განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120210018002419873
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/7175-18 11 დეკემბერი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები - თამარ ალანია, თამარ ზამბახიძე
სხდომის მდივანი – თამთა ოთარაშვილი
აპელანტი - მ------ წ----–-–---–-, გ----------------–-–---–-
წარმომადგენელი - ც----------------
მოწინააღმდეგე მხარე - ნ-----------------
წარმომადგენელი - ე--------------–---
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება დასაჩუქრებულის უმადურობის გამო და გამჩუქებლისგან ქონების უკან გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ------ წ----–-–---–მა და გ----------------–-–---–მა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიმართეს და უმადურობის მოტივით, ნ-----------------ს სახელზე გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე, გაჩუქებული ქონების უკან გამოთხოვა მოითხოვეს.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, საქმეზე 2018 წლის 27 ივნისს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება მ------ წ----–-–---–მა და გ----------------–-–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2011 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, უძრავი ქონება ს/კ 6-----------, საკუთრების უფლებით გ----------------–-–---–-სა და მ------ წ----–-–---–-ს სახელზე იყო რეგისტრირებული (ტომი I, ს.ფ. 24).
6. 2013 წლის 5 ივლისს, მ------ წ----–-–---–ს, გ----------------–-–---–სა და შპს „ს-----------–--------------“ შორის იჯარის ხელშეკრულება დაიდო, იჯარის საგანს ავტოგასამართი სადგური, მდებარე დაბა ასპინძა, ვ-------------, ს/კ 6-----------, წარმოადგენდა, რომელიც მოიჯარე შპს „ს-----------–--------------“ გადაეცა (ტომი I, ს.ფ. 23-33).
7. 2013 წლის 15 ნოემბერს მ------ წ----–-–---–ს, გ----------------–-–---–სა და ნ----------------- შორის ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც მჩუქებლებმა მ------ წ----–-–---–მა და გ----------------–-–---–მა დასაჩუქრებულ - ნ-----------------ს, მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. 6-----------) 1/3 ნაწილი, კერძოდ, უძრავი ქონება: მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 446.00 კვ.მ. ასევე, ობიექტი N1 (საოპერატორო) ობიექტი N2 (ავზების სათავსო), ობიექტი N3 (საწვავის ჩასასხმელი სვეტები) ობიექტი N4 (საპირფარეშო), აჩუქეს, რომელიც დაბა ასპინძაში, ვ-------------ზე მდებარეობდა.
მ------ წ----–-–---–-ს საკუთრებაში უძრავი ქონების 1/3 ნაწილი, ხოლო გ----------------–-–---–-ს საკუთრებაში უძრავი ქონების 1/3 ნაწილი დარჩა (ტომი I, ს.ფ. 34-38).
8. 2015 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით, უძრავი ქონება ს/კ 6-----------, საკუთრების უფლებით მ------ წ----–-–---–-ს (1/3 წილი), გ----------------–-–---–-სა (1/3 წილი) და ნ-------- ზ-----ის (1/3 წილი) სახელზე იყო აღრიცხული (ტომი I, ს.ფ. 38).
9. 2015 წლის 13 აგვისტოს შეთანხმებით, ვინაიდან იჯარის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მეიჯარეთა მიერ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1/3 წილის ნ-------- ზ-----ისათვის გადაცემა მოხდა, 2013 წლის 05 ივლისის იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილება განხორციელდა. შესაბამისად, მეიჯარედ მ------ წ----–-–---–თან და გ----------------–-–---–თან ერთად ნ-----------------ც მიეთითა.
ამავე შეთანხმებით დადგინდა, რომ ყოველთვიური საიჯარო ქირის გადანაწილება მეიჯარეთა წილების პროპორციულად მოხდებოდა, კერძოდ, ქირის ოდენობის 1/3 ნაწილი - თითოეულ მეიჯარეს უნდა მიეღო (ტომი I, ს.ფ. 38, 173).
10. მ------ წ----–-–---–მა და გ----------------–-–---–მა 2017 წლის 25 სექტემბერს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ე--------“ დააფუძნეს, საწარმოს დირექტორად მ------ წ----–-–---–- დაინიშნა. საზოგადოებაში პარტნიორების წილები შემდეგნაირად განისაზღვრა: მ------ წ----–-–---–- - 50%, გ----------------–-–---–- 50% (ტომი I, ს.ფ. 43-44).
11. შპს „ე---------“ პარტნიორებმა ნ-----------------ს საწარმოში გაერთიანება, კერძოდ, პარტნიორობა და ქონების საზოგადოებისათვის გადაცემა შესთავაზეს. ნ-----------------მ შპს „ე--------ში“ გაერთიანებასა და საზოგადოებისათვის ქონების გადაცემაზე უარი განაცხადა (ტომი I, ს.ფ. 46-53).
12. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ აპელანტებისთვის მოპასუხის მიერ დიდი უმადურობის გამოჩენისა და მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რაც შესაძლებელია მხარეთა შორის გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი გამხდარიყო, არ დასტურდება.
განსახილველი დავისთვის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებისა და მართებული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის უმნიშვნელოვანესია იმ ფაქტის დადგენა, თუ მხარეებს ერთმანეთთან რა სამართლებრივი ურთიერთობა აკავშირებდათ. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება სასამართლოს კომპეტენციაში შედის და მხარის მიერ არასწორი საფუძვლის მითითება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლება გახდეს. აღნიშნულს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე და 185-ე მუხლების შინაარსიც ადასტურებს, რომელთა ანალიზიც ცხადყოფს, რომ საპროცესო კანონმდებლობა მხარეს არ ავალდებულებს მიუთითოს დავის სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული არ წარმოადგენს ხარვეზის დადგენის საფუძველს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სამართლებრივი საფუძველი სასამართლომ და არა მხარემ უნდა განსაზღვროს.
ამასთან, პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში/სარჩელში გადმოცემული განმარტებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს, ანუ აპელანტი მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მატერიალური ნორმის შემადგენელ ელემენტებზე მიუთითებს. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის დავის არსის მოკლე მიმოხილვაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხემ დიდი უმადურობა გამოიჩინა, რაც დაპირებული ქმედებების შეუსრულებლობაში გამოიხატა, კერძოდ, მან შპს „ე---------“ გაფართოება და მოგების გაზრდა შეაფერხა. ასევე, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა, რომ უმადურობა, არა მხოლოდ რაიმე კონკრეტული ქმედებაში, არამედ დასაჩუქრებულის მიერ გამოვლენილ არამართლზომიერ ქმედებაშიც შეიძლებოდა გამოვლენილიყო, როგორიცაა, მაგალითად, მჩუქებლისთვის განზრახ მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის მიყენება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.
ამავე კოდექსის 525-ე მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში.
სააპელაციო პალატა მოსარჩელის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 530-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი წანამძღვრების განხორციელების გამო, ჩუქების ხელშეკრულებას ბათილად მიიჩნევდა და სწორედ ამ მოტივით მოითხოვდა სასამართლოს მიერ მის ბათილად ცნობას.
იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობაა მოთხოვნილი, სასამართლოს კვლევის საგანში შემავალ გარემოებას ნორმის დისპოზიციით განსაზღვრული წინაპირობების დადგენა წარმოადგენს, კერძოდ, სასამართლომ უნდა დაადგინოს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ნამდვილად ჰქონდა, თუ არა, ადგილი დასაჩუქრებულის მხრიდან დიდი უმადურობის გამოვლინებას ან დამსაჩუქრებლისთვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენებას ან/და გამჩუქებელი მართლაც ხომ არ ჩავარდა ისეთ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, რაც მას ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლებას აძლევდა. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს განმარტოს, რომ ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის წინაპირობების დადგენა შეფასებითი კატეგორიაა, შესაბამისად მაშინაც კი, თუ საქმეში ხსენებული მოპყრობის შესახებ პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს, მათი დადგენა შესაძლებელია საქმეში არსებულ მასალათა სრული და ობიექტური გამოკვლევისა და არაპირდაპირი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების მხედველობაში მიღების გზით.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მსგავსი კატეგორიის დავებში მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა, კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.
13. სააპელაციო სასამართლო საკვლევ გარემოებას მიკუთვნებული ფაქტების დადგენის მიზნით, ყურადღებას საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ რელევანტურ და განკუთვნად მტკიცებულებებს მიაპყრობს, რომელთაგან ერთ-ერთს მხარეთა მიმოწერა წარმოადგენს. ერთ-ერთი წერილიდან, რომელიც მოსარჩელეების მიერ მოპასუხისთვისაა გაგზავნილი და რომლიდანაც მისი გაგზავნის თარიღი არ დგინდება, ირკვევა, რომ მოსარჩელეებმა ბენზინგასამართი სადგურის გაფართოებისა და ბიზნესის გამარტივებისთვის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ე--------“ დააფუძნეს და მათი ქონების კაპიტალი აღნიშნულ საწარმოს გადასცეს, ამ წერილით მოსარჩელეები იგივე ქმედების განხორციელებისკენ მოუწოდებენ მოპასუხეს. ასევე, მოსარჩელეები მიმოიხილავენ მხარეთა შორის 1999 წლიდან არსებულ ურთიერთობას, რომელიც იმ ფინანსური სიძნელეების ქრონოლოგიურ ჩამონათვალს შეიცავს, რომლებიც მოსარჩელეთა აზრით, საქმიანობის პერიოდში გადახდათ. ამავე წერილში საუბარია „ს----------------–------------------ და მოსარჩელეებს შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებზე, საიდანაც მათ 85 000 აშშ დოლარი უნდა მიეღოთ, თუმცა წერილში მოსარჩელეები, მოლაპარაკებების ჩაშლის „ცნობილ“ მიზეზებზე არ საუბრობენ. ამავე წერილში მოსარჩელეები უთითებენ მოპასუხის მიერ გადასახდელ საიჯარო თანხის დავალიანებაზე, მათ შორის გადანაწილებულ მოგების წილზე, მოპასუხის მიერ ვალად გაცემულ და მიღებულ თანხებს შორის არსებულ სხვაობაზე და სხვა. საბოლოოდ, წერილით, მოსარჩელეები მოპასუხეს, კვლავ, სთავაზობენ გახდეს მათ მიერ დაარსებული საწარმოს წევრი და ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემული ქონება საწარმოს კაპიტალში შეიტანოს. აღნიშნული წერილის საპასუხოდ, 2018 წლის 16 თებერვალს, მოპასუხე ნ-----------------მ მოსარჩელეებს წერილი გაუგზავნა, საიდანაც ირკვევა, რომ მიღებულ კორესპონდენციაში მოყვანილ არცერთ ფაქტსა და შეთავაზებას იგი არ ეთანხმება. ამავე წერილით მოპასუხე განმარტავს, რომ საჭიროა არსებობდეს საწარმოს შექმნის გეგმა, დებულება და ფინანსები. ასევე განმარტავს, რომ სადავოდ გამხდარი ფართი 2020 წლამდე „პ--------–----------------“ ეკუთვნის და მათი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, მოსარჩელეები მისი განკარგვის შესაძლებლობას მოკლებულნი არიან. ამასთან, მოპასუხე აცხადებს, რომ წერილში მოყვანილ თითოეულ დანახარჯთან დაკავშირებით კვლავაც ითხოვს ინფორმაციას, რომელიც მისი მოთხოვნის მიუხედავად, მოსარჩელეებს არ გადაუციათ. ასევე, ამავე დოკუმენტში მოპასუხე მხარე არ ეთანხმება მოსარჩელეებისთვის სესხად გაცემულ და მის მიერ მიღებული თანხების კალკულაციას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა მას 17 000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი მიაყენეს. ამასთან, მოპასუხე გარკვეულ ეჭვებს და მწუხარებას გამოთქვამს მოსარჩელეთა მიერ მის დაუკითხავად საერთო ქონების გასხვისებისა და მისთვის შესაბამისი თანხის გადაუცემლობის გამო.
სააპელაციო პალატა ხსენებული წერილობითი მტკიცებულების კვლევის შემდეგ, მიდის დასკვნამდე, რომ მოპასუხის მიერ გაგზავნილი წერილი შედგენილია ზრდილობიანი და კულტურული ენით, მასში მოსარჩელეთა შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია/ფაქტები მოყვანილი არ არის. რაც შეეხება მის შინაარსს, თვალსაჩინოა, რომ მოდავე მხარეთა შორის, ბიზნეს საქმიანობის შედეგად გარკვეული ფინანსური გაუგებრობები არსებობს, თუმცა, მოპასუხის მიერ საწარმოში გაწევრიანებასა და მის კაპიტალში ქონების შეტანის შეთავაზებაზე უარის გაცხადება, რა თქმა უნდა, უმადურობად ან/და მძიმე შეურაცხყოფის მიყენებად ვერ ჩაითვლება. იგივე დასკვნის გაკეთება შეიძლება მოპასუხის მიერ გამოთქმულ გარკვეულწილად ბრალდებების შემცველ ეჭვებზეც, მიუხედავად მისი მორალურად მძიმე ხასიათისა, ბრალდებები ქონების გახარჯვისა და ფინანსური დოკუმენტაციის არარსებობის შესახებ, ცივილური ტერმინოლოგიითაა ჩამოყალიბებული და მას სასამართლო მოსარჩელეთათვის მიყენებულ მძიმე შეურაცხყოფად ვერ შეაფასებს, მით უფრო კი, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული გამონათქვამებით მიყენებული ზიანის შესახებ მოსარჩელე არ აპელირებს.
სააპელაციო პალატა მოსარჩელეთა მიერ შედგენილ წერილს (ტომი I, ს.ფ. 167), ყურადღებას არ მიაქცევს და მის შინაარსობრივ კვლევას არ შეუდგება, ვინაიდან საქმის მასალებში მის საპასუხოდ მოპასუხის მიერ გაგზავნილი კორესპონდენცია არ მოიძებნება, დავის არსის სპეციფიკიდან გამომდინარე კი, მოსარჩელეების მიერ გაგზავნილი წერილით მოპასუხის უმადურობისა და მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის დადასტურება შეუძლებელია.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ს---–----------–------ის ჩვენებას, პალატის მოსაზრებით, იგი ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიზნებისთვის რელევანტურ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. მოწმემ დაადასტურა, რომ მას სმენია მოდავე მხარეთა შორის მოგების წილისა და ფინანსური სახსრების განაწილებაზე გაუგებრობის არსებობის თაობაზე, ასევე, მისივე განმარტებით, მოსარჩელემ მას ორჯერ დაუტოვა თანხა მოპასუხისთვის გადასაცემად. მოწმისთვის ასევე, ცნობილია რომ ნ--------ი ბენზინგასამართი სადგურის მეწილეს წარმოადგენდა.
ამასთანავე, იგივე შეიძლება ითქვას მოწმე რ---–------------------ მიერ მიცემული ჩვენების განკუთვნადობის თაობაზეც. მოწმის ჩვენება მოპასუხის მიერ მოსარჩელეებისთვის უმადურობისა და მძიმე შეურაცხყოფის შესახებ რაიმე მითითებას არ შეიცავს. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მან დაადასტურა, ფაქტი მასზედ, რომ მოპასუხეს მოსარჩელეებმა უძრავი ქონება ვალის სანაცვლოდ გადასცეს, მანვე განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მას მოპასუხისგან, როგორ მისი მეგობრისგან გააჩნდა, რაც მისი სარწმუნო ინფორმაციად მიჩნევის საფუძვლებს არ ქმნის, რაც მოწმის ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველია.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ შეიცავს მოპასუხის მიერ იმგვარი ქმედების განხორციელების დამადასტურებელ ინფორმაციას, რომელსაც სამართლებრივი შეფასების შემდგომ სასამართლო უმადურობად ან/და მძიმე შეურაცხყოფის მიყენებად მიიჩნევდა, გარდა ამისა, საქმეში არსებული მტკიცებულებებით მოსარჩელეთა ფინანსური მდგომარეობის იმგვარი გაუარესება, რომელიც მათ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის უფლებას წარმოუშობდა არ იკვეთება. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ანუ სამოქალაქო კოდექსის 529-ე და 530-ე მუხლებში მითითებულ დისპოზიციაში განმტკიცებულ ელემენტებს არ შეესაბამება და სარჩელში დაყენებული მოთხოვნა მოსარჩელეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან არც შინაარსობრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით არ გამომდინარეობს.
14. სააპელაციო პალატა მხარეებს განუმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა, სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც მათ სრულ და ობიექტურ განხილვას უნდა ემყარებოდეს, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამათლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები მოპასუხის სასარგებლოდ დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ. მსგავს სიტუაციაში მათ ეკისრება ვალდებულება სასამართლოს წინაშე სარწმუნოდ ამტკიცონ დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება ან/და დიდი უმადურობის გამოვლინება. საქმის მასალებში ამგვარი მოქმედებების ამსახველი არცერთი მტკიცებულება არ მოიპოვება. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოსარჩელეებმა ვერც იმ გარემოების დადასტურება შეძლეს, რომ ჩუქების ხელშეკრულება რაიმე პირობით მაგ. ქონების საწარმოს კაპიტალში შეტანის პირობით, დადეს, რომელი პირობის შეუსრულებლობაც მოსარჩელეთა მხრიდან შესაძლებელია უმადურობად ყოფილიყო აღქმული. შესაბამისად, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელეებმა მათზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლიეს, ამასთან პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტები მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებს, ვინაიდან მოყვანილი ფაქტები სამართლებრივად ჩუქების ხელშეკრულების უმადურობის ან/და შეურაცხყოფის მიყენების მოტივით გაუქმებას საფუძვლად ვერ დაედება და მისი იურიდიული შემადგენლობიდან არ გამომდინარეობს.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმაც იგულისხმება. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 1091 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ------ წ----–-–---–-სა და გ----------------–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტების მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი
მოსამართლეები თამარ ალანია
თამარ ზამბახიძე