანი შეიცავს საფირმო სახელწოდებას, რომელზედაც უფლებები წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე, რის შედეგადაც ჩნდება აღრევის შესაძლებლობა; ე) ამგვარი რეგისტრაციით ირღვევა მესამე პირის საავტორო უფლებები, რომლებიც წარმოშობილია სასაქონლო ნიშნისათვის დადგენილი პრიორიტეტის თარიღამდე.

 

26. პალატა მიუთითებს, რომ სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც მოცემულია „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში, დაკავშირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით დაცულ უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობის პრინციპთან.

 

27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

28. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს აკისრებს თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერ განხორციელებას. ასევე, ავალდებულებს განსაკუთრებული გულისხმიერება გამოიჩინონ ერთმანეთის ქონებისა და უფლებების მიმართ. მოცემული ნორმა წარმოადგენს ზოგად დათქმას და ვრცელდება მთელ კერძო სამართალზე. კერძო ავტონომია მხარეთა თავისუფალ ნებაზე დამყარებულ სამართალურთიერთობებს გულისხმობს. თუმცა თავისუფალი ნების გამოვლენა, მათ შორის ნების გამოვლენის საფუძველზე უფლების მოპოვება არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში პირთა თანასწორუფლებიანობასთან, კეთილსინდისიერების პრინციპთან და სახელშეკრულებო სამართლიანობასთან. სამოქალაქო კოდექსი სწორედ ბუნებითი სამართლიანობის შესანარჩუნებლად ეფუძნება კეთილსინდისიერების პრინციპს. დაუშვებელია უფლების შეძენა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ზიანი მიადგეს სხვას, ან მოპოვებულ იქნას არალეგიტიმური უპირატესობა. სამართლებრივი დაცვის ღირსი უფლება შეიძლება იყოს მხოლოდ კეთილსინდისიერებასა და თანასწორუფლებიანობაზე დამყარებული უპირატესობა სხვა პირთა მიმართ. როგორც კი უფლება გამოიყენება, როგორც მესამე პირთა ინტერესების ხელყოფის საშუალება იგი სცდება სამართლით დაცულ არეალს.

 

29. აპელანტი განმარტავს, რომ სადავო სასაქონლო ნიშანს - В------- იყენებდა 2001 წლიდან რ------ის ფ-------–იის იმავე ქალაქში, სადაც საქმიანობას ეწევა მოწინააღმდეგე მხარე და შესაბამისად, შპს „პ----------ისათვის“ ცნობილი იყო მისი საქმიანობის შესახებ. შპს „პ----------ისათვის“ ცნობილი იყო აღნიშნულის თაობაზე და შპს „ბ--------ის“ მიერ შექმნილი ცნობადობისა და რეპუტაციის ხარჯზე დაასწრო აპელანტს და სასაქონლო ნიშანი დაარეგისტრირა არაკეთილსინდისიერი განზრახვით. აპელანტი ასევე განმარტავს, რომ მოცემული დავის პერიოდში, შპს „პ----------ის“ შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------------–---------------–--------–-------–-----------–--------–--–---------------------–-----–-------------------------------------–----------------------------–-–---------–--------------------------------–-------–------კლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ საქონლის ნაწილს, კერძოდ, სასაქონლო ნიშნით В-------------- ნიშანდებული 522750 რ----–ის ღირებულების 25500 ცალი საკვებ დანამატს. აპელანტი განმარტვას, რომ შპს „პ----------ის“ ამ ქმედების მიზანი იყო შპს „ ბ--------ის“ მუშაობა შეეფერხებინა და სწორედ აღნიშნული გარემოებები ადასტურებს მის არაკეთილსინდისიერ განზრახვას.

 

30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

32. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.

 

33. პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისია, რომელიც მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით.

 

34. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის - შპს „ბ--------ის“ მტკიცების საგანს შეადგენდა დაედასტურებინა შპს „პ----------ის“ სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობის წინაპირობა, კერძოდ, შპს „პ----------ის“ არაკეთილსინდისიერი განზრახვა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას, გამომდინარე „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სასაქონლო ნიშანი -В------- რ------ის ფ-------–იაში საქონლის და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორის მე-5 კლასის მიმართ დარეგისტრირებული აქვს შპს „პ----------ის“ პარტნიორ კომპანიას შპს ,,ა------ დ---------ს“ 2----–-–----------სს, რეგისტრაციის N3-----. ასევე, რ------ის ფ-------–იაში დარეგისტირებულ სასაქონლო ნიშანზე - В-------, 2010 წლის 16 მარტს დარეგისტრირდა სალიცენზიო ხელშეკრულება შპს ,,ა------ დ---------სა“ და შპს ,,პ----------ს“ შორის, ხოლო სასაქონლო ნიშანი - В------- რ------ის ფ-------–იაში საქონლის საერთაშორისო კლასიფიკატორის მე-5 კლასის მიმართ დარეგისტრირებული აქვს შპს „პ----------ის“ პარტნიორ კომპანიას შპს ,,ა------ დ---------ს“ 2----–-–------------ერს, რეგისტრაციის N4-----.

 

35. პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტი არაკეთილსინდისიერებას ასაბუთებს იმაზე მითითებით, რომ სადავო სასაქონლო ნიშანს - В------- იყენებდა 2001 წლიდან რ------ის ფ-------–იის იმავე ქალაქში, სადაც საქმიანობას ეწევა მოწინააღმდეგე მხარე და შესაბამისად, შპს „პ----------ისათვის“ ცნობილი იყო მისი საქმიანობის შესახებ. ასევე, არაკეთილსინდისიერებას ასაბუთებს იმ გარემოებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------------------–---------------–--------–-------–-----------–--------–--–---------------------–-----–-------------------------------------–----------------------------–-–---------–--------------------------------–-------–------კლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ საქონლის ნაწილს, კერძოდ, სასაქონლო ნიშნით В-------------- ნიშანდებული 522750 რ----–ის ღირებულების 25500 ცალი საკვებ დანამატს. თუმცა აპელანტი აღნიშნულის თაობაზე მიუთითებს მხოლოდ ზეპირსიტყვიერად. მტკიცება იმისა, რომ შპს „პ----------ის“ ქმედება მოტივირებული იყო არაკეთილსინდისიერებით, ეყრდნობა აპელანტის ვარაუდს იმის შესახებ, რომ შპს "პ----------ი" და შპს "ბ--------ი" ერთი და იგივე ქალაქში ეწეოდნენ საქმიანობას, შპს „პ----------ისათვის“ ცნობილი იყო შპს „ბ--------ის“ საქმიანობის შესახებ, რაც არის მხარის ვარაუდი და არ არის გამყარებული კონკრეტული მტკიცებულებებით. საქმის მასალებით კი უტყუარად დგინდება, რომ შპს „პ----------ის“ პარტნიორ კომპანიას - შპს „ა------ დ---------ს“ სასაქონლო ნიშანი - В------- დარეგისტრირებული აქვს 2----–-–------------რიდან. რაც შეეხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, პალატა განმარტავს, რომ ყადაღის გამოყენება მოხდა შპს „პ----------ის“ უფლებების დასაცავად და საკუთარი უფლებების დასაცავად განხორციელებული მოქმედებები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს არაკეთილსინდისიერ განზრახვად. პალატა აღნიშნავს, რომ პირის არაკეთილსინდისიერად მიჩნევისათვის მოითხოვება მტკიცების მაღალი სტანდარტი, რამეთუ აღნიშნული შეფასებითი კატეგორიაა და იმისათვის, რომ სასამართლოს ობიექტურად შეექმნას ამა თუ იმ სუბიექტის არაკეთილსინდისიერების რწმენა, არ არის საკმარისი მხარის ზეპირი განცხადება და თუნდაც ლოგიკური ვარაუდი, ასეთი რწმენის ჩამოყალიბებისათვის საჭიროა მაღალი სტანდარტის მტკიცებულება ან მტკიცებულებათა ერთობლიობის წარმოდგენაც კი, რაც მხარეს არ განუხორციელებია.

 

36. ამდენად, პალატას საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შესწავლა-შეფასების საფუძველზე არ შეექმნა რწმენა პირის არაკეთილსინდისიერ განზრახვასთან მიმართებით. ამასთანავე, არ დგინდება კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილობის სხვა საფუძვლებიც, რაც უსაფუძვლოს ხდის შპს „ბ--------ის“ სასარჩელო მოთხოვნას.

 

37. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სასაქონლო ნიშანზე უფლება, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ ნიშნის „საქპატენტში“ რეგისტრაციის დღიდან წარმოიშობა, თუმცა ეს უფლება შეიძლება რეგისტრაციის გარეშეც არსებობდეს. ამ შემთხვევაში ნიშნის მფლობელის უფლების ნამდვილობას ადგენს საერთაშორისო შეთანხმება, როგორიცაა, მაგალითად, 1889 წლის 20 მარტის „სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია“, რომლის ობიექტსაც სამრეწველო საკუთრება, მათ შორის, სასაქონლო ნიშნები, ასევე, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აკრძალვა წარმოადგენს (მუხლი 1 (2)). მითითებული სამართლებრივი აქტების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასაქონლო ნიშნის დაცვაზე ლეგიტიმაცია გააჩნია სასაქონლო ნიშნის მფლობელს. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ძალით სასაქონლო ნიშანზე უფლების შეძენისას ნიშნის მფლობელი იძენს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი დაცული პროდუქტების/მომსახურებისათვის. ეს დაცვა მოქმედებს პრიორიტეტის პრინციპის მიხედვით უფრო ახალ სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით და დროის პრიორიტეტის მიუხედავად დაცულ სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით. კანონი განსაზღვრავს უფლების დარღვევის შემადგენლობას და ადგენს განსაკუთრებული უფლების მქონე პირის უფლებას, აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც მისი დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა (6.2. მუხლის „გ“ ქვეპუნქტი)“ (იხ. სუსგ 11.03.2016 წ განჩინება, საქმე Nას-970-919-2015).

 

38. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სასაქონლო ნიშანი, რომლის ბათილად ცნობასაც მოითხოვს შპს „ბ--------ი“, არაკეთილსინდისიერი განზრახვით არის დარეგისტრირებული შპს „პ----------ის“ მიერ. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს „პ----------ი“ ახორციელდება ფარმაცევტულ სამეწარმეო საქმიანობას. სასაქონლო ნიშანი - В------- რ------ის ფ-------–იაში საქონლის და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორის მე-5 კლასის მიმართ დარეგისტრირებული აქვს შპს „პ----------ის“ პარტნიორ კომპანიას შპს ,,ა------ დ---------ს“ 2----–-–----------სს, ხოლო სასაქონლო ნიშანი - В------- დარეგისტრირებულია 2----–-–------------ერს. აღნიშნულის საპირისპიროდ, აპელანტის - შპს „ბ--------ის“ წარმომადგენელი სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ შპს „პ----------ის“ და შპს „ა------ დ---------ის“ პარტნიორობა საქმის მასალებით არ დასტურდება, რაც გაზიარებული არ იქნა პალატის მიერ. პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ აღნიშნულ სუბიექტებს შორის არსებობს სალიცენზიო-სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც იმის დასტურია, რომ მათ შორის არსებობდა სამეწარმეო საქმიანობა და შპს „პ----------მა“ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე მოიპოვა უფლებები სასაქონლო ნიშანზე მისი ფაქტობრივი გამოყენების შედეგად.

 

39. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

40. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ მითითებული გარემოემებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, არ დასტურდება შპს „პ----------ის“ მიერ სასაქონლო ნიშნის არაკეთილსინდისიერად დარეგისტრირების ფაქტი. აღნიშნული გარემოების გასაქარწყლებლად კი აპელანტს რელევანტური მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია. აპელანტის - შპს „ბ--------ის“ ზოგადი და ზეპირსიტყვიერი განმარტებები კი სათანადო მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის სამართლებრივ საფუძველს შპს „პ----------ის“ მიერ სასაქონლო ნიშანზე უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ფაქტის დადგენისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.

 

41. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ შპს „ბ--------ის“ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს არ მიუთითებია ისეთ ფაქტობრივ გარემოებაზე და არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რაც სააპელაციო სასამართლოს მისცემს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს აპელანტის პრეტენზიას და ასკვნის, რომ უსაფუძვლოა შპს ბ--------ის“ მოთხოვნა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე და ის მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

 

43. სააპელაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან პალატამ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

44. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

45. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

46. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

47. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე. ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათ არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

48. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მითითებული ნორმის თანახმად, საპროცესო ხარჯები უნდა დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით. შესაბამისად, აპელანტის - შპს „ბ--------ის“ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „ბ--------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება.

 

3. აპელანტის - შპს „ბ--------ის“ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: რევაზ ნადარაია

 

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

 

გენადი მაკარიძე