განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.12.2019
საქმის ნომერი
330210017002144193
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002144193

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/2395-19 16 დეკემბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი

 

სხდომის მდივანი – მარიამ ირემაშვილი

 

აპელანტი - ს----------–------------------–------------------------------–-----–--------------------–--------------–---–---------–-----------------

 

წარმომადგენელი - გ--–--------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ--–-------------–-------------–--------------------“

 

წარმომადგენელი - ნ-------------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ს----------–------------------–------------------------------–-----–--------------------–--------------–---–---------–-----------------მ შპს „მ--–-------------–-------------–-------ს“ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის, პირგასამტეხლოს - 7 692.16 ლარის, დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ს----------–------------------–------------------------------–-----–--------------------–--------------–---–---------–-----------------მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2016 წლის 28 ნოემბერს საქართველოს შ--------------------–--------------–---–---------–--- სამინისტროსა (შემსყიდველი) და შპს „მ--–-------------–-------------–------- დ----------“ (მიმწოდებელი) შორის, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სს „ტ----------–----------------–-------------------------------–--–--------------“, სხვადასხვა სახის სამედიცინო მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვის (C---------) თაობაზე, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №პ--------- დაიდო. ხელშეკრულების ღირებულება 530 000 ლარით განისაზღვრა.

 

ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, მისაწოდებელი საქონლის აღწერილობა და ფასები, ელექტრონულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი თანდართული დოკუმენტების დანართი №2-ის (ფასების ცხრილი) შესაბამისად განისაზღვრა, რომლებიც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.

 

ხელშეკრულების 4.4.1. პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდება ორ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო, კერძოდ, დანართი №2-ის (ფასების ცხრილი) 28-ე და 30-ე პოზიციებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო სხვა დანარჩენი საქონლის მიწოდება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში, უნდა განხორციელებულიყო.

 

ხელშეკრულების 15.2. პუნქტის თანახმად, შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით, დაეკისრებოდა (ტომი I, ს.ფ. 14-17).

 

6. 2016 წლის 28 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოს შ--------------------–--------------–---–---------–--- სამინისტროს მიმართ (ბენეფიციარი) შპს „მ--–-------------–-------------–--------------------ს“ (პრინციპალი) ვალდებულებები, სს „ს----------–----------“ მიერ 2016 წლის 25 ნოემბერს გაცემული №P-----3 16 ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიით, იქნა უზრუნველყოფილი. საბანკო გარანტიის საერთო თანხა - 10 600 ლარის ოდენობით, განისაზღვრა (ტომი I, ს.ფ. 25).

 

7. შპს „მ--–-------------–-------------–------- და სერვისმა“ მასსა და ს----------–----–----------------------–--------------–---–---------–------------------ შორის, 2016 წლის 28 ნოემბერს, დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, მის მიერ საქონლის ნაწილის მიწოდების ვადები დაარღვია.

 

სამედიცინო აპარატურის ნაწილის, ღირებულებით - 60 900 ლარი, მიწოდება 2017 წლის 20 იანვარს, 8 დღის გადაცილებით; სამედიცინო აპარატურის ნაწილის, ღირებულებით - 5568 ლარი, მიწოდება 2017 წლის 13 თებერვალს, 32 დღის გადაცილებით; სამედიცინო აპარატურის ნაწილის, ღირებულებით - 10 400 ლარი, მიწოდება 2017 წლის 15 თებერვალს, 34 დღის გადაცილებით; სამედიცინო აპარატურის ნაწილის, ღირებულებით - 1185 ლარი, მიწოდება 2017 წლის 28 თებერვალს, 47 დღის გადაცილებით; სამედიცინო აპარატურის ნაწილის, ღირებულებით - 54 736 ლარი, მიწოდება 2017 წლის 13 მარტს, 60 დღის გადაცილებით; სამედიცინო აპარატურის ნაწილის, ღირებულებით - 4 308 ლარი, მიწოდება 2017 წლის 24 მარტს, 71 დღის გადაცილებით; სამედიცინო აპარატურის ნაწილის, ღირებულებით - 25 940 ლარი, მიწოდება 2017 წლის 29 მარტს, 76 დღის გადაცილებით; სამედიცინო აპარატურის ნაწილის, ღირებულებით - 4 599 ლარი, მიწოდება 2017 წლის 24 აპრილს, 102 დღის გადაცილებით; სამედიცინო აპარატურის ნაწილის, ღირებულებით - 4 463 ლარი, მიწოდება 2017 წლის 08 მაისს, 116 დღის გადაცილებით; სამედიცინო აპარატურის ნაწილის, ღირებულებით - 149 625 ლარი, მიწოდება 2017 წლის 08 მაისს, 71 დღის გადაცილებით, განხორციელდა (ტომი I, ს.ფ. 26-60).

 

8. შპს „მ--–-------------–-------------–------- დ----------“ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქონლის ნაწილის მიწოდების ვადის დარღვევის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თითოეული შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ჯამში - 18 292.16 ლარი, დაეკისრა (ტომი I, ს.ფ. 60-61).

 

9. საქართველოს შ--------------------–--------------–---–---------–--- სამინისტროს 2017 წლის 02 ივნისის №0------- წერილით, შპს „მ--–-------------–-------------–------- დ----------“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ეცნობა და წინადადება მიეცა, ერთი თვის ვადაში მისი გადახდა, ასევე, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა უზრუნველეყო, თუმცა, მოპასუხის მიერ აღნიშნული ქმედება არ განხორციელებულა (ტომი I, ს.ფ. 61).

 

10. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, მოსარჩელემ სს „ს----------–---------“ მიმართა და აღნიშნული ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია გამოითხოვა, რის საფუძველზეც სს „ს----------–----------“ მიერ საქართველოს შ--------------------–--------------–---–---------–--- სამინისტროსათვის, 10 600 ლარი გადაირიცხა (ტომი I, ს.ფ. 63-64).

 

11. საბანკო გარანტიის ფარგლებში გადარიცხული თანხა, 10 600 ლარის ოდენობით, შპს „მ--–-------------–-------------–--------------------ს“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ანგარიშში ჩაითვალა (ტომი I, ს.ფ. 2-13).

 

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განჩინებით, №---------- სამოქალაქო საქმეზე საქართველოს შ--------------------–--------------–---–---------–--- სამინისტროს უფლებამონაცვლედ, ს----------–------------------–------------------------------–-----–--------------------–--------------–---–---------–-----------------, იქნა ცნობილი (ტომი I, ს.ფ. 286-289).

 

13. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს გარემოებას მასზედ, რომ შპს „მ--–-------------–-------------–--------------------სთვის“, ხელშეკრულებების პირობების არაჯეროვანი შესრულებისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 7 692,16 ლარის, დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.

 

მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება იურიდიული ბუნებით სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლითა და 477-ე მუხლით გათვალისწინებულ შერეული ტიპის ხელშეკრულებას წარმოადგენს, რომელსაც ნარდობისა და ნასყიდობის სამართლებრივი ინსტიტუტებისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები გააჩნია. უდავოა ის გარემოება, რომ მხარეები ხელშეკრულებით ანაზღაურების ოდენობასა და წესზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც განსაზღვრეს, რომ შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს პირგასამტეხლო, შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით, დაეკისრებოდა.

 

მოდავე მხარეებს, ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების ვადების დარღვევის ფაქტი სადავოდ არ გაუხდიათ. სააპელაციო საჩივარში შედავებულია და შესაბამისად, სააპელაციო პალატის საკვლევ გარემოებათა წრეს, მოსარჩელის მიერ გამოთხოვილი და პირგასამტეხლოს ანგარიშში ჩათვლილი საბანკო გარანტიის მიღმა, მოპასუხისთვის 7 692,16 ლარის დაკისრების კანონშესაბამისობის დადგენა, მიეკუთვნება.

 

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.

 

პალატა განმარტავს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც გადაიხდება, როგორც კომპენსაცია ძირითადი კონტრაქტის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას.

 

შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ასევე, ფარავს იმ რისკს, რაც მიწოდებულ პროდუქციაში დეფექტების აღმოჩენასთან არის დაკავშირებული. ამდენად, შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს და მისი ჯარიმის-სანქციის ფორმით გამოყენება საბანკო გარანტიის მიზანთან წინააღმდეგობაში მოდის.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 28 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოს შ--------------------–--------------–---–---------–--- სამინისტროს მიმართ (ბენეფიციარი) შპს „მ--–-------------–-------------–--------------------ს“ (პრინციპალი) ვალდებულებები, სს „ს----------–----------“ მიერ 2016 წლის 25 ნოემბერს გაცემული №P-----3 16 - ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიით, იქნა უზრუნველყოფილი. საბანკო გარანტიის საერთო თანხა - 10 600 ლარის ოდენობით, განისაზღვრა. როგორც საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით დგინდება, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, მოსარჩელემ სს „ს----------–---------“ მიმართა და აღნიშნული ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია გამოითხოვა, რის საფუძველზეც სს „ს----------–----------“ მიერ, საქართველოს შ--------------------–--------------–---–---------–--- სამინისტროსათვის, 10 600 ლარი გადაირიცხა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერი ქცევის პრინციპი, რომელიც კერძო სამართლის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს, ერთიდაიმავე დარღვევის გამო ორმაგი ფინანსური სანქციის დაკისრების მართლზომიერებას გამორიცხავს. სახელშეკრულებო ურთიერთობაში საბანკო გარანტიის არსებობა შემკვეთისთვის შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწეული ზიანის მყისიერად ანაზღაურების მიზანს ემსახურება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც შემკვეთმა ბანკისგან საბანკო გარანტია გამოითხოვა, აღნიშნულით შემკვეთის მიზანი არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ მიღწეულია და იმავე დარღვევისთვის დამატებით ჯარიმის დაკისრების მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის მე-8 და 115-ე მუხლებით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპს ეწინააღმდეგება.

 

ამასთან, მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ თავად მოსარჩელე, წარდგენილ სარჩელში ადასტურებდა, რომ გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხა, პირგასამტეხლოს დარიცხულ ანგარიშში ჩათვალა, ამიტომ, წინამდებარე განჩინებაში სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობისა და თავად მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, ვერ იქნება გაზიარებული აპელანტის მიერ, საქმის ზეპირი განხილვის დროს, განვითარებული მსჯელობა პირგასამტეხლოსა და საბანკო გარანტიის განსხვავებული სამართლებრივ ბუნებისა და დანიშნულების თაობაზე, რაც მისი აზრით, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა უნდა გამხდარიყო.

 

15. რაც შეეხება საბანკო გარანტიის ჩათვლის შემდგომ, დარიცხულ პირგასამტეხლოს ოდენობასა და უკვე ჩათვლილ ოდენობას შორის სხვაობას, რომლის დაკისრებასაც, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვდა, სააპელაციო პალატის აზრით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

 

კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის, კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე, პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს. სასამართლოსთვის აღნიშნული უფლების მინიჭების მნიშვნელობაზე სააპელაციო სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს, მანამდე კი პირგასამტეხლოს სამართლებრივ ბუნებასა და მისი მოვალისთვის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებზე გაამახვილებს ყურადღებას.

 

16. პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. განსახილველ შემთხვევაში, აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე სახეზეა, ვინაიდან სადავო ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება არსებობს და იგი ფულადი სახითაა გამოსახული (ტომი I, ს.ფ. 14-17).

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რა თქმა უნდა, ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას არ წარმოადგენს და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა სადავოდ არ არის გამხდარი, მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობაა შედავებული.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელშეკრულებით დგინდება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს ანაზღაურება იყო შეთანხმებული, კერძოდ, ხელშეკრულების 15.2 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობად 0,1% განისაზღვრა. სააპელაციო პალატა მოდავე მხარეებს განუმარტავს, რომ საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლოს ამგვარი ოდენობით განსაზღვრა, როგორც წესი, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და მისი გონივრულ ოდენობამდე შემცირების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, ანუ ფულადი თანხის ოდენობა, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, სასამართლო თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეცვალოს. რაც შეეხება იმ გარემოებას, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

 

პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.

 

პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში იწყებს.

 

პალატა განმეორებით განმარტავს, რომ კანონით დადგენილი გამონაკლისი - სასამართლო ჩაერიოს კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, დადებულ გარიგებით გამოვლენილ ნებაში, შეეხება მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობას და იგი სუსტი მხარის დაცვისა და მოვალის ხარჯზე კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების თავიდან აცილების ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება. თუმცა, სასამართლოს უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს მის შეუზღუდავ უფლებამოსილებას - ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე დადებული გარიგების პირობები შეცვალოს. ანუ იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულებით მხარეები ცალსახად და არაორაზროვნად არიან შეთანხმებულნი პირგასამტეხლოს ოდენობის გამოთვლის პრინციპზე, ამ შემთხვევაში სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი გადაწყვეტილებით ხელშეკრულების მხარეებს პირგასამტეხლოს გამოთვლის სხვაგვარი პრინციპი დაუწესოს. სულ სხვა შემთხვევაა, როდესაც ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეთანხმებული არ არის და მხარეებმა კონსენსუსს მხოლოდ ოდენობის შესახებ მიაღწიეს, ამ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს კრედიტორის მოქმედების ფარგლები და სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე, განსაჯოს, თუ რამდენად სამართლიანი პრინციპით მოხდა პირგასამტეხლოს გამოთვლა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ საბანკო გარანტია გამოითხოვა, მიღებული თანხა კი, თავისივე ინიციატივით, დაკისრებული პირგასამტეხლოს ანგარიშში ჩათვალა. აღნიშნული ცხადყოფს, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების ვადებით გამოწვეული დისკომფორტი (შესრულების არაჯეროვნება), საბანკო გარანტიიდან მიღებული თანხით შეივსო. გარდა აღნიშნულისა, პალატა მხედველობაში იღებს, შესრულების ღირებულებას, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებას, ვალდებულების შეუსრულებლობის ვადასა და მოცულობას, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს 0,1% ოდენობით დაკისრების თაობაზე შეთანხმება, საერთო სასამართლოების მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკით, შეუსაბამოდ მაღალ ოდენობადაა მიჩნეული, რაც მისი მოპასუხისთვის სრული ოდენობით დაკისრებას იმთავითვე გამორიცხავდა. ამასთანავე, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს, ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ საქმის მასალებში ვადაგადაცილების შედეგად დამდგარი რაიმე კონკრეტული ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიდის დასკვნამდე, მოსარჩელის დარღვეული უფლება, საბანკო გარანტიის გამოყენების შედეგად ამონაგები თანხით, სრულადაა კომპენსირებული და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.

 

17. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო სამართალში აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპი, რომლის ფარგლებშიც სამართალწარმოება შეჯიბრებითობის საფუძველზე მიმდინარეობს. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები შეჯიბრებითობის პრინციპი წარმოადგენს რა, სამოქალაქო საქმის გადაწყვეტის ქვაკუთხედს, მისი არა მხოლოდ მხარეთა, არამედ, სასამართლოს მხრიდან განუხრელი დაცვა პირდაპირ და უშუალო ინდიკატორად გვევლინება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებისა. სწორედ შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ხდება მხარეთა შედავების საფუძვლიანობის კვლევა და მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების სადავო და უდავო ფაქტებად კვალიფიცირება. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

 

პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გარემოება მასზედ, რომ შემკვეთის მიერ, საბანკო გარანტიის გამოთხოვის მიუხედავად, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს სრულად დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების არსებობა, ვერ დგინდება. აპელანტმა სასამართლოს წინაშე ხსენებული გარემოების სამტკიცებლად რელევანტური მტკიცებულების ან/და დამაჯერებელი ახსნა-განმარტების წარმოდგენა ვერ შეძლო. გარდა ამისა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს სრულად დაკისრების წინაპირობებიც არ იკვეთება. მოპასუხის მიერ ვალდებულება სრულადაა შესრულებული, ვადაგადაცილებას შემკვეთისთვის არსებითი ხასიათის ზიანი არ გამოუწვევია, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა ამ მიმართებითაც ვერ წარმოადგინა დასაბუთებული შედავება, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა შეიძლებოდა გამხდარიყო.

 

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში, ასევე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფოს ბიუჯეტში ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით ასევე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ს----------–------------------–------------------------------–-----–--------------------–--------------–---–---------–-----------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის (მოსარჩელეები – ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე), ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი