განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.12.2019
საქმის ნომერი
831310018002640424
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 831310018002640424

საქმე N3ბ/2456-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

16 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ნინო ყანჩაველი

 

სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - მ-------------–--–---–ი

 

შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე)- ა-–---------------ე

წარმომადგენელი - თ--------------ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ა-–---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაევალა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას ა-–---------------ის სასარგებლოდ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2018 წლის 01 მარტიდან გადაწყვეტილების გამოცხადების დღემდე, 2019 წლის 11 ივლისამდე, თვეში 440 (ოთხას ორმოცი) ლარის ოდენობით. დაევალა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას ა-–---------------ის სასარგებლოდ 1 თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდა 440 (ოთხას ორმოცი) ლარის ოდენობით. ა-–---------------ის სარჩელი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 16 აგვისტოს N354 /კ ბრძანების და 2018 წლის 01 მარტის N114/კ ბრძანების ბათილად ცნობის და იმავე თანამდებობაზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის სიმონიანთხევის ადმინისტრაციული ერთეულში მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 16 ივნისის N2-- ბრძანებით ა-–---------------ე დაინიშნა თიანეთის მუნიციპალიტეტში სიმონიანთხევის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 500 ლარის ოდენობით, ხოლო 2017 წლის 01 ივლისის N140-კ ბრძანების საფუძველზე დაინიშნა თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის სიმონიანთხევის ადმინისტრაციული ერთეულის მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

2018 წლის 25 იანვარს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის N1 ოქმით განისაზღვრა რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შედეგად გასათავისუფლებელ მოხელეთა სია, „საჯარო სამსახაურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების, მოხელეთა კვალიფიკაციის და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში მათი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობის გათვალისწინებით.

 

2018 წლის 26 იანვარს მოსარჩელე ა-–---------------ემ დაწერა განცხადება ანაზღაურებად შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით. 2018 წლის 29 იანვრის N68/კ ბრძანებით მოსარჩელე ა-–---------------ეს მიეცა კუთვნილი შვებულება 23 სამუშაო დღით 2018 წლის 29 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით.

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 01 მარტის N114/კ ბრძანების თანახმად, მოსარჩელე ალექსი ქავთარაძე თიანეთის მუნიციპალიტეტის რეორგანიზაციისას შტატების შემცირების გამო გათავისუფლდა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის სიმონიანთხევის ადმინისტრაციული ერთეულის მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობიდან - 2018 წლის 01 მარტიდან. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 01 მარტს N114/კ ბრძანების საფუძველზე მოსარჩელეს განესაზღვრა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 01 მარტის N114/კ ბრძანება ა-–---------------ის მიერ გასაჩივრებული იქნა თიანეთის მაგისტრატ სასამართლოში.

 

თიანეთის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ა-–---------------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ ბათილად იქნა ცნობილი თიანეთის მუნიციიპალიტეტის მერის 2018 წლის 01 მარტის N114/კ ბრძანება ა-–---------------ის თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის სიმონიანთხევის ადმინისტრაციული ერთეულის მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ და მოპასუხე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა ზემოაღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით. საქმის განმხილვის პროცესში მოსარჩელე ა-–---------------ის წარმომადგენელმა თამარ სურმავამ უარი თქვა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 880 ლარის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნაზე.

 

თიანეთის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 10 აგვისტოს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე ალექსი ქავთარაძე, რომელსაც ეცნობა სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით.

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2018 წლის 16 აგვისტოს მიღებული იქნა ბრძანება N354/კ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის N114/კ ბრძანების ძალაში დატოვების შესახებ.

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის სიმონიანთხევის ადმინისტრაციული ერთეულის მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა ორი საშტატო ერთეულიდან შემცირდა ერთამდე, რომელზეც უპირატესობა მიენიჭა ნ-------------–---–ს.

 

1.3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

სასამართლომ მიუთითა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოსაკვლევად და შესაფასებლად დავალებულ საკითხებზე და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად არ გაითვალისწინა თიანეთის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ვალდებული იყო ა-–---------------ისათვის გათავისუფლების შესახებ წერილობით ეცნობებინა. საქმეში წარმოდგენილი არ იყო ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ურთიერთგამომრიცხავი იყო მოპასუხის პოზიცია მოხელის შეფასების ნაწილშიც. სასამართლომ აღნიშნა, რომ ა-–---------------ისა და ნ-------------–---–ის შეფასების ოქმები მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სათანადოდ არ იყო ასევე გამოკვლეული მობილობის პროცესში ა-–---------------ის ჩართულობის საკითხიც.

 

სასამართლოს შეფასებით, მოპასუხე მხარეს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია მისი სამუშაო გამოცდილება, პროფესიული უნარ-ჩვევები და არ მიუღია მხედველობაში ის გარემოება, რომ სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებისათვის, არასათანადო კვალიფიკაციის გამო მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ხასიათის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 28.06.18წ. გადაწყვეტილებით უკანონოდაა ცნობილი ა-–---------------ის სამსახურიდან გათავისუფლება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ა-–---------------ის მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რეგულაციის გავრცელება შეუძლებელია, რადგანაც როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან მტკიცდება, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციას თან ახლდა შტატების შემცირება და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის სიმონიანთხევის ადმინისტრაციული ერთეულში მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე ორი საშტატო ერთეულიდან დარჩა მხოლოდ ერთი საშტატო ერთეული, რომელზეც მანამდეც და შემდეგაც მუშაობდა მოქალაქე ნ-------------–---–ი, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის N354/კ ბრძანების და 2018 წლის 01 მარტის N114 /კ ბრძანების ბათილად ცნობის და მოსარჩელის სამსახურში აღდგენის საფუძველი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებულ სტრუქტურებში ამ ეტაპზე არც ტოლფასი თანამდებობა და შესაბამისად - მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შესაძლებლობა არსებობდა.

 

რაც შეეხება იძულებითი განაცდურის მოთხოვნის თაობაზე სარჩელი საფუძვლიანობას, სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში. სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან უკანონოდ გათავისულფების ფაქტი, ასევე ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შეცვლის გამო მის გათავისუფლებამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა მიეცეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი თანხა. რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ოდენობის საკითხს, სასამართლომ განმარტა, რომ იძულებითი განაცდური ეს არის მიუღებელი ყოველთვიური ფულადი სარგო, რასაც უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე საჯარო საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელების პირობებში მიიღებდა. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ა-–---------------ეს უნდა ანაზღაურებოდა იძულებითი განაცდური სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2018 წლის 01 მარტიდან გადაწყვეტილების გამოცხადების დღემდე - 2019 წლის 11 ივლისამდე პერიოდში, რადგან ა-–---------------ე გამწესებული იყო თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით ანუ მუდმივად.

 

სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 114-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად ამ კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოხელეს წერილობით უნდა ეცნობოს გათავისუფლებამდე 1 თვით ადრე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში მოხელეს, ამ კანონით გათვალისწინებული კუთვნილი კომპენსაციის გარდა, 1 თვის თანამდებობრივი სარგო ეძლევა. ამავე კანონის 108-ე მუხლის "ბ" პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–---------------ის მიმართებაში სახეზე იყო სწორედ ზემოხსენებულ კანონით დადგენილ ნორმათა უგულებელყოფა, რის გამოც მოპასუხე თიანეთის უნიციპალიტეტის მერიას ასევე დაევალა მოსარჩელე ა-–---------------ის სასარგებლოდ ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს 440 ლარის გადახდა.

 

2.1 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო მოთხოვნა:

 

თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით, 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილებით დამტკიცებული პროფესიული საჯარო მოხელის, მობილურობის წესის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 26 დეკემბრის N393/კ ბრძანების საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყო რეორგანიზაცია, ხოლო თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 26 დეკემბრის N39 4/3 ბრძანებით დაიგეგმა რეორგანიზაციის გამო განსახორციელებელი ღონისძიებები. ვინაიდან რეორგანიზაცია განხორციელდა შტატების შემცირებით, კერძოდ უნდა შემცირებულიყო ადმინისტრაციული ერთეულების მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტების საშტატო რაოდენობა (გარდა დაბა თიანეთისა და დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულებისა) მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის ორი საშტატო ერთეულიდან უნდა დარჩენილიყო ერთი, ამიტომ ადმინისტრაციული ერთეულის მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშნულ მოხელეთაგან რეორგანიზაციის გამო განისაზღვრა შტატების შემცირების შედეგად გასათავისუფლებელი მოხელეები. აღნიშნული ღონისძიებების გატარებაზე კი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 დეკემბრის N394/კ ბრძანების თანახმად, პასუხისმგებლობა დაეკისრა ადმინისტრაციულ და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურს, რომელსაც შტატების შემცირების შედეგად გასათავისუფლებელი მოხელეები და მათთვის რეორგანიზაციის შესაძლო შედეგების შესახებ საჯარო მოხელის მობილობის წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის თანახმად ერთი თვით ადრე უნდა ეცნობებინათ, რაზეც აღნიშნული ღონისძიება უნდა განხორციელებულიყო არა უგვიანეს 2018 წლის 28 თებერვლამდე. რაც ადმინისტრაციულ და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის მიერ იქნა განხორციელებული, კერძოდ აღნიშნული სამსახურის მიერ 2018 წლის 25 იანვარს შედგა ოქმი N1-ლი, ხოლო 2018 წლის 26 იანვარს ყველა ადმინისტრაციული ერთეულის მე-4 რანგის მე-2 კატეგორიის უმცროსი სპეციალისტები ესწრებოდა სხდომას და მათ შორის ა-–---------------ეც.

 

რაც შეეხება თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი თიანეთის მუნიციპალუტეტის მერის 2018 წლის 01 მარტის N№114/კ ბრძანება და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ჯეროვნად გამოკვლევა და შეფასების შემდეგ ემსჯელა ა-–---------------ესთან მიმართებაში რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად შტატების შემცირების გამო განთავისუფლების საკითხზე და გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის იურდიულმა სამსახურმა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების ჯეროვნად გამოკვლევასა და შეფასებასთან დაკავშირებით 2018 წლის 10 აგვისტოს 14:00 სთ-ზე გამართა ზეპირი მოსმენა, რომელზეც 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაში მითითებული საკითხები ჯეროვნად შეისწავლა თიანეთის მუნიციპალიტეტის იურიდიულმა სამსახურმა და გადაწყვეტილებაში დასმულ ყველა კითხვას გასცა ამომწურავი პასუხი. კერძოდ, ა-–---------------ე არ დაექვემდებარა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 აპრილის №220 დადგენილების შესაბამისად შეფასებას და რადგან პროფესიულ საჯარო მოხელეთა მობილობის წესში არ არის განსაზღვრული მოხელეთა სიის განსაზღვრა და რა კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნილი საკითხის გადაწყვეტისას, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციისას შტატების შემცირების გამო გათავისუფლებული მოხელეების სიის განსაზღვრა მოხდა საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციაზე დაყრდნობით მოხელის კვალიფიკაციის (განათლების დონის) და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით.

 

ამდენად აპელანტს მიაჩნია, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 01 მარტის N114/კ ბრძანებაც და 2018 წლის №354/კ ბრძანებაც ა-–---------------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, მისი გამოცემისას დარღვეული არ არის მისი მომზადების წესი, ის სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უსაფუძვლოა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ა-–---------------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად იძულებით განაცდურის ანაზღაურებისა და ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდის დაკისრების ნაწილში.

 

2.2. ა-–---------------ის შეგებებული სააპელაციო მოთხოვნა:

 

თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

 

ა-–---------------ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მითითებით სამსახურში აღდგენა მის უპირატეს ინტერესს წარმოადგენდა, უდავოა ის გარემოება, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში შტატი, რომელზედაც იგი იყო დასაქმებული დღეის მდგომარეობითაც არსებობს. საშტატო ერთეულის ვაკანტურობა დაუშვებელია მიჩნეულ იქნას სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის საფუძვლად. სასამართლო განხილვის ვადების გათვალისწინებით, ბუნებრივია საშტატო ერთეული თავისუფალი ვერ დარჩება, რამაც არ უნდა გამორიცხოს თავის მხრივ დასაქმებულის უპირატესი უფლების - სამსახურში აღდგენის უფლების შესაძლებლობა გარდა ზემოაღნიშნულისა, საგულისხმოა, რომ ალექის ქავთარაძის სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლება მოხდა 2018 წლის 01 მარტს. შესაბამისად, იგი საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით დავობს სწორედ ამ პერიოდიდან.

 

იმ პირობებში, როდესაც სასამართლო დასაქმებულს უარს ეუბნება სამსახურში აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განსაზღვრავს კომპენსაციას, კომპენსაციის ოდენობა უნდა იყოს მეტი ვიდრე აღდგენის პირობებში მიიღებდა დასაქმებული, ვინაიდან მას ესპობა შესაძლებლობა იმავე დაწესებულებაში დასაქმებით მიიღოს დამატებითი შემოსავალი. მაგალითისათვის, სასამართლოს მიერ სამსახურში აღგდენის მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში დამსაქმებელს დაეკისრებოდა ზიანის ანაზღაურება იძულებითი განაცდურის სახით სამსახურიდან გაშვების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე, რაც ძალიან ბევრით აღემატება სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობას. უფრო მეტიც, აღდგენის პირობებში მოსარჩელეს ექნებოდა შესაძლებლობა გაეგრძელებინა მუშაობა იმავე ადმინისტრაციულ ორგანოში, აღედგინა რეპუტაცია და მიეღო ხელფასი. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით არის დაუსაბუთებელი, მოსარჩელე უნდა აღდგეს სამსახურში და მიიღოს იძულებითი განაცდურის სრული ოდენობით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ამ ნაწილში არ დააკამყოფილებს სასარჩელო მთხოვნას, კომპენსაცია უნდა იქნეს განსაზღვრული ყოველთვიური ხელფასის ჯამით განთავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება.

 

3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტისა და შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ საჩივრებში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

3.2. პალატას საქმის მასალებით დადასტურებულად მიაჩნია, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 16 ივნისის N2-- ბრძანებით ა-–---------------ე დაინიშნა თიანეთის მუნიციპალიტეტში სიმონიანთხევის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 500 ლარის ოდენობით. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 01 ივლისის N140-კ ბრძანებით ა-–---------------ე გადაყვანილი იქნა თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის სიმონიანთხევის ადმინისტრაციული ერთეულის მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 26 დეკემბრის ბრძანებით თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რეორგანიზაცია შეეხო თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს: ა) ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურს; ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს; გ) სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურს; დ) ინფრასტრუქტურის განვითარების, სოივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურს.

 

2018 წლის 25 იანვარს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის N1 ოქმით განისაზღვრა რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შედეგად გასათავისუფლებელ მოხელეთა სია, „საჯარო სამსახაურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების, მოხელეთა კვალიფიკაციის და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში მათი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობის გათვალისწინებით.

 

2018 წლის 26 იანვარს ა-–---------------ემ განცხადებით მიმართა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა 2018 წლის ანაზღაურებადი შვებულების მიცემა. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 29 იანვრის N68/კ ბრძანებით ა-–---------------ეს მიეცა კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება 23 სამუშაო დღის ოდენობით 2018 წლის 29 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით.

 

2018 წლის 09 თებერვალს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა საჯარო სამსახურის ბიუროს ადამიანური რესურსების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოძიების მიზნით წარუდგინა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად გასათავისუფლებელი მოხელეების რეზიუმეები და თანამდებობის შესაბამისი სამუშაო აღწერილობები. 2018 წლის 12 თებერვალს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამატებით გადაგზავნილი იქნა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად გასათავისუფლებელი მოხელეების ნუსხა.

 

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2018 წლის 13 თებერვალს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ ბიუროს მიერ საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემიდან, მცხეთა მთიანეთის რეგიონის მასშტაბით, მოძიებული იქნა ინფორმაცია პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის შესახებ და გადაეგზავნა თანდართული ფაილის სახით.

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 21 თებერვალს მცხეთის რაიონულ სასამართლოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე გაიგზავნა მობილობის წესით დასასაქმებელ კანდიდატთა სია, მათ შორის სიაში მითითებული იქნა ა-–---------------ეც.

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 01 მარტის N114/კ ბრძანებით ალექსი ქავთარაძე თიანეთის მუნიციპალიტეტის რეორგანიზაციისას შტატების შემცირების გამო გათავისუფლდა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის სიმონიანთხევის ადმინისტრაციული ერთეულის მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობიდან - 2018 წლის 01 მარტიდან. ა-–---------------ეს მიეცა კომპენსაცია 3 თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

 

მცხეთის რაიონულის სასამართლოს თიანეთის მაგისტრატი სასამართლოს სარჩელით მიმართა ა-–---------------ემ და მოითხოვა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 01 მარტის N114/კ ბრძანების ბათილად ცნობა, აღდგენილ იქნას ა-–---------------ე ადმინისტრაციულ და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის სიმონიანთხევის ადმინისტრაციული ერთეულის მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. დაეკისროს მოპასუხე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე ა-–---------------ის სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 2018 წლის 05 მარტიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდში ყოველთვიურად 440 ლარის ოდენობით. დაეკისროს მოპასუხე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე ა-–---------------ის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის გადახდა 880 ლარის ოდენობით, დაეკისროს მოპასუხე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე ა-–---------------ის სასარგებლოდ ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს გადახდა 440 ლარის ოდენობით.

 

მცხეთის რაიონულის სასამართლოს თიანეთის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ა-–---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 01 მარტის №114/კ ბრძანება ა-–---------------ის თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის სიმონიანთხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და მოპასუხეს - თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ჯეროვნად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმსჯელოს მოსარჩელე ა-–---------------ესთან მიმართებაში რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად შტატების შემცირების გამო გათავისუფლების საკითხზე და გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

მცხეთის რაიონულის სასამართლოს თიანეთის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე 2018 წლის 10 აგვისტოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება, რის შემდეგაც ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დარღვეული არ ყოფილა მისი მომზადების ან გამოცემის წესი, შესაბამისად არ არსებობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 აგვისტოს N354/კ ბრძანებით ა-–---------------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2018 წლის 01 მარტის N114/კ ბრძანება ძალაში იქნა დატოვებული.

 

საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის სიმონიანთხევის ადმინისტრაციული ერთეულის მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა ორი საშტატო ერთეულიდან შემცირდა ერთამდე, რომელზეც უპირატესობა მიენიჭა ნ-------------–---–ს.

 

3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ა-–---------------ის სარჩელზე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 01 მარტის N114/კ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, შესაბამის ნაწილში გაუქმდა სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.

 

ამდენად, სასამართლო ამოწმებს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 აგვისტოს N354/კ ბრძანების კანონშესაბამისობას.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტი მიღებულია თიანეთის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. ხსენებული გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად არის ცნობილი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018წლის 01 მარტის N114/კ ბრძანება. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 აგვისტოს N354/კ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში კი მითითებული იქნა, რომ ძალაში დარჩეს სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი აქტი: 2018წლის 1 მარტის ბრძანება N114/კ.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018წლის 01 მარტის N114/კ ბრძანება ბათილად ცნობილი ადმინისტრაციული აქტია და სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილი ადმინისტრაციული აქტის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ძალაში დატოვების შესაძლებლობას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ითვალისწინებს. ამდენად, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 აგვისტოს N354/კ ბრძანება 2018წლის 1 მარტის ბრძანება N114/კ ბრძანების ძალაში დატოვების შესახებ არ შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს.

 

3.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული ორგანოსათვის გამოსაკვლევად და შესაფასებლად დავალებულ საკითხებზე და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად არ გაითვალისწინა თიანეთის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება. აღნიშნულის მიუხედავად ძალაში იქნა დატოვებული თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 აგვისტოს N354/კ ბრძანება.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 აგვისტოს N354/კ ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენს მცხეთის რაიონულის სასამართლოს თიანეთის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ა-–---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 01 მარტის №114/კ ბრძანება ა-–---------------ის თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის სიმონიანთხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და მოპასუხეს - თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ჯეროვნად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ემსჯელა მოსარჩელე ა-–---------------ესთან მიმართებაში რეორგანიზაციის განხორციელების შედეგად შტატების შემცირების გამო გათავისუფლების საკითხზე და გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

 

მცხეთის რაიონულის სასამართლოს თიანეთის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა-დადგენა და შეფასება (კერძოდ: 1. გათავისუფლებამდე 1 თვით ადრე იყო თუ არა ა-–---------------ე ინფორმირებული რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების და მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ; 2. ა-–---------------ე დაექვემდებარა თუ არ შეფასებას, დადებით შემთხვევაში რა შეფასება მიიღო და თუ არ დაემქვემდებარა შეფასებას - რატომ? 3. დაექვემდებარა თუ არა ა-–---------------ე მობილობას და იყო თუ არა იგი მობილობის პროცესში ჩართული).

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჯეროვნად არ იქნა გამოკვლეული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საკითხები.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 09 თებერვალს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა საჯარო სამსახურის ბიუროს ადამიანური რესურსების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოძიების მიზნით წარუდგინა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად გასათავისუფლებელი მოხელეების რეზიუმეები და თანამდებობის შესაბამისი სამუშაო აღწერილობები. 2018 წლის 12 თებერვალს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამატებით გადაგზავნილი იქნა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად გასათავისუფლებელი მოხელეების ნუსხა. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2018 წლის 13 თებერვალს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას ეცნობა, რომ ბიუროს მიერ საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემიდან, მცხეთა მთიანეთის რეგიონის მასშტაბით, მოძიებული იქნა ინფორმაცია პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის შესახებ და გადაეგზავნა თანდართული ფაილის სახით. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 21 თებერვალს მცხეთის რაიონულ სასამართლოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე გაიგზავნა მობილობის წესით დასასაქმებელ კანდიდატთა სია, მათ შორის სიაში მითითებული იქნა ა-–---------------ეც.

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ განახორციელა კანონით გათვალისწინებული ქმედებები მოხელის მობილობის გზით დასასაქმებლად და დადასტურდა ა-–---------------ის მობილობის წესით დასაქმების შეუძლებლობა. თუმცა მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია ორი საჯარო მოხელიდან ერთი მათგანის თანამდებობაზე დატოვების, ხოლო მეორის მობილობის დაქვემდებარების, ხოლო შემდეგ გათავისუფლების ნაწილში.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა-–---------------ის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო რეორგანიზაციისას შტატების შემცირება. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის სიმონიანთხევის ადმინისტრაციული ერთეულის მეოთხე რანგის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა ორი საშტატო ერთეულიდან შემცირდა ერთამდე, რომელზეც უპირატესობა მიენიჭა ნ-------------–---–ს.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.19წ. Nბს-847(2კ-18) განჩინებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ მოხელის თანამდებობიდან განთავისუფლების პროცესი, მათ შორის შტატების შემცირების საფუძვლით, საუკეთესოს შერჩევის პრინციპით უნდა წარიმართოს. გათავისუფლება ობიექტურ, ცხად და გამჭვირვალე პროცდურებსა და კრიტერიუმებს უნდა ეფუძნებოდეს, რაც შედეგობრივად განთავისუფლებულ პირს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას, სრულად აღიქვას მისი განთავისუფლების, ასევე, მასთან შედარებით სხვა კონკრეტულ პირთათვის უპირატესობის მინიჭების საფუძვლები.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით ალექსი ქავთარაძის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება დაეფუძნა მხოლოდ რეორგანიზაციის საფუძვლით შტატების შემცირებას. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა მუშაკთა პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ადეკვატური, ობიექტური შეფასება. ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი სამართლებრივი, ობიექტური მექანიზმის საფუძველზე უნდა მოეხდინა ორივე მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის, შრომის დისციპლინის და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების შესწავლა-შეფასება და ისე მიეღო გადაწყვეტილება ერთ-ერთი მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. ის გარემოება, რომ უპირატესობა მიენიჭა უმაღლესი განათლების მქონე პირს, არ მიუთითებს ა-–---------------ის სამსახურიდან გათავისუფლების დასაბუთებულობაზე, რადგან დადგენილია, რომ უმაღლესი განათლების ქონა შესაბამის თანამდებობაზე სავალდებულო მოთხოვნას არ წარმოადგენდა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოხელეთა პროფესიული უნარ-ჩვევები, კვალიფიკაცია, შრომის დისციპლინა და ა.შ. ობიექტურად სწორედ საჯარო დაწესებულების მიერ უნდა შემოწმდეს, რამდენადაც ხსენებული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ ოფლებამოსილებას წარმოადგენს და მისი შეფასება სცდება სასამართლო კომპეტენციის ფარგლებს. ამდენად, საჯარო დაწესებულების მხრიდან ზემოაღნიშნულ ქმედებათა განუხორციელების ფაქტი და მათი განსახილველ დავასთან მიმართებით განხორციელების საჭიროება, ა-–---------------ის სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხზე ხელახლა მსჯელობის დავალების საფუძველს წარმოშობს.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ შტატის შემცირების შედეგად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს, რათა დაინტერესებული პირისთვის ცნობილი გახდეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება, ასეთ დროს ის ვალდებულია გადაწყვეტილებაში მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდათ შესაბამისი აქტის გამოცემისას. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას და არ იძლევა გადაწყვეტილების ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას. ამასთან, სკითხზე თავიდან მსჯელობისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს, რომ გაუქმდა არა კონკრეტული საშტატო ერთეული, ანუ გაუქმდა არა ა-–---------------ის საშტატო ერთეული, არამედ ზოგაგად, გაუქმდა 2 შტატიდან მხოლოდ 1 და დარჩა 1 საშტატო ერთეული; გაუქმებამდეც და გაუქმების შემდეგაც ყველა მათგანზე დასაქმებულ პირებს ერთი და იგივე ფუნქციური უფლება-მოვალეობები გააჩნდათ, რაც გულისხმობს იმას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხი უნდა გადაწყვიტოს უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპის საფუძველზე, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, უნდა განხორციელდეს შესაბამისი სამართლებრივი, ობიექტური მექანიზმის გამოყენებით.

 

3.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი აქტი.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნაზე, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება და დაევალოს მოპასუხე თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისა და სწორი სამართლებრივი შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, მოსარჩელის მიმართ გამოსცეს შესაბამისი ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.

 

3.6. სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება. ამავე კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

მითითებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ა-–---------------ის მოთხოვნა იძულებით განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სადავო აქტის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათლად ცნობა გულისხმობს აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობას და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დავალდებულებას, რომლის ფარგლებშიც უნდა განხორციელდეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლა და გამოკვლევა. იძულებით განაცდურის ანაზღაურება დამოკიდებულია ახალი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის შედეგზე.

 

რაც შეეხება ,,საჯარო სამსახურის" შესახებ კანონის 114-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წესს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და სააპელაციო პალატაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ა-–---------------ეს წერილობით 1 თვით არ ეცნობა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხსენებული ვადის დარღვევა იწვევს ამ კანონით გათვალისწინებული კუთვნილი კომპენსაციის გარდა 1 თვის თანამდებობრივი სარგოს მიცემას. ხსენებული ვადის დარღვევა გათავისუფლების შესახებ აქტის ბათილად ცნობის საფუძველს არ წარმოშობს. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხსენებული ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს მიცემის საკითხის გადაწყვეტაც დაკავშირებულია თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მისაღები ადმინისტრაციული აქტით გათვალისწინებულ შედეგზე. განსახილველი დავის ფარგლებში დადგენილი იქნა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ა-–---------------ეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით არ ეცნობა გათავისუფლებამდე 1 თვით ადრე.

 

9. პროცესის ხარჯები:

9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 32-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ა-–---------------ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

3. გაუქმდეს თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

4. ა-–---------------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 აგვისტოს N354/კ ბრძანება და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ახალი გადაწყვეტილების მიღება საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით გათვალისწინებულ ვადაში;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე ნინო ყანჩაველი