განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002398309
საქმე №3ბ/2754-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
28 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მანანა ჩოხელი
მოსამართლეები - თამარ ონიანი
გიორგი ტყავაძე
აპელანტი _ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე - გო-----------ე
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით გო-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაევალა მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გო-----------ის 2017 წლის 08 ნოემბრის განცხადების განხილვა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2002 წელს შპს ,,ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტის” მიერ გო-----------ის მიმართ, გაიცა დიპლომი ნა №005421 (სარეგისტრაციო №325) მასზედ, რომ გო-----------ე 1997 წელს ჩაირიცხა ქუთაისის ჰუმანიტარულ და სამართლის ინსტიტუტში და 2002 წელს დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სახელმწიფო - საგამოცდო კომისიის 2002 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით გო------------ეს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
2017 წლის 08 ნოემბერს გო-----------ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა ქუთაისის ჰუმანიტარულ და სამართლის ინსტიტუტის მიერ მასზე გაცემული ნა №005421 (სარეგისტრაციო №325) დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2017 წლის 29 ნოემბრის MES 3 17 01454624 მიმართვის თანახმად, გო-----------ეს ეცნობა, რომ ცენტრში 2016 წლის 22 ივლისს შევიდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის კორესპონდენცია, რომლითაც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიეწოდა ინფორმაცია აღნიშნულ სამმართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის №092060116007 საქმეზე, რომელიც ეხება ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირთა მიერ უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტს. ამდენად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი აგრძელებს ადმინისტრაციულ წარმოებას, განმცხადებელს საბოლოო გადაწყვეტილება ეცნობება დაწესებულების საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კანონიერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
2018 წლის 29 იანვარს გო------------ის წარმომადგენელმა - რო--------------–--–--ამ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და განუმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები ხელს არ უშლიდა ადმინისტრაციულ წარმოებას. ამიტომ მოითხოვა 2017 წლის 08 ნოემბრის განცხადების განხილვა.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2018 წლის 07 თებერვლის MES 5 18 00128286 მიმართვის თანახმად, გო-----------ის წარმომადგენელს, რო--------------–--–--ას ეცნობა, რომ ცენტრში 2016 წლის 22 ივლისს შევიდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის კორესპონდენცია, რომლითაც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიეწოდა ინფორმაცია აღნიშნულ სამმართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის №092060116007 საქმეზე, რომელიც ეხება ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირთა მიერ უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტს. ამდენად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეგრძელებინა ადმინისტრაციული წარმოება.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის, პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება და სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციების შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. ისინი თანახმა არიან, რომ განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შეგნების სრულ განვითარებას და უნდა განამტკიცებდეს ადამიანის უფლებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას. შემდეგ ისინი თანახმა არიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს შესაძლებლობა იყოს თავისუფალი საზოგადოების მონაწილე, ხელს უნდა უწყობდეს ყველა ერისა და ყველა რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ეხმარებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობას მშვიდობის შენარჩუნებისათვის. იმავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება განმარტებული იყოს ისე, რომ დაკნინდეს ცალკეულ პირთა და დაწესებულებათა თავისუფლება შექმნან სასწავლებლები და უხელმძღვანელონ მათ იმ უცვლელი პირობით, რომ დაიცავენ ამ მუხლის 1 პუნქტში ჩამოყალიბებულ პრინციპებს და მოთხოვნას, რომ ასეთ სასწავლებლებში მიღებული განათლება შეესაბამებოდეს მოთხოვნების იმ მინიმუმს, რომელიც შეიძლება დააწესოს სახელმწიფომ.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლით განსაზღვრულია ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.
ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტის 25–ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს; აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ”საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
ზემოხსენებული კანონქვემდებარე აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2017 წლის 08 ნოემბერს გო-----------ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა ქუთაისის ჰუმანიტარულ და სამართლის ინსტიტუტის მიერ მასზე გაცემული ნა №005421 (სარეგისტრაციო №325) დიპლომის ნამდვილობის დადასტურება. ასევე დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2017 წლის 29 ნოემბრის MES 3 17 01454624 მიმართვის თანახმად, გო-----------ეს ეცნობა, რომ ცენტრში 2016 წლის 22 ივლისს შევიდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს უფროსი გამომძიებლის კორესპონდენცია, რომლითაც სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიეწოდა ინფორმაცია აღნიშნულ სამმართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის №092060116007 საქმეზე, რომელიც ეხება ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირთა მიერ უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტს. ამდენად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი აგრძელებს ადმინისტრაციულ წარმოებას, განმცხადებელს საბოლოო გადაწყვეტილება ეცნობება დაწესებულების საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კანონიერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე, მოსარჩელის 2017 წლის 08 ნოემბრის განცხადების განხილვის დამაბრკოლებელ გარემოებად, მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირთა მიერ უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა მოსარჩელის ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის ფაქტი. ცალსახაა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, ცალსახაა, რომ მოსარჩელე იყო ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელმაც 1997-2002 სასწავლო წლებში ისწავლა აღნიშნულ უნივერსიტეტში, მიიღო შესაბამისი დიპლომი და სამსახურებრივი მიზნებისათვის სჭირდება მისი ნამდვილობის დადასტურება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №092060116007 საქმეზე, რომელიც ეხება ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირთა მიერ უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითა გო-----------ის ჩარიცხვის, სწავლის, მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში შპს ”ქუთაისის ჰუმანიტარულ და სამართლის ინსტიტუტს” ჰქონდა თუ არა საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება, ვინაიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა გასათვალისწინებელია, რამდენად იყო შესაძლებელი გო-----------ეს სცოდნოდა აღნიშნულის თაობაზე და გააჩნია თუ არა მას კანონიერი ნდობა დიპლომის მიმართ. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ჩაატაროს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გო-----------ის 2017 წლის 08 ნოემბრის განცხადებასთან დაკავშირებით.
სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია განემარტა, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით, უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და მეორეს მხრივ, იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან, დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები.
სასამართლომ მიუთითა ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტის შესაბამისად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით.
სასამართლომ მიუთითა, რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი, დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე, შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გო-----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და უნდა დაევალოს მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განიხილოს გო-----------ის 2017 წლის 08 ნოემბრის განცხადება და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლო 2002 წელს შპს ,,ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტის” მიერ გო-----------ის მიმართ, კვლიფიკაციის მინიჭების ფაქტს, დადგენილ ფაქტობრივ გარემობად მიიჩნევს.
აპელანტი, მოცემულ გარემოებასთან მიმართებით, აღნიშნავს, რომ კვალიფიკაციის მინიჭება, როგორც სამართლებრივი შედეგების გამომწვევი ქმედება, გულისხმობს არა მხოლოდ უშუალოდ ფაქტის განხორციელებას, არამედ ამ მოვლენის კანონმდებლობის დაცვის პირობებში დადგომას. კერძოდ, კონკრეტული პირისათვის კვალიფიკაცია, სამართლებრივი გაგებით, მინიჭებულად ჩაითვლება, როცა პირისა თუ დაწესებულების მხრიდან დაცული იყო აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნები. მოცემული დავა გამომდინარეობს აქტის გამოცემაზე უარის თქმიდან, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნამსჯელი არ (ვერ) არის საგანმანათლებლო დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. ნამდვილობის დადასტურების პროცედურის წარმატებით გავლა, ნიშნავს, რომ სახეზეა კვალიფიკაციის მინიჭება, სამართლებრივი გაგებით, და არა მხოლოდ, როგორც ფაქტობრივად განხორციელებული ქმედება. რამდენადაც, ადმინისტრაციული წარმოებისას არსებული ფაქტობრივი გარემოება (გამოძიების მიმდინარეობა) არ იძლეოდა საკითხის არსებითად განხილვის საშუალებას, დღეის მდგომარეობით, არ არის გარკვეული მოსარჩელეს განათლება მიღებული აქვს თუ არა ლიცენზირებულ რეჟიმში და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება წარმოადგენდა თუ არა კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებულ ქმედებას.
მხარე თვლის, რომ გამოძიების შედეგების გაცნობამდე და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებამდე პირისთვის კვალიფიკაციის მინიჭების, როგორც სამართლებრივი შედეგების გამომწვევის ქმედების არსებობა სადაოა.
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტები. სასამართლო უსაფუძვლოდ აპელირებს ცენტრის მიერ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. სასამართლო ვერ ასაბუთებს, თუ რაში გამოიხატა ცენტრის მხრიდან კონსტიტუციის დებულებების დარღვევა. სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ნორმათა ციტირებითა და მათი ფორმალური მითითებით, რაც დაცლილია ნორმის მითითების სამართლებრივი ლოგიკისაგან. აღსანიშნავია, რომ სწორედ აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესის პრაქტიკულ რეალიზებას ემსახურება ცენტრის თითოეული ქმედება, კერძოდ, ცენტრის მიზანია, ყველას ჰქონდეს თანაბარ პირობებში განათლების მიღების უფლება, საბოლოოდ კი, ხარისხიანი განათლებით უზრუნველყოფილი იქნეს ქართული საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაცია საერთაშრისო საგანმანათლებლო სივრცეში. ცენტრის მხრიდან არათუ დარღვეულია კონსტიტუციური დებულება, არამედ პირიქით, სრულად არის იგი დაცული. მხოლოდ ხარისხიანი, შესაბამისად კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მიღებული განათლება წარმოედგენს სამართლით დაცულ სიკეთეს. ცენტრი, სწორედ ის ადმინისტრაციული ორგანოა, რომელსაც საკანონმდებლო დონეზე ევალება განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობს სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობის სრულყოფილ და ჯეროვან დაცვას. შეუძლებელია ცენტრის აქტი არღვევდეს საქართველოს კონსტიტუციას და ზღუდავდეს კონკრეტული პირის, მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის უფლებას მიიღოს განათლება. როგორც უკვე აღინიშნა, მისთვის არ აუკრძალავთ კანონმდებლობით დადგენილი წესით განათლების მიღების უფლება. ამასთან, ცენტრს არ უგულებელყვია და არ გაუბათილებია მის მიერ უკვე მიღებული სწავლის შედეგები, არამედ ცენტრმა უარი განაცხადა მმართველობითი ღონისძიების განხორციელებაზე, მაშინ, როცა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, არ აძლევდა აღნიშნულის შესაძლებლობას. ამ სახის მიდგომა, არა მხოლოდ სხვა პირთა თანასწორობის უფლებას, არამედ, უშუალოდ განმცხადებლის/მოსარჩელის ინტერესების დაცვასაც ემსახურება.
აპელანტის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია რა მიზნით იშველიებს სასამართლო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლს, რადგან ცენტრს არ შეუზღუდავს ამ მუხლის დანაწესი, სახელმწიფოს მიერ მოსარჩელეს უარი არ თქმია განათლების მიღებაზე, არც მშობელთა უფლება დარღვეულა უზურუნველყონ მათი ბავშვები ისეთი განათლებით, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან. პირიქით, ცენტრის დასაბუთებული მიდგომა, არ გამოსცეს აქტი, მანამ სანამ არ იქნება გამოკვეთილი რიგი ძირეული ასპექტები, წარმოადგენს სწორედ მოსარჩელის ინტერესების დაცვის მექანიზმს.
აპელანტის აზრით, დაუსაბუთებლადაა მოხმობილი სასამართლოს მიერ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლი, საქართველო, ცხადია, აღიარებს თითოეული ადამიანის განათლების უფლებას. სახელმწიფოს მიერ განათლების სისტემაზე ზრუნვის გამოხატულებაა სწორედ ცენტრის არსებობა, იმ უწყებისა, რომლის მთავარი მიზანია, განვითარდეს და გაუმჯობესდეს განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. ცენტრი კი, როგორც კანონმდებლობის საფუძველზე მოქმედი ადმინისტრაციული ორგანო, თავის მხრივ, საქმიანობის განხორციელებისას დეტალურად იკვლევს ყველა გარემოებას, რომელსაც მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სამართლებრივი შედეგის დადგომისას. კვლავ განვმარტავთ, რომ მაშინ, როცა ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტა (თუ რამდენად იყო სახეზე სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება) საგამოძიებო ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება, ვერ იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება ამ საკითხის გარკვევამდე. იმ მოცემულობაში, როცა გაურკვეველია, რა სამართლებრივი სტატუსი ჰქონდა იმ დაწესებულებას, რომელიც დაამთავრა მოსარჩელემ, ცენტრი ვერ მიიღებდა მაგ. ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას, რადგან, შესაძლოა, რეალურად, პირს დამთავრებული ჰქონდეს ლიცენზირებული დაწესებულება და უარი არ იყოს კანონმდებლობის შესაბამისი მმართველობითი ღონისძება. ამასთან, ამ პირობებში, ნამდვილობის დადასტურების შესახებ გადაწყვეტილებამ შესაძლოა რეალურად მიგვიყვანოს კანონმდებლობის საწინააღმდეგო სამართლებრივ შედეგამდე და დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 (თანასწორობის უფლება) მუხლი, რადგან, საბოლოოდ გამოძებამ დაადგინოს, რომ პირის მიერ განათლება ნამდვილად არალიცენზირებულ რეჟიმშია მიღებული და მის სახელზე გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტი არ ექვემდებარებოდა ნამდვილობის დადასტურებას. ცხადია, არც-ერთი შედეგი არ იქნება კანონიერი და სამართლიანი. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრი ელოდება გამოძიების შედეგებს, რათა განახორციელოს შესაბამისი ქმედებები.
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლო უთითებს ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ'' საქართველოს კანონისა და ნამდვილობის დადასტურების ,,წესის'' რიგ ნორმებზე, კერძოდ, ნამდვილობის დადასტურების წესსზე, არსზე, გამოკვლევის პროცედურაზე და ა.შ. ცხადია, ცენტრი არ დაობს იმაზე, რომ ზოგადად, საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება მის კომპეტენციას განეკუთვნება, ამდენად, ამ ნორმებზე აპელირებით ვერ საბუთდება სასამართლოს პოზიცია. გადაწყვეტილებაში არ არის გაანალიზებული ის ძირითადი მოცემულობა, რაზეც ცენტრი აპელირებს, კერძოდ, არ არის განხილული თუ რა ფაქტობრივ-სამართლებრივ მოცემულობაში აყენეს ცენტრს ის ფაქტი, რომ ვერ დგინდება ამ დაწესებულებას გააჩნდა თუ არა საგანმანათლებლო საქმიანიანობის განხორციელების უფლებამოსილება.
აპელანტი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ითხოვდა საკითხის არსებითად გადაწყვეტით მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დავალდებულებას, თუმცა მისი სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ ნაწილობრივ და ცენტრს დაევალა აქტის გამოცემა. აღნიშნულთან მიმართებით, მართებულად მიიჩნევს აპელანტი დამატებით, ლაკონურად განიმარტოს, იმ დაწესებულების სამართლებრივი სტატუსი, რომელმაც მიანიჭა მოსარჩელეს კვალიფიკაცია და გასცა მის სახელზე საგანამათლებლო დოკუმენტი. რადგან, სწორედ ამ დაწესებულების ლიცენზირება/ულიცენზიო რეჟიმში საქმიანობის საკითხია გაურკვეველი, რაც აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას. კერძოდ, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1992 წლის 15 სექტემბერს ,,ქუთაისის ჰუმანიტარულ და სამართლის ინსტიტუტზე'' გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის N01-17-08/1423 ლიცენზია. ქ. ქუთაისის სასამართლოს მიერ 1996 წლის 3 სექტემბერს რეგისტრაციაში გატარდა შპს ,,ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტი. ხოლო, 1998 წლის 12 იანვარს რეგისტრაციაში გატარდა სპს ,,ბორის ონიანი-ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტიN2, ( შემდგომში შპს-დ გადაკეთდა) რომელიც წარმოადგენს ქ. ქუთაისის სასამართლოს მიერ 1996 წლის 3 სექტემბერს რეგისტრირებული სუბიექტის უფლებამონაცვლეს. შესაბამისად, ლოგიკურად, ამ პერიოდიდან, არსებობდა ერთადერთი ლიცენზირებული სუბიქეტი, რომელსაც უფლება გააჩნდა განეხორციელებინა საგანმანათლებლო საქმიანობა, კერძოდ სპს ,,ბორის ონიანი-ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტიN2, თავდაპირველად დარეგისტრირებული შპს-ს უფლებამონაცვლე, ანუ სუბიექტი, რომელზეც გადავიდა ყველა ის უფლება-მოვალეობები, რაც გააჩნდა ,,ქუთაისის ჰუმანიტარულ და სამართლის ინსტიტუტს, შესაბამისად, 1998 წლის 12 იანვრიდან ,,ქუთაისის ჰუმანიტარულ და სამართლის ინსტიტუტს ფაქტობრივადაც უნდა შეეწყვიტა საქმიანობა, რადგან იურიდიულად ძველი ფორმით აღარ არსებობდა, არსებობდა მხოლოდ მისი უფლებამონაცვლე სუბიექტი. ამავდროულად, 1999 წლის 14 მაისის „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 მიხედვით, ,,პირები, რომლებიც ახორციელებენ ამ კანონით განსაზღვრულ, ლიცენზირებას დაქვემდებარებულ სამეწარმეო საქმიანობას და რომელთაც მიღებული აქვთ ლიცენზია ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებულნი არიან მისი ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული – სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის განმახორციელებელმა პირებმა 2000 წლის 1 ოქტომბრამდე წერილობით მიმართონ ლიცენზიის გამცემ ორგანოს ლიცენზიის სალიცენზიო რეესტრში შესატანად, ამ კანონით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი ადგენდა, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონის ამოქმედებამდე მიღებული ლიცენზიები ჩაითვლებოდა გაუქმებულად. ზემოხსენებული კანონი, ასევე, ადგენდა, რომ კერძო აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა ექვემდებარებოდა ლიცენზირებას, რომელსაც გასცემდა საქართველოს განათლების სამინისტრო. შესაბამისად, შპს ,,ბორის ონიანი-ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტი N2, გახდა ,,ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტის'' უფლებამონაცვლე, ვალდებული იყო მიემართა შესაბამისი უწყებისათვის ლიცენზიის დარეგისტრირების მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ლიცენზია ჩაეთვლებოდა გაუქმებულად. ამავდროულად, კუთვნილი ლიცენზიის დარეგისტრირებისათვის კანონმდებლობით დანსაზღვრულ, კანონის ძალაში შესვლიდან 6 თვიან ვადაში, მარეგისტრირებელ ორგანოს მიმართა არა სპს ,,ბორის ონიანი - ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტი N2-მა, არამედ, პირვანდელმა შპს-მ, ,,ქუთაისის ჰუმანიტარულმა და სამართლის ინსტიტუტმა, რომლის მმართველ პირებთან ფიზიკურად ინახებოდა 1992 წლის 15 სექტემბერს გაცემული ლიცენზია. აღნიშნული მიმართვის საფუძველზე 1999 წელს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა შპს ,,ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტი'', რომელიც არსობრივად არ წარმოადგენდა სამართლის სუბიექტს, რაც გამომდინარეობს თავად უფლებამონაცვლეობის ინსტიტუტის არსიდან. აღნიშნული დაწესებულების მმართველ პირებს ლიცენზია მოეპოვებოდათ მატერიალური ფორმით, რომელიც დაარეგისტრირეს შესაბამის უწყებაში, მარეგისტრირებელ ორგანოს კი არ მიაწოდეს ინფორმაცია სასამართლო დადენილების თაობაზე, რომლიდანაც ნათლად იკვეთება უფლებამონაცვლის დადგენის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ თავად, უფლებამონაცვლე სუბიქეტს, აღნიშნულის მოთხოვნით არ მიუმართავს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთვის, შესაბამისად, ლიცენზიის სავალდებულო რეგისტრციის პერიოდის შემდგომ, მის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობაც ვერ იქნება აღიარებული სახელმწიფოს მიერ. ლოგიკური განმარტებით, კანონმდებლობის მოთხოვნების სრულყოფილი დაცვით, 1992 წელს მოპოვებული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია რეალურად გაუქმებულია, რამდენადაც, იგი მიიკუთვნა, რეგისტრაციაში გაატარა სუბიექტმა, რომელსაც არ გააჩნდა აღნიშნულის უფლებამოსილება, ხოლო, ვისაც ამგვარი უფლებამოსილება გააჩნდა, არ გამოუყენებია იგი, რაც გახდა მისი გაუქმების საფუძველი.) ზემოხსენებული მსჯელობა წარმოადგენს განსახილველ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის განხილვის შედეგად განვითარებულ მსჯელობას, ერთგვარ სუბსუმციას, თუმცა, მოცემულ საქმეში (აქტის გამოცემაზე უარის თქმიდან გამომდინარე დავა), უმნიშვნელოვანეს მოცემულობას წარმოადგენს, ის ფაქტი, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს №15-04-09/05-711 (ცენტრში რეგისტრაციის №897835) კორეპსონდენციით ცენტრს ეცნობა, რომ აღნიშნულ სამმართველოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის №092060116007 საქმე რომელიც ეხება ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირთა მიერ უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტს. აღნიშნულზე გამოძიება დღემდე მიმდინარე რეჟიმშია და არ დასრულებულა. აღნიშნული ნიშნავს, სწორედ იმას, რომ საგამოძიებო ორგანოთა კომპეტენციაა გამოარკვიონ ზემოხსენებული 2 სუბიექტიდან, რომელი მათგანი იყო ლიცენზიის მფლობელი და რომელი მათგანის მიერ ხორციელდება (ხორციელდებოდა) უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ცხადია, იგულისხმება, საგანამათლებლო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე.
აპელანტის მოსაზრებით, უშუალოდ იმ დაწესებულების სტატუსი, სადაც მოსარჩელემ მიიღო განათლება, წარმოადგენს განსახილველ პერიოდში და ამჟამადაც, მოქმედ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მყოფ ფაქტობრივ მოცემულობას. მეტიც, ამ დაწესებულებასთან მიმართებით, (ზოგადად) სადაოა არა მხოლოდ აკრედიტაცია/ავტორიზაციის არქონა, არამედ ლიცენზირების ეტაპიც. მაშინ, როდესაც, განსახილველ პერიოდში, მხოლოდ ლიცენზია წარმოადგენდა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების წინაპირობას.
აპელანტი აპელირებს სასამართლოს მითითებაზე, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა ზემოხსენებული დაწესებულების ხელმძღვანელ თანამდებობაზე დასაქმებულ პირს, არამედ იგი იყო სტუდენტი. ამ უკანასკნელს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს საქმის განხილვისათვის. მოცემულ შემთხვევაში იხილება საკითხი, თუ რამდენად იყო დაწესებულება უფლებამოსილი განეხორციელებინა საგანმანათლებლო საქმიანობა, დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის მნიშვნელობა არა აქვს მოსარჩელის დამოკიდებულებას დაწესებულების სტატუსისადმი, იცოდა მან ლიცენზიასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ თუ არა. ამასთან, ცენტრი, დღეისობით, ცალსახად არ უთითებს, რომ ეს დაწესებულება საქმიანობდა უკანონოდ, აღნიშნულს გამოძიება დაადგენს.
სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ცენტრი იხილავს ყველა იმ პირის განცხადებას, რომელსაც 1998 წლამდე აქვს განათლება მიღებული (ანუ, სანამ სამართლის მეორე სუბიექტს დაარეგისტრირებდა სასამართლო), ასევე, არსებითად იხილება იმ პირთა საკითხი, რომელთაც, ზემოხსენებულ დაწესებულებაში 2005 წლის შემდგომ აქვთ განათლება მიღებული, რადგან, ამ შემთხვევაში, ,,უმაღლესი განათლების შესახებ'' საქართველოს კანონიდან გამომდინარე (რომელიც სწორედ 2005 წელს ამოქმედდა) ცალსახად არსებობს ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან, ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტს 2005 წლიდან 2010 წლის სექტემბრამდე არ გაუვლია ინსტიტუციური აკრედიტაცია, ხოლო 2010 წლის სექტემბრიდან დღემდე არ გაუვლია ავტორიზაცია, შესაბამისად, ამ დაწესებულებაში 2005 წლის შემდგომ ნასწავლი პერიოდი არ არის სახელმწიფოს მიერ აღიარებული. ხოლო, ცენტრი არსებითად არ წყვეტს დიპლომის ნამდვილობის დადასტურების საკითხს, იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც ზემოხსენებულ დაწესებულებაში განათლებას იღებდნენ 1998-2005 წლამდე პერიოდში, რადგან ეს დროის ის მონაკვეთია, როცა სასამართლოს უკვე დარეგისტრირებული ჰყავს სპს ,,ბორის ონიანი-ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტი N2, (დაწესებულება რომელიც მოსარჩელემ დაამთავრა).
შესაბამისად, კვლავაც, განმცხადებელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე, ცენტრი დროის ხსენებულ მონაკვეთში განათლებამიღებულ პირებთან მიმართებით, ვერ მიიღებს განსხვავებულ გადაწყვეტილებას-გარდა აქტის გამოცემაზე უარის თქმისა. აღნიშნული უარი კანონიერია, მისი გამოუცემლობა გამომდინარეობს არა დაწესებულებისა სუბიექტური სურვილიდან, არამედ, ობიექტურად არსებული მდგომარეობიდან.
აპელანტი აღნიშნავს, რომ ამ საქმეზე გამოტანილია დამატებითი გადაწყვეტილება, ცენტრისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის დაკისრების თაობაზე და უთითებს, რომ ამ ნაწილშიც არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილებას, რამდენადაც, არ არსებობდა ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. რამდენადაც, დამატებითი გადაწყვეტილება არსებითად წარმოადგენს ძირითადი გადაწყვეტილების ნაწილს, თავისთავად, სახეზეა მისი გაუქმების საფუძვლებიც.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის `გ~ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს გო-----------ისათვის გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების კანონიერება. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირთა მიერ უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე.
საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე არ წარმოადგენს ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს. ცალსახაა, რომ იგი იყო ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელმაც 1997-2002 სასწავლო წლებში ისწავლა აღნიშნულ უნივერსიტეტში, დასრულების შემდეგ მიიღო შესაბამისი დიპლომი და სამსახურებრივი მიზნებისათვის სჭირდება მისი ნამდვილობის დადასტურება, რასაც ითხოვს კიდეც განცხადებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავი არეგულირებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ზოგად დებულებებს. აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ა) დაინტერესებული პირის განცხადება და ბ) ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ განცხადებაზე, უნდა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება, არის არა ადმინისტრაციული ორგანოს უფლება, არამედ ვალდებულება, რამდენადაც განცხადება, მისი რეგისტრაციის მომენტიდან, უპირობოდ წარმოადგენს მისთვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით კი, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 25–ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას ახდენს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც ადგენს - პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 01 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
მითითებული კანონქვემდებარე აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს, ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.
მითითებული ნორმების ანალიზით სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და განცხადებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დამაბრკოლებელი გარემოება. სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები და ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები არ ითვალისწინებენ მხარის მიერ, მითითებული საფუძვლით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე უარს. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №092060116007 საქმეზე, რომელიც ეხება ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირთა მიერ უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის შესაძლო განხორციელების ფაქტს, ხელს არ უშლის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო იკვლევს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.
პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე, საქმე №ბს-246-243(კ-14), სადაც საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა“.
შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა ნაწილობრივ გო-----------ის მოთხოვნა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის მის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება;
7. საპროცესო ხარჯები:
აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-391-ე,397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აპელანტ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე: მანანა ჩოხელი
მოსამართლეები: თამარ ონიანი
გიორგი ტყავაძე