განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.12.2019
საქმის ნომერი
080310019003153995
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
17.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310019003153995 (3/ბ-454-2019წ.)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

17 დეკემბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)

მურთაზ მეშველიანი, ნანა კალანდაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) – დ----- შ------ე (პ/ნ 0----------)

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

 

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და დ----- შ------ის სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2019 წლის 20 აგვისტოს დ----- შ------ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის სახელფასო დავალიანების 608,76 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

თავის სასარჩელო მოთხოვნას დ----- შ------ე იმ გარემოებაზე ამყარებდა, რომ მუშაობდა ბაღდათის საგადასახადო ინსპექციაში, საიდანაც მიუღებელი აქვს 1999-2000 წლების სახელფასო დავალიანება, რაც სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით შეადგენს 608,76 ლარს. მოსარჩელის განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (1997 წლის 01 დეკემბრიდან ამოქმედებული რედაქცია), ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან - გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), ხოლო ამ მუხლის პირველ პუნქტში, 1998 წლის 20 თებერვლის N1248-II საქართველოს კანონით შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების მიხედვით, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. ამავე კანონში 2005 წლის 23 დეკემბრის N2470-რს კანონით შეტანილი დამატებებისა და ცვლილებების შედეგად, 37-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.

 

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო ის გარემოება, რომ ამჟამად მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი მსგავს ჩანაწერს არ ითვალისწინებს, _ არ შეიძლება გახდეს მოსარჩელის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან ახალი კანონით გაუარესდა პირთა მდგომარეობა - მოითხოვონ წარსული პერიოდის დავალიანების ანაზღაურება, ხოლო „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ასეთ კანონს უკუძალა ვერ მიენიჭება.

 

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას, მოსარჩელემ განმარტა, რომ მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით კანონმდებელმა სამოქალაქო უფლებების დაცვა გარკვეული ვადებით შეზღუდა, მაგრამ იმ პირობებში, როცა არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს ცნობა დავალიანების არსებობის შესახებ, რითაც მოხდა ვალდებულების აღიარება, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილად ითვლება და მოვალეს უფლება არ აქვს უარი განაცხადოს შესრულებაზე.

 

მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა 2019 წლის 20 აგვისტოს, სახელფასო დავალიანება კი წარმოიშვა 1999-2000 წლებში, შესაბამისად, ამ პერიოდიდან იგი გახდა კრედიტორი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილი იყო მოეთხოვა მოვალისათვის ვალდებულების შესრულება.

 

მოპასუხემ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-130-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სახელფასო დავალიანების შემთხვევაში, მიუღებელი ხელფასის მოთხოვნის უფლება პირს წარმოეშობა იმ მომენტიდან, როცა უნდა მიეღო ხელფასი და არ მიიღო, ე.ი. თითოეული თვის ხელფასის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ თვის ბოლო რიცხვიდან, როდესაც პირს უნდა მიეღო ხელფასი, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო იგი არ მიუღია. შესაბამისად, თითოეული თვის ხელფასის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე ეწინააღმდეგება კანონს, რადგან სარჩელი არ არის აღძრული კანონით დადგენილ ვადაში, რაც სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

 

მოპასუხის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა (სახელფასო დავალიანების შესახებ), წარმოადგენს ინფორმაციულ ხასიათის დოკუმენტს და არ ადასტურებს ვალის აღიარებას. იმისათვის, რომ ცნობა განხილული იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვალის აღიარებად, მასში პირდაპირ და ნათლად უნდა იყოს გამოხატული ორგანოს ნება ვალის გადახდის თაობაზე. ამასთან, იგი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ამავე ორგანოს მხრიდან ვალის გადახდის დაპირების ელემენტს. მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ცნობა არ შეიცავს ზემოთ აღნიშნულ არცერთ ელემენტს, მასში მხოლოდ დაფიქსირებულია მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული ინფორმაციული მონაცემები სახელფასო დავალიანების ოდენობის შესახებ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა დ----- შ------ის (პ/ნ 0----------) სარჩელის უარყოფა მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 და 129-ე მუხლის მე-2 ნაწილებით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ----- შ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ:

 

მოსარჩელე წარმოადგენდა შემოსავლების სამსახურის, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 ივლისის N2---------- წერილით, დ----- შ------ის 2019 წლის 19 ივნისის N1----------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ მის მიმართ 1999-2000 წლებში წარმოქმნილი დარიცხული სახელფასო დავალიანება შეადგენდა 608,76 ლარს (საშემოსავლო გადასახადი საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლი 38-ე ნაწილის თანახმად - 12%).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ. მოცემულ შემთხვევაში, დ----- შ------ის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრული იყო დასახელებული მუხლის საფუძველზე და მის მოთხოვნას შეადგენდა, მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ 1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება.

 

საქალაქო სასამართლოს აღნიშვნით, საქმის მასალებით დადგენილი იყო ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად ის წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა ყოფილიყო საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება, ხოლო, მე-3 პუნქტი ადგენს, რომ მოხელის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, საკლასო დანამატს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს.

 

სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმა მიუთითებს, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება (ხელფასი), რაც თავისთავად გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერ ვალდებულებას გასცეს ხელფასი. ამდენად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა და სწორედ ამ კანონის 57-ე მუხლით ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება გასცეს ხელფასი მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განისაზღვრა, რომ მოხელეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოხელის თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლი კი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, მოსარჩელის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა, აღნიშნული ვადა კი ათვლილი უნდა იქნეს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან.

 

სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვალის აღიარების არსებობის თაობაზე მოსარჩელის მოსაზრება და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარება მოითხოვს ამ ფორმას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.

 

სასამართლოს განმარტებით, ვალის აღიარება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კერძოდ, კონსტიტუციური ან დეკლარაციული ხასიათის. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლისთვისაც, სავალდებულოა მარტივი ან რთული წერილობითი ფორმის დაცვა. ვალის არსებობის აღიარებად ხელშეკრულების შეფასება, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით, ინდივიდუალურია და ერთმნიშვნელოვნად, ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ვალის არსებობის ხელშეკრულებით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და ასევე, კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარება წარმოადგენს ცალმხრივ ხელშეკრულებას, ვინაიდან ამ ხელშეკრულებით იმ პირს, ვინც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება. შესაბამისად, ვალის აღიარების ხელშეკრულებით, მოვალე არამხოლოდ უნდა ადასტურებდეს ვალის არსებობას, არამედ უნდა კისრულობდეს ვალდებულებას მის შესრულების თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 ივლისის N2---------- წერილის შინაარსის მიხედვით, არ იკითხებოდა მოპასუხის პოზიცია, რომელიც შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო ვალის აღიარებად ან/და ამ ვალის გადახდის დაპირებად, შესაბამისი თანხების არსებობისას. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დოკუმენტის შინაარსი არ განიმარტებოდა ვალდებულების აღიარებად, რაც მოსარჩელე დ----- შ------ის სასარგებლოდ იმოქმედებდა, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადებთან მიმართებაში, არამედ აღნიშნული წერილი მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული წერილი თავისი სამართლებრივი ბუნებით ვერ იქნებოდა მიჩნეული ვალის აღიარების ხელშეკრულებად.

 

სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის დებულებების გათვალისწინებით 1997 წლის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ურთიერთობაზე მოქმედების გავრცელების შესახებ და აღნიშნა, რომ 2017 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი და ამავდროულად ძალადაკარგულად გამოცხადდა მანამდე მოქმედი კანონი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფო ცალსახად განსაზღვრავდა საჯარო მოსამსახურეთა უფლებას მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელი იყო.

 

2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი აღარ ითვალისწინებს აღნიშნული დანაწესს და შესაბამისად, ეს რეგულაცია აღარ არსებობს. თავის მხრივ ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.

 

სასამართლოს მითითებით მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ დ----- შ------ეს 1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მიმართული ჰქონდა მოპასუხე მხარისათვის 2017 წლის 1 ივლისამდე. ის გარემოება, რომ, სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ, 2000 წლიდან 2019 წლამდე მას არ მიუმართავს ადმინისტრაციული ორგანოსათვის და სასამართლოსათვის დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, მოსარჩელემ ასევე, დაადასტურა საქმის განხილვის დროს. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უფლების რეალიზაცია განახორციელა 2019 წლის 19 ივნისის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე დ----- შ------ის მიმართ უნდა გავრცელებულიყო 2017 წლის 1 ივლისის შემდეგ მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ დ----- შ------ის სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ ხანდაზმული იყო, რის გამოც მოსარჩელეს უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ----- შ------ემ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს. სწორედ აღნიშნულინკანონის 37-ე მული წარმოადგენს იმ მავალდებულებელ სამართლებრივ საფუძველს, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს გასცეს შრომითი გასამრჯელო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი და საბიუჯეტო ასიგენებათა შემცირება არ შეიძლება წარმოადგენდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს დაფინანსების შემცირების საფუძველს. კოდექსის 1341 მუხლის თანახმად განსაზღვრული იყო, რომ საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფო ცალსახად განსაზღვრავდა საჯარო მოსამსახურეთა უფლებას მიუღებელ ხელფასზე. აქედან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ დღეს მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი მსგავს ჩანაწერს არ შეიცავდა, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების სამსართლებრივი საფუძველი, _ უკანონოა.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ 2017 წლის 01 ივლისიდან მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გაუარესდა მისი მდგომარეობა - მოითხოვოს წარსული პერიოდის დავალიანების ანაზღაურება, შესაბამისად, აღნიშნული კანონს არ შეიძლება მიენიჭოს უკუძალა, თანახმად „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა. ამასთან, აპელანტის აღნიშვნით, ახალ კანონში ასეთი დანაწესის გაუთვალისწინებლობა ვერ დააბრკოლებს მის უფლებას მოითხოვოს თანხის ანაზღაურება, ვინაიდან ამგვარი მიდგომა არღვევს კონსტიტუციურ პრინციპს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების თაობაზე.

 

აპელანტი ასევე არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას, რომ დავალიანების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს წერილი მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა და მიჩნეული ვერ იქნება ვალის აღიარებად, რადგან აღნიშნული წერილით ნათლად დასტურდება, რომ მოპასუხეს გააჩნია მოსარჩელისადმი სახელფასო დავალიანება, რაც ცალსახად ვალის აღიარებაა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით მიღებით უნდა დაკმაყოფილდეს დ----- შ------ის სარჩელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. იმავე კოდექსის 385.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 385.2 მუხლით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას განაპირობებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა ბაღდათის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელს.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 ივლისის N2---------- წერილით, დ----- შ------ეს მისი 2019 წლის 19 ივნისის N1----------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ დ----- შ------ის მიმართ 1999-2000 წლებში წარმოქმნილი დარიცხული სახელფასო დავალიანება შეადგენდა 608,76 ლარს (საშემოსავლო გადასახადი საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლი 38-ე ნაწილის თანახმად - 12%).

 

დ----- შ------ემ (პ/ნ 0----------) სარჩელით სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2019 წლის 20 აგვისტოს (სასამართლოს შტამპის მიხედვით).

 

პალატა პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბაღდათის საგადასახადო ინსპექცია, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე სადავო პერიოდში შედიოდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 05 მაისის N40 განკარგულების საფუძველზე დაიწყო საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სისტემური და ფუნქციონალური რეფორმირება. რეფორმის ფარგლებში, თავდაპირველად შეიქმნა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი, როგორც ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც წარმოადგენდა ცენტრალური აპარატისა და საგადასახადო ინსპექციებისაგან შემდგარ ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას და იგი უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს. რეფორმის შემდგომ ეტაპზე ჩამოყალიბდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავლი საქვეუწყებო დაწესებულება - შემოსავლების სამსახური, როგორც ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით. 2006 წლის 29 დეკემბრის №4254რს კანონის გარდამავალი დებულებების 22.1 მუხლით დადგინდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების წარმოებაში არსებული საქმეები ამ მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით უნდა გადასცემოდა შემოსავლების სამსახურს მისი შექმნისთანავე. 2010 წლის 23 თებერვლის № 2666–Iს კანონის გარდამავალი დებულებების შესაბამისად განისაზღვრა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური არა უგვიანეს 2010 წლის 1 აპრილისა რეორგანიზებულ უნდა იქნეს და ჩამოყალიბდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – შემოსავლების სამსახურად. ამავე კანონის, 15.2 მუხლის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფლებამონაცვლე.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში (1999-2000წწ.) მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (1997 წლის 31 ოქტომბერი №1022-Iს) 1.1 მუხლის მიხედვით, საჯარო სამსახური იყო საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე კანონის 2.2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო სამსახურად, წარმოადგენენ საქართველოს სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.

 

ამდენად, მითითებულ საკანონმდებლო აქტებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, შესაბამისად, სადავო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოქმედება, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახური წარმოადგენს ბაღდათის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლეს, რომელთანაც 1999-2000 წლებში შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოსარჩელე, შესაბამისად სსიპ შემოსავლების სამსახური წარმოადგენს მუშაკის სახელფასო ვალდებულების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

საქართველოს კონსტიტუცის 30-ე მუხლით (ამჟამად მოქმედი რედაქციის 26-ე მუხლი), “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-7 და “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” 23-ე მუხლით უზრუნველყოფილი და აღიარებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურების უფლება.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლი), რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დ----- ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით (ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლი) განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. იგი წარმოადგენს მთელი რიგი ქონებრივი ურთიერთობებისა და სხვაგვარი სამართლებრივი შედეგების წარმოშობის უმთავრეს წინაპირობას. ამასთან, საკუთრების უფლების დაცულობის უზრუნველყოფის საჭიროება არ არის ფორმალური და სწორედ აღნიშნული წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ქვაკუთხედს, რამდენადაც საკუთრების უფლების დაცვით მიღწეულ უფლების ქმედით რეალიზებაზეა დამოკიდებული საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ ადამიანის მთელ რიგ უფლებათა შემდგომი განხორციელება. საკუთრების უფლების გარანტირებულობა და მისი კონსტიტუციური მოწესრიგება განაპირობებს, მათ შორის, პირის შესაძლებლობას, საკუთარი სურვილის შესაბამისად, თავისუფალი ნების საფუძველზე განკარგოს და შეიძინოს ქონებრივი უფლებები. ქონებრივ უფლებათა განკარგვისა და შეძენის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ საშუალებას კი, თავის მხრივ, ხელშეკრულება წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის (ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლი) სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე, სახელმწიფო კისრულობს, ერთი მხრივ, პოზიტიურ ვალდებულებას, თავისუფალი შეთანხმებების აღსრულებისათვის სათანადო ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარანტიების შექმნის გზით უზრუნველყოს თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე ქონებრივ უფლებათა განკარგვის შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო ნეგატიური ვალდებულების ფარგლებში, ვალდებულია თავად არ ხელყოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლება.

 

სადავო პერიოდში მოქმედი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლის თანახმად, საჯარო მოხელეს ხელფასი ეძლეოდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, განსაზღვრული იყო საჯარო მოხელისათვის ხელფასის გაცემის პერიოდი, რაც მოიცავდა დროს _ სამსახურში მიღებიდან გათავისუფლებამდე. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, იყო რომ მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი, ხოლო საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება გახდეს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის №1022-Iს (ამოქმედდა 1997 წლის 01 დეკემბრიდან) კანონის 1341 მუხლზე, რომლის თანახმად, ,,2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს დაფარვის წესის შესაბამისად”. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს დავალიანების კანონისმიერ აღიარებას არსებული დავალიანების დაფარვაზე.

 

ზემოხსენებული ნორმის დანაწესზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იყო სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეთა უფლება, შესაბამისი საჯარო დაწესებულებებიდან მოეთხოვათ წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვა. ამდენად, მითითებული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს დავალიანების კანონისმიერ აღიარებას. თუმცა 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ანალოგიური შინაარსის შემცველ დანაწესს არ ითვალისწინებს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, მოსარჩელე დ----- შ------ის მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის აღნიშნული დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით 2017 წლის 1 ივლისის შემდგომ მიმართვა, წარმოშობს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან იმის შეფასების აუცილებლობას, გააჩნდათ თუ არა აღნიშნულ პირს ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების პირობებში აუნაზღაურებელი სახელფასო დავალიანების მოთხოვნის უფლება.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით განმტკიცებულია საკუთრების უფლება. მითითებული მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახდებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე კოპეცკი სლოვაკეთის წინააღმდეგ ((Kopecký v. Slovakia), No. 44912/98, 28.9.04 (დიდი პალატა)) გაკეთებულ განმარტებებზე, რომლებიც შემდგომ მეორდება სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალშიც (Centro Europa 7 S.r.l და დისტეფანო იტალიის წინააღმდეგ (Centro Europa 7 S.r.l and Di Stefano v. Italy), No. 38433/09, 07.06.2012, 73-ე პარაგრაფი), კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ „როდესაც საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ინტერესი მოთხოვნის ბუნებისაა, პირს, რომელსაც ის გააჩნია შესაძლოა მიჩნეულ იქნეს „ლეგიტიმური მოლოდინის“ მქონედ თუ აღნიშნული ინტერესის არსებობისთვის საკმარისი და სათანადო საფუძველი არსებობს ეროვნულ სამართალში, მაგალითად სადაც არსებობს ეროვნულ სასამართლოებში დამკვიდრებული პრაქტიკა/პრეცედენტული სამართალი, რომელიც აღნიშნულის არსებობას ადასტურებს... თუმცა, ვერანაირი ლეგიტიმური მოლოდინი ვერ წარმოიშვება, როდესაც დავა ეხება ეროვნული სამართლის მართებულ ინტერპრეტაციასა და გამოყენებას და მომჩივნის პოზიცია უარყოფილია ეროვნული სასამართლოების მიერ.“

 

„ლეგიტიმური მოლოდინის“ საკითხთან მიმართებით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მნიშვნელოვანი განმარტებები იქნა გაკეთებული საქმეზე რამაერი და ვან ვილიგენი ნიდერლანდების წინააღმდეგ ((Ramaer and Van Willigen v. the Netherlands), No. 34880/12, 23.10.2012. 81-ე პარაგრაფი), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „მომჩივნების მოლოდინები არ ეფუძნებოდა რაიმე სამართლებრივ დანაწესს ან სამართლებრივ აქტს, როგორიცაა, მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილება. ისინი უფრო ეყრდნობოდა იმედს, რომ მათ გაუხანგრძლივებდნენ ან განუახლებდნენ სადაზღვევო ხელშეკრულებებს იმ პირობებით, რომლებიც ძველ პირობებთან შედარებით ნაკლებად ხელსაყრელი მათთვის არ იქნებოდა. სასამართლომ საკუთარ პრეცედენტულ სამართალში უკვე არაერთხელ გაამახვილა ყურადღება განსხვავებაზე სარგებლის მიღების იმედსა (როგორი გასაგებიც არ უნდა იყოს ეს იმედი) და ლეგიტიმურ მოლოდინს შორის, რომელიც აუცილებელია, იყოს უფრო კონკრეტული ბუნების ვიდრე უბრალო იმედი და ეფუძნებოდეს სამართლებრივ დანაწესს ან სამართლებრივ აქტს.“

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ 1997 წლის 31 ოქტომბერს მიღებულ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 1341 მუხლის განმტკიცებით, ანუ სამართლებრივი აქტით მიუღებელი სახელფასო დავალიანების მიღების უფლების მოწესრიგებით სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებს წარმოეშვათ ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ ისინი შეძლებდნენ გათავისუფლებამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანებების მიღებას.

 

ამასთან, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე #ბს-312-308(კ-14)), სადაც განიმარტა, რომ „საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს – შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.“

 

სააპელაციო სასამართლო, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საქალაქო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული მსჯელობის საპირისპიროდ, მიუთითებს მსგავს საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, სადაც საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „რამდენადაც კანონმდებლობით უფლების განხორციელება ხანდაზმულობის გარკვეულ ვადებს უკავშირდება, საკანონმდებლო დონეზე მიუღებელი სახელფასო დავალიანების მოთხოვნის უფლების განმტკიცებამდე მისი რეალიზებაც ხანდაზმულობის კონკრეტული, კერძოდ, სამწლიანი ვადით იყო შეზღუდული. თუმცა მითითებული საკანონმდებლო მოწესრიგების შედეგად, აღნიშნული დავალიანების მიღების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დინება შეწყდა, ხოლო ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელფასო დავალიანების მიღების უფლების გაუთვალისწინებლობამ არა თუ გამორიცხა ამ უფლების ახალი კანონის მოქმედების პერიოდში რეალიზების შესაძლებლობა, არამედ, ფაქტობრივად, შექმნა ხსენებული მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა დაწყების საფუძველი. შესაბამისად, ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების მომენტიდან მიუღებელი სახელფასო დავალიანების მიღების შესაძლებლობა კვლავ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადით შემოიზღუდა“ (უსგ Nბს-1104(კ-18), 12 სექტემბერი, 2019 წელი).

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელემ სასამართლოს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა 2019 წლის 20 აგვისტოს. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს დაცული აქვს სახელფასო დავალიანების მიღების მოთხოვნის წარდგენის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

 

ამასთან, ასანაზღაურებელი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ დღეს მოქმედი საგადასახადო კოდექსის გარდამავალი დებულებებით, განსაზღვრულია 2008 წლამდე დარიცხული და გაუცემელი ხელფასების დაბეგვრის წესი, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 38-ე პუნქტის შესაბამისად, 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხული და გაუცემელი ხელფასები იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 12-პროცენტიანი განაკვეთით. შესაბამისად, 2019 წლის 15 ივლისის N2---------- ცნობაში გათვალისწინებული სახელფასო დავალიანება მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს საშემოსავლო გადასახადის 12%-იანი განაკვეთის გათვალისწინებით.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის, მათი ურთიერთშეჯერებისა და შეფასების, ასევე სააპელაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ----- შ------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება დ----- შ------ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მოპასუხეს - სსიპ შემოსავლების სამსახურს დ----- შ------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1999-2000 წლებში მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 608,76 ლარის ოდენობით, საშემოსავლო გადასახადის 12%-იანი განაკვეთის გათვალისწინებით.

 

6. საპროცესო ხარჯები

მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ასევე, მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. დ----- შ------ის (პ/ნ 0----------) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. დ----- შ------ის (პ/ნ 0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. სსიპ შემოსავლების სამსახურს დ----- შ------ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 1999-2000წწ. დარიცხული სახელფასო დავალიანების 608,76 ლარის ანაზღაურება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 38-ე ნაწილის თანახმად გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის 12%-იანი განაკვეთის გათვალისწინებით.

5. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი

მურთაზ მეშველიანი

ნანა კალანდაძე