განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140310017002208942
საქმე №3ბ/888-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ს------------–---
აპელანტი (მოპასუხე) - ი-–------–----
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
ნაწილობრივ გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება და ი-–------–----ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით სულ დაეკისროს 1 500 ლარის გადახდა (იხ. სააპელაციო საჩივარი, 2020 წლის 24 იანვრის სასამართლოს სხდომის ოქმი).
ი-–------–----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ი-–------–----ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისრა 1 000 (ათასი) ლარი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ი-–------–----სთვის პირგასამტეხლოს სახით სარჩელით მოთხოვნილი 28 000 ლარიდან 27 000 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ი-–------–---- სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” რექტორის 2016 წლის 7 სექტემბრის ბრძანებით ჩაირიცხა საბაკალავრო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელად 2016 წლის 11 სექტემბრიდან და აყვანილი იქნა ყველა სახის კმაყოფაზე.
სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” მსმენელი ი-–------–---- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში 2016 წლის 11 სექტემბრიდან და მასთან გაფორმდა კონტრაქტი.
კონტრაქტის მე-6 მუხლის 6.1.3. და 6.1.5. ქვეპუნქტების თანახმად, სამინისტროს ინიციატივით მოსამსახურის წინასწარი ინფორმირების გარეშე მასთან კონტრაქტი ცალმხრივად შეიძლება შეწყდეს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გაუვლელობისა და მოსამსახურის მისი ბრალით სასწავლებლიდან გარიცხვის (მათ შორის დისციპლინური ან აკადემიური საფუძვლით) შემთხვევაში.
იმავე მუხლის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება.
ი-–------–----მ 2017 წლის 26-29 ივნისს საცეცხლე მომზადების ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოს შესრულებაში მიიღო უარყოფითი შეფასება, ხოლო 2017 წლის 20-21 ივლისს გადაბარებისას კვლავ აჩვენა არადამაკმაყოფილებელი შედეგი, რის გამოც ,,აკადემიის” აკადემიურმა საბჭომ დაადგინა მისთვის იუნკერის სტატუსის შეწყვეტა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 აგვისტოს ბრძანებით აკადემიური მოუსწრებლობისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 1-ლი კურსის იუნკერი ი-–------–---- დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან.
4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება, წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.
დავის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას” და, მეორე მხრივ, მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი” ხელშეკრულებიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ანაზღაურება. ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა იუნკერებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, უნდა გაირკვეს, დაარღვია თუ არა ი-–------–----მ მასთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.
დადგენილია, რომ ი-–------–----მ 2017 წლის 26-29 ივნისში საცეცხლე მომზადების ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოს შესრულებაში მიიღო უარყოფითი შეფასება, ხოლო 2017 წლის 20-21 ივლისს გადაბარებისას კვლავ აჩვენა არადამაკმაყოფილებელი შედეგი, რის გამოც ,,აკადემიის” აკადემიურმა საბჭომ დაადგინა მისთვის იუნკერის სტატუსის შეწყვეტა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით აკადემიური მოუსწრებლობისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 1-ლი კურსის იუნკერი ი-–------–---- დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან.
ეს აქტები მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა. ამასთან, მას არ წარმოუდგენია დადგენილებასა და ბრძანებაში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მითითებული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე, და ი-–------–----სთან კონტრაქტი სწორედ ამ აქტებითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლის მითითებით.
სასამართლომ ასევე აღინიშნა, მოპასუხე ,,აკადემიიდან” გაირიცხა და მასთან კონტრაქტი შეწყდა 1-ლი სასწავლო წლის დასკვნით პირველად გამოცდაზე და გადაბარების შემდეგაც საცეცხლე მომზადების ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოს შესრულებაში არადამაკმაყოფილებელი შეფასების გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.5. ქვეპუნქტის საფუძველზე (მოსამსახურის სასწავლებლიდან მისი ბრალით - აკადემიური საფუძვლით გარიცხვის გამო).
კონტრაქტის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.5 პუნქტით განსაზღვრული იმ საფუძვლით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) გადახდის ვალდებულება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ,,აკადემიიდან” გაირიცხა და მასთან კონტრაქტი შეწყდა შესაბამისი სასწავლო წლის დასკვნით პირველად გამოცდაზე და გადაბარების შემდეგაც არადამაკმაყოფილებელი შეფასების გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.5 ქვეპუნქტის საფუძველზე, ეს იძლევა ჯარიმის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს.
პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით კი სასამართლომ განმარტა შემდეგი:
პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.
იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 28 000 ლარი - იყო შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვდა მისი გონივრული შესაბამისობის დადგენას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის კანონიერი ინტერსები.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ კონტრაქტით 28 000 ლარი ჯარიმა, ანუ ერთნაირი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლის შინაარსის მიუხედავად, შეწყვეტის 6.2 ქვეპუნქტში აღნიშნული ნებისმიერი მიზეზის არსებობისას.
კონტრაქტის მიხედვით, 28 000 ლარი ერთნაირად ეკისრება სამხედრო მოსამსახურეს, რომელთანაც კონტრაქტი წყდება, მაგალითად, იმისათვის, თუ მოსამსახურეს წარმოეშვა და გამოიყენა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება, განთავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან (6.1.1 ქვეპუნქტი) და იმ შემთხვევაშიც, თუ, მაგალითად, მოსამსახურის მიმართ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ძალაში შევიდა სასამართლოს ისეთი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (6.1.6 ქვეპუნქტი).
მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კონტრაქტით ერთნაირად ეკისრება პირგასამტეხლო ,,აკადემიის” სამხედრო მოსამსახურეს (იუნკერს), რომელთანაც კონტრაქტი ბრალის სიმძიმისა და ხარისხის მიხედვით განსხვავებული საფუძვლებით შეიძლება შეწყდეს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არ არის, და ,,დაწესებულია” მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით.
სასამართლომ ასევე აღინიშნა, მითითებული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რაც გულისხმობს სამხედრო მოსამსახურის ადმინისტრაციულ ორგანოსთან ვერტიკალურ დაქვემდებარებაში ყოფნას, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითადად უფლებები, ხოლო სამხედრო მოსამსახურის - ძირითადად ვალდებულებები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარ პირობებში ჯარიმის 28 000 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს, და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე.
სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მოცემულ შემთხვევაში, კონტრაქტის შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძვლის მხედველობაში მიღებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო, რის გამოც პირგასამტეხლოს თანხა უნდა შემცირებულიყო გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმეზე დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ 1. კონტრაქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული არ არის, და ,,დაწესებულია” მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეხედულებით და სურვილით; 2. მოპასუხე დათხოვნისას იყო მხოლოდ პირველი კურსის იუნკერი (18 წლის), სწავლობდა სულ 10 თვე, და შეუძლებელია, ამ პერიოდში სწავლის იმგვარი კურსი გაევლო, რაც საკმარისი იქნებოდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების პრაქტიკულ უნარ-ჩვევებთან (მათ შორის მიზანში სროლა).
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვრულიყო 1 000 ლარით, რითაც დაცული იქნებოდა როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები.
კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კონტრაქტის გაფორმების ძირითად საფუძვლად მიჩნეული უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ.
ამასთან, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს იმასაც, რომ, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას; კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად გულისხმობს იმას, რომ კონტრაჰენტმა მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინეტერესები.
საბოლოო ჯამში, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი, რომლის ოდენობაც უნდა განსაზღვრულიყო 1 000 ლარით.
პირგასამტეხლოს ამ ოდენობით განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნებული სახელმწიფოს თავდაცვის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობა, ასევე ამ პროცესში სამხედრო მოსამსახურეთა კანონიერი ინტერესები და უფლებები.
5. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
5.1. 2020 წლის 24 იანვარს, სასამართლოს სხდომაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მიუთითა შემდეგზე:
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 06 ივნისის #264 დადგენილებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის #728 და 2011 წლის 17 სექტემბრის #729 ბრძანებებით დამტკიცებული კონტრაქტების დარღვევისთვის განსაზღვრული საჯარიმო სანქცია შემცირდა. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 06 ივნისის #264 დადგენილებით ცვლილება შევიდა ,,სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის #238 დადგენილებაში, რომლის XIX თავს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი - ,,პირს, რომელსაც 2019 წლის 10 ივნისამდე ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით სასწავლებლად მისაღებ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის #728 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის ან ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის #729 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის დარღვევის გამო დაეკისრა (მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) 28 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ჯარიმის ოდენობა შეუმცირდეს: ა) 1 500 ლარამდე - I კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში.
ვინაიდან, ი-–------–---- დათხოვნის პერიოდისთვის წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სასაწავლო ბატალიონის I კურსის იუნკერს, კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 06 ივნისის #264 დადგენილების საფუძველზე, მას ეკისრება ვალდებულება სამინისტროს აუნაზღაუროს პირგასამტეხლო - 1 500 ლარი.
5.2. ი-–------–----ს მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მითითებულია შემდეგი:
როგორც თავად მოსარჩელე აღნიშნავს და ხელშეკრულებაშიც აღნიშნულია, მოპასუხე ი-–------–---- აყვანილ იქნა ეროვნული თავდაცვის აკადემიის კმაყოფაზე. ი-–------–---- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იმყოფებოდა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, სადაც ეუფლებოდა ყველა იმ საგანს, რაც პროგრამით იყო გაწერილი (სწავლის რეიტინგის მიხედვით იყო მეორე კატეგორიაში). ასევე პერიოდულად ვარჯიშობდა, იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა შესაბამისი ფიზიკური მდგომარეობა და მაქსიმუმით დადგენილი 300 ქულიდან მას ჰქონდა 300 ქულა. რაც შეეხება დისციპლინის მხრივ ქულების მდგომარეობას, ი-–------–----ს აკადემიის მიერ დადგენილი 100 ქულიდან დაკლებული ჰქონდა მხოლოდ 10 ქულა და აკადემიიდან გარიცხვის პერიოდში მას ჰქონდა 90 ქულა. აღნიშნული მიუთითებს, რომ ი-–------–----ს არ ჰქონდა შესაბამისი გარემო სროლის სრულყოფილად შესასწავლად, რაც თავდაცვის აკადემიის ვალდებულებას წარმოადგენდა. აკადემიის რეჟიმიდან გამომდინარე, სწორედ აკადემიას უნდა შეექმნა ყველა პირობა, რათა ი-–------–----ს შეესწავლა სროლის წესები.
სასამართლომ არ გაიზიარა ის ფაქტი, რომ ი-–------–----ს ჩარიცხვისა და ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის, პირველი სემესტრის დასრულებამდე, სროლის ჩაუბარებლობა არ წარმოადგენდა იუნკერის გარიცხვის საფუძველს. მეორე სემესტრში თავდაცვის აკადემიის მიერ შეტანილ იქნა რეგულაციაში ცვლილება (უფრო გამკაცრდა აღნიშნული საკითხი), მიუხედავად იმისა, რომ არ იქნა დამატებული სწავლის საათების და იუნკერის იარაღთან შემხებლობის სიხშირე.
ის ფაქტი, რომ სროლაში ჩაუბარებლობის გამო იუნკერის სტატუსი შეუწყდა 14 იუნკერს ადასტურებს, რომ ისინი ვერ იღებდნენ სათანადო განათლებას ამ მიმართულებით.
ი-–------–---- ხელშეკრულების შეწყვეტისას იყო პირველი კურსის იუნკერი, სწავლობა 10 თვე და შეუძლებელია ამ პერიოდში სწავლის იმგვარი კურსი გაევლო, რაც საკმარისი იქნებოდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სრულყოფილად შესასწავლად. ამდენად, ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტა ი-–------–----ს ბრალით არ მომხდარა, მას არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა.
2020 წლის 24 იანვარს, სასამართლოს სხდომაზე აპელატმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და პირგასამტეხლოს სახით სიმბოლური თანხის განსაზღვრა მოითხოვა.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით. ამავე ნაწილის ,,გ'' ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთებას. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ცალკეულ შეფასებას საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მასზე მითითებით.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ი-–------–----ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება და გაუქმებულ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგს:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით ი-–------–---- გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში 2016 წლის 11 სექტემბრიდან და მასთან გაფორმდა კონტრაქტი.
2016 წლის 11 სექტემბრის კონტრაქტის მე-6 მუხლის 6.1.3 და 6.1.5 ქვეპუნქტების თანახმად, სამინისტროს ინიციატივით მოსამსახურის წინასწარი ინფორმირების გარეშე მასთან კონტრაქტი ცალმხრივად შეიძლება შეწყდეს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გაუვლელობისა და მოსამსახურის ბრალით სასწავლებლიდან გარიცხვის (მათ შორის დისციპლინური ან აკადემიური საფუძვლით) შემთხვევაში.
იმავე მუხლის 6.2. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება.
მხარეები არ დაობენ იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 26-29 ივნისს საცეცხლე მომზადების ,,ჩასათვლელი (ალტერნატიული საკვალიფიკაციო) სროლის სავარჯიშოს'' შესრულებაში ი-–------–----მ მიიღო უარყოფითი შეფასება, ხოლო 2017 წლის 20-21 ივლისს გადაბარებისას კვლავ აჩვენა არადამაკმაყოფილებელი შედეგი, რის გამოც სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ი-–------–----სთვის იუნკერის სტატუსის შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 აგვისტოს ბრძანებით აკადემიური მოუსწრებლობის და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო პირველი კურსის იუნკერი ი-–------–---- დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან.
ამდენად, უდავოა ის გარემოება, რომ ი-–------–----მ ვერ ჩააბარა გამოცდა ერთ-ერთ საგანში. შესაბამისად, სახეზე იყო აკადემიური საფუძვლით მასთან გაფორმებული კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტის წინაპირობა. აღნიშნული კი თავის მხრივ, კონტრაქტის 6.2. პუნქტის თანახმად, წარმოადგენდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
აღსანიშნავია ასევე, რომ ი-–------–----ს არ გაუსაჩივრებია სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის გადაწყვეტილება მისთვის იუნკერის სტატუსის შეწყვეტის შესახებ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება მისი საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. მითითებული აქტებს კი, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, საფუძვლად დაედო ი-–------–----ს უარყოფითი აკადემიური მოსწრება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ი-–------–----ს მითითებას, რომ სროლაში გამოცდის ჩაუბარებლობა გამოწვეული იყო აკადემიის მიერ მისი არასათანადო მომზადებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ ი-–------–----ს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობა, როგორც აღინიშნა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 06 ივნისის #264 დადგენილების შესაბამისად, მოითხოვა ი-–------–----სთვის პირგასამტეხლოს სახით სულ 1 500 ლარის დაკისრება.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მისი განხილვის საგანია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება კი, უნდა შემოწმდეს მისი გამოტანის დროისთვის არსებულ ნორმატიულ აქტებთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის #264 დადგენილება მიღებული იქნა 2019 წლის 06 ივნისს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. ამდენად, მითითებული დადგენილება არ მოქმედებდა არც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის და მით უფრო, მხარეთა შორის ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების დროისთვის. გარდა ამისა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მხარეთა შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება, სააპელაციო პალატა თვლის, რომ სათანადო წინაპირობების არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა მოიხმობს საკასაციო სასამართლოს განმარტებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლთან მიმართებაში. საკასაციო სასამართლო მიუთითებს: ,,სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისთვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს “შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს არამარტო მის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან'' (იხ. საქმე ბს-740-734(2კ-11)).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია ი-–------–----ს მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის ფაქტი, რაც ამავე კონტრაქტის 6.2 პუნქტის მიხედვით, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების სახის და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, როგორც კონტრაქტით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა, ასევე აპელანტის მიერ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და ექვემდებარება შემცირებას.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-880-876(კ-17), სადაც საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ,,კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.. პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა''.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოცდის ჩაუბარებლობის გამო კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტა და პირგასამტეხლოს სახის თუნდაც 1 500 ლარის დაკისრება არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. ამდენად, სახეზეა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა და შესაბამისად, მისი შემცირების წინაპირობები. ამასთან, სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებს დარღვეული ვალდებულების ხასიათს, ვალდებულების დარღვევით გამოწვეულ შედეგებს, მხარის ქონებრივ მდგომარეობას და მიაჩნია, რომ ი-–------–----ს მიერ პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი თანხა უნდა განისაზღვროს 500 ლარით.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ი-–------–----ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება ი-–------–----სთვის პირგასამტეხლოს სახით 1 000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ი-–------–----ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს 500 ლარის გადახდა.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავადაცვის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ი-–------–----ს მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 150 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ი-–------–---- ასაჩივრებდა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებას მისთვის პირგასამტეხლოს სახით 1000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. როგორც ზემოთ აღინიშნა, ი-–------–----ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მას პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 500 ლარის გადახდა (დაკმაყოფილდა ი-–------–----ს მოთხოვნის 50%). შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ი-–------–----ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 150 ლარის 50%-ს, 75 ლარის გადახდა ი-–------–----ს მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ი-–------–----სთვის დაკისრებულ სახელმწიფო ბაჟს, ამ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან ი-–------–----ს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 500 ლარის გადახდა, რომლის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის თანხა შეადგენს 100 ლარს (თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტისა).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ი-–------–----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება მოპასუხე ი-–------–----სთვის პირგასამტეხლოს სახით 1 000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
5. მოპასუხე ი-–------–----ს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 500 ლარის გადახდა;
6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ი-–------–----ს სასარგებლოდ დაეკისროს 75 ლარის გადახდა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
7. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, (მდებარე - ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. #6) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა).
მოსამართლე ლევან მურუსიძე