განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019003081431
საქმე № 3ბ/3011-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
31 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
წარმომადგენლები- ჯე---–----------ლი, სოფ--------–-ძე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სო------------–-ილი;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სო------------–-ილისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 2--00 (ორი ათას ხუთასი) ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სო------------–-ილი სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვლდებულებების შესახებ, ამჟამად არის სტუდენტი, აკადემიიდან წამოსვლა მოუწია ოჯახური მდგომარეობის გამო, რადგან ემუშავა და ერჩინა ოჯახი, ასევე ჰყავს მცირეწლოვანი ძმა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე სო------------–-ილს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით გადასახდელად დაეკისრა 1 000 (ათასი) ლარი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე სო------------–-ილისთვის პირგასამტეხლოს სახით სარჩელით მოთხოვნილი 2--00 ლარიდან 1--00 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 2017 წლის 5 სექტემბრის N11-- ბრძანებით, სო------------–-ილი 2017 წლის სასწავლო წლის ერთიანი ეროვნულგამოცდებგამოვლილი აბიტურიენტი ჩაირიცხა აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე (სასწავლო ბატალიონის 1-ლი კურსი) იუნკერად 2017 წლის 1-------------დან და აყვანილ იქნა ყველა სახის კმაყოფაზე (ს.ფ. 17- 23).
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 13 სექტემბრის N31-- ბრძანებით სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი სო------------–-ილი გაწვეულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება ,,რიგითი“, 2017 წლის 1-------------დან.
2017 წლის 11 სექტემბერს სო------------–-ილსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის N7-- ბრძანებით დამტკიცებული N12-- სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტი.
4.2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 11 მარტის N6-- ბრძანებით სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის (სასწავლო ბატალიონის მე-2 კურსი) იუნკერი, რიგითი სო------------–-ილი დათხოვნილი იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან, გათავისუფლებას საფუძვლად დაედო მისი პირადი პატაკი (ს.ფ. 24).
4.3. მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.11.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლებით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის 2----0 (ოცდარვა ათასი) ლარის ოდენობით.
4.4. საქართველოს მთავრობის N264 დადგენილებით ცვლილება შევიდა ,,სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების“ შესახებ მთავრობის N2 38 დადგენილებაში, კერძოდ პირს, რომელსაც 2019 წლის 10 ივნისამდე ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე პირობით სასწავლებლად მისაღებ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის N 728 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის ან ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის N7-- ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის დარღვევის გამო დაეკისრა (მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) 2----0 ლარის ოდენობით ჯარიმა, ჯარიმის ოდენობა შეუმცირდა:
ა) 1500 ლარამდე - პირველ კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში;
ბ) 2--0 ლარამდე - მეორე კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში;
გ) 4000 ლარამდე - მესამე კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში;
დ) 5000 ლარამდე - მეოთხე კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში;
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 11 მარტის N6-- ბრძანებით, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის (სასწავლო ბატალიონის მე-2 კურსი) იუნკერი, რიგითი სო------------–-ილი დათხოვნიულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან, გათავისუფლებას საფუძვლად დაედო მისი პირადი პატაკი.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი აქტები მოპასუხის მხრიდან სადავოდ არ გამხდარა; ამასთან, მას არ წარუდგენია დადგენილებასა და ბრძანებაში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება;
პირველი ინსტანციის სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე, და სო------------–-ილთან კონტრაქტი სწორედ ამ აქტებითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლის მითითებით.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ,,აკადემიიდან” დათხოვნილ იქნა და მასთან კონტრაქტი შეწყდა მე-2 სასწავლო კურსზე პირადი პატაკის საფუძველზე, ანუ კონტრაქტის 6.1.5 ქვეპუნქტის საფუძველზე (მოსამსახურის სასწავლებლიდან მისი ბრალით გარიცხვის გამო). ყურადღება გამახვილდა ,,სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების“ შესახებ საქართველოს მთავრობის N238 დადგენილების გარდამავალი დებულებების მე-7 პუნქტზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ,,აკადემიიდან” დათხოვნილ იქნა და მასთან კონტრაქტი შეწყდა მისი პირადი პატაკის გამო, ანუ კონტრაქტის 6.1.5 ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლოს მსჯელობით, აღნიშნული იძლევა ჯარიმის გადახდაზე მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის საფუძველს. პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით კი სასამართლომ განმარტა პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლები.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 2--0 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და მიუთითა მისი გონივრული შესაბამისობის დადგენა ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში. განმარტა, რომ მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს სამხედრო მოსამსახურის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დაქვემდებარებაში მყოფი ფიზიკური პირის კანონიერი ინტერსები.
საქმის განმხილველმა სასამართლომ განმარტა, რომ ამგვარ პირობებში ჯარიმის - 2--0 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმე და შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ საზღვრებში, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე.
სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და აღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 1 000 ლარით. სასამართლოს მსჯელობით აღნიშნულით დაცული იქნება როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.
6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6.1 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს და განმარტავს:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაეთანხმა და გაითვალისწინა საერთო სასამართლოების მიდგომა - საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის N 728 და 2011 წლის 17 სექტემბრის N 7-- ბრძანებებით დამტკიცემული კონტრაქტებით განსაზღვრულ შეუსაბამოდ მაღალი სანქციის (2----0 ლარი) შემცირების თაობაზე. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მითითებული კონტრაქტების დარღვევისთვის გარკვეულ პირებს სახვდასხვა ინსტანციის სასამართლომ დააკისრა საჯარიმო სანქციები გარკვეული მეტნაკლებობით, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტის სახე და საჯარიმო თანხები ერთგვაროვანია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ მიზნით, რომ ერთგვაროვანი მიდგომა ყოფილიყო ყველა კონტრაქტორის მიმართ, თავდაცვის სამინისტრომ ამ საკითხის მოგვარება განახორციელა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დონეზე და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის N 264 დადგენილებით მითითებული კონტრაქტების დარღვევისთვის განსაზღვრული საჯარიმო სანქციები შეამცირა გონივრული და მისაღები თანხის ოდენობამდე, კერძოდ:
ა) 1500 ლარამდე - პირველ კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში;
ბ) 2--0 ლარამდე - მეორევ კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში;
გ) 4000 ლარამდე - მესამე კურსზე ყოფნისას კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში;
დ) 5000 ლარამდე - მეოთხე კურსზე ყოფნისას ან მის შემდგომ პერიოდში კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში;
სო------------–-ილსა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის N 7-- ბრძანებით დამტკიცებული N 12-- კონტრაქტი, რომელიც დაარღვია მოწინააღმდეგე მხარემ მეორე კურსზე სწავლისას, ამდენად იგი ვალდებულია სამინისტროს აუნაზღაუროს 2--0 (ორი ათას ხუთასი) ლარი.
აპელანტი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7.2. პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში მოპასუხე სო------------–-ილის მიერ არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, პალატა მსჯელობს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივარზე.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე ხოლო სამართლებრივი შეფასების ნაწილში აღნიშნავს შემდეგს:
7.3. პირველყოვლისა პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ ,,დავით აღმაშენებელის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას” და, მეორე მხრივ, მოპასუხე ფიზიკურ პირს შორის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №7-- ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი” ხელშეკრულებიდან წარმოშობილი პირგასამტეხლოს (ჯარიმის) ანაზღაურება.
პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანოების მიზანს წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - სახელმწიფოს უზრუნველყოფა იუნკერებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, დაარღვია თუ არა სო------------–-ილმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული კონტრაქტის ისეთი ვალდებულება, რაც იწვევს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.
დადგენილია, რომ სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის 05.09.2017 წლის N 11-- ბრძანებით სო------------–-ილი 2017 წლის სასწავლო წლის ერთიანი ეროვნულგამოცდებგამოვლილი აბიტურიენტი ჩაირიცხა აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე (სასწავლო ბატალიონის 1-ლი კურსი) იუნკერად 2017 წლის 1-------------დან და აყვანილ იქნა ყველა სახის კმაყოფაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 11.03.2019 წლის N 6-- ბრძანებით სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის (სასწავლო ბატალიონის მე-2 კურსი) იუნკერი, რიგითი სო------------–-ილი დათხოვნიულ იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან, გათავისუფლებას საფუძვლად დაედო მისი პირადი პატაკი.
პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მითითებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები მოპასუხის მხრიდან არ გასაჩივრებულა და კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა; ამასთან, მოპასუხეს არ წარმოუდგენია დადგენილებასა და ბრძანებაში მითითებული გარემოებების გამომრიცხავი უტყუარი სახის მტკიცებულება.
პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მოპასუხის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაზე, და სო------------–-ილთან კონტრაქტი სწორედ ამ აქტებითაა შეწყვეტილი შესაბამისი საფუძვლის მითითებით.
როგორც აღინიშნა, მოპასუხე ,,აკადემიიდან” დათხოვნილ იქნა და მასთან კონტრაქტი შეწყდა მე-2 სასწავლო კურსზე პირადი პატაკის საფუძველზე, ანუ კონტრაქტის 6.1.5 ქვეპუნქტის საფუძველზე (მოსამსახურის სასწავლებლიდან მისი ბრალით გარიცხვის გამო).
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ,,აკადემიიდან” დათხოვნილ იქნა და მასთან კონტრაქტი შეწყდა მისი პირადი პატაკის გამო, ამდენად, კონტრაქტის 6.1.5 ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნული მოქმედება მიიჩნევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მითითებული კონტრაქტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რაც გულისხმობს სამხედრო მოსამსახურის ადმინისტრაციულ ორგანოსთან ვერტიკალურ დაქვემდებარებაში ყოფნას, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძირითადად უფლებები, ხოლო სამხედრო მოსამსახურის - ძირითადად ვალდებულებები.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობის (2--0 ლარი) შემცირების თაობაზე. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დაუშვებელია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეთანხმებულ პირობას, არამედ დადგენილია კანონისმიერი საფუძვლით, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის N 264 დადგენილებით, რომლითაც ცვლილება შევიდა ,,სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების“ შესახებ მთავრობის N 238 დადგენილებაში. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 თებერვლის და 2016 წლის 22 ივნისის განჩინებებს (ას-1171-1116-2014; ას-410-393-2016), რითაც დაუშვებლად არის მიჩნეული კანონისმიერი საფუძვლით დადგენილი პირგასამტეხლოს შემცირება.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხისათვის ჯარიმის სახით 1500 (ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს. სო------------–-ილს უნდა დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის - 1500 (ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა.
დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციისა და სააპელაციო საჩივარზე კანონით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ სო------------–-ილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 251-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხისათვის ჯარიმის სახით 1500 (ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
4. სო------------–-ილს დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის - 1500 (ათას ხუთასი) ლარის ანაზღაურება.
5. სო------------–-ილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -